ესე (თარგმანი)

ჯეისონ მაიერსი – “მარად გახელილი თვალებით”: მერი ოლივერი

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა

მეც და „ამერიკის პოეტური საზოგადოების“ ყველა წევრი უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვიყავით გამსჭვალული მერი ოლივერის, შელის მემორიალური პრემიის 1970 წლის გამარჯვებულის, მიმართ, და ამის მიზეზი პოეზიასთან ერთად მთელი მისი ცხოვრება იყო.

მქონდა პატივი, საზოგადოებისთვის ორჯერ წარმედგინა მერი ოლივერი მანჰეტენის 92-ე ქუჩაზე მდებარე „ახალგაზრდა ქალთა და მამაკაცთა ქრისტიანულ ასოციაციაში“. მეორე ჯერზე, 2005 წელს, ახალი გარდაცვლილი იყო მისი პარტნიორი, მოლი მელოუნ კუკი, რომელსაც ჩაცინების მეტად დასამახსოვრებელი და მომხიბლავი მანერა ჰქონდა. მოლი გაცნობის დღიდან მერის უერთგულესი ადამიანი გახდა ისევე, როგორც მერი მისთვის. მათი შეხვედრა სადღაც 1950-იანი წლებში შედგა სთიფელტოპში – პოეტ ედნა სენტ ვინსენტ მილეის სახლში, ნიუ-იორკის შტატის ქ. აუსტერლიცში. სწორედ „სენტ ვინსენტი“ ერქვა იმ საავადმყოფოს, სადაც ედნა მილეი დაბადებულა და შიდსისადმი მიძღვნილ მემორიალზე, რომლის დიზაინიც ეკუთვნის ჯენი ჰოლცერს, და რომელიც ძველი საავადმყოფოს ტერიტორიის გადასწვრივ მდებარეობს (ნიუ-იორკის მეთორმეტე ქუჩასა და გრინვიჩის პროსპექტზე) ამოტვიფრულია მოზრდილი ნაწყვეტი უოლტ უიტმენის ლექსიდან „სიმღერა საკუთარ თავზე“, იმ უიტმენისა, რომელიც მერი ოლივერისთვის პოეტობის ერთ-ერთი ეტალონი იყო.

ბოლო ხანებში მერიმ მეორედ გამომიგზავნა საჩუქარი, რადგან პირველ ჯერზე, გაუგებარი მიზეზით, გზავნილმა ჩემამდე ვერ მოაღწია (ამ შემთხვევის გამო მწერდა, – ჩაის საწურს ნამდვილად არ უთქვამს უარი შენთან დარჩენაზეო). ეს ნივთი თავის დროზე ელიზაბეთ ბიშოპს ეკუთვნოდა, როცა ის ბრაზილიაში, ყავის(!) ქვეყანაში, ცხოვრობდა. აშკარაა, რომ ამ ნივთის კონსტრუქცია თვით ბიშოპის მიერ იყო ნაკარნახევი. ეს საოცრება ჩემთვის ახლა ყველაზე ძვირფასია იმ ნივთებს შორის, რომელთა პატრონობაც დამევალა სიცოცხლის ბოლომდე. მეტიც, ეს ნივთი სასწაულებრივი ძალის მატარებელი ჩანს, რადგან მერი ვერ იხსენებდა, თავიდანვე რა გზით მოხვდა მასთან. სწორედ ამიტომ საწურის სხვისთვის გადაცემა აუცილებელ ვალდებულებად მიაჩნდა.

მერისათვის პატივის მიგების ნიშნად წარმოგიდგენთ მშვენიერ გამოსათხოვარ წერილს, რომელიც ეკუთვნის ჯეისონ მაიერსს – მერი ოლივერის ყოფილ (და ერთგულ!) სტუდენტს ბენინგტონიდან.

ელის ქუინი

მთელი დილა წვიმა ამანათებს უგზავნიდა ბალახსა და მინდვრის ყვავილებს, რომლებიც ერთ-ორ თვეში ცენტრალური ტექსასის ველ-მინდვრებსა და გზის ნაპირებს ფერების კარნავალად გადააქცევენ. გუშინ მზემ ყველაფერი, რასაც მისწვდა, სასწაულის ჯადოსნურ შუქში გაახვია. როცა მერის სიკვდილის შესახებ გავიგე, პედიატრის კაბინეტში ვიჯექი და ხელში ერთი კვირის ვაჟიშვილი მეჭირა. ცრემლები თვალებში მაწვებოდა, მაგრამ უცნობების ოთახში ყოფნით დაბნეულმა, ქვითინისგან თავი შევიკავე. რამდენიმე კვირით ადრე, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, ბავშვის ბიოლოგიური დედა ბოლომდე გამოგვყვებოდა თუ არა შვილად აყვანის პროცესში, მე და ჩემი ცოლი ჩვენს ტაძარში რამდენიმე ბავშვის ნათლობას დავესწარით. სამსახურის მობილური სწორედ იმ დროს აწკრიალდა, როცა მრევლმა „წყალთან წამიყვანეს“ დიდებული მელოდია წამოიწყო. ჰოსპისის კაპელანი იყო, მომაკვდავ პაციენტთან მიხმობდნენ. ასეა, როცა ერთი კარი იღება, მეორე იხურება. შუალედში კი ცოტა სინათლე შეიჭრება ხოლმე კარის ღრიჭოში.

ლექსში „თეთრი ბუს მინდორში შეფრენა-გამოფრენა“ მერი ოლივერი მტაცებელ ფრინველზე დაკვირვებით ვარაუდობს, რომ სიკვდილის დროს

 „ერთბაშად გვწყინდება

მარად გახელილი თვალებით ყოფნა და ვხუჭავთ თვალებს,

თან გაოცების გრძნობა არ გვტოვებს.

სიკვდილს ნებას ვრთავთ, წაგვიყვანოს”.

აქაც, როგორც მის მრავალ ლექსში, აღმოჩენა-გამოცხადება მჭიდროდაა დაკავშირებული იმ წუთებთან, რომლებიც დაიხარჯა „ყველა მოკვდავი არსებისთვის ნიშნეული“ მომნუსხველი წვრილმანებით აღფრთოვანებაზე და ენაში ჩაღრმავების გზით იმის მოხელთებაზე, რაც ასხივებს ან ხმას გამოსცემს ყოველი ნიჟარიდან, ყვავილიდან, ბუმბულიდან, უცნობი თუ ახლობელი ადამიანისგან. „ეს მხოლოდ უბრალო აღწერებია“, – თქვა ერთხელ ელიზაბეთ ბიშოპმა თავის ლექსებზე ჩვეული ცბიერი მოკრძალებით. ოლივერის სტრიქონი მარად გახელილი თვალებით ცხოვრებაზე აშკარა გამოძახილია ბიშოპის ლექსისა „Over 2,000 Illustrations and a Complete Concordance“, რომელიც ასე მთავრდება:

რატომ ვერ ვნახეთ

ეს ძველებური ქრისტეშობა. იქ ხომ ვიყავით?

– სიბნელე, ოდნავ შეღებული, ლოდები, შუქით რომ იპობოდა,

დაურღვეველი, სულჩაუდგამი ალის კიდება

უფერო და უნაპერწკლებო, სულმთლად ჩალით ნაკვები ცეცხლის,

და შიგნით კი ნანინათი ჩაძინებული ოჯახი შინაური ცხოველებითურთ,

– მათ ყოველ ჯერზე ვარიდებდით ჩვენს ინფანტილურ მზერას ოდითგან.

ჩანს, ამ სტრიქონების ავტორი დროებითი ბინადარია იმ სივრცისა, რომელიც მერყეობს ყრმობასა და აღტყინებას შორის, ეძიებს ცოდნას და, ამავე დროს, სურს ისტორიის ტვირთის შემსუბუქება. ბიშოპი აშკარად ოლივერის წინამორბედი იყო, ოლივერი კი, მამაკაცების მიერ დაპყრობილი ლიტერატურის ტრადიციაში – ქალი თავისი ხელობის უმაღლესი ოსტატობითა და უსაზღვრო ლინგვისტური შესაძლებლობებით; ლესბოსელი, რომელიც ამაყობდა პირადი ცხოვრებით და მას თავისი სიტყვაძვირობით იცავდა. ორივე პოეტი ერიდებოდა აღმსარებლობითი ლექსების წერას: ბიშოპმა კარგად მოირგო მუდამ საზრიანი მოგზაური-გიდის ინტონაცია, რომელიც ისეთივე კომფორტულია „თევზსაშენის ფარდულებთან“,[1] როგორც მუზეუმებში, ხოლო ოლივერი წერდა ტყეში მოსეირნე მისტიკოსის თვალთახედვით, რომელმაც იმდენივე აიღო რუმისა და ბასიოს პოეზიიდან, რამდენიც მისთვის სანიმუშო ევროპელი და ამერიკელი ავტორებისგან; ორივე პოეტს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ საკუთარ ლექსებში პოლიტიკური თემები არ გაურევიათ, თუმცა ბიშოპის „მამლაყინწები“ ისეთივე მკაცრი ანტიმილიტარისტული გზავნილია, როგორიც მრავლად შემიძლია დავასახელო ამერიკული პოეზიიდან, ხოლო ოლივერი თავის ლექსში – „ამბები იმპერიისა“ – სწორედ კაპიტალიზმისა და კონსუმერიზმის დამღუპველ შედეგებზე მსჯელობს:

„…. და მერე იტყვიან, რომ ეს სტრუქტურა

პოლიტიკურად ერთიანი იყო, რაც, თავისთავად, მართალია.

იტყვიან იმასაც, რომ ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა

გულიდან ამოსული გრძნობების

მოსათოკი მოწყობილობა და რომ ეს გული ამ დღეებში

პატარა იყო, გაქვავებული და სულმდაბლობით ამოვსებული.“

ოლივერი თვითონ იყო გულიდან ამოსული გრძნობების ცოცხალი მაგალითი, როცა ლექსებს ისეთ მარტივ სათაურებს არქმევდა, როგორებიცაა “რისხვა” და “გულისწყრომა“. თუ ვიტყვით, რომ ის ხშირად აღწერდა სიხარულსა და მეტისმეტ აღტაცებას, რასაც ტყესთან, დათვებთან, გუბურებთან, გედებთან, ვარდებთან, ყაყაჩოებთან, შროშნებთან და კენკროვანებთან სიახლოვისას განიცდიდა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ, იმავე დროს, ანატომიური სიზუსტით შეეძლო, გაეანალიზებინა შიშის, ვნების, სირცხვილისა და ზიზღის მდგომარეობები. ეს, განსაკუთრებით, ითქმის ისეთ ლექსებზე, როგორებიცაა „სინგაპური“ და „ინდონეზია“, სადაც გვხვდება მსჯელობა კლასობრივი და რასობრივი განსხვავებების საფრთხეებსა და მიუღებლობაზე. ორივე ლექსში ის არასასიამოვნო შეგრძნებებია გადმოცემული, რომლებიც თან ახლავს პრივილეგიის აღიარებას.

პირველ ლექსში ლირიკული გმირი ხვდება ქალს, რომელიც აეროპორტის საპირფარეშოს ასუფთავებს და აღიარებს, რომ: სიბნელე ჩამომგლიჯეს თვალებიდან“. შრომა, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან დაუფასებელია, ისეთივე გულითად ყურადღებას იმსახურებს პოეტისგან, რითაც ის ბუებსა და ფიჭვის ხეებს ეპყრობა ხოლმე. და მაინც, პოეტს იმ სირთულეების შემჩნევაც შეუძლია, რაც ხელს უშლის ადამიანებს განსხვავების შემჩნევასა და სახელდებაში.

ტკივილი და ტკივილისგან გაქცევის სურვილი ყოველგვარი სიბრძნის ლიტერატურის საფუძველში დევს და მისი თანამედროვე უდიდესი პოეტების მსგავსად, რომელთა შორის დავასახელებდი ლი-იანგ ლის, ლუსილ კლიფტონსა და გოლუეი კინელს, ოლივერი საუკეთესო იყო მაშინ, როდესაც ახერხებდა, ერთსა და იმავე საათში, ერთსა და იმავე მედიტაციაში მოექცია სიხარული და სიხარულის გამჩანაგებლები. “სინგაპურის” დამლაგებელი ქალი და “ინდონეზიის” ჩაის მკრეფავები იმავე წრფელ და ცხოველმყოფელ ყურადღებას იმსახურებენ, როგორსაც შავი მოცხარი და ველური ბატები. ოლივერის პოეზია რომ მხოლოდ ყვავილების თაიგულებისა და მორჩილი ირმების შესახებ ყოფილიყო, როგორც ზოგიერთს უსამართლოდ ჰგონია, არ იქნებოდა ასეთი ავტორიტეტის მქონე, ანუ, ვერ შეძლებდა მკითხველის მოხიბვლას, რასაც ადვილად ახერხებს, მაგალითად, „ინდონეზიის“ ეს სტრიქონები:

ნუ იკითხავ, ეს კოცონი თაფლისა იყო თუ

სიკვდილისა; ნუ იკითხავ,

მოწყალებით სავსე გულებით, ბოლოსდაბოლოს,

შეიძლებოდა თუ არა ცხოვრება…

ან, მაგალითად, „ოქროწკეპლების“ შემდეგი ნაწყვეტი:

განა ჩვენი მძიმე შრომით აღბეჭდილი მთელი ცხოვრება

ყოველ ჯერზე მტანჯველი საათებით არ იყო სავსე?

და, ამისდა მიუხედავად, რასაც ადამიანის ცნობიერებამ მიაღწია,

ნუთუ ის სჯობს სინათლით სავსე ამ მცენარეებს?

ელიზაბეთ ბიშოპმა დასვა „შეკითხვები მოგზაურობის შესახებ“[2], ხოლო მერი ოლივერი კვლავ და კვლავ უბრუნდება შეკითხვას, როგორც უბრალოების, მეოცნებე მდგომარეობისა და მოკრძალების გამოხატვის ფორმას. ლექსში „ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დამისვა“, ოლივერი შენიშნავს, რომ „ცხენირემს იესოსავით სევდიანი სახე ჰქონია“. მისი ცხენირემი განსხვავდება ბიშოპის ცნობილი მდედრობითი სქესის ცხენირმისგან, თუმცა ისიც სასწაულისა და საკვირველების შეგრძნების მიზეზი ხდება, როგორც პორტალი რაციონალურის გადინებისა სტანდარტული გარემოდან ისეთ სივრცეში, რომელიც თუ ინდიფერენტული არ იქნება, საშუალებას მისცემს ცნობიერებას, გახდეს ღია მრავალგვარი რელიგიური გამოცდილებისთვის. როგორც ოლივერის უკანასკნელი კრებულის სათაური – „ლოცვები“ – მიანიშნებს, ის, არსებითად, რელიგიური პოეტია, რომელიც მუდმივად ფიქრობს სულზე, მის ბუნებაზე; მსჯელობს შინაგან და გამჭვირვალე ღვთაებრიობაზე, რომელიც არსებობს ამ ჩვენს უხვნაყოფიერ, ყოვლისმშთანთქმელ და სიცოცხლით სავსე დედამიწაზე, მოკლედ, პოეტი „სახლს უმზადებს უფალს“[3] ლექსით, რომელიც ასე მთავრდება:

„იცოდე, როცა მელას, ბეღურას, გზააბნეულ ძაღლს ან წყლებზე მიმომფრენ

აკანკალებულ ველურ ბატს ველაპარაკები,

სინამდვილეში შენ მოგმართავ, როცა ვამბობ:

„მოდი, შემოდი“ და ვიმეორებ ყოველ დილას და ნაშუადღევს.

კარგა ხნის წინ დავიწყე ამ ესეს წერა. დრო მიქრის, როცა ბავშვთან ერთად ცხოვრობ ისევე, როგორც დრო ორთქლდება, როცა ბუნების ტაძარში შეაბიჯებ. თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მერი ჩემი მასწავლებელი გახდა ბენინგტონის კოლეჯში. წლების მიუხედავად, მასთან ერთად გატარებული დრო ჩემს აღქმაში ისეთივე ცოცხალია, როგორც გუშინდელი დღე. მახსენდება ერთი შეხვედრა მის ოფისში, სადაც ხშირად განვიხილავდით ხოლმე მეტრსა და მხატვრულ სახეებს, ჰოპკინსისა და დიკინსონის, ბობ დილანისა და ედგარ ალან პოს შემოქმედებას. იმ შეხვედრის დროს მერი საუბრობდა კონსერვაციის სტანდარტებსა და თვითმხილველის, თანამონაწილის კომპლექსურ ფუნქციაზე ჩვენი მრავალმხრივი ეკოლოგიური კრიზისის ფონზე. ზუსტად ისე, როგორც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ხოლმე ომში ფოტოჟურნალისტების მონაწილეობის საკითხს (და ზოგიერთი ჩვენგანისასაც, ვისაც მათი ფოტონამუშევრების დათვალიერება გვსურს), მერიმ, ფიქრებში წასულმა თქვა, რომ ზოგჯერ სჯობს ტყეში არც კი წავიდეთ, თუ მისი დაცვა გვინდა.

მე ეს საუბარი მაშინ გამახსენდა, როდესაც ხელახლა გადავიკითხე მერის „ოქტომბერი“, რომელიც ასე მთავრდება:

ერთ დილას ვნახე,

მელა ჩამორბოდა გორაკზე. ელვარებდა, თავდაჯერებული ჩანდა.

არ შეუმჩნევია ჩემი იქ ყოფნა. უცებ გამიელვა:

აი, ასეთია სამყარო.

მე არ შევდივარ მის სათვალავში.

და მაინც, რა მშვენიერია!

აქ კი ვერ დავეთანხმები მერის.

სამყარო ახლა გაცილებით მშვენიერია, რადგან მერი ოლივერი აქ ცხოვრობდა.


[1] ელიზაბეთ ბიშოპის ლექსის სათაური.

[2] ელიზაბეთ ბიშოპის ლექსის სათაური.

[3] მერი ოლივერის ლექსის სათაური.

© არილი

Facebook Comments Box