მშვიდობით გარი კუპერ, რომენ გარი, ფრანგულიდან თარგმნა მზია გომელაურმა, თბილისი, „აგორა“. 2017
ჯანდაბა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო ირონიულად ვუყურებ ჩვენს ინდუსტრიულ ყოფას. თბილისში ჰაერი არაა, გასაქცევი ადგილი არაა, ვერ ვსუნთქავთ, ვიხრჩობით… მე კი მთელ ამ ისტერიკას უფრო მძაფრად სარკასტულად აღვიქვამ. მართლა და მართლა, რას უნდა ველოდეთ სხვას ქალაქისგან, რომელიც ნეხვიდან ნულ სიმაღლეზე მდებარეობს? რომენ გარის წიგნის, „მშვიდობით გარი კუპერ“ შესახებ მოგახსენებთ, რამე არ გეგონოთ.
ზოგადად, ძალიანაც რაციონალური და პრაგმატული ადამიანი ვარ, მაგრამ ხშირად აუხსნელი რამეებისა მაინც მწამს, მაგალითად ინტუიციის. არ ვიცი სხვა რას დავაბრალო ის ფაქტი, რომ მაგიდაზე მედო ორი წიგნი – „დაპირება განთიადისას“ და „მშვიდობით გარი კუპერ“ და ამ ორიდან პირველი ავირჩიე წასაკითხად. ცხადია, ამ დიდი მისტიფიკატორი ავტორის შესახებ მსმენოდა აქამდეც, მაგრამ მის ლიტერატურას არ ვიცნობდი. ჰოდა, ძალიანაც გამიმართლა, რომ ჯერ „დაპირება განთიადისას“ წავიკითხე, იმიტომ, რომ სწორედ ესაა დასაწყისი, ანუ პრობლემის დეტალური აღწერა. „მშვიდობით გარი კუპერ“ კი უკვე აღწერილი პრობლემიდან გამოსავალია. მე, როგორც ექიმი, საკითხის ამგვარად დალაგების მომხრე გახლავართ და ისე სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი მეორე წიგნის კითხვისას რომ დალაგდა ყველაფერი ჩემს ტვინში, მინდა თქვენც ამგვარი ტაქტიკის არჩევა გირჩიოთ.
„დაპირება განთიადისას“ არის ბიჭისა და დედის ურთიერთობის შესახებ. სპეციალურად არ ვთქვი ასე: „ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, სადაც ავტორი ცდილობს…“, მოდით, გავამარტივოთ საკითხი და მხოლოდ ზოგად ფიგურებს მივაქციოთ ყურადღება – ბიჭს და დედას. აბსოლუტურად მანიაკალურია ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება. დედა ცდას არ აკლებს, რომ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად გაზარდოს, ალფა-მამრად. ისე, კონტექსტი რამდენს ნიშნავს, თორემ დღევანდელობაში ამგვარი ურთიერთობის წარმოჩენა ალბათ უფრო კომიკურ ელფერს შეიძენდა (ვითომ?), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ომის პერიოდს ეხება წიგნში განვითარებული სიუჟეტი, საქმე სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება – ეპოქა ითხოვდა ალფა-მამრებს. სისხლიანი და სასტიკი დროება ადამიანთა ტვინებს იმგვარად მომართავდა, რომ მამაკაცი ან მოსიარულე ტესტოსტერონი უნდა ყოფილიყო, ანდაც გვამი. ეს დაკვეთა კი მნიშვნელოვნად ცვლიდა ადამიანთა ტვინებს. ისე, რომ დავუკვირდეთ, რა კარგად არის გამოსახული ეპოქის ზეგავლენა ტვინებზე. წიგნში დახატული დედა ნამდვილი პარანოიკია. საღ ჭკუაზე არ არის. იმდენად შეშლილია შვილის ნამდვილ კაცად გაზრდაზე, რომ ალაგ-ალაგ ეჭვითაც ვკითხულობდი, ძალიან გაბუქებულიც ხომ არ არის ეს ყოველივე-მეთქი. არადა, არაფერს აბუქებდა გარი – მარტო ის ეპიზოდი რად ღირს, ბიჭს რომ დედას აგინებენ და დედამისი ამის გაგონებაზე დაღონდება და ეუბნება, რომ დაე საკაცით მოგიყვანონ მეორედ ასეთ დროსო. რამხელა პარადოქსია – ქალი, რომელიც ერთი შეხედვით ცივ ნიავს არ აკარებდა თავის ბიჭუნას, სასიკვდილოდ იმეტებდა, თუ საქმე მის ღირსებას შეეხებოდა. შესაძლებელია საერთოდ ბუნების წინააღმდეგ ამგვარი ამბოხი? დედას ხომ ყველანაირი შვილი უყვარს, უღირსიცა და მოღალატეც, ხალხისაგან განდევნილიც და შერცხვენილიც, განა დასაშვებია ვარიანტი, რომ უღირს შვილს მკვდარი შვილი ერჩივნოს დედას? აბა, ამაზე ზუსტ პასუხს ვინ გაგვცემს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბიჭუნას დედას ასე ერჩივნა და აქ ჩანდა ამ ურთიერთობის მანიაკალურობა ყველაზე კარგად – ამბოხი ბუნებრივი ინსტინქტების წინააღმდეგ.
ეპოქის მთელი ტრაგიკულობის გასათავისებლად დედის პერსონაჟი იდეალურია. რა კარგად აქვს აღწერილი მწერალს, თუ როგორ გაარეკინა ეპოქის გულისთქმამ ამ პერსონაჟს და როგორ ზეადამიანად თუ ანტიადამიანად, თუ რაღაცნაირ გვერდზე მდგომ ადამიანად აქცია ის. მორალური კრიტერიუმებით ნუ ვიმსჯელებთ. აქ საქმე არა გვაქვს კარგთან და ცუდთან, როგორც დიდი ლიტერატურის კითხვის დროს ხდება ხოლმე ძირითადად. აქ საქმე გვაქვს ერთი ადამიანის მაგალითზე ეპოქის მოცემულობის ძალიან ზუსტ და შემზარავ ასახვასთან, რაც ავტორმა იდეალურად მოახერხა. კარგით, გავეშვათ ავტორს და დავუბრუნდეთ პერსონაჟს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ასევე ავტორიცაა.
რა არის პერსონაჟის რეაქცია? გაქცევა? ამბოხი? პროტესტი? არავითარ შემთხვევაში. სრული მორჩილებაა პერსონაჟის პასუხი. ბიჭუნას ცხოვრების უმთავრესი მიზანია დედის იმედების გამართლება, თითქოს კეისარს კეისრისა უნდა მიაგოს, თითქოს თავისი დაწყევლილი ცხოვრება ეპოქის სამსხვერპლოზე უნდა მიიტანოს მშვიდად და აუღელვებლად. ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც დედას უნდა და მკითხველები ვუყურებთ ამ არანორმალურ ურთიერთობას და ვხვდებით, რომ სხვანაირად ვერც მოხდებოდა, სხვა სცენარის შანსი არ იყო. ეს არაბუნებრივი მიჯაჭვულობა და გადახლართულობა ძალიანაც ბუნებრივად გვეჩვენება. აბსოლუტური მასკულინურობისაკენ მიმავალ ამ აუღელვებელი მორჩილებით მორთულ გზაზე იბადება ავტორიც, როგორც პროცესების გვერდითი მოვლენა. ავტორის დაბადება ისე უმნიშვნელოდ არის ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ ეპიზოდში მოცემული, რომ დაკვირვებული მკითხველის ყურადღებას თუ მიიპყრობს მხოლოდ. რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, რომ ჩავავლე. იმ ეპიზოდზე მოგახსენებთ, როცა ჯარში გაწვეულმა ბიჭუნამ ლეიტენანტის წოდება უნდა მიიღოს. სხვანაირად წარმოუდგენელია! დედას უნდა, შვილი ლეიტენანტი ჰყავდეს, სხვა ვარიანტი არ განიხილება. ჰოდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, არ ანიჭებენ ამ წოდებას ბიჭს. არადა, სხვებს მიანიჭეს. და რა ხდება ამ დროს? ამ დროს ბიჭუნაში იღვიძებს ნამდვილი ავტორი და სიტუაციიდან ისეთი ლამაზი ალტერნატიული რეალობის შექმნით იძვრენს თავს, რომ ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე უკეთესი რამ გამოსდის. ის დედას სწერს, რომ ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის ცოლი აცდუნა, ერთი-ორჯერ კარგა გვარიანადაც გაჟიმა, როგორც ნამდვილ გაუმაძღარ მამრს შეჰფერის და თურმე ნუ იტყვით, ეს ამბავი ამ ქალის ქმრის ყურამდე მისულა და ძალიან გაუბრაზებია. შესაბამისად, შურისძიებით აღვსილ სამხედრო მაღალჩინოსანს ეს ახალგაზრდა და დაუდგრომელი ჯარისკაცი ამგვარად დაუსჯია – სამასი კაციდან მხოლოდ მისთვის არ მიუნიჭებია წოდება, წარმოგიდგენიათ? სამასიდან მხოლოდ ის გამოურჩევია! იდეალურია, განა რა არის მწერლობა ამაზე მეტი? ნამდვილი მამაკაცობისკენ მიმავალ რთულ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფერხებისას ბიჭუნამ ისეთი ისტორია გამოიგონა, როგორიც ნამდვილ მამაკაცს შეჰფერის და თავი ღირსეულად დაიძვრინა. რამდენი დეტალი ჩადო ამ ისტორიაში, რომ დედას ეს ამბავი არათუ სწყენოდა, არამედ გახარებოდა კიდეც.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ავტორი ერთგან ამბობს, ჭიპლარი არ გაწყვეტილაო, აი, ზუსტად ესაა ამ წიგნის აღწერილობა. სწორედ ამიტომ გეჩვენება კითხვისას თან ბუნებრივი და თან არაბუნებრივი, თან ადამიანური და თან არაადამიანური, თან ნორმალური და თან მანიაკალური. ეს ორი პერსონაჟი ხომ თითქოს ისე მოქმედებს, როგორც ეპოქა ითხოვს, მაგრამ ამავდროულად ეპოქისგან თავის დაძვრენასაც ამ ჭიპლარის შენარჩუნებით ახერხებენ. ბოლოს კი მთლად ისე ვითარდება ყოველივე, რომ აღმოჩნდება, დროზე მაღლაც კი ახერხებენ დგომას. ჰო, დედა-შვილი ასე ამარცხებს მტარვალ დროებას, რომელიც თითქოს ყოველივეს განსაზღვრავს.
იმას მოგახსენებდით,ძალიან გამიმართლა ჯერ რომ „დაპირება განთიადისას“ წავიკითხე-მეთქი, რადგან აქ ვნახე კრიზისის პირას მისული ტოტალური მასკულინობა, რომელიც უკანასკნელ სისხლს ღვრიდა მეორე მსოფლიო ომში. ომი დამთავრდა, როგორც ნებისმიერი ომი კაცობრიობის ისტორიაში და დაიწყო ახალი დროება ახალი გმირებითა და ადამიანებით.
ჯერ ის გავიგოთ, ვინ ჯანდაბაა გარი კუპერი. ამერიკელი მსახიობი ყოფილა. რომ დაგუგლოთ, ამოგიგდებთ უზადო გარეგნობის მქონე ნამდვილ მამაკაცს, რომლის ყველა ნაკვთიდან იკითხება დიდი თავდაჯერებულობა საკუთარ მამაკაცურ ძალებში. მუნჯი კინოს ვარსკვლავი ველური დასავლეთიდან, კოვბოის ქუდითა და ისეთი მზერით, როგორსაც ჰოლივუდში ასწავლიდნენ კაცებს მაშინაც და ახლაც. მოკლედ, ალბათ იმდროინდელი ქალების დიდი გულთამპყრობელი და ერთგვარი სექს-სიმბოლო. მოგატყუებთ თუ გეტყვით, თითქოს მეტი რამ ვიცოდე გარი კუპერის შესახებ. ასი წელი არ დავგუგლავდი, რომ არა ეს სრულიად არანორმალური რომანი.
საქმე იმაშია, რომ გარი კუპერს ამსგავსებენ ლენის და ეს ლენი კი როგორი ვინმეა იცით? ქართულ ჟარგონში დამკვიდრებული რუსული სიტყვა რომ შეესაბამება ყველაზე უკეთ – პოხუისტი და თან მშიშარაც, პრინციპში, რადგან გაიქცა. ამერიკიდან გამოაღწია, თავისნაირ შეშლილებს დაუმეგობრდა და ძირითადად 2000 მეტრის ზემოთაა თავისი განუყოფელი თხილამურებით. წიგნის პირველი თავი ისეთია, ბარე ორ პირველ თავს ვერ გავიხსენებ ასე მიმზიდველსა და ლამაზს. სრული არეულობა და ომის შემდგომი სამყაროს მაჯისცემა იდეალურადაა გადმოცემული. ერთის მხრივ დემოგრაფიული ზუზუნი 2000 მეტრს ქვემოთ და მეორე მხრივ ეული შეშლილები, რომლებიც გაექცნენ სტატისტიკას და ასე უთავბოლოდ დაეხეტებიან თეთრ, ქათქათა და წმინდა თოვლში, რომელიც ჯერ კიდევ არ შეუბღალავს დემოგრაფიას. ამ სიტყვას უკვე მეორედ ვახსენებ და თითქოს მთლად მნიშვნელობის მიხედვითაც არა, არა უშავს – წაიკითხავთ წიგნს და თავად მიხვდებით რაშიცაა საქმე. აქ სიტყვებს თითქოს მნიშვნელობები აქვს გამოცლილი და სიმბოლოებად არიან ქცეულები, რაღაც სხვა სათქმელს გამოხატავენ, ვიდრე 2000 მეტრს ქვემოთ მცხოვრებლებში უნდა გამოეხატათ. ასეთივე სიტყვებია „გარე მონღოლეთი“, „მადაგასკარი“ და კიდევ რამდენიმე, რომელიც ამ წამს არ მახსენდება.
მოკლედ, ომი დასრულდა, სამყარო ხელახლა მოეწყო. ეს ყბადაღებული ალფა მამრებიც თითქოს ნელ-ნელა წარსულის საკუთრებანი ხდებიან. ამ წარსულიდან კი თითქოს სრულიად შემთხვევით გადმოეხეტა თანამედროვეობაში ლენი, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ზემოთ აღწერილ გარი კუპერს, იმ დროის კაცს, ძველ კაცს, ნამდვილ კაცს. თუმცა კი ლენის კაცობისა მაინც არაფერი სცხია, ერთი შეხედვით. არა, რამე კი არ იფიქროთ – ქალები უყვარს და გამოსდის კიდეც მათთან ურთიერთობა, რომელიც სექსს არასდროს სცილდება. სექსზე მეტი უკვე აშინებს ლენის და უმალვე გარბის. ოჯახზე ლაპარაკი ზედმეტია, ოჯახი ხომ დემოგრაფიაა, ოჯახი სხვებს უნდათ და არა – „შენ“, ეს ყოველთვის ასეა.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ორი სიტყვა ვთქვა წერის სტილზე. აი, სულ მცირე, ეს ორი წიგნი უნდა გქონდეს ადამიანს წაკითხული, რომ მიხვდე, რამხელა არსენალი იყო გარის ხელში. რანაირი ტემპია, რანაირი აჩქარებები, ჩახლართვები და განხლართვები, წყალი და მიწა, საოცრებაა, ერთი სიამოვნებით იკითხება და უთქმელად იგრძნობა, რომ სტილის შეგრძნებით გამორჩეულ დიდ ავტორთან გაქვს საქმე, უდავოდ. განა ახლა ამით მე, ჯაბა ზარქუამ, რა შევმატე ისედაც აღიარებულ გენიალურ მწერალს, მაგრამ იმდენად აღფრთოვანებაში მოვყავდი ამ წიგნის სტილს, რომ არ შემეძლო ცალკე არ აღმენიშნა.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს თოვლში დაკარგულ უთავბოლო ინდივიდუალისტს ქალი შეუყვარდა. წარმოუდგენელია, 2000 მეტრის ქვემოთ ჩასვლასაც კი დაჰყაბულდა ამ ქალის გამო. რომ იცოდეთ ამ უცნაური სამეგობროს მსოფლაღქმაში რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა სიმაღლეს, გაგიკვირდებოდათ ეს საქციელი. აგერ, მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ნეხვიდან ნულ სიმაღლეზე. ჟენევაზე თქვა ეს ლენის ერთ-ერთმა მეგობარმა. რამხელა დაცინვაა, არა? ჟენევაზე რომ ამას იტყვის კაცი, წარმოდგენაც არ მინდა, სხვა ნაკლებად მიმზიდველ და ცნობილ ქალაქებს რას უწოდებს, მაგრამ რა წარმოდგენა ამას უნდა – იმავეს, აბსოლუტურად იმავეს. მათთვის ყველაფერი, რაც მთაში არ იყო, ნეხვიდან ნულ სიმაღლეზე იყო. სწორედ ამ ნეხვის აუტანელ სუნს გაექცნენ მთაში და ახლა როგორია საკუთარი ნებით სიმაღლეებზე უარის თქმა და ქვემოთ ჩამოსვლა, ა? ლენიმ ეს გააკეთა სიყვარულის გამო და სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. თითქოს ბანალურია არა? სიყვარული, პრინციპებზე უარის თქმა მისი სახელით, ჰაი, ჰუი, მერე? არაა საქმე ასე მარტივად, მკითხველებო. ლენისა და ჯესის სიყვარული ბოლოს ნამდვილი პარანოია ხდება და ინცესტის ელემენტები ერევა – ჯესი დედასავით უყურებს ლენის, რომელსაც ბოზი დედა ჰყავდა და პრაქტიკულად არც ჰყოლია. ჯესის კი მამა ისე უყვარდა, და პირიქით, რომ ეს ურთიერთობაც თითქოს ინცესტის ზღვარზე დააბიჯებდა, თუმცა ეს ზღვარი ასე ფიზიკურად არ გადაულახავს. ვერ გავიგე რა იყო უხამსობა და რა ნორმალური, ვერც თქვენ გაიგებთ, ესაა სწორედ გარის გენიალურობა. იმ პირველ წიგნში დედა-შვილი, აქ შეყვარებულები და მამა-შვილი. ასე მძლავრად და ოსტატობით და ასე რაღაცნაირად უღრმეს კუნჭულებამდე ამ გრძნობის კვლევა ბარე ორ ავტორთან შეიძლება არ მეგულებოდეს. აი, სწორედ ამ არანორმალურ სიყვარულში იპოვა გამოსავალი დემოგრაფიისგან გაქცეულმა ლენიმ, მართლაც და, „მშვიდობით გარი კუპერ“, შენი ადგილი აქ აღარაა.
ყველაზე მაგარი კი იცით რა არის? ერთი ბავშვური გათვლა, რომელიც წიგნის დასაწყისში ყველაზე მეტად აწუხებს და აფიქრებს ერთ-ერთ ფილოსოფოს პერსონაჟს, შერეკილთაგან ერთ-ერთს: Who took the cookie from the cookie jar? პასუხი არ არის. სავარაუდო პასუხებია, თუმცა ზუსტი – არა. ამ წიგნის მთავარი ლაიტმოტივიც ეს საბავშვო გათვლა მგონია.
© არილი