ახალი წიგნები

2008 – თებერვალი

“The Almost Moon”Alice Sebold“თითქმის მთვარე”
ელის სებოლდი
291გვ, Picador

ელენ ნაითლი ორი შვილის დედაა და მისი პროფესიული საქმიანობა სამხატვრო ჯგუფის სტუდენტების ნატურისტობით შემოიფარგლება. ერთადერთი, რაც მას დისკომფორტს უქმნის და ცხოვრებისეულ სიმშვიდეს ურღვევს, 88 წლის დედა, რომელიც მისგან ყოველდღიურ მიხედვასა და მოვლას ითხოვს. ერთ დღესაც ელენი გადაწყვეტილებას იღებს, აიხდონოს დიდი ხნის ოცნება და სიცოცხლეს გამოასალმოს დედა, რომელიც წლების მანძილზე შვილისგან ისრუტავდა სასიცოცხლო ძალებს. ჰელენი მოხუცს ახრჩობს. სწორედ ამ ეპიზოდით იწყება ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, ელის სებოლდის ახალი წიგნი. ვისაც ამ ავტორის პირველი რომანი (“The Lovely Bones”) აქვს წაკითხული, მიხვდება, რომ ეპატაჟური თემატიკა მისი სავიზიტო ბარათია.

“Old Men in Love”Alasdair Gray“შეყვარებული მოხუცები”
ელესდერ გრეი
320გვ, Bloomsbury

ჩვეულებრივ, მხატვრულ ნაწარმოებში მკვეთრი და თვალშისაცემი პოლიტიკური თემატიკა დიდაქტიკურ ელფერს სძენს ხოლმე ტექსტს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გაწაფულ ხელთან გვაქვს – ელესდერ გრეი სოციალური მსოფლმხედველობების საინტერესო პროზად ქცევის ოსტატია. ამჯერად მწერალმა წიგნის მთავარი გმირის, ჯონ ტანოკის ჩანაწერებისა და უახლესი ისტორიის გახმაურებული პოლიტიკური ფაქტებისაგან მახვილგონივრული და დახვეწილი იუმორით გაჯერებული რომანი შექმნა, რომელიც გარკვეული დოზით თვითირონიაცაა. “შეყვარებული მოხუცები” შოტლანდიელი მწერლის მეცხრე რომანია. მისი პირველი წიგნი (“Lanark”) 1981 წელს გამოვიდა.

“The Collected Prose of Robert Frost” editor: Mark Richardson ”რობერტ ფროსტის პროზაული კრებული”
რედაქტორი: მარკ რიჩარდსონი
416გვ, Harvard

ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის პროზაულ კრებულში საინტერესო ფორმების, კომპოზიციებისა და პოეტური გავლენების პოვნა შეიძლება. წიგნი მწერლის მოთხრობების, ესეებისა და ლექციების პირველი სრული კრებულია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ფროსტის შემოქმედებაში, ვიდრე მისივე ლექსები. კრებულში ასევე შესულია მოთხრობა “The Universal Chicken Feed”, რომელიც მწერლის ერთ-ერთი პირველი წარმატების მომტანი ტექსტი იყო ლიტერატურულ წრეებში. რობერტ ფროსტი 1963 წელს გარდაიცვალა. იგი პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატია.

„Die morawische Nacht“
Peter Handke
„მორავიული ღამე“
პეტერ ჰანდკე
547გვ. Suhrkamp

მოქმედების ადგილი – ბალკანეთი, მორავია, მდინარე დუნაის შენაკადი და სასტუმროს პატარა ხომალდი. დრო – დღის მონაკვეთი ჩაბნელებული საღამოდან დილის პირველ სინათლემდე. მთავარი გმირი მეგობრებს სწორედ ამ რომანტიულ გარემოში პატიჟებს. ხომალდზე ასულებს კი იქ საინტერესო სიურპრიზი ხვდებათ – მეგობარი, რომელიც აქამდე საპირისპირო სქესთან დისტანციური ურთიერთობით გამოირჩეოდა, ახლა სტუმრებს უცნობ ქალბატონთან ერთად ხვდება. თუმცა, ვინ არის ეს ქალი – მოსამსახურე, მეუღლე, საყვარელი. თუ უბრალოდ, მეგობარი – ვერავინ ხვდება. „მორავიული ღამე“ ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, ახალი რომანია, სადაც ავტორი ერთგვარი ნოსტალგიით იხსენებს იუგოსლავიას.

“Storia della bruttezza”
Eco Umberto
“სიუშნოვის შესახებ”
უმბერტო ეკო
455 გვ. Saggi Bompiani

თუ მშვენიერების ცნება მხოლოდ მიმზიდველობისა და მომხიბვლელობის დატვირთვას ატარებს, სიუშნოვე თავისი არსით შეიძლება უფრო სასაცილო, გროტესკული შინაარსის ფორმადაც იყოს გამოყენებული, და შესაბამისად, საფუძვლიან დაკვირვებას და განსჯას მოითხოვს. უმბერტო ეკოც თავის ახალ წიგნში “სიუშნოვის შესახებ” სწორედ დასავლურ კულტურასა და ლიტერატურაში შემჩნეულ სიმახინჯის გამოხატულებებს განიხილავს. წიგნი სტრუქტურულად ამავე ავტორის 2004 წელს გამოცემული ნაშრომის, “მშვენიერების შესახებ” (Storia della bellezza) ერთგვარი გაგრძელებაა.

“Due Considerations” (Essays and Criticism)
John Updike
“ჯეროვანი განხილვები” (ესეები და კრიტიკული წერილები)
ჯონ აპდაიკი
703 გვ. Alfred A. Knopf.


ჯონ აპდაიკის ახალი წიგნის სახელწოდება სრულიად ამართლებს სათაურში გამოტანილ მოკრძალებულ დაპირებას. მწერლის ესეები და კრიტიკული ნარკვევები მართლაც ძირეულ მსჯელობებსა და დაკვირვებებს წარმოადგენს ამა თუ იმ მწერლის, ლიტერატურული ტექსტისა და კულტურული ტენდენციების შესახებ. კრიტიკული წერილების გარდა კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი წიგნების მიმოხილვები და წინასიტყვაობები, ასევე მცირე მოცულობის ლექციები და სიტყვით გამოსვლები. ჯონ აპდაიკი ათეულობით რომანის ავტორია და მისი წიგნებიც მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი. რომანებისათვის “Rabbit Is Rich” და “Rabbit at Rest” ამერიკელი მწერალი პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box