ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

13 წლის შარლოტა ბრონტეს პოეზიის წიგნაკი 1,25 მილიონ დოლარად გაიყიდა

13 წლის შარლოტა ბრონტეს მინიატიურული პოეზიის კრებული ერთ საუკუნეზე მეტი კერძო საკუთრებაში რჩებოდა და საჯარო სივრცეში არც გამოჩენილა. 15 გვერდიანი წიგნაკი ზომით სათამაშო კარტზე პატარაა, 10 გამოუქვეყნებელ ლექსს იტევს და 1829 წლით თარიღდება.

კრებული 13 წლის მწერალმა თავისი ხელით აკინძა და ყავისფერი ქაღალდის ყდით გააფორმა. სახელად „შარლოტა ბრონტეს რითმების წიგნი, არავის მიერ გაყიდული და თავად დაბეჭდილი“ დაარქვა.

1857 წელს ელიზაბეტ გასკელის მიერ დაწერილი ბრონტეს ბიოგრაფიის წყალობით, „რითმების წიგნის“ არსებობის შესახებ მკვლევრებმა დიდი ხანია რაც იციან. მაგრამ უშუალოდ ლექსები: „ბუნების სილამაზე“, „გაძევებულის სიმღერები“ და „ბაბილონის კოშკის ნანგრევების ხილვა“, არასდროს გამოქვეყნებულა. ანონიმურმა მფლობელმა კრებული სქელტანიანი წიგნის ფურცვლისას აღმოაჩინა. ექსპერტების თქმის კი, წიგნაკი სხვაგვარად რომ შეენახათ, დროთა განმავლობაში გაცვდებოდა და დაიშლებოდა.

1916 წელს აუქციონზე 520 დოლარად გაყიდული ხელნაწერი ამჟამად ნიუ-იორკის ანტიკვარული წიგნების საერთაშორისო ბაზრობაზე 1,25 მილიონ დოლარად შეფასდა და მალევე ახალი მფლობელი გამოუჩნდა. მის ვინაობაზე ხანგრძლივი სპეკულირების შემდეგ გამოირკვა, რომ „რითმების წიგნი“ ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეისყიდა და ბრონტეების სახლ-მუზეუმს აჩუქა.

„ყოველთვის ამაღელვებელია, როცა ბრონტეების ოჯახის კუთვნილი ნივთი სახლში ბრუნდება. ეს ბოლო პატარა ხელნაწერიც, რომელიც დიდი ხნის დაკარგული გვეგონა, თავის დაწერის ადგილს დაუბრუნდა,“ – აღნიშნა ენ დინსდეილმა, მუზეუმის მთავარმა კურატორმა.

საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, წიგნაკს მნახველთათვის მუზეუმში მალე განათავსებენ და ასევე, მასში შემავალ ლექსებს მთელი მსოფლიოს მკითხველთათვის გააციფრულებენ.

© არილი

Facebook Comments Box