ინტერვიუ

1968: ძალაუფლება – წარმოსახვას

1968: ძალაუფლება – წარმოსახვას[1]

დანიელ კონ-ბენდიტისა და კლაუს ლეგევის საუბარი

კლაუს ლეგევი: 1968 წლის 15 მარტს გაზეთ „ლე მონდის“ მთავარმა რედაქტორმა პიერ ვიანსონ-პონტემ შენიშნა, საფრანგეთში მოწყენილობა სუფევსო. ეს დიაგნოზი, შესაძლოა, მართებული იყო, მაგრამ წინასწარმეტყველური სულაც არ გახლდათ.

დანიელ კონ-ბენდიტი: ვიანსონ-პონტეს უკვირდა, რომ ამბოხებები ხდებოდა ყველგან – მაგალითად, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში – მაგრამ არა საფრანგეთში. მართალია, პარიზში ჩატარდა რამდენიმე დემონსტრაცია ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ამას რაიმე არსებითი შედეგი მოჰყვებოდა. ამასთან, მაისის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძალზე მასშტაბური გაფიცვა მოვაწყვეთ – ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას ვითხოვდით. იმ დროს ნანტერის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 1967 წლის ნოემბერში ინსტინქტურად მივხვდი (ჩემს ინსტინქტს კი ყოველთვის ვენდობოდი), რომ სტუდენტთა უკმაყოფილებას, შესაძლოა, გრანდიოზული მასშტაბი მიეღო. 22 მარტს, „ლე მონდის“ რედაქტორის მცდარი დიაგნოზიდან შვიდი დღის შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი დავიკავეთ. აი, სწორედ ამგვარად დაიწყო ყველაფერი – უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და უფრო სწრაფად, ვიდრე წარმომედგინა.

ლეგევი: მთელი ძალაუფლება – წარმოსახვას…

კონ-ბენდიტი: იმხანად ვგრძნობდით (და ამან შემდგომ მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა), რომ ისტორიას ვქმნიდით. უჩვეულო გრძნობაა, როდესაც უეცრად მსოფლიო ისტორიის შემოქმედად იქცევი. ოცდასამი წლის ახალგაზრდისთვის ამ აზრის გათავისება არც ისე იოლია.

ლეგევი: 1968 წლის მაისში გადაღებულ ცნობილ ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამბოხების მითის ყველა კომპონენტი. მასზე თქვენ – სოციოლოგიის ფაკულტეტის ოცდასამი წლის სტუდენტი – ეროვნული პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის პირისპირ დგახართ, სორბონის წინ…

კონ-ბენდიტი: ჩვენ მიერ უნივერსიტეტის ოკუპირების შემდეგ, 1968 წლის 6 მაისს, მთავრობამ დაიწყო დამსჯელი აქცია სტუდენტთა წინააღმდეგ. პროფესორები – ალენ ტურენი და სხვები – გვიცავდნენ. როდესაც რეპორტიორი ამ ფოტოსურათს იღებდა, სწორედ უნივერსიტეტში შესვლას ვაპირებდით.

ლეგევი: ამ ფოტოსურათზე აღბეჭდილია 1968 წლის მაისის მოვლენათა არსი: ძველი რეჟიმი – ახალგაზრდების წინააღმდეგ, სისტემა – მოძრაობის წინააღმდეგ, გმირი – ბოროტმოქმედის წინააღმდეგ, ძალა – საპირისპირო ძალის წინააღმდეგ, წესრიგი – ანარქიის წინააღმდეგ.

კონ-ბენდიტი: შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სწავლა ამით დამთავრდა. ამბოხების სიმბოლოდ ვიქეცი. ახლა უამრავი ადამიანისთვის ეს ამბოხება ასოცირდება არა ძალმომრეობასა და ქვების სროლასთან, არამედ ჩვენი ბრძოლის რომანტიკულ ასპექტთან. ამას წინათ რაფაელ გლუკსმანმა თავის ჟურნალში Nouveau Magazine Littéraire გამოაქვეყნა ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი 68 წლის მოვლენებს დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორთა აზრით, ჩვენმა თაობამ გაანადგურა სკოლის, ქორწინების, ოჯახის ან საზოგადოებრივი წესრიგის ძველთაძველი ინსტიტუტები. გამოკითხულთა ორი მესამედისთვის მისაღები და მოსაწონიცაა დევიზი: აკრძალვა აკრძალულია. მიაჩნიათ, რომ ეს დევიზი ძალზე პოეტურია და მოსწონთ ქვეტექსტი, რომელიც მასში იგულისხმება. ეს ქვეტექსტი მისაღებია მთელი ფრანგული საზოგადოებისთვის.

ლეგევი: თუმცა, საფრანგეთში შეიმჩნევა რევანშისტული ტენდენციაც – ერთგვარი უარყოფითი დამოკიდებულება 1968 წლის მოვლენების მიმართ.

კონ-ბენდიტი: თვით მემარჯვენე ამომრჩევლებიც კი – ტრადიციონალისტი კათოლიკეებისა (მაგალითად, ფრანსუა ფიიონის) და ნიკოლა სარკოზის მომხრეების გარდა – დადებითად აფასებენ 1968 წლის მოვლენებს. 1968 წლის მაისის ფსიქოდრამა სათანადოდ უნდა გავიაზროთ. მზად ვარ, ფრანგთა ფსიქოანალიტიკოსის როლი ვიკისრო. მახსოვს, ერთხელ (მას შემდეგ, რაც საფრანგეთში დაბრუნების უფლება მომცეს) პარიზში ღამის მატარებლით ჩამოვედი. სადგურში ჩემზე დაახლოებით ათიოდე წლით უფროსი კაცი გამომელაპარაკა და მითხრა, ბატონო კონ-ბენდიტ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთო. რისთვის-მეთქი, ვკითხე. ეს იყო პოლიციელი, რომელმაც აღიარა, 1968 წელი საფრანგეთის ისტორიის მართლაც შესანიშნავი ეტაპი იყოო.

ლეგევი: ჰანა არენდტმა იმ დღეებში წინასწარმეტყველურად შენიშნა: „ალბათ, მომდევნო საუკუნის ახალგაზრდები ისეთივე ინტერესით შეისწავლიან 1968 წლის მოვლენებს, როგორითაც ჩვენ ვეცნობოდით 1848 წლის რევოლუციის დროს მომხდარ ამბებს“. სახელდობრ, რა ზეგავლენა მოახდინა 1968 წლის მოვლენებმა ევროპის ცხოვრებაზე? იურგენ ჰაბერმასის აზრით, ამ მოვლენებმა გამოიწვია გერმანული საზოგადოების „ფუნდამენტური ლიბერალიზაცია“, რის გამოც თვით კონსერვატორებიც კი იძულებულნი გახდნენ, ახლებურად გაეაზრებინათ მრავალი საკითხი და, შედეგად, კონსტიტუციაში ახალგაზრდების უფლებები აისახა; მარიხუანა ლეგალიზებულ იქნა არა მარტო კალიფორნიაში, არამედ – სხვაგანაც; ერთსქესიანთა ქორწინება ახლა უკვე დაშვებულია; ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ – განა ეს ჩვენი ეპოქის არსის ამსახველი ძირითადი ნარატივი არ არის?

კონ-ბენდიტი: ამბოხებამ დააჩქარა ბევრი პროცესი, რომლებიც უკვე დაწყებული იყო. ამიტომ ზოგიერთი ამტკიცებს, რომ დასავლური საზოგადოებების მოდერნიზება და ლეგალიზება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა. სისულელეა. რა თქმა უნდა, არსებობდა ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის ტენდენცია, მაგრამ სწორედ ჩვენ წარვმართეთ ის საჭირო მიმართულებით.

ლეგევი: რას იტყვით ფრანგთა საგანგებო როლის შესახებ?

კონ-ბენდიტი: საფრანგეთი არ იყო დემოკრატიზებული ქვეყანა, გერმანიისა და სხვა დასავლურ ქვეყნების მსგავსად. საყოველთაო გაფიცვამ ბიძგი მისცა ქვეყანაში სოციალური რევოლუციის დაწყებას. თავდაპირველად ოფიციალურად არავინ საუბრობდა მასობრივი ამბოხების შესახებ – უბრალოდ, მუშებმა ფაბრიკა-ქარხნების ოკუპირება დაიწყეს. პროფკავშირები მათ ვერ აშოშმინებდნენ და მხოლოდ აღიარებდნენ, რომ ეს საყოველთაო გაფიცვა გახლდათ.

ლეგევი: სოციალურმა მოძრაობებმა უეცრად მოიცვა მთელი დასავლური სამყარო.

კონ-ბენდიტი: ბოლოს – რამაც 1968 წლის თაობის იმედგაცრუება გამოიწვია – სახელმწიფო მდივანი ჟაკ შირაკი და პროფკავშირები, რომელთაც კომუნისტი ჟორჟ სეგი ხელმძღვანელობდა, შეთანხმდნენ, რომ ამბოხების დასასრულებლად ყოველნაირი ზომები უნდა მიეღოთ და მრგვალ მაგიდასთან (ე.წ. „გრენელთან“) მიიღეს გადაწყვეტილება ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდის, მუშათა კავშირების გაძლიერების და ა.შ. შესახებ. მაგრამ კომუნისტებს არ ესმოდათ, რომ მათ ჩვენ გავუკვალეთ გზა. ტროცკისტებს კი არ ესმოდათ, რომ რევოლუცია პერმანენტული ვერ იქნებოდა.

ლეგევი: ტროცკისტთა ლიდერმა, ალენ კრივინმა, ახლახან „ლე მონდში“განაცხადა, რომ კვლავაც 1968 წლის დევიზების ერთგულია, „განსხვავებით კონ-ბენდიტისგან, რომელიც ძალზე პოპულარულია ევროპის პარლამენტის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელთა შორის ერთგვარი ლიბერალიზმის გამო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს 1968 წელთან“.

კონ-ბენდიტი: ორმა ტროცკისტმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით, „გენერალური რეპეტიცია“. ისინი ამტკიცებენ, რომ 1968 წელი ჭეშმარიტი რევოლუციის პრელუდია გახლდათ, ისევე, როგორც 1905 წელს კრონშტადტის მეზღვაურთა აჯანყებები სხვა არა იყო რა, თუ არა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის უვერტიურა. და ისინი უკვე ორმოცდაათი წლის განმავლობაში იმეორებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაიწყება მაისის ჭეშმარიტი რევოლუცია, რომელსაც დააგვირგვინებს სოციალისტური რევოლუცია…

ლეგევი: ანუ, არა მარტო ქალების, ბავშვებისა და გეების უფლებათა დაცვა, არამედ – კაპიტალიზმის განადგურებაც?

კონ-ბენდიტი: მათ არ ესმით, რომ კაპიტალიზმმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამჟამად ჩვენ უკვე სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. არ უნდა დავივიწყოთ 1968 წელი – ეს „შესანიშნავი ეტაპი“, მაგრამ წინაც უნდა გავიხედოთ.

ლეგევი: 1968 წლის ამბოხების იდეალს სოციალური უტოპია წარმოადგენდა. ახლა მემარცხენე დოგმატიკოსები ოცნებობენ ამბოხების განმეორების შესახებ, რადიკალურ მემარჯვენეებს კი რევიზიონისტული პოზიცია უკავიათ და სრულიად უგულებელყოფენ 1968 წლის კულტურულ რევოლუციას.

კონ-ბენდიტი: გერმანიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში მემარჯვენეები მიზნად ისახავენ „კონსერვატიული რევოლუციის“ განხორციელებას, რომელიც, მათი აზრით, გამოასწორებს 1968 წელს დაშვებულ შეცდომებს. თურმე, როდესაც ესა თუ ის იმიგრანტი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ეს კონ-ბენდიტის ბრალი ყოფილა; განა კონ-ბენდიტი აქეზებდა ადამიანებს, ხელისუფლებას ნუ ემორჩილებით და გაანადგურეთ სკოლები, ოჯახი, ქორწინება, ეკლესიაო?… ეს ისევე აბსურდულია, როგორც მთელი მათი რევოლუციური მითი.

ლეგევი: ფაქტი ისაა, რომ 1968 წლის მაისში ხელისუფლებას ძირი მოერყა. ეს პროცესი შეეხო ელისეს მინდვრებს, მთავრობისა და ადმინისტრაციულ აპარატებს, თვით ჯარსა და პოლიციასაც კი.

კონ-ბენდიტი: ჰო, 1968 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილ სამ ნაშრომში იმდროინდელი ვითარება სწორედ ამგვარადაა დახასიათებული. კონსერვატიული ჟურნალისტი კრისტინ კლერკი თავის წიგნში 1968 წლის ამბებს მთავრობის თვალსაზრისზე დაყრდნობით აღწერს და ჰყვება გამოგონილ ისტორიას ჩემ შესახებ: განრისხებულ შარლ დე გოლს მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე უკითხავს, რატომ არ ესვრიან სტუდენტებს, მთელი ეს აურზაური ხომ მყისვე შეწყდებაო. მაგრამ განათლების მინისტრს ურჩევია: „ბატონო პრეზიდენტო, უნდა შეხვდეთ იმ კონ-ბენდიტს“. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ შედგა და სწორედ ამიტომ კლერკი გვიამბობს მონაჩმახს დე გოლისა და დანი-ლე-რუჟის[2] შეხვედრის შესახებ. თურმე, ერთ ღამეს ერთმანეთს მალულად შევხვდით. პრეზიდენტი წაბორძიკებულა და დაცემულა, მე წამომიყენებია, წყალი მიმიწოდებია და ა.შ. დაიწერა, ასევე, საინტერესო პიესა, რომლის პერსონაჟთა შორის არიან ძალუა ივონა (დე გოლის ცოლი), მე და სხვები. პიესაში აისახა 29 მაისის ეპიზოდი, როდესაც დე გოლმა თავი შეაფარა გენერალ ჟაკ მასიუს სამხედრო ყაზარმას ბადენ-ბადენში.

ლეგევი: რათა გადამდგარიყო? რათა გადატრიალება მოემზადებინა?

კონ-ბენდიტი: დე გოლმა გამოაცხადა, რომ თავის მშობლიურ კოლომბი-ლე-დეზ-ეგლიზში მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი ბადენ-ბადენში გაიპარა. პიესაში „მისი უწმინდესობა დე გოლი-68“ ჩერჩილი ადანაშაულებს გენერალს: „ომი მოიგე და იმ ოცდასამი წლის წითური ბიჭისა გეშინია? ერთობლივად იმოქმედეთ!“ და, ჩვენი შეხვედრისას, დე გოლს კომუნიზმის შესახებ ვესაუბრები… მესამე ნაწარმოები – სახელწოდებით „კონ-ბენდიტის 99 დღე“ – რომანია, რომელშიც არასწორადაა გადმოცემული 1968 წლის ამბოხების ამბები და გამოთქმულია მცდარი შეხედულება, თითქოს იმავე წლის მაისში ძალაუფლება ხელთ ჩავიგდეთ.

ლეგევი: და მაინც, რაზეა ლაპარაკი მასში?

კონ-ბენდიტი: ოჰ, ნამდვილი აბდაუბდაა. როგორც ყოველთვის, რომანის დადებით პერსონაჟად ვარ გამოყვანილი და მსურს ყველას დავეხმარო, მშრომელებს ხვედრი შევუმსუბუქო. ბოლოს მემარცხენე ექსტრემისტები იმარჯვებენ, მაგრამ მათ შორის განხეთქილება იწყება. ამიტომ დე გოლი ახერხებს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ლეგევი: ამგვარ რამეს მიშელ უელბეკი თუ მოიგონებდა… წარმოდგენა „დადებითი პერსონაჟის“ შესახებ (განსხვავებით თქვენი, როგორც რადიკალურად განწყობილი მეამბოხის ხატისგან), ფაქტობრივად, სწორია – თქვენ ხომ შუამავლურ როლს ასრულებდით. ეს, როგორც აღნიშნავთ ხოლმე, „ცენტრისტული პოზიციაა“. 1968 წლის ზაფხულში უფროს ძმასთან, გაბრიელთან ერთად დაწერეთ წიგნი, სახელწოდებით „დრომოჭმული კომუნიზმი: მემარცხენე ფრთის ალტერნატივა“. ამ წიგნში საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას აკრიტიკებთ. თერთმეტი წლის ასაკში წაჰყევით თქვენს ძმას თქვენს პირველ დემონსტრაციაზე, რომელიც პროტესტს აცხადებდა საბჭოთა ჯარების მიერ უნგრეთის აჯანყების ჩახშობის გამო – ეს საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შტაბბინის წინ მოხდა. ანტიკომუნიზმი გენებში ხომ არ გაქვთ?

კონ-ბენდიტი: ჩვენ მემარცხენე ფრთის ლიბერტარიანელები, ანტიკაპიტალისტები და ანტიკომუნისტები გახლავართ. ფრანგმა კომუნისტებმა შექმნეს სხვადასხვაგვარი ექსტრემისტული ფრაქციები, მათ შორის – ოთხი ტროცკისტული დაჯგუფება, ასევე – მაოისტთა ჯგუფები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ლიბერალურ დემოკრატიას, ხოტბას ასხამდნენ ჩინეთის კულტურულ რევოლუციას და თანაგრძნობას უცხადებდნენ ჩრდილო კორეასა და ალბანეთს. ყველა ეს ფრაქცია ებრძოდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც პროსაბჭოთა ორიენტაციით გამოირჩეოდა და თავის თავს საზოგადოებრივი წესრიგის გარანტს უწოდებდა. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟორჟ მარშემ 1968 წელს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია გაზეთ „ლუმანიტეში“, სადაც აკრიტიკებდა „გერმანელ ანარქისტს კონ-ბენდიტს“, რომელიც თითქოსდა ფრანგი მუშების გაბრიყვებას ცდილობდა. ყველა ხვდებოდა, რომ აქ „გერმანელი ებრაელი“ იგულისხმებოდა, თუმცა მარშეს ეს სიტყვები არ უხსენებია.

ლეგევი: როდესაც საფრანგეთიდან გაგაძევეს, ათასობით ადამიანი გაიძახოდა, ყველანი გერმანელი ებრაელები ვართო.

კონ-ბენდიტი: მორალურ ასპექტში ეს 1968 წლის უდიდესი მიღწევა იყო: ყველანი – აფრიკელებიც კი – თავიანთ თავს გერმანელ ებრაელებს უწოდებდნენ. სწორედ იმხანად დაიბადა მულტიკულტურალიზმი.

ლეგევი: 1968 წლის თებერვალში, დასავლეთ ბერლინში, გაიმართა კონგრესი, რომლის დევიზი იყო საერთაშორისო სოლიდარობა. თქვენ დელეგირებული იყავით…

კონ-ბენდიტი: არა, არა, დელეგირებული არ ვყოფილვარ.

ლეგევი: მართალია. უბრალოდ, თავისუფალი დამსწრე იყავით და წარმოადგენდით საფრანგეთის ანარქისტულ დაჯგუფებას – „ანარქისტ სტუდენტთა კავშირი“. როგორი დამოკიდებულება იყო გერმანელ და ფრანგ სტუდენტთა შორის? 1968 წლის მაისისთვის გერმანიაში ამბოხება თითქმის დამთავრებული იყო..

კონ-ბენდიტი: ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა „კრიტიკულმა უნივერსიტეტმა“, და, საერთოდ, უნივერსიტეტში სწავლების ახლებურმა ხედვამ: ესაა უნივერსიტეტი, რომელიც დამოუკიდებელია კაპიტალის, სახელმწიფოსა და ხელისუფლებისგან. მაგრამ ვიეტნამისადმი მიძღვნილ კონგრესზე გამაკვირვა იმან, რომ გერმანელები მხარს უჭერდნენ ვიეტკონგს – ჩრდილო ვიეტნამი კი სტალინისტური ქვეყანა იყო. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ არ ვისურვებდი ამგვარ ქვეყანაში ცხოვრებას. გერმანელ რადიკალთა ენთუზიაზმიც მაღიზიანებდა. მაგალითად, რუდი დუჩკე (გერმანელ სტუდენტთა ლიდერის) ზოგიერთ საკითხს ზედმეტად ამარტივებდა და მკვეთრ ზღვარს ავლებდა „სიკეთესა“ და „ბოროტებას“ შორის. გარდა ამისა, ჩვენ გაცილებით უფრო სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი იმ ქრისტესმაგვარი პიროვნების მიმართ, რომლის სახელი იმხანად ყველას პირზე ეკერა. ეს ჩე გევარა იყო.

ლეგევი: ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებდით ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობებს, მხარს ვუჭერდით იმათ, ვინც ებრძოდა მაო ძე-დუნის „სახალხო არმიას“, მაგრამ, უმთავრესად, ვერ ვამჩნევდით ხალხის გამათავისუფლებელთა უმართებულო ქმედებებს (როდესაც ისინი ძალაუფლებას იგდებდნენ ხელთ). ამის მაგალითია თუნდაც ალჟირის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ.

კონ-ბენდიტი: და ავტორიტარული ერთპარტიული სისტემა. კამიუ მართალი იყო, სარტრი კი ცდებოდა. კამიუ ალჟირის დამოუკიდებლობის მომხრე იყო, მაგრამ მხარს არ უჭერდა ეროვნული განთავისუფლების ფრონტს. ალჟირელებს სამართლიანად სურდათ დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხვდებოდით, როგორ შეუცვალეს ახალმა მმართველებმა მიმართულება განთავისუფლებისკენ მიმართულ იმპულსს, რაც კარგად ჩანს ფრანც ფანონის წიგნში Les Damnés de la Terre[3], სარტრის წინასიტყვაობით. გასაკვირი არაა, რომ ეს ნაწარმოები წითელი არმიის გერმანული ფრაქციის საყვარელი წიგნი გახლდათ.

 

ლეგევი: 1968 წლის მოვლენები პარიზში ან ბერლინში კი არ დაიწყო, არამედ – ბერკლიში, შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 1965 წელს. სწორედ აქ გაიმართა პირველი საპროტესტო გამოსვლები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ; აქვე დაიწყო სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა მარიო სავიოს მეთაურობით.

კონ-ბენდიტი: დიახ, ამბოხებას ამერიკული ფესვები ჰქონდა, რასაც ევროპელები არ აღიარებენ. შტატებში 1965-66 წლებში ვიყავი და მარკ რადს შევხვდი. ამერიკული სდს[4] პატივს სცემდა აშშ-ის კონსტიტუციას, რაც ჩვენთვის სრულიად უცხო იყო. მეამბოხურმა სულისკვეთებამ, რომლითაც გამოირჩეოდნენ პოლიტიკური ორგანიზაციები, მაგალითად, „სინოპტიკოსები“ და „შავი პანტერები“, მხოლოდ მოგვიანებით იჩინა თავი, ნაწილობრივ – გფბ-ს მიერ ამ ორგანიზაციების დევნის შედეგად. მაგრამ ამბოხება ამერიკაში, უმთავრესად, შთაგონებული იყო კონტრკულტურის იდეით, რომელიც, ძირითადად, როკ-მუსიკის მეშვეობით ვლინდებოდა. Woodstock Nation ახალი ამერიკის მითი იყო და ჩვენც ამ მითის ნაწილი ვიყავით.

ლეგევი: ვინ იყვნენ თქვენი კერპები მუსიკაში?

კონ-ბენდიტი: 1965 წელს, ნიუპორტის ფესტივალზე, ბობ დილანი ვნახე და მისი ფანი გავხდი. „როლინგ სტოუნის“ თაყვანისმცემელიც ვიყავი, თუმცა, ბიტლებსაც ვუსმენდი ხოლმე. გარდა ამისა, მომწონდა შესანიშნავი ფრანგი შანსიონიეები: ჟორჟ ბრასანსი, ჟაკ ბრელი და ჰიუგ ოფრეი. 1968 წელს სტუდენტებთან შესახვედრად პარიზში ჯოან ბაეზი ჩამოვიდა. შეხვედრაზე ორი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა. ბაეზს სიმღერა არ სურდა – უნდოდა გაგვსაუბრებოდა, მაგრამ მარქსისტ-ლენინელებმა ბაეზს ჭკუის სწავლება დაუწყეს. გავღიზიანდი და დავიყვირე: „გეყოთ, ბიჭებო! ამერიკელებმა, ფაქტობრივად, შექმნეს ფრანგი მემარცხენეების პარტია და ორგანიზაცია „დავთმოთ ალჟირი“.

ლეგევი: ჰანა არენდტისთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი ამბოხებები, მაგრამ ის გრძნობდა, რომ 1968 წელი რაღაც ახლის დაბადებას მოასწავებდა.

კონ-ბენდიტი: არენდტი ფიქრობდა, რომ 1968 წელი ახალგაზრდა თაობის განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო. მისი წერილი ჩემთვის მერი მაკარტნის უნდა მოეტანა, მაგრამ მან ჩემამდე ვერ მოაღწია. ეს წერილი მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე. არენდტი მწერდა: „თქვენმა მშობლებმა უნდა იამაყონ თქვენით. თუ დახმარება დაგჭირდათ, დამიკავშირდით“.

ლეგევი: რა მიიღეთ, სამაგიეროდ, ევროპაში? რა იტყვით „ევროპის შეერთებული შტატების“ შესახებ, იმის შესახებ, რომ ევროპის პარლამენტში ოპონენტებს მწვანეთა სახელით ამათრახებდით?

კონ-ბენდიტი: ევროპა, როგორც ასეთი, სულაც არ გვაინტერესებდა. თვითონ განსაჯეთ: 1940-იანი წლების ბოლომდე საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს მოსისხლე მტრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ როდესაც მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობები დამყარდა, ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. მოგზაურობის შესაძლებლობით ვტკბებოდით, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდით, მაგრამ „ევროპაზე“ არ ვფიქრობდით… არც როგორც დიად იდეაზე და არც როგორც პოლიტიკური ინსტიტუციების საფუძველზე.

ლეგევი: ერთი გამონაკლისის გარდა: 1973 წელს გაერთიანებული (მაგრამ მცირერიცხოვანი) სოციალისტური პარტიის იმდროინდელი ლიდერი, მარსელ როკარი, ჩაება პოლემიკაში, სახელწოდებით „საერთო ბაზარი ევროპის წინააღმდეგ“. ის ებრძოდა თავისუფალ საბაზრო კაპიტალიზმს, მაგრამ ემხრობოდა „ევროპის“ – სოციალისტური ევროპის იდეას.

კონ-ბენდიტი: და ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღევანდელი პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოს გაუქმება ჰქვია.

ლეგევი: გასაგებია, მაგრამ როგორ განვითარდა ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ? 1970-იანი წლების დასაწყისში ხომ სწორედ თქვენ ხელმძღვანელობდით ჯგუფს, სახელწოდებით „რევოლუციური ბრძოლა“, რომელიც შეიჭრა „ოპელის“ ქარხანაში – ფრანკფურტის მახლობლად, რიუსელჰაიმში.

კონ-ბენდიტი: ფაქტობრივად, მხოლოდ საწარმოო სოციოლოგიის პრაქტიკულ საკითხთა გამოკვლევა გვსურდა. ახალი კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბებას არ ვაპირებდით; უბრალოდ, გვინდოდა გაგვერკვია, როგორ უნდა შეგვექმნა ადგილზე ახალი ქსელები და ალიანსები და როგორ მოგვეზიდა მიგრანტი მუშები. დიდად გავისარჯეთ. ბევრისთვის…

ლეგევი: მაგალითად, იოშკა ფიშერისთვის, რომელიც მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

კონ-ბენდიტი: …ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

ლეგევი: ორივენი შევესწარით რევოლუციურ გადატრიალებას პორტუგალიაში 1975 წელს. იქ ჩემს პატარა ოჯახთან ერთად გახლდით, თქვენ კი – ამგვარი შთაბეჭდილება დამრჩა – ყოველთვის უფრო მრავალრიცხოვანი კოლექტივის წევრი იყავით, იქნებოდა ეს ფრენბურთის თამაში სანაპიროზე თუ მონაწილეობა ლისაბონში გამართულ პოლიტიკურ შეკრებებში. ჯოგური ცხოვრება და ყოველივე პირადულის პოლიტიზება – ეს ფრაზა 1968 წლის მოვლენების არსს ხომ არ გამოხატავს?

კონ-ბენდიტი: „ჯოგი“ – კარგი სიტყვაა. უკვე 1968 წლის გაზაფხულზე სწორედ ასე ვატარებდით დღეებსა და ღამეებს ნანტერში, უფრო მსხვილი გაერთიანებების შექმნას ვაპირებდით და გვსურდა გაგვენადგურებინა ყველა წვრილბურჟუაზიული სტრუქტურა – მაგალითად, ოჯახი.

ლეგევი: 1968 წლის თაობის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ადამიანი სამ შემთხვევაში სჩადის მომაკვდინებელ ცოდვას: როდესაც არჩევნებში მონაწილეობს, როდესაც ხამანწკებს მიირთმევს და როდესაც ქორწინდება. საბოლოოდ, თქვენ სამივე ცოდვა ჩაიდინეთ.

კონ-ბენდიტი: როდესაც საფრანგეთიდან გამაძევეს და გერმანიაში ჩავედი, ზოგიერთი „ამხანაგი“ მეკითხებოდა, როგორ წარმოგიდგენია სოციალიზმიო. ვპასუხობდი, რომ სოციალიზმი ნიშნავდა „ხამანწკების ხელმისაწვდომობას ყველასთვის“. სდს-ს პურიტანობისკენ მიდრეკილი წევრები ამის გამო გამინაწყენდნენ. შემდეგ რომანტიკული ურთიერთობა მქონდა ერთ ქალთან, რომელზეც დავქორწინდი – თუმცა, მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ – მაშინ, როდესაც ჩვენი ვაჟიშვილი უკვე შვიდი წლისა იყო. არჩევნებში პირველად ორმოცი წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა, როდესაც მწვანეთა გერმანული პარტიის წევრი გავხდი. ამ პარტიის დეპუტატიც ვიყავი, თავდაპირველად ფრანკფურტში (სადაც უსასყიდლოდ ვმუშაობდი კულტურათშორისი ურთიერთობების საკითხების სამმართველოში), შემდეგ კი – 1994 წლიდან 2014 წლამდე – ევროპარლამენტის დეპუტატად წარმადგინეს. იმ დროისათვის გავაცნობიერეთ, რომ სოციალური მოძრაობები ზღვის მიქცევ-მოქცევის მსგავს ცვლილებებს განიცდის: წყლის დონე იმატებს, რამდენიმე ხნის განმავლობაში უცვლელია, შემდეგ კი იკლებს. და ყველას დეპრესიული განწყობილება ეუფლება.

ლეგევი: 1970-იან წლებში ძალზე ფართო ხასიათი მიიღო სქვოტინგმა. თითქმის ყოველდღე ხდებოდა ამბოხებები და კონფლიქტები პოლიციასთან. რამდენად ახლოს იყავით თქვენ და თქვენი თანამოაზრეები იმ ჯგუფებთან, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური სექციები და, ასევე, წითელი არმიის ფრაქციის პარტიზანული რაზმები?

კონ-ბენდიტი: ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვეკისრება იმის გამო, რაც იმხანად ხდებოდა. ზოგიერთი არასერიოზულად აღიქვამდა მითს პარტიზანული რაზმების შესახებ, მაგრამ სხვების აზრით, ეს ძალზე სერიოზული პრობლემა იყო. როდესაც ვიეტნამისადმი მიღვნილ კონგრესზე რუდი დუჩკე გაიძახოდა, ომი თქვენს სახლებში მიიტანეთო, ეს მოწოდება შეიძლებოდა ორნაირად გაგეაზრებინათ: როგორც მოწოდება მრავალრიცხოვანი მიტინგების ორგანიზებისკენ ან კიდევ – შეიარაღებული ბრძოლისკენ. როდესაც ესოდენ ორაზროვანი ლოზუნგებით მიმართავ ხალხს, მაშინ პასუხი უნდა აგო ტერორიზმის გამო, რომელიც ამ ლოზუნგების გამოყენებას მოჰყვება შედეგად. ჩვენ დემონსტრაციებზე უარი ვთქვით და მწვანეებს შევუერთდით, რითაც, ფაქტობრივად, ვაღიარეთ, რომ ფსევდორევოლუციური ძალმომრეობით ვერაფერს მივაღწევდით, მაგრამ მშვიდობიანი რეფორმებით ბევრი სასიკეთო მიზნის განხორციელება შეგვეძლო. ზოგიერთი აღაშფოთა იმან, რომ იოშკა ფიშერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ის ხომ ოდესღაც ქვებს ისროდა და პოლიციელებს ებრძოდაო, ამბობდნენ. ეს ისეთივე სისულელეა, როგორიც 1977 წელს მემარცხენე ექსტრემისტთა მიერ ჰანს-მარტინ შლაიერის მოტაცება და მკვლელობა იმის გამო, რომ შლაიერი ოდესღაც ესესელი იყო. ისინი არ ითვალისწინებდნენ, რომ ომის შემდგომ შლაიერი უკვე ფაშიზმის მოწინააღმდეგედ იქცა. 1977 წელს შლაიერი მსხვერპლი იყო, წითელი არმიის ფრაქციის წარმომადგენლები კი – ტერორისტები, ბოროტმოქმედები, ჭეშმარიტი ფაშისტები.

ლეგევი: მრავალი წლის წინ გამოქვეყნდა თქვენი ძმის, გაბრიელის ავტობიოგრაფია, სახელწოდებით Nous sommes en marche. 2016 წელს ემანუელ მაკრონის თაოსნობით დაიწყო ამავე სახელწოდების მქონე მოძრაობა. იქნებ, ამიტომ ატარებთ მეტ დროს საფრანგეთში?

კონ-ბენდიტი: საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთია იმ მცირეროცხოვან პოლიტიკოსთაგან, რომელთანაც დღეს შეიძლება კამათი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი საკითხებია: პოლიტიკა, გლობალიზაცია, ნარკოტიკების ლეგალიზაცია, დევნილები და, საერთოდ, ყველაფერი. უმეტეს დროს საფრანგეთში იმიტომ ვატარებ, რომ, მართალია, გერმანიაში ცხოვრება ძალიან მომწონს, მაგრამ საფრანგეთში ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ ხალხს. როგორც 1968 წლის სიმბოლო, ფრანგული დნკ-ს ნაწილად ვიქეცი. რაც შეეხება ფილმს, რომელიც ჩემს მეგობართან, რომენ გუპილთან ერთად გადავიღე…

ლეგევი: La traversée, რომელიც ეკრანებზე გამოვა 2018 წლის მაისში, იმ მოვლენებიდან 50 წლის შემდეგ…

კონ-ბენდიტი: მე და გუპილმა მთელ საფრანგეთში ვიმოგზაურეთ და უამრავ ადამიანს გავესაუბრეთ. მათ შორის იყვნენ იმამები, გლეხები და, წარმოიდგინეთ, ეროვნული ფრონტის ოცდახუთი წევრიც კი, რომლებმაც სადილად მიგვიწვიეს. ყველანი მეგობრულად გვხვდებოდნენ და სიამოვნებით იხსენებდნენ ძველ ამბებს. დღევანდელ საფრანგეთში მოგზაურობის მეშვეობით გამოვხატე ჩემი პატივისცემა 1968 წლის მოვლენებისადმი.

ლეგევი: 1968 წლის ერთ-ერთი დევიზი იყო: „ტროტუარის ქვეშ პლაჟია“. ახლახან გამოაქვეყნეთ წიგნი, სახელწოდებით „ბუცებქვეშ… პლაჟია“. იუმორისტული ნაწარმოებია?

კონ-ბენდიტი: არა, ესაა ძალზე პირადული ისტორია იმის შესახებ, ბავშვობიდან მოყოლებული, რამდენი სიამოვნება და იმედგაცრუება განვიცადე ფეხბურთთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ ახლა 1968-ის ორმოცდაათი წლისთავი სრულდება, ეს თარიღი, ცოტა არ იყოს, მაშინებს. მხოლოდ თქვენ დაგთანხმდით ინტერვიუზე. იმდროინდელი მოვლენების კომენტირებისგან თავს ვიკავებ. არ ვხვდები არც 1968 წლის მოვლენათა ვეტერანებს და არც – მათ მოწინააღმდეგეებს. ვიმეორებ, ეს იყო შესანიშნავი ეტაპი, მაგრამ 1968 წელი ახლა უკვე ისტორიაა.

ლეგევი: დაიწერა კიდევ ერთი წიგნი 1968 წლის მაისის შესახებ, რომელშიც დახასიათებულია ამ ამბოხების სამი ებრაელი ხელმძღვანელი: პიერ გოლდმანი, ანდრე გლუკსმანი და თქვენ. როგორ ფიქრობთ, ავტორის დასკვნები სწორია?

კონ-ბენდიტი: გასაკვირი არაა, რომ ებრაელები – განსაკუთრებით, საშუალო კლასის წარმომადგენლები – ყოველთვის მონაწილეობდნენ მემარცხენე მოძრაობებში, მაგალითად, ბოლშევიზმში, აგრეთვე – ამერიკულ სდს-ში. თუმცა, ვერ განვაზოგადებ. შესაძლოა, მათი ქცევის საფუძველს წარმოადგენდა მესიანისტური იმედები და სამყაროში არსებული ვითარების გაუმჯობესების იდეალისტური სურვილი.

ლეგევი: თქვენი ცხოვრების ალტერნატიული შეფასება შეიძლებოდა ასე ჩამოგვეყალიბებინა – „ტროტუარის ქვეშ – ჩემი ებრაული წარმომავლობაა“, რაც ბევრს გააოცებდა. ბოლოს და ბოლოს, იუდაისტურ გარემოში ნამდვილად არ გაზრდილხართ – მგონი, რელიგიას თქვენს ბავშვობაში უმნიშვნელო ადგილი ეკავა.

კონ-ბენდიტი: ვითარება ოდნავ უფრო რთული გახლდათ: ომის შემდგომ დედაჩემი პარიზში დაბრუნდა და ებრაულ საშუალო სკოლაში სამეურნეო ნაწილის გამგედ მუშაობდა. მისი ერთ-ერთი მოვალეობა ებრაული დღესასწაულების ორგანიზება იყო. ამიტომ ბავშვობა ღრმად ებრაულ გარემოში გავატარე.

ლეგევი: მაგრამ ბარ-მიცვის რიტუალი არ გაგივლიათ?

კონ-ბენდიტი: ეს მართალია. და არავითარი რელიგიური გრძნობები არ განმიცდია. გაცილებით უფრო უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი ძმის – კომუნისტის – ზეგავლენამ. ნამდვილად ვგრძნობ, რომ ებრაული ფესვები მაქვს, მაგრამ – კულტურული და არა რელიგიური გაგებით. ვერ დამივიწყებია, რომ ჩემი მშობლები გერმანიიდან განდევნეს. როგორც ებრაელები და პოლიტიკური ლტოლვილები, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდნენ ნაცისტებს. კარგა ხანს ვცდილობდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ებრაელებთან მარტოოდენ სარტრისეული გაგებით: ებრაელს ხომ ანტისემიტი „ქმნის“. მას შემდეგ, რაც ანტისემიტიზმი დაძლეულ იქნა, აღარ ვგრძნობ, რომ ებრაელი ვარ. თუმცა, ალბათ, ვცდები. დაბადებიდანვე ებრაელად აღვიქვამდი თავს. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი ვიქნებოდი, ჩემი ძმის მსგავსად, უფრო ადრე რომ დავბადებულიყავი. შესაძლოა, ვარშავის გეტოში მცხოვრები ბიჭი ვყოფილიყავი. ყოველთვის, როდესაც იმ ცნობილ ფოტოსურათს ვუყურებ, ვფიქრობ: ეს შეიძლებოდა მე გადამხდენოდა თავს.

ლეგევი: საკუთარ თავს დიასპორულ ებრაელად მიიჩნევთ?

კონ-ბენდიტი: ზუსტად ასეა. ეს წარმოქმნის ჩემს მულტიკულტურულ იდენტობას: შემიძლია ვიყო ებრაელი პარიზში, ფრანკფურტში, ლონდონში, მონრეალში.

ლეგევი: მაგრამ არა ისრაელში!

კონ-ბენდიტი: დიახ. უხეშად რომ ვთქვათ, ჩემთვის ისრაელი იუდაიზმის დასასრულს განასახიერებს. ეს ეროვნული სახელმწიფოა, ხოლო მისი მცხოვრებნი ისრაელელები არიან და არა – ებრაელები. რაც, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა.

ლეგევი: თქვენ ერთხელ დაწერეთ, რომ 1968 წელს მოხდა ბოლო რევოლუცია, რომლის დროსაც არავინ იცოდა ოზონის ხვრელის შესახებ: იმხანად ადამიანები ჯერ კიდევ  არ აქცევდნენ ყურადღებას კლიმატურ კატასტროფას. 1968 წლის თაობას და მათ მოწინააღმდეგეებს აერთიანებს ის, რომ ორივე მხარის წარმომადგენელთა თვალსაწიერი მხოლოდ მათი თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებით იფარგლებოდა.

კონ-ბენდიტი: მარქსის თანახმად, კაპიტალიზმმა ფეოდალიზმზე იმის წყალობით გაიმარჯვა, რომ საწარმოო ძალებს დაეუფლა, ხოლო სოციალიზმის მიზანი მათი განთავისუფლებაა… თვითმმართველობის უტოპია, რომელიც ესოდენ უცხოა, მაგალითად, მაკრონისთვის, მოგვიანებით აღორძინდა. გერმანელ მეტალურგთა გაერთიანება – IG Metall – ახლახან დათანხმდა გარიგებაზე, რომელიც მუშებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ: ან მეტი ხელფასი, ან მეტი თავისუფალი დრო და, ამგვარად, ოდესმე სუვერენიტეტი დაიბრუნონ. ახლა, როდესაც 1968 წლის მოვლენების შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, ეს ფენომენალურ მოვლენად მიმაჩნია. ჩემი აზრით, აქ 1968 წლის სულისკვეთება იგრძნობა, რადგან ეს ალტერნატივა გლობალური კაპიტალიზმის მიერ კი არაა განპირობებული, არამედ თვით ადამიანების ძალისხმევითაა შექმნილი.

© The New York Review of Books

10 მაისი, 2018

[1] 1968 წლის მოვლენათა მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო „მთელი ძალაუფლება – წარმოსახვას!“

[2] დანიელ კონ-ბენდიტის მეტსახელი – „წითელი დანი“. მას ასე ეძახდნენ პოლიტიკური შეხედულებებისა და თმის ფერის გამო.

[3] სიტყვები „ინტერნაციონალის“ პირველი სტრიქონიდან.

[4] მოძრაობა „სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის“.

Facebook Comments Box