თარგმანი,  ინტერვიუ

ჯოან დიდიონი – პრუსტის კითხვარი

1993 წილდან ჟურნალი Vanity Fair ყოველი გამოცემის ბოლო გვერდზე აქვეყნებდა პრუსტის კითხვარზე სხვადასხვა საჯარო ფიგურის, მათ შორის: ჯეინ გუდოლისდეივიდ ბოუის, ალენ გინსბერგისჰედი ლამარის, გორ ვიდალისა და ჯოან დიდიონის პასუხებს.

დიდიონის ინტერვიუ 2003 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, როდესაც მწერალს განსაკუთრებით მძიმე ცხოვრებისეულ პრობლემებთან უწევდა გამკლავება – მისი ერთადერთი ქალიშვილი რეანიმაციაში იწვა კომატოზურ მდგომარეობაში, ხოლო კომიდან გამოსული მწვავე პანკრეატიტს შეეწირა; კითხვებისთვის პასუხის გაცემიდან რამდენიმე კვირაში კი მეუღლე გულის შეტევით გარდაეცვალა. ამის გამო, 69 წლის მწერლის პასუხები სევდიანი და მძიმე წასაკითხია:

 

ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?

ირაციონალურად მეშინია გველების. როცა მე და ჩემი მეუღლე ჩხრიალა გველებით სავსე ლოს-ანჯელესში გადავედით, ვცდილობდი ეს შიში დამეძლია. ყოველ დღე ქვეწარმავალთა ექსპორტ-იმპორტის ადგილას მივდიოდი და თავს ვაიძულებდი ანაკონდასთვის მეყურებინა. ვიფიქრე, რომ ამან იმუშავა. მაგრამ რამდენიმე წელში, როცა მალიბუში ვცხოვრობდით, ავტოფარეხიდან ჩემს მანქანაში ამერიკული ანკარა ჩავარდა (ასე ვთქვათ, „კარგი“ გველი. არც შხამიანი იყო და არც ანაკონდას ჰგავდა). ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც მაშინ მხოლოდ ოთხის იყო, მომიყვანა, რომ ენახებინა. ჩემდა სასირცხვილოდ, გავიქეცი. სულ მეფიქრება, რა იქნებოდა, საყიდლებზე წასულს აღმომეჩინა, წყნარი ოკეანის სანაპიროს გზატკეცილზე გველი რომ დამგზავრებოდა.

თქვენი რომელი თვისება არ გხიბლავთ?

მგონია, „საკუთარი აზრის დაფიქსირება“ ზედმეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. არადა, როგორც წესი, ეს უბრალოდ უმწეო მსმენელის ხარჯზე მოსაუბრის განდიდების საშუალებაა.

რომელია თქვენი საყვარელი მოგზაურობა?

დიდი ხნის წინ, სანამ თვითმფრინავებში ფილმის ყურება გახდებოდა შესაძლებელი, ხოლო ეკრანის დასანახად – სიბნელე საჭირო და ფანჯრის ლუქის დახურვას არავინ გვაიძულებდა, დასავლეთისკენ ფრენა და ნელ-ნელა გაშლილი სივრცეების მატების ყურება მიყვარდა – ჭადრაკის დაფასავით დაყოფილი ფერმერთა მიწები თვალუწვდენელ არაფრობაში რომ გადაიზრდებოდა. ასევე, ევროპიდან ლოს-ანჯელესში გადაფრენაც მიყვარდა, როცა ამჩნევ, წყალში მოტივტივე ყინულებსა და კუნძულებს ხმელეთში გამოკეტილი ტბები როგორ ანაცვლებს. პერსპექტივის ამგვარი ცვლილება ყოველთვის ამაღელვებდა ხოლმე.

რა შემთხვევაში იტყუებით?

ალბათ, გამუდმებით ვცრუობ თუ თეთრ, სოციალურ, სიტუაციის შემამსუბუქებელ და სხვათა გულის გასახარ ტყუილებსაც ჩავთვლით. დედაჩემს მოტყუება უბრალოდ არ შეეძლო. მახსოვს, ერთხელ დამაბრმავებელ ქარიშხალში როგორ მოჰყვა მხოლოდ იმიტომ, რომ S.P.C.A.-ის არჩევნებზე ნაცნობისთვის ხმა მიეცა. „დოროთის შევპირდიო,“ – მითხრა, როცა ვცდილობდი სახლში დარჩენაზე დამეყოლიებინა. „რას გაიგებს დოროთი?“ – ვკითხე. „მაგას მნიშვნელობა არ აქვსო,“ – მიპასუხა. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ამან გამაოცა.

საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

რაღაც პერიოდი ჩემი სიდაბლე არ მომწონდა, მაგრამ მივეჩვიე. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა 5′ 10″ ვიყო და დიზაინერები ტანსაცმელს მიგზავნიდნენ.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

მწერლებს სჩვევიათ რაღაც სიტყვებისა და კონსტრუქციებს ამოჩემება (ერთხელ რამაც გაამართლა, იმას ვეღარ ვეშვებით), იმდენად, რომ  ცალკე ვარჯიში გიწევს ამ გამეორებების გონებიდან ამოსაგდებად.

ყველაზე ბედნიერი სად და როდის ხართ?

ერთხელ ჩემი რომანის („დემოკრატია“) მთავარი გმირი ამ კითხვას ჩაუფიქრდა. პასუხის გაცემა უჭირდა. სვავს ყავას, ეწევა სიგარეტს, ფიქრობს და ასკვნის: „რეტროსპექტივაში, როგორც ჩანს ყველაზე ბედნიერი ნათხოვარ სახლებში ლანჩის დროს იყო ხოლმე. გაახსენდა განცდა, როცა ჩიკაგოში რომელიღაც სასტუმროს ნომერში მიირთმევდა და  ფანჯრის რაფებზე თოვლი ბარდნიდა. პარიზში ლანჩიც დეტალურად ამოუტივტივდა. ეს ლანჩები და ნასესხები სახლები არსაიდან ხომ არ მოსულა.

რისი ნიჭი გსურთ, რომ გქონდეთ?

ძალიან მინდა, ინგლისურის გარდა რომელიმე ენაზე თავისუფლად ვსაუბრობდე. შევეგუე, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან არსებობს ზედმეტად ბევრი დაბრკოლება. განსაკუთრებით ჯიუტი შიში იმისა, რომ ჩემს ერთადერთ საგანძურს, ინგლისურ წინადადებათა კონსტრუირების უნარს, დავკარგავ.

თქვენს თავში რას შეცვლიდით?

ვშიშობ, ერთი ცვლილებას მეორე მოჰყვებოდა, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ ჭეშმარიტად გაუმაძღარი ადამიანი თუ მოახერხებს.

ყველაზე ძვირფასს რას ფლობთ?

ყველაფერს, რაც ჩემმა ქალიშვილმა მომცა. მაგალითად, (ეს კონკრეტული გამახსენდა, რადგან სულ სამუშაო მაგიდაზე მიდევს ხოლმე) ილუსტრირებულ წიგნს სახელად „პატარა ცხოველები და მათი დედები“.

რა არის უკიდურესი უბედურება?

საყვარელ ადამიანებთან სიშორე. ასევე მუშაობის უუნარობა. როგორც ჩანს, ეს ორი ერთმანეთს ერთვის.

სად გსურთ ცხოვრება?

ყოველ თვე სხვადასხვა ადგილას. ამჟამად – კაილუას სანაპიროზე, ნოემბრისთვის – პარიზში, სასურველია სასტუმრო ბრისტოლში. სასტუმროები ძალიან მომწონს. ლოს-ანჯელესში ჩვენი სახლი გვქონდა და დიაგრამებს ვადგენდი იმის საჩვენებლად, რომ ბელ-ეირში ცხოვრებით ბევრ ფულს დავზოგავდით, მაგრამ ჩემი მეუღლე არა და არ დამყაბულდა.

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

გუმბოს კეთება მიყვარს. მებაღეობაც. წერაც თუ საქმე კარგად მიდის. შეიძლება იმიტომაც, რომ ესეც გუმბოს კეთებასა და მებაღეობასავით ტაქტილურია.

რომელია თქვენი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი?

სხვა ადამიანებს თუ დავუჯერებ, სიგამხდრე. პირადად მე თვალში უფრო ჩემი გაფანტულობა მხდება. ძალიან ხშირად ფიქრები წამიღებს ხოლმე.

მხატვრული ლიტერატურიდან რომელი პერსონაჟი გიყვართ ყველაზე მეტად?

ჯოზეფ კონრადის „გამარჯვებაში“ აქსელ ჰეისტი. მისი დიდი საწარმო, ქვანახშირის კომპანია მის ზურგს უკან ინგრევა და ამის შემდეგ, რაღაც წარმოუდგენლად მამაცურს აკეთებს. რისი უნარიც შესწევს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა გვერდზე გადაუდია.

© არილი

Facebook Comments Box