ახალი ამბები,  ახალი წიგნები

გამოიცა ჯ. მ. კუტზეეს რომანი – „ბარბაროსების მოლოდინში“

ჯონ მაქსველ კუტზეე სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი და მთარგმნელია. ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ავტორს, გარდა იმისა, რომ ორჯერ აქვს მიღებული ბუკერი, 2003 წელს ნობელის პრემიაც გადაეცა ლიტერატურის დარგში.

მისი პირველი რომანი 1974 წელს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც თითქმის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გამოსცემს ახალ წიგნს. დაწერილი აქვს ავტობიოგრაფიული რომანები, მოთხრობები, უამრავი ესე თუ კრიტიკული წერილი და ამავე დროს შესანიშნავი მთარგმნელიცაა.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ სერიაში „ლიტოდისეა“ რამდენიმე წლის წინ კუტზეეს რომანი გამოსცა – „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“, რისთვისაც მას პირველი ბუკერი გადაეცა 1983 წელს. ამჯერად, სერიას მისი კიდევ ერთი გამორჩეული რომანი, „ბარბაროსების მოლოდინში“ შეემატა. რომანი ქართულად მეგი გაბისონიამ თარგმნა.

ჯონ მაქსველ კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ პირველად 1980 წელს გამოიცა. ეს წიგნი გამომცემლობა „პინგვინის“ სერია „მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების“ ოცეულშია შეტანილი. 1982 წელს იგი ნომინირებული იყო ფილიპ დიკის პრემიაზე. ამერიკელმა კომპოზიტორმა ფილიპ გლასმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ოპერაც დაწერა, რომლის პრემიერაც გერმანიაში შედგა, 2005 წლის სექტემბერში. 2019 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია, რომელშიც ჯონი დეპი, რობერტ პატინსონი და სხვები მონაწილეობენ.

წიგნის ეკრანიზაცია

კუტზეეს რომანის სახელი აღებულია 1904 წელს დაწერილი ლექსიდან „ბარბაროსების მოლოდინში“, რომელიც ბერძენ პოეტს, კონსტანტინოს კავაფისის ეკუთვნის). ასევე, რომანზე გავლენა ჰქონდა იტალიელი მწერლის, დინო ბუცატის „თათრების უდაბნოსაც“ (რომელიც, თავის მხრივ, ასევე კავაფისის ლექსითაა შთაგონებული).

კუტზეე გვიყვება გამოგონილი იმპერიის ამბავს, მოქმედება კი დაუკონკრეტებელ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ადვილად ამოსაცნობია სამხრეთ ამერიკის „უნივერსალიზებული“ ვერსია. ასეთი თხრობა საშუალებას აძლევს ავტორს, დისტანცირდეს ამბისგან, მაგრამ, ამავე დროს, იგი ინარჩუნებს ისტორიის კონკრეტულ მომენტთან კავშირს. სწორედ ასე ვიღებთ ძალიან რეალისტურ და დამაჯერებელ ფაბულას.

რეალისტურია ისიც, რაც იმპერიაში ხდება – იმპერიის საზღვრებთან ბარბაროსების ტომები ცხოვრებენ და იმპერიის მაცხოვრებლებს მათი შემოჭრის ეშინიათ. რაც შეეხება მთავარ გმირს, იგი უსახელო პერსონაჟია, მაგისტრატი, რომლის ხმაც მოვლენების აღქმასა და შეფასებაში გვეხმარება. მაგისტრატი თავდაპირველად უმნიშვნელო საქმეებითაა დაკავებული, თავს იმპერიის რიგით მსახურად აღიქვამს და არა ინდივიდად, მაგრამ მისი წყნარი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როცა პოლკოვნიკი ჯოლი გამოჩნდება, რომელიც საქმის გამოსაძიებლადაა ჩასული. ეს რომანი შთამბეჭდავი ალეგორიაა ომის, რომელიც მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის მიმდინარეობს და სწორედ ჩაგვრაზე, ძალადობაზე, როგორც სიმართლის გაგების გზაზე, საუბრით იწყება.

პოლკოვნიკს ტკივილისა და სიმართლის კავშირზე საკუთარი თეორია აქვს, ერთგვარი მეთოდი „სიმართლის მისაღებად“:

„თავდაპირველად ტყუილებს ვიღებ. ნახეთ, როგორ ხდება – ჯერ ტყუილები, შემდეგ ზეწოლა, შემდეგ მეტი ტყუილი, შემდეგ მეტი ზეწოლა, შემდეგ გატეხა, შემდეგ მეტი ზეწოლა, შემდეგ სიმართლე. ასე იღებ სიმართლეს“.

მაგისტრატი ცდილობს, რომ სამართლიანობა და წესრიგი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ყველგან შიშია გამეფებული, ხოლო პოლკოვნიკთან საუბრის მერე ასკვნის, რომ „ტკივილია სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი კი ეჭვქვეშ დგება“.

„ჯოზეფ კონრადის საუკეთესო ტრადიციით შექმნილი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც მიამიტი იდეალისტი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შეაღებს“ – ასე ახასიათებენ კუტზეეს რომანს. უნდა ითქვას ისიც, რომ თხრობა აწმყოში მიმდინარეობს, რაც მოვლენების თვითმხილველობის განცდას ქმნის. მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. ასე გვიჩვენებს კუტზეე იმპერიის ბნელ მხარეებს და იმას, თუ როგორ იშლება ზღვარი ველურებსა და ცივილიზებულ ადამიანებს შორის, როდესაც კულტურათა კონფლიქტი იწყება.

© არილი

Facebook Comments Box