Uncategorized

ჰილარი მანტელი – ინგლისურის კურსები

hilary Mantel-sandison

_ ახლა კი, მას შემდეგ, რაც მთელი სახლი დავათვალიერეთ, მის ძალზე უჩვეულო ნაწილს გიჩვენებთ. _ თქვა მისტერ მედოქსმა და რამდენიმე წამით იყუჩა. ქალს უნდა გაეაზრებინა, რაოდენ უზომო სიამოვნება ელოდა.

_ მითხარით, მის მარსელა, იყო თუ არა ასეთი თავშესაფარი იმ სახლში, სადაც უწინ მუშაობდით?

მარსელამ თავშესაფარს თვალი შეავლო.

_ ოჰ, რა საოცრებაა! მითხარით, აქ ოჯახის წევრები თითო-თითოდ ჩამოდიან ხოლმე თუ ერთად?

_ თუკი (ღმერთმა ნუ ქნას) ამის საჭიროება შეიქმნება, აქ მთელი ოჯახი დაეტევა, _ თქვა მისტერ მედოქსმა.

_ ღმერთმა ნუ ქნას, _ გაიმეორა მარსელამ. _ და წარმოიდგინა შიში, რომელიც, შესაძლოა, მოიცავს კაცობრიობას… ნეტავ, როგორ იწყება და როგორ ვრცელდება შიში? მშობლებისგან ბავშვებს, ბავშვებისგან კი მშობლებს გადაედება ხოლმე?

_ ექიმი არ დასჭირდებათ? _ იკითხა მან. _ ხომ არსებობს აბები შიშის წინააღმდეგ? ამბობენ, შიშს ქაღალდის პაკეტში სუნთქვაც შველისო. მართლაც შველის, თუმცა, არ ვიცი, რატომ.

მისტერ მედოქსმა, რომელიც ამ სახლში მსახურთუფროსის მოვალეობებს ასრულებდა, მარსელას თვალი თვალში გაუყარა. ქალმა იგრძნო, რომ შეცდომა დაუშვა. შესაძლოა, ზედმეტად შინაურული კილოთი მიმართა მისტერ მედოქსს, ან, იქნებ, მისი ნათქვამი არასწორად გაიგო; ალბათ, ასე იყო.

_ მაშასადამე, _ იკითხა მარსელამ გაუბედავად, _ საშიშროების შემთხვევაში ამ ოთახს აფარებთ ხოლმე თავს?

_ ეს, უბრალოდ, ოთახი კი არაა, _ თქვა მისტერ მედოქსმა. _ არამედ ერთგვარი სათავსოა. მომყევით და გიჩვენებთ.

და უეცრად შემოტრიალდა:

_ თუ ხუმრობის განწყობაზე ხართ, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ისევე, როგორც ყველას, მეც მიყვარს ხუმრობა, მაგრამ სენტ-ჯონს-ვუდში აჯობებს, ენას კბილი დააჭიროთ. ახლა კი გამომყევით, მის მარსელა.

კარი, რომელშიც გავიდნენ, კედელზე თითქმის არ ჩანდა. მისი გაღებისთანავე სინათლე თავისით აინთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იყო სახლის ფარული ნაწილი, რომლის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მსახურთუფროსმა იცოდნენ.

_ მისტერ მედოქს, _ ჰკითხა მარსელამ, _ აქაურობა უნდა დავალაგო ხოლმე?

_ ყოველ კვირას, _ მიუგო მისტერ მედოქსმა, _ მტვერსასრუტით და ფხვნილებით. საპირფარეშოც უნდა გააკრიალოთ, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ვინმე მისით.

_ ღმერთმა ნუ ქნას, _ თქვა მარსელამ და თავშესაფარი შეათვალიერა. მისტერ მედოქსმა მას აჩვენა წყლის დიდი კონტეინერები და სურსათის + ოთახში იდგა დივანი და ორი სავარძელი, რომლებზეც რუხი ქსოვილი იყო გადაკრული. ბალიშები არსად ჩანდა. საპირფარეშოში საპნის მომცრო ნაჭერი იდო _ სუპერმარკეტში ნაყიდი საპონი, რომელიც გაცილებით უხარისხო იყო, ვიდრე სახლის სხვა ნაწილებში ნანახი საპნები. ნეტავ, რატომო, გაუკვირდა მარსელას.

შორეულ კედელთან ლითონის მილებისგან აწყობილი საწოლი იდგა. მასზე გახამებული თეთრი ზეწრები ეფარა და დაკეცილი მუქი ლურჯი საბანი იდო.

_ აქ მხოლოდ ერთ ადამიანს სძინავს ხოლმე? _ იკითხა მარსელამ.

_ ეს საწოლი ძილისთვის კი არაა განკუთვნილი, _ თქვა მისტერ მედოქსმა, _ არამედ იმისთვის, რომ დავაწვინოთ ვინმე, სანამ პოლიცია და დაცვის სამსახურის მუშაკები მოვლენ. მოკლედ, აქ დაჭრილს ან უბედური შემთხვევის მსხვერპლს დავაწვენთ.

_ უკაცრავად, _ თქვა მარსელამ, _ არ ვიცი, რას ნიშნავს `მსხვერპლი~.

მისტერ მედოქსი გაღიზიანდა. P

_ მეგონა, რომ აქ ფირმა `ლედიმ~ გამოგგზავნათ. და რომ ინგლისური გეცოდინებოდათ,

_ `ლედის~ არ გამოვუგზავნივარ, _ შეეპასუხა მარსელა. _ მასში განცხადება ამოვიკითხე. ინგლისური ენის გამოცდა კი ჩაბარებული მაქვს. ჩანთაში სერტიფიკატიც მიდევს.

_ თქვენი სერტიფიკატი რა ჯანდაბად მჭირდება, _ შეუღრინა მისტერ მედოქსმა. _ ვიცი, რომ მას არ გამოუგზავნიხართ. მაგრამ `ლედის~ წაკითხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ინგლისური კარგად იცის.

_ არა, ასე არაა.

მარსელამ იგრძნო, რომ დაიღალა. ფიქრობდა, ნეტავ შემეძლოს, თავშესაფრის საწოლზე წამოვწვეო. უარესი საწოლებიც ენახა. მაგალითად, ნოტინგ-ჰილში.

_ `ლედი~ ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შინამოსამსახურის ადგილს ეძებს. _ უთხრა მან მისტერ მედოქსს. _ ის მხოლოდ ჟურნალია. ლორდ ტენისონის ლექსები ან შელოცვათა წიგნი როდია.

_ ნუ თავხედობთ. _ თქვა მსახურთუფროსმა. _ ნუთუ სამსახურის დაკარგვა გინდათ? ვერც გვიჩივლებთ. მისი უდიდებულესობის სასამართლო თქვენნაირ ადამიანებს არ უთანაგრძნობს. თუ სამუშაო დაკარგეთ, ის ვერ გიშველით. გაფრთხილებთ!

მარსელას თავშესაფრის ცივ იატაკზე ფეხები გაეყინა. დაპირებული ხელფასი არც ისე დიდი იყო, მაგრამ საკუთარი საცხოვრებელი ბინა არ ჰქონდა, აქ კი აღუთქვეს, რომ ცალკე ოთახს გამოუყოფდნენ. სახლის მეპატრონეებს სჭირდებოდათ ძაღლების მოყვარული და რეცხვაში გაწაფული შინამოსამსახურე, რომელიც მწეველი არ იქნებოდა. აქედან კარგა შორს, ჩრდილოეთით, ქათმის ხორცის მაღაზიის თავზე მარსელას ზოგიერთი თანამემამულე ქალი `ლედის~ ხელიდან ხელში გადასცემდა. მათთვის მიუწვდომელი იყო ინტერნეტი, არ შეეძლოთ ნოუთბუქის ან ნებისმიერი პორტატიული აპარატის გამოყენება _ ქურდებისა ეშინოდათ. ამიტომ ჟურნალი `ლედი~, რომელსაც ამდენი ადამიანს ხელში გაევლო, დაფლეთილი და ბინძური გახლდათ; სამუშაო ადგილები ჟურნალში მონიშნული იყო წითელი წრეებით, მწვანე ჯვრებითა და ლურჯი ვარსკვლავებით. ქათმის ხორცის მაღაზიის თავზე განლაგებულ ოთახში ქვეყანაში არალეგალურად შემოსულ ნებისმიერ იმიგრანტ ან ძებნილ ქალს შეეძლო სხვადასხვა ჯურის მოხელეებსა და პოლიციას დამალვოდა და აქ დარჩენილიყო ერთ ღამის ან მეტი დროის განმავლობაში, თუ ღამის გასათევი ადგილი არსად ეგულებოდა. ზოგჯერ ქალები ძალზე დიდხანს ცხოვრობდნენ აქ. საძილე ტომრებში ან საბნებში გახვეულთ ეძინათ, უსიცოცხლო, გაცრეცილი სახეები ჰქონდათ და გაღვიძებისას ზოგჯერ საკუთარი სახელებიც კი არ ახსოვდათ.

ამიტომ იყო, რომ მარსელა თვინიერი გამომეტყველებით უსმენდა მისტერ მედოქსს.

_ მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობა ვიკითხე. სამომავლოდ ლექსიკონს შევიძენ. – თავი გაიმართლა მან.

_ არა უშავს, ჯერ ახალგაზრდა ხართ, _ გული მოულბა მსახურთუფროსს. _ ყველაფერს ისწავლით. `მსხვერპლი~ არის დაზარალებული ადამიანი, მაგალითად, ტყვიით დაჭრილი.

მარსელამ იცოდა, რომ დაჭრილი ადამიანი აუცილებლად უნდა დაეწვინათ.

_ ვინ დაჭრის?

_ ბანდიტი. ტერორისტი. სამართალდამრღვევი. ყაჩაღი. თავზეხელაღებული ადამიანი.

_ საფრთხე ყველგანაა, _ ჩაიჩურჩულა მარსელამ.

_ ეს თავშესაფარი ტყვიაგაუმტარია, _ განმარტა მსახურთუფროსმა. _ ჩამონტაჟებული ფილტრი ჰაერს წმენდს და ბიოლოგიური პრეპარატებისა და ქიმიური ნივთიერებების უმრავლესობას ანეიტრალებს. ისიც უნდა იცოდეთ, რომ დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციის გამოსაძახებლად აქ და სახლის ყველა ოთახში საგანგაშო ღილაკებია.

_ წითელი ღილაკები?

_ წითელი? რატომ უნდა იყოს წითელი?

_ მაშ, როგორ უნდა ვიცნო? ხომ შეიძლება, მტვრის გაწმენდისას უნებლიეთ თითი დავაჭირო, მაშინ, როდესაც ტერორიზმის საშიშროება არ იქნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე ეფექტი, როგორიც მოჰყვა ბიჭის ყვირილს, `მგელი, მგელიო~.

მსახურთუხუცესი მარსელას ჩააშტერდა. ქალი ფიქრობდა, რომ თუმცა მსახურთუხუცესი მაღალფარდოვნად მეტყველებდა (მასთან შედარებით), მაგრამ მაინც ღარიბი ლექსიკა ჰქონდა.

_ რა თქმა უნდა, ღილაკები წითელი ფერისა არაა, _ თქვა მისტერ მედოქსმა. _ დამალულია, რათა ჩვენმა მუშაკებმა მათზე თითი შეუმჩნევლად დააჭირონ ხოლმე.

_ გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა გადავწმინდო. _ თქვა მარსელამ. _ სულ ერთია, დამალულია ისინი თუ არა. ნოტინგ-ჰილში სამსახურიდან იმის გამო გამათავისუფლეს, რომ სკამების ფეხები დამტვერილი იყო.

_ ეს თქვენი ერთადერთი დანაშაული არ იქნებოდა, _ შენიშნა მისტერ მედოქსმა.

მის ხმაში ეჭვი ისმოდა.

_ რა თქმა უნდა, კენსინგტონში ასე მოხდებოდა. ჰოლანდ-პარკშიც. მაგრამ ნოტინგ-ჰილში? არა მგონია. ჯობს, სიმართლე მითხრათ. რა შეგემთხვათ იქ? ან, უფრო ზუსტად, რას მალავთ?

_ არ გამაუპატიურეს, _ აღიარა მარსელამ. _ ყელაფერი ჩემი ნებით მოხდა.

 

* * *

 

ყველაფერი ასე მოხდა. იქ, ნოტინგ-ჰილში, ოჯახი, სადაც მარსელა მუშაობდა, თხილამურებზე სასრიალოდ გაემგზავრა. პატარა ჯონკვილი თან წაიყვანეს, ხოლო თხუთმეტი წლის ჯოშუა შინ დატოვეს _ იმის გამო, რომ დასვენებას არ იმსახურებდა, ან იმიტომ, რომ წელს გამოცდები უნდა ჩაებარებინა. ჯოშუა სამზარეულოში იჯდა და იატაკზე ხორბლის მარცვლებს ყრიდა. მარსელას ეს იმიტომ დაამახსოვრდა, რომ უსაყვედურეს, მარცვლებზე ფეხებს ვადგამთო. ბოლოს დედამ ჯოშუას უთხრა, რომ ისინი დასასვენებლად და თხილამურებზე სასრიალოდ გაემგზავრებოდნენ, თუნდაც ჯოშუას მთელი იატაკი მარცვლებით დაეფარა; რომ ბიჭის ქცევა არაფრად ენაღვლებოდა _ მარსელა ყველაფერს დაასუფთავებდა; რომ ჯოშუა, შესაძლოა, მომავალ წელს წაეყვანათ,Yთუკი დაიმსახურებდა.

მოგვიანებით, როდესაც მარსელა თავის ოთახში ადიოდა, დაინახა ჯოშუა, რომელიც კიბის საფეხურზე იჯდა და ტიროდა. მაღალი, ტანსრული ბიჭი იყო და როდესაც ხვნეშოდა, თითქოს მთელ ჰაერს ისრუტავდა. ფართო სახე ცრემლებისგან დასველებოდა. მარსელას ოთახში ამავალ კიბეზე იჯდა, თუმცა, არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, რომ იქ ყოფილიყო; მისი ოთახი ქვემოთ იყო, პირველ სართულზე.

_ არ შემხედო, _ თქვა ჯოშუამ.

მარსელა მიხვდა, რომ ჯოშუას თავისი ცრემლებისა რცხვენოდა, რადგან უკვე დიდი ბიჭი იყო, მაგრამ რატომ მოვიდა აქ, თუ არ სურდა, რომ მარსელას მისი ნამტირალევი სახე ეხილა?

მარსელამ უთხრა:

_ ნუ ზლუქუნებ, ჯოშუა.

ალერსიანად უთხრა, მაგრამ შეამჩნია, რომ ბიჭი დაიძაბა. იქნებ, სხვა გამოთქმა უნდა ეხმარა?

_ მინდოდა მეთქვა, ნუ ქვითინებ-მეთქი. გეყო. სხვა დროს გაემგზავრები თხილამურებით სასრიალოდ.

_ ჩემი ბრალი არაა, რომ დედაჩემი აქედან წავიდა და მასთან დამტოვა, _ წაილუღლუღა ბიჭმა. დედინაცვალთან დამტოვაო, გულისხმობდა _ რატომ მსჯიან ყოველთვის სწორედ მე? რატომ?

ჯოშუა არ ელოდა, რომ მარსელა პასუხს გასცემდა. თუმცა, მაინც ელოდა.

_ ყოველთვის იმიტომ კი არ გსჯიან, რომ შენ ხარ ცუდი. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ შენ შესახებ სხვებს არასწორი წარმოდგენა აქვთ. _ დაუყვავა მარსელამ და გაჩუმდა. ჯოშუა არც ისე საზრიანი ბიჭი გახლდათ და მარსელას სიტყვების საზრისს მყისვე ვერ მიხვდებოდა.

_ რაც უფრო მალე გაიაზრებ ამას, მით უკეთესი იქნება შენთვის, _ თქვა მარსელამ. _ თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის.

_ რა არ არის იოლი? _ მიაჩერდა ბიჭი.

_ არ არის… _ მარსელა გაღიზიანებას ვერ იკავებდა. პირი თითქოს შეუშუპდა. ცდილობდა, სიბრალული ეგრძნო ჯოშუას მიმართ. შესაძლოა, ბიჭი ასეთი ზორბა ან ასეთი ბინძური რომ არ ყოფილიყო…

_ მინდოდა მეთქვა, რომ ეს უსამართლობაა… ახლა იჩქარე. მამაშენი გელოდება, რომ კვლავ სკოლაში წაგიყვანოს. ამხანაგებს როცა ნახავ, ეს განცდები მალე დაგავიწყდება.

ჯოშუა თავისი უზარმაზარი სხეულით წამოიმართა.

_ რატომ მეუბნები ამ სისულელეს?

_ შენი ჩანთა ავტომანქანაშია. შიგ შოკოლადიანი ქიშმიშის პაკეტები ჩავდე. ექვსი პაკეტი. კბილების გახეხვა არ დაგავიწყდეს. ხომ იცი, ტკბილეული კბილებს აზიანებს.

ბიჭმა ზემოდან დახედა მარსელას.

_ მივდივარ.

ყველაფერს ვეტყვიო, გაიფიქრა ქალმა.

_ ჯოშუა, სიმართლე გითხრა, ვერც კი შეგიგნია, როგორ ოჯახში დაიბადე. დედ-მამას უყვარხარ. ისინი ზრუნავენ შენს ჯანმრთელობასა და განათლებაზე, თბილ ტანსაცმელსა და საცვლებზე. საკვები და ჯიბის ფული არ გაკლია. არავითარი მოვალეობა არა გაქვს, გარდა იმისა, რომ დროდადრო ფეხსაცმელი გაიწმინდო, თუმცა, ამით თავს არ იწუხებ. მხოლოდ პატარა ბავშვები ტირიან იმის გამო, რომ თხილამურებზე სასრიალოდ არ მიჰყავთ. შენ კი, ჯოშუა, უკვე მამაკაცი ხარ და შესაბამისად უნდა მოიქცე.

ჯოშუას ცხვირსახოცები არასოდეს ჰქონდა თან, მიუხედავად იმისა, რომ მარსელა ყოველთვის ურეცხავდა და და უუთოებდა. როდესაც ცხვირსახოცი სჭირდებოდა, ცხვირს სახელოთი იწმენდდა. ბიჭმა მარსელას ზურგზე მუჯლუგუნი გაარტყა, ისე, რომ არ შეუხედავს, და საფეხურებზე ბაჯბაჯით დაეშვა.

კარგია, რომ გავაფრთხილე, გაიფიქრა მარსელამ. მაგრამ მდიდრების პრივილეგია სწორედ ესაა _ თავს უფლებას აძლევენ, იზლუქუნონ უდროო დროს, უცხო ადამიანის წინაშე.

იმ დღეს, როდესაც მარსელა დარწმუნდა, რომ ოჯახის წევრები გაფრინდნენ და უკან არ დაბრუნდებოდნენ, ის სამზარეულოში ჩავიდა და ყავის დალევა დააპირა. ერთხანს პაკეტებიან კოლოფს ხელში ატრიალებდა, თითქოს ირჩევდა, რომელიც პაკეტი აეღო. შემდეგ ერთი მათგანი გახსნა და ფხვნილი ფინჯანში ჩაყარა. ყავის მომწარო გემო არ მოეწონა, მაგრამ სიამოვნებდა, რომ თავისუფალი დრო ჰქონდა და დასვენება შეეძლო. ყავის პაკეტი მაგიდაზე ისე პრიალებდა, როგორც – საფირონი გრანიტზე.

მარსელამ ჩამოწერა ყველა საკითხი, რომლებიც უნდა მოეგვარებინა, სანამ მოთხილამურეები შინ დაბრუნდებოდნენ. ორი გვერდი გაავსო, მაგრამ მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში საკუთარი საქმეების მიგვარებასაც მოასწრებდა. სახლის მეპატრონეთა გამგზავრებიდან ერთი საათის განმავლობაში ოთახებში თითქოს მათი ხმების ექო ისმოდა, შემდეგ კი ოთახებში სიჩუმემ დაისადგურა. მარსელა თავის მანსარდაში ავიდა და კარი მიიხურა.

მანსარდაში მზის შუქი მაღლა გაჭრილი ვიწრო კოხტა სარკმლიდან შემოდიოდა. ამ ოჯახში მუშაობის პირველსავე დღეს მარსელა სკამზე დადგა და გარეთ გაიხედა. წვიმდა. ფანჯარაში მხოლოდ ნოტინგ-ჰილის მოლაპლაპე სახურავები მოჩანდა. ოთახში იდგა კუბოსავით ვიწრო კარადა, რომელშიც სარკე იყო ჩასმული. თუ კარადაში ერთ ლაბადას, ერთ ჟაკეტს, ორ სამუშაო ფორმას (ლურჯ წინსაფარს) და შესაძლოა, კიდევ სამ კაბას მჭიდროდ დაკიდებდით, იქ სხვა არაფერი დაეტეოდა. მარსელა წუხდა _ იქნებ, სახლის მეპატრონეები ფიქრობდნენ, რომ შინამოსამსახურე აქ დიდხანს არ იმუშავებდა და ამიტომ არ დაუდგეს უფრო ხალვათი კარადა, სადაც ბევრ ტანსაცმელს დაჰკიდებდა? თვით მარსელა იმედოვნებდა, რომ აქ დიდხანს დარჩებოდა; ქათმის ხორცის მაღაზიის თავზე განლაგებული ოთახი გამქირავებელმა დაიბრუნა და მარსელას თანამემამულე ქალებს ბრალად დადო, აქ საროსკიპო მოგიწყვიათო. ასე რომ, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში მარსელას ღამის გასათევი ადგილი არ ექნებოდა. ამიტომ საკმარისი იყო დამქირავებლის კაპრიზი, ან კიდევ ძიძის და სადღეღამისო შვეიცარის მტრობა, რომ მარსელა ქცეულიყო ერთ-ერთ უბედურ ქალად, რომელთაც თვალყურს ადევნებდნენ სუპერმარკეტების მცველები და რომელთაც მოპარულ ჩანთებში უწყვიათ ხოლმე საბუთები, ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატები და ხამანწკებიანი ვადაგასული სანდვიჩები… ზოგჯერ, თუკი ერთ-ერთი მათგანი ავად ხდებოდა და ვერ მუშაობდა, მას სხვა ენაცვლებოდა, რეცხავდა იატაკებს და სააბაზანო ოთახებს; დამქირავებლებისთვის კი ისინი მხოლოდ უპიროვნო არსებები იყვნენ, რომლებსაც ცოცხი ან ვედრო ეჭირათ და პირმოთნედ იღიმებოდნენ.

უცხო ოჯახში მუშაობისას შინამოსამსახურე ნებისმიერ საცხოვრებელ პირობებს უნდა შეგუებოდა; კარადა იმდენად ვიწრო იყო, რომ მარსელას ისღა დარჩენოდა, თავისი ჟაკეტი დაეკეცა და უჯრაში შეენახა. მის ოთახში იდგა ოთხუჯრიანი სკივრი და კომოდი, რომელიც კომოდი არ იყო. სინამდვილეში ეს იყო ყუთი, რომელშიც საწოლი იდგა. სკივრი გორგოლაჭებზე ტრიალებდა და ცალი ხელით ღონივრად უნდა დაგეჭირათ, სანამ მეორე ხელით საწოლს გამოათრევდით. წინააღმდეგ შემთხვევაში სკივრი, საწოლიანად, იატაკზე გაგორდებოდა.

ახლა, ცარიელ სახლში _ როდესაც მისი მკვიდრნი თხილამურებზე სრიალებდნენ _ მარსელას სურდა, თავისუფლება იმით აღენიშნა, რომ წამოწოლილიყო. აქამდე დღისით არასოდეს გამოუთრევია თავისი საწოლი. წარმოიდგინა, როგორ დაწვებოდა ზოლიან ლეიბზე, მაგრამ ერჩივნა, ზეწრებიან საწოლზე დაწოლილიყო და დალიანდაგებული საბანი დაეხურა. გამოღვიძების შემდეგ ყველაფერი უნდა აელაგებინა? თუ ქვეშაგები თავის ადგილას დაეტოვებინა?

მარსელამ კიბის მეორე ბაქანი ჩაიარა და თავისი ბატონისა და ქალბატონის საწოლი ოთახისკენ გაემართა. ქალბატონი თითქოს ჯერ კიდევ აქ იმყოფებოდა, მისი უჩვეულო სურნელი კვლავ ტრიალებდა ჰაერში. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ამ ოთახში მამაკაცს ეძინა ხოლმე. ორადგილიან საწოლზე თხელი საბანი ეფარა. თეთრ ფონზე ყავისფერი ორნამენტები ეხატა. ბევრჯერ განარეცხს ჰგავდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თვით მარსელას არაერთხელ მოუტანია ეს საბანი ქიმწმენდიდან, როდესაც ქალბატონი მასზე ყავას ღვრიდა ან პატარა ჯონკვილი მშობლების საწოლზე აცოცებისას ზედ ხილის წვენს ასხამდა.

ამაზე ვერ დავწვები, ვაითუ დავსვაროო, გაიფიქრა მარსელამ, ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა, რომ შიგ ვარდისა და ლიმონის სურნელი დარჩენილიყო. პატარა ჯონკვილის საძინებელში შევიდა და ბავშვის პატარა საწოლზე წამოწვა. საწოლთან გობელენი ეკიდა, რომელზეც მწვანე მინდორი და ჭრელი ხბოები იყო გამოსახული..

კართან ხმაური გაისმა. მარსელა შეკრთა და გაეღვიძა. შიშისგან პირი გაუშრა და თავდაპირველად ვერც კი იაზრა, სად იმყოფებოდა. ქალი წამოდგა. ქურდებისგან უნდა დაეცვა ბატონის კაბინეტი ჩაშენებული ავეჯით, რომლის გასაწმენდად აეროზოლის გამოყენება არ შეიძლებოდა, მხოლოდ ცვილით უნდა გაეპრიალებინა; უნდა დაეცვა კედლის სეიფი, აპარატურა, კომპიუტერის პროგრამები: უნდა დაეცვა მინდორში გაფანტული ხბოები და ყავისფერორნამენტებიანი საბანი. როდესაც კიბესთან მიირბინა, ჯოშუა დაინახა.

_ ჯოშუა? შენ ხარ? მეგონა, სკოლაში იყავი.

ბიჭმა თვალები დაუბრიალა.

_ სკოლაში რა მესაქმება, შე უტვინო.

ჯოშუას შარვალი თეძოებზე ჩაჩაჩოდა და უზარმაზარ კედებზე ეფინებოდა; ეს მოდაში აღარ იყო, მაგრამ ჯოშუა და მისი თანაკლასელები კვლავ ამგვარ შარვლებს ატარებდნენ, რადგან მიყრუებულ უილტშირში ცხოვრობდნენ და ახალი მოდების შესახებ არაფერი სმენოდათ. სამზარეულოში სხდებოდნენ, ეწეოდნენ, ფერფლს პირდაპირ იატაკზე ყრიდნენ და იცინოდნენ, მარსელას კაბაზე ფეხებს უცაცუნებდნენ და ისეთ გამომეტყველებას იღებდნენ, თითქოს ეს შემთხვევით ხდებოდა, როდესაც ქალი სამზარეულოს იატაკს ცოცხით ხვეტდა.

_ მარტო ხარ? _ჰკითხა მარსელამ. _ სკოლაში იციან, სადაც ხარ?

და ქალი უეცრად მიხვდა, რომ ჯოშუას და მისი თანაკლასელებს შეეძლოთ დაეჭირათ პაწაწა ხბოები, თავები წაეცალათ და გაუტყავებლად შეეწვათ. წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ბიჭის ბავშვური ხელები ოდესმე მიფერებოდა დახატული ფერმის კონტურებს ან რომ ის ბავშვური მზერით ელამუნებოდა ლურჯ ფრინველებსა და ჭრიჭინებს.

მარსელამ შეხედა ბიჭს, რომელიც კიბეზე იდგა. მაისურზე ნომერი 69 ეწერა და კაპიუშონიდან გოჭივით ღაჟღაჟა სახე უჩანდა.

_ არ გეწყინოს, ჯოშუა, _ უთხრა მარსელამ. _ გაინტერესებდა, რატომ დაგსაჯეს. მე გიპასუხე.

_ საჭმელი მომიმზადე, _ უთხრა ბიჭმა..

_ ძალიან კარგი, მოგიმზადებ. რა გირჩევნია?

_ `სერ~ მიწოდე.

_ არა.

_ `სერ~ მიწოდე.

_ ეს სწორი არ იქნება, ჯოშუა. მამაშენიც კი, რომელსაც დედოფალმა ლორდის ტიტული უბოძა, მეუბნება, უბრალოდ, `მაიკი~ მიწოდეო.

_ არ მაინტერესებს, როგორ მიმართავ მაგ ნაგავს, _ თქვა ბიჭმა. _ მე კი `სერ~ მიწოდე, თორემ ინანებ.

_ ყველა შემთხვევაში ვინანებ, _ უთხრა მარსელამ. _ ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე.

 

* * *

 

იმ ღამეს მარსელას ქვემოდან ღრიანცელისა და მინის მსხვრევის ხმა ესმოდა. ესმოდა შიშისმომგვრელი რიტმული ბრახაბრუხი მუსიკისა, რომელსაც ულმობლად მოაცილეს დედა, სახელად მელოდია. რა უნდა ექნა მარსელას? ჯოშუამ პასუხი არ გასცა მის აღშფოთებულ კითხვებს, თითქოს არც გაუგია ისინი. იდაყვიც გაჰკრა. მარსელა ფიქრობდა, ნეტავ, ჯოშუამ განზრახ გამარტყა თუ არაო. ფიქრობდა, რით გაემართლებინა თავი სერ მაიკლთან. თქვენმა შვილმა მოულოდნელად მოიყვანა თავისი მეგობრები და როდესაც ვუსაყვედურე, უხეშად გამკრა იდაყვი. რა უნდა მექნა? სერ მაიკ, თქვენ არ გითქვამთ, `მეგობრები არ მოიყვანოსო~. რომ გაგეფრთხილებინეთ, გეტყოდით, ამხელა ყმაწვილს ზედამხედველობა როგორ გავუწიო-მეთქი.

მარსელას მობილური ტელეფონი ჰქონდა და შეეძლო დაერეკა სერ მაიკთან და ქალბატონთან, მაგრამ მისი ტელეფონი ქვემოთ იყო, ჩანთაში, რომელიც ქალს სამზარეულოში დარჩა. ეს იყო ხელოვნური ტყავის შავი ჩანთა; მარსელას ხშირად ენახა ამგვარი ნივთები _ ის იმ ქვეყნიდან იყო, სადაც უამრავ ყალბ ლოგოტიპსა და პასპორტებს ამზადებდნენ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საზღვარგარეთ წასვლა სურდათ. უკვირდა, რატომ არ აპკურებდნენ ჩანთებს ნამდვილის ტყავის სურნელს. სხვა არაფერი იყო საჭირო, რომ მყიდველებს ტყავის იმიტაცია ნამდვილ ტყავად მიეჩნიათ. მარსელას ჩანთა ისეთი რბილი და ელასტიური გახლდათ, თითქოს საუკეთესო ტყავისგან იყო დამზადებული. ჩანთაში ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი იდო _ მისი დანაზოგი. ფულის დაზოგვა მხოლოდ ამ ოჯახში მუშაობის დროს შეძლო. ალბათ, ჯოშუას სტუმრებმა ჩემი ჩანთა უკვე გახსნეს და ფული მოიპარესო, ფიქრობდა ქალი.

შუაღამისას მარსელამ ივარაუდა, რომ ჯოშუა, მისი მეგობრებითურთ, ალბათ, ახლა სარდაფში ჩავიდოდა პორნოფილმების საყურებლად და ის ჩანთის აღებას შეძლებდა, მაგრამ შუაღამისას სტუმრების რაოდენობა გაიზარდა. ღრიანცელი კიდევ უფრო გაძლიერდა. მუსიკა გრგვინავდა. ყოველ ხუთ წუთში ბაღიდან ახალ-ახალი სტუმრების ყვირილი გაისმოდა. მეზობელი სახლების ბაღებში საგანგაშო ნათურები აინთო. მას შემდეგ, რაც საღამოს ათ საათზე პირველი სტუმრები მოვიდნენ და ჯოშუამ მარსელას იდაყვი გაჰკრა, ქალი ზევით, თავისი ოთახის კართან იდგა. ახლა ორის ნახევარი იყო. ქალი ფიქრობდა, შესაძლოა, ზოგიერთი ყმაწვილი დაღლილობისგან ძირს დაეცესო. არც ის გაუკვირდებოდა, რომ რომელიმე დაჭრილი ახალგაზრდის საშველად ან ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად მისთვის მიემართათ _ მარსელას ხომ სათანადო სერტიფიკატიც ჰქონდა. ეჩვენებოდა, რომ თუკი ვინმეს სიცოცხლეს იხსნიდა, მაშინ მოვალეობების დარღვევას აპატიებდნენ, ყმაწვილის მშობლები კი აუცილებლად დააჯილდოებდნენ. შესაძლოა, მათი წყალობით სამუშაოც ეშოვა _ ისეთი, სადაც ნორმალური საწოლი ექნებოდა და ყოველ მეორე კვირას სამდღიანი დასვენების უფლებას მისცემდნენ.

ქალი კვლავ კიბის ბაქანზე იდგა. მზად იყო, ფეხის ხმის გაგონებისთანავე უკან დაეხია და კარი ჩაერაზა. გაფაციცებით აყურადებდა ყოველგვარ ხმაურს, რაც მუსიკის რიტმული ხმები არ გახლდათ. ამ დილას ოთხ საათზე ადგა, რათა ოჯახის წევრების ნივთები შეეფუთა. ამგვარად, უკვე თითქმის 22 საათის განმავლობაში ფხიზლობდა. ხმაურის მიუხედავად, როგორც ჩანს, ზეზეულად ჩათვლიმა. როდესაც პოლიციის მანქანის სიგნალი გაისმა, შეკრთა და გაიხედა ვიწრო ფანჯარაში, საიდანაც ქუჩის ნაწილი მოჩანდა; დაინახა მათ სახლთან შეჩერებული სასწრაფო დახმარების ფურგონი, რომელთანაც ვიღაც ყმაწვილი მიიყვანეს. თავით ფეხებამდე ვერცხლისფერ საბანში გაეხვიათ, თითქოს ეს უჩინმაჩინის ქუდი იყო, რომელიც ჯადოსგან დაიხსნიდა.

ეს ჯოშუა არ იყო. ჯოშუა რომ ყოფილიყო, მარსელა, ალბათ, გაბედავდა ქვემოთ ჩასვლას და იატაკზე მწოლარე ახალგაზრდებს შორის გზას გაიკვლევდა. ის სტუმრები, რომლებიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგნენ, ალბათ, ყურადღებას არ მიაქცევდნენ ან ვერც კი შეამჩნევდნენ. მაგრამ სანამ ჯოშუა სახლში იმყოფებოდა, მარსელა ძირს ჩასვლას ვერ ბედავდა. ახლა უკვე სჯეროდა, რომ ჯოშუამ განზრახ გაარტყა იდაყვი. მკერდში შეუნელებელ ტკივილს გრძნობდა. ძუძუებიც კი სტკიოდა.

როდესაც პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა თვალს მიეფარნენ, სახლი სიმშვიდემ მოიცვა, თუმცა, მას დროდადრო არღვევდა უეცარი წამოძახილები და კარების ჯახუნი. მარსელა უსმენდა და ფიქრობდა, რომ ეს უფრო საშიში იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ხმაური და მუსიკის მგრგვინავი ხმები. რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. დავიძინებ და არაფერზე ვიფიქრებო, გადაწყვიტა ქალმა, კომოდის ზედა ნაწილს ხელი ჩასჭიდა და დააპირა თავისი საწოლი გამოეთრია.

ასეთი საწოლით ადგილის დაზოგვა შეიძლებაო, თქვა ლედი სოფიმ პირველ დღეს, როდესაც მარსელას მისი ოთახი აჩვენა. მარსელამ თავი შეიკავა და არ უპასუხა, ეს ჩემი სივრცეა, ვამჯობინებდი, ადგილი არ დამეზოგა და ჩვეულებრივი საწოლი მქონოდაო.

_ ვიმედოვნებ, საწოლი მოგეწონებათ. _ და ქალბატონმა მარსელას ისე შეხედა, თითქოს არ მოსწონდა, რასაც ხედავდა. _ უკანასკნელი ფილიპინელი მსახური ტანთხელი იყო.

_ ფილიპინელი არ ვარ, _ თქვა მარსელამ.

_ რა თქმა უნდა, თუ არ მოგეწონებათ, უნდა მითხრათ.

_ არა უშავს, შევეჩვევი. _ მიუგო მარსელამ. ქალბატონს სწორედ ასეთი პასუხის მოსმენა სურდა.

 

* * *

მოუსვენრად ეძინა. როდესაც გაიღვიძა, ცხრა საათი იყო. სხვა ქვეყანაში, დილის ვერცხლისფერ შუქზე, მოთხილამურეები თოვლში დასრიალებდნენ, აქ კი წვიმდა. მთელი ამ დღის განმავლობაში მარსელა ძირს არ ჩასულა. ჩასვლისას ნარწყევის (შესაძლოა, სისხლისაც) მოსუფთავება და მინის ნამსხვრევების აკრეფა მოუხდებოდა. ჩვეულებრივ, მარსელა გამუდმებით აყურადებდა ყოველგვარ ხმაურს _ ფხიზლად იყო, რომ ბატონისა და ქალბატონის პირად, კერძო ცხოვრებაში შემთხვევით არ ჩარეულიყო. როდესაც საპირფარეშოებს რეცხავდა, ხვდებოდა, რომ ოჯახს რამდენიმე ახალგაზრდა სტუმრობდა. ახლა, ამ ვითარებაში, იმას, რომ სახლში ბევრი სტუმარი იმყოფებოდა, შეიძლებოდა დაეცვა ის ჯოშუასგან; მაგრამ, შესაძლოა, მთვრალ ან ნარკოტიკებისგან გაბრუებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა არანაკლებ საშიში იყო.

მალე უიკენდი დასრულდება. ბიჭები უნდა დაუბრუნდნენ მშობლებს, სკოლას. და მაშინ მარსელა შეძლებს ძირს ჩასვლას და ყველაფერს მიალაგებს. მაგრამ ახლა მას საკვები სჭირდება.

ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა ჰქონდა დალეული. მინის ქილიდან `კანტუჩის~ ამოღება ვერ გაბედა, ახლა კი ნუშისა და ფორთოხლის ქერქის წარმოდგენისას მუცლის გვრემა ეწყებოდა. მარსელას ოთახში პურის ნამცეცსაც კი ვერ იპოვიდით. როდესაც ის პირველად მოვიდა ამ სახლში, თან მოიტანა შვრიის ნამცხვარი, მაგრამ სერ მაიკმა იპოვა ისინი, როდესაც მარსელას არყოფნისას მისი ოთახი გაჩხრიკა. ბატონმა ბოდიში მოიხადა ჩხრეკის გამო, მაგრამ აუხსნა მარსელას, რომ უკანასკნელი ფილიპინელი მსახური, ჯოშუას თხოვნით, აქ ნარკოტიკებს ინახავდა. ამიტომ მშობლები საჭიროდ მიიჩნევდნენ, ეს ოთახი რამდენიმე დღეში ერთხელ გაეჩხრიკათ.

_ ნარკოტიკებს არასოდეს შევინახავ, _ თქვა მარსელამ.

ლედი სოფიმ უთხრა:

_ უკანასკნელი მსახური ჯოშუამ, უბრალოდ, აიძულა, რომ ნარკოტიკები აქ შეენახა.

და სერ მაიკს მიუბრუნდა:

_ შენი შვილი ზოგჯერ ძალზე ჯიუტია.

_ მისი შვილი? _იკითხა მარსელამ. _ ქალბატონო, ჯოშუა თქვენი ვაჟიშვილი არ არის?

_ ღმერთო ჩემო, როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისა ვარ?

_ ორმოცისა, _ გულწრფელად თქვა მარსელამ.

_ ის ქალი _ ჯოშუას ღვიძლი დედა _ ვანკუვერში გადასახლდა! _ წამოიყვირა ქალბატონმა, _ და შვილი მიატოვა. შვილს ვერ იტანდა, მე კი მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი ატანა მომიხდება.

მარსელა დაიბნა. ნუთუ შესაძლებელია, ქალმა მიატოვოს შვილი და არა ქმარი? ნუთუ მშობლები გაურბიან საკუთარ შვილებს? სანამ ამ ოჯახში მოვიდოდა, ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა.

ის მიუბრუნდა სერ მაიკს, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სერ მაიკმა დაასწრო:

_ მარსელა, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ _ კი არ გტუქსავთ, არამედ ბოდიშს გიხდით ამ თხოვნისთვის _ იქნებ თქვენს ოთახში ეს ნუშის ნამცხვრები არ შეინახოთ? მწერები დაესევიან.

_ და კიდევ, _ შეაწყვეტინა ქალბატონმა. _ შეგიძლიათ `სოფი~ დამიძახოთ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ან – `ლედი სოფი~, ან, თუ ასე გირჩევნიათ, `თქვენო მოწყალებავ~, მაგრამ, უბრალოდ, `ლედის~ ნუ მიწოდებთ _ ეს… უზრდელობაა.

ის კარისკენ მიბრუნდა და ცივი ხმით დასძინა:

_ უამრავი ტკბილეული იყიდება. ერთი შეხედვით, ის ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ ამგვარ პროდუქტებზე დაკრული ეტიკეტები წაგიკითხავთ?

შიმშილის შემდეგ, უფრო ზუსტად კი, შიმშილთან ერთად, მარსელას მოწყენილობა დაეუფლა. ოთახში რადიო ჰქონდა, მაგრამ მის ჩართვას ვერ ბედავდა; იმედოვნებდა, რომ ჯოშუას აღარ ახსოვდა მარსელას არსებობა და არ სურდა შეეხსენებინა, რომ აქ, ამ სახლში იმყოფებოდა. ის უყურებდა თეთრ კედელს, მოყვითალო კომოდს, რომელიც კომოდი არ იყო, და _ ნაფხაჭნს, რომელიც უკანასკნელი ფილიპინელი მსახურის ჩემოდანს დაეჩნია კარადაზე; კითხულობდა `ივნინგ სტანდარდის~ სამი დღის წინანდელ ნომერს; ფიქრობდა `ლედის~ შესახებ; იხსენებდა ქათმის ხორცის მაღაზიის თავზე განლაგებულ ოთახს და თავის თანამემამულეებს, ნივრითა და ჯანჯაფილით რომ ყარდნენ, აგრეთვე _ წითელ წრეებს, მწვანე ჯვრებსა და ლურჯ ვარსკვლავებს; კითხულობდა ვაკანსიების შესახებ, მაგრამ არაფერი ესმოდა.

შემდეგ შარდის ბუშტმა შეახსენა თავი. მარსელამ ყვავილების ცარიელი ქოთანი ნახევრამდე გაავსო, შემდეგ სკამზე ფრთხილად ავიდა და სხვენის სარკმელი გააღო.. სახურავზე მჯდარ თოლიას ან ხელოსანს, რომელიც წყალსადენ მილს არემონტებდა, შეეძლოთ დაენახათ ყვითელი წვრილი ხელი, ოდნავ დახრილი ქოთანი და ნაკადი, რომელიც კრამიტებზე მიწანწკარებდა.

შემდეგ მარსელა სკამზე დაჯდა და დალია წყალი ჭიქიდან, რომელიც, საბედნიეროდ, საწოლთან ედგა. წყალში პატარა ბუზი თუ ქინქლი ცურავდა. როდესაც მარსელა მას თითით შეეხო, ბუზი ქვემოთ ჩაცურდა. ბოლოს მარსელამ ის შემთხვევით მიაჭყლიტა ჭიქის კედელს. მწერის ამაზრზენი შიგნეული ახლა წყალში იყო, მაგრამ მარსელამ მაინც დალია. ექვსი ყლუპი მოსვა. იმედოვნებდა, რომ სანამ შიმშილისგან ქანცი გაელეოდა, სანამ კუჭ-ნაწლავი აუჯანყდებოდა, ჯოშუა სახლიდან გაქრებოდა (ისე, როგორც ქრება ხოლმე დამპყრობელი, რომელიც უკან ტოვებს გაპარტახებულ ქვეყანას) და დაბრუნდებოდა უილტშირში, სადაც თავის მეგობრებთან თავს მოიწონებდა იმით, რომ მშობლები მოატყუა და მსახურს ხელი გაარტყა.

მაგრამ დღის ბოლოს ჯოშუა კიბეზე ავიდა და მარსელას ოთახის კარზე დააკაკუნა.

 

* * *

 

_ მეგონა, შეუძლოდ იყო, _ უთხრა მარსელამ მისტერ მედოქსს. _ ან, უბრალოდ, დაავიწყდა, რომ იქ ვიყავი. მაგრამ ვცდებოდი. კარს მოადგა. ვიცოდი, რომ რაზა დიდხანს ვერ გაუძლებდა. თუმცა, ჯიქურ შემოსვლა არ უცდია.

მას შემდეგ, რაც მარსელამ სიტყვა `გაუპატიურება~ წარმოთქვა, მსახურთუფროსი დაძაბული ყურადღებით უსმენდა ქალს. მარსელამ თვალები დახუჭა, თავშესაფრის კედელს მიეყრდნო და იგრძნო, როგორ მოუთმენლად ელოდა მისტერ მედოქსი იმის შეტყობას, თუ როგორ დამთავრდა ყველაფერი.

_ დასახმარებლად ვერავის მოუხმეთ? _ ჰკითხა მან მარსელას.

ქალმა თავი გააქნია. ქუჩაში უამრავი სახლი იყო, მაგრამ ნოტინგ-ჰილში ვინ გაიგონებდა ქალის ხმას, სხვენის სარკმლიდან რომ გაისმოდა? გარდა ამისა, რა სახის დახმარება უნდა ეთხოვა მას?

_ მსხვერპლი არ ვიყავი, _ ფრთხილად შენიშნა მარსელამ. _ იარაღით არავინ დამმუქრებია. ჩემს თავშესაფარში ვიმყოფებოდი.

მსახურთუფროსმა გაუღიმა:

_ მარსელა, შეგიძლიათ მენდოთ. რატომ არ მიწოდებთ `დესმონდს~?

_ იმიტომ, რომ თქვენდამი პატივისცემის გრძნობა ამის უფლებას არ მაძლევს.

_ მიზეზს კი არ გეკითხებით, _ თქვა მისტერ დესმონდმა, _ არამედ გთავაზობთ, ნათლობის სახელით მომმართოთ. _ მას ებრალებოდა ქალი, _ როგორც ვხედავ, თქვენი ინგლისურის კურსები ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორც გგონიათ. ძალზე თვალსაჩინო ამბები არ გესმით. მოარული იდიომების აზრს ვერ სწვდებით. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ვცდებოდი, როდესაც გისაყვედურეთ იმის გამო, რომ არ იცით სიტყვა `მსხვერპლის~ მნიშვნელობა.

დესმონდმა ხელი გაიწვდინა და კედელს ისეთი გამომეტყველებით მიეყრდნო, თითქოს ამბის დასასრულისადმი მძაფრი ინტერესის გამო საცაა გული წაუვიდოდა. მარსელა შავკანიანების მიმართ ანტიპათიურად არ იყო განწყობილი, მაგრამ ახლა ეგონა, რომ მსახურთუფროსის შავი ხელი კედელზე თითების ანაბეჭდებს დატოვებდა. დესმონდმა ამოიოხრა და ქალს მიმართა:

_ მიამბეთ თქვენი ისტორია, მარსელა… მოკლედ შევაჯამოთ: საღამოვდება. ნოტინგ-ჰილში, სხვენზე იმყოფებით. გშიათ. უძინარი და აღგზნებული ხართ. დასახმარებლად ვერავის დაუძახებთ და არ იცით, რა სახის დახმარება უნდა ითხოვოთ. გვიანაა. ჯოშუა კარზე აკაკუნებს. თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან ბიჭს უთხარით, ნუ ზლუქუნებო, მან გულში წყენა ჩაიდო. ერთხელ უკვე მოგაყენათ ტკივილი, როდესაც იდაყვი გაგკრათ. შემდეგ რა მოხდა?

_ არაფერი. _ მიუგო მარსელამ.

_ არა, მარსელა, _ თქვა მისტერ მედოქსმა. _ მენდეთ, გთხოვთ. _ და ნეკნებზე ხელი დაიტყაპუნა, _ თქვენს საიდუმლოს აქ ჩავიმარხავ. მაგრამ არ მჯერა, რომ ჯოშუა ხმისამოუღებლად გაბრუნდა უკან. ამგვარი ისტორიები ასე არ მთავრდება.

 

* * *

 

ჯოშუა კარზე მხოლოდ იმიტომ აკაკუნებდა, რომ მარსელასთვის დაეცინა, _ ქალმა ეს კარგად იცოდა,

_ სერ, _ დაიძახა მარსელამ. _ კარი ჩარაზული მაქვს. ვისვენებ.

_ კარი გააღე, _ თქვა ჯოშუამ _ ქვევით ჩადი და რამე საჭმელი მომიმზადე. შემდეგ სახლი უნდა მიალაგო.

ჯოშუა ამას ამბობდა და თან რაზას აწვალებდა, შემდეგ წიხლი ჰკრა და გატეხა. ახლა უკვე ზღურბლზე იდგა.

_ მშობლებისგან რა ისმის? _ ჰკითხა მარსელამ. _ კარგად ისვენებენ?

მარსელას ხმაში სასოწარკვეთილება ისმოდა და ამას თვითონაც გრძნობდა. ინგლისური ენის კურსებზე ამგვარ შეკითხვებს არ სვამდნენ.

_ შენ გამო კარი გავტეხე, _ ჩაიქირქილა ჯოშუამ. _ ხელფასიდან დაგიქვითავთ.

_ შენი მშობლები არასოდეს დაიჯერებენ, რომ კარი მე გავტეხე. _ უთხრა მარსელამ

_ ვეტყვი, რომ მე გავტეხე. _ ჯოშუამ ცხვირი სახელოთი გაიწმინდა. _ ვეტყვი, რომ იძულებული ვიყავი, კარი გამეტეხა, იმიტომ, რომ აქ ზანგი ნარკომანები მოიყვანე. ვეტყვი, რომ შენმა მეგობრებმა მთელი სახლი გადააქოთეს.

_ რა გინდა? _ ჰკითხა მარსელამ.P_ ჩემი დანაზოგი ხომ უკვე აიღე.

_ რა დანაზოგი? _ წარბები შეიკრა ბიჭმა.

_ ის, რომელიც ჩანთაში მედო.

_ რაში მჭირდება შენი ქეციანი ჩანთა?

_ იქ ორმოცდაათი გირვანქა იდო. _ თქვა მარსელამ. _ ჩანთაში.

ჯოშუას გაეცინა:

_ ორმოცდაათი გირვანქა არაფერია. _ და თითები გაატკაცუნა. _ ორიოდ პიცა. თორმეტი ბოთლი ლუდი.

_ ჩემთვის ეს მთელი სიმდიდრეა.

_ `ო, როგორ მატკინე გული~! _ წაიმღერა ბიჭმა

გუშინდელი ტანსაცმელი ეცვა.

_ ნუ იზამ ამას, _ უთხრა მარსელამ ხმადაბლა. _ თორემ თვითონვე მოგიხდება აქაურობის მილაგება.

_ შეხე, როგორ მელაპარაკება! _ თქვა ბიჭმა. შეურაცხყოფილი ჩანდა, თითქოს მარსელას მიუძღოდა ბრალი იმაში, რაც ამ სახლში ხდებოდა უკანასკნელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში.

_ გამატარე. _ უთხრა ქალმა. _ გამატარე, ჯოშუა. ერბოკვერცხს მოგიმზადებ. ძეხვსაც. კარტოფილსაც შეგიწვავ.

შიმშილი შთაგონებას ჰგავს: მარსელას თავბრუ დაეხვა.

_ რას გარგებს, თუ შიმშილით მოვკვდები?

_ შენ, მარსელა… _ ჯოშუამ ქალის სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს მასზე ფეხებს იწმენდდა. _ სისულელეებს როშავ. ეს ყველაფერი საშინლად მომბეზრდა.

_ რძიან შოკოლადს მოგიხარშავ და არავის არაფერს ვეტყვი.

_ ხან მტვერს წმენდ. ხანNსაპნიან წყალს ვედროებით დაათრევ ზემოთ-ქვემოთ. გულს მირევ.

ბიჭი თვალებს აცეცებდა. მზერას ვერაფერზე აჩერებდა.

_ შენი საწოლი სადაა?

_ ამ კომოდში.

_ რაო? _ გაიკვირვა ბიჭმა?

დაე, თვითონ მიხვდესო, გაიფიქრა მარსელამ. ჯოშუამ დაინახა ქვეშაგები, რომლებიც ოთახის კუთხეში ეწყო. და თითქმის დაუჯერა მარსელას.

_ მიჩვენე. _ თქვა ბიჭმა. _ შემდეგ მოთმინება არ ეყო, რომ თავისი მიზანი დაემალა და დაიყვირა: _ უნდა გაგაუპატიურო.

_ არა, თქვა მარსელამ, _ ამას არ იზამ.

ჯოშუამ კარი მიაჯახუნა. ერთი ფართო ნაბიჯი გადადგა და ოთახის ცენტრში აღმოჩნდა.

_ ხომ მითხარი, მამაკაცი უნდა იყოო. თუ იტყვი, არ მითქვამსო, მატყუარა ყოფილხარ.

მარსელას ახლა მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა. ჯოშუამ ხელი დაარტყა კომოდს, რომელშიც საწოლი იდგა. კომოდი გადაიხსნა და ბიჭი წამით შეცბა. მან შეათვალიერა საწოლი და ზედ დაახტა. გორგოლაჭებიანი კომოდი აწრიპინდა.

_ ოჰ, _ წამოიძახა ბიჭმა.

მან ხელი მომუჭა და მარსელას კვლავ ატკივდა მკერდი.

_ არავითარი იდიოტური საწოლი არ მჭირდება, _ წამოიყვირა ჯოშუამა. _ კედელთან მიგაყენებ. არ იყვირო.

_ არ ვიყვირებ, _ უთხრა მარსელამ.

ბიჭი მიაჩერდა მას.

_ რას სულელობ? უნდა იყვირო. ხომ გითხარი, რას ვაპირებ?

_ დიახ, სერ. _ უთხრა მარსელამ _ მაგრამ ამას ვერ იზამთ. გაუპატიურება ძალმომრეობაა. არ ვაპირებ გეჭიდაოთ, რადგან მშიერი და დასუსტებული ვარ. მშიერიც რომ არ ვიყო, მაინც მომერევით. ამიტომ შევეცდები, ფიზიკური ტრავმები ავიცილო. ტანსაცმელს ნუ დამიხევთ, რადგან მისი შეძენის საშუალება არა მაქვს. თუ გინდათ, გავიხდი, ან, თუ ჩქარობთ, უბრალოდ, კაბას ავიწევ, რომ შეძლოთ თქვენი სურვილის ასრულება _ თუკი, რა თქმა უნდა, იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ. პორნოფილმებში ყველაფერი სწრაფად ხდება, სინამდვილეში კი ყოველივე ამას დრო დასჭირდება და ისევე ძნელია, როგორც _ საწოლის გამოთრევა კომოდიდან.

 

* * *

 

მისტერ მედოქსმა მოისმინა მარსელას მონათხრობი და შენიშნა:

_ სიმართლე რომ გითხრათ, ბიჭი დამნაშავეა, მაგრამ ნაწილობრივ თქვენც მიგიძღვით ბრალი.

_ რატომ? _ ჰკითხა მარსელამ.

_ ვფიქრობ, თქვენ იცით, რატომაც. დასცინოდით მას. როდესაც შოკოლადიანი რძისა და შემწვარი კარტოფილის მომზადებას სთავაზობდით, იგულისხმებოდა, რომ ჯოშუა უმწეო ბავშვი იყო.

_ და უნდოდა, რომ მამაკაცად ეგრძნო თავი. _ თქვა მარსელამ. _ არ დავცინოდი, რადგანაც კარგად ვიცნობდი. თუკი _ სკოლაში მიმავალს _ ჩანთაში ქიშმიშის პაკეტებს არ ჩავუწყობდი, უილტშირიდან რეკავდა და ჩხუბობდა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მსურს ცხოვრება სამყაროში, სადაც ქალს არ შეუძლია შესთავაზოს ბავშვს საჭმელი ისე, რომ ამ უკანასკნელმა თავი დამცირებულად არ იგრძნის.

_ ჩვენ ვერ ავირჩევთ, რომელ სამყაროში უნდა ვიცხოვროთ, _ თქვა დესმონდ მედოქსმა. _ თუმცა, შეგვიძლია ავირჩიოთ ინგლისური გამოთქმები. ზლუქუნი, ქვითინი: შეგეძლოთ, სხვა სიტყვები გეთქვათ.

_ მე თვითონ დამადანაშაულეს იმაში, რომ ნუშის ნამცხვარი მქონდა. უსამართლობა იყო. მაგრამ არავინ დამიზარალებია.

_ ერთი კითხვა მაქვს. _ თქვა მსახურთუფროსმა. _ ვინ მოგცათ რეკომენდაციები? სერ მაიკმა? მისი ბლანკები ხომ არ მოგიპარავთ?

მარსელა თავშესაფრის კარადაში შენახულ პროდუქტებს ათვალიერებდა.

_ ეს ვადაგასულია, _ შენიშნა მან.

_ ო, თხილი, _ თქვა დესმონდმა. _ არა უშავს, გამოდგება. თუ გინდათ, შეგიძლიათ აიღოთ.

_ შეიძლება დაობებული იყოს. _ თქვა მარსელამ _ მაგრამ გავრისკავ.

ქალმა თხილიანი პაკეტი ჩანთაში ჩაიდო. მისი ძველი ჩანთა იყო, რომელშიც დანაზოგი აღარ იდო. როდესაც ლედი სოფი შინ დაბრუნდა, ეს ჩანთა ბაღში იპოვა.

_ მივხვდი, რომ თქვენი ჩანთა იქნებოდა. _ უთხრა მან მარსელას, როდესაც ჩანთას უბრუნებდა.

_ ოდესღაც შეფ-მზარეული გვყავდა, რომელმაც ხელმოწერა გააყალბა. _ თქვა დესმონდმა. _ სამსახურიდან მყისვე გაათავისუფლეს. ასეთი რამეები სწრაფად მჟღავნდება ხოლმე.

_ ნეტავ, რა შეემთხვა, _ თქვა მარსელამ, _ არა მგონია, რომ იგივე შემთხვეოდა, რაც _ მე.

_ შორიახლოს ვიმუშავებ, _ თქვა დესმონდმა. _ რიჯენტს-პარკის მახლობლად. ეს ნებისმიერი მსახურთუფროსის ოცნებაა. თქვენ კი სენტ-ჯონს-ვუდში შემენაცვლებით, მარსელა.

_ ვინ იცის, იქნებ, დავმეგობრდეთ კიდეც. სახლის მეპატრონეების თანხმობა უკვე მიიღეთ?

_ ჯერჯერობით არა, ასე რომ, არავის არაფერი უთხრათ.

მარსელამ მკერდზე ხელი მიიდო.

_ თქვენს საიდუმლოს აქ შევინახავ.

_ განცხადება მეც `ლედიში~ ვიპოვე, _ თქვა დესმონდმა. _ ღირსეული ოჯახია. არასოდეს ცხოვრობენ აქ წელიწადში ერთ, ორ, სამ კვირაზე მეტ ხანს. თავიანთი მსახურები და შეფ-მზარეული ჰყავთ. ინგლისური პროდუქტებით არ იკვებებიან. ასე რომ, მათ სახლში მუშაობა ძნელი არ იქნება. და, რა თქმა უნდა, წელიწადში ცხრა თვის განმავლობაში დაცვა ემსახურებათ.

დესმონდმა კედელს ხელი მოაცილა. მარსელა დიდხანს აკვირდებოდა კედელს, მაგრამ ვერავითარი ანაბეჭდები ვერ შენიშნა. და მაინც, ეძებდა. არ სურდა, რომ მუშაობის პირველსავე კვირას დაუდევრობა დაებრალებინათ. მან იკითხა:

_ იქ, სადაც იმუშავებთ, თავშესაფარი არის?

_ ამ სახლებს ქვემოთ უზარმაზარი თავშესაფრებია. _ თქვა მსახურთუფროსმა. _ მთელი ლონდონი რომ გაცამტვერდეს, ისინი გადარჩებიან. საყინულეებში უამრავი პროდუქტი ინახება. არის საშხაპეები, სამზარეულოებში ჩაშენებული ყავის მოსახარში აპარატები, ყინულის გენერატორები, ღვინის შესანახი კარადები, ჰაერის ფილტრები. ისეთი კედლები აქვთ, რომ ბურთულის ბომბის აფეთქებას გაუძლონ.

_ ბირთვული, _ თქვა მარსელამ.

მისტერ მედოქსმა ისე გადახედა მარსელას, თითქოს ეუბნებოდა, როგორ მიბედავ, ყვითელკანიანო ძუკნაო, მაგრამ მაშინვე განურჩეველი გამომეტყველება მიიღო. მაგრამ მარსელამ ყველაფერი შეამჩნია და ვეღარ დაივიწყა. ყველაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რაც მოჰყვა პირველ დარტყმას. ირგვლივ წყვდიადი იყო, წყვდიადი, რომელიც მდინარესავით მიედინებოდა. წყვდიადი, რომელიც ტბასავით გროვდებოდა; შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ _ მარსელამ არ იცოდა, რამდენი ხნის შემდეგ _ სინათლის სხივმა გაიელვა. მან ხმები გაიგონა და ტკივილი იგრძნო. როდესაც თვალები გაახილა, დაინახა გაოცებული და შეშინებული პატარა ჯონკვილი, რომელიც პატარა თითებით ნაზად ეფერებოდა. ქალი მიხვდა, რომ მისი საწოლის ნაცვლად ჯოშუას თავისი დის საწოლი გამოეყენებინა, მაგრამ არაფერი ახსოვდა; ძალიან სტკიოდა ზურგი, რადგან ჯოშუას გულწასული ქალი კიბის საფეხურებზე ჩაეთრია. გობელენზე დახატული მაღალი ბალახი ხბოებს მუხლებამდე სწვდებოდათ. მავთულებზე ჩამომსხდარი ლურჯი ფრინველები ისე თრთოდნენ, თითქოს ქარი ქროდა.

 

* * *

მომდევნო დღეებში, როდესაც მარსელა შეეგუა თავის ახალ სამყოფელს, ის მსახურთუფროსსა და მის ახალ დამქირავებლებზე ფიქრობდა. თუ ისინი ლონდონში წელიწადში მხოლოდ ერთ, ორ ან სამ კვირას ატარებენ, შესაძლოა, არასოდეს ჩასულიყვნენ თავშესაფარში, მაგრამ თუ კი ამის საჭიროება გაჩნდებოდა და მიწისქვეშ აღმოჩნდებოდნენ, როგორ მოიქცეოდნენ?Lმოიცავდა თუ არა მათ შიში, რომელსაც განვიცდით ხოლმე, როდესაც მშობლიურ ნაპირებს, ჩვენი მშობლების სახლებს ვტოვებთ? როგორ გაატარებდნენ დღეებს, როდესაც ლონდონი დაინგრეოდა, გაველურებული ძაღლები ქუჩებში დაიწყებდნენ ძუნძულს, ჰაერის ფილტრები დაბინძურდებოდა და საყინულე კამერაში შენახული საკვები გამოილეოდა? ექნებოდათ თუ არა წიგნები, რომ ეკითხათ? კროსვორდების შევსებით შეიქცევდნენ თავს? მარსელამ წარმოიდგინა ახლო აღმოსავლეთიდან ინგლისში გადმოსახლებული დარბაისელი ჯენტლმენები, რომელთაც თეთრი ხალათებიდან გაბანჯგვლული ფეხები და შავი წინდები უჩანთ ხოლმე, მათ შავთმიან ცოლებს კი ყოველ თითზე უამრავი ბეჭედი აქვთ ასხმული. გაახსენდა გაზეთი `ივნინგ სტანდარდი~, რომლის წყალობითაც ინარჩუნებდა სულიერ წონასწორობას იმ საზარელი საათების განმავლობაში ნოტინგ-ჰილში. `გვჭირდება შინამოსამსახურე, _ ნათქვამი იყო ერთ-ერთ განცხადებაში, _ რომელიც დათანხმდება დახშულ სივრცეში მუშაობაზე~.

სამუშაო ყოველთვის არის. ყოველთვის ესაჭიროებათ ქიმწმენდის სპეციალისტები და დურგლები, ლიანდაგების დარაჯები, მრანდავები და მენარდეები, მექანიკოსები და მებათქაშეები. როდესაც მარსელა საავადმყოფოდან გამოწერეს, ის სააგენტოს ეწვია და აღიარა, რომ არაფერი იცოდა ამ პროფესიათა შესახებ. სააგენტოს თანამშრომლებმა შესთავაზეს, ემუშავა იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც მის სარეკომენდაციო წერილში იყო ჩამოთვლილი. `მაგრამ, _ უთხრეს მას, _ გარეგნობა არ გივარგათ~.

მარსელა არ უარყოფდა ამას. იმ ინციდენტის დროს კბილები ჩაემსხვრა. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველანი ვკარგავთ კბილებს. ეს უთხრა მან სააგენტოს თანამშრომელ ქალს, რომელმაც მისი განცხადება დაიტოვა. გავიდა ერთი კვირა და _ არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მარსელა სააგენტოში ყოველდღე რეკავდა.

ყოველდღე ათვალიერებდა `ივნინგ სტანდარდს~. იყო მოთხოვნა შემდუღებლებზე, მღებავებსა და მემონტაჟეებზე. შემდეგ მარსელამ `ლედი~ გადაათვალიერა და იქ მოძებნა თავისი ახლანდელი სამსახური სენტ-ჯონს-ვუდში. როდესაც გასაუბრებისთვის გამოიძახეს, დესმონდმა, უბრალოდ, უთხრა, მისტერ მედოქსი ვარ, მსახურთუფროსიო, და შეათვალიერა; მან მარსელას კომბინეზონი მისცა, სახლი აჩვენა და დაათვალიერებინა თავშესაფარი _ პირველი თავშესაფარი, რომელიც კი მარსელას ოდესმე ენახა.

ზოგჯერ სენტ-ჯონ-ვუდში მარსელას ესიზმრებოდა წინა სამუშაო და ის, რითაც ეს სამუშაო დამთავრდა: კინკლაობა, წყვდიადი, უგრძნობლობა. დარწმუნებული არ იყო, რომ ყველაფერი ზუსტად უამბო მსახურთუფროსს. გავიდა დრო. ამბობენ, დრო მართლაც შესანიშნავი მკურნალიაო. შესაძლოა, იქ, ნოტინგ-ჰილში, მარსელა სულიერ ტკივილს გრძნობდა და არა ფიზიკურს. შესაძლოა, ეს ამბავი მას კი არ შეემთხვა, არამედ _ მის რომელიმე მეგობარს; ეს ქალები ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე სამუშაოზე. მათი ისტორიები ერთნაირია. ჯოშუას გაასამართლებენ. იტყვის, არ ვიცი, რატომ მოვიქეცი ასეო. კამერა აჩვენებს მას სასამართლოს კიბეზე, სანდვიჩით ხელში. სამხილთა არარსებობის გამო საქმეს შეწყვეტენ. აქ, სენტ-ჯონ-ვუდში, მარსელა ან იქნება დაცული, ან _ არა. დროდადრო წარმოუდგება ალპური მზის კაშკაშა სხივები და პატარა ჯონკვილი, რომელიც მარსელას დასისხლიანებულ სახეს უცქერდა და ტიროდა.

© არილი

Facebook Comments Box