ესე

ჯიმშერ რეხვიაშვილი – „ვშიმშილობ!“

„ტანჯვაში ვერვინ შეეცილება, ამგვარი ხვედრი ვისაც არ ასცდა,

 ებრძვის შიმშილის გამოცდილება უკმარისობის შემზარავ განცდას“

მერაბ კოსტავა, შიმშილობა

1986 წლის 8 დეკემბერს რუსეთში, თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ჩისტოპოლის საავადმყოფოში, 117 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა 49 წლის პატიმარი – ცნობილი საბჭოთა დისიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი, ანატოლი მარჩენკო.

მარჩენკო ექვსჯერ იყო ნასამართლევი. ბოლოს 1981 წლის სექტემბერში გაასამართლეს რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლით – ანტისაბჭოთა აგიტაცია/პროპაგანდა და მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა 1986 წლის აგვისტოში, მოთხოვნით – გათავისუფლდეს ყველა საბჭოთა პოლიტპატიმარი.

ანატოლი მარჩენკოს ქვრივი, ასევე ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ლარისა ბოგორაზი[1] ჩისტოპოლში, სადაც პატიმარი ათწლიან სასჯელს იხდიდა, ქმრის გარდაცვალებიდან ორ დღეში, 10 დეკემბერს ჩავიდა:

„ზამპოლიტ ჩურბანოვს (Замполит – საპყრობილის უფროსის მოადგილე პოლიტიკურაღმზრდელობით საკითხებში) ერთი რამ აწუხებდა: რაც შეიძლება მალე, სადღაც დილის 9 საათისკენ დაკრძალა ცხედარი, – იხსენებდა წლების შემდეგ ბოგორაზი, – ვთხოვეთ გვამი გადმოცემა, რათა მოსკოვში დაგვეკრძალა ჩემი მშობლების გვერდით. კატეგორიული უარი მივიღეთ: „ციხეში გარდაცვლილ პატიმრებს ადმინისტრაცია კრძალავს“. ვუთხარით, რომ გვინდოდა ანატოლის დაკრძალვა მართლმადიდებლური წესით, ეკლესიაში პანაშვიდის გადახდით. ამაზეც უარი მივიღეთ: ცხედარს ნახავთ მორგში, კუბოში, დაკრძალვისთვის გამზადებულს, იქვე გექნებათ დამშვიდობების საშუალება.

საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა ციხეში მოხვედრილ ადამიანებს საგნებად აღიქვამდა. ციხის ადმინისტრაცია ისევე ეპატრონებოდა პატიმრის სხეულს, როგორც საპატიმროში მოხვედრილ რომელიმე საგანს, მაგალითად წიგნს.

ნადეჟდა მანდელშტამი მოგონებების წიგნში იხსენებს, ოსიპმა ციხეში გაიყოლა დანტე, მაგრამ კამერაში (საკანში) არ შეიტანა, უთხრეს, საკანში ნამყოფი წიგნი, გარეთ ვეღარ გავა, ციხის ბიბლიოთეკას გადაეცემაო („Побывавшая в камере книга на волю не выпускается: ее передают в библиотеку „внутри“).

როგორც ჩანს, პოეტისთვის ძვირფასი ტომი იყო, მრავალი წლის ნაქონი და „საუბარი დანტეზე“-ს წერის პროცესში მრავალი მარგინალიით გადაჭრელებული.

რადგან არ ვიცოდი, რა გარემოებების გამო რჩება წიგნი მუდმივ ტუსაღად, დანტეს სხვა გამოცემა შევუგზავნეო, – წერს ნადეჟდა მანდელშტამი მოგონებებში.

საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა მარჩენკოს სიცოცხლის ბოლო თვეების წაშლა მისი სრული იზოლირებით. სცადა ცხედართან ერთად დაემარხა მისი ცხოვრების აზრი და ბრძოლის მნიშვნელობა. ასეთია არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ ყველა ტოტალიტარული ხელისუფლების მიდგომა სისტემის წინააღმდეგ ამბოხებული მოქალაქისადმი.

ქალბატონ მზიას ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგიჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრება ყველაფერი“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობას, ხოლო კითხვას, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, მან უპასუხა, რომ შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით“.

სისტემა, რომელსაც მდინარაძე წარმოადგენს, ცდილობს ხელები დაიბანოს, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ პატიმრის საზრუნავია. სისტემა იგნორირებას უკეთებს გარემოებებს – უკანონო დაკავებას, არაადამიანურ მოპყრობას, შეუსაბამო მუხლის შეფარდებას, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენებას, აპელაციაზე უარის თქმას და ა.შ. – რამაც აიძულა ჟურნალისტი მიემართა პროტესტის ამგვარი ფორმისათვის. ასევე იქცეოდა სისტემა მარჩენკოს შემთხვევაშიც, როცა პატიმრის გარდაცვალებას არა შიმშილობით, არამედ „ჯანმრთელობის მდგომარეობითა“ და „ორგანოების პათოლოგიით“ ხსნიდა.

ალმეევმა (ლაგერის ექიმმა) განაცხადა, რომ ანატოლი გარდაიცვალა მიოკარდიუმის დისტროფიით გამოწვეული გულ-ფილტვის მზარდი უკმარისობისგან, – იხსენებდა ლარისა ბოგორაზი, – თუმცა ქალაქის საავადმყოფოს ნევროლოგმა, რომელმაც მარჩენკო უშუალოდ სიკვდილის წინ ნახა, გვითხრა, რომ პატიმარი საავადმყოფოში სუნთქვის, ყლაპვისა და მეტყველების ფუნქციების პრობლემებით შეიყვანეს. ამ ექიმის თქმით, ანატოლი გარდაიცვალა იშემიური ინსულტისგან. რომელს უნდა დაუჯერო? შემთხვევითი არ არის, რომ ციხის ექიმი მთელი ძალით ამტკიცებს ვერსიას გულის დაავადების შესახებ – ხელისუფლებას ეშინია, გავიხსენო, როგორ არტყმევინეს ზედამხედველებმა თავი ბეტონის იატაკზე პერმის ბანაკში 1983 წლის დეკემბერში. იქამდე სცემეს, ვიდრე გონება არ დაკარგა, შემდეგ კი ხელბორკილებით შეაგდეს კარცერში. <> მაგრამ ხელისუფლების მიერ დასმული დიაგნოზიც ვერ მალავს სიმართლეს. „მიოკარდიუმის დისტროფიის შედეგად გამოწვეული გულ-ფილტვის უკმარისობა “ სხვა არაფერია, თუ არა იმ შიმშილობის შედეგი. ორივე შემთხვევაში ანატოლი “ბუნებრივი სიკვდილით” არ მომკვდარა, როგორც მარწმუნებენ. ის მოკლა ციხემ”.

ბოგორაზის თქმით, მოშიმშილე პატიმრის მკვლელი ციხეა, მას კლავს სისტემა, რომელიც ოპონენტებთან მხოლოდ მუქარით და ძალადობის ენით ლაპარაკობს.

ანატოლი მარჩენკოს გარდაცვალების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იძულებითი კვება – „სამედიცინო ზომა“, რომელსაც ლაგერის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიმართა, რაც პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მარჩენკო საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორისათვის გაგზავნილ წერილში ჩიოდა, რომ კვების საბაბით აწამებდნენ: მკვებავი ნარევი მიზანმიმართულად მზადდება სასურსათო პროდუქტების მსხვილი ნაჭრებით, რომლებიც ვერ გადის მილში და იჭედება, რის გამოც, მილის გაწმენდის მომიზეზებით, მიწყობენ ნამდვილ წამებას, როცა კუჭიდან ამოღების გარეშე უხეშად სრესენ და ამოძრავებენ მილს. … ჰუმანური აქტის საფარქვეშ საბჭოთა ხელისუფლება, ციხის სამედიცინო განყოფილების სახით, ფიზიკურად მაწამებს, რათა მაიძულოს შიმშილობის შეწყვეტა“.

ანატოლი მარჩენკო პატიმრობის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ პირველი წიგნში „იცხოვრე როგორც ყველამ“ („Живи как все“), ხაზს უსვამდა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, უფრო ზუსტად ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორი აუტანელია სრულ საინფორმაციო წყვდიადში ყოფნა.

ექვსი სრული წელი გავატარე პოლიტიკურ ბანაკებსა და ციხეებში, მაგრამ არავის, არსად და არასდროს არ უხსენებია საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრების არსებობა. მსოფლიო შეშფოთებული და აღელვებული იყო პოლიტპატიმრების მდგომარეობით სამხრეთ აფრიკასა და პორტუგალიაში, ფრანკისტულ ესპანეთსა და სამხრეთ ვიეტნამში, მაგრამ არა სსრკ-ში. ჩვენ უბრალოდ არ ვარსებობდით. ასეთი უსამართლობით გამწარებულები ამაოდ ვაწყდებოდით კედლებს. ეს იყო დავიწყებისათვის განწირულთა სასოწარკვეთა. აღშფოთებას იწვევდა საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების სამარცხვინო დუმილი საბჭოთა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. <…> ციხეში მყავდნენ მეგობრები, რომლებთანაც ღიად შემეძლო აზრებისა და გეგმების გაზიარება. რამდენჯერ გვისაუბრია ამ საკითხზე! იქ, მავთულხლართებს მიღმა, საგუშაგო კოშკებიდან დამიზნებული ავტომატების ქვეშ, სხვა გზა არ ჩანდა, გარდა იმისა, რომ გავქცეულიყავით საზღვარგარეთ, გვეპოვა იქ ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესდება ამ საკითხით და მისთვის მოგვეთხრო ყველაფერი, რაც ვიცოდით.

ტოტალიტარული და ავტორიტარული სისტემები ცდილობენ ან გააუბრალოონ, ან საერთოდ უჩინარი გახადონ ცალკეული მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის ზნეობრივი საქციელი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გმირობის ტოლფასია. ამასთან დაკავშირებით ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ჰანა არენდტი თავის ცნობილ ნაშრომში („აიხმანი იერუსალიმში, ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“) ახსენებს გერმანული არმიის სამხედრო ექიმის, პეტერ ბამის მოგონებების წიგნს (Die Unsichtbare Flagge, 1952), რომელშიც, ებრაელთა მასობრივი მკვლელობების აღწერის ფონზე, ავტორი ამბობს:

ჩვენ ყველაფერი ვიცოდით. არაფერი გაგვიკეთებია. ნებისმიერ ჩვენგანს, თუკი ის პროტესტს გამოაცხადებდა ან როგორმე შეეცდებოდა, ხელი შეეშალა აინზაცგრუპენისთვის, ოცდაოთხ საათში დააპატიმრებდნენ და გააქრობდნენ. ჩვენი დროის ტოტალიტარული სახელმწიფოების ერთერთი ნიშანი ისაა, რომ ისინი საშუალებას არ აძლევენ მოწინააღმდეგეებს, დიადი, დრამატიზმით აღსავსე, მოწამებრივი სიკვდილით დაიხოცონ თავიანთი მრწამსის გამო. ბევრი ჩვენგანი არჩევდა, ასე მომკვდარიყო. ტოტალიტარული სახელმწიფო მოწინააღმდეგეებს უჩუმრად, შეუმჩნევლად აქრობს. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დუმილის მეშვეობით ბოროტმოქმედებათა წაქეზების ნაცვლად ამჯობინებს მოწამებრივი სიკვდილით მოკვდეს, სიცოცხლეს ამაოდ გასწირავს. ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარი მსხვერპლი, მორალური თვალსაზრისით, ამაოა. მაგრამ პრაქტიკულად უსარგებლოა. არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმდენად ღრმად გამჯდარი მრწამსი, რომ ფუჭად გაგვეწირა თავი უზენაესი მორალური საზრისისთვის“.

ჰანა არენდტი არ ეთანხმება გერმანელ სამხედრო ექიმს, ამბობს, ეს უფრო არგუმენტის საბედისწერო ხარვეზია, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასეთი დამაჯერებელიო.

დიახ, ფაქტია, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო ცდილობდა, შეექმნადავიწყების ხვრელები“, რომლებშიც გაუჩინარდებოდა ყოველგვარი ქმედებაკეთილიც და ბოროტიც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა“, – წერს არენდტი, რომლის თქმითაც, ყველა მცდელობა, მოწინააღმდეგეები „უჩუმრად, შეუმჩნევლად გამქრალიყვნენ“, ამაო აღმოჩნდა.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტოტალიტარულმა სისტემებმა უარი თქვეს „დავიწყების ხვრელების“ შექმნასა და გაფართოებაზე. უფრო პირიქით, მეტ ძალისხმევას სწევენ ტაქტიკური არსენალის გამრავალფეროვნებაზე: დახვეწეს როგორც ძალადობის, ასევე პროპაგანდის მეთოდები. აკაკი ბაქრაძე „მწერლობის მოთვინიერებაში“ გამოწვლილვით აღწერს პროცესს, როგორ თრგუნავდა სისტემა ადამიანის სულიერ სიამაყეს, პატიოსნებას, სიმტკიცეს და აყალიბებდა „სულიერად მრუშ“ არსებებს, რომლებიც არსებულ სინამდვილეს სისტემის ფილტრში ატარებდნენ.

ძველ ზნეობრივ მცნებათა გაუქმებამ, მათ მაგიერ ამორალიზმის დამკვიდრებამ, – წერს აკაკი ბაქრაძე, – გამოძერწა ადამიანები, რომლებმაც შეჰქმნეს განჯგონებულთა საზოგადოება („განჯგონებულთა ბოროტი კეთილი ეგონოს“, – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული“), რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული: ბოროტი კეთილად იწოდება, უზნეობა ზნეობად, ღალატი და გამცემლობა მოქალაქეობრივ მოვალეობად, სულით მრუშობა შეგნებულობად, სილაჩრე კეთილგონიერებად, მონური მორჩილება წესრიგად, ქურდობა, ხალტურა, მექრთამეობა, კომბინაცია შრომად, სიცრუე და მოტყუება კეთილსინდისიერებად, ლაქიობა და კუდის ქიცინი პირდაპირობად, უპრინციპობა პრინციპულობად, მტრობა და სიძულვილი სიყვარულად.

ასეთი განჯგონებულთა საზოგადოება „დავიწყების ხვრელების“ ნამდვილი რეზერვუარია. ასეთ საზოგადოებას არ სჭირდება პრინციპული მოქალაქეები, მით უმეტეს არ სჭირდება პროფესიონალი, თავისუფალი ჟურნალისტები, რომლებიც აკეთებენ ახალ ამბებს იმისათვის, რომ ყველაფერი თავდაყირა არ იყოს დაყენებული, რომ საზოგადოებამ ბოროტის და კეთილის გარჩევა შეძლოს, რომ ღალატი არ აერიოს გმირობაში, რომ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ იცხოვროს ხარისხიანად, შეძლოს თავის დაცვა, სხვებთან კავშირის დამყარება, მტერ-მოყვრის გარჩევა. განჯგონებულთა საზოგადოებისათვის, გინდა საბჭოთა წარსულში და გინდა ახლა, მიუღებელია თავისუფალი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაც სისტემური პროცესის ნაწილია (და არა ერთი, ცალკეული მოვლენა), რაზეც მეტყველებს ლამის დისტოპიური რომანებიდან ნასესხები მედიის რეგულირების მორიგი კანონის ინიციირება, რომლითაც, არაერთ სხვა შეზღუდვასთან ერთად, „დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“.

საქართველოს საბჭოთა გამოცდილება და სხვა ქვეყნების მაგალითებიც იმაზე მიუთითებენ, რომ განჯგონებულთა საზოგადოებას არ სჭირდება თავისუფალი ჟურნალისტები, რომლებსაც სისტემა ვერ ათამაშებს ტიკინასავით და ვერ გამოიყენებს პროპაგანდის გასავრცელებლად.

საერთო წარსულის, გამოცდილებისა და გავლენის გათვალისწინებით, რუსეთის და ბელარუსის მაგალითები ყველაზე შესაბამისი და თვალსაჩინოა. ამ ქვეყნებში ჟურნალისტები ან დაიჭირეს, ან დახოცეს, ან საზღვარგარეთ გააქციეს. თუმცა ჟურნალისტი ციხეში – ჯერ კიდევ არ ნიშნავს სისტემის გამარჯვებას, რადგან, როგორც ბელარუსი ჟურნალისტი და ლუკაშენკოს რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ირინა ჩალიპი ამბობს, თავისუფალი ჟურნალისტი, გარდა იმისა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღებას იპყრობს, მონდომების შემთხვევაში, ციხეშიც განაგრძობს ბრძოლას, პროფესიულ საქმიანობას.

„პატიმრობა უნდა აღვიქვათ სამსახურებრივ მივლინებად, – უზიარებს თავის გამოცდილებას კოლეგებს ირინა ჩალიპი, – რთულია, აუტანელი პირობები, სიკვდილის საშიშროებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს მხოლოდ სარედაქციო დავალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. თითქოს გვენანება ციხეში გატარებული დრო, მაგრამ ეს არაა უაზროდ დაკარგული დრო. სწორედ ჟურნალისტის პროფესია ავსებს მას შინაარსითა და მნიშვნელობით. სწორედ ამაში დავრწმუნე ჩემი თავი, როცა ბელარუსის უშიშროების (КГБ) ციხეში მიმიყვანეს. ყოველთვის მინდოდა ჩემი თვალით მენახა ეს საშინელი ადგილი და გამეგო, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი! ამ შენობა ქუჩიდან ვერ დაინახავ, რადგან ის საიმედოდ არის დამალული ბელრუსის КГБ-ს შიდა ეზოში. ციხიდან გამოსულ და ინტერვიუებზე დათანხმებულ რამდენიმე ცნობილ ადამიანი ვერაფერს იხსენებდა თავისი საკნის გარდა. პირველივე წამიდანვე დავრწმუნე თავი, რომ სამსახურებრივი მივლინებით ვიყავი შესული, ხარბად ვიხედებოდი აქეთ-იქით, როცა დერეფანში მივყავდი ბადრაგს, ვიმახსოვრებდი ყველა დეტალს, კედლის ყველა შვერილს. ვითვლიდი საკნების კარებს; თანასაკნელები საერთოდ ჩემი მომავალი სტატიების გმირებად იქცნენ, რადგან ყველა მათგანს თავისი ისტორია ჰქონდა. ციხეში ყოფნისას მივიღე მასალა რამდენიმე სერიოზული გამოძიებისთვის, მათ შორის წამებაზე ბელრუსის ციხეებში, საქმეების ფაბრიკაციაზე, გადაბირების მეთოდებზე; დაპატიმრების მეშვეობით მოწმეებისგან ცრუ ჩვენების მიღების მეთოდებზე… თითქოს გენანება ციხეში გატარებული დრო, მაგრამ ეს ნამდვილად არაა უაზროდ დაკარგული დრო“.

აკი, ჰანა არენდტიც ამბობს, რომ არ არსებობს „დავიწყების ხვრელები” და რომ უსამართლობის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა ვერანაირად ვერ იქნება უსარგებლოო. ყველაზე სასტიკი ტერორის პირობებში უმრავლესობამ შესაძლოა ვერ გასწიოს წინააღმდეგობა, მაგრამ ცალკეული ადამიანების „განწირულის სულის კვეთება“ არ/ვერ ჩაივლის უკვალოდ.

ვშიმშილობ! სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა!“ – მზია ამაღლობელის ეს ბრძოლა დღეს თუ სამოქალაქო თავდადების მაგალითია, ხვალ გაკვეთილი იქნება მომავალი თაობებისთვის, ისევე როგორც გაკვეთილია მარჩენკოსა და სხვა საბჭოთა დისიდენტების (მათ შორის ქართველების) ბრძოლა უსამართლო, ძალადობრივ სისტემასთან. სწორედ მრწამსის გამო მსგავსი დრამატიზმით აღსავსე ბრძოლებით იქმნება ისტორია – განჯგონებულთა საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიცია, რომელიც არყევს და ძირს უთხრის ყველა ჯურის ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სისტემების საყრდენებს – სიცრუეს, სიმუხთლესა და უხამსობას, რომლებსაც მერაბ კოსტავა ჩამოთვლის შიმშილობის დროს დაწერილ თავის პოემაში.

ქარქაშში ხმალს ნუ ჩაგაგებინებს დრო სიმუხთლისა და უხამსობის,

მხოლოდ შიმშილი შეგაგნებინებს რა არის პური ჩვენი არსობის.

<…>

მხოლოდ ძლიერთა ძალუძთ ალაგმონ სულმდაბლობა და ძაბუნი შიში,

გარემოცვისას ბევრმა ქალაქმა მონის ბორკილი არჩია შიმშილს.

რადგან ქალაქი, ვით პიროვნება, თვითაა თავის ბედის მჭედელი,

საკუთარ ხალხის და ეროვნების სინდისისაგან მოუკვეთელი.

მერაბ კოსტავამ 1981 წელს ანგარსკის ზონაში 13 თვე იშიმშილა. კოლონიის ადმინისტრაცია იძულებით, კუჭში ჩადგმული ზონდით კვებავდა პატიმარს და მისი თავგანწირვის გაუბრალოებას, დისკრედიტაციას ცდილობდა. თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნული გმირი, ხოლო საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დავიწყების ხვრელებმა სულ სხვა ხალხი გაიწოვა.

7 თებერვალი, 2025


[1] ლარისა ბოგორაზი (1929–2004) ცნობილი საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი. 1989-1996 წლებში მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე. მონაწილეობა მიიღო ცნობილ საპროტესტო აქციაში 1968 წლის 25 აგვისტოს, როცა რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა წითელ მოედანზე საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის გასაპროტესტებლად, რისთვისაც ოთხი წლი გადასახლე ირკუტსკის ოლქში (1968-1971).

© არილი

Facebook Comments Box