ინტერვიუ,  პორტრეტი

ჰერტა მიულერი – არაფრისმთქმელი სიტყვა – იდენტობა

herta muller 43

ფილიპ ბოემის ინტერვიუ ჰერტა მიულერთან

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

ინგლისურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ჰერტა მიულერის ლიტერატურული ნობელით დაჯილდოებისას შვედურმა აკადემიამ ავტორი ასე მოიხსენია: “ის, ვინც გულისხმიერებით პოეზიაში და გულწრფელობით პროზაში ჩაგრულთა ცხოვრებას ასახავს”.

ამ სფეროს ის მართლაც რომ ზედმიწევნით კარგად იცნობს. მიულერი 1953 წელს დაიბადა ნიცკიდორფში, რუმინეთის ბანატის რეგიონის პატარა, გერმანულენოვან სოფელში. პირველი მსოფლიო ომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დამხობის შემდეგ ეს რეგიონი რუმინეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. 1940 წელს ანტონესკუს ფაშისტური მთავრობა მესამე რაიხთან ფორმალურ ალიანსში შევიდა, რის გამოც ბევრი ეთნიკური გერმანელი, მათ შორის ჰერტა მიულერის მამაც, გერმანიის სამხედრო სამსახურში ჩადგა. 1944 წელს წითელმა არმიამ ღრმად შეაღწია ქვეყანაში. ანტონესკუს მთავრობა დაემხო, ახალი რეჟიმი კი საბჭოელებს დაემორჩილა. 1945 წლის იანვარში სტალინმა რუმინეთში მცხოვრები ჩვიდმეტიდან ორმოცდახუთ წლამდე ასაკის ყველა გერმანელი საბჭოთა კავშირის იძულებითი შრომის კოლონიაში გადაასახლა. დეპორტირებულთა შორის იყო ჰერტა მიულერის დედაც.

ფ.ბ.: ნიცკიდორფის ფერმერთა ოჯახში დაიბადეთ.

ჰ.მ.: ჩემი ბაბუა შეძლებული ფერმერი იყო – ფლობდა მიწებს და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიას.Aასევე ვაჭრობდა მარცვლეულით და თვეში ერთხელ ვენაში მიემგზავრებოდა ხოლმე საქმეების მოსაგვარებლად.

ფ.ბ.: რა მარცვლეულით ვაჭრობდა? ხორბლით?

ჰ.მ.: ძირითადად ხორბლით და სიმინდით. სახლს, რომელშიც გავიზარდე, უზარმაზარი, ოთხსართულიანი მარცვლეულის ელევატორი ჰქონდა, მაგრამ 1945 წლიდან, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩამოგვართვეს და ოჯახს აღარაფერი ებადა, ეს ელევატორიც უქმად იდგა.

ფ.ბ.: მაღაზიას რა ბედი ეწია?

ჰ.მ.: თავის დროზე მაღაზიაში ყველანაირი დასახელების საქონელი იყიდებოდა. მერე სოციალისტებმა ისიც ჩამოგვართვეს. დედა და ბებია მუშაობდნენ იქ. ბაბუა ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი მიითვისა, რის მოსაპოვებლადაც მთელი ცხოვრება შრომობდა, ამიტომაც ვერასოდეს იწამა ახალი სახელმწიფოსი. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ის ბანაკშიც გაგზავნეს – თუმცა არც ისე დიდი ხნით, რუსულ კი არა, რუმინეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მისთვის. ბაბუაჩემი პირველ მსოფლიო ომში ავსტრიელების გვერდით თავის ცხენებთან ერთად იბრძოდა – მაშინ ცხენებსაც ადამიანებივით იწვევდნენ ომში – ცხენების დაღუპვის ცნობებიც კი ჰქონდა, ზედმეტი გულმოდგინებით შევსებული ბლანკები. ავსტრიელებს ისიც კი აღენუსხათ, თუ სად დაეცნენ ცხენები. ეს რომ გავიგე, ვთქვი, აბსურდია-მეთქი, რადგან სტალინისა და მეორე მსოფლიო ომის შავბნელ დროში უამრავი ადამიანი უკვალოდ გაქრა. მათ შესახებ არანაირი ცნობა და საბუთი არ მოიპოვება. წინათ ცხენებისთვისაც კი გასცემდნენ გარდაცვალების ცნობებს, მერე კი გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ახლობლებს უბრალო შეტყობინებაც არ ეგზავნებოდათ.

ფ.ბ.: რატომ ჩამოართვეს ბაბუათქვენს მიწები და ქონება და გადაასახლეს, კულაკი რომ იყო იმიტომ?

ჰ.მ.: იმის აღნიშვნა, რომ ბაბუაჩემი კულაკი იყო, ნებისმიერი ანკეტის შევსებისას მიწევდა, რადგან ქონების ჩამორთმევასთან ერთად სამუდამოდ დამესვა ექსპლოატატორთა კლასის წარმომადგენლის დაღი.

ფ.ბ.: ოჯახში გერმანულად ლაპარაკობდით?

ჰ.მ.: გერმანულ სოფლებში გერმანულად ლაპარაკობდნენ, უნგრულ სოფლებში – უნგრულად, სერბულ სოფლებში – სერბულად. ხალხი ცდილობდა, ერთმანეთს არ შერეოდა და თითოეული ჯგუფი თავის ენას, რწმენას, დღესასწაულებს და სამოსს ინარჩუნებდა. გერმანელთა თემშიც ყველა სოფელი თავისებურ კილოკავზე ლაპარაკობდა.

ფ.ბ.: ზემოგერმანულთან ერთად დიალექტსაც იყენებდით?

ჰ.მ.: ბაბუამ თავისი საქმიანობის გამო ზემოგერმანულიც იცოდა, ბებია მხოლოდ დიალექტზე ლაპარაკობდა. უნგრული კი ორივემ შესანიშნავად იცოდა. მათ სიყმაწვილეში სოფელი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო და მთავრობა გერმანული თემის მოსახლეობას აიძულებდა ასიმილირებულიყო. ამიტომ ბებიაც და ბაბუაც უნგრულ სკოლაში სწავლობდნენ, სადაც იმ საგნების გარდა, რომელთაც ზეპირობა არ სჭირდებოდათ, მაგალითად არითმეტიკის, ყველაფერი უნგრულ ენაზე ისწავლებოდა. როდესაც ძალაუფლება სოციალისტებმა ჩაიგდეს ხელში, ბებია და ბაბუა სამოც წელს იყვნენ გადაცილებული, ასე, რომ მათ რუმინული საერთოდ აღარ უსწავლიათ.

ფ.ბ.: სკოლაზე რას იტყოდით?

ჰ.მ.: თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩვენი დიალექტი იმ ზემოგერმანულისგან, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, ძალიან განსხვავდებოდა. სულ ვშიშობდით, რომ ესა თუ ის სიტყვა დიალექტზე უადგილო ადგილას არ წამოგვცდენოდა. მაგალითად, პური ორივე ენაზე ერთნაირად გამოითქმის – Brot. მე კი მიჭირდა ამის დაჯერება. Brot-ის მაგივრად Brat-ს ვამბობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ზემოგერმანულად სწორედ ასე უნდა გამოთქმულიყო. ამის გამო გაუთავებელ ეჭვებში ვიყავი. აღარ მჯეროდა, რომ რომელიმე ენა ბოლომდე ჩემი იყო. განუწყვეტლივ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ეს ენები სინამდვილეში სხვებს ეკუთვნოდა, მე კი, ასე ვთქვათ, დროებით მქონდა ნათხოვარი. ყველა ანკეტაში, რომლის შევსებაც მიწევდა, უნდა მიმეთითებინა, რომ გერმანული უმცირესობის წარმომადგენელი ვიყავი. თუმცა ოფიციალურად “ეროვნული უმცირესობის” ნაცვლად “თანამაცხოვრებელი ეროვნება” გვერქვა, თითქოსდა, ჩვენზე მოწყალება მოიღეს და სხვებთან ერთად თანაცხოვრების უფლება მოგვცეს, თითქოს ჩვენი იქ ყოფნის უფლება გამუდმებით ეჭვქვეშ იდგა. და, რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდი იყო, რადგან გერმანული თემი ერთსა და იმავე ადგილას სამი საუკუნის განმავლობაში სახლობდა.

ფ.ბ.: და, თითქოს, საკუთარ ქვეყანაში სტუმარი ყოფილიყავით…

ჰ.მ.: დაკითხვაზე რომ მივყავდით ხოლმე, საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები ხშირად მეუბნებოდნენ, არ დაგავიწყდეს, რომ რუმინულ პურს ჭამო. მე კი ვპასუხობდი, მართალს ამბობთ, მაგრამ ჩემს ბაბუას იმდენი მარცვალი ჰქონდა, რომ არ წაერთმიათ, ორმოცდაათი, სამოცი, სამოცდაათი წელიც კი თავისუფლად გვეყოფოდა-მეთქი. რამდენჯერაც ასეთი პასუხი გავეცი, იმდენჯერ განრისხდნენ. თან სულ მიმეორებდნენ, რუმინელი ხალხი თუ არ მოგწონს, ადექი და დასავლეთში, შენს ფაშისტ მეგობრებთან წადიო. თანაც ყოველთვის “ხალხს” ახსენებდნენ და არა “რეჟიმს”. საგარეო პოლიტიკით შექმნილი პრობლემების გამო, როგორც კი მიზეზი მიეცემოდათ, თითს მაშინვე ეროვნული უმცირესობებისკენ იშვერდნენ. თუმცა მშვენივრად იცოდნენ, რომ რუმინული ჯარები სტალინგრადში გერმანელების მხარეს იმიტომ იბრძოდნენ, რომ ანტონესკუს რეჟიმი ჰიტლერის ალიანსის წევრი იყო. ეს ფაქტი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მზაკვრულს ხდიდა. ისინი უნგრელებსაც ასევე ექცეოდნენ – საკუთარ ისტორიას ჩქმალავდნენ, მათსას კი ხაზს უსვამდნენ. ეს ყველაფერი ეროვნული უმცირესობებისთვის განსაკუთრებით მწარე ასატანი იყო, რადგან მათ სიმართლე იცოდნენ, იცოდნენ, სინამდვილეში რაშიც იყო საქმე.

ფ.ბ.: თქვენი სოფელი კათოლიკური იყო?

ჰ.მ.: როგორც ყველა გერმანული და უნგრული სოფელი. მაგრამ ჩემი მშობლები მორწმუნეები არ ყოფილან. ხალხი მღვდლების მიმართ სერიოზული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა და ეს ფაქტი სოფლის მღვდლებს, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებდა. ისინი საშინლად მარტოსულად ცხოვრობდნენ. ცელიბატის გამო არ ჰყავდათ ოჯახები – ხშირად სრულიად მარტო, ხანდახან კი მზარეულთან ერთად ცხოვრობდნენ. თანაც უმეტესად სხვა მხრიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე და ამიტომ უცხოებიც იყვნენ სოფლისთვის. მღვდლების უმრავლესობა სვამდა, ბევრი ჩამოყალიბებული ლოთი იყო, რაც მათ რეპუტაციას ლახავდა. მიუხედავად ამისა, კატეხიზმოს გაკვეთილებს ყველანი უკლებლივ ვესწრებოდით, უფრო იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოსგან გვეკრძალებოდა.

ფ.ბ.: ღვთისმსახურება გერმანულად ტარდებოდა თუ ლათინურად?

ჰ.მ.: გერმანულად. გვეუბნებოდნენ, ღმერთი ყველგან და ყველაფერშიაო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კარშიც იყო, მაგიდაშიც, მცენარეებშიც. მეც მეჩვენებოდა, რომ ყველა ეს ნივთი განუწყვეტლივ მითვალთვალებდა. ღმერთი ალბათ ჩემშიც იყო, მეც ხომ მატერიისგან შევდგები, და, ალბათ, შიგნიდანაც ეჭირა ჩემზე თვალი. ასეთი მიდგომა დამაფიქრებელიც იყო და შემაძრწუნებელიც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ხარ და ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამ. თავს ისე გრძნობ, თითქოს გამუდმებული საფრთხის ქვეშ იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რითი ვიყავი დაკავებული -ვთქვათ, ვიჯექი და კარტოფილის ვფრცქვნიდი – გამუდმებით ვშიშობდი, რომ ღმერთი მითვალთვალებდა. და გაუთავებლად ვეკითხებოდი ჩემს თავს -მოსწონს კი რასაც ვაკეთებ? სწორად ვფცქვნი? ან თუნდაც დიასახლისობისას – ყოველ უქმეზე მთელი სახლის დალაგება მევალებოდა. იატაკიც ორჯერ უნდა მომეწმინდა – ჯერ სველი ტილოთი, შემდეგ მშრალით. დედა მუშაობდა, ბებია-ბაბუა კი სადღაც გარეთ იყვნენ, ბაღში. ვერავინ მხედავდა. შემეძლო საქმე მიმეფუჩეჩებინა და იატაკიც მხოლოდ ერთხელ მომეწმინდა, მაგრამ მეშინოდა, რომ ღმერთი მიყურებდა და ის ან პირადად დამსჯიდა, ან ჩემს საქციელს რამენაირად დედაჩემს შეატყობინებდა. ვინ იცოდა, რა მოჰყვებოდა საქმის გაიოლებას?

გარდა ამისა, გვეუბნებოდნენ, რომ მიცვალებულები ცაში არიანო. ჰოდა,  მეც მაღლა ვიყურებოდი და იქ დანახული ღრუბლები ხან კაცის ფორმას ღებულობდნენ, ხან ქალისას, ადრე ჩვენს მეზობლად რომ ცხოვრობდნენ, იმათ ემსგავსებოდნენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი წინ და უკან დარბოდნენ; რომ მათ ამგვარად სწორედ ღმერთი მიერეკებოდათ. ეკლესიაში საკურთხეველთან ქალწული მარიამის ცისფრად შემოსილი უზარმაზარი თაბაშირის ქანდაკება იდგა და ქალწულის მოსასხამზე ამოტვიფრული იყო მკერდიდან ამოღებული, შიშველი გული. ერთხელაც მე და ბებია ეკლესიაში ვიყავით და მე მას ვუთხარი, რომ მარიამის გული საზამთროს მაგონებდა, რადგან სისხლის წვეთები ზედ საზამთროს თესლებივით იყო შავად მიმობნეული.

ფ.ბ.: ბებიამ რა გიპასუხათ?

ჰ.მ.: მითხრა, იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ, ყოველ შემთხვევისთვის, ეს ხმამაღლა არავისთან წამოგცდესო.

ფ.ბ.: უდავოდ ჭკვიანურად ურჩევია.

ჰ.მ.: უბრალოდ ეშინოდა. მეც მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან მაინც შევირცხვენდი თავს. სოფლის მღვდელიც ხშირად გვიმეორებდა, თუ რაზე უნდა გვეთქვა უარი. მაგალითად, ფერუმარილის ხმარება გვეკრძალებოდა. გვეუბნებოდა, რომ პომადას რწყილების სისხლისგან ამზადებენო, და ბავშვებს ეშინოდათ. ამიტომ მეგონა, რომ ამქვეყნად თითქმის ყველაფერი გვეკრძალებოდა. თან ამას ის განცდაც დაუმატეთ, ღმერთი რომ გამუდმებით გითვალთვალებს! სოფელში კი, მოგეხსენებათ, ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. ასე რომ, ჩემი პირველი ტოტალიტარული სამყარო სწორედ სოფელი და ეკლესია იყო.

ფ.ბ.: აღსარება?

ჰ.მ.: აღსარება აბსურდად მიმაჩნდა. უნდა მისულიყავი და შენი ცოდვები, უფრო სწორად კი შენი ტყუილები ჩამოგეთვალა. უწმინდური ფიქრი, წაკითხულის შინაარსი, ნანახი ან მოსმენილი. არადა, ძაღლები გვყავდა, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში წყვილდებოდნენ, ქათმებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩვენც ვუყურებდით, თუნდაც იმიტომ, რომ გვაინტერესებდა. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის აღრიცხვა? ვიღას ახსოვდა, რამდენჯერ შესცოდა წინა აღსარებიდან გასული დროის მანძილზე? ჰოდა, როცა მღვდელი გეკითხებოდა, რამდენჯერ შესცოდეო, შენც გარკვეულ რიცხვს ასახელებდი. აქედან კარგად ჩანს, თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ოპორტუნისტული აზროვნება. ბავშვები ერთმანეთს ვუთანხმდებოდით – მოდი, მე ვიტყვი, რომ ოცჯერ შევცოდე, შენ კი – ოცდახუთჯერო. რა თქმა უნდა, არც ის გინდოდა, რომ ბევრი რამ გქონოდა სათქმელი და არც ის, რომ სხვებს ჩამორჩენოდი. სულის შემსუბუქების ნაცვლად, აღსარების შემდეგ თავს ხშირად დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ვიცრუე და თანაც იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მღვდელთან ვიცრუე, რომელიც ღმერთის წარმომადგენელი იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედასთან, ბებიასთან, მეზობლებთან კი არა, თვით ღმერთთან ვიცრუე. ღმერთო ჩემო, რა განსაცდელი მელოდა ამ ცოდვის სანაცვლოდ? რელიგია – ეს იყო ზეწოლის აბსტრაქტული სისტემა. აბსტრაქტული იმიტომ, რომ ხელშესახებად არავინ გსჯიდა. ღმერთს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ხმაც კი არასდროს აუწევია, მაგრამ გამუდმებით თვალი ეჭირა ჩემზე. მეც მუდამ სასჯელს ველოდი მისგან. სწორედ ამ მიზეზების გამო რწმენას შიშთან ვაიგივებდი, ზეწოლის იარაღად და ადამიანის პიროვნული თავისუფლების აღკვეთის საშუალებად მიმაჩნდა.

ფ.ბ.: და რომ წამოიზარდეთ?

ჰ.მ.: ქალაქში რომ გადავედი საცხოვრებლად, მალევე დავრწმუნდი, რომ იქ ღმერთი არ იყო. შემდგომში კი იმდენი შიშის გადატანა მომიხდა, იმდენი სასჯელის… სად იყო მაშინ ღმერთი? იყოს იქ, სადაც არის. აღარ მჭირდება-მეთქი, ვფიქრობდი. თავს მარტოც მივხედავ. ის ხომ იმას აკეთებს, რაც უნდა, მეც იმავეს ვიზამ-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს და ასე მოვაგვარე ეს პრობლემა.

ფ.ბ.: მკაცრი მშობლები გყავდათ?

ჰ.მ.: მკაცრად მექცეოდნენ, მაგრამ ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბავშვობაში გამუდმებით ვმუშაობდი, უფროსებს ვეხმარებოდი შინაც და გარეთაც. დაბლობში, მდინარის პირას, ძროხებს მივირეკებოდი და მთელ დღეს მათ მწყემსვაში ვატარებდი.

ფ.ბ.: რამდენი ძროხა გებარათ?

ჰ.მ.: ჩვეულებრივ, ხუთი ან ექვსი.

ფ.ბ.: არ მღეროდით, როცა საქონელთან მარტო რჩებოდით დაბლობში?

ჰ.მ.: ხანდახან საბავშვო ბაღში ნასწავლ მარტივ სიმღერებს წავუმღერებდი ხოლმე, უმეტესად კი საკუთარ თავთან და მცენარეებთან ლაპარაკში გამყავდა დრო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერთან საუბარი შემეძლო.

ფ.ბ.: ღმერთს თუ გასაუბრებიხართ?

ჰ.მ.: გამბედაობა არ მეყოფოდა. გარდა ამისა, მაშინაც, დიდი ხნის წინ, სულაც არ მსურდა რელიგიისთვის საჭიროზე მეტი დრო დამეთმო. თანაც ძროხების მწყემსვა იოლი საქმე არ გახლდათ და საკმაოდ დაკავებული ვიყავი. თვალი უნდა მჭეროდა, რომ კოლმეურნეობის მინდვრებში არ გადასულიყვნენ. ხშირად, თუ კარგად ვერ იბალახებდა, პირუტყვი გიჟივით აღმა-დაღმა მოჰყვებოდა ხოლმე სირბილს. ძროხები რუმინეთში იმ ძროხებს არ ჰგავდნენ, ხალხს ტელევიზორში რომ აჩვენებდნენ. მათი უმრავლესობა ცარიელი ძვალი და ტყავი იყო. ჩაუშესკუს ერთი საჩვენებელი, კარგად ჩასუქებული ნახირი ჰყავდა, რომელსაც წინასწარ აგზავნიდნენ ხოლმე ამა თუ იმ სოფელში, სადაც მერე ტელევიზია მიდიოდა და მას ძოვით გართული, კარგად მოვლილი საქონლის ფონზე იღებდა. მე კი თვალყური უნდა მედევნებინა, რომ ჩემი ნახევრად მშიერი საქონელი საკოლმეურნეო მინდვრებში არ გადასულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს მშობლებს ჯარიმას გადაახდევინებდნენ, რისი საშუალებაც არ ჰქონდათ.

ფ.ბ.: შინ წასასვლელად თურმე მატარებლების ჩავლას ელოდებოდით.

ჰ.მ.: საათი არ მქონდა, ამიტომ დაბლობში მეოთხე მატარებლის ჩავლას ველოდებოდი, საქონელი შინისკენ რომ გამერეკა. ამ დროს უკვე საღამოს რვა საათი იყო – ანუ მთელ დღეს გარეთ ვატარებდი. ვაკვირდებოდი ცხოველებსა და მცენარეებს და ვფიქრობდი, რომ იოლი ცხოვრება ჰქონდათ, რადგან იცოდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ. მათთან დაახლოებას ვცდილობდი. მცენარეებს ველაპარაკებოდი და გემოს ვუსინჯავდი. ყველა ბალახს ვღეჭავდი, რომელსაც წავაწყდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მასთან დამაახლოებდა. მჯეროდა, რომ შევძლებდი ჩემი სხეულის, კანის გარდაქმნას, თანდათანობით, ნელ-ნელა, მცენარეს დავემსგავსებოდი და ისინიც თავიანთ რიგებში მიმიღებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ჩემი მარტოობით, რაც ძროხების მწყემსვის პასუხისმგებლობასთან ერთად კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს ყოფას. ამიტომაც ყვავილების შესწავლას დიდ დროს ვუთმობდი. ვარჩევდი მათ და გონებაში ვაქორწინებდი კიდეც. მჯეროდა, რომ მცენარეებიც იმასვე აკეთებდნენ, რასაც ადამიანები. მწამდა, რომ მათ თვალები ჰქონდათ, სიარული შეეძლოთ და რომ ჩვენს სახლთან ახლოს მდგარი ცაცხვი ღამღამობით სოფელში მდგარ ცაცხვს სტუმრობდა.

ფ.ბ.: მცენარეებისთვის ახალი სახელების გამოგონებაზეც წერდით. მაგალითად, თურმე ბაყაყურასთვის ნემსკისერა ან ეკალნეკნა გიწოდებიათ.

ჰ.მ.: უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ მცენარეს არ მოსწონდა სახელი ბაყაყურა, ამიტომ ვცდილობდი სხვა სახელი დამერქმია მისთვის.

მცენარეების სახელწოდებები საერთოდაც რთული თემაა. მათი ყველაზე მშვენიერი სახელები ხალხური ენიდან მოდის. მათი მეცნიერული სახელწოდებები მიუწვდომელი და გაუგებარი მეჩვენება. სამწუხარო ფაქტია. ბერლინში ერთ ყვავილების მაღაზიაში მოვხვდი, სადაც ერთი უმარტივესი მცენარის ხალხური სახელწოდება გაგონილიც კი არ ჰქონდათ. ფირფიტაზე ეწერა herbarium coloricum, ან სულაც სხვა რამ, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არაფრისმთქმელია. მე კი ეს სახელი სოფლიდან მახსოვს – ფლოქსს ან დევისპირას ვეძახდით.

ფ.ბ.: და როდესაც თქვენ მათ სახელებს არქმევდით…

ჰ.მ.: როდესაც მე ჩემებურ სახელებს ვარქმევდი, ამით მათთან დაახლოებას ვცდილობდი, რადგან მათ იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ, მე კი არა. ჩვენს შორის არსებული გაუგებრობის უფსკრული მაინც ვერაფრით ამოვავსე. ისევე, როგორც ბუნებასთან მიმართებაში. ბუნება, სიმართლე გითხრათ, დიდად არასოდეს მყვარებია, თუმცა ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი. მისი ძლევამოსილება მაშინებდა, თავს უსუსურად მაგრძნობინებდა. ვიცი, რომ ბუნების აღქმის ორი გზა არსებობს. ადამიანთა ნაწილი ბუნებაში სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს თავს. არიან ადამიანები, რომლებიც მთის წვერზე დგანან და ისე იქცევიან, თითქოს ეს ყველაფერი მათი განუყოფელი ნაწილი იყოს, თავად იყვნენ იქაურობის ბატონ-პატრონები. აი, მე კი არ შემიძლია მწვერვალზე დგომა, იქიდან ქვემოთ ცქერა და იმის აღქმა, თუ რა დიდებულია ჩემ თვალწინ გადაშლილი ხედი. მეშინია და ვიბნევი. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ბუნებას ჩემი შთანთქმა უნდა. თავი ჭიანჭველასავით პატარა და უსუსური მეჩვენება. ხეები საუკუნეები ცოცხლობენ, ქვებს მარადიული ცხოვრება ერგოთ, წყალი არასდროს წყვეტს დინებას. მე კი ჩემთვის განკუთვნილი დროის ძალიან მცირე და განსაზღვრული მონაკვეთი დამაქვს სხეულით, ეს სხეული კი ნათხოვარია. გარემომცველ ბუნებასთან შედარებით ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია. ამიტომ ბუნებაში მყოფს გარდამავლობის, მოკვდავობის განცდა მეუფლება. ბავშვობაში ამ განცდის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნიდა, მაგრამ უსიტყვოდაც მაშინებდა. უკიდეგანოდ გადაჭიმულ სიმინდის ყანებში მდგომს – კოლექტივიზაციის შემდეგ ყანების ზომა გიგანტურად გაიზარდა – მეჩვენებოდა, რომ ვეღარასოდეს გამოვაღწევდი იქიდან. და თუ მათ გადაკვეთას მაინც მოვახერხებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ღრმად მოხუცებული გამოვიდოდი გარეთ.

ფ.ბ.: იქნებ ქალაქში გრძნობდით თავს უკეთ… თუ მისი ლანდშაფტი სხვაგვარ ზეწოლას ახდენდა თქვენზე?

ჰ.მ.: ქალაქში ყოფნას სხვა შიში სდევდა თან. ეს გახლდათ საიდუმლო პოლიცია. მცენარეები, რა თქმა უნდა, იქაც ხარობდნენ და, ხშირად მითქვამს, რომ მათი ნაწილი ძალაუფლების მქონე ადამიანებთან იყვნენ შეთქმულები; რომ მათ სახელწიფოს მხარეზე გადაინაცვლეს, მაგალითად, როგორც ბიოტებმა, სოჭებმა და ყველა სხვა მარადმწვანე მცენარემ, ოფიციალური დაწესებულებების ირგვლივ დარგულები ცოცხალ ღობეს რომ ქმნიდნენ. არსებობდნენ აგრეთვე სოციალისტური ყვავილებიც.

ფ.ბ.: პოლონეთში ცხოვრებისას, ჩვენ შეგნებულად არ ვყიდულობდით წითელ მიხაკებს, რადგან მათ ძირითადად სახელმწიფო ღონისძიებების დროს იყენებდნენ.

ჰ.მ.: წითელ მიხაკებს დასანახად ვერ ვიტან; ვერც გლადიოლუსებს. მათ ამა თუ იმ მაღალი რანგის პარტიული მოხელის პანაშვიდების დროს იყენებდნენ, რადგან დიდხანს ძლებენ. მე კი ყოველთვის იმ ყვავილებს ვამჯობინებდი, რომლებიც მალე ჭკნებოდნენ და ამით ბოროტად გამოყენების საშუალებას არ იძლეოდნენ: იებს, შროშანებს, გეორგინებსა და ფლოქსს. ადამიანთა სამყაროშიც ხომ სწორედ ასეა – მათ, ვისაც ცუდის მიმართ მიდრეკილება არ გააჩნია, ბოროტ საქმეში ვერ ჩააბამ. მიხაკები და გლადიოლუსები მალე რომ ჭკნებოდნენ, გარდაცვლილი პარტიული ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ გვირგვინებში ვეღარ ჩააწნავდნენ. პატარა ბაღების ყვავილები კი, დღემოკლე ყვავილები, უბრალო ადამიანების ყვავილებად დარჩნენ. ნუ გიკვირთ, როდესაც ამდენი ხანი დიქტატორულ რეჟიმში ცხოვრობ, უბრალოდ ჭკუიდან იშლები.

ფ.ბ.: ასეთ პირობებში ყველაფერს დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.

ჰ.მ.: ყველას და ყველაფერს ორ ბანაკად ყოფ – ის ან შენიანია, ან სახელმწიფოს მხარეზეა. ზღვის სანაპიროც კი. ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლება მზე ასეთი მოღალატე იყოს-მეთქი. ჩაუშესკუს შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ვილა ჰქონდა და როდესაც ის რომელიმე მათგანში იმყოფებოდა, სანაპიროს უზარმაზარი მონაკვეთები ჰქონდათ გადაკეტილი. ჩაუშესკუ აგარაკზე რომც არ ყოფილიყო, მაინც ვერავინ გაბედავდა იქ გამოჩენას. ჰოდა, მეც ვფიქრობდი, რატომ აკეთებდა მზე ამას მისთვის? რატომ სთავაზობდა მას თვალწარმტაც დაისს? ნუთუ ვერ ხედავდა, ვისთან ჰქონდა საქმე? ვფიქრობ, რომ ეს კარგად ნაცნობი თემატიკაა და ადამიანთა ჩაგვრისადმი მიძღვნილ არაერთ წიგნში შეხვდებით მას. ხორხე სემპრუნი აიღეთ. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი ფიქრობს, როგორ შეიძლება, რომ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ასე გულგრილად უყურებდეს და ურიგდებოდეს ადამიანთა ტანჯვა-წამებას. თანაც, თუ ეს ჩაგვრა გარეთ, ღია ცის ქვეშ ხდება – როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში – მთელი გარემომცველი ბუნება ბოროტის თანამზრახველად გეჩვენება.

ფ.ბ.: თუმცა ზოგჯერ ბუნებრივი სამყაროს ნაწილსაც შეუძლია შვება მოგგვაროს. როგორც სოჭის ტოტებმა ლეოს “სუნთქვის საქანელაში”.

ჰ.მ.: ერთხელ, ოსკარ პასტიორთან ერთად ტიროლში ყოფნისას, სოჭებზე დავიჩივლე. ვამბობდი, უსარგებლო, მოსაწყენი და თავგასული ხეები არიან და ვერ გამიგია, შობას ადამიანებს შინ რატომ მიაქვთ-მეთქი. მან კი შემომხედა და მითხრა, რომ სოჭის ხეებზე მსგავსი რამ აღარასოდეს მეთქვა. მერე კი მომიყვა, თუ როგორ გააკეთა ბანაკში ყოფნისას, ფაქტობრივად, შიმშილისგან სიკვდილის პირას მისულმა, სოჭის ტოტებისა და მწვანე შალის ძაფისგან საშობაო ნაძვის ხე, რომელიც ცივლიზაციასთან მისი დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი იყო. არ არის აუცილებელი შობისა გწამდეს, – მითხრა, – იმისთვის, რომ სოჭის ხეები იწამო. სინამდვილეში კი, სწორედაც რომ აუცილებელია.

ფ.ბ.: სახლში წიგნები თუ  გქონდათ?

ჰ.მ.: ზღაპრების წიგნიც კი არ მქონია. ხანდახან სკოლაში თუ დამაჯილდოებდნენ წლის ბოლოს კარგი სწავლისთვის. მაგრამ ყველა მათგანი სოცრეალიზმზე იყო. ამიტომაც მათში არაფერი იყო ისეთი, რასაც სიამოვნებით წავიკითხავდი. გარდა ამისა, მხოლოდ იმის წაკითხვა შეგვეძლო, რასაც მღვდელი მოგვცემდა წასაკითხად.

შინ წიგნების არქონაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ხალხი ხშირად მეკითხება, თუ რა სახის წიგნები გვქონდა სახლში, მე კი ეს შეკითხვა უცნაურად მეჩვენება. თითქოსდა, თუ ისეთ ოჯახში არ აღიზარდე, სადაც კარგი ბიბლიოთეკა არ არის, მშობლებს კი უმაღლესი განათლება და სამეცნიერო ხარისხი არა აქვთ, წერას ვერ შეძლებ. სინამდვილეში, გარკვეული ასაკიდან ჩვენი თავის აღზრდით თავადვე ვართ დაკავებული და თუნდაც მშობლები მაღალ კულტურულ გარემოს გვთავაზობდნენ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ შვილები ამ შემოთავაზებით ვისარგებლებთ. საპირისპირო შედეგი უფრო ხშირია. საფუძვლიანი განათლების მქონე ოჯახების შვილებს არ სურთ ინტელექტუალურ ცხოვრებასთან თუნდაც რამე ჰქონდეთ საერთო, ხოლო ისინი, ვისაც ბავშვობაში კითხვას აძალებდნენ, მომავალში წიგნებს თავს არიდებენ. ჩემთვის ეს ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. არც ერთი და არც მეორე ჩემთვის ნაცნობი არ იყო, ამ დროს კი თურმე კითხვის შიმშილი მაწამებდა. ამ ფაქტის აღმოჩენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ ლიტერატურა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ საქმიანობის განვრცობა, რითიც ბავშვობაში ვიყავი დაკავებული – კერძოდ კი წარმოსახვითი უნარის გამოყენება. მაშინ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ თურმე ყველაფერს ლიტერატურად გარდავქმნიდი, ჩემს თავში, ლიტერატურის განსაზღვრების ცოდნის გარეშე.

ფ.ბ.: იმიტომ, რომ სხვა არაფერი გაგაჩნდათ.

ჰ.მ. ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო. მხოლოდ ამ გზით შემეძლო თავი უსაფრთხოდ მეგრძნო, სულაც მიმეგნო ჩემი თავისთვის; გამეგო, თუ სად იყო ჩემი ადგილი გარემომცველ სამყაროში, ჩემს სიმარტოვეში. ეს ყველაფერი კი წერას ჰგავდა – უმეტეს დროს მარტოობაში ვატარებდი და ჩემი ნაფიქრალი არავისთვის გამიმხელია, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, არანორმალურად ჩამთვლიდნენ. მე კი სულაც არ მსურდა, ვინმეს გიჟი ვგონებოდი და ექიმთან გავექანებინე, მას კი ჩემთვის ფსიქიკური აშლილობის, ან, ეშმაკმა უწყის, კიდევ რა დიაგნოზი დაესვა. ეს ჩემი საიდუმლო იყო, რომელიც არავისთვის გამიმხელია. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში გონებაში ლიტერატურას ვქმნიდი. მოგვიანებით კი, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ასეთი რამ უკვე არსებობდა, თანაც ქაღალდზე დაბეჭდილი, მე კი ის ჩემით და სულ თავიდან გამოვიგონე.

ფ.ბ.: თქვენი კოლეგები ბანატის დაჯგუფებიდან? მათაც ეს გზა გამოიარეს?

ჰ.მ.: მათი მშობლებიც გლეხები იყვნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ სასაუბრო ენად ზემოგერმანულს გამოვიყენებდით. ყველა მათგანი წერდა და მაშინ რუმინეთში, გერმანული გარკვეულწილად ჩვენს პირად, მხოლოდ ჩვენს კუთვნილ ენად იქცა. ამიტომაც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობდით მის მართებულად გამოყენებას. დაჯგუფების წევრები ერთმანეთისგან დაბეჯითებით მოვითხოვდით კილოზე ხელის აღებას. და ეს იმ დროს, როდესაც ლიტერატურაც კი დიალექტზე იწერებოდა. ჩვენთვის ამ ყველაფერს სასტიკად რეაქციონერული ხასიათი ჰქონდა. ვერ შევადარებდით, მაგალითად, ავსტრიულ ლიტერატურას, სადაც მწერლები ადგილობრივ დიალექტს ახლებურად იყენებდნენ. მათ ნაწარმოებებში ადგილობრივი ტრადიციები თანამედროვე იდეებს ერწყმოდა. ჩემში დიალექტზე შექმნილი ლიტერატურა ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევდა – სწორედ ამაზე ვწერდი “ცხოვრების ბნელ მხარეებში”[1] – ეთნოცენტრულ ფოკუსზე, ნაცისტების მხარდაჭერაზე, “მამულის” კონცეფციასთან დაკავშირებულ ძირითადად რეაქციონერულ განწყობაზე. მე არ მსურდა ამ ყველაფერთან რაიმე მქონოდა საერთო და დაჯგუფების სხვა წევრებიც ასევე იყვნენ განწყობილი. ჩვენ სასტიკად უარვყოფდით “სამამულო” წიგნებს, ეგრეთ წოდებულ “სისხლისა და ნიადაგის” ლიტერატურას. გვინდოდა ისეთი ლიტერატურა შეგვექმნა, რომელიც არაკონვენციური და თანამედროვე იქნებოდა.

მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ დიალექტს დადებითი მხარეებიც აქვს – თუნდაც უამრავი ულამაზესი სიტყვა, მეტაფორა, არაერთი ცრურწმენა და პოეტურობა – და მის გამოყენებას შევუდექი, განსაკუთრებით სიტყვებისას, რომლებიც ხშირად თამამად ჟღერენ; სიტყვები, როგორიცაა Arschkappelmuster[2], რომელიც სინამდვილეში შეურაცხმყოფელი სიტყვაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომხიბვლელიც.

ფ.ბ.: ახლა თუ საუბრობთ ვინმესთან დიალექტით?

ჰ.მ.: დედაჩემთან. და ხანდახან ჩემი სოფლის მცხოვრებლებთან, მაგრამ ამის საშუალება იშვიათად მეძლევა. მათ უმრავლესობასთან დიდი ავტორიტეტით არ ვსარგებლობ. განსაკუთრებით “ცხოვრების ბნელი მხარეების” შემდეგ. ამ წიგნის შინაარსით აღშფოთებული თანასოფლელები მლანძღავდნენ და მაფურთხებდნენ, ამიტომაც სოფელში ვეღარ ჩავდიოდი. დედაჩემსაც ავიწროებდნენ, ბაბუაჩემსაც. მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სოფელი აღვწერე და თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. როგორც გერმანელები ამბობენ, მათ ჩემი საკუთარი ბუდის დაბინძურებაში დამდეს ბრალი. მათ თვალში ხორცშესხმული სატანა ვიყავი და აღარც მე მინდოდა რამე საერთო მქონოდა მათთან. ასე, რომ რუმინულ რეჟიმსა და გერმანელების ასეთ რეაქციას შორის მომწყვდეული, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მართლა აღარსად იყო. წარმოიდგინეთ, ეროვნული უმცირესობის ნაწილი ხარ, რომელსაც ეს ეროვნული უმცირესობაც გემტერება და მთავრობაც. რა გზას უნდა დაადგე ასეთ მდგომარეობაში მყოფი? სულ ხუთი-ექვსი ადამიანიღა შემრჩა. ის მაინც ვიცოდი, რომ მეგობრებს შორის ვიყავი და ეს საკმარისი იყო ჩემთვის. და არც ამაში ყოფილა რამე უჩვეულო და არანორმალური. უბრალოდ ასე მოხდა. როდესაც ვინმე იდენტობას ახსენებს – თანაც რა მშრალი სიტყვაა – ვერ ვხვდები, რას გულისხმობს მასში. იქნებ კონფერენციებისთვის გამოსადეგი სიტყვაც იყოს, მაგრამ ჩემთვის სრულიად არაფრისმთქმელია. არასოდეს მცოდნია, ვინ ვიყავი ან როგორ უნდა მეცხოვრა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რა არ მინდოდა. ვიცოდი, რომ არ მინდოდა გერმანული ეროვნული უმცირესობის ან მთავრობის მსგავსი ვყოფილიყავი – მათგან ჩემი გამიჯვნა მინდოდა. ასე რომ, რაც ჩემგან დადგა, სწორედ იმის შედეგი იყო, რაც არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ის, თუ რა მინდოდა, არასოდეს მცოდნია.

The Art of Fiction No. 225, 2014

© 2015 The Paris Review

თარგმანი © არილი


[1] ორიგინალში – “Niederungen” – ჰერტა მიულერის პირველი წიგნი (მოთხრობების კრებული), რომელიც  1982 წელს ბუქარესტში გამოიცა.

[2] განსაკუთრებით ბრიყვი ადამიანი.

Facebook Comments Box