თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა
(მოთხრობა შესულია 2000 წელს გამოცემულ კრებულში “მიწისძვრის შემდეგ”).
საზიზღარ გუნებაზე გაეღვიძა ნამთვრალევ იოსიას. მთელი ძალით დაქაჩა თვალები, მაგრამ მხოლოდ ერთის გახელა მოახერხა. მარჯვენა ქუთუთო არ ემორჩილებოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იმ ღამეს ყველა კბილი ერთბაშად ასტკივდა. დამპალი ფესვებიდან წუთხი მოჟონავდა. თუ რამეს არ იღონებს, ტვინისგან აღარაფერი დარჩება და ვეღარაფრით იფიქრებს. რა უნდა ქნას, ასეა და ასე იყოს, გაუელვა თავში. ცოტა კიდევ მაინც რომ წაეძინა… მაგრამ იოსიამ მშვენივრად იცოდა, რომ ვეღარ დაიძინებდა. აბა, სცადე და დაიძინე, როცა ასე ტრაკულად გრძნობ თავს.
საწოლის თავთან მაღვიძარასკენ სცადა თვალის გაპარება, მაგრამ სადღაც გამქრალიყო. საათი თავის ადგილზე არ იყო. არც სათვალე. ალბათ სადღაც მოისროლა… ისე, შემთხვევით. ადრეც ემართებოდა მსგავსი რამ.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ დაეხვა და იოსია ისევ ლოგინზე გაიშალა. სადღაც ქუჩაში სარეცხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა. შეგეძლო ძველი ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი ირწმუნებოდა რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე მათი ფასი არ შეცვლილიყო. შუახნის კაცის მკვეთრი, გაბმული ხმა იყო. ამ ხმაზე იოსიას კიდევ უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე მდგარს აქანავებდა. მაგრამ გულის ასარევად მარტო გულისრევის შეგრძნება არ კმარა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს უყურებდა. საკმარისი იყო გაეგონა სატელევიზიო “კუდიანებზე მონადირის” სულისგამყინავი წივილი ბოჰემური ცხოვრების ამბებზე, რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი ნარჩენებიც პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
მაგრამ იმ დილით იოსიას იმის ძალაც კი არ ჰქონდა ტელევიზორს მიწვდომოდა. ძლივს სუნთქავდა. სადღაც თვალის გუგების სიღრმეში გამჭვირვალე სინათლე ჯიუტად ერეოდა თეთრ კვამლს. პერსპექტივა საოცრად ბრტყელი იყო. მგონი სიკვდილი უნდა იყოს, გაუელვა თავში. ასე იყო თუ ისე, გამეორების სურვილი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე მოკვდეს. ”მხოლოდ ერთს გთხოვ, ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განვიცადო”. ღმერთის ხსენებაზე იოსიას დედა გაახსენდა. სწყუროდა. დაძახება დააპირა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ სახლში მის გარდა არავინ იყო. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად სამი დღის წინ გაემგზავრა კანსაიში. მაინც რა სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, გაიფიქრა. დედა ღვთის ნებაყოფლობითი მსახურია, შვილი კი აი ეგეთ დღეშია. წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მარჯვენა თვალს ისევ ვერ ახელს. “ნეტა სად გავიტრიტე ეგრე? არ-მახ-სოვს”. სცადა, მაგრამ ტვინი გაქვავებულივით ჰქონდა. “არა უშავს, მერე გავიხსენებ”.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივები აშკარას ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია გამომცემლობაში მუშაობდა და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა თანამშრომლების უმნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. საღამოთიც შეიძლებოდა დაკარგული დროის ანაზღაურება, მთავარია საქმე არ გაფუჭებულიყო. თუმცა სამსახურში სადილის შემდეგ გამოცხადებას უფროსი აღარ გაპატიებს – პირში გეტყვის ყველაფერს რასაც შენზე ფიქრობს. ისე, შეიძლება ერთ ყურში შეუშვას და მეორედან გამოუშვას, მაგრამ არ უნდოდა, რომ უხერხულ მდგომარებაში ჩაეგდო ერთი ნაცნობი მორწმენე, რომელმაც ამ სამუშაოზე მოაწყო.
საბოლოოდ იოსიამ შინიდან მხოლოდ პირველ საათზე გააღწია. სხვა დროს რამე საპატიო მიზეზს, მაგალითად ავადმყოფობას მოიგონებდა და სახლში დარჩებოდა, მაგრამ დღეს თითქოს ჯიბრზე დისკეტაზე შენახული ერთი დოკუმენტი უნდა მოემზადებინა და ამოებეჭდა. ამ საქმის სხვისთვის მინდობა არ გამოდიოდა.
იოსია დედასთან ერთად ასაგაიას რაიონში ცხოვრობდა. ამიტომ ცენტრალური ხაზით იოცუიას სადგურამდე მივიდა. იქ მარუნოუჩის ხაზზე გადაჯდა, კასუმიგასეკამდე მივიდა, კიდევ ერთხელ გადაჯდა ხიბიას ხაზზე და კამია-ჩიოს სადგურზე ამოვიდა. დადუნებული, ბამბადქცეული ფეხებით ადიოდა და ჩადიოდა მრავალრიცხოვან კიბეებზე. გამომცემლობა სადგურიდან შორს არ იყო. გამომცემლობა საზღვარგარეთის ქვეყნების ტურისტულ გზამკვლევებს ბეჭდავდა.
საღამოს თერთმეტის ნახევარზე შინ რომ ბრუნდებოდა, სადგურ კასუმიგასეკში უბიბილოო კაცი დაინახა. ორმოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეჭაღარავებული. მაღალი, სათვალეების გარეშე, ძველმოდურ ტვიდის პალტოთი და ტყავის პორტფელით მარჯვენა ხელში. რაღაცაზე ჩაფიქრებული ნელა მიაბიჯებდა ხიბიას ხაზის ბაქნიდან ჩიოიდას ხაზის ბაქნისკენ. იოსია დაუფიქრებლად გაჰყვა უკან. როცა გონს მოვიდა, ყელში მშრალი გორგალი გასჩროდა.
იოსიას დედა ორმოცდასამისა იყო, მაგრამ ოცდაათზე ცოტათი მეტს თუ მისცემდა კაცი. სახის სწორი ნაკვთები, ძალიან აკურატული. პურიტანული კვება და დილა-საღამოს ვარჯიში ხელს უწყობდა მშვენიერი ფიგურისა და სახის კანის შენარჩუნებაში. თან მასსა და მის ვაჟს სულ რაღაც თვრამეტი წელიწადი ჰყოფდა, რის გამოც ხშირად მისი უფროსი და ეგონათ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა თავს დედად. შეიძლება უბრალოდ ექსცენტრული ბუნებისა იყო. მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში გადავიდა და სექსუალური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა სულაც შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს იყო, საძინებლები ჰქონდათ ცალ-ცალკე. მაგრამ როცა დედას მარტოობა შეაწუხებდა, იოსიას ოთახში შედიოდა, აზრადაც არ მოსდიოდა რამე წამოესხა, ლოგინში შეუწვებოდა, მიეკვრებოდა და დაიძინებდა.
იოსიას მშვენივრად ესმოდა, რომ დედას ისეთი არაფერი განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ეს მდგომარეობას ვერ უმსუბუქებდა. თვითონ დედას კი ეტყობა ვერაფრით შეეგნო, რომ აგზნებული ბიჭი იძულებული იყო უხერხულ, არაბუნებრივ პოზაში წოლილიყო.
იოსიას ეშინოდა დედასთან ურთიერთობა ფატალურ შედეგებამდე არ მისულიყო და გამწარებული ეძებდა ისეთ ქალს, უსიტყვოდ რომ ჩაუწვებოდა ლოგინში. და რადგან ასეთის პოვნა არ ხერხდებოდა, დროდადრო ხელოვნურად იკმაყოფილებდა მოთხოვნილებას. უფროს კლასში საღამოობით გამომუშავებული ფულით სათაკილო დაწესებულებებში ხარჯავდა. თვითონ იოსია საკუთარ მოქმედებას როგორც მეტისმეტ სექსუალური დაძაბულობის მოხსნის საშუალებად კი არა, შიშის გამო აღმოცენებულ მოვლენად აფასებდა.
ალბათ სახლიდან უნდა წასულიყო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. იოსია დიდხანს ფიქრობდა ამაზე. მაშინ როცა ინსტიტუტში მოეწყო და მაშინაც როცა მუშაობა დაიწყო. თუმცა ახლა ოცდახუთი წლის ასაკშიც კი ვერა დ ავერ გაებედა. ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ არ იცოდა რა დაემართებოდა დედას როცა მარტო დარჩებოდა. ისედაც მრავალი წელი, უამრავი ძალა და ენერგია შეალია იმას, რათა არ განხორციელებულიყო დედის თვითდამღუპველი (თუმცა კი კეთიმოსურნე) გეგმები.
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ სახლიდან მიდის და მაშინვე ისტერიკა დაემართება. აქამდე ხომ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე იცხოვრებდა. ცამეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის არსებობისა. იოსიას მშვენივრად ახსოვს როგორ დარდობდა დედა, როგორ ინგრეოდა მის გარშემო ყველაფერი. ნეხევარი თვე თითქმის არაფერს არ ჭამდა, არ ლაპარაკობდა. არ იბანდა, არ ივარცხნიდა, საცვლებსაც კი არ იცვლიდა. თვიურის დროს თავს არ უვლიდა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთ ჭუჭყიანსა და აქოთებულს. გულს ტკენდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მსგავსი რამ ოდესმე ისევ შეიძლებოდა გამეორებულიყო.
იოსია უმამოა. დაბადებიდან მხოლოდ დედა ჰყავს.
ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე ესმის მისგან:
– მამაშენი უზენაესია. – (ასე ეძახდნენ თავიანთ ღმერთს) – უზენაესის ადგილი კი ზეცაშია. ჩვენთან ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ უზენაესი – ესე იგი მამაშენი – ერთთავად თვალყურს გადევნებს და გიფარავს.
ამასვე ეუბნებოდა მეურვე ტაბატა, რომელიც ლამის დაბადებიდანვე ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა.
– ვთქვათ და არ გყავს ამქვეყნად მამა. გამოჩნდებიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამისთვის დაგძრახავენ. მაგრამ სამწუხაროდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან. მაგრამ შენი უზენაესი მამა თვითონ არის ქვეყნიერება. და შენ ერთიანად მისი სიყვარულით გარშემორტყმული ცხოვრობ. იამაყე ამით და იცხოვრე ისე, როგორც წესი და რიგია.
– მაგრამ ღმერთი ხომ ყველასთვის ერთია? – კითხულობდა სკოლაში ახალი მისული იოსია. – მაგრამ მამები ხომ ყველას სხვადასხვა ჰყავს? ასე არ არის?
– იცი, იოსია, მამაშენი ადრე თუ გვიან გამოგეცხადება. მოულოდნელად, სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილზე, მაგრამ აუცილებლად გამოგეცხადება. მაგრამ თუ შენ დაეჭვდები ან უფრო უარესი – რწმენას მიატოვებ – ის განაწყენდება და მაშინ დაემშვიდობე ყველაფერს. გასაგებია?
– გასაგებია.
– არ დაგავიწყდება ჩემი სიტყვები?
– არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
თუმცა თუ ალალად ვიტყვით, იოსიას მისი სიტყვები სერიოზელად არც მიუღია. რატომ? ის სულაც არ გრძნობდა თავს რაღაც განსაკუთრებულ “ღვთის შვილად”. ყველანაირად და ყველა თვალსაზრისით ჩვეულებრივი ბიჭი იყო. იქნებ პირიქითაც – ჩვეულებრივზე უარესი: განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, შეცდომებისა და დაუდევრობების გროვა. ცამეტი წლისა მაინცდამაინც კარგად ვერ სწავლობდა, სპორტში იმედის ნაპერწკალიც არ ჩანდა. ნელა დარბოდა, ძლივს იჭერდა ფეხები, თან არც მხედველობა უვარგოდა და ხელებიც თითქოს იმ ადგილას არ ჰქონდა ამოზრდილი. ბეისბოლის მოედანზე ბურთს ვერ იჭერდა. თანაგუნდელები ბუზღუნებდნენ, მაყურებელი გოგოები ხითხითებდნენ.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. ”ცხოვრების ბოლომდე მტკიცე ვიქნები ჩემს რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში, რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი არაფერი (ყოველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა ღმერთია, აუცილებლად შეისმენს ამ უბრალო რამეს”. თუმცა მუდარა არ ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი ისევ და ისევ უსხლტებოდა ხელთათმანიდან.
– იოსია, ეს უზენაესის გამოწვევაა, – მკაცრი ტონით ამბობდა ტაბატა. – ის, რომ ევედრები ცუდი არ არის, მაგრამ უფრო დიდი რამისთვის უნდა ილოცო. რაღაც კონკრეტულისთვის ლოცვა, ისეთი რამისთვის, რასაც საზღვარი აქვს, არაფრად არ ვარგა.
როცა იოსიას ჩვიდმეტი შეუსრულდა, დედამ მისი დაბადების საიდუმლო თუ რაღაც ამის მსგავსი გაანდო.
– დადგა დრო, შენ ეს უნდა იცოდე, – დაიწყო დედამ. – ახალგაზრდომაში სრულ წყვდიადში ვცხოვრობდი. სულში ქაოსი სუფევდა, ზუსტად ისე, როგორც პირველქმნილ სამყაროში. შავბნელი ღრუბლები ფარავდნენ ჭეშმარიტების სხივს. იმ დროს უკვე გამოცდილი მქონდა მამაკაცებთან ურთიერთობა სიყვარულის გარეშე. ხომ გესმის სიტყვა “ურთიერთობის” მნიშვნელობა?
– მესმის, – უპასუხა იოსიამ.
როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდებოდა, დედა მოძველებულ სიტყვებს ხმარობდა. თვითონ იოსიას იმ დროისთვის უკვე ჰქონდა “სიყვარულის გარეშე ურთიერთობის გამოცდილება” რამდენიმე ქალთან.
დედა განაგრძობდა:
– პირველად უფროსი სკოლის მეორე კლასში (სკოლა იაპონიაში სამ ასაკობრივ ჯგუფად არის დაყოფილი – უმცროსი, საშუალო და უფროსი. უფროსი ჯგუფის მეორე კლასში 16 წლის ბავშვები სწავლობენ. მთარგმნ. შენ.) დავორსულდი. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. წავედი საავადმყოფოში, რომელიც ერთმა ნაცნობმა მირჩია და აბორტი გავიკეთე. გინეკოლოგი ახალგაზრდა, თავაზიანი კაცი იყო. ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა თავი. მითხრა, რომ აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე სულისთვისაც, თან არც ვენერიული სნეულებით დაავადებაა გამორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი მომცა და მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ ყოველთვის ვხმარობ-მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც არასწორად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, პრეზერვატივის წესიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ სულელი არა ვარ. ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი თუ არა, მე თვითონ ჩამოვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ ენდობი. ხომ იცი რა არის პრეზერვატივი?
– ვიცი, – უპასუხა იოსიამ.
– ორი თვის შემდეგ ისევ დავორსულდი, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგად ვფრთხილობდი. და მაინც ყველაფერი გამეორდა. პირდაპირ დაუჯერებელია. სხვა რა გზა მქონდა, ისევ იმ ექიმთან წავედი. შემომხედა და მითხრა, ახლახან არ გაგაფრთხილეო? ნეტა რას ფიქრობო. ტირილ-ტირილით ავუხსენი, როგორ ვცდილობდი თავის დაცვას. მაგრამ არ დამიჯერა და გამომლანძღა: პრეზერვატივით რომ გესარგებლა, ასეთი რამ არ დაგემართებოდაო. – დედამ იოსიას შეხედა და განაგრძო: – ეს გრძელი ამბავია. ბოლო-ბოლო, დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად ამ ექიმს ჩავუწექი ლოგინში. მაშინ ოცდაათი წლის იქნებოდა, ახალგაზრდა იყო, უცოლო. ურთიერთობაში ცოტა მოსაწყენი კაცი იყო, მაგრამ წესიერი და პატიოსანი. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა… მარჯვენა ყურის ბიბილო აკლდა, ძაღლმა მოაკვნიტა ბავშვობაში. თავისთვის მიდიოდა და უცებ საიდანღაც ვეებერთელა შავი ძაღლი გამოხტა. ჰოდა მოაჭამა ყური. “კიდევ კარგი მარტო ბიბილო, – მეუბნებოდა, – ბიბილოს გარეშეც შეიძლება ცხოვრება. აი, უცხვიროდ უარეს დღეში ვიქნებოდი”. მეც რა თქმა უნდა ვეთანხმებოდი.
– ერთმანეთს ვხვდებოდით. თანდათან საკუთარი თავი დავიბრუნე. მასთან სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი. მისი ნახევარი ყურიც მომწონდა. ბევრს მუშაობდა, ლოგინში კი იმას მიყვებოდა, როგორ დამეცვა თავი დაორსულებისგან. როგორ და როდის არის საჭირო პრეზერვატივის გაკეთება, როდის და როგორ უნდა გაიძრო. მოკლედ თავდაცვის იდეალური საშუალებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დავორსულდი.
აუცილებელი ანალიზების შემდეგ ორსულობა დადასტურდა. მაგრამ ბავშვის მამად აღიარებაზე ექიმმა უარი განაცხადა. თქვა, რომ როგორც სპეციალისტი, ასპროცენტიან ზომებს იღებდა ორსულობის თავიდან ასაცილებლად და დედა სხვა კაცებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.
– ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა. შენ ხომ იცი როგორი წყენა ვიცი ხოლმე?
– ვიცი.
– სანამ მას ვხვდებოდი, სხვა კაცთან არ ვწოლილვარ. ის კიდე გარყვნილ გოგოდ მთვლიდა. მას მერე აღარ მინახავს. არც აბორტი გამიკეთებია. ერთადერთი ფიქრი მქონდა, ავმდგარიყავი და იქვე მოვმკვდარიყავი. ბატონი ტაბატა რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბორანზე დავჯდებოდი და ზღვას მივცემდი თავს. მაშინ სიკვდილის არ მეშინოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, შენც არ იქნებოდი ეხლა. მაგრამ ბატონმა ტაბატამ ჭეშმარიტების გზაზე დამაბრუნა და ამით გადამარჩინა. როგორც იქნა ვიხილე სინათლის პაწაწკინტელა სხივი. და სხვა მორწმუნეთა დახმარებით ამ ქვეყანას მოგავლინე.
დედასთან შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტაბატამ თქვა:
– მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომისა, შენ მაინც ორსულდებოდი. თანაც სამჯერ ზედიზედ. გგონია ეს შემთხვევითია? მე ასე არ ვფიქრობ. რიცხვი სამი უზენაესის გამოცხადების ნიშანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოოძაკი-სან, ღმერთი თქვენგან ბავშვის გაჩენას თხოულობს. და ეს ბავშვი შემთხვევითი ვინმესი კი არა, ცათა შინა მყოფისაა. ბიჭს იოსია დავარქვათ (იოსი იაპონურად სიკეთეს ნიშნავს).
როგორც იწინასწარმეტყველა ტაბატამ, ბიჭი დაიბადა. იოსია დაარქვეს. მას შემდეგ დედა არც ერთ მამაკაცთან აღარ წოლილა, მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა.
– გამოდის, – გაუბედავად იკითხა იოსიამ, – ჩემი ბიოლოგიური მამა ის ექიმი-გინეკოლოგია?
– არა, რას ამბობ! ის იდეალურად იცავდა თავს. როგორც ბატონი ტაბატა ამბობს, მამაშენი უზენაესია. შენ სქესობრივი აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით გაჩნდი, – მოკლედ მოჭრა, თან ელვა გაუკრთა თვალებში.
როგორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. მაგრამ იოსიას ეჭვიც არ შეპარვია: მამამისი ექიმი-გინეკოლოგია. ეტყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი რა უნდა მომხდარიყო?
– ექიმმა რა, იცის ჩემი დაბადების შესახებ?
– ვფიქრობ, არა, – უპასუხა დედამ, – საიდან უნდა იცოდეს, თუ მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს?
მამაკაცი ჩიოიკოს ხაზზე აბიკოს მომართულებით მიმავალ ვაგონში ჩაჯდა. იოსიაც იმავე ვაგონში შეხტა. საღამოს თერთმეტ საათზე ვაგონში ხალვათობაა. კაცი დაჯდა, პორტფელიდან ჟურნალი ამოიღო. მონიშნულ გვერდზე გადაშალა. იოსიას მოეჩვენა, რომ რაღაც სპეციალური ჟურნალი იყო. მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა, გაზეთი გაშალა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს კითხულობდა. თხელ-თხელი კაცი იყო, თლილი, სერიოზული სახე ჰქონდა. “ექიმსა ჰგავს”, გაიფიქრა იოსიამ. ზუსტად იმდენისა უნდა იყოს და რაც მთავარია, მარჯვენა ყურის ბიბილო არ ჰქონდა. თან ისე ჩანს, თითქოს მართლა ძაღლის ნაკბენის კვალიაო.
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო იოსიამ. მაგრამ მან არ იცის რომ ამ ქვეყნად ვარსებობ მე. და ახლა რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ დარწმუნებულია, რომ იდეალურად იცავდა თავს.
მატარებელი გასცდა სინ-ოჩიანუ-მიცუს სადგურს, სენდაგის, მაჩიას და მიწის ზედაპირზე ამოვიდა. ყოველი სადგურის შემდეგ სულ უფრო კლებულობდა მგზავრები. კაცი ჟურნალს კითხულობდა და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. ადგომას არ აპირებდა. იოსია დროდადრო გამომცდელად გახედავდა და სურვილის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა საღამოს გაზეთის კითხვას. თან წინაღამის ამბებსაც იხსენებდა. თავის უნივერსიტეტელ მეგობართან და მის ორ ნაცნობ გოგოსთან ერთად გადაწყვიტეს როპონგიზე დაელიათ. თუ როგორ გადაინაცვლეს მერე ყველამ დისკოტთეკაზე ეს ახსოვდა, უფრო სწორად, როგორღაც აღიდგინა ეს ფაქტი მეხსიერებაში. “მერე რა იყო იმ გოგოსთან? არა, მგონი არაფერიც არ იყო. ისე გავიტრიტე, რომ მაგის თავი არც მქონდა”.
საღამოს გაზეთის ახალი ამბების განყოფილება ისევ მიწისძვრაზე სტატიებით იყო აჭრელებული. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად ერთერთი რელიგიური ორგანიზაციის ოფისში დაბინავდნენ. ყოველ დილით გატენიდნენ ზურგჩანთებს პირველი მოხმარების ნივთებითა თუ პროდუქტით და საგარეუბნო მატარებლით იქამდე მიდიოდნენ, სადამდეც შეიძლებოდა მისვლა. მერე ფეხით მიდიოდნენ აყრილ-დაყრილი გზატკეცილით კობემდე. იქ ხალხს თან მოტანილს ურიგებდნენ. შვილთან ტელეფონით საუბრისას ამბობდა, რამდენს იწონიდა ზურგჩანთა, ხანდახან მთელ თხუთმეტ კილოგრამს. იოსიას ეჩვენებოდა, რომ მის წინ მჯდარ კაცსა და იმ ადგილს ტრილიონი სინათლის წელიწადი აშორებდა ერთმანეთს.
სანამ იოსია დაწყებით სკოლაში სწავლობდა, კვირაში ერთხელ დედასთან ერთად დადიოდა ქადაგებაზე. ამ ორგანიზაციაში ქადაგება სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. ლამაზი იყო, ახალგაზრდა, ყველაფრის მიხედვით ალბათ განათლებულიც (რაც სიმართლეს შეეფერებოდა), ადამიანებს თბილად ეპყრობოდა. და კიდევ თან პატარა ბიჭიც ედგა გვერდით. ადამიანები უნებურად კარგავდნენ სიფხიზლეს. მათ არ აინტერესებდათ რელიგია, მაგრამ თანახმა იყვნენ მისთვის დაეგდოთ ყური. დედა სადა, მაგრამ თავისი ფიგურისთვის მომგებიან კოსტიუმს იცვამდა, სახლებში დადიოდა, რელიგიურ ბუკლეტებს ავრცელებდა და სახეზე ღიმილით, ყოველგვარი დაძალების გარეშე უყვებოდა რა ბედნიერებაა რწმენაში ცხოვრება. ასეთივე ღიმილით სთავაზობდა დახმარებას, თუ რამე პრობლემა შეექმნებოდათ.
– ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ჩვენ მხოლოდ გავცემთ, – მხურვალედ არწმუნებდა თვალებში სხივჩამდგარი. – ჩემი სული ადრე წყვდიადში ბორგავდა, მაგრამ ამ მოძღვრების დახმარებით გადავრჩი. ეს ბიჭი მუცელში მყავდა, როცა მასთან ერთად ზღვაში გადავარდნა და თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ უზენაესმა ზეციდან გამომიწოდა ხელი და ახლა შვილთან და უზენაესთან ერთად ნათელში ვცხოვრობ.
იოსიას არ უჭირდა დედასთან ხელჩაკიდებულს უცხო სახლებში სიარული. ასეთ წუთებში დედა საოცრად ნაზი იყო, მისი ხელი – თბილი. არც თუ იშვიათად არაფრის მოსმენა არ სურდათ და აგდებდნენ სახლებიდან. ამიტომ ახარებდათ ნებისმიერი თბილი სიტყვა და ძალიან ამაყობდნენ, როცა ახლად გამომცხვარ მორწმუნეს იშოვიდნენ. მაშინ იოსია ფიქრობდა: “აი ეხლა კი ჩემი მამა-უფალი ბოლოს და ბოლოს მაღიარებს”.
თუმცა, როგორც კი გადავიდა საშუალო სკოლაში, რწმენაზე უარი თქვა. მასში ეგოიზმმა გაიღვიძა. ახლა უკვე აღარ შეეძლო მიეღო საზოგადოებრივ აზრთან შეუთავსებელი ორგანიზაციის მკაცრი მცნებები. თუმცა მარტო ეს არ იყო – რწმენას ძირითადად მშობლების უსაზღვრო გულგრილობამ ჩამოაშორა. სული დაუმძიმდა. იქ სიბნელემ ჩაიბუდა, გულში – ქვამ. დედას ძალიან სწყინდა შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ იოსია ურყევად იდგა თავისაზე.
მამაკაცმა ჟურნალი პორტფელში ჩადო, ადგა და კარისკენ წავიდა. ეს იყო ბოლო სადგური ჩიბას პრეფექტურის წინ. იოსია უკან მიჰყვა. მამაკაცმა ჯიბიდან სამგზავრო ტალონი ამოიღო და ტურნიკეტი გაიარა. იოსია შეჩერდა – სპეციალურ ავტომატში ფულის დამატება იყო საჭირო. კინაღამ არ დააგვიანა, როცა მამაკაცი ტაქსიში ჯდებოდა. იოსია მომდევნო მანქანაში შეხტა და საფულედან ათი ათას იენიანი ახალი კუპიურა ამოიღო.
– აი იმ ტაქსს მიყევით.
მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა იოსია, მერე კუპიურა.
– რამე სახიფათოა? კრიმინალი ხომ არ არის?
– საშიში არაფერია, – დაამშვიდა იოსიამ. – ჩვეულებრივი თვალთვალია.
მძღოლმა უხმოდ გამოართვა კუპიურა და მანქანა დაძრა.
– მაგრამ მრიცხველის მიხედვითაც გადაიხდით. უკვე ჩავრთე.
ორი მანქანა ჟალუზებდაშვებული სავაჭრო კვარტლის გასწვრივ გასრიალდა, რამდენიმე მოტიტვლებული ადგილი გაიარეს, უკან მოიტოვეს განათებულფანჯრებიანი საავადმყოფო და იაფფასიანი მშენებლობების პატარ-პატარა ნაკვეთები. გზაზე მოძრაობა თითქმის არ იყო, ამიტომ დევნა არ ჭირდა და არც მაინცდამაინც თავგადასავალს წააგავდა. მძღოლი ნელ-ნელა ეშხში შევიდა: ხან ჩამორჩებოდა, ხან ისევ შეამცირებდა დისტანციას.
– ღალატის საქმეს იძიებთ?
– არა, რაღაც ტვინებზე ნადირობას უფრო ჰგავს – ორი ფირმა ერთ სპეციალისტზე ნადირობს.
– ოჰო, – გაიკვირვა მძღოლმა, – არ ვიცოდი თუ კონკურენციამ ასეთ მასშტაბებს მიაღწია.
საცხოვრებელი სახლები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდათ, ქარხნებითა და მდინარის გასწვრივ ჩარიგებული საწყობებით სავსე სამრეწველო რაიონში აღმოჩნდნენ. გარშემო სულიერის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ახალ-ახალი ფარნები გამოკრთებოდნენ ხოლმე სიბნელიდან. პირველმა მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა მაღალ და გრძელ ბეტონის კედელთან. იოსიას მძღოლმა დროზე შენიშნა სტოპ-სიგნალები, ასი მეტრის მოშორებით შეაჩერა მანქანა და ფარები ჩააქრო. ბეტონის ღობის გარდა არაფერი არ ჩანდა, მარტო მდუმარედ მდგარი ლამპები ანათებდნენ ასფალტს. თითქოს დანარჩენ სამყაროს იწვევსო, კედლის თავს მავთულხლართების რიგები გასდევდა. წინა მანქანის კარი გაიღო და უბიბილოო კაცი გადმოვიდა. იოსიამ მძღოლს უსიტყვოდ გაუწოდა ორი ათასიენიანი.
– აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდებით უკან. იქნებ დაგელოდოთ? – იკითხა მძღოლმა, მაგრამ იოსიამ უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით გაჭიმულ გზას. ისევე როგორც მეტროს სადგურში, მისი ნაბიჯები ნელი და მოზომილი იყო. კარგად აწყობილ რობოტს ჰგავდა, მაგნიტით რომ იზიდავენ საიდანღაც. იოსია პალტოს საყელოებაწეული მისდევდა კაცს, ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, დროდადრო თეთრ ორთქლს უშვებდა პირიდან. მის ყურამდე მხოლოდ მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის ჭრიალი აღწევდა. იოსიას რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელი სულ უხმოდ მიაბიჯებდა ასფალტზე.
ირგვლივ სიცოცხლის სულ მცირე ნიშანწყალიც არ იყო, სიზმარში ნანახ პეიზაჟს ჰგავდა. დასრულდა გრძელი ღობე და ძველი მანქანების საყრელი გამოჩნდა. მანქანები ღობის იქით ახოხოლავებულიყვნენ. წვიმებისგან საღებავი უკვე გასცლოდათ და ლამპების შუქზე საბოლოოდ დაჰკარგოდათ ფერი. მამაკაცი არ შეჩერებულა. იოსიას ვერაფერი გაეგო. ნეტა რისთვის გადმოვიდა ტაქსიდან ამ შემზარავ ადგილას? სად ბრუნდებოდა, შინ? თუ ცოტა გასეირნება გადაწყვიტა? მაგრამ თებერვლის ღამე სეირნობისთვის მაინცდამაინც შესაფერი დრო ვერ არის, ცივა. სუსხიანი ქარი დროდადრო ზურგში სცემდა იოსიას.
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი გაიჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც შეწყდა, ვიწრო შესახვევი გამოჩნდა. მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ შეუხვია. შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რა იყო იქით. იოსია ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მაინც შეაბიჯა სიბნელეში მამაკაცის კვალდაკვალ. რადგან აქამდე მოვიდა, უკან გაბრუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო მოქცეული. სწორი იყო და ვიწრო. იმდენად ვიწრო, რომ კაცს ვერ ასცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის ჭრიალი ისმოდა. იმავე ტემპით მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სიმათლის სხივი ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა. მაგრამ მალე ისიც დაიკარგა.
ნუთუ შენიშნა რომ უთვალთვალებდნენ? ალბათ შეჩერდა, სუნთქვა შეიკრა და იცდის. წყვდიადში იოსიას გული ეკუმშებოდა. სუნთქვა აღიდგინა და ისევ განაგრძო გზა. რა მნიშვნელობა აქვს შეამჩნევს თუ არა თვალთვალს? ასე უკეთესიც არის: საშუალება ექნება პირდაპირ, ღიად გაუბას საუბარი. მაგრამ შესახვევი თუ გასასვლელი დამთავრდა. ჩიხი. წინ გზა რკინის ღობით არის გადაკეტილი. თუმცა თუ კარგად დააკვირდები, ნაპრალი ჩანს – თავისუფლად გაძვრება ადამიანი. აშკარად ვიღაცამ გააკეთა ეს გასაძრომი. იოსიამ პალტოს კალთები აიკეცა, დაიხარა და ნაპრალში ჩაყვინთა. მინდორში აღმოჩნდა. არა, მინდორში კი არა, უფრო მოედანზე. იოსია მთვარის მკრთალ შუქზე იდგა და ცდილობდა გარკვეულიყო სად მოხვდა. კაციშვილი არ ჩანდა.
ბეისბოლის მოედანი. მოედნის ბოლოში, რკალის ცენტრში იდგა. ბალახი ფეხქვეშ გათელილია, ალაგ-ალაგ არის ამოჩრილი. “ქალაქის” იქით, სტადიონის მეორე მხარეს დამცველი ბადის შავი ფრთები მოჩანდა. პიტჩერის ბორცვი წანაზარდივით მოჩანდა მიწის ზედაპირზე. აუტფილდის გასწვრივ რკინის მავთულია გაჭიმული. ქარი აქეთ-იქით დაათრევს კარტოფილის ჩიპსების პარკს.
იოსიამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შეჩერდა იმის მოლოდინში თუ რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ, სადაც პიტჩერი ეგულებოდა, მიწას დახედა ფეხებთან და ცისაკენ ასწია თავი. იქ გარკვევით იხატებოდა რამდენიმე ღრუბლის კონტური. მთვარის შუქზე მათი სილუეტები უცნაურად ანათებდა. ბალახებიდან სულ ოდნავ სცემდა ძაღლის ექსკრემენტების სუნი. მამაკაცი გაქრა. უკვალოდ. ახლა აქ ტაბატა რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა:
– ხედავ, იოსია, როგორი მოულოდნელი ფორმით გამოგვეცხადება ხოლმე უზენაესი.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის კიბოთი. ბოლო რამდენიმე თვე ისე იტანჯებოდა, რომ საცოდავი სანახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია ღმერთს. მხოლოდ ის სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა ისე მკაცრად იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან შედარებით ისე ახლოს იყო ღმერთთან, რომ იოსიას აზრით მარტო ლოცვების ამარა უნდა ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე კონკრეტულია და საზღვარიც აქვს). თანაც, – სხვათა შორის გაიფიქრა იოსიამ, – რატომ არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები, ადამიანებს კი არა?
საფეთქლებში ტეხდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, წუხანდელი სიმთვრალისა იყო თუ სხვა რამის. მოიღუშა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ნელი, ფართო ნაბიჯით წავიდა “ქალაქისკენ”. სულ ახლახან სუნთქვაშეკრული მისდევდა კაცს, რომელიც მამას აგონებდა და სხვა არაფერზე ფიქრობდა. მაგრამ აი სრულიად უცნობ ადგილას, რომელიღაც პატარა ქალაქის ბეისბოლის სტადიონზე აღმოჩნდა. საკმარისი იყო მამაკაცი გამქრალიყო და იოსიამ დაკარგა მთელი თავისი მოქმედებების თანმიმდევრულობის შეგრძნება. თვითონ აზრი უკვე დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნდება. ზუსტად ისე, როგორც ადრე “ფლაი-აუტი” შეიცავდა სიკვდილ-სიცოცხლის ამოუხსნელ ამოცანას, მერე კი სულაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
მაინც რა მინდოდა? – გზადაგზა ეკითხებოდა თავს იოსია. ან თვითონ ვცდილობდი შემემოწმებინა კავშირი იმასთან, რაც აქ არის, ანდა იმედი მქონდა, რომ ახალ სცენარში მომათავსებენ და უფრო მნიშვნელოვან როლს შემომთავაზებენ? არა, ასე არ არის. მე მივდევდი წყვდიადის კუდს, რომელიც თვითონ ჩემში ზის. სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი, გავეკიდე, ჩავეჭიდე კიდეც და ბოლოს და ბოლოს უფრო მრუმე წყვდიადში ამოვყავი თავი. მე მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ.
იოსიას სული ადგილსა და დროში ერთიან, მშვიდსა და ნათელ ადგილას მოხვდა. ახლა მისთვის სულერთი იყო, ვინ იყო ის მამაკაცი: მამა, ღმერთი თუ სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც სადღაც დაკარგა ყურის ბიბილო. იქ უკვე ერთი გამოვლენა, ერთი იდუმალი ნაკვალევი იყო. დიდება უზენაესს?
პიტჩერის ბორცვზე ავიდა, სანახევროდ გაცვეთილ ფირფიტაზე დადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიშალა მხრებში. თითები გადააჯვარედინა და თავზემოთ შემართა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და კიდევ ერთხელ ახედა მთვარეს. ვეებერთელა იყო. ხან იზრდება, ხანაც პატარავდება, ნეტა რატომ? პირველი და მესამე ბაზის იქით პატარა ტრიბუნები ჩანდა. რა თქმა უნდა, შუა თებერვალში იქ არავინ არ არის. მარტო სამი სწორი და გათოშილი სკამების მჭიდრო რიგია გაჭიმული. ბადის იქით რამდენიმე პირქუში შენობაა, ალბათ საწყობი. არც სინათლეა, არც ჩქამი არ ისმის.
შემაღლებულზე რომ იდგა იოსია ხელებს ამოძრავებდა – ზევით, განზე, ქვევით. რიტმში ფეხებსაც აყოლებდა, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან წინ, ხან განზე, ცეკვას ჰგავდა. ნელ-ნელა გათბა, ცოცხალი სხეულის შეგრძნება დაუბრუნდა. თან თავის ტკივილმაც გაუარა.
უნივერსტეტელი მეგობარი გოგო “ბაყაყს” ეძახდა. რატომ? რომ ცეკვავდა ბაყაყს ჰგავდა. იმ გოგოს ცეკვა უყვარდა და ხშირად დაჰყავდა დისკოთეკებზე.
-შენ თვითონ ვერ ხედავ რამსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს? კი არ ცეკვავ, დაატყაპუნებ. მაგრამ ისეთი კარგი ხარ, როგორც ბაყაყი წვიმაში. – ეტყოდა ხილმე.
იოსიას ამის მოსმენა არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ მიატოვა და რაღაც დროის შემდეგ ცეკვაც შეუყვარდა. საკმარისი იყო მუსიკის რიტმს აჰყოლოდა და მაშინვე რელურად გრძნობდა როგორ თანხვდებოდა მისი სხეულის ბუნებრივი რიტმი სამყაროს ძირითად რიტმს. მიქცევა და მოქცევა, მდელოზე მონავარდე ქარი, ვარსკვლავების მოძრაობა – მეც ცალსახად ვარ დაკავშირებული ამ ყველაფერთან, – ფიქრობდა იოსია.
გოგო ეუბნებოდა, რომ არასდროს არ უნახავს ასეთი დიდი პენისი.
– ასეთი დიდი რომ გაქვს, ცეკვაში არ გიშლის? – ხელს მოჰკიდებდა და ისე ეკითხებოდა.
– არა, რას ამბობ, სულაც არ მიშლის, – პასუხობდა იოსია.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან მოყოლებული. მაგრამ რამეში რომ გამოდგომოდეს, გახსენებით ვერაფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის გამო უარიც კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი მეტისმეტად დიდი იყო, ზორზოხი და იდიოტურად ტლანქი შესახედაობა ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან მოეფარებინა.
– ის, რომ იოსიას ასეთი ვეებერთელა მეურნეობა აქვს, ღვთიშვილობის ნაღდი ნიშანია, – სიამაყით ამბობდა დედა. თვითონ იოსიასაც სჯეროდა ამისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან კი ასეთი მსხვილი ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია შესაძლებელი მსგავსი გარიგება?
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. “დიდი ამბავი, ვითომ რატომაც არა. ვიცეკვებ. – გაიფიქრა. – არც ეს არის ცუდი”. თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს ისრუტავდა და მარტო ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით გაიხსენა ხალისიანი მუსიკა და ბალახის შრიალს, ღრუბლების დინებას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებს. აშკარად იგრძნო ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც გრძნობდნენ ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო. თუკი უნდა ყურება, უყუროს. ყველა ღვთიშვილს შეუძლია იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა ჰაერში. თითოეული მისი მოძრაობა მომდევნოს იწვევდა და რიტმულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა ფიგურებს ხატავდა, თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია, ექსპრომტი იკითხებოდა. რიტმის უკუღმა პირიდან სხვა რიტმი იყო, მათ შორის კი უჩინარი მესამე. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა მათ მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში, როგორც სურათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი ცხოველები აფარებდნენ თავს. მათ შორის აქმდე არნახული საშინელი მტაცებლები. მალე ის ამ ტყეს გაივლის. მაგრამ შიშს ვერ გრძნობს. ანდა რატომ უნდა იგრძნოს – ეს ტყე ხომ თვითონ მასშია. ტყე, რომელიც თვითონ გააშენა და ეს მხეცებიც იქა ჰყავდა.
იოსიას არ ახსოვდა რამდენ ხანს ცეკვავდა. ალბათ დიდხანს. იქამდე ცეკვავდა, სანამ ერთიანად არ დასველდა. მერე კი უცებ მიწის ფსკერზე იგრძნო თავი. თავდაჯერებულად მიაბიჯებდა. გარშემო მრუმე წყვდიადის ყრუ ბუბუნი ისმოდა, ადამინთა სურვილების იდუმალი ნაკადი მოედინებოდა, ფუთფუთებდნენ ლორწოვანი მწერები. მიწისძვრების ბუნაგი, რომელმაც ქალაქი ნანგრევებად აქცია. და ეს ყველაფერი მიწის ერთადერთი შეტოკებაა. იოსიამ ცეკვა შეწყვიტა, სული მოითქვა და ფეხქვეშ დაიხედა – თითქოს უძირო უფსკრულში იყურებოდა.
დედასა და დანგრეულ ქალაქზე ფიქრობდა. დრო რომ უკან დაბრუნდეს და დღევანდელ მეს შეეძლოს შეხვედრა დედასთან, როცა მისი სული ჯერ კიდევ წყვდიადში დაბორიალობდა, ნეტა რა გამოვიდოდა? ალბათ ორივე დავიბნეოდით, ერთმანეთს შევერწყმებოდით, ერთმანეთს ვშთანთქავდით და სასტიკად დავისჯებოდით. მაგრამ ვის აღელვებს ეს? კავმა რომ თქვას, შურისგება გაცილებით ადრე გველოდა. ქალაქი ჩემს გარშემო უნდა დანგრეულიყო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობარი გოგო ქორწინებაზე ალაპარაკდა:
– მინდა ცოლად გამოგყვე, ჩემო ბაყაყო. შენთან მინდა ვიცხოვრო და ბავშვი გაგიჩინო. ბიჭი, ისეთივე დიდი მეურნეობით, როგორიც შენ გაქვს.
– არ შემიძლია, – უპასუხა იოსიამ. – ადრე არ მითქვამს შენთვის, მაგრამ მე ღვთიშვილი ვარ. ამიტომ არ შემიძლია დავქორწინდე პირველ შემხვედრზე.
– რა, მართლა?
– მართლა, – უპასუხა იოსიამ. – მართლა. თუ შეიძლება, მაპატიე.
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით ქვიშა მოხვეტა და ნელა გასცრა თითებშუა. კიდევ მოხვეტა ერთი მუჭა, მერე კიდევ… ცივი ქვიშა თითებშუა იწრიტებოდა. იოსიას გაახსენდა უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას გაძვალტყავებულ ხელს.
– იოსია, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, – ხრიალით ამბობდა ტაბატა. იოსიამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ტაბატამ სუსტი მოძრაობით ანიშნა. – ესეც საკმარისია. ცხოვრება კოშმარული სიზმარია. მე გზა მიჩვენეს და აქამდე მოღწევა შევძელი. მაგრამ სიკვდილის წინ აი რა მინდა გითხრა. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა. მე ხშირად მომდიოდა თავში უკეთური აზრები დედაშენზე. როგორც იცი, ოჯახი მყავს და მე ჩემი ოჯახი მთელი გულით მიყვარს. დედაშენს კი უცოდველი სული აქვს. მიუხედავად ამისა, მე მისი სხეული მწყუროდა. და ვერც შევიკავე თავი. ამისათვის პატიება მინდა გთხოვო.
“საბოდიშო აქ არაფერია. “უკეთური აზრები” მხოლოდ თქვენ არ გსტუმრობდნენ. მე, მისი შვილიც კი ცთუნების ზღვარზე ვიდექი”, უნდოდა ეთქვა იოსიას, მაგრამ გადაიფიქრა. იტყოდა და, მხოლოდ გაანაწყენებდა ტაბატას. იოსიამ უხმოდ აიღო მისი ხელი და დიდხანს ეჭირა ასე. თითქოს ხელის საშუალებით უნდოდა გადაეცა ყველაფერი, რაც მის სულში ხდებოდა. ჩვენი გული ქვა არ არის. დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული კი არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები სუბსტანცია. ყველა ღვთიშვილს შეუძლია ცეკვა. მეორე დღეს ტაბატა აღესრულა.
იოსია პიტჩერის წრეზე იდგა და თავი დროის მდინარებისთვის მიენდო. სადღაც შორიდან სასწრაფო დახმარების სირენის ხმა ისმოდა. დაუბერა ქარმა, ააშრიალა ბალახი, ყური მიუგდო მის სიმღერას და ისევ ჩადგა.
– ღმერთო, – აღმოხდა იოსიას.
© ”ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”