• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)


    ზაზა თვარაძე, “სიტყვები” (სერია “ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი”). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    თუ აქამდე არასდროს გინახავთ ცოცხალი სიტყვები, არ გეჯერათ მათი არსებობის და ვერც კი წარმოგედგინათ, როგორ გამოიყურებიან ისინი, ახლა ისღა დაგრჩენიათ, ზაზა თვარაძის ახალი რომანი გადაშალოთ და ყურადღებით დააკვირდეთ თითოეულ სიტყვას – მერე უკვე თვენზეა, ჰაერში მოტივტივე სხეულებს კვამლს მიამგვანებთ, საპნის ბუშტს, ნისლის ნაფლეთებს თუ რამე სხვა ფორმას მოუძებნით თქვენს გარშემო მოფარფატე ცოცხალ ორგანიზმებს, სხეულებს, რომლებიც ისევე სუნთქავენ, იკვებებიან ჰაერით, როგორც – თქვენ. ალბათ არც მეზობელი ქუჩების ბინებზე შეგიმჩნევიათ წარწერა – “სანეტარო კანტორა”, უფრო მეტიც – არც კი გიძებნიათ ის ადგილი, სადაც ფულზე ნეტარება იყიდება. ჯერ-ჯერობით მხოლოდ წიგნის მაღაზიები შემიძლია გირჩიოთ – იქ ზაზა თვარაძის “სიტყვებს” მოგყდიან. მერე კი უფრო დიდი ნეტარებისკენ წიგნის კითხვისას თავად გაიგნებთ გზას.

    ბესო სოლომანაშვილი, “ზამორა (სნაიპერა)”. (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე” 2007.

    ომი რომ გასართობი საქმიანობა არაა და არც თუ ისე სახალისო თამაშია, ამის მიხვედრას არც განსაკუთრებული გამჭრიახობა სჭირდება, არც საამისო ასაკი და მით უმეტეს, არც იმ მწარე დანაკარგის საკუთარ თავზე გამოცდა, რაც ომის სისასტიკეს მოაქვს თან. თუმცა, თაობები მაინც სხვადასხვანაირად აფასებენ მოვლენებს და ხშირად ერთი და იგივე საგანი განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. ხანდახან ისეც ხდება, რომ შვილიშვილებს პაპის პაპათა ცოდვები აეკიდებათ ხოლმე, და მერე ყველა ამ ისტორიას ან ფოტოფირი აფიქსირებს, ან ვინმე ჟამთააღმწერელი, ან კიდევ, უბრალოდ, მწერალი იყენებს სათავისოდ. ბესო სოლომანაშვილის წიგნიც სწორედ ამ უკანასკნელის გამოვლინებაა – ორიგინალური, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ავტორის მოთხრობები კიდევ ერთი საინტერესო და საყურადღებო მოვლენაა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.

    ოთარ ჭილაძე, “რკინის თეატრი” (რომანი). მეოთხე გამოცემა. თბ. “არეტე” 2007.

    ხშირად ადამიანები არ აღიარებენ შემოთავაზებულ ნორმებს და წინ აღუდგებიან ხოლმე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ აზროვნებას, თუნდაც ეს პროტესტი უახლოესი ადამიანების დაკარგვის ფასად ექცეთ. მერე ეს დანაკარგი აძლიერებთ, აძლიერებთ, ისე, რომ უძვირფასესის დამკარგავები მაინც მდიდრები ხდებიან – რაც თვალს აკლდება, სულს ემატებაო. ვერაფერს იტყვი – იყო ძე წარსულისა და მამა მომავლისა, მართლაც რომ საპატიო ტვირთია… არანაკლებ დიდი პატივია, იყო ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერალი, კლასიკად აღიარებული ნაწარმოებების ავტორი. ალბათ, უკვე მიხვდით – საუბარი ოთარ ჭილაძეზეა, მისი “რკინის თეატრის” ახალი გამოცემა კი ისევ ელოდება წიგნის მაღაზიებში ერთგულ მკითხველს.

    ლაშა გახარია, “100 ლექსი”. (ლექსები). შემდგენელი როზა ბერიკაშვილი. თბ. „ინტელექტი“ 2007.

    მიწაზე დაწერილი და შემდეგ ცაში გადათეთრებული ლექსები, გულში აყვავებული და მერე იქიდან ხელებით ამოყვანილი სიტყვები, ნასათუთარი ენა, რითმებად და რიტმებად ფურცლებზე გადატანილი – ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებს ლაშა გახარიას ლექსების კრებულში ელით. “100 ლექსში” ორიგინალური პოეტიკის, განსხვავებული სტილისა და თვითმყოფადი ფორმის ნაწარმოებებია თავმოყრილი – “ტანზელექსებშემოშენებული” ავტორის ყელში “ლექსად ამოსული მეტასტაზები”. წიგნი პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელ პოეტს, ახალბედა მკითხველები კი ლაშა გახარიას სახელთან ერთად ლექსწერის მისეულ, ორიგინალურ და განსხვავებულ ფორმას ეზიარებიან.

    პიერ გრიპარი, “ბროკას ქუჩის ზღაპრები”. (ზღაპრები). მთარგმნელი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი. თბ. “აგორა” 2007.

    როცა გარშემო ბავშვები გეხვევიან და ზღაპრების მოყოლას გთხოვენ, შენ კი პატარა ონავრების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აღარც პერო-ანდერსენი-გრიმების მარაგი გყოფნის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხური თქმულებებიც ამოწურე, სხვა რაღა დაგრჩენია – თავად უნდა გამოიგონო მხიარული, ჯადოსნური ამბები და პატარები გაახალისო. მერე კი ეს სახელდახელოდ გამოძერწილი ზღაპრები ერთ წიგნად შეკრა და შენი ფანტაზიის ნაყოფი კიდევ უფრო მეტ პატარას გაუზიარო. ასე შეიქმნა პიერ გრიპარის მხიარული თავგადასავლები წყვილ ფეხსაცმელზე, მუტფრის ქუჩის ჯადოქარზე, ყოვლისმცოდნე თოჯინა – სკუბიდუსა თუ ონკანის ფერიაზე. უფრო მეტიც – ონკანის ფერიამ თურმე თვითონაც მოინდომა მეზღაპრეობა, მაგრამ ჯადოსნური ფორმულა დაეშალა და, ახლა წიგნის ბოლოს მიმალული, ბავშვებისგან დახმარებას ელოდება. “ბროკას ქუჩის ზღაპრები” კიდევ ერთი საბავშვო წიგნია ქართულ ენაზე, რომელსაც პატარები ხალისით წაიკითხავენ.

    ალექსანდრე სულხანიშვილი, “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”. თბ. “არტანუჯი”, 2007.

    1921 წელს რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციას მტრის მხრიდან საშინელი რეპრესიები მოჰყვა. დაიწყო საუკეთესო მამულიშვილების დახვრეტა, დევნა, გადასახლება, ქვეყნის დაწიოკება. ქართველი ერის ერთადერთი გამოსავალი პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება იყო, რისთვის მზადებაც ქართველებმა რუსების შემოსვლის დღიდან დაიწყეს. საქმეს სათავეში პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ჩაუდგა, ხოლო ამ წიგნის ავტორი – ალექსანდრე სულხანიშვილი რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი თანამებრძოლი გახლდათ. “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” სწორედ “შეფიცულთა” რაზმის ბრძოლაზე მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. მოგონებები იმ ცოცხალ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობითაა აგებული, რომლის მონაწილეც თავად წიგნის ავტორი გამხდარა, და ამდენად, ა. სულხანიშვლის ჩანაწერები ქართველი მკითხველისთვის ისტორიულ წყაროდაც ძვირფასია.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • პროზა

    ზაალ სამადაშვილი

    ერთი პასუხის ამბავი

    ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”


    სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, – რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა…

    * * *
    ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო. ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე…
    მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს…
    ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას…
    ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი. ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს…
    იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით…
    მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი. ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა…
    ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა…
    ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, – რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, – ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა. ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება…
    ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, – ვინ ხარ შენ?!. გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.
    ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, – ადამიანი ვარ!

    ***
    კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, – ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, – ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა. გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, – ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის…
    კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ…

    © “ცხელი შოკოლადი”