ჯემალ ქარჩხაძე
თარგმანის შესახებ
ღირსეულ ნაწარმოებს ყოველი თაობა ხელახლა თარგმნის. ყოველი მეორე თაობა მაინც (ენის განვითარების ტემპის შესაბამისად). თუ ასე არ არის, ასე უნდა იყოს.
თარგმანი ხელს არ უწყობს სალიტერატურო ენის განვითარებას (ამ მხრივ თარგმანის დანიშნულებაა ხელი არ შეუშალოს ამ განვითარებას).
თარგმანის ენა უნდა შეესაბამებოდეს სალიტერატურო ენის განვითარების იმ დონეს, რომელსაც თარგმნის მომენტში მიაღწია სალიტერატურო ენამ. არც მეტი არც ნაკლები.
ეს დებულება ძირითადად, რა თქმა უნდა, ორიგინალურ მწერლობაზეც ვრცელდება, მაგრამ ორიგინალურ მწერლობას ამ შემთხვევაში აქვს გადახრები, რომლებიც გამოწვეულია საერთო-სახალხო მეტყველების, ან სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციით. ამ ტენდენციის შესაბამისად ორიგინალური ნაწარმოები შესაძლებელია მთელი ეტაპით უსწრებდეს წინ ენის განვითარებას და ამით ამ განვითარებას აჩქარებდეს. თარგმანი ამას ვერ იზამს, რადგან თარგმანი არ წარმოადგენს საკუთარ თავს. თარგმანი ერთგვარი “გადაცმული ორიგინალია”. თარგმანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტატიურია. მთარგმნელი ორიგინალს ხდის უცხოურ ტანსაცმელს და აცმევს თავისას. ამ შემთხვევაში მთარგმნელი ირჩევს მზა ტანსაცმელს საკუთარი გარდერობიდან. ორიგინალური მწერლობა კი თვითონ კერავს. შეკერილი ყოველთვის შეიცავს რაღაც ახალ ნიუანსს, ყოველთვის წარმოადგენს განვითარების რაღაც ახალ საფეხურს.
თარგმანში ენის განვითარების ტენდენცია ყოველთვის ხელოვნურისა და ყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ორიგინალური მწერლობა სალიტერატურო ენის განვითარების თვალსაზრისით ყოველთვის არის მიღწევა, ხოლო თარგმანი ყოველთვის არის მიღწეულის ასახვა.
წერის მანერულობის, ენობრივი მანიპულირების მეშვეობით ორიგინალის სტილის გადმოცემის ცდა წყლის ნაყვაა. მთარგმნელი, როგორც ითქვა, ორიგინალს ხდის თავის “ორიგინალურ ტანსაცმელს” და საკუთარი გარდერობიდან აცმევს იმას, რაც ამ გარდერობში უკანასკნელ მიღწევად ითვლება. ამ დროს უნდა ეცადოს არ დაამახინჯოს სხეული. ორიგინალის ტანსაცმელს არ გააყოლოს ის, რაც ტანსაცმელი არაა.
ენაზე მანიპულაციების ჩატარება ორიგინალურ მწერლობაში შეიძლება იყოს სალიტერატურო ენის განვითარების ბიძგიცა და უნაყოფო ექსპერიმენტიც (ეს დამოკიდებულია მწერლის ტალანტზე და იმ ალღოზე, რომელიც მწერალს ენასთან მიმართებაში აქვს). საერთოდ, ორიგინალურ მწერლობაში, ენის განვითარების პროცესში, უნაყოფო ექსპერიმენტები გარდაუვალია. მთარგმნელობით ლიტერატურაში კი ყოველი მანიპულაცია უეჭველად უნაყოფო ექსპერიმენტად დარჩება.
როგორ უნდა შეინარჩუნოს მთარგმნელმა ორიგინალის სტილი?
თუ ორიგინალური ნაწარმოები ყოველთვის წარმოადგენს ენის განვითარების რაღაც ახალ საფეხურს, ხოლო თარგმანი ენის განვითარების მხოლოდ უკანასკნელ მიღწევას, მაშინ ორიგინალის ის ახალი საფეხური, განვითარების ნიუანსი იკარგება. ასეცაა. ორიგინალი სხვა ენაა, თარგმანი სხვა. ბევრიც რომ ვეცადოთ, უცხო ენის განვითარების ტენდენციას მშობლიურ ენაზე ვერ გადმოვცემთ.
მაშასადამე, დანაკარგი გარდაუვალია.
დიახ, გარდაუვალია. მაგრამ ეს დანაკარგი იმდენად მცირეა, რომ მასზე წუწუნი არ ღირს.
ორიგინალური ნაწარმოები ენის განვითარების თვალსაზრისით ყოველთვის შეიცავს რაღაც ახალს, მაგრამ ეს ახალი იმდენად მცირეა, რომ კითხვისას ვერც იგრძნობ. როცა ეს “ახალი” ბლომად დაგროვდება (ეს არის მწერლობის მთელი ეტაპი) მხოლოდ მაშინ იგრძნობა საერთო განვითარება. ამიტომ ამ სიახლის დაკარგვა თარგმანს სრულებით არ ვნებს.
მაშ, როგორ შევინარჩუნოთ ორიგინალის სტილი?
მაგრამ რა არის სტილი?
მწერლის სტილი არის მწერლის შინაგანი სამყარო.
ნაწარმოების სტილი არის მწერლის შინაგანი სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ამ ნაწარმოებში გამჟღავნდა.
შინაგანი სამყაროს გადმოცემა არ შეიძლება უშუალოდ, რადგან შინაგანი სამყარო არამატერიალური ფენომენია.
არამატერიალური შინაგანი სამყაროს მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ სიმბოლურად.
შინაგანი სამყაროს გადმოცემის საშუალება არის სიმბოლო.
გადმომცემი სიმბოლოს ხასიათს განსაზღვრავს გადმოსაცემი სამყაროს ხასიათი.
/ჩემი აზრით, აქ უკვე საჭიროა მივმართოთ კონკრეტულად რამდენიმე მწერლის შემოქმედებას და მოვახდინოთ მათი სტილის შედარებითი დახასიათება/.
სიმბოლო არის საშუალება, ენა არის მეთოდი.
განსხვავებული მეთოდი – განსხვავებული მანერა.
როგორღა გადმოვცეთ ენის განსხვავებული მანერა?
ხომ არ შეიძლება საკუთარი ენის უახლესი მიღწევა, როგორც გარდერობის საუკეთესო კოსტუმი, განურჩევლად მოვარგოთ ყველას, თუკი ზოგს წერის ასეთი მანერა აქვს, ზოგს – ისეთი?
საკუთარი ენის უახლესი მიღწევა არ არის ერთადერთი კოსტუმი. ეს მიღწევა შეიცავს მრავალ მანერას. ერთი სეზონის მოდა ერთი კოსტუმით არ განისაზღვრება. სათარგმნი ნაწარმოების მანერას ყოველთვის შეესაბამება ჩვენი ენის გარკვეული მანერა, თუკი ჩვენი ენა საერთო-საკაცობრიო კულტურის განვითარების მოცემულ საფეხურზე დგას, ან უახლოვდება მაინც. მაგრამ მთარგმნელის ენის მანერა, რომელსაც სათარგმნი ენის მანერას მივუსადაგებთ, როგორც ვთქვით, უნდა იყოს მშობლიური ენის თანამედროვე დონის თვისება, მისი ორიგინალური ნაწილი და არა ხელოვნური გადახვევა ამ დონიდან, რაც ზემოთქმულ უნაყოფო ექსპერიმენტამდე მიგვიყვანდა.
ენის ბუნება განვითარების მოცემულ საფეხურზე! – აი, რა არის მთავარი მთარგმნელისათვის.
როგორ ვთარგმნოთ ძველი მწერალი, რომლის ენაც ძველია, წერის მანერაც ძველია (ასეთი მანერა ჩვენი ენისთვის ისეთივე ისტორიული ფაქტია, როგორც სათარგმნიო ენისთვის)?
საფუძვლიანად შევისწავლოთ ენის განვითარების ის ეტაპი, რომელიც თანამედროვე იყო სათარგმნი მწერლისათვის. მერე ვიფიქროთ, ენის განვითარების ამ ეტაპს შეესაბამება ამ მწერლის ასეთი მანერა. იმავე ეტაპზე ჩვენი ენისათვის მსგავსი მანერა ასეთია. როგორი შეიძლება იყოს სათარგმნი ენის თანამედროვე ეტაპზე ასეთი მანერა? როგორი იქნება, მაშ, ჩემი ენის თანამედროვე ეტაპზე ასეთი მანერა?
დაახლოებით:
ძველი ენა ახალი ენა
= (ორიგინ.)
მანერა მანერა
ძველი ენა ახალი ენა
= (მშობლ.)
მანერა მანერა
თუ ასეთი მანერა აღარ არსებობს?
შევინარჩუნოთ ის ძველი მანერა თანამედროვე ენით.
ენა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს თანამედროვე (ენის განვითარების უკანასკნელი საფეხური).
/(საქმე გვაქვს მკითხველთან!!)/
ენის თვალსაზრისით მთარგმნელის ავკარგიანობის კრიტერიუმი:
რამდენად იცნობს ენის განვითარების უკანასკნელ საფეხურს, რამდენად მახლობელია ეს საფეხური, რამდენად შეუძლია გამოიყენოს იგი.
საერთო კრიტერიუმი:
რამდენად წვდება სათარგმნი მწერლის შინაგან სამყაროსა და, კერძოდ, ამ შინაგანი სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც სათარგმნ ნაწარმოებშია გამჟღავნებული. რამდენად მახლობელი, რამდენად თავისი ხდება მთარგმნელისათვის ეს სამყარო. რამდენად ერკვევა იმ სიმბოლიკაში, რომელიც ამ სამყაროს გადმოცემის საშუალებაა. რამდენად შეუძლია იგივე სიმბოლიკა იპოვოს საკუთარ აზროვნებაში. რამდენად სწორად ესმის მწერლის წერის მანერა და ამ მანერის მიმართება ორიგინალის ენასთან საერთოდ. რამდენად შეუძლია იპოვოს მშობლიურ ენაში მსგავსი მანერა (ენისათვის ორგანული), რომელიც ისეთივე მიმართებაში იქნება მშობლიურ ენასთან.
(ყოველივე ეს პრაქტიკულად მთარგმნელობით საქმიანობაში მიიღწევა არა შესწავლით, შედარებითა და მეცნიერული კვლეა-ძიებით, არამედ მთარგმნელის ინტუიციით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმოების თარგმნას დასჭირდებოდა გაცილებით მეტი დრო, ვიდრე პრაქტიკულად სჭირდება; გარდა ამისა თარგმანი იქნება მშრალი).