ესე (თარგმანი)

ჰაროლდ ბლუმი – ფიქრები დაისის ქვეყნის შესახებ

Harold_Bloom

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 სახელგანთქმული ლიტერატურის თეორეტიკოსი და კრიტიკოსი ჰაროლდ ბლუმი 2005 წელს დაწერილ თავის ესეში უკმაყოფილებას გამოთქვამდა თანამედროვე ამერიკაში მიმდინარე პროცესების გამო და ამერიკული ლიტერატურის მასალაზე დაყრდნობით ცდილობდა გაეაზრებინა თავისი ქვეყნის განვითარების გზა.

ჰიუი ლონგი (მეტსახელად “თევზთა მეფე”) ლუიზიანის შტატის გუბერნატორი იყო (1928-1935 წწ.). ის 42 წლის ასაკში მოკლეს. შორსმჭვრეტელმა თევზთა მეფემ – გუბერნატორმა და, იმავდროულად, აშშ-ს სენატორმა – წარმოთქვა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც ახლა, 2005 წლის მიწურულს, მისი მკვლელობიდან 70 წლის შემდეგ, მოსვენებას არ მაძლევს: “ამერიკაში ფაშიზმი აუცილებლად გაიდგამს ფესვს, მაგრამ ჩვენ მას დემოკრატიას ვუწოდებთ!”

ახლახან კვლავ გამახსენდა ჰიუი ლონგი (ის ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება რობერტ პენ უორენის რომანის, “მეფის მთელი მხედრიონის” პერსონაჟთან, ვილი სტარკთან), როდესაც რუპერტ მერდოკის სატელევიზიო არხმა – ბუშისეული ჯვაროსნული დემოკრატიის რუპორმა – აჩვენა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრა ომის ვეტერანებთან სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტას შტატი). ბუშის მიმართვა ვეტერანებისადმი ძალზე განსხვავდებოდა თევზთა მეფის მრავალფეროვანი და მდიდარი რიტორიკისგან. ჩვენი პრეზიდენტი ხოტბას ასხამდა თავის ერაყულ ავანტიურას, მის რეჟიმში კი სულ უფრო მეტად იჩენს თავს ოლიგარქიის, პლუტოკრატიისა და თეოკრატიის ელემენტები.

75 წლისა ვარ და მაინტერესებს, მოვესწრები თუ არა იმ დროს, როდესაც დემოკრატიული პარტია კონგრესში უპირატესობას მოიპოვებს. ოპტიმისტურად განწყობილი არ გახლავართ, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ მარჯვედ (და თავის სასარგებლოდ) ჩაატარა საარჩევნო პროცედურები ფლორიდაში (ორჯერ) და ოჰაიოში. გარდა ამისა, ის უზენაეს სასამართლოს აკონტროლებს. ჟურნალისტმა პოლ კრუგმანმა ახლახან შენიშნა, რომ კონგრესიდან ან თეთრი სახლიდან რესპუბლიკელთა განდევნის შემდეგ შესაძლებელი გახდება მათი მაქინაციების გამოაშკარავება. კრუგმანმა არ დააზუსტა, რა სახის მაქინაციებს გულისხმობდა, მაგრამ ცნობილია, რომ ერაყში ამერიკის ჯვაროსნულმა ლაშქრობამ დიდძალი მატერიალური მოგება მოუტანა ბუშისა და საუდის ოჯახებს, ჰალიბარტონს (ვიცე-პრეზიდენტს), ბექტელების ოჯახის (გავლენიანი რესპუბლიკელების) სამშენებლო კომპანიას და ასე შემდეგ.

ყოველივე ეს აშკარაა, მაგრამ ამერიკის მოსახლეობა, მგონი, გამოყეყეჩებულია, არ ძალუძს კითხვა, აზროვნება ან ფაქტების შეჯერება და, ამგვარად, არაფრით განსხვავდება პრეზიდენტისგან. მე, ანჩხლი ბებერი დემოკრატი, ჩემს მეგობრებს ვუმტკიცებ, რომ ჩვენი იმპერატორი საუკეთესო არგუმენტია “ე.წ. გონივრული ჩანაფიქრის“, ანუ თეოკრატიის თანამედროვე სუბსტიტუტის სასარგებლოდ, რომელსაც კრეაციონიზმს უწოდებენ. ზიგმუნდ ფროიდი ჩვენში დავიწყებულია, ხოლო სატანად ამერიკაში ამჟამად ჩარლზ დარვინს მიიჩნევენ. პრეზიდენტმა ბუშმა, რომელმაც აღიარა, ქრისტე “ჩემი საყვარელი ფილოსოფოსიაო”, ახლახან გამოსცა ბრძანებულება იმის შესახებ, რომ სასწავლო დაწესებულებების პროგრამებში აუცილებლად უნდა იქნას შეტანილი კონცეფციები როგორც “გონივრული ჩანაფიქრის”, ასევე – ევოლუციის შესახებ.

პროფესიით პედაგოგი ვარ და დაახლოებით 51 წელია ვასწავლი იეილის უნივერსიტეტში, სადაც ხშირად მიხდება საუბარი ამერიკელი მწერლების შესახებ. პოლიტიკაში ძალზე ღრმად როდი ვერკვევი და არც იმას ვამტკიცებ, რომ სათანადოდ მაქვს გააზრებული ე.წ. “ამერიკული სენის” არსი, მაგრამ კარგად ვიცნობ იმას, რასაც ამერიკულ რელიგიას ვუწოდებ და რასაც თითქმის არაფერი აქვს საერთო ევროპულ ქრისტიანობასთან. იესო ქრისტეს თანამედროვე ამერიკული პაროდიაა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელმაც შეკვეცა გადასახადები და იმდენად გააფართოვა “ხურელი ნემსისაი”, რომ მასში ადვილად გააღწევენ ზეციურ სასუფეველში მოხვედრის მოსურნე მდიდრებიცა და აქლემებიც. არსებობს, აგრეთვე, ე.წ. ამერიკული სულიწმიდა – იმ ადამიანების მანუგეშებელი, რომლებიც თავს არ იწუხებენ არჩევნებზე მისვლით. ამერიკული სამების ბოლო წევრია იმპერიული ომისმოყვარული ღმერთი, რომელიც შიშსა და ძრწოლას აღუძრავს ხალხებს.

ახლახან გადავიკითხე მწერლები, რომელთა შემოქმედებაში ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ აისახა “ამერიკული სული”: ემერსონი, ჰოთორნი, უიტმენი, მელვილი, მარკ ტვენი, ფოლკნერი და სხვები. ვცდილობდი, მათ ნაწარმოებებში მეპოვა თვითგანადგურებისკენ ჩვენი სწრაფვის მიზეზი. ჩემი აზრით, დ.ჰ. ლოურენსის “კლასიკურ ამერიკულ ლიტერატურაში ” (1923) ყველაზე უკეთაა გამოკვლეული უოლტ უიტმენისა და ჰერმან მელვილის შემოქმედება. მელვილს უშუალო ზეგავლენა არ მოუხდენია ლოურენსზე, მაგრამ უიტმენმა, 1917 წლიდან მოყოლებული, მთლიანად გარდაქმნა ლოურენსის პოეზიაც და თვით ლოურენსიც. ზეგავლენა უიტმენისა, რომელიც ამ როლში ჩაენაცვლა ტომას ჰარდის, აისახა ლოურენსის ვიტალიზმში, უშუალობაში, და შეიძლება ასახულიყო ჰომოეროტიზმში, მწერალს (მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად) ეს საფრთხე თავიდან რომ არ აეცილებინა. (უნდა ითქვას, რომ უიტმენმა უფრო ადრე ასეთივე ზეგავლენა მოახდინა ჯერარდ მენლი ჰოპკინსის პოეზიაზე). თუმცა ლოურენსს ხშირად აღიზიანებდა უიტმენის – ავტორიტარული მამისა და პოეზიის ერთგვარი მეფე ლირის – ფიგურა, მაგრამ, მისი აზრით, ამერიკელები უიტმენს არ იმსახურებდნენ. ახლა ისინი კიდევ უფრო მეტად არ იმსახურებენ მას, რადგან ჯექსონისეული დემოკრატია, რომელსაც ხოტბას ასხამდნენ უიტმენიცა და მელვილიც, ჩვენს ქვეყანაში – დაისის ქვეყანაში – კვდება.

რა არის ამერიკის ყველაზე ნიშანდობლივი ნიშან-თვისება? სიტყვა “დემოკრატიას” აზრი გამოეცალა, რადგან მას არასწორად იყენებენ თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკურ რიტორიკაში. თუკი ჰამლეტი და დონ კიხოტი განსაზღვრავენ ევროპის ინდივიდუალურ არსს, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ კაპიტანი აქაბი და “უოლტ უიტმენი” (უიტმენის ლიტერატურული ხატი, და არა თვით უიტმენი, როგორც პიროვნება) განასახიერებენ ევროპულისგან ფრიად განსხვავებულ თვითებას. მაგრამ აქაბი მაინც შექსპირული, მილტონური, ზოგჯერ – ბაირონისებრ-შელისეული ფიგურაა და მონომანიაკალური ლტოლვა მას მკვეთრად განასხვავებს ემერსონის, ისევე, როგორც ჰოთორნისგან; რაც შეეხება უიტმენს, ამ ორთოდოქსი ემერსონიანელის მაგალითი მოწმობს, რომ ავთენტური ამერიკული რელიგია სწორედ ისაა, რასაც კონკორდელი ბრძენი თვითრწმენას უწოდებდა, და არა – მისი ბუშისეული პაროდია. თუმცა ბუში იეილის უნივერსიტეტის ბაკალავრი და საპატიო დოქტორია, მაგრამ განათლებით ვერ დაიკვეხნის. ერთხელ წაიტრაბახა კიდეც, რომ არც ერთი წიგნი არ წაუკითხავს ბოლომდე, იეილის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც კი. ჰენრი ჯეიმსმა იმედგაცრუება იგრძნო, როდესაც პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გაიცნო; რას იგრძნობდა ის ჯორჯ უ. ბუშთან შეხვედრისას?

მას შემდეგ, რაც ახლახან გადავიკითხე ჰენრი ჯეიმსის “ამერიკული სცენა” (1907), მწარე სიამოვნებას მანიჭებს იმის წარმოდგენა, რა განცდებს აღუძრავდა ამერიკული რომანის დიდოსტატს შეერთებულ შტატებში მოგზაურობა 2005 წელს – სამშობლოში დაბრუნებიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ. ისევე, როგორც მომდევნო თაობის პოეტი ტომას ელიოტი, ჯეიმსი სამშობლოდ უფრო ინგლისს მიიჩნევდა, ვიდრე ამერიკას (თუმცა, მათი ენა ინგლისური იდიომებით როდია გაჯერებული). ორივენი, ფაქტობრივად, ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ, დაჯილდოებულ იქნენ ორდენებით დამსახურებისათვის, მაგრამ ორივე მათგანს განუყრელად თან სდევდა უიტმენის ხატი, რაც ელიოტთან უფრო შენიღბულია, ვიდრე ჯეიმსთან. “უნაყოფო მიწა” თავდაპირველად ეძღვნებოდა ჟან ვერდენალს, რომელიც ელიოტისთვის იგივე გახლდათ, რაც რუპერტ ბრუკი იყო ჰენრი ჯეიმსისთვის. უიტმენის “იასამანი”- ლინკოლნისადმი მიძღვნილი ელეგია – ჯეიმსის საყვარელი ნაწარმოები იყო. მისი ზეგავლენა თავს იჩენს “უნაყოფო მიწაშიც”.

არ ვამტკიცებ, რომ ამერიკული ესთეტიკა აუცილებლად ჰომოეროტიკულია: ემერსონი, ჰოთორნი, მარკ ტვენი, ფოლკნერი, რობერტ ფროსტი ამერიკული კულტურის ისეთივე ტიპური წარმომადგენლები არიან, როგორც – მელვილი, უიტმენი და ჰენრი ჯეიმსი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ამერიკული ლიტერატურის რომელიმე პერსონაჟისთვის უცხო იყოს ჰამლეტისეული თვითრეფლექსია, მაგრამ ემერსონის აზრით, ამერიკელთა დამახასიათებელი ძირითადი თვისება თვითრწმენაა, რაც მარტოობას გულისხმობს. უიტმენი – როგორც პიროვნება და როგორც პოეტური ხატი – თავისი იასამნის მსგავსად მარტოდმარტო ყვაოდა. ემერსონისეული ცნობიერება ძალზე ხშირად ყვავის (ჰამლეტის მსგავსად) პიროვნებაში, რომელიც განურჩეველია საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ემერსონის შემდეგ შეერთებული შტატები დაიყო ორ ნაწილად, რომელთაც ის “იმედის პარტიას” და “მეხსიერების პარტიას” უწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ ამჟამად ჩვენი როგორც მემარცხენე, ასევე – მემარჯვენე ინტელექტუალები ემერსონს თავიანთ სულიერ მამად მიიჩნევენ.

რას წარმოადგენს 2005 წელს ამერიკელთა თვითრწმენა? სულიერი თავისუფლება (მათ შორის, თავისუფლება რელიგიისგან) და თვითრწმენა გულისხმობს სულიერ იზოლაციას, მაშინ, როდესაც სულის ზიარება ღვთაებრივ საწყისთან (ქრისტესთან, წმიდა სულთან, მამა ღმერთთან) უშუალო და პირადულია. რაც მთავარია, ესაა ამერიკელთა საუკეთესო და უძველესი ტრადიცია, რომელიც ღვთის ნაწილად ან ნაწილაკად აგრძნობინებს თავს ადამიანს. გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის 93 %-ს მორწმუნე ადამიანები შეადგენენ, ხოლო 89% დარწმუნებულია ღვთის სიყვარულში მათ მიმართ. ჩვენი მოსახლეობის 45 %-ის აზრით, დედამიწა იმგვარად შეიქმნა, როგორც ეს აღწერილია “დაბადებაში” და ის მხოლოდ 9 000 წლის ან ნაკლები ხნისაა. ამასთან, დედამიწის ასაკის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4,5 მილიარდ წელს შეადგენს, ხოლო დინოზავრების ზოგიერთი ნაშთი 190 მილიონი წლის ასაკს ითვლის. შესაძლოა, ჯორჯ ბუშის საზრიანმა დამქაშებმა დინოზავრთა დროინდელი ბიბლიაც კი “მოიპოვონ”, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება – იმ სფეროში, სადაც ისინი და პრეზიდენტი ბუში მყოფობენ, განათლება ვერ შეაღწევს.

თანამედროვე ამერიკა იმდენად სახიფათოა, რომ ჯობს, სიცილისგან თავი შევიკავოთ. ამიტომ მივუბრუნდეთ საუკეთესო ამერიკელ მწერლებს და ვცადოთ მათი – ხატოვანი ფორმით ასახული – მსოფლმხედველობის გააზრება. ლოურენსი არ ცდებოდა. უიტმენი თავის საუკეთესო ნაწარმოებებში დანტეს და შექსპირს უტოლდება. მთელი მომდევნო ამერიკული მწერლობა ემყარება უიტმენს – ყველაზე უფრო ამერიკულ მწერალს მთელ ჩვენს ლიტერატურაში. მაგრამ თავდაპირველად დავახასიათოთ თვითგანადგურების ეროვნული ეპოსი – “მობი დიკი”. ამჯერად მას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ “ბალახის ფოთლებთან” შედარებით, რომელიც იმდენად დახვეწილი და რთული ტექსტია, რომ მისი განხილვისას ვერ გამოვიყენებთ ოდენ თვითგადარჩენის ან აპოკალიფსური დესტრუქციის ოპოზიციურ ცნებებს.

ჩემი ზოგიერთი მეგობრისა და სტუდენტის აზრით, ერაყი სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტი ბუშის თეთრი ვეშაპი. ეს აბსურდული შეხედულებაა – ჩვენს ლიდერს კაპიტანი აქაბის ესთეტიკური ღირსებები სულაც არ ახასიათებს. რეალურ ანალოგად აქ „პეკოდი“ უნდა მივიჩნიოთ; ლოურენსის თქმით, “ამერიკა! აი მისი ეკიპაჟი: რენეგატები, კანიბალები, ისმაილი, კვაკერები”, სამხრეთის ზღვების კუნძულთა მკვიდრნი, ძირძველი ამერიკელები, აფრიკელები, ინდოელები, და ვინ იცის, კიდევ ვინ. მახსენდება ჩვენ მიერ დაქირავებული ათეულობით ათასი ჯარისკაციც ერაყში, რომელთაც “უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს” ან “კონტრაქტორებს” უწოდებენ. ესენი არიან: ყოფილი ამერიკული საგანგებო დანიშნულების რაზმები, გურკჰები, ბურები, ხორვატები, მეტ-ნაკლებად კვალიფიცირებული უამრავი ადამიანი. მათ შორის არაა მხოლოდ კაპიტანი აქაბი, რომელიც მეტაფიზიკურ განზომილებას მიანიჭებდა მოვლენებს.

აქაბი მიისწრაფვის – და მთელი ეკიპაჟი (ისმაილის გარდა) მიჰყავს – ტრიუმფალური კატასტროფისკენ, მაშინ, როდესაც ოკეანეში დაცურავს ლევიათანივით უძლეველი მობი დიკი. კაპიტნის აკვიატებული იდეა თითქოს შურისძიებაა, რადგან ის თეთრმა ვეშაპმა დაასახიჩრა, მაგრამ აქაბის ჭეშმარიტი სურვილია, გაარღვიოს სამყაროს ნიღაბი, რათა დაამტკიცოს, რომ, თუმცა ხილული სამყაროს შექმნის საფუძველი სიყვარულია, მაგრამ უხილავი სფეროები შიშის საფუძველზე შეიქმნა. ღმერთის რიტორიკულ შეკითხვაზე იობისადმი, თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანსო, შეიძლება პასუხი გაეცეს აქაბის სიტყვებით: “მზესაც კი გავგმირავდი, ჩემთვის შეურაცხყოფა რომ მოეყენებინა”.ბუშისა და ბლერის მამოძრავებელი ძალა სიხარბეა, მაგრამ მათი ერაყული ავანტიურის რეფრენი იაგოსეულ საშიშარ პირომანიას წააგავს. ჩვენი და თქვენი ლიდერი ჭეშმარიტი პირომანია.

მოსალოდნელი იყო, რომ უიტმენი განგვიმარტავდა დაისის ქვეყნის არსს, რადგან მისი წარმოსახვა, არსებითად, ამერიკულია. ის, ისევე, როგორც ემერსონი, მექსიკასთან ომის წინააღმდეგი იყო. ხომ არ წააგავს ჩვენი ორი ერაყული შეჭრა აშშ-ს სამხედრო კონფლიქტებს მექსიკასთან და ესპანეთთან? დონალდ რამსფელდი საუბრობს მუდმივი ამერიკული ბაზების შესახებ ერაყში, რომლებმაც, როგორც ჩანს, ნავთობისჭაბურღილები უნდა დაიცვან. მაგრამ, თუმცა პრეზიდენტი ბუშის რეიტინგი უკვე 38%-მდე დაეცა, ვშიშობ, რომ ხალხის ამგვარი რეაქცია გამოწვეულია ნავთობის მაღალი ფასებით, და არა ერაყის ჯვაროსნული დალაშქვრით.

რა შეემთხვა ამერიკულ წარმოსახვას, თუკი რომის იმპერიის პაროდიულ ვარიანტად ვიქეცით? 2004 წლის ნოემბრის იმ ღამეს, როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, დასაძინებლად ადრე დავწექი, თუმცა ჩემმა მეგობრებმა სიხარულით შემატყობინეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დამატებით სამმა მილიონმა ამომრჩეველმა. ტელეფონი გავთიშე და წავიბუზღუნე, ეს სამი მილიონი ევანგელისტი იქნებოდა-მეთქი. მართლაც ასე აღმოჩნდა.

ჩვენი პოლიტიკა წაბილწეს თეოკრატიულმა ფანატიკოსებმა, როდესაც – რეიგანის ხელშეწყობით – რესპუბლიკურ პარტიას მიაწყდნენ სამხრეთელი ბაპტისტები, მორმონები, ევანგელისტები და ადვენტისტები. უოლ-სტრიტისა და მემარჯვენე ქრისტიანთა კავშირს ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ის მხოლოდ გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში გამოაშკარავდა. 1960-70-იანი წლების დასასრულის ე.წ.კონტრკულტურამ განაპირობა 80-იანი წლების რეაქცია, რომელიც ახლაც გრძელდება. ყოველივე ამისა და რელიგიურობის კონტექსტში, ქვეყნის მოსახლეობა ორ ერად დაიყო. ზოგჯერ თავს ვეკითხები, ხომ არ მოიგო სამხრეთმა სამოქალაქო ომი მისი ეგრეთ წოდებული დამარცხებიდან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ? რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სამხრეთლები არიან; თვით ბუშებიც, იელის უნივერსიტეტისა და კონექტიკუტის ტრადიციების მიუხედავად, ცდილობდნენ ტეხასელები და ფლორიდელები გამხდარიყვნენ. შეერთებულ შტატებში პოლიტიკა შესაძლოა აღარასოდეს გაემიჯნოს რელიგიას. როდესაც ამდენი ადამიანი უგულებელყოფს საკუთარი ეკონომიკურ ინტერესებს და ამის სანაცვლოდ ირჩევს “პრინციპებს”, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ ოცნების ადგილს ამერიკული სენი იკავებს.

უიტმენი, რომლის განსაცვიფრებელი ესთეტიკური ძალა კვლავინდებურად არ არის სათანადოდ დაფასებული, ჩვენი “იმედის პარტიის” მოციქულადაა აღიარებული. ეს, გარკვეულწილად, უცნაურია, რადგან პოეტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ სამოქალაქო ომი, რომელშიც 625 ათასი მამაკაცი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში “უდიდეს ომად” მიიჩნევენ პირველ მსოფლიო ომს, რომელსაც ახალგაზრდების თითქმის მთელი თაობა შეეწირა. შეერთებულ შტატებში კი კვლავ დადის აჩრდილი – აჩრდილი სამოქალაქო ომისა, რომელიც ერის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ. უიტმენის ყველაზე უფრო ინფორმირებული ბიოგრაფი დევიდ რეინოლდსი აღნიშნავს, რომ 1855-60-იანი წლებიდან მოყოლებული, უიტმენის პოეზია მიზნად ისახავდა შეერთებული შტატების ერთიანობის განმტკიცებას. მას შემდეგ, რაც უიტმენმა 1865 წელს დაწერა ლინკოლნის ხსოვნისადმი მიძღვნილი”იასამანი”, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა, ბალახის ფოთლების ბარდის სულში რაღაც გადაიწვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის თავის სულიერ ძალებს ხარჯავდა სრულიად “არაპოეტურ” საქმიანობაზე: ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) სამხედრო ჰოსპიტლებში უვლიდა დაჭრილებს, კითხულობდა და წერდა წერილებს ავადმყოფებისა და ხეიბრებისთვის, ანუგეშებდა მომაკვდავებს. მისი პოეზია განიძარცვა უჩვეულო ვიტალიზმისა და უშუალობისგან, თითქოს პოეტმა საკუთარი წარმოსახვა წამებულთა სამსხვერპლოზე მიიტანა, და, თითქოს მას, ლინკოლნის მსგავსად, მხოლოდ ხალხის გაერთიანებისა და გათავისუფლების მიზანი ასულდგმულებდა.

უიტმენი გარდაიცვალა 1892 წელს, იმ დროს, როდესაც ამერიკული პოლიტიკა ისეთივე ამორალური იყო, როგორც ამჟამად, თუმცა, ეს ეგზომ აშკარა არ გახლდათ, როგორც ბუშისეული თეოკრატიის დროს. ბალახის ფოთლების მეხოტბე სწორედ იმ პერიოდის ლექსებში განასხვავებს იმას, რასაც თავის სულს უწოდებდა, მეორე მხრივ კი, თავისსავე “რეალურ მეს” ან “ჩემს მეს” (რომელიც განსხვავდებოდა მისი პიროვნული ეგოსგან) და ეს იყო “მე, უოლტ უიტმენი, სალახანა, ამერიკელი”:

მე მჯერა შენი, სულო ჩემო, და ჩემმა მეორე “მემ” თავი არ უნდა დაიმდაბლოს შენთან,

ისევე, როგორც შენ – მის წინაშე.

აქ “მე” არის “სალახანა უოლტი”, რომელიც შუალედური რგოლია, ერთი მხრივ, უიტმენის ხასიათსა და სულს, და, მეორე მხრივ, მის ჭეშმარიტ “მესა” ან პიროვნებას შორის. ვშიშობ, რომ უფსკრული ხასიათსა და პიროვნებას შორის, ზოგადად, ამერიკელთა დამახასიათებელი თვისებაა. ამასთან, შესაძლოა, ეს უნივერსალური ფენომენი იყოს (აქ მახსენდება ნიცშე და იეიტსი). და მაინც, სულისა და “მეს” ურთიერთდამდაბლება არღვევს ნებისმიერი ადამიანის შინაგან ჰარმონიას. ჩემი თანამემამულეების ქცევაში, როდესაც ისინი, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, არჩევნების დროს უპირატესობას ანიჭებენ “პრინციპებს”, დაახლოებით ასეთივე წინააღმდეგობრიობა ვლინდება.

“უოლტ უიტმენი”, როგორც პიროვნება, სამოქალაქო ომის – ეროვნული უბედურების – ღუმელში ჩაიფერფლა და იქცა “საშუალო დონის კარგ პოეტად”. თუმცა, ომისშემდგომი პერიოდის ამერიკა ვერც იქცეოდა მისი შთაგონების წყაროდ: ქვეყანას მართავდა აშშ-ს პრეზიდენტის – გრანტის კორუმპირებული ადმინისტრაცია. შემდგომ მას მიბაძავს უამრავი რესპუბლიკელი ლიდერი, მათ შორის ისიც, რომლის ატანაც ამჟამად გვიხდება.

უიტმენი ნაკლებად თანმიმდევრული იყო მისი ხანგრძლივი დეკადანსის პერიოდში (1866 წლიდან 1892) წლამდე. მას არ დაუკარგავს პოეტური შთაგონება (როგორც გვიანდელ ვორდსვორთს), მაგრამ მისი წინასწარმეტყველური პოზიცია დაიკარგა. თავგზააბნეული პოეტი ემერსონს აღარ ეთაყვანებოდა და, რაც საკმაოდ უცნაურია, შეეცადა ჰეგელიანელი გამხდარიყო! შესანიშნავ ლექსში “დაისის ქვეყანა”, რომელიც 1922 წლის დასაწყისში დაიწერა, დ.ჰ. ლოურენსი წინასწარ განჭვრეტს თავის ხანგრძლივ ცხოვრებას ამერიკაში, რომელიც იმავე წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ის ჩავიდა ტაოსში (ნიუ-მექსიკოს შტატი). ის იმედოვნებდა, რომ 1917 წლის თებერვალში ეწვეოდა შეერთებულ შტატებს, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებმა პასპორტი არ მისცეს. ლოურენსის ლექსი ამერიკისადმი უიტმენიანური სიყვარულის ჰიმნია, მაგრამ კიდევ უფრო ორაზროვანია, ვიდრე უიტმენისადმი მიძღვნილი თავი “კლასიკურ ამერიკულ ლიტერატურაში”.

იქნებ, ჩვენი ეპოქის სამარე ხარ? – კითხულობს ლოურენსი და იმედს გამოთქვამს, რომ მოიხიბლება ამერიკით, თუმცა აღიარებს, როგორ ეშინია “დაისის ქვეყნისა”:

შენი იდეალიზმი, ევროპულს რომ აღემატება,

თეთრი ჩონჩხივით ქანაობს,

საზიარო ზეცაში.

ეს საზარელი ხილვა შეესაბამება ჩვენს ეპოქასაც, ისევე, როგორც ლოურენსის მწარე დასკვნა:

“ეს შტატები!” როგორც იტყოდა უიტმენი,

და ვინ იცის, რას გულისხმობდა.

უიტმენი გულისხმობდა (და ლოურენსმა ეს კარგად უწყოდა), რომ თვით შეერთებული შტატები უდიდესი პოემა გახლდათ, მაგრამ ეს თვალსაზრისი ირონიას აღმიძრავს და აღარაფერზე ფიქრი აღარ მსურს.

შელის ბეჭედზე ამოტვიფრული იყო სიტყვები: “სასიკეთო მომავალს მოვესწრებით”. სექტემბერში სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უისტლერის (ალაბამას შტატი) ეკლესიაში თქვა: “იესო ქრისტე აუცილებლად მოვა. ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავიცადოთ”.

© The Guardian, 2005

Facebook Comments Box