ილუზიების მსხვრევა
ჯუანშერ ტიკარაძე. ლექსები. რედაქტორი თინათინ ბოლქვაძე. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილისა. გარეკანზე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის ფოტო. თბ. “დიოგენე”, 2002.
ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების წიგნმა პირადად მე მრავალი საფიქრალი აღმიძრა. ეს საფიქრალი პოეტური აზრის მოძრაობას და ზოგადად პოეზიის თანამედროვეობასთან მიმართებას შეეხება. იცვლება დრო, იცვლება გამოხატვის ხერხები და საშუალებები. ასე იყო და ასე იქნება მუდამ. მაგრამ საგულისხმოა სწორედ ცვალებადობის ხასიათი, ხარისხი, დიაპაზონი. საინტერესოა რა იცვლება გარემომცველი სინამდვილის კარნახით თუ ზემოქმედებით ადამიანში და აქედან გამომდინარე, პოეზიაში. უფრო სწორად, ისეთი რა ცვლილება მოხდა (იგულისხმება ჩვენი, ქართული გარემო) ადამიანში, რომ პოეტური აზრის მიმართულება რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა კი? როგორია საერთო სურათი?
არიან ჩვენში პოეტები, რომლებიც ჯიუტად ინარჩუნებენ ტრადიციულობის ელფერს და პოეზიის კლასიკური განსაზღვრების ჩარჩოებში თავსდებიან. არიან, მეორე მხრივ, ისეთებიც, რომლებიც ამ ჩარჩოებიდან ნებისმიერი გზით გათავისუფლებას ცდილობენ ან უკვე გათავისუფლდნენ. ერთი რამ კი ცხადია: ყოველმა მათგანმა დროის შესატყვისად სიახლისკენ მიზანმიმართული გეზი აიღო და თან ეცადა, “პოეზიის ენა” არ დაეკარგა. მიზანმიმართულიო, ვამბობთ, მაგრამ ეს ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს. “სიახლისკენ სწრაფვა” მოარული შტამპია. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად ხდება. პოეტი ინტუიტურადაც და ცნობიერადაც ეძებს განსხვავებულ ფორმას, განსხვავებულ ინტონაციას, რომელიც მის პიროვნულ ინდივიდუალობას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამ ძიების გზაზე მას არ შეიძლება რაღაცგვარი მიმართება არ ჰქონდეს უკვე არსებული ტრადიციისადმი. ტრადიციის ყველაზე რადიკალური უარყოფაც კი მის გარკვეულწილად გადააზრებას გულისხმობს.
ჯუანშერ ტიკარაძის ლექსებმა იმიტომ ამიშალა ფიქრის საღერღელი, რომ მან სწორედ ტრადიციის თავისებური გადაფასების საფუძველზე სიახლეთა ნიშნით აღბეჭდა თავისი ლირიკული ნააზრევი. ამავე დროს მან, ჩემი აზრით, შეძლო თავი დაეღწია “შემოქმედებითი ვაკუუმისთვის”, სიცარიელისთვის, რომელშიც არაერთი ახალგაზრდა პოეტი მოხვდა. იქ მოხვდა ის, ვინც ქართულენოვანი პოეტური ტრადიცია ხელაღებით უარყო და ვერაფერი მოიხვეჭა მკვდარი სიტყვების გარდა. მკვდარი სიტყვების ანაბარა კი იგი შეიძლება დარჩეს, ვინც არ იცის ერთი რამ: არაფერს ისე არ ეშინია სიტყვიერი ქაოსისა, როგორც პოეზიას. პოეზია სწორედ სიტყვიერი სიზუსტის ხელოვნებაა. პოეტურ აზრს ცხოველმყოფლობას სხვა უნარებთან ერთად სიტყვის საჭირო კონტექსტში ჩასმის უნარი ანიჭებს.
ჯუანშერ ტიკარაძის ლექსები მეტწილად ვრცელია, მაგრამ აქ ძნელად თუ იპოვით უფუნქციო სიტყვებს. მისი აზროვნება კონკრეტულ და შეუნაცვლებელ სიტყვებზეა აგებული. აქ მეტწილად ამბის თხრობაა ან მედიტაციაა, ხშირად ერთი ენაცვლება მეორეს. თავისუფალ ლექსებში მეტაფორული აზროვნება მინიმუმამდეა დაყვანილი, კონვენციური ლექსის სტურქტურაში კი მეტაფორა თითქოს თავის “ჩვეულ ადგილს” იკავებს. ლექსის კონვენციურობაც სწორედ ამით არის განსაზღვრული, რომ ყველა ტრადიციული სალექსო კომპონენტი ერთად იყრის თავს. ამიტომ ჯუანშერ ტიკარაძის კონვენციური და თავისუფალი ლექსები მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია, რადგან ყველა პოეტთან ასე როდი ხდება. მოვიყვან ტრადიციული ლექსის ნიმუშს: “მზერადაღლილი ლანდები წვანან / შორს, ჩამავალ მზის ჩადრით ბურვილი / და თავს ვაოკებ ოცნებით, სანამ / ჩემში ჩაცხრება ნგრევის სურვილი, / მაგრამ ადრეა… ვერ ითმენს ამდენს, / თან უტეხია გონის ქმნილება; / მუშტებს არ უნდათ, თითები გახდნენ, / აღარც თითებს სურთ დამორჩილება. / დღე კი ილევა. ფერშეცვლილ კედლებს / მზე სისხლით აწერს რაღაც ასოებს. / სიმწრით ვაოკებ ატეხილ მხედრებს, / ცხენებს დეზები ეჭვებს ასობენ. / მაინც რად უნდა ბედს – მოხუც ყასაბს, / ნაჯახს ვიქნევდე. მეც გამეხებით / და ვხედავ, როგორ მეფშვნება, რასაც / ვიხსენებ, ანდა ფიქრით ვეხები. / ჩქარა ბნელდება, ქვეყანაც ჩაქრა / – დაუნდობელი ღამით ბურვილი. / მე თავს ვიტყუებ ოცნებით, მაგრამ / სულში არ ცხრება ნგრევის სურვილი”.
ტრადიციის ინერცია, როგორც უკვე ვთქვი, თავს არ მალავს და იმდენად მძლავრია, რომ თითქმის მთლიანად იპყრობს ლექსის სააზროვნო სივრცეს. აქ არის ისეთი პაუზები, ისეთი ინტონაციური ინტერვალები, რომ თითქოს უკვე ნაცნობი მელოდია ჩაგესმის ყურში. მაგრამ ამავე დროს არის რაღაც ტიკარაძისეული, საკუთრივ მისი, რასაც ინდივიდუალობის მიმნიჭებელი შტრიხი შეაქვს ლექსში. რა არის ეს? ჩემი აზრით, ეს არის პათოსი, რომელიც კარგად გამოიხატა სიტყვებში “ნგრევის სურვილი”. ჯუანშერ ტიკარაძის წიგნში ნათლად ჩანს ამ პათოსის, ამ ღრმა ინტუიციაზე დაფუძნებული სწრაფვის, “სტერეოტიპების ნგრევის” შედეგები, რაც უფრო მკაფიოდაა გამოვლენილი თავისუფალ ლექსებში. აქ თითქოს პოეტი თავის ბუნებრივ სტიქიაშია, თვითონვე ქმნის თავის საარსებო გარემოს.
ჯუანშერ ტიკარაძის თავისუფალი ლექსები თავისებურია: აქ თხრობა, ფაბულა, უჩვეულო ამბავი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს. კომპოზიციურ სტრუქტურას სწორედ ამ ამბის, ფაბულის გაშლა-განვითარება, მოულოდნელი მედიტაციური წიაღსვლები, ერთმანეთზე გადაბმული თხრობითი ელემენტები ქმნის. ჯუანშერ ტიკარაძე, როგორც თვითონ ამბობს, “ჰყვება ლექსს”, და ამასთანავე ის თითქმის მთელ წიგნში ინარჩუნებს “პოეტურ სიმჭიდროვეს”, მხატვრულ დაძაბულობას, ერთგვარ სიტყვიერ სიხისტესთან ერთად მოქნილობას, ელასტიურობას, მკაფიო ლირიკულ ფონს. აი, ვთქვათ, ლექსი “ერთხელ, პარასკევს”: “მოდით ამნაირად მოვყვები ამ ლექსს: გამოიყვანეს დილის ცის ქვეშ და მოასხეს მეწამული მანტია მხრებზე და დაადგეს ეკლიანი გვირგვინი და ხელთ ლერწამი დააჭერინეს და ხარხარით მოიყარეს მუხლი იმის წინ და აბღავლდნენ მეფეო, მეფეო, მეფეო ურიათაო და გამოგლიჯეს მერე ლერწამი და წააქციეს რბილ მიწაზე და დაუწყეს ცემა იმ ლერწმით და წიხლებით და მუშტებით და აფურთხებდნენ და მანტია შემოაფლითეს და აჰკიდეს მერე ხის ჯვარი და გაიგდეს წინ სისხლიანი და მტვრიანი და ფერშემკრთალი და რამდენჯერმე წაიქცა გზად ჯვრის სიმძიმის ქვეშ და რბილ მიწაზე დაებჯინა მისი ტუჩები და ლოყები და წამწამები და მეომრებმა წამოაყენეს შუბების ჩხვლეტით და იმის უკან სუნთქავდა ხალხი ცხელ ნესტოებით და ხალხი ბორგავდა და გაჰყვიროდა ხალხი. და წამოაქციეს ბოლოს ჯვარზე და გამოვიდა კაცი მოუქნელი და თმაგადახოტრილი და მან ჯერ ჩხვლეტა იგრძნო მხოლოდ ხელისგულზე და მერე ლურსმანი ხორცის ნაფლეთებთან ერთად შესრიალდა ხეში და ჩაჯდა იქ და თვალები გადმოცვივდნენ ლამის გუგიდან ისე გადიდდნენ და კიდევ ერთხელ დაჰკრა ჩაქუჩი ისე ყოველი შემთხვევისათვის და მიაჭეჭყა ხელისგული ლურსმანსა და ჯვარს შორის მჭიდროდ და ნელ-ნელა აღმართეს ჯვარი და ლურსმანზეც ნელ-ნელა დაცურდა ხორცი და ნელ-ნელა ჩაიხა ხორცი ტანის სიმძიმით და აქეთ-იქით ამოუყენეს ორი ჯვარი ქურდის და ავაზაკის და ერთი მათგანი აგინებდა მას და აფურთხებდა სანამ პირი გაუშრებოდა და ბრბოც გარშემო გუგუნებდა მზით დანესტრილი და ბორგავდა ბრბო და ბრბო სუნთქავდა ცხელ ნესტოებით და გავიდა ერთი საათი და გავიდა სამი საათი და მან თვალები აახილა დასუსტებული და ტუჩები სისხლისაგან შეწებებული ძლივს აახლიჩა ერთიმეორეს და ცეცხლჩამქრალი სხეულიდან ამოიყვირა ღმერთო ღმერთო რატომ დამტოვე ღმერთოო ღმერთო და მას სანაცვლოდ ძმრიანი ღრუბელი მიუტანეს პირთან და მოუსვეს დამსკდარ ბაგეზე და მან ამოიოხრა უსასრულოდ და საბოლოოდ და დაინახა ცის სამყოფელი და მამის ხელი სიყვარულით გამოშვერილი – მაპატიე, ამნაირად მოვყევი ეს ლექსი, ქრისტე.”
ეს ლირიკული აპოკრიფი მართლაც თვალნათლივი ნიმუშია იმისა, თუ როგორ იჭრება პოეზიაში პროზა, როგორ შეიძლება დაემთხვეს პოეტური და პროზაული რაკურსი ერთმანეთს. მე ზემოთ სტერეოტიპების ნგრევის სურვილზე და პათოსზე ვლაპარაკობდი და თვითონ პოეტს დავესესხე ეს სიტყვები. ამ ლექსის გაცნობის შემდეგ კი მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ჯუანშერ ტიკარაძე, უპირველეს ყოვლისა, იმ სტერეოტიპს, იმ წარმოდგენას ამსხვრევს პოეზიაზე, რომელიც ილუზიებით, ეგზალტაციით რეალობის დამთრგუნველი ფანტასმაგორიებით არის ნასაზრდოები. ჯუანშერ ტიკარაძეს “არაპოეტური”, მაგრამ თურმე ნუ იტყვით, სწორედაც პოეტური ჟინი ამოძრავებს – ილუზიებისგან განძარცვოს სინამდვილე და ყოფიერების ყველაზე უფრო ღრმა ფსკერს მიაწვდინოს მზერა. მის პოეტურ იმპულსებს ცხოვრების ყველაზე უფრო პროზაული მომენტები აღძრავენ. ჯუანშერ ტიკარაძე, თუ შეიძლება ითქვას, პროზაიკოსია პოეზიაში, რაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში არცთუ უცხო ხილია, მაგრამ მისი ლექსები მაინც უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს. უჩვეულოა ყოველ ლექსში მისი დაუოკებელი სწრაფვა ტრადიციულ-პოეტური საფარველისგან განძარცვისა, ცხოვრების ყველაზე უხეშ სინამდვილესთან მიახლოებისა, პროზაული რეალობის ყველაზე უფრო “მსხვილი პლანით” წარმოჩენისა. ალბათ სახარების ყველაზე დრამატულ-პროზაული ფრაგმენტიც იმიტომ აქცია ლექსად, რომ ეჩვენებინა, რა მკვეთრი განაჩენი გამოუტანეს ქრისტეს ადამიანებმა და როგორ გაიღვიძა თვითონ მასში ადამიანურმა ბუნებამ. ღმერთო, ღმერთო, რატომ დამტოვე, ამბობს ქრისტე და ეს არის ლექსის დამაგვირგვინებელი აკორდი.
“მოდით, ერთ პატარა ამბავსაც მოგიყვებით”, გვეუბნება პოეტი და უკვე ვგრძნობთ, რომ ამბავი არა მარტო უჩვეულო იქნება, არამედ “ილუზიების მსხვრეველი” და ცხოვრების ფსკერის მომხილველი. ამ ამბავს ანუ ლექსს ჰქვია “მაშინ ათი წლის ვიყავი”.
ამ ლექსში ათი წლის ლირიკული გმირის ფროიდისეული ლიბიდო ჯერ გაუცნობიერებელი ინტერესის მეშვეობით იჩენს თავს. პაწაწინა ტყის მსგავს ხეივანში ბავშვები ტყემლის და ჭერმის ნაყოფებს აგროვებენ. ერთხელაც, როგორც ათი წლის ბიჭი გვამცნობს: “გაუკრეფავი ხის ძიებაში საკმაოდ ღრმად შევედი ტყეში და, ღმერთო ჩემო, რა დავინახე! ქალი და კაცი”. ბიჭი ქალაქის განაპირა, მივარდნილ ადგილას უჩვეულო “სანახაობას” გადააწყდა, ვინაიდან ვერ მიხვდა მიწაზე გართხმული ქალი და ზედ გადაწოლილი კაცი რას აკეთებდნენ, სქესობრივი აქტი ძალადობად ჩათვალა და ნეტარების ბურუსში გახვეულებს ქვა დაუშინა. და შემდეგ ისეთი პასაჟი მოსდევს ქვის სროლას, რომელიც მთელ ლექსს პოეტურ დინამიზმს და ექსპრესიულობას ანიჭებს. ამ პასაჟის მეშვეობით ჯუანშერ ტიკარაძე წარმოდგება ჩვენს წინაშე, როგორც მხატვარი, როგორც დრამატული ვითარების ზუსტი შტრიხებით აღმწერი: “მე მივრბოდი ქალის კივილში, კაცის გინებაში, შემზარავი აჩრდილებით დასახლებულ ჰაერში. მე მივრბოდი თავდაღმართზე, დაგორებულ ქვებში, იმ ქვებიდან ადენილ მტვერში. მე მივშლიგინებდი მუხლებამდე ბალახში, სახით, მკლავებით, ტანით მივამტვრევდი ტოტებს, ტანსაცმლის ნაფლეთებს ვტოვებდი იმ ტოტებზე. მე მივრბოდი საკუთარ გულისცემაში, მე მესმოდა საკუთარი ნაბიჯების ხმა, მე მეშინოდა საკუთარი ნაბიჯების, მე მეჩვენებოდა გამოშვერილი ხელები, დანები, გუდიანი კაცი…”
ჩვენს წარმოდგენაში არსებული სამყაროს ტრადიციული სურათის რღვევა, ერთგვარი ეპატაჟური გამოწვევაც ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების ზოგადი შტრიხია. უკვე ვნახეთ, პოეტი როგორც თავისი მსოფლმხედველობით, ისე ლექსწერითაც უპირისპირდება რაც დრომოჭმულია, ზედაპირულია, და სამწუხაროდ, ფესვგადგმულია ჩვენს ე.წ. კულტურულ ატმოსფეროში. ჩემი აზრით, არსებობს უფრო კონკრეტული შტრიხიც, რომელიც უაღრესად თავისებურად წარმოაჩენს მის ლირიკულ სუბიექტს, მისი მკაცრი პოეტური ქვეყნიერების მთავარ პერსონაჟს. ეს ჩანს ჯუანშერ ტიკარაძის წიგნისთვის ნიშანდობლივ ლექსში “ბეკეტი, კამიუ და სხვანი მარტოხელა ზარმაცი ადამიანისათვის”. შეუძლებელია არ გაგახსენდეს მერსო კამიუს “უცხოდან”. ეს ლექსი სწორედ მერსოსეული განწყობილებით არის აღსავსე. ამავე დროს აქ არის ბეკეტი თავის “გოდოს მოლოდინით”. რემინისცენცია ასე შეიძლება გაიშიფროს: “მერსო ელოდება გოდოს, გოდო არ ჩანს და არც გამოჩნდება; “დავუწყე ლოდინი იმას, რაც არ მოდის, რაც შეიძლება, საერთოდაც არ არსებობს, მაგრამ მე ეს არ მჯერა. მე მჯერა, რომ უნდა დაველოდო. ამიტომ წამოვწექი ლოგინზე და დავუწყე ლოდინი. თან დროდადრო სიგარეტს ვეწეოდი. შემდეგ სიგარეტი გამითავდა. ვაცალე, სანამ ძალიან არ მომინდა. შემდეგ ვაცალე, სანამ აუტანლად არ მომინდა. შემდეგ ავდექი, გამოვიცვალე ტანსაცმელი, გავიკეთე ლინზები, გარეთ გავედი, ვიყიდე, ამასობაში ვიგრძენი, რომ მომშივდა” და ა.შ.
“ბებერი ჭრიჭინას სენტენციები” ფილოსოფიური პოემაა. მე ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში ყველაზე უფრო სრულად გამოვლინდა ჯუანშერ ტიკარაძის მხატვრულ-მსოფლმხედველობრივი სამყაროს ნიშნები, ხელშესახებად გამოიკვეთა ლექსწერის თავისებურებაც და სათქმელის რაობაც. ჭრიჭინა ეპოქის განმასახიერებელია, ნიჰილიზმის ადეპტია. ჭრიჭინას სენტენციებში კარგად ჩანს ზნეობრივი ღირებულებების რღვევა. მისი პირით დღევანდელი ქვეყნიერების მრავალ სნეულებას ვიტყობთ. ვხედავთ როგორ გადაგვარდა ადამიანი, როგორ დაკარგა სულიერი სიმაღლე. ჭრიჭინა გვატყობინებს: “ღმერთი არსებობს, მაგრამ მკვდარია”. ეს ჭრიჭინას მიერ ნათქვამი ერთადერთი სიბრძნე არ არის, სენტენციების მეშვეობით დაღმავლობის ეპოქის და იდეალების კვდომის მსოფლმხედველობაა გამჟღავნებული.
კიდევ მრავალგვარი აზრი შეიძლება გამოითქვას ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების არცთუ მომცრო კრებულზე. ამ ლექსების მხატვრულ-შინაარსობრივი დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მათივე რაოდენობა. პოეტი “ალალბედზე” არასოდეს არ ლაპარაკობს, ყოველი ლექსი შთაგონებით არის ნაკარნახევი. რითმიან ლექსებში გამოსჭვივის სიტყვის ძალდაუტანებელი ფლობა და აზრის ოსტატურად განფენის უნარი. რაც მთავარია, ამ ლექსების მიღმა ჩანს პიროვნება, რომელსაც თავისი მიუკერძოებელი იჭვი და ლოდინი, ტანჯვა და ტკივილი გააჩნია. მან შეძლო ყოველივე თავის ინდივიდუალობას მორგებული თამამი პროზაულ-პოეტური შტრიხებით გადმოეცა. ეს კი იოლი ნამდვილად არ არის.
© “წიგნები – 24 საათი”