
ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო გიორგი მაჭარაშვილმა
1968 წლის მაისში ჰერბერტ მარკუზე ევროპას ესტუმრა, სადაც გერმანიასა და საფრანგეთში დიდი სტუდენტური გამოსვლები მიმდინარეობდა. ბუნებით მეამბოხე ფილოსოფოსი მუდამ ყურადღებით ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მას ხიბლავდა დაკვირვება იმ დეტალებზე, რომლებიც ადამიანებს პირველყოფილ საწყისებთან გვაბრუნებენ. 1968 წელს მიმდინარე გამოსვლები მან სწორედ ასეთ მოვლენად მიიჩნია. ამერიკაში დაბრუნებიდან მალევე, მარკუზემ სან დიეგოს უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარა. როგორც ამბობენ, აუდიტორიაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. მარკუზემ, ორ საათიანი ლექციის განმავლობაში, არაერთი მაგალითი გაიხსენა წარსულიდან, რათა მსმენელს კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოედგინა პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მიმართავდნენ ევროპაში.
ჰერბერტ მარკუზე მარტინ ჰაიდეგერის მოსწავლე გახლდათ, თუმცა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ – მალევე დატოვა გერმანია. მას იმ პერიოდში მოუწია ევროპაში ცხოვრება, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა უარესობისკენ. ცხადია, ამან ფილოსოფოსს საშუალება მისცა ახლებურად გადაეაზრებინა ის წესრიგი, რომელიც მის სამშობლოში დამყარდა. ამერიკაში გახიზნულმა მარკუზემ რევოლუციათა თავისებურებების კვლევა დაისახა მიზნად. იგი აქტიურად ამუშავებდა მარქსისა და ენგელსის ნაშრომებს. საკუთარი მიგნებები შემდგომ ერთ დიდ წიგნად შეკრა, რომელსაც ფილოსოფოსმა „გონება და რევოლუცია“ უწოდა. მარკუზე, მარქსის თეორიის გავლენით, ცდილობდა აეხსნა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, თუმცა არ ერიდებოდა იდეათა გადასინჯვას. მას მიაჩნდა, რომ კაპიტალისტური სისტემა, ისევე, როგორც სტალინური რეჟიმი, მჩაგვრელობითი ბუნების მატარებელია, შესაბამისად, ის ადამიანმა ბიოლოგიურ დონეზე უნდა უარყოს. ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში რეპრესირებულია ჩვენი ნამდვილი ბუნება. მისი აზრით, დამახინჯებული ფანტომების მიღმა არსებული ცნობიერება ხელახლაა შესასწავლი, ვინაიდან, ადამიანები მისგან მნიშვნელოვნად არიან დაშორებულები. მარკუზემ სცადა საკითხისთვის რამდენიმე მხრიდან შეეხედა. მარქსისტული იდეების კვლევის გარდა, იგი ფროიდსაც ჩაუკვირდა, რამაც „ეროსისა და ცივილიზაციის“ დაწერისკენ უბიძგა. ცნობილი ფსიქოლოგის სექსუალობასთან დაკავშირებული მოსაზრებები ფილოსოფოსისთვის ახალი კითხვების დასმის საშუალებად იქცა. ზოგიერთი საკითხი შემდგომ მან სხვა ნაშრომებშიც განავრცო, თუმცა საბოლოოდ მაინც ამბოხთან დაკავშირებულ თემატიკას დაუბრუნდა, რაც განპირობებული იყო იმ პერიოდის ევროპაში მიმდინარე მოვლენებით.
მარკუზე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას. იგი უწყვეტად ატარებდა ლექციებს ევროპისა თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. აუდიტორიები ყოველთვის სავსე იყო სტუდენტებით, რომლებიც, პროფესორის მსგავსად, მომართულები იყვნენ სამყაროს თავს დატეხილი პრობლემატიკის ახლებურად დასანახად. ქვემოთ მოცემული ლექციაც სწორედ ამის დასტურია. საუბრის ბოლოს, მკითხველი შეამჩნევს, რაოდენ ზუსტ საკითხებზე კონცენტრირდებიან მსმენელები. ისინი თითქოს ფიქრის უწყვეტ ჯაჭვში არიან ჩაბმულები და საკუთარი კითხვებით ცდილობენ მარკუზეს მიერ გადმოცემული ამბის დამატებითი დეტალებით შევსებას. ლექცია გარკვეული პერიოდი დაკარგულად მიიჩნეოდა, სანამ, მოგვიანებით, მისი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ჩანაწერი ერთ-ერთ ჟურნალში არ გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლა 1968 წლით თარიღდება, შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ იქ წამოჭრილი საკითხები დღესაც აქტუალურია და ხელახლა საჭიროებს ახალი ეპოქის შესაბამისად გადააზრებას.
პროტესტი თითქოს საკმაოდ უწყინრად დაიწყო. უნივერსიტეტში აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმების მოთხოვნით, სტუდენტები პარიზის სიახლოვეს, ქალაქ ნანტერში შეიკრიბნენ. დემონსტრაციამ, ისევე, როგორც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ გამართულმა ხალხმრავალმა გამოსვლებმა, ნელ-ნელა მთავრობა აიძულა ახალგაზრდობის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიეღოთ. ცხადია, ამას პარიზში მყისვე მოჰყვა პროტესტი. სორბონის უნივერსიტეტში დაძაბულობის კერა შეიქმნა. სტუდენტები სასწავლებელში რეფორმების ჩატარებას ითხოვდნენ. მათ არ მოსწონდათ შუასაუკუნეობრივი, დრომოჭმული მმართველობის ფორმა, რომელიც აფერხებდა პროგრესსა და განვითარებას.
ახალგაზრდები მოითხოვდნენ ათასობით ახალი პროფესორის დაქირავებას, აუდიტორიების გარემონტებასა და ბიბლიოთეკის შენობების აშენებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამუშაო სივრცეთა სიმრავლე მნიშვნელოვნად გაზრდიდა მათ პროდუქტიულობას. ამასთან, სტუდენტებს სურდათ უცნაური და გაუგებარი საგამოცდო სისტემის შეცვლაც. ახალგაზრდები საკუთარ მოსაზრებებს საკმაოდ ხისტად და გულწრფელად აფიქსირებდნენ. მათ სორბონის ეზოში გადაწყვიტეს შეკრება, სადაც საბოლოოდ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მართლაც, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტის რექტორმა პოლიციის გამოძახება. ვფიქრობ, ამ საქმეში თავისი როლი შინაგან საქმეთა მინისტრმაც შეასრულა. პოლიციას უნივერსიტეტის ეზოს გაწმენდა დაევალა. ისინიც მყისვე შეუდგნენ დავალების შესრულებას. წარმოიდგინეთ, ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც პოლიციამ გადაკვეთა სასწავლებლის ეზო და უნივერსიტეტის ეზოში შეიჭრა სტუდენტების დასარბევად.
ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. პარიზში ისტორიული დღე გათენდა. ევროპული უნივერსიტეტები აქამდე არასდროს დაურბევიათ პოლიციელებს. მეტიც, სასწავლებლები ერთგვარი იმუნიტეტითაც კი სარგებლობდნენ. ეს უძველესი ტრადიცია გახლდათ, რომელსაც საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ზედმიწევნით იცავდნენ. ამ მოვლენამ ყველაფერი შეცვალა. ჩვენ ვიხილეთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა საქმეში პოლიცია ჩაერია და მათი ძალის დახმარებით გაიწმინდა სორბონის ეზო. შეხლა-შემოხლის დროს ასეულობით სტუდენტი დაშავდა.
იცით რა გამოიწვია ამან? პარიზში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. პროტესტმა ქალაქის ყველა უბანში იფეთქა. პარიზი თითქოს ერთიანად აბრიალდა. ხალხმა სორბონის უნივერსიტეტისკენ დაიწყო მსვლელობა. პოლიციამ სასწრაფოდ გადაკეტა მიმდებარე ტერიტორია. მათ სრულად დაიკავეს სასწავლებლის შენობა. უნივერსიტეტი დროებით დახურულად გამოცხადდა. სტუდენტებმა ახალი პირობები წაუყენეს მთავრობას. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის გახსნას და ,,ლათინური კვარტლიდან” პოლიციელების გაძევებას. მათ მიაჩნდათ, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ და იქ ძალოვან უწყებებს არაფერი ესაქმებოდათ.
ბარიკადების აღმართვა
მას შემდეგ, რაც სტუდენტები სორბონისკენ დაიძრნენ, გავრცელდა ხმა, რომ პოლიცია მზად იყო კვლავაც ძალისმიერად ჩაეხშო მათი პროტესტი. ძალოვან უწყებებს ტერიტორიის გაწმენდა დაევალათ. სტუდენტები მათ ქმედებებს მომზადებულები დახვდნენ. ახალგაზრდებმა ბარიკადები აღმართეს. ეს მართლაც სპონტანური, სრულიად დამაბნეველი ქმედება აღმოჩნდა მთავრობისთვის. სტუდენტებმა არაფრად ჩააგდეს სხვის საკუთრებაში მყოფი მანქანები. მათ ვიწრო ქუჩებზე მყისვე გადაატრიალეს ისინი და სრულად ჩახერგეს უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზები. პარიზში ხომ ტროტუარზეც არაერთ ავტომობილს შეხვდებით, შესაბამისად, ტერიტორიის გადასაკეტად დიდი თავისმტვრევა არ დასჭირვებიათ. ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ფართო ქუჩების ჩახერგვა გაუჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ შეარჩიეს ვიწრო, ისტორიული გზები, რათა პოლიციელთათვის ახალი თავსატეხი გაეჩინათ.
სტუდენტებმა მანქანების გარშემო არაერთ ხარახურას მოუყარეს თავი. სხვადასხვა მხრიდან მოჰქონდათ ხის ნარჩენები, მუყაოს ყუთები, სანაგვე ურნები. ზოგიერთები საგზაო ნიშნების მოგლეჯასაც არ მოერიდნენ (,,შეჩერდი”, ,,აქეთ ცალმხრივად მოძრაობაა დაშვებული” – ამ ტიპის წარწერებსა და ნიშნებს გზაზე მრავლად შეხვდებოდით). დამერწმუნეთ, ჩემი მიზანი არ გახლავთ თქვენთვის რევოლუციის მოწყობის საფუძვლების ახსნა. აქ, ამერიკაში, ამას მაინც ვერ შეძლებთ, ვინაიდან გარშემო ფართო გზა აკრავს სასწავლებლებს. ტროტუარიც ახალი გაკეთებულია, შესაბამისად, მისი დამტვრევაც გაგიჭირდებათ. პარიზი მნიშვნელოვნად განსხვავდება აქაურობისგან. სტუდენტებმა ტროტუარების აყრა მოახერხეს, რამაც პოლიციელთათვის დამატებითი დაბრკოლება გააჩინა. ეს გასაკვირი სრულებით არ გახლავთ. 1848 და 1870 წლებშიც, საფრანგეთში მიმდინარე რევოლუციის დროს, ადამიანებმა სწორედ იმავე გზას მიმართეს. საგულისხმოა, რომ გზების გაფუჭება ოდითგანვე ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ფრანგებისთვის მნიშვნელოვან იარაღად მიიჩნეოდა. სტუდენტები ნაგვის ურნის სახურავებითა და რკინის ჯაჭვებით შეიარაღდნენ. მათ მიერ აგებულმა ბარიკადებმა ოთხი მეტრის სიმაღლესაც კი მიაღწია. ახალგაზრდები ხმაურობდნენ, რკინას უბრახუნებდნენ გადატრიალებულ მანქანებს და პროტესტის მუხტის გაზრდას ცდილობდნენ. მათ პოლიციელებზე თავდასხმა არც კი უფიქრიათ. ისინი მხოლოდ თავის დასაცავად ემზადებოდნენ.
დილის სამის ნახევრამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შემდგომ პოლიციელებმა ქუჩის გასუფთავების ბრძანება მიიღეს. მათ ძალის დახმარებით უნდა მოეშორებინათ ბარიკადები ტერიტორიიდან და ნებისმიერი წინააღმდეგობის კერა ჩაეხშოთ. პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად გაზის ყუმბარები და სხვადასხვა ცრემლსადენი საშუალება გამოიყენა. ამბობენ, რომ ძალოვანმა უწყებებმა, ჯანმრთელობისთვის საშიში, ქლორის შემცველი ნივთიერებებიც კი გაუშვეს სტუდენტებისკენ. მართალია, შემდგომ, მთავრობა ამ ფაქტს უარყოფდა, თუმცა საკუთარი თვალით მყავს ნანახი სახეაწითლებული ადამიანები, რომელთაც თვალები ეწვოდათ და გულისმომკვლელად ყვიროდნენ. ცხადია, გაზის გამოყენებისთანავე სტუდენტებს ბარიკადების დატოვება მოუწიათ. ტერიტორიაზე აირწინაღის გარეშე გაჩერება შეუძლებელი გახდა.
დასარბევად მომზადებულმა პოლიციელებმა თავზე ჩაფხუტები მოირგეს, ხელკეტებით შეიარაღდნენ და ტყვიაგაუმტარი ფარებით მომარჯვებულები დაიძრნენ დემონსტრანტებისკენ. ვფიქრობ, რომ აირწინაღების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ. პარიზის პოლიციას პისტოლეტის ან რევოლვერის სროლის უფლება არ აქვს. ისინი მწყობრად მოძრაობენ, ხელკეტებს აქეთ-იქით იქნევენ და ამ გზით სასტიკად უსწორდებიან გაფიცულებს.
შაშხანებით შეიარაღებული ძალოვნები მოუქნელად მოძრაობდნენ. ისინი იარაღის გადატენას სწრაფად ვერ ასწრებდნენ, რის გამოც მათ გამოყენებაზე ოპერაციის მსვლელობისას უარი თქვეს. გაზმა სტუდენტები ბარიკადებს მოაშორა. პოლიციელებმა დრო იხელთეს და მალევე წაუკიდეს ცეცხლი იქაურობას. ისინი გარშემო ცრემლსადენ გაზსა და ყუმბარებს ისროდნენ, რათა ხელახალი შეჯგუფება აერიდებინათ თავიდან.
აი, ახლა, ჩვენ ძალიან საგულისხმო, უკიდურესად ფრანგულ ამბავს მივადექით. ეს არის ის დეტალი, რაც პარიზს აქაურობისგან განასხვავებს. ლათინური კვარტლის მოსახლეობა ამ ამბავს ფანჯრიდან შეჰყურებდა. მათ მყისვე სტუდენტების მხარე დაიჭირეს და პოლიციელებს ათასგვარი ხარახურა დაუშინეს. წარმოიდგინეთ, ღამის ქოთნების სროლასაც კი არ მოერიდნენ, რამაც ძალოვნები გააცოფა. ისინი გაზის ყუმბარებს პირდაპირ სახლებში ისროდნენ და მოსახლეობისგან თავის დაცვას ცდილობდნენ. მალე ცეცხლწაკიდებული ბარიკადები მათთვისვე აღმოჩნდა დაბრკოლება. კვამლის გამო, ძალოვნებს უკან დახევა გაუჭირდათ, რამაც ისინი იოლად აქცია ხელახალი თავდასხმის ობიექტად. ბევრი პოლიციელი დაშავდა, თუმცა კარგი დღე არც პროფესორებს დაადგათ. არაერთი ლექტორი იმყოფებოდა დემონსტრაციაზე სტუდენტებთან ერთად. ისინი ახალგაზრდებს ბარიკადების აღმართვაში ეხმარებოდნენ და გაზის გაშვების შემდგომაც – ძალიან ენერგიულად განაგრძობდნენ მათ დაცვას. სწორედ ამიტომაც იმსახურებს პროფესორების მიერ ღიად და გულწრფელად დაფიქსირებული პროტესტი – ცალკე აღნიშვნას.
უკან დახევა არც ერთი მხარისთვის არ გამოდგა მარტივი. იმ ღამეს რვაასამდე ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც 350-400 პოლიციელი იყო. მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს არც ისე ურიგო თანაფარდობაა.
გაფიცვა
ცხადია, დემონსტრაციები არ შემწყდარა. პროტესტი გაგრძელდა. სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, ბარიკადების აღმართვის ერთ-ერთი ინიციატორი, დანიელ კონ-ბენდიტი, დილის 6 საათისთვის მიხვდა, რომ ახალგაზრდებმა ქუჩის ეს ბრძოლა წააგეს, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი შეტაკებები იყო მოსალოდნელი. მან თანამებრძოლებს განუცხადა: „ახლა ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ საყოველთაო გაფიცვისკენ მოვუწოდოთ მოსახლეობას.“ იგი ერთ საათში უკვე პროფკავშირებთან მართავდა მოლაპარაკებებს. მათი ძალმოსილება დღევანდელ მსოფლიოში ძალიან კარგად მოგეხსენებათ. მცირე ხნის შემდეგ, კონ-ბენდიტმა შეთანხმებას მიაღწია. საყოველთაო გაფიცვის დღედ ორშაბათი გამოცხადდა. ცხადია, შემდეგ ყველამ იცით, რაც მოხდა. ამ შეთანხმებისთვის არავის უღალატია.
მოდით, წამით შევყოვნდეთ და ვეცადოთ ჩავუკვირდეთ მოვლენათა მსვლელობას. მგონია, რომ კონ-ბენდიტის ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პროტესტისათვის. პირველ რიგში, ამ ქმედებით იგი შეეცადა არასრულფასოვნების კომპლექსისგან განეკურნა ყველა ის ინტელექტუალი, რომლებიც უძრაობაში იმყოფებოდა და ერიდებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ამასთან, სტუდენტებმა დასაქმებულებს უჩვენეს, რომ მხოლოდ აქტივობით არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა. დინამიკა უბიძგებს ადამიანს ცვლილებისკენ. მართლაც, დასაქმებულებმა ირწმუნეს ახალგაზრდების. მათ მოიწონეს ის იდეაც, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ სტუდენტები და გაფიცვა გადაწყვიტეს. სტუდენტები პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდნენ. აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ისინი ხალხს რევოლუციისკენ არ მიუძღოდნენ. მათმა ქმედებებმა მხოლოდ პროცესს მისცა ბიძგი, რათა ადამიანებს ცვლილებების განხორციელების რეალისტურობა ერწმუნათ. გაფიცვამ სპონტანურად მიიღო მასობრივი გამოსვლების ფორმა. ვფიქრობ, ეს მოვლენა თამამად შეიძლება მოვნათლოთ გარდამტეხ მომენტად.
ის, რაც პარიზში ამ სამი კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ახალი სრულებით არ ყოფილა საფრანგეთისათვის. თითქოს ხალხმა ისტორიული წარსული გაიხსენა. მათ რევოლუციის ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტეს. ყველაფერი უცბად მოხდა. ოციანი წლების შემდგომ, ევროპაში პროტესტს ასეთი ძალით არასდროს ამოუხეთქავს. თითქოს მიძინებულმა ურჩხულმა გამოიღვიძა. გაფიცვებმა მასობრივი სახე მიიღო. დემონსტრაციებს ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა. ყველაფერი ბარიკადების აგებით დაიწყო და შენობების დაკავებით გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეებმა ჯერ საუნივერსიტეტო სივრცე აითვისეს, შემდეგ კი თეატრებს, ქარხნებს, აეროპორტებს, ტელე-რადიო სადგურებს და ამგვარ დაწესებულებებს მიადგნენ. რა თქმა უნდა, ამ შენობებს მხოლოდ სტუდენტები როდი იკავებდნენ. აქ იყვნენ საწარმოში დასაქმებული ადამიანები, მუშები, ყველა ის პირი, ვისაც სურდა ცვლილებები რეალობად ექცია. თავდაპირველად, საპროტესტო გამოსვლები სასტიკად გააკრიტიკეს კომუნისტების მიერ კონტროლირებადმა პროფკავშირებმა. მეტიც, ყოველდღიურმა გაზეთმა, „L’Humanité“-მ, ამ ამბავს ცალკე სტატიაც კი მიუძღვნა. კომუნისტები ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალგაზრდებს, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და თან კლასობრივ ბრძოლასთან დაკავშირებული არგუმენტებით ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის დაცვას. ეს თემა ხომ მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ თაროზე შემოდებული, თუმცა დადგა მომენტი, როდესაც იფიქრეს, რომ დრო იყო მტვერწაყრილი ლოზუნგები პროტესტის საწინააღმდეგოდ მოემართათ. კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ სტუდენტები ბურჟუაზიის ტიპური წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც არ შეეძლოთ ადამიანების პროგრესამდე მიყვანა. ამ იდეოლოგიის წარმომადგენლები ემიჯნებოდნენ ბურჟუაზიის წარმომადგენლებს და ყოველგვარ თანამშრომლობაზე აცხადებდნენ უარს. სიმართლე გითხრათ, ეს დამოკიდებულება სრულებით არაა გასაკვირი. კომუნისტებს არ სურდათ ახალგაზრდობის მოწოდებებს დამორჩილებოდნენ, ვინაიდან სტუდენტები არა მხოლოდ კაპიტალისტური საზოგადოების თავსმოხვეული წესების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, არამედ სასტიკად აკრიტიკებდნენ სოციალიზმის სტალინურ გაგებასაც. მათთვის მიუღებელი იყო ის მოდელი, რომელსაც კომუნისტები ასე თავგამოდებით იცავდნენ.
მგონია, რომ ეს დაპირისპირება მთლიანი სურათის დანახვაში დიდ სამსახურს გაგვიწევს. საფრანგეთის კომუნისტური პარტია, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეტიც, ისინი გამალებით ესწრაფვიან ხელისუფლებაში მოსვლას. მართალია, მათ არ გააჩნიათ საკმარისი მხარდაჭერა, თუმცა მერწმუნეთ, მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი იქ მყოფ ადამიანებს ნამდვილად აქვთ. მოდით, დავსვათ კითხვა: როგორ მოხდა, რომ სტუდენტურმა მოძრაობამ მასობრივი გაფიცვების სახე მიიღო? სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია. ლექციის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ყველაფერი საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელების აუცილებლობით დაიწყო, თუმცა მალე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ახალგაზრდებმა გააცნობიერეს თავიანთი მდგომარეობა. ისინი მიხვდნენ, რომ სასწავლო დაწესებულებები – ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. თუკი საზოგადოება ცვლილების აუცილებლობას ვერ გაიაზრებს, ისინი ყველასგან მიტოვებულები აღმოჩნდებიან. აი, ეს გახლდათ შემობრუნების წერტილი, რომელსაც სტუდენტებმა მიაგნეს. ისინი მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს ჩაუკვირდნენ და შეეცადნენ მათი სატკივარიც წამოეტივტივებინათ ზედაპირზე. ამან ძალიან კარგად იმუშავა.
ყველაფერი ამ მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. სტუდენტები მუშების გადმობირებას შეეცადნენ. მათ სურდათ, რომ ეს ადამიანები პროტესტს შეერთებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ პროფკავშირებმა გზად არაერთი დაბრკოლება წარმოქმნა, ახალგაზრდებმა მაინც მოახერხეს ქარხნებსა და ფაბრიკებში ადამიანების დარწმუნება. პარიზსა და მის შემოგარენში მისული სტუდენტები – მუშებს აქტიურად ესაუბრებოდნენ ცვლილების აუცილებლობის შესახებ. სიმართლე ითქვას, ამან გაამართლა, ვინაიდან მათ ბევრი თანამოაზრე აღმოაჩინეს. განსაკუთრებული თანაგრძნობა სტუდენტების მიმართ იმ ახალგაზრდა ადამიანებმა გამოხატეს, რომლებიც ფაბრიკებსა და ქარხნებში იყვნენ დასაქმებულები.
სტუდენტები მალე მოედნენ ქუჩებს. მათ უნივერსიტეტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, რამაც ბიძგი მისცა მუშებს, რომ მოქმედება დაეწყოთ. დასაქმებულებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. ამრიგად, სტუდენტების სწავლა-განათლებასთან დაკავშირებული პირობები – ჰარმონიულად შეერწყა სოციალურ პრობლემებს, რამაც ეს ყველაფერი დიდ, პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოძრაობად აქცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპონტანურობას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა.
მოვლენები სწრაფად განვითარდა. ასობით ათასმა დასაქმებულმა რამდენიმე ათეული შენობა დაიკავა. გარეუბანში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეწყვიტეს. კომუნისტების მიერ კონტროლირებად პროფკავშირებს სხვა გზა არ დარჩათ. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი გაფიცულებს. ამ ნაბიჯმა მოძრაობას განუზომელი ძალა შემატა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კომუნისტებს ახალი არაფერი მოუმოქმედებიათ. ისინი სულ ასე იქცეოდნენ, როდესაც კონტროლს კარგავდნენ სიტუაციაზე. მათ ურჩევნიათ დამარცხებულის მხარეს ყოფნას, მყისვე შეცვალონ პოზიცია და შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს, რათა შემდგომ წარმატებულად განაგრძონ საკუთარი იდეების გავრცელება ხალხში. კომუნისტები ათწლეულებია ამ გზას ადგანან, შესაბამისად, დაკვირვებულ თვალს ეს ამბავი სიახლედ არ უნდა მოეჩვენოს.
პროტესტის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროტესტის მონაწილეები საფრანგეთის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათ სურდათ უნივერსიტეტში არსებული პოლარიზაციის დასრულება. სტუდენტები ხედავდნენ, რომ აუდიტორიაში ნასწავლი მასალა არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რომელშიც ადამიანებს ყოველდღიურად უწევდათ ცხოვრება. არსებული უფსკრულის აღმოფხვრა არც ისე იოლი ჩანდა. შუასაუკუნეობრივი, მოძველებული მეთოდები კრიტიკას ვერ უძლებდა, რასაც საბოლოოდ შემზარავ, სავალალო ვითარებამდე მიჰყავდა ხალხი. სტუდენტთა აზრით, უნივერსიტეტს სარკისებურად უნდა აერეკლა ის რეალობა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უწევდა ცხოვრება.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ სიტყვისა და მოსაზრებების გამოხატვის სრულ თავისუფლებას, თუმცა იქვე დასძენდნენ, რომ გამონაკლისს აქაც უნდა ეარსება. კონ-ბენდიტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სტუდენტებს სიფრთხილე მართებდათ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება ამერიკული პოლიტიკის მომხრეებსა და ვიეტნამის ომის დამცველებს ბოროტად გამოეყენებინათ. ამგვარი მიდგომა ხომ პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებასაც უწყობს ხელს. კონ-ბენდიტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი სასტიკად განუდგებოდნენ ძველი დროის ყველა იმ წარმონაქმნს, ვინც სიტყვის თავისუფლებას ამ მიზნობრიობით გამოიყენებდა. მეტიც, მისი აზრით, ნეოკოლონიალური წარმოდგენები დროულად უნდა დასრულებულიყო საფრანგეთში. საზოგადოებაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ყველა გზით ცდილობდნენ თავისუფლების უკანასკნელი ნარჩენების განადგურებას. მათ პროპაგანდისტული განცხადებების გავრცელება ყველაზე მძლავრ იარაღად ესახებოდათ. ცხადია, კონ-ბენდიტი ამას წინ და წინ ხედავდა, ამიტომ ის საზოგადოებას შესაძლო საფრთხეთა შესახებ აფრთხილებდა.
პროტესტის მონაწილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გახლდათ. მათ აფრთხობდათ ის ფაქტი, რომ მრავალწლიანი შრომისა და სწავლის შემდგომ, როდესაც დასაქმების ბაზარზე გამოვიდოდნენ, შესაძლოა სასურველი პოზიციის დაკავება ვერ მოეხერხებინათ. წარმოიდგინეთ, მეცნიერი, ინჟინერი, არქიტექტორი, რომელიც ვერ ახერხებს სამსახურის დაწყებას. ეს ნამდვილად დამაფიქრებელი მოცემულობაა. საფრანგეთში მაღალი უმუშევრობის დონე კვლავაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. არსებობს რისკი, რომ არა მხოლოდ ერთეულებმა, არამედ ათეულობით ათასმა ადამიანმა ვერ მოახერხოს სასურველი პოზიციის დაკავება. ცხადია, ეს მოთხოვნაც პირდაპირ უკავშირდებოდა უნივერსიტეტების მოდერნიზაციას.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საფრანგეთში არსებული გამოსვლები სოციალისტური იდეების დიდ გავლენას განიცდიდა. აქვე, მკაფიოდ მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მე პროტესტის მონაწილეებს საბჭოთა რეპრესიული მოდელის შემოქმედებთან არ ვაიგივებ. ისინი უფრო მეტად მაოისტური ხედვის მიმდევრებად მესახებიან. ცხადია, კომუნისტურმა პრესამ მყისვე იხელთა დრო და სტუდენტები ტროცკისტებად, რევიზიონისტებად შერაცხა. ვფიქრობ, რომ მაო სოციალისტური საზოგადოების აღმშენებლობის სიმბოლოა, რომელიც თავს არიდებს საბჭოთა სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ სასტიკ სტალინურ რეპრესიებს.
მოდით, აქ ცოტა ხნით შევყოვნდეთ და ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ჩავუკვირდეთ, რაც პროცესში ნათლად გამოიკვეთა. ვფიქრობ, ამერიკულ და ფრანგულ საპროტესტო გამოსვლებს საერთო საფუძველი აქვთ. ხალხი მასობრივად ეწინააღმდეგება არა უსამართლობის ან ნაკლოვანების კონკრეტულ ფაქტებს, არამედ ფასეულობათა მთელ სისტემას, რომელიც გადასინჯვას საჭიროებს. აქამდე დამკვიდრებული ქცევა აღარ არის ახალი დროის შესაბამისი. ის ცვლილებას საჭიროებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება აპროტესტებს იმ ძირგამომპალ ფასეულობათა ერთობლიობას, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური ინსტიტუტების გაჯანსაღებასაც. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული ქმედებით არის შესაძლებელი უკეთესი რეალობის შექმნა.
დანამდვილებით მჯერა, ამ ტიპის მოძრაობა აუცილებლად მიგვიყვანს კულტურულ რევოლუციამდე. მე აქ ვგულისხმობ აჯანყებას საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული მორალის წინააღმდეგ. ადამიანები თავსმოხვეული იდეებისგან განთავისუფლებას ცდილობენ, რაც დიდ ცვლილებებს მოასწავებს.
საფრანგეთის მოცემულობა, ფრანგული ტრადიციები
მოდით, ერთი რამ ვიკითხოთ: როგორ მოიპოვეს საფრანგეთში სტუდენტებმა მოსახლეობის ამგვარი მხარდაჭერა? რატომ დაიწყო ყველაფერი სპონტანურად და საიდან გაჩნდა თანაგრძნობის ამგვარი განცდა მათ მიმართ? აქ, განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ რაოდენ სწრაფად ირწმუნეს ახალგაზრდების მუშათა კლასის წარმომადგენლებმა. ვფიქრობ და ვხვდები, რომ ფრანგული მოცემულობა – ამერიკულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუკი დაუკვირდებით, იოლად შენიშნავთ, რომ საფრანგეთში მოსახლეობის უმრავლესობა იმაზე უფრო ხელმომჭირნედ ცხოვრობს, ვიდრე აქ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მდიდარ ადამიანებამდე მისასვლელი გზა თითქოს ჩახერგილია. საფრანგეთის მუშათა კლასი ბევრ ადამიანს აერთიანებს. მათ უწყვეტი პროტესტის დიდი ტრადიცია უმაგრებთ ზურგს, შესაბამისად, ცვლილებებს არასდროს უფრთხიან.
შემიძლია, ცოტათი გავართულო საკითხი და ამ მოვლენის მეტაფიზიკური ახსნაც შემოგთავაზოთ. საფრანგეთმა ბოლო ასი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუცია გამოიარა. მსგავსი მოვლენები, ადამიანებში იმედს აჩენს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ კვლავ შეუძლიათ გამოცოცხლება და აჯანყება დრომოჭმული სისტემის წინააღმდეგ. რევოლუციური ტრადიციის არსებობას ერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ზურგს მსგავსი გამოცდილება გიმაგრებს, თავს ბევრად თავდაჯერებულად გრძნობ, რაც მოქმედების არეალს აფართოებს.
მინდა ორი სიტყვით შევეხო გერმანიაში მიმდინარე სტუდენტურ გამოსვლებს. მოდით, ბერლინში არსებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. გერმანიაში ვიზიტისას, მხოლოდ ამ ქალაქის მონახულება მოვახერხე, რაც საშუალებას მაძლევს უფრო დამაჯერებლად გადმოგცეთ იქ განვითარებული მოვლენები. ჩემი შარშანდელი სტუმრობის შემდგომ – შევნიშნე, რომ ბერლინში ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით თვალშისაცემია სტუდენტური მოძრაობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების რადიკალურობა. ისინი უარს ამბობენ დისკუსიაზე, საჯარო საუბარზე და მუდამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ესწრაფვიან. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მოძრაობაში ყოფნა… ძალისხმევის მიმართვა კონკრეტული მომენტისკენ, რაც შემდგომ გარდამტეხ წამად იქცევა. აი, რა ვიგრძენი ბერლინში ყოფნისას. გერმანელები ყოველი ქმედებით გამოხატავდნენ ცვლილებებისადმი მზაობას. ისინი თითქოს პროტესტის ტემპსა და მუხტს აკონტროლებდნენ და ცდილობდნენ შეყოვნების (ფიქრისა და განსჯის) დრო არ დაეტოვებინათ ხელისუფლებისთვის.
ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ყოველ დღე იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტები უდიდეს აუდიტორიებს ავსებენ და ამ სივრცეს პოლიტიკური საკითხების განსჯისათვის იყენებენ. საინტერესოა, რომ ბერლინის უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლებელია, სადაც სტუდენტებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ უნივერსიტეტის აღმასრულებელ საბჭოში. მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებაც აქვთ და ხმის მიცემის საშუალებით შეუძლიათ ფაკულტეტის წევრების დანიშვნა ან დათხოვნა. ეს ცვლილებები, თუ გონება არ მღალატობს, 1948 წელს შევიდა ძალაში.
გერმანელთა პროტესტი ძალიან მაფიქრებს, ვინაიდან ის შეიძლება საკმაოდ უიმედოდ დასრულდეს. საქმე ის გახლავთ, რომ სტუდენტურ მოძრაობას ბევრად დიდი ძალის მქონე სტრუქტურასთან უწევს დაპირისპირება. ვფიქრობ, მათ ამ ეტაპზე ასეთი ბარიერის დაძლევა არ შეუძლიათ. რიცხვების ნახვისთანავე განსხვავება თვალშისაცემი გახდება. საფრანგეთში პროტესტი თხუთმეტი ათასმა ადამიანმა დაიწყო, თუმცა მალე მათი რიცხვი ასი ათასამდე გაიზარდა. ამ ოდენობის ხალხმა იოლად შეიძლება დაიკავოს შენობები, რომელთა დაბრუნებაც შემდგომ არც ისე იოლი ამბავია. მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს ადგილები დიდი ხნითაც კი რჩება ხელშეუხებელი.
ბერლინში მსგავსი არაფერი ხდება. სტუდენტურ მოძრაობას ბევრი მტერი ჰყავს. მათ არც მოსახლეობა უჭერს დიდად მხარს. მუშათა კლასიც ინერტულია. ამ მხრივ, იქ არსებული გამოსვლები ძალიან ჰგავს აშშ-ში გამართულ დემონსტრაციებს. პროტესტის მუხტის გაზრდა ხშირად პოლიციასთან შეტაკებით სრულდება, რაც არცთუ მომგებიანი სტრატეგიაა. ვფიქრობ, ეს სახიფათო წამოწყებაა, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, მე ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი მიზანია, ადამიანებს იმ საფრთხეთა შესახებ ვესაუბრო, რაც შეიძლება ამ ტიპის ქმედებებმა გამოიწვიოს. ადამიანებს აღარ სჯერათ დემოკრატიული პროცესის. მათ მოთმინება დაკარგეს. ისინი აღარ ენდობიან გერმანიაში გაბატონებულ წესრიგს და პოლიციის სისასტიკეც კარგად მოეხსენებათ. გერმანია ჯერ კიდევ გაჟღენთილია ნაცისტური სისტემის წარმონაქმნებით. უნივერსიტეტის ავტორიტარული სტრუქტურა შეცვლას საჭიროებს. პროფესორებისა და ფაკულტეტის წევრების უმრავლესობა ნებისმიერი ამბოხის მიმართ, მტრულადაა განწყობილი, იმისდა მიუხედავად, რომ ამან შეიძლება პროგრესისკენ წაიყვანოს არსებული პროცესი. ალბათ, ახლა ხვდებით, რატომაც ვფიქრობ, რომ გერმანიაში პროცესი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება.
ბერლინელ სტუდენტთა ქმედებები გაბედულებით გამოირჩევა. ისინი ფიქრობენ, რომ მძაფრი და თვალშისაცემი ქმედებების გარეშე – ფონს გასვლა გაჭირდება. ალბათ, ამის გამო ერიდებიან საუბარსაც და პირდაპირ პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ, რაც სიმბოლოების დაწვითა და ვიტრინების ჩამსხვრევით გამოიხატება. მათ არ სურთ რაიმეს ახსნა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ არაკონფორმისტული ქმედებები ადამიანებს უფრო სწრაფად აუხელს თვალს. სტუდენტები ყოვლისმომცველ, დიდი ძალმოსილების მქონე მტერს უპირისპირდებიან, რომელიც მზადაა შთანთქას ყველა მოწინააღმდეგე. პროტესტის მონაწილეთა მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოშლილი სისტემის ნარჩენები დაანახონ საზოგადოებას, რათა პროგრესული ნაბიჯები შემდგომ კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს.
იცით, არის კიდევ ერთი რამ, რაც მაფიქრებს. სტუდენტების პროტესტს ხშირად საზოგადოება არცთუ მეგობრულად ხვდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის უსიამოვნო ფორმებს იღებს. მათ სურთ ყველა გზით დაგმონ პროტესტი, რათა მუხტი ჩააქრონ და ქმედებას აზრი დაუკარგონ. მეჩვენება, რომ სიტყვა „ლიბერალი“ დღეს უფრო მეტად სალანძღავ კონტექსტში გამოიყენება. შეხედეთ, გერმანიის გამოსვლებთან დაკავშირებულ კრიტიკულ წერილებს და ამაში თავადაც დარწმუნდებით. მე ამ მოცემულობას არ ვეთანხმები, თუმცა თუკი გადავხედავთ ლიბერალური აზროვნების ტრადიციას, მარტივად მიხვდებით, რატომ შეიძლება გასჩენოდათ ადამიანებს მსგავსი დამოკიდებულება ამ იდეოლოგიის მიმართ.
მიმაჩნია, რომ დღეს არსებული მოვლენების წინააღმდეგ წასვლა არ არის მართებული, ვინაიდან აღმაფრთოვანებელია წინააღმდეგობრივი მოძრაობის ის საოცარი მუხტი, რომელსაც ამ ქვეყნებში მიაღწიეს ადამიანებმა. მათ საკუთარი სატკივრის ფართო მასებისთვის გაცნობა სურთ. ისინი პროგრესს ესწრაფვიან და ცდილობენ ცვლილებების დაჩქარებას. ძალიან ვყოყმანობ და მიჭირს გავაკრიტიკო პროტესტის მონაწილეთა უსიამოვნო, რადიკალური გამოვლინებები, ვინაიდან ვგრძნობ, რომ შეცდომათა მიუხედავად, ამ მოძრაობას დიდი ძალის მოკრება შეუძლია, რაც შემდგომ სასიკეთო შედეგებში გადაითარგმნება. მცდელობათა დაუსრულებელი ერთობლიობიდან იბადება პროგრესი. მთავარია კოორდინირებული მოქმედება, რათა გზას არ ასცდნენ ადამიანები და თავიანთი ყურადღება სხვა მიმართულებით არ მიაპყრონ.
ახლა კი ჯობს აქ გავჩერდეთ. ვფიქრობ, დღეისთვის უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ.
ლექციის შემდეგ – მარკუზემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა
პირველი შეკითხვა ვიეტნამის ომის სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაისვა. სტუდენტებს აინტერესებდათ – რამდენად შეიძლებოდა ამ ტიპის გამოსვლების სიტყვის თავისუფლების ჩარჩოში მოქცევა.
ჰერბერტ მარკუზე: დიახ, მგონია, რომ შემწყნარებლობა ყველა ადამიანის მისამართით უნდა გამოვიჩინოთ. ინდივიდები, რომლებიც ვიეტნამის ომს უწევენ პროპაგანდას, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა სარგებლობდნენ სიტყვის თავისუფლების უფლებით. მათი პოლიტიკა ძირს უთხრის პროცესს. ის დემოკრატიისთვისაც საზიანოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დიდ ჩიხშია შესული.
ამ კითხვის შემდეგ, მარკუზეს ჰკითხეს – რამდენად დაუჭერდა მხარს აინ რენდის ობიექტივიზმის ან სხვა რომელიმე ფილოსოფიური მიმართულების აკრძალვას (დაცენზურებას).
ჰერბერტ მარკუზე: არა, ეს აბსურდია. მოგეხსენებათ, ფილოსოფია ძალიან მიყვარს. არ მჯერა, რომ რომელიმე სააზროვნო სისტემას ჩვენთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ასევე, ცალკე აღებულ არც ერთი ფილოსოფიურ მიმართულებას არ ძალუძს ჩვენი პროგრესისკენ მიბრუნება. ამიტომ რა საჭიროა მათი დაცენზურება? არავის აქვს უფლება ჩაერიოს ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურის შექმნის პროცესში. მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ შემწყნარებლები ჩვენ განსხვავებული საზრისის მიმართ უნდა ვიყოთ, თუმცა სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ძალის გამოყენება ამ მიმართულებით დაუშვებელია. მე მხოლოდ იმ დესტრუქციული გამოსვლების აღკვეთა მსურს, რომელთაც საზოგადოებისთვის ზიანი მოაქვთ.
მარკუზეს სტუდენტებმა ,,პრაღის გაზაფხულთან” დაკავშირებითაც სთხოვეს მოსაზრების გამოთქმა.
ჰერბერტ მარკუზე: ჩეხოსლოვაკია აქტიურად მისდევდა სტალინური პერიოდის რეპრესიულ ტრადიციას. ისინი ცდილობდნენ სრული კონტროლი მოეპოვებინათ ყველა იმ წყაროზე, საიდანაც ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებების თავისუფლად მოსმენა შეეძლოთ. შეზღუდვები ყოველ წელს მკაცრდებოდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქმე ნორმალურად მიდიოდა. ამის ფონზე კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის სასტიკი კანონები, რომელთაც იქ იღებდნენ.
გავიდა დრო და ეკონომიკური ვითარება გართულდა. საჭირო გახდა კაპიტალისტური რეფორმების გატარება, რაც ცენტრალიზებულ კონტროლს შეარბილებდა და ინდივიდის როლს წამოწევდა პროცესში. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ საკუთარი შრომის შედეგი ენახათ, რაც ხშირად ბიზნესიდან მოგების მიღებაში გამოიხატება. სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო დამატებითი სტიმული, რაც ვითარებას დაამშვიდებდა
ჩეხოსლოვაკიაში საპროტესტო მოძრაობა არსებულ საზოგადოებას როდი ებრძოდა. ის მიმართული იყო პოსტ-სტალინური კონტროლის მექანიზმის წინააღმდეგ. ხალხი მიიჩნევდა, რომ მსგავსი მიდგომა სოციალისტური საზოგადოებისთვის საზიანო იყო.
ეკონომიკური პოლიტიკის შერბილებამ კულტურის მიმართულებითაც გააჩინა მოთხოვნები. ადამიანებს ცენზურის გაუქმება სურდათ. მათ მიაჩნდათ, რომ მწერლებს და ფილოსოფოსებს თავისუფლად უნდა გამოეთქვათ ნააზრევი. ხელისუფლება კონტროლის მექანიზმებით სასტიკად ცდილობდა წინააღმდეგობის ჩახშობას. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობა პოსტ-სტალინური მარწუხებისგან ცდილობდა გათავისუფლებას.
© არილი