• ინტერვიუ

    თამაზ ვასაძე

    ლიტერატურა, რომელიც ცხოვრებასავით რთულია

    (ინტერვიუ თამაზ ვასაძესთან)


    ესაუბრა ნინო დეკანოიძე

    – ახალი წიგნი, თანაც ჩინებულად გამოცემული თანამედროვე კულტურული ცხოვრების მოვლენად უნდა იქცეს. „ქართული მოთხრობის ანთოლოგია“ XX საუკუნის აღიარებულ პროზაიკოსებს იკრებს. როგორც შემდგენელი და პასუხისმგებელიც ამ საუნჯის ერთად თავმოყრისა, რას ეტყვი „ჩვენი მწერლობის“ მკითხველს. როგორ გაჩნდა იდეა ამ წიგნის არსებობისა?
    – რამდენიმე წლის წინათ შევადგინე პროზის ანთოლოგია, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა. ამ ანთოლოგიის შექმნის იდეა თავის დროზე გია ქარჩხაძეს გავუზიარე და „დიოგენესთან“ მან დამაკავშირა. შემდეგ მე და გიამ ჩავთვალეთ, რომ შეიძლება უფრო ფუნდამენტური, უფრო სრული ანთოლოგიის შედგენა და გამოცემა. გია ქარჩხაძემ კარგად იცის ლიტერატურის ფასი, ამიტომ მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საერთოდ, საგამომცემლო საქმეს სწორედ ასეთი კულტურული ადამიანები უნდა ჰკიდებდნენ ხელს.
    – როგორ შედგა არჩევანი? ხანგრძლივი ფიქრის შედეგად თუ ერთბაშად გადაწყდა ნაწარმოებთა თავმოყრა. ალბათ, ვერ უგულებელყოფ, რომ მკითხველმა ამ წიგნში მოისაკლისოს თავისი მწერალი, გულს დააკლდეს თავისი მოთხრობა.
    – ამ ტიპის წიგნზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და შედგენის პროცესი ხანგრძლივი არ ყოფილა, მხოლოდ ზოგიერთი მომენტის დაზუსტება იყო საჭირო. აქ მინდა ვთქვა, რას ნიშნავს ჩემთვის ანთოლოგია და რატომ მიზიდავს ამგვარი გამოცემები. მიმაჩნია, რომ ანთოლოგიური პრინციპი შეესატყვისება თვით მწერლის ღრმა მოთხოვნილებას,
    შექმნას სრულყოფილებას მიახლოებული ნაწარმოები. ჩვენთვისაც ხომ ყველაზე საინტერესო ასეთი ნაწარმოებებია, საბოლოო ანგარიშით, ისინი ამართლებენ ლიტერატურის არსებობას. რომელიმე პერიოდში, ეპოქაში შექმნილი გამძლე ფასეულობების ერთად თავმოყრა ამ დროის ლიტერატურის ბუნებაში ჩაწვდომის, მისი არსის გააზრების
    თავისებური საშუალებაა. რაც შეეხება იმას, რომ მკითხველი ვერ იპოვის ანთოლოგიაში ყველაფერს, რასაც მოელის, ეს, მე მგონია, ბუნებრივია და საგანგაშო არ არის.
    – ლიტერატურის ისტორიაში არცთუ ცოტა შემთხვევაა, ავტორს თავის რჩეულ ნაწარმოებად ერთი მიუჩნევია, მაგრამ ამ ეპითეტით შემორჩენილა სულ სხვა მისი ქმნილება.
    – რასაც ამბობ, მართალია, თუმცა ჩვენ ხშირად არ ვიცით, თავის რომელ ნაწარმოებს მიიჩნევს მწერალი საუკეთესოდ და კიდეც რომ ვიცოდეთ, ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი კრიტერიუმი ვერ იქნება. ანთოლოგიის შედგენისას ვითვალისწინებდი კრიტიკაში გამოკვეთილ აზრს მწერლის და მისი შემოქმედების შესახებ, თუმცა მას, რა თქმა უნდა, მექანიკურად არ ვეთანხმებოდი. ამავე დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა მკითხველის გაოგნება რაღაც არგაგონილით და არნახულით. მაგრამ სიახლეები წიგნში, ალბათ, არის, განსაკუთრებით დღევანდელი ახალგაზრდა მკითხველისთვის. მაგალითად, თავის დროზე გახმაურებული, აჟიოტაჟის გამომწვევი იყო მერაბ აბაშიძის, გიორგი ბაქანიძის, ჯემალ თოფურიძის მოთხრობები – ადრე საზოგადოებას ლიტერატურის მიმართ უფრო ძლიერი ინტერესი ჰქონდა. ახლა რომ გადავიკითხე ეს მოთხრობები, აღმოჩნდა, რომ მათ ღირებულება არ მოკლებიათ, შეიძლება აქტუალობა შეემატათ კიდეც.
    – ცოტა არ იყოს რისკის გაწევაა შემდგენელის მხრიდან, როცა აღიარებული მწერლის აღიარებული ნაწარმოების მაგივრად მკითხველს ნაკლებად ცნობილს შესთავაზებ.
    – კლასიკოსად აღიარებული მწერალი ზარალდება, როცა მის შემოქმედებაზე სტერეოტიპული წარმოდგენა მკვიდრდება. შეიძლება ამგვარი სტერეოტიპის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები დარჩეს. ამიტომ ვამჯობინე ზოგიერთი ცნობილი მწერლის ჩრდილში აღმოჩენილი ნაწარმოები შემეთავაზებინა მკითხველისთვის. ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილ, ქრესტომათიულ ნაწარმოებს ვარჩიე „საბა“, ნაკლებად დაფასებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ბრწყინვალე მოთხრობა. ასევე ნაკლებად პოპულარულია დავით კლდიაშვილის გამორჩეულად ღრმა მოთხრობა „მიქელა“, რომელიც ანთოლოგიაშია წარმოდგენილი. ზოგჯერ ესა თუ ის ნაწარმოები, კლასიკურად მიჩნეული, „ცვდება“. ასე მოუვიდა, მაგალითად, „სოლომან მორბელაძეს“…
    – გაცვდაო… რას გულისხმობ, უფრო ზუსტად განმარტე.
    – ამ მოთხრობის ღირებულებას კი არ უარვყოფ, უბრალოდ, ზედმეტად შევეჩვიეთ, ავტომატიზებულად აღვიქვამთ. ამიტომ ხდება საჭირო სხვა ნაწარმოების წინ წამოწევა, რომელიც შეუჩვეველი რაკურსით ავლენს მწერლის შესაძლებლობებს.
    – უნდა ვიფიქროთ, რომ ანთოლოგია მაინც სუბიექტურია.
    – დიახ, თუმცა ვცდილობდი მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი, ჩემი სუბიექტურობა ობიექტურობის „გამტარად“ მექცია. ლიტერატურის შეფასების ობიექტურობა სუბიექტური საწყისის ჩახშობით ვერ მიიღწევა, ის მხოლოდ სუბიექტის მედიუმობით შეიძლება იყოს მიღწეული. არსებობს შეფასების საკმაოდ მყარი და სანდო კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები მხოლოდ შემფასებლის სუბიექტურ ცნობიერებაში ცოცხლდებიან, აქ იძენენ ქმედითობას.
    – ანთოლოგიებს, როგორც წესი, წინათ ავტორთა ჯგუფი ადგენდა ხოლმე. როგორ ფიქრობ, პასუხისმგებლობის განაწილება აზარალებდა საქმეს თუ პირიქით, სძენდა ავტორიტეტს.
    – ადრე, საბჭოთა დროს, ანთოლოგიები სახელმწიფოს მიერ იყო ნაკურთხი, სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავდა. ამიტომ ანთოლოგიის შედგენას ერთ ადამიანს არ ანდობდნენ. ახლა სხვა დროა, არც ერთი ანთოლოგია „კანონიკური“ არ შეიძლება იყოს. სხვა სხვანაირ ანთოლოგიას შეადგენს. საზოგადოებას არჩევანი მუდამ ექნება. ესეც არის იმის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ნელ-ნელა დემოკრატიული ცხოვრების წესს ვეჩვევით.
    – ანთოლოგიის შედგენისას რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდი? გვერდიგვერდ დაბეჭდილ მწერლებს იდეური და სულიერი ნათესაობა უნდა აკავშირებდეთ.
    – ვცდილობდი მოთხრობების თანმიმდევრობა, განლაგება, ქრონოლოგიური რიგის გათვალისწინებით, გარკვეული აზრის შემცველი ყოფილიყო, წიგნს ჰქონოდა ეპოქის ერთგვარი მხატვრული მატიანის თვისება, მასში წარმოჩენილიყო ქართული ცნობიერების, საზოგადოების, მორალის ხედი, მისი დროში ერთმანეთის მონაცვლე შრეებით. წიგნში მწერლები და მათი ნაწარმოებები ერთმანეთს „ემეზობლებიან“ თემატური, კონცეპტუალური ან ესთეტიკური ნიშნით. ვთქვათ, გვერდიგვერდაა დაბეჭდილი ლეო ქიაჩელის და გრიგოლ რობაქიძის მოთხრობები, რომლებსაც აახლოებს ინტერესი არქაული კულტურის მიმართ, ნეორომანტიკული პათოსი. კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, ბასილ მელიქიშვილის მოთხრობებში, რომლებიც ასევე გვერდიგვერდაა წარმოდგენილი, ჩანს ბოლშევიკური რეჟიმის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანის ბედი… მოგვიანებით ლიტერატურაში ძლიერდება სწრაფვა პიროვნების ინტიმური, სოციალური სფეროს მიღმა განფენილი სამყაროს წვდომისკენ და ამის მანიშნებელია ოთარ ჩხეიძის, არჩილ სულაკაურის, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები. გურამ გეგეშიძე ისტორიულ მოთხრობაში „ჟამი“ ეძებს იმის ფესვებს, რაც მეოცე საუკუნეში დაგვემართა და ამიტომ მოთხრობა წინ უსწრებს ნაწარმოებებს, რომლებშიც გახსნილია „ჰომო სოვეტიკუსის“ ბუნება და ასე შემდეგ.
    – ანთოლოგიაში ძირითადად ქართული თემატიკაა, თუ არ გამოვყოფთ „პროხორისა“ და „მტარვალს“, სადაც იხატება საბჭოთა რუსი, ძალიან უბედური, პირქუში ყოფის ბინადარი.
    – ამ მოთხრობებში უფრო მეტად აქცენტირებულია არა იმდენად პერსონაჟთა ეროვნული კუთვნილება, არამედ პიროვნების საბჭოური არსი და ეს ავტორების აზროვნების სიფაქიზეზე მეტყველებს. „პროხორის“ და „მტარვალის“ პერსონაჟები ტიპიური საბჭოელის ზუსტად გააზრებული და შთამბეჭდავი სახეებია. გასაგებია, რომ ეს ნაწარმოებები მხოლოდ საბჭოთა პერიოდის მიწურულში გამოქვეყნდა. ჩვენი ლიტერატურის მაღალი დონის მოწმობაა ის, რომ ქართველი მწერლები ახერხებენ ღრმად ჩაწვდნენ ჩვენგან ბევრი რამით ძალიან განსხვავებულს, „სხვას“, „უცხოს“.
    – რა დასანანი და ტრაგიკულია, ბედისწერაცაა ალბათ, თითო-ოროლა მოთხრობით ან ლექსით ლიტერატურის ისტორიაში შემორჩენა. რა არის ხოლმე ამის მიზეზი (აქ არ ვგულისხმობ ძველ ტექსტებს), რას დაარქმევდი ამას, ნიჭის გამოლევას?
    – ეს მართლაც ძალიან დასანანია, ბოლომდე გამოუმჟღავნებელ, დაუხარჯავ ნიჭზე უფრო დასანანი შეიძლება არაფერი არ იყოს ამქვეყნად. იმის მიზეზი, რომ მწერალი სრულად ვერ ახდენს თავის შესაძლებლობათა რეალიზებას, ზოგჯერ შეიძლება იყოს მისი განსაკუთრებული მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ, რომელიც უფლებას
    არ აძლევს, „ჩვეულებრივი“ ნაწარმოებებით დაკმაყოფილდეს და მხოლოდ უმაღლესი რანგის ნაწარმოებების შექმნა სურს; მიზეზი შეიძლება იყოს მწერლის ბედი, ხასიათის თვისებები, ანდა დროსთან, ეპოქასთან მისი შინაგანი შეუთავსებლობა… მაგრამ ლიტერატურის, კულტურის ისტორია უფრო სამართლიანია, ვიდრე ცხოვრება, ის ნამდვილ
    ღირებულებებს არ კარგავს, იმის განურჩევლად, მათ შემქმნელს უფრო მეტის შექმნაც შეეძლო თუ არა.
    – რა მიგაჩნია ლიტერატურული ნაწარმოების შეფასების ძირითად საზომად?
    – ჩემთვის არ არის საინტერესო და სრულფასოვანი ლიტერატურა, რომელიც არ ცდილობს ცხოვრების, სამყაროს სირთულე, სიმკაცრე და წინააღმდეგობრიობა რამდენადმე მაინც გამოხატოს. თუ ის, რასაც მწერალი გვიჩვენებს, შეუდარებლად უფრო მარტივი და უმნიშვნელოა, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვეხებით, უნდა დავასკვნათ, რომ ღირებულ ლიტერატურასთან არა გვაქვს საქმე. ლიტერატურული ნაწარმოების ღირსების მთავარ საზომად მივიჩნევ იმას, არის თუ არა მასში გამოვლენილი, მხატვრულად ხორცშესხმული სიმართლე, რომელსაც ამ ნაწარმოების გარეშე ასე ვერ დავინახავდი და ჩავწვდებოდი. მე მგონია, რომ შემოქმედებითი ნიჭი სწორედ სიმართლის, ჭეშმარიტების აღმოჩენის, წვდომის და მძაფრად გამოხატვის ძალაა. ნიჭი გარდაუვალად დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან.

    © ”ჩვენი მწერლობა”

  • პორტრეტი

    იგორ სტრავინსკი

    ორი დიდი შემოქმედის შეხვედრა

    გენიალური კომპოზიტორი, პაბლო პიკასოსთან და ჯორჯ ბალანჩინთან ერთად, ახალი ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მუსიკის სამყაროში უდიდესი ნოვატორი იგორ სტრავინსკი მსოფლიო პოეზიის იშვიათი მცოდნე და შეუმცდარი დამფასებელი იყო; მრავალრიცხოვან წერილებსა და ინტერვიუებში უზადო ლიტერატურულ გემოვნებას ამჟღავნებდა. იმდენად მკაცრი მომთხოვნი იყო, პოეტები მას ადამიანთა„თითქმის გამქრალ სახეობად“ მიაჩნდა, ხოლო დიდი პოეტი უიშვიათეს გამონაკლისად. სწორედ ამ თითებზე ჩამოსათვლელ პოეტებთან (ჟან კოკტო, იეიტსი, ოდენი, ელიოტი) მეგობრობდა იგი და ისინიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა მას უისტან ოდენთან, რომლის ლექსებსა და ლიბრეტოებზე არაერთი საუცხოო მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. ასევე გულითადად მეგობრობდა იგი თომას ელიოტთან და როცა ჰკითხეს, რატომ ერთხელაც არ გამოიყენა ასეთი მეგობრის პოეზია, ამაზე მოკვეთილად უპასუხა, მისი სიტყვები მუსიკას არ საჭიროებსო და ამით ყველაფერი თქვა. თუ რამოდენა მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ელიოტის შემოქმედებას, იმითაც ჩანს, რომ გარდაცვალებისთანავე საგანგებო მესა მიუძღვნა. პარტიტურა 1965 წლის 17 თებერვალს დაუმთავრებია და ორი თვის თავზე, იმავე წლის 17 აპრილს ეს ნაწარმოები შეუსრულებიათ. თავად თავმდაბლურად აღნიშნა – ბოლო გალობა რამდენადმე რიტუალურია და შესაძლოა იგი პოეტს მოსწონებოდაო. ვფიქრობთ, ქართველ მკითხველს დააინტერესებს იგორ სტრავინსკის მცირე მოგონება თომას ელიოტზე და მეოცე საუკუნის ამ ორი დიდი შემოქმედის გულწრფელი ურთიერთგანდობა. ეს მასალა დაბეჭდილია მუსიკათმცოდნე ვიქტორ ვარუნცის
    მიერ შედგენილ ბრწყინვალე წიგნში „იგორ სტრავინსკი – პუბლიცისტი და თანამოსაუბრე“. გარდა იმისა, ხელოვნებისა და მეცნიერების მრავალი დარგის უღრმეს ცოდნას რომ ავლენს, სტრავინსკის გამოარჩევს იუმორის სრულიად უნიკალური გრძნობა, განსაკუთრებულად მაშინ, როცა იგი თავის ავადმყოფობასა და მკურნალ ექიმებზე ლაღად, კეთილად ხუმრობს. სასურველი იქნებოდა, იგორ სტრავინსკის ინტერვიუებისა და თეორიული წერილების რჩეული ქართულ ენაზეც გამოსულიყო და ეს საქმე ეთავა ქალბატონ ლილი მჭედლიშვილს, რომლის მშვენიერი თარგმანიც ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ წინამდებარე ნომერში იბეჭდება.


    ემზარ კვიტაიშვილი



    სუფრის საუბრები თომას სტერნზ ელიოტთან


    თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა



    ელიოტს პირველად 1956 წელს, დეკემბრის საღამოს შევხვდი, როდესაც ლონდონში სენტ-მარტინ-ინ-ზეფილდის ეკლესიაში სადირიჟოროდ ჩავედი. „სავოიში“ ჩაიზე დავპატიჟე, მაგრამ დანიშნულ დროზე ადრე მივიდა და, რესტორანში რომ შევედი, უკვე იქ მელოდა (მოგვიანებით მითხრა, კონცერტებზე უფრო მაღალი მეჩვენებოდიო. მე კი მისი შთამბეჭდავი აგებულებით, მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი – იმ სიმორცხვის, იმ მოკრძალებულობისათვის მისი დიდი, მოუქნელი, ფლეგმატური სხეული მეტისმეტად ტევადი სათავსი მეჩვენა). საუბარი ვერა და ვერ ავაწყვეთ, ისეთი სიჩუმე იყო, ისიც კი ისმოდა, ოფიციანტები ვერცხლეულს როგორ აპრიალებდნენ. ბოლოს ისევ საფირმო სენდვიჩმა გვიშველა, ჩაიმაც (თუმცა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ვისკიმ). ელიოტი მკვეთრად შეაბრუნებდა თავს მოსაუბრიდან მოსაუბრისაკენ და „ჰმ“ ან „დიახს“ ნერვულად იტყოდა, ვინაიდან მასზე, ჩანს, არცთუ სასურველ შთაბეჭდილებას ვახდენდით. „ჰმ“, „აჰა“, „ჰო“, „შეიძლება“, „მთლად ასე არ არის“ – იტყოდა სხვათა შორის, მაგრამ, როცა გარკვევით, გამოკვეთილად წარმოთქვა – ესე იგი, თქვენ მართლაც ასე ფიქრობთო? – ეს ისეთი ტონით ითქვა, კაცს ფიქრის ყოველგვარი ხალისი დაგეკარგებოდა. ჩვენ მიერ გამოთქმული შენიშვნის შემდეგ მცირეოდენი პაუზაც ნათელს ხდიდა, რომ ჩვენი ნათქვამი სრულ უაზრობად იყო აღქმული. ცხადია, რასაც ახლა ვამბობ, დროის პერსპექტივით არის ნასაზრდოები, ამასთან, მოგეხსენებათ, ამა თუ იმ ადამიანის პორტრეტის დახატვისას ერთგვარად შთაბეჭდილების გაძლიერებასაც ცდილობ. გარდა ამისა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ელიოტს თაყვანს ვცემ არა მარტო როგორც პოეტს, როგორც ჯადოქარს, არამედ როგორც ენის ჭეშმარიტ ებგურსაც. ასე თუ ისე, ბოლოს მაინც გამოგვივიდა საუბარი. რაზე ვსაუბრობდით, რა იყო ჩვენი საუბრის თემა, არ მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ ვაგნერსაც შევეხეთ და შექსპირის „ციმბელინზეც“ ვისაუბრეთ, ვინაიდან იმ საღამოს „ოლდ-ვიკის“
    თეატრში სწორედ იმ სპექტაკლს უნდა დავსწრებოდი. ვისაუბრეთ რუდოლფ კასნერზეც (ვისი „დიდების მაძიებლობის შესახებაც“ ელიოტმა „კრიტერიონის“ ერთ ძველ ნომერში გამოაქვეყნა, ბალეტზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, საცეკვაო ტექნიკის ისეთი შესანიშნავი მცოდნე აღმოჩნდა, ისეთ მრავალფეროვან ინტერესთა ნიჭიერი კრიტიკოსი, რომლის წარმოდგენაც კაცს, უბრალოდ გაგიჭირდება. ელიოტი თავად ქმნიდა სუინის, ტირეზიას, მოხუცი ოპოსუმის ავტოპორტრეტებს და, დაე, თვითვე განსაჯოს, რომელია მათ შორის უფრო მართალი და უფრო ზუსტი – აბა, რაში გვჭირდება, სათითაოდ ჩამოვთვალოთ და ვარჩიოთ, როგორია იგი „სინამდვილეში“ (ლიტერატურული გმირი რომ თვით ავტორია, ამას პრუფროკზე ჩემი უნებური პაროდიაც ამტკიცებს, რომელიც ჩემს გონებაში ელიოტის აღწერის მცდელობისას დაიბადა: „თავაზიანი, თუმცა საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ ნერვული, საკმაოდ დაღლილი, საკმაოდ სერიოზული“). შეიძლება დიდი მსახიობი იყო, შეიძლება მისი სიტყვების უკან სხვა აზრი იმალებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, ჩემთვის ის „მზამზარეული ნიღბებიც“ საკმარისია, თვითონ როგორც უწოდებდა. ჩემმა მეხსიერებამ კიდევ უკეთ ჩვენი ორი ბოლო შეხვედრა შემოინახა. პირველი შეხვედრა „ღვთაებრივი გაზაფხულის“ პირველი დადგმიდან ორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით შედგა. ეს მოხდა „ალბერტ-ჰოლში“, რომელსაც ელისეს მინდვრების თეატრთან სრულიად არაფერი ჰქონდა საერთო. ელიოტები „ალბერტ-ჰოლთან“ იქვე მეზობლად ცხოვრობდნენ და მთხოვეს, ზეიმის შემდეგ მათთან შემევლო (თუმცა ზეიმი
    საკმაოდ უღიმღამო აღმოჩნდა). კარის ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, წინ აპლოდისმენტებით ელიოტი შემომეგება. მიუხედავად იმისა, კონცერტს ”რადიოდანადგარით“ უსმენდა (ელიოტს უყვარდა ძველი, დახავსებული გამოთქმები),
    სულაც არ გასჭირვებია, მშვენივრად შეედარებინა ერთმანეთისათვის ახლანდელი ოვაცია და 1921 წლის ის კანტიკუნტი აპლოდისმენტები, როცა გაბრაზებულ მაყურებელს დემონსტრაციის მოწყობაში ხელი მხოლოდ აღზრდამ შეუშალა. წინკარში, თაროზე, მისი ზამთრის შლაპა იყო შემოდებული, იქვე იდო სტილისტურად განსხვავებული ჩალის სტეტსონი , რომელიც აშკარად ბაჰამის პლაჟებზე ზამთრის დასვენებისთვის გახლდათ განკუთვნილი. ჯერ კიდევ ელიოტის მამის მიერ კატების გამოსახულებებით დამშვენებულ კედლებზე, ერთ ჩარჩოში ჩასმული კოლრიჯის წერილის დედანი და ომის დროს ბი-ბი-სისთვის კოლრიჯის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დაწერილი, მომავალი მისის ელიოტის მიერ ნაგვის კალათში ჩაგდებას გადარჩენილი ნარკვევის ტექსტი ეკიდა. სხვა ოთახებში ხელოვნებას ჰენრი მურისა თუ ტერნერის მანერით შესრულებული რასკინის საყვარელი წარმოადგენდა, რასაც ელიოტმა საკმაოდ წარმატებულად „რიგიანი“ უწოდა. იყო აგრეთვე ედვარდ ლირის პეიზაჟი, ლუისის ნახატები და იაკობ ეპსტაინის მიერ გამოქანდაკებული ელიოტის თავი. კედლების ჩასწვრივ, თანამედროვე უცნაური ქანდაკებებივით, წიგნების მთელი კოშკები ჩამწკრივებულიყო. თავიდან ჯერ დოღსა და ცხენებზე ვისაუბრეთ (იმ დღეს დოღს ტელევიზორში ვუყურე და წავაგე ჩემი ფსონი). ელიოტმა – ოდესღაც კალკუტის ტელევიზორში ფსონებს მეც ვდებდი, მაგრამ არასოდეს მომიგიაო. სხვათა შორის, 1948 წელს სტოკჰოლმში არჩევანი ერთ უცნობ ცხენზე – „დედოფალ მერიზე“ შევაჩერე (არა ინტუიციის, არამედ პატრიოტული გრძნობის გამო), მაგრამ ფინიშთან ის ყველაზე ბოლოს მივიდა და, ცხადია, წავაგე. მერე ელიოტმა საბჭოთა კავშირის შესახებ, სადაც ამ ამბიდან რამდენიმე თვის წინათ მომიწია გამგზავრება, შთაბეჭდილებების გაზიარება მთხოვა. განსაკუთრებით აინტერესებდა, გამოთქმაში რაიმე ძირეული ცვლილებები ხომ არ შემიმჩნევია. ცოტა ხნის წინათ იგი თურმე ევტუშენკოსაც მოუნახულებია […..]7. ელიოტმა შენიშნა, თქვენს მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი „P“-თაგანი იმ სანსკრიტულ „P“-ს მაგონებს, როგორსაც ინდoელები გამოთქვამდნენ, თუმცა ფსიქოლოგიურად სხვა ვარიანტებისაგან განსხვავებული არ არისო. ბოლოს თავის საქმეებზე დაიწყო საუბარი. ასე თქვა, ფრენსის ჰერბერტ ბრედლის შესახებ ჩემი სადოქტორო დისერტაცია რომ გადავიკითხე, დავრწმუნდი, ჩემი პროზის სტილზე ბრედლიმ რაოდენ დიდი გავლენა მოახდინა, მასზე დაწერილი ჩემი ახალი ნარკვევის უკეთესი ნაწილით თვით ჰერბერტის ციტატებს წარმოადგენსო. წუხდა, რომ ნარკვევის წერის დროს აუდიტორიას ვერ გრძნობდა, თითქოს არ იცოდა, მისი აუდიტორია ამერიკულ უნივერსიტეტთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ათასობით ფაკულტეტის სტუდენტები რომ იყვნენ. „ჰერბერტი უდიდესი პოეტია, მცირეთაგან ის ერთ-ერთი, ვინც შემიძლია მრავალჯერ გადავიკითხო. სხვათა შორის, მალარმეც, ალბათ ედვარდ ლირიც“, – განაგრძობდა ელიოტი. მერე დაიტრაბახა,
    1927 წლის შემდეგ სერიოზული პროზა არაფერი წამიკითხავს, ბოლო რომანი, მგონი, „მილდმარჩი“ იყო, თუმცა არა, მეშლება, ეს იყო „მიდლოიტიანის გული“, რომლის კითხვითაც საავადმყოფოში დიდად ვისიამოვნე… გამოგიტყდებით, ბოლომდე ვერც „ომი და მშვიდობა“ დავამთავრე, მაგრამ თავის თავზე კრიტიკოსმა ამგვარ წვრილმანებზე ალბათ არ უნდა ილაპარაკოსო. რამდენიმე დღის შემდეგ დუბლინში დირიჟორობა მიწევდა
    და ამ ქალაქის შესახებ ელიოტმა რაღაც გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა. ასე თქვა – „როცა მე იქ ლექციებს ვატარებდი, თითქმის ყოველი ირლანდიელი იმას მეუბნებოდა, ჩემს გარდა არც ერთ სხვა ირლანდიელს არ ენდოო“. ისიც დამიდასტურა, რომ უინდჰემ ლუისის „ომებსა და აფეთქებებში“ მოყვანილი მისი და ჯოისის შეხვედრის ამბავი სინამდვილეს ემთხვეოდა. ლექციებზე საუბარმა ელიოტს ომისშემდგომ გერმანიაში მგზავრობა
    გაახსენა, სადაც გოეთეს შესახებ დაწერილ საკუთარ ნარკვევზე ლექციებს კითხულობდა. მეხსიერება, მართალია, ხანდახან მღალატობს, მაგრამ, ის კი კარგად მახსოვს, ელიოტი როგორ ჩიოდა, ოფიციალური მიღებების დროს იუმორის გრძნობას სრულიად მოკლებული ადამიანები ფილოსოფიის ღრმა, ურთულეს საკითხებზე მასთან ერთთავად დისკუსიის გამართვას როგორ ცდილობდნენ. მითხრა, შეამჩნიე თუ არა, როცა ინგლისელები რაიმე სერიოზულს წააწყდებიან, იცინიან, უნდათ თავაზიანები გამოჩნდნენო. წინა დღეს ჰემპტონ-კორტში11 ყოფნის შთაბეჭდილებები მოვუყევი. ვუთხარი, ჩემი აზრით, ჯულიო რომანოს იზაბელა დ’ესტეს პორტრეტი მხოლოდ იმით არის შესანიშნავი, რომ ქალის გადმობურცული ბაგე იმგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს მანდილოსანი კბილებს შიშის მომგვრელად კრეჭდეს მაშინ, როცა ტიციანი თავის ნახატში ამ ქალის ჭკუას წარმოაჩენს-მეთქი. ამის შემდეგ საუბარი ფერარასა და ადგილობრივ კანაფზე გადავიტანეთ, რომლის გაქრობითაც იქაური მცხოვრებლები გვარიანად დაზარალდნენ, თუმცა ამით ისეთ პიროვნებათა ქცევას ვერ ახსნიდი, როგორიც პიერო ლიგორიო, ჯეზუალდო და ბიაჯო როსეტი იყვნენ. ელიოტმა – ფერარაში რატომღაც ბაღლინჯოებმა დამკბინესო, მაგრამ ამის
    შემდეგ რა იყო, არაფერი უთქვამს. მე კი გავიფიქრე, ეს ამბავი ალბათ „ერთი ღამის გასათევ“ რომელიმე იაფფასიან სასტუმროში მოხდა-მეთქი. მახსოვს, ამ საუბრისას ხშირად სიტყვა „ტრანსპადანსკის“* ხმარობდა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ლექსიკონიდან ჰქონდა ამოღებული და სრულიად შეგნებულად აღდგენილი. ეს სიტყვა, ისევე, როგორც ელიოტის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ლამაზადაც ჟღერდა და აზრსაც ზუსტად, ზედმიწევნით გადმოსცემდა. იმ საღამოს მისის ელიოტის ქმრისადმი თავდადებამ, მის მიმართ გამოხატულმა სინაზემ, რომელსაც განსაკუთრებით მაშინ ამჟღავნებდა, როცა ქმარი მხარზე თავს დაადებდა ან ხელზე ხელს უჭერდა, გული ძალიან ამიჩუყა. ამ ქალზე ქორწინება, დარწმუნებული ვარ, ელიოტის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მოვლენა იყო.
    შვიდი თვის შემდეგ, თორმეტ დეკემბერს, კიდევ ერთი შეხვედრა ნიუ-იორკში შედგა და ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა. როცა მათ აღმოსავლეთ 52- ე ქუჩაზე „რივერ-კლაბში“ შევუარე, ელიოტს ყელზე კაშნე ჰქონდა მოხვეული, ეცვა პულოვერი და ლურჯი ქაშმირის ზამთრის პალტო, მაშინ, როცა მისის ელიოტი მხოლოდ აბრეშუმის თხელ კაბაში იყო და მანქანაში ჩაჯდომისას ჩიოდა, ამერიკულ სასტუმროებში სიცხისგან ლამის სული მეხუთებაო. აღმოსავლეთ 52-ე ქუჩა ელიოტს ძალიან მოსწონდა, მოსახერხებლად მიაჩნდა. გაეროს შენობის დანახვისას კი ასე თქვა – ეჭვი არ არის, აქ ნამდვილად ანტიევროპული შეთქმულება მზადდებაო. გარეგნულად ელიოტი არც ისე ჯანმრთელად გამოიყურებოდა, სიარულისას ფეხი ერეოდა და რესტორანში შესვლისას ხელს მბრუნავ კარს ჰკიდებდა. ჰქონდა პროგრესირებადი ავადმყოფობის სხვა ნიშნებიც: სახეზე ნაცრისფერი
    ედო, ძალიან ხშირად და მძიმედ ახველებდა, ცოტას სვამდა, თავს ლამის საინამდე წახრიდა და პირს თითქმის არაფერს აკარებდა. გაიმართებოდა წელში ორ-სამჯერ და ავირეკლებოდით მის ღია თაფლისფერ თვალებში, რომლიდანაც ისევ ისე ძლიერად გამოანათებდა მისი დიდი ინტელექტის ძალა. ლაპარაკობდა სუსტი, მიმქრალი ხმით, რის გამოც უფრო ძლიერი სახმო აპარატით აღჭურვილი მოსაუბრის ხმა მისას თითქმის ახშობდა. დამნაშავე ამაში მეც ვიყავი, ვინაიდან მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდი, როცა მისი ხმა და ლაპარაკი თითქმის არ ისმოდა. თავიდან ერთმანეთს ჯოზეფ კონრადზე გავუზიარეთ აზრები. კონრადი განსაკუთრებით მისი პოლონურ-უკრაინული ფესვების გამო მაინტერესებდა (ბიჭობისას იგი ჩერნიგოვში ცხოვრობდა, მამაჩემი კი იმ ქალაქის მახლობელ სოფელში იყო დაბადებული)13. ფრანგული საშუალო ფენის სლავური კულტურული წრიდან, ისე, როგორც მე, ისიც ინგლისურენოვან კულტურულ გარემოში მოხვდა14. „კონრადი დიდი სენიორი იყო, – თქვა ელიოტმა, – ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, მაგრამ დაელაპარაკებოდი და მისი იმ მეტყველების გამო, იმის გამო, რომ როგორიღაც ხორხისმიერი გამოთქმა ჰქონდა, მაშინვე იმედი გიცრუვდებოდა“. როგორც ჩემ შემთხვევაში-მეთქი? – ვკითხე, რაზეც მიპასუხა, ძნელი არ არის შენი გაგებაო, რაც, მართალი გითხრათ, სულაც არ წარმოადგენდა პასუხს ჩემს კითხვაზე. ეს ის დრო გახლდათ, როცა იგი თავიდან კითხულობდა „ნოსტრომოს“, ხოლო „სიჭაბუკე“ და „უარყოფითი თვისება“ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებებად მიაჩნდა მათ შორის, თუ ოდესმე რაიმე ამგვარი წაეკითხა.15 ლუი მაკნისის უდროო გარდაცვალების გამო დიდი გულისტკივილით ლაპარაკობდა, თუმცა ისიც თქვა, მის მიმართ, მართალია, ყოველთვის თბილად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პირადი შეხვედრის შემდეგ იმედი სრულიად გამიცრუვდაო… როცა სენ-ჟონ პერსის თაობაზე აღნიშნა, მისმა „ხელწერამა და გონებამ“ ჩემში დიდი აღტაცება გამოიწვიაო, მაშინვე ის კითხვა გამიჩნდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მას პერსის ლექსები არ მოსწონდა? თუმცა ამ კითხვის დასმა, მართალი გითხრათ, ვერ გავბედე. რაც შეეხება გიიომ აპოლინერს, მის ხსენებაზე გარკვევით მიმანიშნა, რომ „ალკოჰოლის“16 მნიშვნელობას აზვიადებდნენ. როგორც ყოველთვის, ელიოტმა საუბარი ისევ ენაზე წამოიწყო. ასე თქვა (არა, „თქმა“ არ შეეძლო, უბრალოდ „მიმანიშნა“): ლოიდების ბანაკში სამსახურის დროს იტალიურად თავისუფლად ვლაპარაკობდი, მაგრამ „ეს იყო იტალიელი დანტეს ენა, სრულიად შეუფერებელი ინსტრუმენტი თანამედროვე საქმიანი ფრაზეოლოგიისათვისო“ და განაგრძო: იმის გამო, რომ ცოტ-ცოტა რუმინული და ახალი ბერძნულიც ვიცოდი, ბანკის დირექტორს რატომღაც იმ აზრს შთააგონებდა, რომ აუცილებლად პოლონურიც უნდა მცოდნოდა. როცა ვუთხარი, პოლონური არ ვიცი-მეთქი, თითქოს ეს ძალზე უცნაური და გაუგებარი რამ ყოფილიყო, დაჯერება არ უნდოდა – როგორ, კაცმა რუმინული და ახალი ბერძნული იცოდეს და პოლონური არაო?! ვსვამდი ჯინს, მარტინის (მხოლოდ ელიოტმა შეუკვეთა დაიკირი), პუიი-ფიუმის, ბლანს, არმანიაკს (ელიოტი დრამბიუის სვამდა). არმანიაკ-დრამბიუი რომ უნდა შეესვა, უცებ წელში გაიმართა, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე სახელით პირველად მომმართა და – ათ წელს კიდევ გვეცოცხლოსო! – სადღეგრძელო შემომთავაზა. ის, რომ შესაძლოა ათი წელი კიდე გვეცოცხლა, იმდენად დაუჯერებელი იყო, ბოკლების წკრიალმა არათუ სიხარული მომგვარა, თვითონ სიტყვაც კი გამოთხოვებასავით მეჩვენა. ჩემს მიმართ იმ წუთას, ჩანს, ისეთ სიახლოვეს გრძნობდა, როგორც არასდროს. მერე ღვინისაგან შემთვრალმა პულოვერის გახდა დაიწყო და საყოველთაო განხილვისთვის თავისი ფლანელის კაშკაშა აჭიმები გამოაჩინა, რითაც ჩვენი „ლე პავილიონის“ („ლუქსი“, „სიმშვიდე“, ჩეკების სქელი წიგნაკები) ხშირი სტუმრების გაოცება გამოიწვია. ვილაპარაკეთ პრეზიდენტ კენედის მკვლელობაზეც.
    ელიოტმა – ერთი წლის წინათ თეთრი სახლიდან ორჯერ დამირეკეს ბაhამზე, ერთხელ ნობელის პრემიის ლაურეატთა პატივსაცემად გამართულ ვახშამზე დამპატიჟეს, მეორედ საერთო მიღებაზე მიმიწვიეს… ვერ წარმოიდგენთ, ზოგჯერ რა საშინელი თავხედობა ხდება, არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ დალასში ერთხელ შერიფის საპატიო მოადგილედაც კი დამნიშნესო… მართალია, ჩემი აზრი ამაზე ხმამაღლა არ გამომითქვამს, მაგრამ, ღმერთს გეფიცებით, დეზებიან ჩექმებსა, უზარმაზარ შლაპასა და მკერდზე შერიფის ვარსკვლავით ელიოტი ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. ყოველი ჩვენი შეხვედრისას საუბარი, ამა თუ იმ კუთხით, მისისიპზე გადაგვქონდა. უფრო ხშირად ამ თემას ელიოტი იწყებდა. მდინარე მისისიპის სიყვარული ჩემს გულში (ისე, როგორც სხვა რუსი ბავშვების გულშიაც) მარკ ტვენმა ააგიზგიზა. როცა პირველად ამერიკაში ჩავედი და მატარებლით მდინარის ერთი ნაპირiდან მეორე ნაპირზე ხშირად მიწევდა მგზავრობა, იმ მდინარის – „უძლიერესი შავი ღმერთის“ ყოველი გადაკვეთისას მუდამ ძალიან ვღელავდი… (თუმცა, როგორც ერთხელ ელიოტმა მიმითითა, ღმერთი მისისიპი კი არა, „ჭუჭყიანი მო“ – მისურიაო). ელიოტი მომიყვა, სიყმაწვილეში, როცა ის მისურის შტატში ცხოვრობდა, ერთ ცივ დილას, მის ოთახში დიასახლისი როგორ შევიდა, ჩაიდანს ცეცხლი როგორ შეუნთო და საწოლის ქვეშიდან თასი როგორ გამოათრია. მერე, ომის დროს, – განაგრძო ელიოტმა, – როცა დუბლინის „ტრინიტი-კოლეჯში“ იეიტსის შესახებ ლექციას ვკითხულობდი, იმ სასტუმროს ნომერში, სადაც მე ვცხოვრობდი, ხანშიშესული დამლაგებელი რომ შემოვიდა, ბუხარში ცეცხლი დაანთო და საწოლის ქვეშიდან თასი გამოიღო, ასე მეგონა, ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი, ისევ იმ შორეულ მისურში ვცხოვრობდიო. იმ დღეს ელიოტი ძალიან საყვარელი და გულისამაჩუყებელი იყო. რესტორნიდან გამოსვლისას პალტოების ასაღებად რომ ვიცდიდით, გავიგონეთ, მეტრდოტელი მეგარდერობეს როგორ ეუბნებოდა, ახლა აქ თანამედროვეობის უდიდესი პოეტი და უდიდესი თანამედროვე კომპოზიტორი იმყოფებიანო. ამაზე თავი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენით, მაგრამ მდგომარეობიდან ისევ ჩემმა ცოლმა გამოგვიყვანა – რა თქმა უნდა, ესენი ხომ ყოველთვის ძალიან ცდილობდნენო. – თქვა მან სათანადო ინტონაციით.

    1. „კრიტერიონი“ – ელიოტის მიერ 1922-1939 წლებში გამოცემული ჟურნალი (მისი პირველი ნომერი გაიხსნა ელიოტის
    პოემით – „ბერწი მიწა“).
    2. სუინი – ელიოტის სატირული ლექსების გმირი („ლექსები“, 1920).
    3. ტირეზია – ელიოტის ლექსების ციკლის – „პრუფროკი და სხვა დაკვირვებების“ გმირი (1917). ამ ციკლში შედის ადრეული
    ელიოტის საპროგრამო ნაწარმოები – „ჯ. ალფრედ პრუფროკის სიყვარულის სიმღერა“.
    4. სტრავინსკი იხსენებს ელისეს მინდვრების თეატრს, სადაც შედგა „ღვთაებრივი გაზაფხულის“ პრემიერა. ეს პიესა დაიდგა
    ლონდონში, „ალბერტ-ჰოლში“, პრემიერიდან 50 წლის თავზე. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ ახლაც,
    ისე, როგორც 50 წლის წინათ, დირიჟორობდა 88 წლის პიერ მონტიე, თუმცა ამჯერად პიესის მხოლოდ საკონცერტო
    შესრულებას. სტრავინსკის მტკიცებით, სწორედ მონტიეს ეკუთვნის „ღვთაებრივი გაზაფხულის“ რეაბილიტირება პარიზში
    1913 წლის მაისის წარუმატებელი პრემიერის შემდეგ. აქ კომპოზიტორი ეხება პარტიტურის საკონცერტო შესრულებას
    1914 წლის აპრილში, როცა მაყურებელი მას აღფრთოვანებული შეხვდა. სტრავინსკი არ მიუთითებს ამ მოვლენის ზუსტ თარიღს,
    მაგრამ კომენტატორმა შეძლო დაედგინა, რომ პ. მონტიეს დირიჟორობით „ღვთაებრივი გაზაფხულის“ ეს საკონცერტო
    შესრულება შედგა `კაზინო დე პარიში~ 1914 წლის 5 აპრილს. თუმცა საჭიროა აღინიშნოს, რომ „ღვთაებრივი გაზაფხულის“
    რეაბილიტაცია მოხდა ცოტა უფრო ადრე და რაც კიდევ უფრო ყურადსაღებია, მოსკოვსა და პეტერბურგში, კომპოზიტორის
    სამშობლოში, 1914 წლის 5 და 12 დეკემბერს. ამჯერად ორკესტრს დირიჟორობდა კუსევიცკი (იხ. ა. კუზნეცოვი.
    რუსული ბეჭdვის სარკე, 1982 წ. №6, გვ. 72-74).
    5. ელიოტის ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ეხება „ღვთაებრივი გაზაფხულის“ იმ საკონცერტო შესრულებას, რომელიც
    შედგა 1921 წელს ლონდონში, ი. გუსენსის დირიჟორობით, რასაც სტრავინსკი „ქრონიკაში“ იგონებს (გვ. 150).
    6. კოვბოის ფართოფარფლებიანი შლაპა.
    7. იმ მოგზაურობის დროს ევტუშენკომ სტრავინსკიც მოინახულა. მათ შეხვედრას ესწრებოდა ლ. ლიბმენი და პოეტის ეს
    ვიზიტი სწორედ მან აღწერა თავის მოგონებებში: „სტრავინსკებმა პოეტი სასტუმრო ოთახში მიიღეს. იმ დროს ბიბლიოთეკაში
    ვიყავი, მაგრამ იქაც გარკვევით ისმოდა რუსული შეძახილები, რაც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მესმოდა
    სტრავინსკის ომახიანი და მისი ცოლის მხიარული ხმა. სტრავინსკები მას ისეთი ენთუზიაზმით პასუხობდნენ, რომლის
    მსგავსი მათ გვერდით გატარებული მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მსმენია, თვით მათი რუსი მეგობრების
    სტუმრობის დროსაც კი. მერე ევტუშენკომ ლექსების კითხვა დაიწყო. ახლა კი თავი ვეღარ შევიკავე და ჰოლიდან სასტუმრო
    ოთახში შევიხედე. რა თქმა უნდა, პოეტი საკუთარ ლექსებს კითხულობდა. მისი ხმა დიდი სიმებიანი ორკესტრივით ვიბრირებდა,
    მასში დებიუსის პიანისიმო და ბეთჰოვენის ფორტისიმო ჟღერდა, ხოლო მათ შორის ვაგნერის, მოცარტისა და სტრავინსკის
    ჟღერადობის მთელი გამა იყო. ლირიკული ადგილების კითხვისას სავარძელში იჯდა, დრამატულ ადგილებს ფეხზე წამომდგარი
    დეკლამირებდა. მისის სტრავინსკი წინ წამოწეულიყო და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თავის დაბადების ოცი
    წლისთავს ზეიმობსო. თვითონ სტრავინსკი ჯოხს დაყრდნობილი, თითქოს „ო“-ს სათქმელად ტუჩებწინწამოწეული და ყურადღებადქცეული იჯდა და თვალს არ აშორებდა. ჩემთვის კი, ო, რა სამწუხარო იყო, რომ პოეტის არც ერთი სიტყვის შინაარსი
    არ მესმოდა!“ (Llibmen, გვ. 305).
    8. ელიოტის დისერტაცია – „შემეცნების საგანი და გამოცდილება ფ.გ. ბრედლის ფილოსოფიაში“ (1916 წ.) ელიოტს ეს დისერტაცია
    არ დაუცავს.
    9. აღნიშნული რომანები ელიოტს ერთმანეთში ერევა, ვინაიდან ორივე რომანის სახელწოდებაში შედის ინგლისური სიტყვა
    – middle (შუათანა, შუა, საშუალო) ერთ შემთხვევაში დასახელებულია ჯორჯ ელიოტის რომანი „მიდლმარჩი“ (1871-1872)
    (ჯორჯ ელიოტი მწერალი ქალის მერი ენ ევანსის ლიტერატურული ფსევდონიმია), ხოლო მეორე შემთხვევაში უოლტერ
    სკოტის რომანი – „შუათანა ლომიანას გული“ ანუ „ედინბურგის დილეგი“ (1818 წლის რუსულ გამოცემაში იგი ამ მეორე სათაურით
    არის ცნობილი).
    10. იგულისხმება უ. ლუისის ავტობიოგრაფია (Lewis w. Blesting and Bombazdiering London, 1969).
    11. 1525-1526 წლებში ინგლისში აშენებული ჰენრი მერვეს სასახლე.
    12. 1963 წლის 12 დეკემბერი.
    13. ჯოზეფ კონრადი დაიბადა ბერდიჩევში, ერთხანს ცხოვრობდა ჩერნიგოვსა და ვოლოგდაში
    14. ჯოზეფ კონრადმა მიიღო ინგლისის მოქალაქეობა.
    15. ლაპარაკია ჯ. კონრადის რომანზე „ნოსტრომო“ (1904) და ორ მოთხრობაზე – „სიჭაბუკე“ და „უარყოფითი თვისება“
    (1917).
    16. გიიომ აპოლინერის ლექსების კრებული „ალკოჰოლი“ (1913).

    © “ჩვენი მწერლობა”


  • რეცენზია

    გიორგი კაკაბაძე

    საზოგადოებიდან გაქცევა

    ბესო ხვედელიძე, გაფრინდინელა (რომანი). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილისა, გარეკანზე ალიონა ბაკუშინას ფოტო. თბ. “დიოგენე”, 2004.

    კობო აბეს ერთ-ერთ მოთხრობაში სასოწარკვეთილი მამაკაცი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იღებს ცარცის ნატეხს, კედელზე ხატავს კარს, შემდეგ აღებს მას და შეუცნობელ, უცხო განზომილებაში შეაბიჯებს… ასე აღწერა მწერალმა უკანასკნელი საშუალება, რომლითაც პიროვნება სოციუმისაგან და მის მიერვე შექმნილი ცივილიზაციისაგან თავის დაღწევას ცდილობს. ზოგი თვლის, რომ რეალობიდან გაქცევა, შესაძლებელია, ცხოვრების წესი იყოს, ზოგიც კი მას ახალგაზრდობის ერთ-ერთ მანკიერ თვისებად მიიჩნევს.
    ბესო ხვედელიძის რომანი (უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით “რომანი-იგავი”) “გაფრინდინელა” ასეთივე ესკაპისტური ნაწარმოებია. იგი გარკვეული გაგებით ქართული ლიტერატურული ტრადიციების გამოწვევაა, რადგან კონფლიქტშია დამკვიდრებულ გემოვნებასთან, ეტიკეტთან. აქ სტილი სტილს უპირისპირდება, ჟანრი – ჟანრს, რომანი წინააღმდეგობებითაა სავსე. მას მხოლოდ თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს, სხვადასხვაგვარი ახსნის საშუალებას იძლევა და მკითხველს დიალოგში იწვევს.
    ვინც ამ წიგნს ტრადიციული ნიაზით წაიკითხავს, თარაშ ემხვარივით დაიკვნესებს: “გახუნდა ჩემი საყვარელი ფერები”-ო და მართალიც იქნება, რადგან მასში ვერ შეხვდება ტრაგიკული ეპოქის სცენებს, რაყიფების რაინდულ პაექრობას და შეყვარებულთა მელანქოლიურ პათოსს. რომანში ტრადიციული, ავანგარდული, მისტიკური, აბსურდის და სხვა ლიტერატურული ხერხები გვერდიგვერდაა გამოყენებული. აღარაფერს ვიტყვი ჟანრული ფორმების მრავალფეროვნებაზე. რომანში ლექსებსაც შეხვდებით და ნოველასაც. ეს უკვე აღარაა “დიდი მიზნებისა” და “დიადი იდეების” მწერლობა (რასაც ათწლეულების მანძილზე მიგვაჩვიეს). იგი ახალი ტალღის ნონკონფორმისტული ნაწარმოებია, თუ გნებავთ სულიერი წინააღმდეგობის ლიტერატურა.
    სამყარო სწრაფად იცვლება, მასთან ერთად იცვლება ადამიანთა გემოვნება და შეხედულებები, იცვლება ესთეტიკაც. ახალი ეპოქა ახალ დამოკიდებულებებს, ახალ შეფასებებს მოითხოვს. ბევრი რამ, რაც ხელოვნებაში ნორმად ითვლებოდა, დღეს უკვე მოძველებული და მიუღებელია. ახალ საუკუნეში მწერლებს ახალი გზების, ახალი გამომსახველობითი საშუალებების მოძებნა სჭირდებათ. ანუ ყველაფერი ის, რაც ასე აღიზიანებს ლიტერატურის ტრადიციონალისტ კრიტიკოსებს. რაც შეეხება ტრადიციას, იგი არც საშვილიშვილოდ დაწერილი დოგმების წიგნია და არც ბედისწერა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ტრადიცია სულიერი მემკვიდრეობის, სულიერი გამოცდილების გაგრძელებაა. ტრადიციების დარღვევას კი თავისი მეამბოხური მიმზიდველობა აქვს, ამიტომაც ყოველი კარგი წიგნი ერთგვარი რევოლუციაა.
    “გაფრინდინელა” ერთი პერსონაჟის – კოკას აღსარებაა, უფრო ზუსტად მისივე ცხოვრების რეტროსპექტული ხედვა და ჭეშმარიტების შეცნობის მცდელობა იმ ფაქტების, ნიშნებისა და სიმბოლოების მიხედვით, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაზე, მატერიალური თუ სულიერი ობიექტების საშუალებით ახდენს ზეგავლენას.
    კოკას საკუთარ საარსებო სივრცესთან აქვს კონფლიქტი, ამიტომ იგი იძულებულია ბრძოლის ველს გაეცალოს, და მის მიერვე გამოგონილ იდეალურ ქალაქ როზენბურგში იქირაოს ბინა. მან საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს წარმოსახვით სამყაროში გაქცევა ამჯობინა.
    რომანი ტრადიციული ფორმით იწყება, ამიტომ გარკვეულად შესაძლებელია პერსონაჟის საქციელის გამოცნობა.
    ყოველი ადამიანის საქციელს ფსიქოლოგიური წინაპირობა და მიზეზი აქვს. კოკას კონფლიქტში მის ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რომანში ბოროტება პერსონიფიცირებულია:
    მამას ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ახასიათებს, ამიტომ იგი თავის კომპლექსებს სხვისი დამცირებით იკმაყოფილებს.
    მეორეა მოჩვენებითი ღვთისმოსაობა და სათნოება, რომლის უკანაც ფარისევლობა და სულიერი სიღატაკე იმალება. ერთ-ერთი სადილის დროს ყველა გულმოდგინედ უსმენს მარგო ბებიას, რომელსაც ლოცვანი გადაუშლია და გულმოდგინედ ბუტბუტებს, მაგრამ “მამაო ჩვენოს” სიტყვების შეხსენება სჭირდება. გასაგებია, რომ ამ ოჯახში ლოცვებს მხოლოდ დღესასწაულზე და ისიც თავის გამოდების მიზნით კითხულობენ. ერთ-ერთი ასეთი უბედურება გულგრილობაცაა, რომელიც ორივე მშობელს, არა მარტო ერთმანეთის, არამედ შვილის მიმართაც ახასიათებთ. ამ დაძაბულ ურთიერთობას საბოლოოდ ქალის სახლიდან წასვლა და გათხოვდება მოჰყვება. მას მერე დედას შვილი თვალით აღარ უნახავს.
    ეს ადამიანები ჩაფლულნი არიან ისეთ სოციალურ რეალობაში, რომლის ლოგიკაც თავად არ ესმით. ამიტომ სივრცე, რომელშიც კოკა იზრდება, სიყვარულსაა მოკლებული, მისი ადგილი კი გულგრილობას, პატივმოყვარეობასა და ფარისევლობას დაუკავებია. ბავშვს პირველ რიგში სიყვარული სჭირდება, და კოკაც ბავშვურ გამოსავალს პოულობს, იგი საბავშვო ბაღში ერთ ლამაზ გოგონას – ვერას სიყვარულში გამოუტყდება. ამ საქციელის გამო მასწავლებელი მას სასტიკად დაამცირებს და მთელი დღე ცივ კუთხეში დააყენებს. აქ კიდევ ერთ საზოგადოებრივ ბოროტებას ვაწყდებით: ადამიანის თავისუფალი ბუნების წინააღმდეგ გალაშქრებას. ეს ჯოგური ინსტინქტი განსხვავებულების მიმართ შიშს ნერგავს, ადამიანში თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის საშუალებას ახშობს და მის თავისუფალ ნებას თრგუნავს (ეს თვისებები უფრო ხშირად დადებით ელფერს ატარებდა ქართულ მწერლობაში).
    სამყაროში, სადაც კოკა იზრდება, უფროსსა და უმცროს თაობას შორის ბერლინის კედელია აღმართული. ოჯახისადმი კოკასა და მისი მამიდაშვილის, ბაჭიას მტრული დამოკიდებულება მაშინ ჩანს, როდესაც ისინი სახურავზე აცოცდებიან და მშობლებს თხილებს ესვრიან, “ვითომ ისინი გერმანელები არიან”, – განმარტავს კოკა.
    ყოველი უარყოფითი თვისება, რომელიც ჩამოვთვალეთ, ერთად თავმოყრილი, ძალიან საშიშია, რადგან იგი მსხვერპლად სისპეტაკეს, უმანკოებას და უბრალოებას მოითხოვს. სწორედ ამას ეწირება კოკას მამიდაშვილი ბაჭია.
    გასაოცარი ლიტერატურული ნიმუშია ბაჭიას სიკვდილი, რომელიც ბავშვისათვის დამახასიათებელი ნაივურობითა და დრამატიზმითაა აღწერილი:
    “ბაჭიასკენ კრიჭაშეკრული იყურები და ხედავ, რომ ის მართლა ნელ-ნელა მიცურავს დაბლა. ხელს იწვდენ, მაგრამ უკვე გვიანია. სული გიგუბდება და სუნთქვა გეკვრის. ბაჭია ხმას არ იღებს – ისევ ქვემოთკენ მიცურავს და გაფართოებული თვალებით ამოგცქერის. შენ თვალებს ხუჭავ. ტყლუპ!!! უცებვე ახელ. სახურავი ცარიელია. ბაჭია აღარ ჩანს. აძაგძაგებული კიბისკენ მიფორთხავ და დაბლა იხედები. ბაჭია გულაღმა წევს მიწაზე და თვალები დახუჭული აქვს. სწრაფად ეშვები კიბეზე და ბაჭიასთან იჩოქებ. ბაჭიას ხელისგულში თხილები აქვს მომუშტული.”
    ბოროტებას ფიზიკურად ეწირება ბაჭია, მორალურად კი – კოკა, რადგან ბაჭიას სიკვდილში ისიც გრძნობს თავს დამნაშავედ. შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობს ამაზე ფიქრს თავი აარიდოს და იგი ქვეცნობიერის სასტიკ ჯურღმულებში გამოკეტოს. სულიერი სიკვდილი კი ზოგჯერ ფიზიკურზე უფრო ტრაგიკულია, რადგან მას მუდმივი შიში, ტკივილიანი ცხოვრება და ავის მოლოდინით შეძრწუნებული სულიერი მდგომარეობა ახლავს თან.
    პიროვნება უცხოვდება საკუთარ ქვეყანაში, ქალაქში და ეპოქაში. ასეთ შემთხვევებში რამდენიმე გამოსავალი არსებობს, მაგალითად, გიუნტერ გრასის რომანის “თუნუქის დოლის” პერსონაჟმა – ოსკარ მაცერატმა – ძალიან ადრე გაიგო მოზარდთა სამყაროს მთელი სიბინძურე და პტოტესტის ნიშნად გადაწყვიტა აღარასოდეს გაზრდილიყო, რაც მოახერხა კიდეც. სამი წლის ასაკში სარდაფში ჩავარდა და ზრდა შეწყვიტა. მას შემდეგ მუდამ განუყრელად დაატარებდა თუნუქის დოლს, რომელზე გაუთავებელი ბრახუნითაც გამოხატავდა თავის მსოფლმხედველობას და საზღვარს ავლებდა მასსა და მოზარდთა სამყაროს შორის.
    მეორე დიდი გერმანელი მწერლის – ჰერმან ჰესეს რომანში: “შუშის ბურთულებით თამაში”- აღწერილია სახელმწიფო სახელმწიფოში – “კასტალია”, რომელიც იმ ინტელექტუალების თავშესაფარი ადგილია, რომელთაც სრულიად არ გააჩნიათ ცხოვრებისეული გამოცდილება, სამაგიეროდ განვითარებული აქვთ მშვენიერების შეგრძნება. ჰერმან ჰესესთვის “კასტალია” აბსტრაქტული, რთული სიმბოლოა სულიერების თავშესაფარისა იმ სამყაროში, რომელიც უიმედოდაა დაავადებული.
    იქნებ პიროვნების გადარჩენის ერთ-ერთი გზა საზოგადოებიდან გაქცევაა? იდეალური ქალაქი – როზენბურგი, რეალური სამყაროს სრული ანტიპოდია. მათი ტემპი განსხვავდება ერთმანეთისაგან. სოფლის უზრუნველ, მშვიდ სცენებს როზენბურგის ნერვული, აჩქარებული მოუთმენლობა უპირისპირდება. რეალურ ცხოვრებაში სიყვარულში ხელმოცარული კოკა როზენბურგში ოცნების ქალს, დოლორესს ხვდება და თავს ბედნიერად გრძნობს. იგი ახალ თავისუფლებას პოულობს და ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც მას ცხოვრებამ წაართვა.
    როზენბურგი გარშემომყოფთათვის დაფარულ, ხელმიუწვდომელ სივრცეშია განთავსებული. იგი გმირის შიგნით, მის ცნობიერებაში არსებობს და კოკას ოცნებისა და შიშის სამყაროა. ეს ქალაქი იზიდავს და იმავდროულად ემუქრება მას. ამგვარი ფორმით აბსურდული სიტუაცია სრულიად რეალური და ხელშესახები ხდება (რა თქმა უნდა ლიტერატურული გაგებით). ამ ხერხით მწერალი არა მხოლოდ პერსონაჟის სულიერ მდგომარებას, არამედ რეალურობის მეტაფიზირებას ახდენს. რეალური სამყარო მისი პასტორალურობის მიუხედავად უფრო საშიში და დაუნდობელია, ვიდრე როზენბურგის აფორიაქებული ურბანიზმი. აქ არ შეიძლება ერთი ბიბლიური პარალელი რომ არ გაგვახსენდეს: აბრაამის ძმიშვილი – ლოთი – სანამ სოდომში ცხოვრობდა, წმინდა და მართალი ადამიანი იყო. იგი მხოლოდ მაშინ წაწყდა, როდესაც ამ ცოდვის ბუდეს გაეცალა და თავი სამშვიდობოს იგრძნო. როდესაც ავტორი როზენბურგის სცენებს გვიხატავს, იგი სინამდვილეში იმ ტრაგიკულ გაორებას აღწერს, რომელიც კოკას სულიერ სამყაროში ხდება.
    სიყვარულიცა და სიძულვილიც ემოციურობის ორი პოლუსია, ძლიერი გრძნობა შეიძლება აგრესიულიც იყოს და ნაზიც. სიყვარული ადამიანის არსებობის ერთადერთი ფასეულობაა, მაგრამ იგი ამავე დროს დესტრუქციული ძალაცაა, რადგან სიყვარულის ობიექტში შერწყმას, ანუ საკუთარი იდენტურობის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ დოლორესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაცა და შესაბამისად, მისი სიკვდილიც, კოკას ქვეცნობიერი ნების გამოხატულებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ როზენბურგი კოკას მიერ შექმნილი ქალაქია და იქ განვითარებული მოვლენები გარკვეული ფორმით მის მიერაც იმართება.
    კოკას მეტამორფოზა მისი სხეულის ტრანსფორმაცია კი არა, აბსურდულ სამყაროში მოხვედრილი ადამიანური ფსიქიკის თავისებურებაა. ისეთი თავისებურება, როდესაც პიროვნება საკუთარ სხეულში ყოფნით დისკომფორტს განიცდის და რადგან ახალ მდგომარეობაში ყოფნის იმუნიტეტი არ გააჩნია, ცხოვრების მიერ დაგებულ მახეში ებმება. შიში კი მისი ბუნების ერთადერთ თვისებად რჩება. მწერად გადაქცეული კოკა თავისივე საოცნებო ქალაქის ერთ-ერთი სახლის ტუალეტში გამოემწყვდევა. გამოსავალი აღარაა, ან უნდა დაიღუპოს, ან ისევ იმ სივრცეს დაუბრუნდეს, საიდანაც თავის დაღწევას ამაოდ ცდილობდა. ეს კი ცხოვრებაზე ამბოხებული ადამიანის საბოლოო დამარცხებაა.
    ავტორი აქ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია, ალეგორიაა, გაქცევა კი ილუზია, რადგან ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ამ ცხოვრების ტუალეტში გამოკეტილი უცხო არსება. მნიშვნელობა არა აქვს, ეს წარმოსახვითი სამყარო იქნება, თუ რეალური, იდეალური ქალაქი, თუ აბსურდული. ეს ის სინამდვილეა, რომელზეც საზოგადოება ხმამაღლა არ ლაპარაკობს, ან ამის აღიარება უჭირს.
    ბესო ხვედელიძე იმ მხატვრულ-ფილოსოფიურ ხედვას გვთავაზობს, რომელსაც მის შემოქმედებაში დომინანტური როლი ენიჭება: ცხოვრება ამგვარი მახეების გაუთავებელი ლაბირინთია და საკმარისია ადამიანმა ახალ თავისუფლებას მიაღწიოს, რომ იგი მისთვის უმალვე ახალ საპყრობილედ გადაიქცევა.
    ახალ საუკუნეში პიროვნება დაიმცრო, დაპატარავდა. საზოგადოების თვალში ფასი დაკარგა. თუმცა, შეიძლება საკუთარ თავთან მებრძოლი ადამიანი გაცილებით უფრო დიდი გმირი იყოს, ვიდრე ურჩხულთან მეომარი რომელიმე რაინდი. ასეთი პიროვნებების შემჩნევა კი დღეს მხოლოდ ნიჭიერ მწერლებს შეუძლიათ.
    შეიძლებოდა კიდევ ბევრი გვეთქვა ნაწარმოების ემოციურ ტონსა და ლექსიკაზე, რომელიც მოთხრობილი ამბისა და განწყობილების ადეკვატურია; ქალაქ როზენბურგის მიკროკოსმოსში ჩაკეტილ, სოციალური მდგომარეობის უარმყოფელ ახალგაზრდებზე; მათ თრეშ კულტურაზე (კულტურა ავტორიტეტებისა და ტრადიციების გარეშე); ამ მიმდინარეობის სიმბოლიზმზე, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერპრეტატორის ორიგინალური რეაქცია იქნებოდა და არა მწერლის რაციონალური თუ ირაციონალური ჩანაფიქრი.
    შემოქმედება მუდმივი აღმოჩენების პროცესია, რადგან იგი პირობითი და ექსპერიმენტულია. სწორედ ეს გარემოება ასაზრდოებს ხელოვნებას, იგი გვასწავლის, რომ ერთდროულად შეიძლება წარსულშიც გადავიხედოთ და მომავალსაც გავუსწოროთ თვალი. მწერალში პირქუში კაცთმოძულეც დავინახოთ და მხურვალე ჰუმანისტიც, რეალისტიცა და მოდერნისტიც. ხელოვნებაში ეს ყველაფერი დასაშვებია.
    მთავარია, რომ ლიტერატურის ნიმუშმა დაარღვიოს თავისი დროის ჩარჩოები, გარკვეული გაგებით, შეცვალოს ხელოვნების განვითარების გეზი, შეცვალოს ადამიანთა მიერ დაკანონებული შეხედულებები სილამაზის, სიყვარულის, რეალურობისა და აბსურდულობის, თუ გნებავთ, რომანის ფორმისა და სტილის შესახებ, რადგან ყოველივე ამის გარეშე ნამდვილი ლიტერატურა ინტელექტუალური ნარკოტიკის ნაირსახეობად ვერასოდეს გადაიქცევა.

    © ”წიგნები – 24 საათი”