1. ღამე
როცა ბრძენცბიერი ოდისევსი ისე დაბერდა,
რომ ხელში ქალაქების დამაქცევარ მახვილს კი არა,
დილაბნელის ბურანში გარეთ გაფლატუნებული
თავის ბანცალას ძლივსღა იჭერდა,
ზედ ფეხებზე რომ არ დაეშარდა,
ღამღამობით საკუთარი სულის მქრქალ ტალანებში ხეტიალი
და პალამედის აჩრდილთან კინკლაობა დასჩემდა.
მაგრამ იმ ღამით პალამედი აღარ მოვიდა.
უბრალოდ, ავბედითად შეთამაშდნენ ოთახის კედლებზე კერიის ცეცხლის ლანდები
და მჭიდროდ დაგმანული დარაბებიდან შემოპარულ შიშს
ადრეული გაზაფხულის ნოტიო ღამისთვისაც კი უჩვეულო სუსხი შემოჰყვა.
მოხვედი? – სულში და ოთახში შედედებულ სიცარიელეს ჰკითხა ოდისევსმა.
მოვედი, – სიცარიელიდან დაუდასტურა უხილავმა.
სულ ახალშეღერებული ყმაწვილი ვიყავი იმ დროს, –
დაიწყო ოდისევსმა, –
პაპაჩემის – ავტოლიკეს ვაჟებთან ერთად ვნადირობდი პარნასის ქედზე.
ძაღლების ყეფით დამფრთხალი ტახი აჯაგრული გამომიხტა გაუვალი ჯაგებიდან.
თვალის ერთი დახამხამებით დამასწრო მხოლოდ,
ვიდრე გრძელჩრდილიან შუბს გავუტარებდი ბეჭებშუა,
მუხლს ზემოთ,
გვერდიდან გამიყარა ჩირქისფერი ეშვი,
ორლესული ხანჯალივით მწველი და ულმობელი
და ამომგლიჯა ხორცის გუნდა,
ჩვილი ბავშვის მუჭის ოდენა…
პირველად მაშინ შეგიგრძენი შენ, უხილავო.
წყალობაუხვი დედა მიწის ღალატიან ბედისწერაში
თუ მარად მოხმაურე ზღვების ჩაზნექილ ზურგზე ხეტიალისას
უკან ყოველთვის შენ მომყვებოდი.
კვალში მედექი…
ოღონდ მე ოდისევსი ვარ, –
თავისი სულის სიცარიელიდან მარტო თვალებში ჩაიღიმა ოდისევსმა, –
ლაერტეს ძე, ითაკის ბასილევსი,
ბევრნაცადი, მრავალჭირნახული.
არც არავის უსწავლებია,
არც ჩემით მივმხვდარვარ,
სუნთქვასავით ძალდაუტანებლად ვიცოდი თავიდანვე,
რომ უკან არ უნდა მომეხედა…
ახლა კი ჩემ წინ დგახარ,
ჩემ წასაყვანად მოხვედი.
პატარა პერსეპოლისი უნდა წავიყვანო, – უთხრა უხილავმა, –
შენი ტელემაქეს მხოლოდშობილი ძე.
ოდისევსმა უზრუნველად გაიცინა და უკბილო ღრძილები გამოაჩინა:
ასეც ვიცოდი.
მე კიდევ დიდხანს ვერ მომერევი.
ნუ მეთამაშები. – შეუღრინა უხილავმა. –
ჭკუით ვერ მაჯობებ, ლაერტეს ძეო, ცბიერებაში გაწაფულო.
სიბერის სენია, უხილავო, –
ისევ შორიდან დაიწყო ოდისევსმა, –
ცხადშიც და სიზმარშიც სულ წარსულს უტრიალებ,
ათასჯერ ჰყვები ერთადერთხელ ნანახს და განცდილს…
იცი, ახლა რა გამახსენდა?
ორი დღე და ღამე მაბურთავებდა ზღვა თავის ჭკუაზე,
ნიმფა კალიფსოს მღვიმესა და სარეცელს რომ დავაღწიე თავი,
ვიდრე ფეაკელების კუნძულზე გამრიყავდა შერისხვისგან დაცლილი ტალღა.
ძლივს წამოვდექი ილაჯგამწყდარი,
მოქუფრულ ზეცას შევღრიალე, – გადავრჩი-მეთქი,
მერე ისევ მუხლზე დავემხე,
ნაყოფიერ დედა მიწას ვემთხვიე მარილისგან დამსკდარ ტუჩებით…
იქვე,
პატარა ნაკადულის მახლობლად,
მომცრო კორომამდე სიმწრით მივიტანე გათოშილი ტანი,
ზეთისხილის გაბარჯღულ ხეებს შორის
გამოსაზამთრებლად გამზადებული ნადირივით ჩავწექი,
შიშველ სხეულზე ხმელი ფოთლები უხვად წავიყარე
და ჩავთბუნდი, ჩავთბუნდი, ჩავმყუდროვდი…
დილით ტურფა ასულების ჟივილ-ხივილმა გამომაღვიძა.
მაშინვე წამოვხტი,
ზეთისხილის ტოტი მოვტეხე,
სარცხვინელი დავიფარე
და მხოლოდ საკუთარ ალღოსა და გეშს მინდობილმა
მოუხელთებელი იღბლის შესაპყრობად გავაბოტე ჩემი ბუნაგიდან.
წარმომიდგენია, რა საზარელი სანახავი ვიქნებოდი!
მესამე დღის უსმელ-უჭმელი,
შიშველ ტანზე მიკრული ზღვის შლამი და წყალმცენარეები,
აბურძგნული წვერ-ულვაში,
სხეულში დაუტეველი ძალა, გამოხედვა!
თითქოს შვლების გუნდს სანადიროდ გამოსული ლომი დაენახოს,
ისე დაიფანტნენ დამფრთხალი გოგონები ღვინისფერი ზღვის სანაპიროზე…
მარტო ნავზიქაე არ გაქცეულა.
მონუსხული მიყურებდა,
როგორც პაწია ჩიტბატონა მახრჩობელა გველს…
აჰ, ნავსიკაე, ნავსიკაე!
როგორ მინდოდა,
ამ კეთილნაგებ სასახლეში სანატრელ რძლად შემომეყვანა!
მაგრამ ჩემმა ტელემაქემ პოლიკასტა ამჯობინა,
ბრძენი ნესტორის თეძომაღალი ქალიშვილი,
სათნო, ზნესრული.
ერთი განახა,
როცა ფქვილს ცრის,
რა ტკბილად არხევს თბილ დუნდულებს საცერის მოძრაობას აყოლილი…
სასიყვარულო სარეცელის კიდევ უფრო ტკბილად დარხევაც
ეხერხება ტელემაქეს ცოლს.
არა,
ალბათ მეც პოლიკასტას ვამჯობინებდი…
მაგრამ, ვხედავ, უხილავები სხვანაირად ფიქრობენ. –
მოჭუტული თვალით გახედა სიცარიელეს, –
რას ვიზამთ,
ზოგს უმწიფარი ნაყოფი ურჩევნია…
ან, ეგებ, სულაც – გადამწიფებული.
ეგ თქვენი პოლიკასტაც ადრე თუ გვიან ჩემი გახდება, –
ქედმაღლურად ჩაიყეფა უხილავმა, –
მშვენიერი ელენეც ხომ ბოლოს მე დამრჩა.
ო, როგორ არა,
შენ დაგრჩა, უხილავო, – დაუყოვნებლივ გაეპასუხა ოდისევსიც, –
ოღონდ მაშინ მისგან მარტო სახელიღა იყო დარჩენილი.
ბოლოს რომ შევხვდი,
ასი წლის ყვავსაც დააფრთხობდა,
მენელაოსს ბოსტანში სარზე რომ გაეკიდა.
აღარაფერი შერჩენოდა იმ ელენესი,
აურაცხელი გაზაფხულის წინ
ბჭემაღალი ილიონის მოყაყანე მოედანზე ჩემკენ მომავალი რომ დავინახე…
დღევანდელი ხმამჟღერი აედები ბოლომდე ვერ ჰყვებიან ამ ამბავს. –
მიმქრალი ნაკვერჩხლები აუბურბურდა მზერაში ლაერტეს ძეს, –
მათხოვრის დაკონკილ ჯვალოში გახვეული შევიპარე მაშინ მე
ტროელების დასაქცევად განწირულ ქალაქში,
დარჩენილი მტრის რიცხოვნება რომ შემეტყო
და გამაგრებული ადგილები დამეზვერა.
წინა დღეს სახე ჩემივ ხელით უმოწყალოდ გავიმათრახე,
ასე მეგონა,
ყვრიმალებზე ხორცგადამსკდარს, თვალებდაბუშტულს,
დედაჩემი –
ტკბილსიტყვიანი ანტიკლეაც ვეღარ მიცნობდა.
ელენემ კი მაშინვე მიცნო.
არ გაგცემო,
შემომფიცა ურყევი ფიცით,
პრიამოსის სასახლეში შემიყვანა,
თავის მხევლებს აბაზანა ქაფქაფა წყლით აავსებინა,
ნელსაცხებლებით დამიზილა
ტანი ქალის ლბილ შეხებას დანატრებული…
ლბილ შეხებას? – ჩაეკითხა თავის თავს ბასილევსი. –
გაუხსენებელი მომავლის დამვიწყებელი თითები ჰქონდა, უხილავო,
ხორცის დამდნობი,
ძვლამდე დამყვანი…
ო, ელენე, ელენე!
თავისი ხელით შეზავებულ ჯადო მალამოს რომ მისვამდა
გადახეთქილ ყვრიმალებზე,
ბაგეებით ჩემს ბაგეებს სახიფათოდ მოუახლოვდა
და ძუძუებით შიშველ მკერდზე გამეხახუნა…
რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს უფრთო გვემა?
არ ვიცი, უხილავო.
სამყაროსგან გარიყული ვეგდე დროისა და უდროობის გასაყარზე
და მეხახუნებოდნენ პეპლის ხაოიანი მტვერივით ნაზი
და მთის არწივის ჭვანგებივით დაუნდობელი ძუძუს კერტები –
ხან ოდნავ აქეთ, ხან ოდნავ იქით,
სულ ოდნავ მაღლა
ან ოდნავ დაბლა,
ჩემს სახეზე მშვენიერი ელენეს თითების მსუბუქ მოძრაობას აყოლილები,
ათამაშებულები,
და მწვავდნენ, მწვავდნენ…
ასე ალბათ ლესტრიგონების ღუდღუდა ნაღვერდალიც ვერ დამღადრავდა,
იმ ავბედით დღეს
ანტიფატეს ქვეშევრდომებს მეც ხის შამფურზე რომ წამოვეგე…
ოდისევსი გაყუჩდა.
კარგა ხანს დუმდა და სიცარიელის სუნთქვას აყურადებდა.
მერე. – ვეღარ მოითმინა უხილავმა.
ოდისევსმა უხილავისთვისაც კი უხილავად ჩაიცინა
და შიგნიდან შეათრთოლა.
ასე მაშინ გათრთოლებს ხოლმე,
როცა დაჭიმული მარჯვენით გრძნობ,
ნემსკავს კალმახი როგორ წამოეგო.
2. დილა
– დედა, დედა, გაიღვიძე, რა მოგივიდა! –
დედას მხარში მოჰკიდა ხელი პატარა პერსეპოლისმა და უღონოდ შეანჯღრია, –
დედა! დედა!
პოლიკასტა შეიშმუშნა, –
– შენ ხარ, ჩემო სიცოცხლე? –
უფრო თავისთვის ჩაიბუტბუტა, ვიდრე პასუხის მისაღებად
და სანამ ბავშვისკენ გადაბრუნდებოდა
და საკუთარი სულისა და სხეულის ნაწილს –
ამ ოთხიოდე წლის წინ მისგან გამოცალკევებულს –
გულში ჩაიხუტებდა,
გონების თვალით სცადა,
უკვე მისგან მიმავალ სიზმარს დასდევნებოდა –
ვითომ სამუდამო უმზეობისთვის განწირულ ხეობაში მიჰყავდა ვიღაც უხილავს –
მაგრამ სამსხვერპლო კოცონს ადენილი კვამლივით გაიშალა ღამის მონაბლანდი,
რომელიღაც მაცდური დაიმონის მიერ მოვლენილი
და განქარდა საბოლოოდ
ბავშვის ყელის სითბოსა და ახალგათენებული დღის საზრუნავში…
– დღეს რა გჭირთ ყველას,
რა ძილქუში დაგაწვათ, – უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა პერსეპოლისმა, –
პაპა საერთოდ ვერ გავაღვიძე.
ვანჯღრიე, ვანჯღრიე, ყურშიც ჩავყვირე…
დედა, იცი, რა სხვანაირი იყო დღეს,
ისეთი ცივი,
გაშეშებული.
– ცივი? – უცებ გამოფხიზლდა პოლიკასტა.
– ჰო,
სულ გაყინული.
პოლიკასტა წამოხტა,
ფეხშიშველი, გულამოვარდნილი შევარდა მამამთილის ოთახში, –
მამა! მამა! – ჯერ ჩუმად დაუძახა,
მერე უფრო ხმამაღლა.
მერე მაჯაზე წაავლო ხელი –
მართლაც სულ მთლად გაყინოდა და გახევებოდა –
და დამფრთხალი თითებით სხეულში სიცოცხლის ფეთქვა მოუსინჯა.
მერე მკერდზე გადაემხო, გულზე ყური დაადო და გაინაბა
(წამით მოეჩვენა,
თითქოს უხეშად გარანდულ ფიცარზე იყო გადაწოლილი).
მერე წამოდგა,
თმაში შეიცურა ხელი,
ჩამოიშალა.
მერე კი,
ვიდრე შეჰკივლებდა და ბასილევსის სახლეულობას ფეხზე დააყენებდა,
ერთიც დახედა დაეჭვებით,
ამ სიბრძნითა და ცბიერებით განთქმულმა კაცმა სიკვდილიც ხომ არ მოატყუაო.
სამკალიდან შინ მიბრუნებული გლეხის სახე ჰქონდა ოდისევსს,
ღრმა ნაოჭებითა და ნაიარევებით დაღარული.
ახლაც ვერ შეატყობდი,
დედა მიწის დატოვების წინ სულის ტუჩებით ეშმაკურად რომ იღიმებოდა.
© არილი