-
-
ფილიპ სოლერსი – იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი
-
ახალი წიგნები – 2002-მარტი
გრემ სვიფტი, “დღის სინათლე”
The Light of Day
By Graham Swift
Hamish Hamilton, 256 გვ.რომანის ეპიგრაფიდანვე მიხვდებით, რომ ამ წიგნის მკითხველს მტკიცე ნერვები სჭირდება: “სიყვარულსა და ომში ყველაფერი მიმზიდველია”. თავად მწერალი კი ნებისყოფის სიმტკიცეს ნამდვილად არ უჩივის. ეს რომანი, საინტერესო სიუჟეტის გარდა, მწერლის – გრემ სვიფტის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს, რადგანაც აქ ავტორის სიმტკიცესთან ერთად მისი ხასიათის სხვა თვისებებიც ეკვეთება.
ახალი რომანი “დღის სინათლე” მოგვითხრობს გამომძიებელზე, სახელად ჯორჯ ვებზე, რომელიც უიმბლდონში დასახლდება, ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს მისტერ ვები ყვავილებს ყიდულობს და საფლავზე მიდის. ცოტა ხნის შემდეგ კი იმ ქალს მოინახულებს ციხეში, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად. რაშია საქმე? – მკითხველს პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე ცნობისმოყვარეობა იპყრობს. გამომძიებელი ერთი უიღბლო კაცია, ქორწინებამ არ გაუმართლა და აი, გაიცნო ქალი – მასწავლებელი და მთარგმნელი, რომელმაც ის კერძო დეტექტივად დაიქირავა. ამიერიდან, ვები სარა ნეშის აგენტია და მის ქმარს უთვალთვალებს. ნეშს აგენტის დაქირავების მიზეზი აქვს: მის ქმარს, პროფესიით ექიმს თავისი პაციენტი – ახალგაზრდა ხორვატი ქალი შეუყვარდება. თუმცა მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდება, კრისტინა უკვე შინ აპირებს დაბრუნებას და რომ არა სარას გადამეტებული ეჭვიანობა, ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა. მაგრამ სარა მანამდე არ მოეშვება თავის გამოძიებას, სანამ არ დარწმუნდება, ნამდვილად ავა თუ არა კრისტინა თვითმფრინავში. გამოძიების ამ ჯაჭვს მკვლელობამდე მივყავართ. ახლა, ორი წლის შემდეგ, ჯორჯ ვები ყვავილებს აწყობს უდროოდ დაღუპული ექიმის საფლავზე და სარას სანახავად მიდის. ფაქტობრივად, ისიც დაღუპული ადამიანია, რომელიც საკუთარი გამოძიების მსხვერპლი ხდება.
ეს ეპიზოდი ჰგავს გრემ გრინის რომანს “სიყვარულის დასასრული” (The End of the Affair); ორივე რომანის მთავარ გმირ ქალებს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ. სვიფტის ნაწარმოებშიც იგრძნობა გრინის მელანქოლია, ელეგიურობა, გრინის რომანის მსგავსად, აქაც რეტროსპექტული თხრობაა, რომელსაც აწმყოსკენ მოვყავართ.
სვიფტი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას მომხდარ ტრაგედიაზე, რამდენადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ შრეებზე. ბევრ რამეს არც კი ეფინება ნათელი…
“დღის სინათლე” მკითხველისგან გონების დიდ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის სიყვარულის სამკუთხედის ტრაგიკული ისტორია, ეს სამკუთხედი მხოლოდ მკვლელობის შემდეგ იხსნება, თანაც ამ მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ.
რომანის მთელი პათოსი ერთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: “ბევრს ნურაფერს ელოდები”. და რომანის გმირები მაინც ელოდებიან რაღაცას და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან შორსაა, თუმცა Terra Incognita შესაძლოა ძალიან ახლოს, სადღაც აქ, კუთხეში იყოს.
სვიფტის 23 წლის წინ დაწერილ რომანში “ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე” (The Sweet Shop Owner) ვკითხულობთ: “ადამიანის ცხოვრება რუკასავით არის გადაშლილი”. ახალი რომანიც ადამიანის ფსიქოლოგიურ რუკას წარმოგვიდგენს. გმირების შინაგანი მდგომარეობის წვდომა სენტიმენტალურ განწყობას გვიქმნის და სოფისტური მსჯელობის გუნებაზეც გვაყენებს: სიყვარული სრულყოფილია, რადგანაც მიუწვდომელია, და რეალურია, რადგან არარეალურია.
რომანს აქვს საოცრად დახვეწილი სტრუქტურა, აქ გათვლილია ყოველი დეტალი, ყოველი წინადადება, ყოველი წუთი, ყოველი საათი.
“დღის სინათლეში” პერიოდულად მეორდება ასეთი სცენა, ერთი ადამიანი მიდის მეორე სნეული ადამიანის სანახავად. ვაჟები მამას ეწვევიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს საავადმყოფო მათთვის უცხო ქვეყანასავითაა, ციხეში სტუმრობაც უცხო მხარეში ჩასვლას ემსგავსება. ადამიანები ილტვიან უცხო სამყაროსაკენ, რომანში მარტო კრისტინა არ არის ლტოლვილი, აქ ყველა გმირი ლტოლვილია, ზოგი ერთმანეთს გაურბის, ზოგიც საკუთარ თავს.
“ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ერთმანეთს ვშორდებით, ჩვენ მივდივართ, მაგრამ არავითარი კანონი და წესი არ გვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ,” – ნათქვამია რომანში. ეს ნათქვამი ჭეშმარიტებაა სწორედ ამიტომ არის ტრაგედია.იოზეფ როთი, “რა ვნახე – ამბები ბერლინიდან, 1920-1933”
What I Saw: Reports from Berlin, 1920-1933
By Joseph Roth,
Translated by Michael Hofmann
Norton, 2002
ამ წიგნის ანოტაცია ძალიან ლაკონურად, სულ რაღაც ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: ფაშიზმის დაბადება. მისი ავტორი იოზეფ როთი გერმანულენოვან ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო.
როთი 1894 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში გალიციაში, ჰაბსბურგის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ავსტრო-უნგრეთის არმიაში მსახურობდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა. შემდგომში თავის სტატიაში წერდა კიდეც: მე წავაგე ბრძოლა, როგორც გენერალმა ლუდენდორფმა, მაგრამ, ლუდენდორფისგან განსხვავებით, ჩემთვის ჩინ-მედლები არავის მოუციაო”. ჟურნალისტური საქმიანობა როთმა ვენაში დაიწყო, მემარცხენეთა გაზეთისთვის წერდა. 1920 წელს ის ბერლინში გადავიდა და ადგილობრივ გაზეთში – Berliner Boersen-Courier-ში მუშაობდა კორესპონდენტად. სამი წლის შემდეგ ფელეტონების წერა დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში Frankfurter Zeitung-ში (ახლა Frankfurter Algemeiner Zeitung) დაიდო ბინა. ამ ფელეტონებს თავის სახელს ასეთნაირად აწერდა: rth. ამასთან ერთად, იოზეფ როთი წერდა ჩანახატებს, ამზადებდა სასამართლოდან რეპორტაჟებს და რეცენზიებს კინოზე, თეატრსა და ლიტერატურაზე. სწორედ ამ წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი Das Spinnennetz (“ობობას ქსელი”), რომელშიც მწერლის მემარჯვენე განწყობა იყო ასახული.
1925 წელს, როცა გენერალი ჰინდენბურგი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, მან გაღიზიანებულმა განაცხადა, რომ როთის რომანს არასოდეს წაიკითხავდა. როთმა ბერლინი მიატოვა და ისევ ფელეტონების წერას მიუბრუნდა, ამ პერიოდში მწერალს მთლიანად გაუქარწყლდა მემარცხენე ილუზიები. როცა 1933 წელს გერმანიის სათავეში ჰიტლერი მოვიდა, როთმა საერთოდ მიატოვა სამშობლო და პარიზში, ამსტერდამსა და ოსტენდში ცხოვრობდა. სასოწარკვეთილი იყო და ამ სასოწარკვეთილებაში მყოფი 1939 წლის მაისში გარდაიცვალა კიდეც.
აღნიშნულ კრებულში ჯოზეფ როთის ბერლინური მიმოხილვებია შეკრებილი. ეს სტატიები 1996 წელს შეკრიბა მაიკლ ბინერტმა და თარგმნა ჰოფმანმა. “რა ვნახე” მცირე ზომის სკეჩების კრებულია, ეს არ არის წმინდა დოკუმენტური წყარო, მაგრამ დოკუმენტურ მასალაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. როგორია როთის ბერლინი? – ქალაქი, რომელიც სირცხვილისა და ნოსტალგიის ჭაობში ჩაფლულა და თან მოდერნიზაციისაკენ მიისწრაფის. ეს არის ქალაქი, რომლის გზაც არსად არ მიდის, გარდა ბერლინისა.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუ შეიძლება, რომ როთის ნაწერებს რამე ნაკლი გამოვუძებნოთ, ეს ხასიათის სწორხაზოვნებაა, როთის გმირები არ არსებობენ უნიფორმის გარეშე. სხვათა შორის, ეს სწორხაზოვნება – იგივე Einseitigkeit, როგორც გერმანულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში მიღებულია, როთის დიდ ნიჭზე მეტყველებს. ქალაქის მცხოვრებთა პორტრეტები თვალის ერთი შევლებით არის დახატული.
იოზეფ როთის ახალი კრებული საინტერესო მასალაა ლიტერატურით, პოლიტიკით, მასმედიის მუშაობით, სამყაროში მიმდინარე კატაკლიზმებით, გერმანიის პოლიტიკური პროცესებითა და ფაშიზმის ფენომენით დაინტერესებული მკითხველისთვის.
1933 წლის 10 მარტს ფაშისტებმა ოპერნპოლატცში საჯაროდ დაწვეს წიგნები, მათ შორის “ობობას ქსელიც” იყო. “ჩვენ ვუმღეროდით გერმანიას, ნამდვილ გერმანიას, სწორედ ამიტომაც დაგვწვეს დღეს ჩვენ” – ასე გამოეხმაურა გულგატეხილი მწერალი ამ ფაქტს.ნიკ ჰორნბი, “31 სიმღერა”
31 Songs
By Nick Hornby
Viking, 208 გვ.წიგნმა, რომელიც თანამედროვე მუსიკაზე და შემსრულებლებზე იწერება, ორ გამოცდას მაინც უნდა გაუძლოს. პირველ რიგში, ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მკითხველს ეს სიმღერა შესაძლოა მოსმენილიც კი არ ჰქონდეს; ამასთან, წიგნმა მკითხველი თანამედროვე მუსიკალური პროცესებით მეტნაკლებად უნდა დააინტერესოს. დანარჩენი კი უკვე მწერლის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. ლიტერატურულ ალღოსა და გემოვნებას კი ისეთ ცნობილ ბრიტანელ მწერალს, როგორიც ნიკ ჰორნბია, ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. ახალი კრებული, რომელშიც 31 თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციაა მიმოხილული, ზემოაღნიშნულ ფუნქციებს ნამდვილად ასრულებს. წიგნი უდავოდ დააინტერესებს მუსიკის, და არამარტო მუსიკის, მოყვარულებს. აქ შეხვდებით ძველი თაობის ვარსკვლავებს – ბრუს სპრინგტინს, ბობ დილანს, როდ სტიუარტს, სანტანას, “ლედ ზეპელინს”, “ბითლზს”, ვან მორისონსა და სხვებს, ახალი თაობის პოპულარულ შემსრულებლებს და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს.
ნიკ ჰორნბის ახალი წიგნი ესეების კრებულია: ეს არის წიგნი მუსიკაზე, – ამბობს ავტორი. თუმცა ამ ესეებს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მუსიკალურ რეცენზიებად არ განიხილავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წიგნის მხატვრული ღირსებებს არაფერს აკლებს. ესაა ავტორისეული ინტერპრეტაციაა იმ 31 სიმღერისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, შეცვალეს მწერლის ცხოვრება, ესაა წიგნი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ნიკ ჰორნბის მსგავსად აზროვნებენ.
მუსიკის ავანტურა იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს იცი, სად მიგიყვანს იგი. როდ სტიუარტმა ჰორნბი ბობი ბლანდთან მიიყვანა, ბობი ბლანდის მუსიკამ ბიბი კინგი ამოატივტივა და ასე დაიბადა ესეების კრებულიც, რომელიც მუსიკალურ თემებთან ერთად მრავალ სხვადასხვა ასპექტსაც შეიცავს.
თანამედროვე შემსრულებელთა შეფასებისას ნიკ ჰორნბი არასოდეს გაურბის სიტყვას “სრულყოფილი” (perfect), ერთ-ერთი ასეთი perfect-ის ნიმუშია ყველსასათვის ცნობილი მომხიბლავი ნელი ფურტადო და მისი სიმღერა I am Like a Bird, ასე ხშირად რომ ტრიალებს MTV-ის ჰიტ-აღლუმში.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰორნბის ესეები მუსიკალური კრიტიკის სფეროს არ მიეკუთვნება, ხშირად ისინი უბრალოდ ავტორის ემოციებსა და გრძნობებს გადმოგვცემს. ამასთან, სიმღერები – მათი ტექსტი, მუსიკა, შესრულების სტილი გამოყენებულია ამა თუ იმ სოციალური მოვლენისა ან ცალკეული ადამიანის ფსიქოლოგიის ამოსახსნელად.
კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ წიგნის რეცენზიის დაწერა ძალიან რთულია. მიზეზი მარტივია – როგორც უკვე ვთქვით, ეს ხომ არც წმინდა წყლის მუსიკალური კრიტიკაა, არც მსჯელობა სოციალურ თემებზე და და არც სხვა რამ. კრებული მრავალი ასპექტის ნაზავს წარმოადგენს, ბოლოსდაბოლოს წიგნში ხომ ის 31 სიმღერაა შესული, რომლებმაც შეძრა ნიკ ჰორნბი. კრებული ბევრს გვეუბნება თვით მწერლის პიროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მუსიკა ადამიანის სულზე…
წიგნში ხუმრობანარევ თერაპიულ რჩევებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე მსმენელთან ერთად დიჯეებსაც გამოადგებოდათ, მაგალითად ასეთს: “მოუსმინეთ ამ კომპოზიციას და გახდებით ისეთივე ბედნიერი, ბრძენი და მაგარი, როგორიც მე ვარ.”
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ კრებული ნიკ ჰორნბიმ მას შემდეგ დაწერა, რაც, თავისი ანგარიშით, 1500-ჯერ მოისმინა ბრუს სპრინგსტინის Thunder Road-ს, ხოლო ლეგენდარული “ბითლზი” უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი, რომ ვერც კი დაითვალა.
ნიკ ჰორნბი თავის დროზე მკითხველმა პოპულარული საფეხბურთო წიგნით შეიყვარა: But It’s About Arsenal.კლინტონ ჰეილინი, “გრძნობთ სიჩუმეს? ვან მორისონი: ახალი ბიოგრაფია”
Can You Feel the Silence? Van Morrison: A New Biography
By Clinton Heylin
Penguin Viking, 505 გვ.ვან მორისონის ახალი ბიოგრაფიით იმედგაცრუებას კრიტიკოსები ვერ მალავენ. ეს არ არის ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებაა, არც დოკუმენტურ წყაროდ გამოდგება და არც მხატვრული ღირებულება აქვს, – გამანადგურებელი ეპითეტებით უმალ შეამკეს ახალი წიგნი ლიტერატურული რეცენზიების ავტორებმა და იქვე დააზუსტეს: ეს არის სიტყვების თამაში, გრძელი, გაწელილი ამბავი, თანაც იუმორს მოკლებული; არადა, იუმორი პრინციპში აუცილებელი ატრიბუტია შოუ-ბიზნესის სამყაროს ცხოვრების აღწერისასო.
თავისი მკითხველი ამ წიგნს მაინც გამოუჩნდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რამ განაპირობა მკითხველის ინტერესი – ავტორის ლიტერატურულმა ალღომ თუ თავად მორისონის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ: ვან მორისონი ხომ სწორედ ის მუსიკოსია, რომელიც როკ-ენ-როლის უცენზო სამყაროშიც კი გამოირჩეოდა მძიმე ხასიათითა და უცნაური ქცევით და როკ-ენ-როლის უსაზღვრო სტანდარტებშიც კი არ ჯდებოდა. თანამედროვეთა გადმოცემით, მისი მოქმედების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვან მორისონის პიროვნება იდუმალებით მოცულიც იყო და ერთგვარად შემაძრწუნებელიც.
მაინც სამწუხაროა, – თავისას არ იშლიან კრიტიკოსები, – ეს ყველაფერი ბევრად უფრო კარგად შეიძლებოდა დაწერილიყო. არსებობს მდიდარი მასალა, მომღერლის ბიოგრაფიული დეტალები, ურთიერთობები და შეხლა-შემოხლა სხვა მუსიკოსებთან, ბოჰემური ცხოვრება. თანაც არიან ავტორები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაატარებდნენ არქივებსა და წიგნებში თავჩარგულნი, და ნაკლებ დროს დაუთმობდნენ ფუჭ ლაპარაკს. 505 გვერდის დაწერა ნამდვილად არ არის საჭირო იმისათვის, რომ თქვა ის, რაც დიდი ხანია ნათქვამია და რომც არ იყოს ნათქვამი, ისედაც ყველამ კარგად იცის: დიახ, ვან მორისონი ძალინ რთული ტიპი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მუსიკოსი. თუ მწერალი ასეთ სქელტანიან წიგნში მხოლოდ ამის თქმას შეძლებს და სხვას ვერაფერს იტყვის, ესე იგი, ავტორს ლიტერატურაში ბევრი არაფერი გაეგება.
ამ წიგნის გმირი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, ასეთივე წინააღმდეგობებითაა სავსე რომანიც, რომელიც მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. განსხვავება ისაა, რომ მძიმე ხასიათს ვან მორისონის შემოქმედებითი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია, წიგნში გაპარული უზუსტობები კი მწერლის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს…
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კრიტიკოსების შენიშვნები სხვა ავტორებსაც დაუჯდეთ ჭკუაში, და ვან მორისონის ცხოვრება კვლავაც მოექცეს ლიტერატურის ყურადღების ცენტრში, რადგან მწერალიც და მკითხველიც შემოქმედებაში ჭეშმარიტებას ეძიებს, ვან მორისონის თავზეხელაღებულ ცხოვრებაში კი იდო ერთი უდავო ჭეშმარიტება – მუსიკა.იტალო კალვინო, “განდეგილი პარიზში”
Hermit in Paris
By Italo Calvino
Jonathan Cape, 276 გვ.ცნობილ მწერალს – იტალო კალვინოს (1923-1985) ანტისემიტიზმში ბრალს ნამდვილად ვერ დასდებთ. თუმცა მკითხველთა და კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლის ახლად გამოცემულ წიგნში, რომლის სახელწოდებაა “განდეგილი პარიზში”, დიდი ადგილი ეთმობა ებრაელების თემას. უნდა ითქვას, რომ კალვინო ძალზედ საინტერესოდ და ორიგინალურად წერს ებრაელების შესახებ და, რაც მთავარია, მისი მსჯელობა ყოველთვის თამამია და არც დაკვირვებებია ბანალური. ეს კალვინოს შემოქმედების დიდი ღირსებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შიში – არ გაიმეოროს ის, რაც უკვე ნათქვამია, თავი არ შეაწყინოს მკითხველს.
“ნიუ იორკის ბეჭდვითი გამოცემების 75% ებრაელების ხელშია, თეატრალური სამყაროს 90% ებრაელები შეადგენენ, ნიუ იორკის წამყვან ინდუსტრიაში – ფეშენის ინდუსტრიაში ებრაელები ბატონობენ, ამერიკულ ბანკებსა და უნივერსიტეტებზეც ებრაელებს აქვთ მონოპოლია,” – წერს კალვინო. სწორედ ამდაგვარი ციტატების გამო მიიჩნევენ კალვინოს მსჯელობას ანტისემიტურად, თუმცა მწერალი უბრალოდ სემიტური რასის ფენომენით არის დაინტერესებული და სხვა არაფერი. და თუ მის დაინტერესებას მაინცდამაინც ანტისემიტიზმის სახელით მოვნათლავთ, კალვინოს ანტისემიტიზმი სწორედ იმავე მიზეზით არის საყურადღებო, რითიც ელიოტის ანტისემიტიზმი.
იტალო კალვინოს “განდეგილიòპარიზში” ქალაქურ ცხოვრებაზე გვიამბობს. ნაწარმოების კითხვისას მკითხველს აუცილებლად გაახსენდება ერთი ეპიზოდი მისი რომანიდან “უხილავი ქალაქები”: ყუბლაი ხანი მარკო პოლოს უბრძანებს, აღწეროს თავისი მოგზაურობა. და მარკო პოლოც იწყებს ერთიმეორის მიყოლებით ქალაქების ჩამოთვლას, ყოველი ახალი ქალაქის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ძველზე უფრო მძაფრი და ფანტასტიკურია. მაგრამ უეცრად აღმოჩნდება, რომ მარკო პოლო, რომელიც სამშობლოს მოშორებული ენაწყლიანად გვიამბობს თავის ხანგრძლივ მოგზაურობაზე, უცხო ქვეყნის ქალაქებს კი არ აღწერს, არამედ თავის მშობლიურ ქალაქზე – ვენეციაზე გვიამბობს. “მშობლიური ქალაქის მიტოვება, – უხსნის მარკო მბრძანებელს, – ეს წარმოსახვაში მშობლიურ ქალაქთან დაბრუნებაა. რაც უფრო ბევრს ხედავ, მით უფრო შეიცნობ იმ მცირეს, რაც შენია, შენი საკუთრებაა.”
პრინციპში მწერალი მარკო პოლოს ათქმევინებს იმას, რასაც თავად ფიქრობს. მშობლიურობის შეგრძნება იტალო კალვინოს ყოველთვის თან სდევდა და ეს განცდა, გნებავთ ინტუიტიური წვდომა თუ წარმოსახვა კარგად აისახა რომანში “განდეგილი პარიზში”, რომელიც მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების პატარა კოლექციას წარმოადგენს. აქ თავმოყრილია 19 სკეჩი და ესე. ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ გაიარა კალვინოს ბავშვობამ ჩრდილო იტალიაში, რა გავლენა მოახდინა მასზე ფაშიზმის წლებმა, როგორ უარყო კომუნისტური იდეალები და სხვა. “მეც სტალინისტი ვიყავი? – სვამს ერთგან შეკითხვას, რომელიც რელიგიური კონფესიის მსგავსად ჟღერს და იქვე უპასუხებს: ცოტათი ახლაც ვარ სტალინისტი”.
წიგნის ძირითადი თემა მაინც “გლობალური კულტურისკენ ლტოლვაა”. კალვინოს ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ექცევა: პარიზი და ნიუ იორკი. კალვინო ფაქტობრივად ორივე ქალაქის მოქალაქედ მიიჩნევს თავს.
წიგნის შესავალში, რომელიც კალვინოს ქვრივს ეკუთვნის, წერია: “როგორც ავტობიოგრაფიული დოკუმენტი, ჩემთვის ეს წიგნი ძალიან არსებითია. ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ყველაზე უფრო სტიქიური ხასიათისა და უშუალო ბიოგრაფია.”
ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომის არსებობა იტალიური ლიტერატურისთვის განასაკუთრებით მნიშვნელოვანია. იტალო კალვინო ხომ თავისი ხალხისთვის მხოლოდ მწერალი არ იყო. 1985 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ის გარდაიცვალა, იტალიელები მიხვდნენ, რომ მათ საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. უმბერტო ეკოს ნეკროლოგმა, რომელიც გაზეთ Corriere della Sera-ში გამოქვეყნდა, თითქმის დაჩრდილა თავზარდამცემი ინფორმაცია მექსიკაში მომხდარი დიდი მიწისძვრის შესახებ. ამავე გაზეთში ჯონ აპდაიკი წერდა: “მსოფლიო ლიტერატურას აღარა აქვს ყველაზე თავისუფალი სამოქალაქო ხმაო.” მისი ქვრივის ცნობით, კალვინო, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, კიდევ 14 წიგნის დაწერას აპირებდა.ნორმან მეილერი, “საშინელი ხელოვნება”
The Spooky Art
Some Thoughts on Writing
By Norman Mailer
New York: Random House, 330 გვ.გენიოსი ნორმან მეილერი – ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები ამ ახალი წიგნის ავტორს, რომლის სახელწოდებაა “საშინელი ხელოვნება” (The Spooky Art). მწერალი წერს იმაზე, თუ რას წერენ სხვები, იმაზე, თუ როგორ წერენ და იმაზეც, თუ საერთოდ როგორ და რატომ უნდა ვწეროთ. “საშინელი ხელოვნება” საკმაოდ თავშესაქცევი წასაკითხია, სერიოზულ დაკვირვებებთან ერთად ასეთ სახალისო რჩევებსაც ამოიკითხავთ. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ. ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგაზეთო მიმოხილვებსა და რეცენზიებს და თვლის, რომ მათი გაცნობა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. არგუმენტი კი ასეთია: “მიმოხილვებს სისტემატურად ვკითხულობ, მათი იგნორირება აზრადაც არ გამივლია. არ წაიკითხო მიმოხილვა, ეს იგივეა, არ შეხედო შიშველ ქალს, რომელიც ღია ფანჯარაში დგას. დამეთანხმებით, სულ ერთია, ლამაზია ის თუ არა, ამ ქალისკენ მაინც გააპარებთ თვალს.”
ნორმან მეილერი საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებს უშურველად გვიზიარებს. იმასაც ეუბნება მკითხველს, თუ როგორ გამოიმუშავა სამუშაო ჩვევები. ამას, როგორც ავტორი ამტკიცებს, დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: “უთხარით თქვენ თავს, რომ ხვალ, ამა და ამ საათზე, საწერ მაგიდას მიუჯდებით და დაწერთ, მერე კი უბრალოდ თქვენი ნათქვამი შეასრულეთ. ეს კანონი წლების განმავლობაში აღმოვაჩინე.”
კრებულში მკითხველი შეხვდება ლიტერატურულ წერილებს ჰემინგუეიზე, ჰენრი მილერზე, ჰენრი ჯეიმსზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკისა თუ ფოლკნერზე. განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალურია ესე ჰეკლბერი ფინზე – პერსონაჟზე, რომელსაც ლამის აღმერთებს წიგნის ავტორი. ისე, მარტო ამ ესეს გულისთვის ღირს აღნიშნული კრებულის წაკითხვა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ნორმან მეილერის ნაწერები ობიექტურობით გამოირჩევა, ეს ობიექტურობა მხოლოდ საკუთარი თავის შეფასებისას ირღვევა, ოღონდ მწერალი ამ შემთხვევაში სუბიექტურობისაკენ კი არ იხრება, არამედ პირიქით, ის ზედმეტად პრეტენზიულად უყურებს და აფასებს საკუთარ შემოქმედებას.
დიდი ადგილი ეთმობა წიგნში კინოს თემას. კინემატოგრაფზე საუბრისას წარმოდგენილია ავტორისეული დაკვირვებები და კინოს ფენომენის ამოხსნის მცდელობა: “ფილმის ერთ-ერთი საიდუმლო კინოვარსკვლავის ამოუხსნელ ფენომენში უნდა ვეძიოთ,” – ამბობს ავტორი. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, კინოსექციაში ბევრი მოსაზრება მცდარია, ბევრს შეცდომაში შევყავართ, ბევრია განყენებული მსჯელობაც. მაგალითად განყენებული მსჯელობის დიდი ნაკადი გადაფარავს მკითხველს ესეს – “უკანასკნელი ტანგო პარიზში” კითხვისას. ეს სტატია სასიამოვნო საკითხავი კია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. სხვათა შორის, კრებულში მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების ხოტბასაც შეხვდებით – ზოგი ჩანაწერი სარეკლამო სტატიასაც ემსგავსება.
შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ერთი-ორი ლაფსუსის გამო ნორმან მეილერის წიგნის კრიტიკა ნამდვილად არ იქნება მისაღები. მეილერი, ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, ამერიკული საგანძურის ნაწილია და ამ ახალ კრებულში ის ამჯერადაც შეუდარებელია.მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”
-
თამრიკო ლებანიძე: კითხვა გოიმობაა, ოღონდ – ელიტარული
მწერლების გარდა, “დიოგენე” კონკურსს ჟურნალისტებისთვისაც გამართავს
ნანა კობაიძე
დღეს გამომცემელ თამრიკო ლებანიძეს წარმოგიდგენთ, გამომცემლობა “დიოგენეს” პატრონესას (როგორც ვახუშტი კოტეტიშვილმა უწოდა). ვფიქრობ, ეს სახელი ლიტერატურის მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის უცხო, რადგან მის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა იმისა, რომ გემოვნებით არის შერჩეული, პრეზენტაციათა ორიგინალობითაც გამოირჩევა (მაგალითად ბორის ვიანის “დღეთა ქაფისა” და ვახუშტი კოტეტიშვილის “აღმოსავლურ-დასავლური დივანიც” კმარა, რომელიც იქ მყოფთ დიდხანს დაამახსოვრდებათ). თამრიკო ასეთივე საინტერესო მოსაუბრეა. მას გამომცემლობა “დიოგენეს” ახალ ოფისში შევხვდი და ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
დავიწყოთ სულ თავიდან. ეს ნამდვილად არ ყოფილა “მაშინ, პეტერბურგში”, ეს იყო 1995 წლის არეულ-დარეულ საქართველოში, როდესაც მეგობრებთან ერთად
თამრიკო ლებანიძემ პირველი წიგნი – კარლ გუსტავ იუნგის “სიზმრები” გამოსცა. იმ დროს საგამომცემლო საქმიანობა ახალი ხილი იყო და გამომცემლებს თავიანთი წიგნების, ასე ვთქვათ, დევნა უწევდათ. გამომცემელი იხსენებს, რომ დღეში რამდენჯერმე მიდიოდა სტამბაში და ბოლოს იქაურ ვირთხებსაც დაუმეგობრდა, თუმცა, ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმ პერიოდის კვალობაზე საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოცემა გამოვიდა და კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ასე “რბილად” (როგორც თავად ამბობს) გადავიდა პროფესიით ფსიქოლოგი თამრიკო ლებანიძე საგამომცემლო საქმიანობაში. თუმცა ძველ პროფესიას არ ღალატობს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ფსიქოლოგიური ლიტერატურის გამოცემაზე ზრუნავს. მაგალითად, ერთ თვეში გამოვა იუნგის “სიზმრების” ხელახალი გამოცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იუნგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაშრომზე – “ფსიქოლოგია და ალქიმია,” რომელსაც ქართველი მკითხველი წელიწადნახევარში იხილავს.
თამრიკოს გამომცემლობაზე არასოდეს უოცნებია (ანკი შეიძლება ვინმე ბავშობაში ოცნებობდეს, რომ ოდესმე გახდება გამომცემელი?), თუმცა, დღეს ამ საქმიანობის გარეშე საკუთარი არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ დღესდღეობით საგამომცემლო ბიზნესმა შედარებით “ამოიწია”. განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურისადმი გაჩნდა ძველებური ინტერესი, აი ისეთი, ჩვენს ბავშვობაში რომ იყო, როდესაც კვირაში ერთხელ მაინც დედაჩემი წიგნებით დატვირთული მოდიოდა მაღაზია “ნაკადულიდან” (სხვათა შორის, ეს ადგილი დღესაც სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ჩემში). დღეს უკვე მე ვცდილობ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად ხშირად მივუტანო ახალი წიგნები და როგორც თამრიკო ამბობს, ჩემნაირთა რიცხვმა იმატა. თუმცა, ალბათ, ეს მოვლენა კარგა ხანს ვერ გახდება ისეთი მასობრივი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, რადგან წიგნი საკმაოდ ძვირფასიანი სიამოვნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველა ვერ აძლევს. თუმცა, თამრიკო ლებანიძე აქაც გვთავაზობს გამოსავალს. მისი აზრით, აუცილებელია ამოქმედდეს დღეისათვის მივიწყებული საბიბლიოთეკო ქსელი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო – არამედ თანამედროვე, კომპიუტერიზებული, სადაც ბავშვებს უამრავი “სატყუარათი” მიიზიდავენ. ვერ გეტყვით, დადგება თუ არა ეს საკითხი ოდესმე ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტთა შორის, რადგან დღესდღეობით არათუ ბიბლიოთეკების განახლებაზეა საუბარი, რაც არის, ისინიც იხურება. როგორც ჩანს, ამ პრობლემას ისევ მეცენატებმა უნდა მიხედონ. ეს გადაუდებელი საკითხია, რადგან ქართველი მოზარდები კითხვას უკვე თაკილობენ. ამას წინათ ერთ-ერთ საბავშვო ტელეგადაცემაში მოვისმინე პატარა ქართველის პოზიცია, რომელიც ამბობდა, დღეს ახალგაზრდები აღარ ვკითხულობთ, რადგან ეს გოიმობააო. ამ მოსაზრებას თამრიკო ლებანიძეც იზიარებს, ოღონდ მცირე ინტერპრეტაციით – “კითხვა გოიმობაა, ოღონდ ელიტარული გოიმობაო”.
მისთვის წარმოუდგენელია, რამ შეიძლება შეცვალოს ის სიამოვნება, რასაც წიგნთან ურთიერთობა გვანიჭებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვითარება მთელს მსოფლიოში უარესობისკენ შეიცვალა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები თავისას შვრება. ჩვენი სტუმარი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ადამიანების ვიზუალური ველი ძალზე დანაგვიანებულია, რაც მათი პიროვნული თავისუფლების ხარისხს აქვეითებს. გარდა ამისა, თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენცია – ანუ ერთჯერადი, ვაგზლის ლიტერატურის მომძლავრება. რამდენიმე ხნის წინათ თამრიკო გაეცნო ირანელი მწერალი ქალის, გოლი თარაყის ინტერვიუს, პარალელურად წაუკითხავს მიმოხილვითი სტატია თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შესახებ და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც აღმოაჩინა, რომ ირანში, იტალიასა და საქართველოში მსგავსი პროცესები ხდება. ერთჯერადობის ცნება, რაც XX საუკუნემ მოიტანა, ძალზე მძიმედ დაეტყო ლიტერატურას – კერძოდ კი ის, რომ ქრება მაღალი საზომის ცნება – და არა მხოლოდ ლიტერატურაში. თუმცა, თამრიკო ამას ვერ ურიგდება. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება დასწიოს ქვევით თამასა და მიეძალოს “ჰამბურგერულ” ლიტერატურას, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კარგი ავტორი. იგი ცდილობს, მისმა გამოცემლობამ კარგი წიგნები გამოსცეს, რათა მკითხველი ჭეშმარიტ ღირებულებებთან დააბრუნოს.
რადგან საბავშვო ლიტერატურას შევეხეთ, გაუწყებთ, რომ მალე გამოვა ასტრიდ ლიდგრენის “ძირითადი” ნაწარმოებების ხელახალი გამოცემა – 4 წიგნი: “სახურავის ბინადარი კარლსონი,” “პეპი გრძელი წინდა,” “ჩვენ სალტკროკელები ვართ” და “ძმები ლომგულები” (ეს ყველაფერი ორიგინალის ილუსტრაციებით). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ახლა ითარგმნება შვედურიდან და პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ეს არის ძალზე საინტერესო წიგნი, რომელსაც, თურმე, მაშინ უკითხავენ ბავშვებს, როდესაც ისინი პირველად აღნოაჩენენ სიკვდილის ცნებას. გარდა ამისა, “დიოგენე” აქტიურად ზრუნავს ახალი სახელების წარმოსაჩენად ქართულ ლიტერატურაში. თამრიკო ლებანიძე მიიჩნევს, რომ ქართული ლიტერატურა არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე აღიარებული ავტორით, ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც დამკვიდრების უფლება აქვს ყველა ახალ სახელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი ობიექტური შემფასებელია. ამ თვალსაზრისით გამომცემელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურულ კონკურსებს. შარშან “დიოგენეს” მიერ ორგანიზებულ “პენ-მარათონზე”, მისი აზრით, რამდენიმე საინტერესო სახელი წარმოჩინდა. ერთ-ერთი მათგანია გელა ჩქვანავა, რომლის წიგნის პრეზენტაციაც გაზფხულზე, “პენ-მარათონ-2003”-ზე იგეგმება. სხვათა შორის, თამრიკო ლებანიძე კონკურსების ფორმას მიესალმება და სხვა გამომცემლებსაც ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ იგი რეკლამისთვის. თავად კი, გარდა “პენ-მარათონისა,” კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს გვპირდება – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის. თამრიკოს აზრით, საზოგადოება ძირითადად იმ ჟურნალისტებს იცნობს, რომელნიც პოლიტიკას აშუქებენ, კულტურა ნაკლებ პრიორიტეტულია. დროა, ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამიტომ სულ მალე “დიოგენეს” პატრონესა გვიწვევს კონკურსზე, რომელიც მეტად საინტერესო ფორმატით გაიმართება. ეს იქნება მედია-წვეულება, სადაც მოეწყობა ვიქტორინა, ფურშეტი, გათამაშდება პრიზები, და ამ ყველაფერს საკმაოდ მხიარული სახე ექნება. თქვენი არ ვიცი, მე კი ამ წამოწყებამ ძალზე გამახარა. კარგი იქნება, თუ თამრიკოს სხვებიც აჰყვებიან. მანამდე კი ისევ “დიოგენეს” და მის პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ. თამრიკო ლებანიძისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტად რჩება თარგმანები. “თარგმანის ხელოვნება ცალკე პრობლემაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს, თუმცა, უმჯობესია, ენასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილებოდეს” – მიიჩნევს იგი, თუმცა სახელმწიფოს იმედად მაინც არ რჩება და მაღალხარისხოვანი თარგმანების გამოცემაზე თავად ზრუნავს. უახლოეს მომავალში რამდენიმე საინტერესო თარგმანი გველის. კერძოდ, ისეთივე ფორმატით, როგორც ედგარ ალან პო, გამოვა ემილი დიკინსონი. ანუ წიგნი ორენოვანი იქნება, ავტორის ბიოგრაფიითა და კომენტარებით. მსგავსი გამოცემები, რომელიც არა მხოლოდ საკითხავია, არამედ შემეცნებით-სასწავლო ფუნქციასაც ასრულებს, ძალზე მნიშვნელოვანია.
ერთი სიტყვით, თამრიკო ლებანიძე უქმად ნამდვილად არ ცდება. თუმცა, ძალიან აწუხებს ის, რომ მისი “ახალი” კოლეგა-გამომცემლები “ძველი” კოლეგა-ფსიქოთერაპევტებისგან განსხვავებით, ერთად არ იკრიბებიან და პრობლემების გაზიარების მეთოდით არ თავისუფლდებიან იმ “ჭუჭყისგან,” რაც თანაბრად ახლავს როგორც ფსიქოთერაპევტის, ასევე გამომცემლის საქმიანობას. “როგორც ჩანს, კონკურენცია უკვე საკმაოდ მძიმეა” – ასე ხსნის თამრიკო ამ საკითხს და ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი გამომცემლები მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას – ამის დასტურია “დიოგენესა” და მაღაზია “პარნასის” ერთობლივი აქცია, რომელსაც თამრიკო “პიკს” უწოდებს. “ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა – იმ დღეს ქალაქში დამყარდა რეკორდი და ვფიქრობ, ეს ერთხანს არ განმეორდება. არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ზეიმი ყოველდღე გვქონდეს, მთავარია, პერიოდულობა შევინარჩუნოთ და ტემპი, რომელიც ქართულმა წიგნმა “აკრიფა”, იყოს მზარდი” – გვითხრა თამრიკომ.
P.S. და ბოლოს, რამდენიმე თვის წინათ მან მითხრა, რომ ოცნებობს საკუთარ საგამომცემლო სახლზე, თუმცა ამისთვის მხოლოდ 2 მილიონი დოლარი სჭირდება. დავინტერესდი, რა შეიცვალა მას შემდეგ. “არაფერი – მითხრა თამრიკომ, ოღონდ ახლა 4 მილიონი მჭირდება”. რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის!© “წიგნები – 24 საათი”
-
მორის კლაველი – ნუ ეძებთ არამზადებს ქუჩებში
ეს რევოლუცია სულის რევოლუციაა, აი, რას უნდა გავყვიროდეთ მთელი ძალით, ყველა ქუჩაზე, ყველა კუთხეში. გონება შურს იძიებს ძველი წყენების გამო. უკვე დადგა დრო. ეს ჩვენი უკანასკნელი იმედია, იგი ახალგაზრდა სტუდენტებსა და მუშებს უპყრიათ ხელთ. მათ არ სჭირდებათ ზედმეტი ხუთი ათასი ფრანკი თვეში, მათ ცხოვრების შეცვლა სურთ. ასეთ ცვლილებათა რეცეპტი უბრალოა, როგორც გამოცხადება, როგორც მეხის დაცემა. ეს უბრალოება გადამდებია და ჩვენს თვალწინ ვრცელდება. მისი არ უნდა შეგვეშინდეს – იგი ჩვეული, წმიდათაწმიდა სასწაულივითაა.
ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება და ეს ცვლილებები ამგვარი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი ადამიანური მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს! დამნაშავეთა დიდხანს ძებნა არ მოგვიწევს, ეს არამზადები მაღალჭერიან კაბინეტებში სხედან, აი, რა მინდა შევაგნებინო ჩვენს წესიერ ბურჟუებს.მართლაც, ორიდან ერთი: ყველა ის წარმოუდგენელი დათმობა მუშების სასარგებლოდ – რაზეც გუშინ ჩვენი სულთმობრძავი მთავრობა წავიდა – ან ისედაც შესაძლებელი იყო, ან არა. თუ მთავრობას ეს შეეძლო, მაშინ გამოდის, რომ მთელი ეს წლები იგი, უბრალოდ, ექსპლუატაციას უწევდა და ძარცვავდა მუშებს, ითვისებდა მათი შრომის ნაყოფს. ასეთ შემთხვევაში მთავრობა ხალხის მტერი გამოდის. თუკი არ შეეძლო დათმობებზე წასვლა, ე.ი. ახლა იგი მხოლოდ საკუთარ კრახს გაურბის და უფსკრულისკენ მიაქანებს მთელ საფრანგეთს. ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს სამშობლოს ღალატთან.
რაც არ უნდა მოხდეს – ყველაზე უარესიც კი – მაინც ყველაფერს გაამართლებენ; ამაში ადვილად დარწმუნდებით, საკმარისია მხოლოდ დააკვირდე, შეხედო ამ არამზადებს. დღევანდელ ახალგაზრდობას არაფერი აქვს სალაპარაკო ასეთ ადამიანებთან.Combat, 28 მაისი 1968
იმავე დღეს ჟან-ჟაკ პოვერის გამომცემლობამ ეს მიმართვა პროკლამაციის სახით დაბეჭდა და ლათინურ კვარტალში გამოაკრა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ფრანსუა ტრიუფო – კანი, 1968 წლის მაისი
ჩემთვის მაშინდელი სინემათეკის გარშემო განვითარებული მოვლენები (1) მაისის მღელვარებათა თავისებურ პროლოგს წარმოადგენდა… თუკი საგნებს ცოტათი ცინიკურად შევხედავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ თუკი არაფერი გამოგვდის კაბინეტებსა და თათბირებზე, ქუჩებში უნდა გამოვიდეთ.
დავუბრუნდეთ 1968 წლის მაისის კანს…
მოვლენებს რადიოთი ვადევნებდი თვალყურს; ეს ხდებოდა 17 მაისამდე, ამ დღეს კანში უნდა წავსულიყავი და სინემათეკასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ორლიდან თვითმფრინავები უკვე აღარ დაფრინავდნენ, ასე რომ, მანქანა ვიქირავე და მთელი საფრანგეთი ისე გადავჭერი, ყური არ მომიცილებია რადიოსთვის. მახსოვს, ყოველ ნახევარ საათში ახალი ამბები ახალ-ახალ გაფიცვებსა და ფაბრიკების პარალიზებაზე გვაუწყებდა. სიმართლე ითქვას, სწორედ იმ დღეს დაიწყო წარმოების მასობრივი შეჩერება, რომელიც კვირას, 19-ში ქვეყნის სრული პარალიჩით დამთავრდა. როცა სასტუმროში მივედი, გადმომცეს, რომ ჟაკ რივეტი მეძებდა. რამდენჯერმე დაურეკავს კიდეც. იგი კინემატოგრაფისტების ყრილობაზე იყო, ვოჟირარში, სადაც არ წავედი. ბოლოს და ბოლოს, თავად დავუკავშირდი – ზუსტად არ მახსოვს, მასთან დავრეკე თუ რომელიმე მის მეგობართან – და მესმის: “იცი რა, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაჩეროთ კანის ფესტივალი”. უეცრად ძალზე ბუნებრივად მომეჩვენა ეს გადაწყვეტილება, თითქოს თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეც უნდა მომხდარიყო; გადავურეკე კიდევ რამდენიმე მეგობარს და გავაფრთხილე ამის შესახებ. საჭირო იყო მხოლოდ ფაქტის წინაშე დაგვეყენებინა ხალხი. შევხვდი ლუი მალს – იგი ჟიურის წევრი იყო – და მან თავის მხრივ, სხვების აგიტირება დაიწყო (მონიკა ვიტის, ტერენს იანგის (2), რომან პოლანსკის), მოუწოდებდა, უარი ეთქვათ ჟიურის წევრობაზე. შემდეგ რეჟისორებსაც დავუკავშირდით, ვცდილობდით გაგვეგო, ვინ იყო მზად იმისთვის, რომ თავისი ფილმი მოეხსნა კონკურსიდან.
მეორე დღეს, თერთმეტი საათისთვის, გოდარი მოვიდა; მზადების დრო აღარ იყო. ყველაფერი ჟურნალისტებითა და კინოს მოყვარულებით გადაჭედილ ჟან კოკტოს დარბაზში ხდებოდა. მე გამოვედი და ტექსტი წავიკითხე, სულ რამდენიმე სტრიქონი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყრილობის დელეგატები ფესტივალის შეჩერებას მოითხოვენ და მონაწილეებს მოუწოდებენ, შემოუერთდნენ ამ საერთო აქციას. ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მხარი დაგვეჭირა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის. საფესტივალო კანი, საერთოდ ძალზე ჩაკეტილი ადგილია, ყველა მხოლოდ კინოზე ლაპარაკობს. არავინ უსმენს ახალ ამბებს რადიოთი, გაზეთებსაც იშვიათად ნახავ, მხოლოდ “კინემატოგრაფიულ მაცნეს” კითხულობენ. ხალხი საქმითაა დაკავებული და მორჩა. რაღაც გაფიცვები ამ ხალხს ნაკლებად აინტერესებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რითი ცხოვრობდა ამ დროს ქვეყანა; აიღეთ, მაგალითად, 1958 წლის 13 მაისი (3); ფესტივალი გრძელდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. უნდა ითქვას, ჩვენმა განცხადებამ ყველა განაცვიფრა, ამგვარი რამ არავის მოუვიდოდა თავში. მაგრამ რაც მთავარია, პროტესტი არავის გამოუთქვამს. ვცდილობდი ამეხსნა ხალხისთვის, რომ ფესტივალი მაინც დაიხურებოდა, იმიტომ, რომ რეჟისორების უმრავლესობას უკვე მოეხსნა თავისი ფილმები ჩვენებიდან (ასე მოიქცნენ რენე, ლელუში და კურნო (4)), ჟიურის წევრები კი ერთიმეორის მიყოლებით ტოვებდნენ ფესტივალს, უარს ამბობდნენ თავიანთ მოვალეობაზე. გოდარმა, – რომელიც პირდაპირ პარიზიდან ჩამოვიდა და ჩემგან განსხვავებით, უშუალოდ მონაწილეობდა იქაურ მოვლენებში – უეცრად შემოგვთავაზა: “წავიდეთ დიდ დარბაზში და დისკუსია გავმართოთ”. აქ დაიწყო მთელი ეს სორბონული ალიაქოთი. უკვე შუადღე იქნებოდა, ჩვენ დიდ დარბაზში მივედით. იქ უკვე იყვნენ კლოდ ბერი (5), კლოდ რიში (6), ლელუში და როგორც ყოველთვის, ბლომად ჟურნალისტი ირეოდა. ყველა ერთდროულად ლაპარაკობდა, ერთმანეთს აწყვეტინებდნენ, გამოჩნდნენ უცხოელებიც – რიჩარდ ლესტერმა (7) განაცხადა, რომ მოხსნა ფილმი პროგრამიდან, შემდეგ საურაც მოვიდა. ფავრ-ლებრე შეეცადა მოლაპარაკებებით გადაგვეწყვიტა პრობლემა და ჩვენი გამოყრაც დააპირეს დარბაზიდან. ყველაფერი ეს დროში გაიწელა, სიტუაცია ამჟავდა და აუტანელი გახდა. შემდეგ კი, ხომ იცით, ცელი რომ ქვას მოხვდება… სადმე რომ მონაწილეობ და უცბად გაძევებენ იქიდან, რაღაც მაინც გაიძულებს დარჩე. სრული აბსურდი იყო, მაგრამ უკვე ვეღარაფერს იზამდი, ვერ უშველიდი სიტუაციას. მიკროფონიდან ახალ-ახალი, უთავბოლო კინკლაობების უზარმაზარი ნაკადები იღვრებოდა. სამის ნახევრისთვის დარბაზში ნემსი ვერ ჩავარდებოდა. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი სცენაზე ვიყავით; პარტერის რიგები ყვავილებით იყო აჭრელებული… უნდა ითქვას, რომ აუდიტორიას ძირითადად ადგილობრივები წარმოადგენდნენ; ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, მაგრამ ადრე ფესტივალზე სწორედ რიგითი მაყურებელი დადიოდა, თავად კანის მოსახლეობა – “პროფებს”, როგორც წესი, უკვე ნანახი ჰქონდათ ფილმები. აქ კი კინოში ნაკლებად გამოცდილი პუბლიკა იყო, მაგრამ მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული თავიანთი უფლებები და ფესტივალის პრესტიჟსაც უფრთხილდებოდნენ. ბუნებრივია, მათ მთელი ეს ბალაგანი დაუშვებლად მიაჩნდათ და ამიტომაც ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყეს, ორიოდე ადგილობრივი “სამართალდამცავი” სცენაზე ამოვარდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოგვღრიალა მე და ლელუშს: “რას გავს ეს, ჩვენ ხომ უცხოელი სტუმრები გვყავს… თქვენ კიდევ ფესტივალის გარეშე არარაობა ხართო” და ა.შ. ხალხი აქეთ-იქით აწყდებოდა; სამ საათზე ადმინისტრაცია გამოჩნდა. ფავრ-ლებრე აშკარად ძალიან ნერვიულობდა და სეანსის დაწყება უბრძანა ხელქვეითებს. ეკრანზე საურას ფილმის (9) ტიტრები გამოჩნდა და ამ დროს დაიწყო საშინელი, ველური ღრიანცელი. უკუნ სიბნელეს პროჟექტორის ერთადერთი სხივი ჭრიდა და ეკრანიდან კარგად ჩანდა, რომ სცენაზე ნამდვილი ალიაქოთი ამტყდარიყო. ჩემი აზრით, მთელი დღის მანძილზე ეს ერთადერთი წარმატებული მომენტი იყო მთელ ამ უაზრო აბდაუბდაში.
ვიღაცამ იყვირა: “ფარდა დაითრიეთ!” და ჩვენ, თხუთმეტი-ოცი კაცი ვცდილობდით ხელი შეგვეშალა, რათა ფარდა არავის აეწია. ჩვენთან იყვნენ საურა და ჯერალდინა ჩაპლინი, მათ ფილმს აჩვენებდნენ – უკვე კადრები წავიდა და მაყურებელი პირდაპირ ჩვენი სხეულებიდან “უყურებდა” ფილმს – ისინი იბრძოდნენ, რათა ჩვენება შეეჩერებინათ! მაგარი რამე იყო; სწორედ იმ წამს, ზუსტად იმ მომენტში ვიგრძენი ყველაფერი… ვიღაცამ, როგორც ჩანს, ხმა გამორთო, არაფერი ისმოდა, მხოლოდ კადრები ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, შუქი აანთეს, პროექტორი გააჩერეს და დაიწყო წეწა-გლეჯა, უფრო სწორად, ცემა-ტყეპა. ნიცელი და კანელი მაყურებლები სცენაზე ამოვარდნენ, ვიღაცამ სახეში გამარტყა და როცა აზრზე მოვედი, დავინახე, როგორ დაითრია ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს ტიპი და პირდაპირ თაიგულების ზღვაში გადაუშვა. მაგარი სასაცილო რამე იყო… აურზაური მთელი დღე გრძელდებოდა, ყველაზე მურდალი სიტყვები და ბრალდებები გავიგონეთ ჩვენი მისამართით; ვიღაცა ამტკიცებდა, რომ ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო და საფესტივალო სასახლიდან სასტუმროში დაბრუნებულმა, უეცრად გავაცნობიერე, როგორ ვერ გვიტანდნენ მაყურებლები… სულ მუშტებს გვიქნევდნენ…
როგორც ჩანს, არავის სურდა გაეგო, რომ ქვეყანა სულს ღაფავდა და ფესტივალის ჩავარდნა ერთადერთი შესაძლებელი და უბრალოდ, ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამგვარ ვითარებაში. იმავე დღეს პარიზს გავემგზავრე… დამღალა ყველაფერმა ამან. კლოდ ბერიმ დამირეკა და ჩვენი მაშინდელი საუბრიდან ორი საინტერესო რამე მახსოვს: მან თქვა: “წარმოგიდგენიათ, რა საშინელ ქალაქში ვცხოვრობთ!” – როგორც ჩანს, ბიზნესმენებზე, საქმეებზე და ა.შ. უნდოდა ლაპარაკი, შემდეგ კი დასძინა: “ჩვენ, ალბათ ვერ გვიტანენ”. თავიდან გამეცინა და ვუპასუხე: “ჰო, რა თქმა უნდა”-მეთქი, მან კი შემაწყვეტინა: “არა, ჩვენ სა-ერ-თა-შო-რი-სო მასშტაბით ვერ გვიტანენ!”
თუკი დავფიქრდებით, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. შესაძლოა ყველაფერი იდეალურად ვერ გაკეთდა, მაგრამ მაინც ხომ გაკეთდა. ჩემთვის ეს ფანტასტიური შეგრძნება იყო – არა იმდენად თავად ფესტივალი, რამდენადაც ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, პარიზსა და მთელ საფრანგეთში. უბრალოდ, არის მომენტები, როცა უნდა გადაწყვიტო, ვის მხარეს ხარ. იმავე 1968 წელს, ინტერვიუებს ვიძლეოდი, რომლებშიც ვრცლად განვმარტავდი, რომ არც ერთ ბანაკს არ ვეკუთვნოდი, არავისი მჯეროდა და საერთოდაც, ცინიკური და ასოციალური ტიპი ვიყავი… ნელ-ნელა ჩამითრია ამ ამბავმა; კანიდან დაბრუნებულმა, 1 ივნისის დემონსტრაციაშიც კი მივიღე მონაწილეობა (ადრე არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში). მეორე მხრივ, სორბონაში არ წავსულვარ, არ მინდოდა ვიღაც უქნარას დავმსგავსებოდი, მაგრამ რაღაც ინტიმურ, ღრმად პიროვნულ დონეზე უცბად გავაცნობიერე – სტუდენტების წყალობით – რომ ჩემი ცინიზმი კაპიკად არ ღირდა; ადამიანური სიბრიყვის, მოუთმენლობისა და შეზღუდულობის (მნიშვნელობა არა აქვს, პოლიტიკურია იგი თუ არა) პასუხად, როგორც წესი, მხრებს ვიჩეჩავდი: “ღირს კი თავის გაწირვა”. ასე რომ, ამ ამბოხმა თითქოს მაჩვენა, რომ უბრალოდ, მორალური უფლება არა მაქვს, სხვაგვარად მოვიქცე: თავის გაწირვას ყოველთვის აქვს აზრი…
ახალგაზრდების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ გადაკეტონ ელისეს მინდვრები სკანდირებით: “ისე გვექცევიან, როგორც ებრაელებს გერმანიაში” (10), მხოლოდ უსაზღვრო აღფრთოვანების გრძნობა თუ გაგიჩნდება. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ქუჩაში ერთდროულად ერთმანეთს შეერწყმოდა გონება, იუმორი, ძალა და სამართლიანობა. სწორედ ამან შემძრა და აშკარა იყო, თუ რა არჩევანს გავაკეთებდი მათ ლოზუნგსა და სამსახურში მოჩქარე ავტომობილისტების ისტერიულ პიპინს შორის…
(1) იგულისხმება ანრი ლანგლუას, პარიზის სინემათეკის დირექტორის გათავისუფლება.
(2) ტერენს იანგი (1915-1994) – ინგლისელი რეჟისორი და სცენარისტი.
(3) ალჟირის კრიზისის პიკი.
(4) მიშელ კურნო – ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი.
(5) კლოდ ბერი (დ.1934) – ფრანგი სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი და კინოპროდიუსერი.
(6) კლოდ რიში (დ.1929) – ფრანგი მსახიობი და სცენარისტი.
(7) რიჩარდ ლესტერი (დ.1932) – ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, სცენარისტი და ოპერატორი.
(8) რობერ ფავრ-ლებრე – ფრანგი კინოს მოღვაწე, კანის ფესტივალის პრეზიდენტი (1952-1971).
(9) საუბარია კარლოს საურას ფილმზე “პეპერმინტ ფრაპე”.
(10) ლოზუნგში გათამაშებულია დანიელ კონ-ბენდიტის გერმანული წარმოშობაც, რომელზეც რევანშისტულ ტონებში მიანიშნებდა ჟორჟ მარშე თავის მოწინავე სტატიაში “იუმანიტე”-სთვის (1968, 3 მაისი). იგი მას “გერმანელ ანარქისტ კონ-ბენდიტს” უწოდებდა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
თამაზ ჩხენკელი – სარკითა და სახითა.
ანდრო ბუაჩიძე
ზამთრის მზიანი დღე
თამაზ ჩხენკელი. სარკითა და სახითა. რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. “მერანი”, 2002.თამაზ ჩხენკელთან ვართ, ხილიანზე. მე მომწონს თვალშისაცემი უბრალოება და სისადავე, რომელიც მის ოთახში სუფევს. თამაზი არ არის “ნივთომანიით” შეპყრობილი კაცი. მისი “კომფორტი” მინიმალურია: სარწეველა, საწერი მაგიდა, თაროებზე და პირდაპირ იატაკზე დაწყობილი წიგნები.
ტახტზე შევასწარი თვალი ახალახან გამოცემულ ლექსების წიგნს “სარკითა და სახითა”. ამ წიგნში შესული თითქმის ყველა ლექსი ვიცი. ოთახში მყოფს მახსენდება ერთი პატარა ლირიკული ოპუსი: “ყველაფერი არის ძველი, / გაცრეცილი ბარათივით, / იგივ ძველი სავარძელი, / მტვერი წიგნის კარადების. / იგივეა, რაც რომ იყო / ულმობელი დროის ხელი… / სავარძელში მარტო ვზივარ / და ირწევა სავარძელი”.
ეს მარტოობაში დაწერილი ლექსია. თუმცა სჯობს ასე ვთქვა – მარტოობაზე დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა ლექსი მარტოობაში იქმნება. აი, ამ ოთახში წერდა დროის გარკვეულ მონაკვეთში თამაზ ჩხენკელი თავის ლექსებს. ახლაც აქ წერს. ლექსებს ეტყობა ზამთრის მიმცხრალი მზის ანარეკლი, რაღაცნაირი ინტიმის ნიშანი, თითქოს ვიღაცას ელი, უნდა შემოვიდეს ოთახში, შეიშმუშნოს, კაშნე მოიხსნას, პალტო უცერემონიოდ გადაფინოს სკამის საზურგეზე, მოიყოლოს თავის საფიქრალი და სათქმელი.
ვინ იქნება ეს კაცი? სიყრმის მეგობარი, უცნობი, კარგახნის უნახავი და მონატრებული ამხანაგი… მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღარასოდეს გადმოაბიჯებენ კარის გაცვეთილ ზღურბლს: “მე საქმე არა მაქვს არავითარი, / მარტო ვარ, მომსვლელიც არავინ არი, / ხანდახან შემოივლის ანზორ სალუქვაძე, / ფხიზელი, ანდა არაყით მთვრალი. / ვაკიდან დაბერავს ზოგჯერ არაგვი, / ზოგჯერ ისიც მოდის, მეტი არავინ”.
სიტყვა “მარტოობას” მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა საუბარი პოეზიას ეხება. მაგრამ ახლა მე სხვა რამეს ვფიქრობ: როგორია თამაზ ჩხენკელის მარტოობა?
მე და ზაზა თვარაძე დღეს დილით შევხვდით ერთმანეთს. ზამთრის საკმაოდ უხალისო დღე იყო. ერთი “პატარა საქმეც” გვქონდა. მერე კი უკვე ნაშუადღევს ვაჟა-ფშაველას პროსპექტი გავიარეთ და განვიზრახეთ თამაზ ჩხენკელთან ავსულიყავით.
ახლა აქ ვართ. ამ ოთახიდან თრიალეთის ქედის ულამაზესი ნაწილი მოჩანს. აივანზე გავდივართ – გაცრეცილი და გაძარცვული პეიზაჟია. ჩამავალი მზის ნათელი ბჟუტავს ზოოპარკის და “მზიურის”, ვერეს ხეობაში.
მე ვფიქრობ, თამაზ ჩხენკელის ლექსებზე განსხვავებული აზრი არსებობს (ისევე როგორც ყველაფერზე ამქვეყნად), მაგრამ გასაკვირია, რომ ხშირად ის პოეტები არიან კრიტიკულად განწყობილნი, რომელთა ლექსებიც “სტილის ანემიურობითაა” აღბეჭდილი.
მე მიმაჩნია, რომ როგორც რილკე ამბობდა, ლექსები მართლაც გამოცდილებანია და ისეთ კონცენტრირებულ მასალაში, როგორიც პოეტური ქმნილებებია, არ შეიძლება ადამიანური ტანჯვის ყოველმა წვეთმა არ მოიყაროს თავი. ამასთანავე მე თვალნათლივ ვხედავ იმას, რომ თამაზ ჩხენკელი არა მარტო ფრაზის ოსტატია, არამედ ანალიტიკოსიც, არა მარტო ირაციონალურ საწყისს ენდობა, არამედ ამ საწყისის გონებრივ, ცნობიერ ნაწილად გარდასახვას ცდილობს.
თამაზ ჩხენკელმა გარკვეული კულტურული, ენობრივი, თემატური ტრადიციაც კი აითვისა და მოარგო თავის სათქმელს. იქნებ ეს ტრადიცია ერთგვარად სათქმელსაც ქმნის შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ პიროვნულ-ინდივიდუალური ნიშნები, კონკრეტული გარემო, სახლი, ხელი, მეგობრები მაინც განმსაზღვრელია: და ამიტომაც ვართ ალბათ თამაზის ოთახში.
არის ერთი ლექსი, რომელიც არა მარტო თამაზ ჩხენკელის აივნიდან გადაშლილ ხედს აღბეჭდავს გრაფიკული სიცხადით, არამედ მის მსოფლმხედველობასაც ამჟღავნებს: “მდინარე ვერე, რომელსაც ვახუშტის თქმით,/ ძველად სკვირეთი რქმევია,/ ბეტონის კალაპოტით შედის ზოოპარკის ბაღში,/ მარჯვენა მხრიდან გულმოდგინედ მოკირწყლული/ “მზიური” ეკვრის,/ მარცხენა მხრიდან/ ნაყარნუყარით და ნაგვით სავსე ფერდობი./ ხიდზე თუ გაივლი შეგზარავს:/ მდინარე ყარს – “ღვარი ბილწებისაი”/ ის – მაშინ იყო: “არამედ არს ხეობა ესე/ ნაყოფიერი ყოვლითავე,/ ვენახოვან-ხილიანი, ნადირ-ფრინველიანი”./ – და მერე მოულოდნელი გადასვლა: “ყველაფერი მკვდარია ირგვლივ,/ არც წიქარა ჩანს, არც ნაცარქექია, არც მზეჭაბუკი/ მხოლოდ ქვა და ბეტონი/ მარადიული დაუნგრევლობაა/ ჩვენი დისნეილენდის უპირატესობა…/ აქ დაიზრდებიან მომავალი ნაძირალები”.
ამ ლექსში აღბეჭდილი ლანდშაფტი, აივნიდან შეთვალიერებული ხედი მოულოდნელად საქართველოს ავისმომასწავებელ პანორამად გადაიქცევა. თამაზ ჩხენკელი ვნებათა ლირიკული განფენის, ზომიერი ხატვის გზას ირჩევს ხოლმე. ამ ლექსის ფინალში კი ისეთი მძლავრი პუბლიცისტური ტალღა შემოიჭრა, რომ ერთიანად წალეკა ყველაფერი. ეს უკვე არც ძახილია, არც მოწოდება, ეს არის ყვირილი: “დროა – დავიძრათ სათავისაკენ,/ დროა – ავიდეთ იქ, დიდგორის მთაზე,/ დროა, განვწმინდოთ გული ნათლისღების წმინდა ემბაზით!”/.
რასაკვირველია, ლექსსაც თავს თავის აკუსტიკური ველი და ამ “გამაყრუებელ” ლექსებთან ერთად თამაზ ჩხენკელს ისეთებიც უხვად მოეპოვება, რომელთა ჟღერა კეთილხმოვანების ფარგლებს არ სცილდება, შინაარსი კი განმაქიქებელი და დამთრგუნველია. ე.წ. მამხილებელი პათოსი ლიტერატურაში გულუბრყვილო თვალსაზრისით მხოლოდ XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმის კუთვნილებად იყო მიჩნეული. არადა, ანტიკურიდან ხანიდან დღემდე, მამხილებლობა, ზნეობრივი განჩხრეკის და “მანკიერებათა გამომზეურების” ჟინი სხვადასხვაგვარი ნიშნით ყველა ეპოქაში იჩენდა თავს.
ამ ყაიდის ლექსები თამაზ ჩხენკელის წიგნში განკერძოებულ ციკლს შეადგენს: “ცხუმი”, “ეპიტაფია”, “ცხრა აპრილი”, “სურათი”, “თქვენა ხართ” და სხვა მისთანანი, პუბლიცისტურ სიმწვავესთან ერთად ნერვული დრტვინვით, შფოთით, თითქოს ხმის მთრთოლვარე ვიბრირებით იქცევს ყურადღებას.
ამ ლექსებში თამახ ჩზენკელის პოეზიის მხატვრულ-კონცეპტუალური სამყაროს ერთი წახნაგია წინ წამოწეული, ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი. ამაზე მეტყველებს ილიასადმი მიძღვნილი ერთი ლექსი (“აღსარება”), რომელშიც თავმოყრილია ჭარმაგი ოსტატის შემოქმედების მრავალი ნიშანი.
უკვე დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ, “ცისფერყანწელებზე” ვსაუბრობთ, შეიძლება ცალკეული ნაფლეთები შეგროვდეს ამ საუბრიდან და რაღაც საერთო გამოდნეს. სიტყვა ეხება იმას, რომ ლექსში აღბეჭდილი სულიერების ფაქიზი ტვიფარი ამა თუ იმ პოეტის ღრმა შინაგანი გამოცდილების და კულტურის ანაბეჭდია. ამგვარი კულტურის დამღას კი მართლაც სხვა ფასი აქვს პოეზიაში. “ასეა, კი, – ამბობს ბატონი თამაზი – ნამდვილად ასეა”.
მე, თამაზს და ზაზას ხელში ქარვისფერი ღვინით სავსე მაღალი ჭიქები გვიჭირავს. აივანზე უკვე თითქმის ჩასული მზის სუსტი ნათელიღა თრთის. ვერეს ხეობას მწუხრი ეპარება თანდათან. საცაა ბეწვის ხიდზე დაკიდული მზე ბნელ ხეობაში ჩაიკარგება.
ჩემთვის ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელმა თარგმნა უამრავი რამ: ბო-ძიუს ლექსები, თაგორის “გიტანჯალი”, ჰომეროსის “ოდისეა”, პუშკინის “მცირე ტრაგედიები”, შექმნა ესეები და გამოკვლევები. და ეს არ იყო მხოლოდ კულტურ ტრეგერული მოღვაწეობის სფერო, ეს საკუთარი პოეტური ბუნების თვითგამოხატვის გზა იყო. პოეზიის თარგმანებშიც და ესეისტიკაშიც არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისი პიროვნებისეული ინდივიდუალობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ლირიკული ბუნება მოუსვენრად ეძებდა და ეძებს თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას. სწორად შენიშნა ერთმა მწერალმა, რომ თამაზ ჩხენკელის ვაჟაზე დაწერილი გამოკვლევაც კი – “ტრაგიკული ნიღბები” – პოეტურ მსოფლშეგრძნებაზე და ინტუიციაზეა დაფუძნებული.
და ამავე დროს თამაზ ჩხენკელი წერდა ლექსებს. წერდა არცთუ ცოტას, მნიშვნელობას ანიჭებდა ფრაზის ლექსიკურ სისრულეს და მგრძნობელობით ტევადობას. და მთელი მისი ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივი გამოცდილება ხშირად ერთ პატარა ლექსში თავსდებოდა. ეს იყო პროფესიული მზადყოფნა, რომელიც შთაგონების მომენტში გამჟღავნდა: “მე არ მივლია გზებით ნალახით,/ არ მიზელია სხვათა ტალახი./ ბილწის, უმსგავსის და უტიფარის/ გულზე ნაჭდევი არ მაქვს ტვიფარი,/ არანაირი მზაკვარ-მაცილის!/ მე ნაწილიანთ ვიყავ ნაწილი,/ მათი მოწაფე ვიყავ ბეჯითი/ და შუბლზე მაზის მათი ბეჭედი!”.
საუბარი კალაპოტს იცვლის. სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს მწერალი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში.
მე ვფურცლავ წიგნს. ანოტაციაში თამაზ ჩხენკელი ამბობს: “ამ დროის წიაღში დგინდებოდა და ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად ფერისცვალებას განიცდიდა წარმოდგენილი ლექსების სუბიექტი”.
ასაკობრივი მიჯნა იცვლებოდა, იცვლებოდა პიროვნება და შესაბამისად ლექსებიც. მე ცალი ყურით ვუსმენ საუბარს და კვლავ ჩემს საფიქრალს ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელის მაინც რომელი ლექსები აღიბეჭდა ყველაზე მკაფიოდ ჩემს მეხსიერებაში? ადრეული? გვიანდელი? მეხსიერებას ამჯერად ბოლომდე ვენდობი, ის თითქოს მაღალმხატვრულობის კრიტერიუმიცაა. რომელმა ლექსმაც დაიმკვიდრა ჩემში ადგილი, ის იყო ყველაზე შთამბეჭდავი და ახლობელიც. მახსენდება ცალკეული ფრაზები, მერე უფრო მოზრდილი მონაკვეთი ან მთლიანად ლექსი: “მზე მიდრკა დასავალს, ჩრდილები დასცა, დაჭრილი ასგან ვარ/ და მრთელი არსად”. “ჩამოვუარეთ ხევს,/ პეშვი აჩუქე წყაროს…/ უკვდავებისა ხევ, უკვდავებისა წყალო”… “მთიდან მოსული როგორც მურეშა,/ იდგნენ ნისლები ბაღის კარებთან/ და ჩვენი სახლის მწვანე ყურეში/ ფოთლებს სიცივე აკანკალებდა”… “ჩემი სახლის წინ ბაღია პატარა,/ ჩინელი ქალის ფეხივით პატარა”/… და სხვ.
ეს ადრეული ლექსები რაღაც სხვაგვარი უშუალობით იყო ნიშანდებული. სხვაგვარი ლირიკული გამჭვირვალება დაჰყვა იმთავითვე, მოგვიანო პერიოდში “ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად” იმატა ფრაზის მედიტაციურმა სიხისტემ, სხვანაირმა ექსპრესიამ, სიმკვრივემ, სიმსუბუქის, გამჭვირვალების ნაცვლად: “გაღვიძებული უეცრად: “მტკივა”! -/ საწოლთან შუქს რომ აანთებს კაცი,/ და კედლის საათს შეხედავს ცივად/ და სიკვდილამდე დაადგენს მანძილს, -/ რას უნდა გრძნობდეს,/ რას უნდა ხმობდეს,/ ოთახის ბნელში ასეთი კაცი!”
მე ვაკვირდები ბატონ თამაზს, რომელსაც მოაქვს ყავის ფინჯნები, მშვიდად იღებს წიგნებს და გვიკეთებს სასაჩუქრო წარწერებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კაცი ყოველთვის თანაბარი, ოდნავ აჩქარებული რიტმით მოძრაობს, ის კი არა, თითქოს იმავე რიტმით აზროვნებს კიდეც, სხარტად და ხალისიანად გეპასუხება. ჩემი აზრით, მისი ნაწერები – წერილებიც და ლექსებიც ამავე რიტმით სუნთქავს. მისი პოეტური მედიტაციები არ არის მდორე და გაწელილი, პირიქით, მოკლეა და მოკვეთილი.
იქნებ ეს რიტმი ამჟღავნებს თვალსაჩინოდ მარტოობისაგან თავდაღწევის ჟინს?
მასპინძელი კარამდე გვაცილებს. გარეთ უკვე სიბნელეა. მე და ზაზა კიბეებზე ვეშვებით, ვიწრო, ჩაბნელებულ ქუჩას მივუყვებით, ხელში ნაჩუქარი წიგნები გვიჭირავს,- “სარკითა და სახითა” და “მწვანე ბივრიტი”, ნელა მივაბიჯებთ. უკან კი ჩვენივე ჩრდილები მოგვყვება. და მე ისევ იმაზე ვფიქრობ, რაზეც ვფიქრობდი: მარტოობაზე, ელნათურებზე და ვარსკვლავებზე. ისევ თამაზის ლექსი მახსენდება: “წავიდა და წავიდა,/ აღარ მოვა თავიდან…/ ეს დღე ოქროსფოთლება/ აღარ განმეორდება./ ეს მზე ცისფერბლონდება,/ არვის მოაგონდება/ არვის ემახსოვრება/ ქვეყნად ჩვენი ცხოვრება…”© “წიგნები – 24 საათი”
-
პიტერ ბერკი – ისტორია და სოციალური თეორია.
მიქელ ირემაძე
პიტერ ბერკი. ისტორია და სოციალური თეორია. გამომცემლობა “ლოგოს პრესი”. მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი და გამომცემელი ლაშა ბერაია. აბ. “ლოგოს პრნმი” 2002.
ალბათ, მეცნიერების არც ერთ დარგს არ ხვდომია წილად ისეთი დიამეტრულად საპირისპირო შეფასებები (ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიარებიდან დაწყებული – აგრესიულ უარყოფამდე), როგორც ისტორიას.
ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საფუძვლიანი ჩანს ცნობილი თვალსაზრისი, რომ ძველი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ბიბლიასა და “ვეფხისტყაოსანთან” ერთად, “ქართლის ცხოვრებაც” იყო.
გარდა ამისა, ქართულ ცნობიერებაში მყარად ზის ილიასეული შეფასება, რომელიც ისტორიას ერების წარმომქმნელ უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევდა: “არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”. როგორც ვხედავთ, თვით ავტორმა დევიზისა “მამული, ენა და სარწმუნოება” ისტორიული მეხსიერება უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ეროვნული ერთიანობის შეგნების წარმოქმნისათვის, ვიდრე ამ სამწევრა დევიზის სულ მცირე ორი მესამედი (ენა და სარწმუნოება), რასაც მიუსართა “ერთობა გვარტომობისა” ანუ ყბადაღებული “ეროვნული გენი” – გენეტიკურ-სისხლისმიერი ნათესაობა.
ისტორიის აგრესიული უარყოფის თვალსაჩინო მაგალითად კი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის სიტყვები შეიძლება იქნას მოყვანილი: “ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია. მისი თვისებები კარგად არის ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ რეფლექსებს, პირს უხსნის მათ ძველ ჭრილობებს, ამღვრევს მათ სიმშვიდეს, განდიდებისა თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს” (პოლ ვალერი).
რისთვის დამჭირდა ეს ციტატებიანი შესავალი? საქმე ისაა, რომ სარეცენზიო წიგნი საშუალებას იძლევა გავერკვეთ ასე დიამეტრულად საპირისპირო სულისკვეთების მიზეზებშიც და ისტორიისადმი წაყენებულ თითქმის ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო პრეტენზიაში: არსებითად, პ. ბერკის შრომა წარმოადგენს ისტორიოგრაფიული მიდგომების, მეთოდებისა და ფუძე-ცნებების საქმის საუცხოო ცოდნით შედგენილ და კარგად დაწერილ კატალოგს, რომელიც სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება ყველა ისტორიული დისციპლინის და, უფრო ფართოდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
აქ გაშიშვლებული სახით შეიძლება მოვიძიოთ ზოგი ისეთი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც თავის დროზე ცხოველ ინტერესს იწვევდა ქართველ საზოგადოებაში. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ერთ სტატიაში გამოთქმული აქვს თვალსაზრისი, რომ ერის დაცემა და გადაგვარება იწყება მაშინ, როცა იგი საკუთარ ისტორიას ივიწყებს და, პირიქით, ისტორიის მაღალ დონეზე სწავლება ეროვნული აღორძინების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ალბათ ასეა, ვფიქრობთ დღეს, მაგრამ სახელდობრ რა მიზეზის გამო? პასუხს პ. ბერკის წიგნში ამოვიკითხავთ: XIX საუკუნეში “ევროპის მთავრობებმა ისტორია ეროვნული ერთიანობის მისაღწევ საშუალებად დასახეს, ან კიდევ სამოქალაქო განათლების საშუალებად, ან, როგორც ნაკლებად კეთილგანწყობილ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, ნაციონალისტური პროპაგანდის საშუალებად. იმ დროს, როდესაც გერმანიისა და იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოები, ისევე როგორც საფრანგეთისა და ესპანეთის ძველი სახელმწიფოები, ჯერაც დაქუცმაცებული იყვნენ მათში არსებული რეგიონალური ტრადიციების მიზეზით, სკოლებში ეროვნული ისტორიის სწავლებამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ ინტეგრაციას” (სხვათა შორის, ადვილი დასანახია, რომ ისტორიის ამ მიზნით გამოყენების აუცილებელი თანმდევი, ციტატაში მხოლოდ გაკვრით ნახსენები ნაციონალიზმი სწორედ ის ფაქტორია, რომლის გამოც პოლ ვალერიმ ცოდნის მთელი ისტორიული დარგი ისტორიისავე სანაგვეზე გადასაგდებლად გაიმეტა).
აქვე შეიძლება გავიხსენოთ ილიას კარგად ცნობილი ჩივილი, რომ “ქართლის ცხოვრება” მეფეთა ისტორიაა და მასში ხალხი არსად ჩანს, რასაც ზოგი სწავლული დღესაც თითქმის იმავე მწვავე უკმარისობის პათოსით იმეორებს ხოლმე. ადვილად შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამგვარი მიდგომა არ აღმოჩნდებოდა მხოლოდ ამ ერთი მოაზროვნის ლოკალური უკმაყოფილება საკუთარი ქვეყნის ისტორიოგრაფიის გამო. პ. ბერკის წიგნი კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანი პასუხი გასცა ევროპული ქვეყნების ისტორიულმა მეცნიერებამ ასეთ პრეტენზიებს: შექმნილია სხვადასხვა სოციალური ფენის, სამრეწველო ან აგრარული დარგის, ცალკეული სოფლის და თვით XVI საუკუნის ჩრდილოეთ იტალიის მკვიდრი, სავსებით კონკრეტული მეწისქვილისადმი მიძღვნილი შრომები. იყო ცდა ისტორიის “ქვემოდან”, ე.ი. დაბალი სოციალური ფენების თვალით დანახვისა. მოკლედ, წარსულის ყოვლისმომცველი სურათის გაცოცხლების სურვილი მკვლევრებს უბიძგებდა გამუდმებით ეცვალათ ხედვის რაკურსიცა და მანძილიც, ხან ბინოკლით ემზირად მოვლენებისთვის, ხან მიკროსკოპით, გულდასმით შეესწავლათ როგორც სხვადასხვა კონტინენტის რუკა, ისე სხვადასხვა საზოგადოების ამა თუ იმ გამოცალკევებული უჯრედის სქემა და ა.შ.
წიგნი იმასაც გაგვაგებინებს, რომ ჩვენი ისტორიის ზოგი თავისებურება, მაგალითად ინკვიზიციის არარსებობა, რაც უმაღლესი ჰუმანისტური მოსაზრებებით დიდ ბედნიერებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე ზომის დანაკლისია ისტორიკოსებისთვის: ეჭვმიტანილ ერეტიკოსთა დაკითხვის ოქმები ერთმა მკვლევარმა, თურმე, ვიდეოფირს შეადარა, “რადგან ამ დოკუმენტებში რეგისტრირებული იყო არა მარტო დაკითხულთა სიტყვები, არამედ მათი მოძრაობები და წამების ქვეშ კვნესაც კი” (ამის წყალობით, შესაძლებელია ისეთი სიზუსტით აღდგეს ზოგი უმნიშვნელოვანესი ისტორიული პირის, ვთქვათ, ჟანა დ’არკის სულიერი სამყარო, რომელიც ჩვენი პირობებისთვის წარმოუდგენელი და მიუწვდომელია. აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ დაკითხვის ოქმების გულმოდგინე, ლამის პედანტურ ილუსტრირებას, – ე.ი. ანბანურ-სიტყვიერი “ვიდეოს” ვიზუალური სურათების ენაზე გადატანას, – წარმოადგენს მსოფლიო კინოს ორი შედევრი: კარლ დრეიერის “ჟანა დ’არკის ვნებანი” (1927) და რობერ ბრესონის “ჟანა დ’არკის პროცესი” (1962), ისტორიული გმირის უაღრესად შთამბეჭდავ და თავიდან ბოლომდე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ ქმნიან). და უფრო მეტიც, იმავე მკვლევარმა გნოსეოლოგიური მიზნითაც კი გამოიყენა ეს ოქმები (ანთროპოლოგის მდგომარეობის დასაზუსტებლად): ინკვიზიტორი და ანთროპოლოგი “ორივე მაღალი სტატუსის მქონე გარეშე პირია, რომელიც შეკითხვებს უსვამს უბრალო ადამიანებს, თუმცაღა უკანასკნელთ ხშირად უჭირთ ამ შეკითხვათა საზრისში წვდომა”.
როგორც ვთქვი, პ. ბერკის წიგნი ისტორიული კონცეფციების, მეთოდებისა და ძირითადი ცნებების ერთგვარ კატალოგს წარმოადგენს (რაღაც საშუალოს ისტორიული მეთოდების თეორიასა და ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას შორის). ამიტომ რეცენზიაში მისი შინაარსობრივი მხარის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი გადმოცემა შეუძლებელიც არის და არც იქნებოდა გამართლებული: რა აზრი აქვს კიდევ ერთი, მეტისმეტად შემოკლებული, ბევრად უფრო უხარისხო კატალოგის შექმნას, რომელიც მხოლოდ სარჩევ-საძიებლის ფუნქციას თუ შეასრულებს, იმასაც უხეიროდ? ამიტომ მე მხოლოდ წიგნის იმ მხარეზე შევჩერდები, რომლითაც იგი ყველაზე უფრო აქტუალურია ჩვენი ისტორიული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობისათვის.
XX საუკუნეში დაწერილ ქართველ ისტორიკოსთა შრომებზე უდიდესი გავლენა მოახდინა განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ გაბატონებულმა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რაც სინამდვილეში “თანამედროვე” ადამიანის გონებას უფრო გულისხმობდა და არა პირდაპირ (მაგრამ თითქმის ავტომატურად) მიუთითებდა, ამ თვალსაზრისით წინაპართა შეზღუდულობასა თუ შედარებით არასრულფასოვნებაზე. ამ რწმენამ წარმოქმნა პოზიტივისტური სულისკვეთება, მზარდი ცოდნის მეშვეობით ადამიანური აზროვნების განუწყვეტელ გაუმჯობესებას რომ ქადაგებს; რასაც მარქსიზმმა დაუმატა “საყველაფრო” იდეოლოგიური იარაღი რეალობის ნებისმიერ საიდუმლოში შესაღწევად და ახალი დროის ადამიანის “მეცნიერულმა” ამპარტავნებამ მწვერვალს მიაღწია.
სახელდობრ, ისტორიულ დარგში (საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების უმეტესობისგან განსხვავებით), საკვლევი რეალობა უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ “შუამავლის”, – მემატიანის, – მიერ შექმნილი ტექსტით გადმოგვეცემა; და რაკი მემატიანე გარკვეული ეპოქისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ადამიანია, ტექსტში გარდუვალად ირეკლება იმ ეპოქისა და საზოგადოების იდეოლოგიური თავისებურებები.
ისტორიკოსთა პოზიტივისტურ-მარქსისტულმა ჰუბრისმა ამ “ნაკლოვანების” დაძლევა მოისურვა, თანაც, ცხადია, “აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე” პრეტენზიით: შეიქმნა მიდგომა, რომლის მიხედვით, თუ ერთი მოვლენის შესახებ რამდენიმე წყარო არსებობს, ისტორიკოსმა უნდა მოახერხოს, აღადგინოს თითოეულ მათგანში იდეოლოგიის მრუდე სარკეების წიაღ დამახინჯებული სურათის ნამდვილი სახე, შეიმუშავოს საკუთარი აზრი მოვლენაზე, რომელიც, შესაძლოა, არც ერთი მემატიანის ხედვას არ დაემთხვეს (პრაქტიკულად ეს რბილი “შესაძლოა” გარდაიქმნებოდა მოთხოვნად: არავითარ შემთხვევაში არც ერთ მემატიანის ხედვას არ უნდა დაემთხვეს!), მაგრამ სინამდვილის ობიექტური სურათი აღადგინოს. არსებითად, ეს ნიშნავდა მოთხოვნას, რომ თანამედროვე ისტორიკოსი ვალდებულია იყოს ნებისმიერ ძველ ისტორიკოსზე უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი და ბევრის მცოდნე, მაშინაც კი, როცა რაღაც ისტორიულ ამბავს ერთადერთი წყარო მოგვითხრობს.
პ.ბერკის წიგნი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ დღეს უკვე თვით ეს პოზიტივისტურ-მარქსისტული მითოლოგიის გმირი, – ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა მდგომი (ე.ი. სულ მცირე, ნახევარღმერთის მდგომარეობამდე აღზევებული) ისტორიკოსი, – გამოიყურება საშინელ გულუბრყვილობად თუ ანაქრონიზმად: თვით ცნებითი აპარატიც კი, რომლითაც ნებისმიერი მკვლევარი ოპერირებს, “განპირობებულია გარკვეული კულტურის მიერ. ეს ცნებები უკავშირდება სოციალური ქცევის თეორიებს, რომლებიც ასევე კულტურის მიერაა განპირობებული. ამიტომაც მოითხოვება მათი ადაპტირება და არა უბრალო გამოყენება სხვა ისტორიული პერიოდებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ”, თავის მხრივ, ადაპტირების ხერხები თუ ასე მიღებული შედეგებიც მრავალმხრივი დაეჭვების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ამას წინათ, ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა წაიკითხა მოხსენება უცნაურ თემაზე: როგორი უნდა ყოფილიყო ახალ ვითარებაში ქართული ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგია (ან იქნებ, ისტორიოგრაფია, – სათაური ზუსტად არ მახსოვს). როგორც აღმოჩნდა, იგი მსჯელობდა იმაზე, თუ რა იდეოლოგია უნდა დასდებოდა საფუძვლად, პირწმინდად დისკრედიტირებული მარქსიზმ-ლენინიზმის ნაცვლად, ისტორიულ კვლევას საქართველოში. პასუხი საგულისხმო და, ასეთ საკითხზე მოფიქრალი ადამიანისთვის, სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა – ლენინისტური დამახინჯებებისგან გათავისუფლებული “ნამდვილი” მარქსიზმი.
უამრავი მეთოდის, მიდგომისა და კონცეფციის აღმწერი “ისტორია და სოციალური თეორია” იმითაც არის სასარგებლო წიგნი, რომ მას ადვილად შეუძლია ნებისმიერი, თვით ყველაზე დახავსებული აზროვნებაც კი გაათავისუფლოს მომავალში ერთი რომელიმე იდეოლოგიისა თუ მეთოდოლოგიის გაბატონების მავნე ილუზიისგან.© “წიგნები – 24 საათი”
-
დანიელ კონ-ბენდიტი – ჟან-პოლ სარტრი – "ჩვენი ძალა უკონტროლო სტიქიურობას ეყრდნობა"
-
გიორგი ეკიზაშვილი – პარიზის "ცხელი ზაფხული" და ამბოხებული პოეზია
პირველად პარიზში 1968 წლის ივნისში ჩავედი. ახლაც თვალწინ მიდგას: სორბონის ყრუდ ჩარაზული კარები, ფასადზე ოთხი ვეებერთელა სურათი; მარცხნიდან მარჯვნივ, – მაო ძე დუნი, ლენინი, ტროცკი, ჩე გევარა… აყრილი ასფალტი, კედლებთან დახორავებული რკინის ნაჭრები და ქვები, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ახალგაზრდული ხელების სითბო (ქვა პროლეტარიატის და… პაციფისტების იარაღია), დამწვარი მანქანის ჩონჩხი, – შეხსენება ახლახან გარდასულ დღეთა სიმხურვალისა, წაბლის ხეების, მლოცველის ხელებივით ცისკენ აღმართული ფესვები, კაფეების ჩალეწილი ფანჯრები, ტერასების დამტვრეული მაგიდები, პოლიციის შავი მანქანები გისოსებიანი ფანჯრებით და ლათინურ უბანს შეუვალ მესერად შემოვლებული შავებში, არა, ბნელ სამოსში გამოწყობილი “სიმშვიდის მცველები”, თითებში ილუზიონისტის სიმარჯვით ათამაშებული ხელკეტები და, რაც მთავარია, უამრავი სახე სენ-ჟერმენზე და “ბულმიშზე” (სენ მიშელის ბულვარი)… სახეები, ან სულ მთლად ყმაწვილური ან უკვე ასაკში შესული და ყველა სახე ერთ სახედ ქცეული: გადატანილი შიშით და გიჟური აღტკინებით გადიდებული, გამოღამებული თვალები… გუშინდელის გახსენება, დღევანდელი შფოთი და ხვალინდელი ბუნდოვანება… რა იყო ის, რაც იყო? რა არის ის, რაც არის? რა იქნება ის, რაც იქნება? ან კი იქნება? შეიძლება თავიდან დაწყება? ან თუ შეიძლება, საიდან, რომელი დღიდან, რომელი საათიდან? როდის ჩაბრუნდება ბოთლში, იქიდან გაუფრთხილებლად, ერთბაშად ამოვარდნილი ამბოხის სული? სული ნგრევის, მსხვრევის, არსების სიღრმიდან ამოხეთქილი “გვეყო, აღარ გვსურს!” ბევრს არ ესმოდა რა “ეყო”, ან რა “აღარ სურს”. მაგრამ ყვიროდნენ, ქვებს ისროდნენ, ვიღაცას ეძებდნენ, ყველაფერში დამნაშავეს, თითით მისანიშნებელს, რომ ეთქვათ “აი, ეს არის, ეცით, არ გაუშვათ!” მტერი იყო ერთი, არა არსება, არამედ იდეა, – წინა თაობა, მამების და ბიძების თაობა… თაობა ჭკუის დამრიგებელთა, საკუთარი მოწესრიგებული ცხოვრებით (მაგალითად რომ დაუსახია შთამომავლებისათვის), კეთილმოწყობილი ბინით, თეთრი ავეჯით, თეთრად ქათქათა ცოლით, თეთრსაყელოიანი შვილებით, პირად ბიბლიოთეკაში ლამაზყდიანი, ფურცელგაუჭრელი წიგნებით. ტელევიზორის წინ კი, პატარა მაგიდაზე, ყუათიანი ვახშამი და იქვე ოქროს ძაფით ნაქარგი, ფეხებისთვის ესოდენ მოსახერხებელი ფლოსტები… ძირს ყოველივე ეს (მახსენდებოდა პატარა გავროშის სიმღერა “ყველაფერი რუსოს ბრალია, ყველაფერი ვოლტერის ბრალია”). უარი ყოველივე “კლასიკურს” და “კლასიკოსებს”, უარი კონფორმისტულ ფილოსოფიას და “საამოდ სასმენ”, ლამაზი რითმებით მოჩუქურთმებულ პოეზიას (მხოლოდ ლოტრეამონი, მხოლოდ რემბო), თვლემის მომგვრელ პროზას (გაუმარჯოს ალენ რობ-გრიეს და ჟორჟ ბატაის!) – retro, Satana! (განვედ, სატანავ!) ძირს ომები და კაცის კვლა, დიდება სიყვარულს და ყვავილებს! – აი, დღის ლოზუნგი… ვიხსენებ ახალგაზრდობის კოლონას… კოლონის თავში ჟან-პოლ სარტრი მაოს “წითელი წიგნაკით” ხელში და ჩამესმის ჩახლეჩილი ხმით ნამღერი ბორის ვიანის სიმღერა: “გეყო სიცილი ელვირა, პარიზი მხეცებით აივსო…” უარი პოლიტიკას და “პოლიტიკანებს”, უარი კულტურას და ცივილიზაციას, უფროსი თაობის ბოროტი ნებით შერყვნილს და შელანძღულს. ძველის ნანგრევებზე ახალი უნდა აშენდეს? რა და როდის? პასუხი ჯერ არავინ იცის, შენებისთვის ჯერ ადრეა, ახლა ნგრევის დროა… ფრანსუაზ საგანის “ოქროს ახალგაზრდობა” ფანჯრებდაგმანულ მდიდრულ დარბაზებში იჯდა და დღევანდელს, არსებულს ებღაუჭებოდა, დანარჩენები ქუჩაში მუშტებაღმართული იდგნენ და შორეულ ჰორიზონტებს გასცქეროდნენ…
ჩემთვის, მაშინ და ახლაც, პარიზის ქუჩების მარადიული პროზის იმწუთიერი პოეზია იყო, სტიქიური, მოზვირთებული… აქამდე დაოკებული, მაცდურად თვინიერი წყლის ვრცელმა სივრცემ ჯებირები გაარღვია და “მზის ქალაქის” კოხტა სახლებს წალეკვით დაემუქრა… ეს ლექსები იმ ნიაღვრის ზვირთებია, იმ დღეთა მუხტითაა დატვირთული… დიახ, ასფალტიდან ამოზიდული, ხანძრის სუნით გაჟღენთილი და მაინც პოეზია (ერთმანეთში არეული პოპ-მუსიკა, ქუჩის ხმაური, სექსი და ნარკოტიკი), პოეზია – ადამიანური განცდის, ტკივილის და აფორიაქებული სულის ჭეშმარიტი ხატი…
…დროდადრო აუცილებელია ასეც წერო…ოლივიე პერელე
ხმაური
ბალახის ხმაური
ღამის სიბნელეშიბალახი რომელსაც
შენი ნაფეხურების სურნელი ასდისბალახის ხმაური ჩემი მაგიდის ნათურის ქვეშ
ბალახის ხმაური ფურცელზე…შავად წითელი ღვინო…
შავად წითელი ღვინო…ბალახის ხმაური ენის ქვეშ
ბალახის ხმაური ბალახების ქვეშ……
სიკვდილი ღეჭავს მარცვლებს– მესმის როგორ მირბიხარ
მესმის როგორ მორბიხარ
ფეხშიშველი
შუშის ნამსხვრევების საფლავზე
ორფეოსი 2200ვეფხვები და ლომები
აღარ განირთხმებიან შენს ფერხთით
რადგან აღარ იქნებიან
ვეფხვები და ლომებიწელში აღარ მოიხრებიან ტყეები
და შენ ფეხით გათელავ მკვდარი ჩიტების ფრთებს
მდინარეები გადმოარწყევენ ზვირთებს
შავ ბალღამს ტბებს და ზღვებს
ტალღებს და ამოყირავებულ თევზებს
ჯოჯოხეთი?
შენ ყოველდღე ჯოჯოხეთში ჩახვალ
რკინის და მინის თანამედროვე ჯოჯოხეთი
თვალებს ამოგწვავს……
ევრიდიკე? ტელეფონით გამოძახებული მეძავი
გიჟური ძაბვის მავთულების გაუგონარ წივილში…
გაბმული ზარი, ბრძანება, აურზაური.
პროკლამაციები. რეკლამები: ამძუვნებული ძუკნა
ცერბერები, რომლებსაც ვერაფრით დაუკავშირდები.
ყურმილის ხრიალი, სირენების კივილი
სასტვენების გნიასი: გოგონას ვეღარაფერს გააგონებ…
ვეღარაფერს გააგონებ.პიერ ტილმანი
იმ ღამით ჩვენ დავტოვეთ ქალაქის ბარები და ქუჩები
რათა გვეზეიმა გარიჟრაჟი გორაკებს შორის…
შენ დაიჩოქე და პირში აიღე
ნაძვებს შორის ვიდექი… თენდებოდა…* * *
ეს არყოფნაა ჩემი ტერიტორია
რომელიც შარდით და ნერწყვით შემოვსაზღვრე
აი აქ ამ უკაცრიელ ალაგს
შემიძლია მიყვარდეს,
ვიბრძოლო,
გავიმარჯვო,
დავმარცხდე
სწორედ აქ სადაც სხივები ფარულად, ფეხაკრეფით მოდიან
სირცხვილისა და შიშის ნიჩაბით
გავითხარე ჩემი სორო…ეტიენ როდა-ჟილი
* * *
ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.ეს ინგლისური ლაბადა
რომელსაც შემოვატარე
პარკები ძველი ქალაქებისა
სადაც სულის მოსათქმელად ჩავდიოდი.სწორედ აქ შემხვდი
სევდიანს თუმც კი გარიდებულს
ყველა მებაჟეს და ყველა უხამსს
და ლამაზი უბნების ხორცდახარბებულ ნაგაზებს.ეს კონტინენტალური ღიმილი
ჩემოდნის მაგივრობას მიწევს
რომელშიც ვჩურთავ ჩემს საგანძურს
რაიც ვინ იცის როდის ვინ მიწილადა.
ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.ბერნარ მაზო
ხეტიალი
დიდხანს დავეხეტებოდით
მოგონებათა სურნელებში
ცეცხლოვან მზერაში ჩაკარგულები
და ხელისგულზე გვედო
დაუწერელი ბავშვობის
მყიფე სინაზე.ცხოვრება
უნდა ითქვას
რომ ცხოვრება არც ისე ადვილია
უნდა ითქვას
რომ დილის სიშიშვლეში
საგნების სიმძიმე აუტანელი ხდება
მაგრამ უნდა გააგრძელო
უნდა იყო
სიცოცხლის უკანასკნელ ზღვარამდე.ალენ დე კასტრი
ნიუ-იორკი ათასსახოვანი ქალაქი
მომხიბვლელი და მომნუსხველი
მყისიერად იმედის გამაცრუებელი
სინათლისა და სიბნელის ქალაქი
შენს ხეშეშ ჭუჭყიან კანში
ჩემი გულის ძგერას ვგრძნობ
ტრანზისტორების ხმაურში
მე ხოტბას ვასხამ შენს სიმხურვალეს
რათა უკეთ გავექცე შენს სიცივეს
განზომილებებიდან განზომილებებში
ავდივარ და ჩამოვდივარ
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
ჩრდილოეთიდან სამხრეთით
მე აღმოვაჩენ ახალ სახეებს
ჩაძინებულ ქუჩებს ოხშივარი ასდის
და ისმის გაღვიძებული ადამიანების ხორხოცი
ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელების
ფერადი მანქანები აღმა-დაღმა დაქრიან
მე მიყვარს შენი ჯოჯოხეთური ხმაური
მძულს შენი რასიზმი
ვაშინგტონ სკვერიდან
ამოიჭრება სიმღერები
წითელი თეთრი შავი ყვითელი
რიტმი ადამიანებს ამეგობრებს
კიდევ უფრო შორს უნდა წახვიდე
მეგობრობა მუდმივი ზეიმი არ არის
ცათამბჯენების წვერით დაღარულ ცაზე
ინტერნაციონალური სიყვარულის თვითმფრინავები დაფრინავენ
ყოველი მხრიდან მოეშურებიან
სამყაროს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები
ადამიანური ძმობის მოსაპოვებლად
U.S.A. დაივიწყე ომები და დოლარები
გახსენი გული
და
შენ აღმოაჩენ
ადამიანს
სიცოცხლის უდაბნოში.ნიუ-იორკი (1969)
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“