სტანისლავ ლემი, სოლარისი (რომანი). თარგმნა ნორა ქართველიშვილმა. თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014.
ყველაზე საინტერესო მაინც ჩვენს თავში ხდება. კოსმოსში გაცხოველებული ქექვის ვნება კი საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობაა. არა, ისე კი არ იფიქროთ თითქოს კაცობრიობის პროგრესის მქონდეს რაიმე საწინააღმდეგო ან კოსმოსის კოლონიზაციის, ან სულაც სამეცნიერო ფანტასტიკის, მაგრამ „სოლარისის“ წაკითხვის შემდეგ ეს განცდა ერთიორად გამიმყარდა.
ჩვენი ტვინი ურთულესი მექანიზმია, რომელსაც ამ დრომდე თავი წესიერად ვერ მოვაბით და ბევრი რაღაც ისევ აუხსნელი გვრჩება. აუხსნელია ჩვენი ფსიქიკური მოქმედების ბევრი მექანიზმი და ამ მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ გაჩენილი დაავადებების ბევრი დეტალი. ისეთი შთაბეჭდილებაც კი მექმნება, რომ თითქოს გვეშინია ამ საკითხებით გატაცების, რადგან რთული და საშიში საქმეა საკუთარი თავის შეცნობა და წინასწარ ვერ გათვლი რა შედეგები შეიძლება მოგიტანოს. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობას არ ვჩქარობთ, გატაცებით ვეძებთ ხოლმე სხვადასხვა ტერიტორიებსა და საქმიანობებს, სადაც მოვახდენთ ჩვენი შიშებისა და ფობიების სუბლიმაცია-ტრანსფორმაციას და მცირე ხნით მივჩქმალავთ მათ ან გარდავქმნით სხვა სახის ენერგიად და გამოვიყენებთ. ერთ-ერთი ასეთი საქმიანობა, რომელმაც გაგვიტაცა განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, კოსმოსის შეცნობაა, რაც ერთი შეხედვით კარიკატურულადაც კი სჩანს – როგორ შეუძლია კოსმოსის – ამ უსასრული და აბსოლუტურად უცნობი სივრცის შეცნობა არსებას, რომელსაც საკუთარი თავი ანუ სასრული და ძალიანაც კონკრეტული სუბსტანცია ვერ შეუცნია აქ და ახლა?
„სოლარისის“ წაკითხვის შემდეგ დამებადა ერთი ქვეკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – იქნებ სწორედ კოსმოსია ის ტერიტორია, სადაც ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და ჩვენი ფსიქიკური მოქმედების მექანიზმები ხელისგულზე დავინახოთ? იქნებ დედამიწა და აღნიშნული მოცემულობები არაა საკმარისი ჩვენი გონების შესაცნობად და სწორედ ამისთვის ვესწრაფვით სხვა, ახალ კონტექსტებს? იქნებ ეს დიდი საქმე ესოდენ ნაოცნებარი და ნანინანატრი „კონტაქტის“ დამყარების მომენტში ან შემდეგ უნდა მოხდეს და არა აქ და ახლა? მე მომწონს ეს მოსაზრება, რადგან ჩვენს არსებობას უმწეო რომანტიზმის ელფერს სძენს და ბორბალში მორბენალ ზაზუნებს გვამსგავსებს იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერების მაქსიმალური დამორჩილების გარეშე კოსმოსის ათვისება გაჭირდება, ხოლო კოსმოსის ათვისების გარეშე კი საკუთარი თავის შეცნობა, აი როგორი ჩაკეტილი წრე გამოდის, წყევლასავითაა თითქოს.
სტანისლავ ლემის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი „სოლარისი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მშვენიერი სერიის – „კინობიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოსცა. წიგნი ქალბატონ ნორა ქართველიშვილის ნათარგმნია. დასაწყისში ყურს სჭრის უამრავი ტექნიკური ტერმინი, რომელიც გაბრკოლებს კითხვისას, თუმცა ეს მთარგმნელზე მეტად, ჩვენი ყურების ან სულაც ქართული ენის ბრალი უფრო იქნება – არ ვართ მიჩვეული ტექნიკურ ტერმინებს მშობლიურ ენაზე, რუსულად – იცოცხლეთ, არ გვეუცხოვება. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ისეთი არქაული სიტყვაც მომხვდა თვალში, მათი არსებობის შესახებ აღარც მახსოვდა და მეეჭვება, მათი გამოყენება მაინცდამაინც გარდაუვალი საჭიროებით ყოფილიყო განპირობებული, თუმცა რაცაა ეგაა – არ არის ისეთი თარგმანი, რომ ამის გამო კითხვა შუა გზაზე ლანძღვა-გინებით მიატოვო კაცმა. და საერთოდაც, მსგავსი ლიტერატურის (სამეცნიერო ფანტასტიკა მაქვს მხედველობაში და არა მარტო „სოლარისი“, არამედ ჟანრის უფრო მძიმე ნიმუშებიც) თარგმნა უძნელესია, თუმცა ჰაერივით აუცილებელი – ბევრი ტერმინი ხომ უბრალოდ არ მოგვეპოვება მშობლიურ ენაზე! მახსოვს, ადრე დათო ქართველიშვილი ჩიოდა, სამეცნიერო ფანტასტიკის წერა ურთულესია ქართულად იმიტომ, რომ სიტყვების გამოგონება გიწევს თავიდანო და რთულია არ დაეთანხმო – ჩვენი მეცნიერება განვითარების დაბალ საფეხურზეა, არ გამოიცემა პროფესიული თანამედროვე სახელმძღვანელოები მასობრივად, არ მიმდინარეობს მართლა ეფექტური სამეცნიერო სამუშაოები (და არა ისეთი, საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში როგორსაც დაეჩვივნენ ჩვენი ძვირფასი „პროფესორები“) და შესაბამისად, მწერალი თუ მთარგმნელი უამრავ სირთულეს აწყდება სხვადასხვა ტერმინების თარგმნისას თუ შესატყვისის გამოძებნისას. ჰოდა, სადაც მეცნიერები პასიურობენ, იქ დაე მწერლებმა და მთარგმნელებმა მისცენ გასაქანი საკუთარ ფანტაზიას, „გათავხედდნენ“ და დაამკვიდრონ მშობლიურ ენაზე სხვადასხვა სამეცნიერო სიტყვისა თუ ტერმინის შესატყვისი, საწინააღმდეგო ვის რა ექნება?!
ვისაც წიგნი წაკითხული ჯერ კიდევ არ გაქვთ, მოკლედ მოგიყვებით სიუჟეტის შესახებ: არის პლანეტა სოლარისი, რომელზეც მდებარეობს საკმაოდ უცნაური პლაზმის ოკეანე. უამრავი თეორიაა გამოთქმული ამ ოკეანის წარმოშობასთან, განვითარებასთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოოდ, დამტკიცებული არც ერთი არაა და წლების განმავლობაში იმდენი კვლევა და სხვადასხვა ვარაუდია გამოთქმული და მივიწყებული, რომ ნელ-ნელა ავტორიტეტული სამეცნიერო აზრი დაიყვანება შემდეგ დასკვნამდე – სოლარისტიკაში ფულის ხარჯვა არ ღირს! ნელ-ნელა იკლებს მისიების რიცხვი, სოლარისზე მდებარე სადგურში მცხოვრები ასტრონავტების რიცხვი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მალე სოლარისს მიივიწყებენ და მიაგდებენო. სოლარისზე მიამგზავრებენ დეპრესიაში მყოფ კრის კელვინს, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა (თავი მოიკლა ჰარიმ, რადგან ეგონა, რომ კრისი მართლა დაშორდა. არადა, არ აპირებდა საბოლოოდ დაშორებას თურმე). იქ უნდა დახვდეს სამი მეცნიერი – სარტორიუსი, გიბარიანი და სნაუთი. გიბარიანი გარდაცვლილა, თავი მოუკლავს. სნაუთი და სარტორიუსი კი ცოცხლები არიან, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს. მოკლედ, დანარჩენს წაიკითხავთ თავად, მაგრამ ერთს იმას გეტყვით, რომ ეს ოკეანე დიდი ცინიკოსი ვინმე აღმოჩნდება: ადამიანების მეხსიერების ცილების რეკონსტრუქციას ახდენს და შედეგად იმ პიროვნებებს „აცოცხლებს“ და მოუვლენს მისიის წევრებს, რომლებიც მათ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილან და აი შენი ჰარიც, რომელმაც თავი მოიკლა იმის გამო, რომ ეგონა საყვარელი მეუღლე მართლა დაშორდა! წარმოგიდგენიათ რა საშინელება იქნება ერთ მშვენიერ დღესაც, ახალგაღვიძებული თქვენ გვერდით საყვარელ ცოლს რომ ხედავთ, რომელიც ზუსტად იცით, რომ გარდაცვლილია და მეტიც, რომლის გარდაცვალებაშიც თქვენს თავს ადანაშაულებთ? დანარჩენი წიგნში თავად ნახეთ.
მე მჯერა, რომ სოლარისტიკას გასაქანი არა აქვს, რადგან მეც და ალბათ მაესტრო სტანისლავიც ვფიქრობთ, რომ ადამიანი პირქუში არსებაა და ასე მოუმზადებლად თუ გადაეშვება საკუთარი ქვეცნობიერის რეალიზებულ და განსხეულებულ თეატრალურ მორევში, აუცილებლად დაიბნევა, შეეშინდება და დაითრგუნება. ადამიანები არ არიან მზად საკუთარი ქვეცნობიერი დაინახონ ხელის გულზე და ალბათ სწორედ ამიტომაც უნდათ პლანეტის განადგურება, მისიის დახურვა და ა.შ. ნაწარმოების კითხვისას ვფიქრობდი, ერთი შეხედვით კი საშინელებაა გარდაცვლილ საყვარელ ადამიანთან კონტაქტი, მაგრამ რატომაც არა? რა უნდა იყოს იმაზე სანატრელი, როდესაც გარდაცვლილი საყვარელი ადამიანი განსხეულებული გეცხადება? ადამიანებს სიზმრები სიამოვნებთ და ასეთი რამ როგორ შეიძლება არ ესიამოვნოთ? მაშ რატომ ისწრაფვიან ამ არსებების განადგურებისა და გაქრობისკენ, რას უშლით ისინი? კრისი არც ისწრაფვის, მზადაა ჰარისთან ერთად გაატაროს დარჩენილი ცხოვრება სოლარისზე, მაგრამ სარტორიუსსა და სნაუთს რაღა უნდათ?
საქმე იმაშია, რომ ადამიანებს გვაშინებს ისეთი ტერიტორიები, რომელთა შესწავლასაც ვერა და ვერ ვახერხებთ. გვაშინებს არასტაბილური გარემო. ახლავე განვმარტავ რასაც ვგულისხმობ: დღეს თუ მე ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მომივლენს ოკეანე, თან ისეთად, როგორადაც ჩემს ტვინში იჯდა, რა გარანტია მაქვს რომ ხვალ ვინმე ამაზრზენ არსებას არ მომივლენს, ვინმე „ბუას“, რომელიც ასეთივე ამაზრზენი სახით იყო დაცული ჩემი მეხსიერების საცავებში? წარმოგიდგენიათ ეს რა საშიში რამ იქნება? ასევე საშინელებაა ისეთ მოცემულობებთან შეგუება, რომლებიც არაბუნებრივად გეჩვენება და ეს ყველა ადამიანს გვიჭირს და გაგვიჭირდება კიდეც აწ და მარადის. ყოველივე არაბუნებრივი, ანუ აუხსნელი, შიშის ზარს გცემს და ორ გრძნობას გვიღვიძებს – ან უპირობო მორჩილება, ან გარიდება. არაბუნებრივი მოვლენებისადმი უპირობო მორჩილება სხვადასხვა რელიგიას წარმოშობს, გარიდება კი დესტრუქციულ ძალას ატარებს თავის თავში. ოკეანესაც ასე უნდა მიდგომოდნენ ადამიანები – ან უნდა გაეღმერთებინათ, ან გაენადგურებინათ. სხვანაირად მასთან თანაარსებობას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. ჰოდა, ისინიც ისწრაფვოდნენ მისი განადგურებისკენ, რადგან ღმერთობისთვის ოკეანე მეტისმეტად ამოუხსნელი, პირქუში და არაბუნებრივი იყო ალბათ, ჰო – არაბუნებრივი სწორედ.
ამ ყველაფერს ვლაპარაკობდი სტანისლავ ლემის წიგნზე „სოლარისი“, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, მთელი ეს რეფლექსია ტარკოვსკის მიერ გადაღებულმა „სოლარისმა“ უფრო აღმიძრა. ეს ფილმი აბსოლუტური შედევრია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ფილმებს შორის და მასზეც მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა, რადგან ბოლობოლო წიგნის ბოლო ქართული თარგმანი „კინობიბლიოთეკის“ სერიაშია გამოცემული.
ანდრეი ტარკოვსკისა და ლემის ნაწარმოებებს შორის ერთი ფუნდამენტური განსხვავება მომხვდა თვალში: თუ სტანისლავ ლემის ნაწარმოებში მთავარი გმირი მაინც ოკეანეა და მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი, რაც ნაწარმოებს ცალსახად სამეცნიერო ფანტასტიკურ იერს ანიჭებს, ტარკოვსკის ნაწარმოებში მთავარი გმირი ადამიანია – კრის კელვინი და ეს ყველაფერი ნაწარმოებს ერთგვარი ფსიქოლოგიური სამეცნიერო ფანტასტიკის სახეს აძლევს, რომელიც გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ფილმის ფინალი გაცილებით სჯობს წიგნის ფინალს ისევე, როგორც დებიუტი. ანდრეი ტარკოვსკის პატარა ხრიკით (ჩამატებული ჰყავს პერსონაჟები – კრისის დედა და მამა, ასევე ბერტანი, რომელიც წიგნის შუაწელშია ნახსენები ჩანაწერების სახით, ფილმში კი დასაწყისში გვევლინება და კრისს მოგზაურობის ჟინს სწორედ ის აღუძრავს) ფილმმა მიიღო აბსოლუტურად სხვა სახე და წიგნისგან განსხვავებულ კალაპოტში დაიწყო დენა სიუჟეტმა. კრის კელვინის ვნებათა ღელვა და მთელი ის საოცრება, რასაც ადამიანის განსხეულებული ქვეცნობიერი ჰქვია, სწორედ ფილმში ჩანს მთელი თავისი დიდებულებით და არა წიგნში. ალაგ-ალაგ კითხვისას მრჩებოდა განცდა, რომ სტანისლავ ლემის მიზანი სწორედ მსგავსი „ღრმა“ სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნა იყო, სადაც ცენტრში დააყენებდა ადამიანის ფსიქოლოგიის სიღრმისეულ კვლევა-ძიებას, თუმცა არ გამოუვიდა ტარკოვსკისგან განსხვავებით, რომელმაც ამ ამოცანას ბოლომდე წარმატებულად გაართვა თავი. ფილმის ფინალი კი (უძღები შვილის დაბრუნების ინსცენირება) იმდენად განსხვავებულია წიგნის უგერგილო ფინალისგან, რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ – ტარკოვსკიმ ლემს აჯობა და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეკრანიზაციამ წიგნს ბევრად გაუსწრო. შინაარსობრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, კადრები, ტემპი და რიტმი იმდენად იდეალურია ამ ნაწარმოებისთვის, რომ გიჩნდება განცდა – „ეს ყველაფერი ხომ ზუსტად ასე უნდა იყოს, იდეალურია!“. იგივე განცდა არ გიჩნდება სტივენ სოდერბერგის ეკრანიზაციის ცქერისას, სამწუხაროდ.
სოდერბერგის ჰოლივუდურ ბანალობაზე საუბრით დიდი ხანი თავს არ შეგაწყენთ, რადგან არ იმსახურებს ეს ფილმი ბევრ და სიღრმისეულ განხილვას. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ჯორჯ ქლუნი გამაღიზიანებლად ზედაპირულ და შაბლონურ „ასტრონავტ კელვინს“ წარმოგვიდგენს, ხოლო სიუჟეტი კი იმგვარადაა შეცვლილი, როგორც ჰოლივუდს ეკადრება – ორგროშიანი „ფილოსოფიური“ და ვითომ ღრმა დიალოგები ალაგ-ალაგ, დასასრული, რომელიც გიტოვებს გაურკვევლობის შეგრძნებას (რომელიც არაფერში გჭირდება! გაურკვევლობის და დაბნეულობის შეგრძნება კი კარგია, მაგრამ მის გამოყენებას ცოდნა და სტილის შეგრძნება უნდა და ყველგან მისი ხმარება კარგი შედეგის მომტანი ნამდვილად არაა) და კადრები, რომლებიც თავს ვერაფრით გამახსოვრებენ. ჯერ უნდა წაიკითხო სოლარისი, მერე უყურო სოდერბერგის ვერსიას და მერე ტარკოვსკისას, რომ მიხვდე შემდეგ რამეს: ლემის სათქმელი ტარკოვსკიმ იმგვარად გადააკეთა, როგორც ალბათ თავად ავტორსაც სურდა. სამსახიობო გუნდის ოსტატობა და ოპერატორული ნამუშევარი კი დაწყებითი კლასის მოსწავლისას ჰგავს სოდერბერგის ფილმში, თუ მას ტარკოვსკისას შევადარებთ.
ნაწარმოებში ერთგან ნათქვამია, რომ ჩვენ სარკეებს ვეძებთ გალაქტიკაშიც, რაიმე ჩვენნაირ, ჩვენს მსგავს ცივილიზაციებს და არა მართლა ახალსა და აქამდე გაუგონარს. ნათქვამია დანანებით და სევდიანად. ახლა ვუფიქრდები და ამ თეზაშიც ეჭვი შემაქვს – გვინდა რო სარკეები, როცა ასე მახინჯად მიგვაჩნია საკუთარი თავი და გვეშინია მისი ცქერის? მგონი არც ეგ გვინდა. მაშ რას ვეძებთ კოსმოსში? ალბათ არც არაფერს, უბრალოდ ხეტიალისთვის ვართ შექმნილები და არა სადმე დარჩენისთვის. რადგან დარჩენა-დამკვიდრებას საკუთარი თავის შეცნობის პროცესი უნდა მოჰყვეს ბუნებრივად, ჩვენ კი არსად დარჩენა და სახლის დადება არ შეგვიძლია – არც დედამიწაზე, არც – სოლარისზე. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ ვმოძრაობთ.
© “არილი”