-
-
ნიკუშა ანთაძე – The Killers
-
ტარიელ ჭანტურია
-
ლელა სამნიაშვილი – ”მარტოდენ მარილი”
-
ბაჩო კვირტია
ქვა
დღეს ლიფტიორების ბუდკა დაშალეს. ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი. ჩემმა შეძლებულმა მეზობელმა მესამე გარაჟის შენება დაიწყო. ბავშვებისგან ფეხსალაგად ქცეული ბუდკა აშკარად ხელს უშლიდა, ამიტომ ხისგან აგებული, აწ უბორნიად ქცეული ობიექტი მუშების ხელით პირისაგან მიწისა აღიგავა.
მე ვიდექი ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ შლიდნენ ფანერებისა და ფიცრებისგან აშენებულ, მძღნერებით სავსე ლიფტიორების ბუდკას.
ოთხ საცხოვრებელ კორპუსს შორის მოქცეული ლიფტიორების ბუდკა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან მახსოვს.
მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი. ლიფტიორების ბუდკა იმ დროს მაგრად იდგა, იმიტო, რო ლიფტიორებიც არსებობდნენ.
ლიფტიორების ბუდკა გარშემომყოფ ოთხივე კორპუსს ემსახურებოდა. ლიფტიორების უფროსს ლამარა ერქვა. მახსოვს ლამარა. ბოზი ქალი იყო. ლიფტიორი ქალები სუყველანი ბოზები იყვნენ, ოღონდ მეტ-ნაკლებად ბოზობდნენ. მარა ეს ლამარა მაგრა ბოზობდა. ეს უფროსი ბიჭებისგან გავიგე, ცოტა რო წამოვიზარდე და ძმაკაცებთან ერთად სექს-კარტები რო ამქონდა ჯიბით კრიშაზე…
ლიფტიორებს მეხანიკიც ჰყავდათ. იოსკა ერქვა. აიმ იოსკაზე ვიცოდით ბიჭებმა, რო მაგას აძლევდა ლამარა, თან მაგრა აძლევდა… ისე აძლევდა, რო აღარ ართმევდა…
ლამარა შაოსანი, შავგვრემანი ქვრივი ქალი იყო. ვინმე თუ ლიფტში გაიჭედებოდა და სმენის ლიფტიორები თუ ვერაფერს ახერხებდნენ, ლამარა დაიჭერდა ხოლმე ლიფტის კარის გასახსნელ, პირდაბრტყელებულ რკინის ჯოხს, რომელსაც ხელის მოსაკიდებელ ადგილზე ხის ნაჭერი ჰქონდა წამოცმული და ზემოდან ლურჯი იზოლენტით იყო დაფარული. გამოვიდოდა ბუდკიდან და ჯოხი ისე ეჭირა ხოლმე, თითქოს ვინმეს საცემად მიდიოდა. ობიექტზე ლამარა თუ გავიდოდა, არ არსებობდა, ვინმე ლიფტში დარჩენილიყო.
ლამარა მაგარი იყო. იოსკას გარდა, ლამარას ჭორაობაც უყვარდა. საერთოდ, ლიფტიორების ბუდკა ჭორის დიდი ბუდე, დიდი კერა იყო. ბუდკაში როცა არ უნდა შეგეხედა, ყოველთვის იჯდა სამი-ოთხი ქალი და მათთან ერთად – ლამარა. მაგიდაზე ცხელი მზესუმზირა ეყარა და ქალები ცოცხალ-მკვდარს უტრიალებდნენ ოთხივე კორპუსს, თან სემიჩკას ფქვავდნენ.
ბუდკის კედლებზე იაფფასიანი წითელი შპალერი იყო გაკრული. ორიოდე კვადრატული მეტრი სიდიდის ბუდკის სიგანეზე ხელით აწყობილი ტავჩანი იდგა. ზედ ძველი, ტურტლიანი ადიელა გადაეფარებინათ, სასთუმალთან უფრო ტურტლიანი, ჭუჭყისგან გაგლესილი მუთაქა მოეთავსებინათ. ბუდკას პატარა სარკმელიც ჰქონდა. სარკმლის ძირში მაგიდა იდგა. მაგიდაზე ბუზის მოსაკლავი, თვითნაკეთი ჯოხი იდო, რომელსაც დასარტყმელ ნაწილად საბურავის კამერის მრგვალად გამოჭრილი რეზინი ჰქონდა მიმაგრებული. მაგიდაზე ოთხკუთხედი დიდი შუშა იდო, შუშის ქვეშ – სმენის განრიგი და კატის კნუტების ფოტოიანი კალენდარი.
კედელზე მაღვიძარა საათი კაპრონის ძაფით ეკიდა. იქვე გამოძახების მიმღები პულტიც მოჩანდა, რომელზეც მწვანე და წითელი ნათურები ინთებოდა ხოლმე. პულტზე პატარა რეპროდუქტორი იყო, საიდანაც ლიფტში გაჭედილების ხმა მოისმოდა.
– გავიჭედეეთ!.. გავიჭედეეთ!..
– შენ გაგეჭედა ყ…ე!
ლამარა ამას მაშინ ამბობდა, როცა ქალის ხმას გაიგებდა. სმენის ქალები კი სემიჩკას ფქვავდნენ და ხორხოცებდნენ, თან სიცილისგან დიდი ძუძუები უქანავებდათ.
ლამარას ბუდკაში ხშირად შევდიოდით – მეც და სხვა ბავშვებიც. განსაკუთრებით ზაფხულობით – წყალი გვწყურდებოდა, სახლში კიდევ რა ავიდოდა?.. ამიტომ ლამარას ჩაინიკიდან დუბელა წყლის სმა ყველაფერს გვერჩივნა. ბუდკის კართან რო ავიტუზებოდით, ლამარა დაგვინახავდა, ჩაიდანს თავსახურს მოხდიდა, მოგვაწოდებდა და თავსახურში წყალს ჩაგვისხამდა. ლამარას ფეხებზე ვეკიდეთ – წყალი არ ენანებოდა. თვითონაც ამ ფსელს სვამდა. სემიჩკის ჭამით რო გასკდებოდა, მერე თბილი წყლის სმით სკდებოდა. ზოგჯერ მთელი დღე ისე გავიდოდა, რო ლიფტში არავინ იჭედებოდა, ლამარა და ქალები კიდევ ისხდნენ ოფლის სუნით აქოთებულ ბუდკაში და ოთხივე კორპუსს ცოცხალ-მკვდარს უტრიალებდნენ.
ლამარამ ერთხელ მაგრა შემაშინა. მე და ირინა კრიშაზე გამოგვიჭირა. ირინა ჩემს ქვემოთ ცხოვრობდა. დედა ბოზი ჰყავდა, მამა – ლოთი და სირი. თვითონ კაი გოგო იყო, ცოტა ლამაზი და ცოტა შტერი. ეტყობა, დედამისის ჯიშისა იყო და… ერთხელ, ველოსიპედით მინდორში წავიყვანე. უკან შემოვისვი. მახსოვს, ყაყაჩოები ყვაოდნენ. მინდორში გავჩერდით. 10-11 წლის ვართ. ირინა მეუბნება: მოდი, მე ჩემსას გაჩვენებ და შენ შენი მაჩვენეო… უცებ სისხლი გამიცივდა, მერე რაღაცნაირად დამაზრიალა. ყაყაჩოებში ჩავიმუხლეთ და იმან თავისი მაჩვენა, მე – ჩემი… მერე უკვე ხან სად შევიყუჟებოდით და ხან სად, რო ერთმანეთისთვის გვეჩვენებინა. მერე ესეც მოგვბეზრდა და ეს “ნანახი” უკვე ერთმანეთს მივადეთ. როგორ მახსოვს… რა მაგარი იყო… მაგრა გვისწორდებოდა ეს მიდება ორივეს… სხვა არაფერი ვიცოდით, ამასაც ბრმად, ვარაუდით ვაკეთებდით – ყურმოკრულით, ინსტინქტით, გუმანით.
ხოდა, ერთხელაც ასე ვართ – ერთმანეთზე მიდებულები, გატრუნულები. ვდგავართ ნიფხავჩახდილები და ერთმანეთს სულელებივით მივჩერებივართ. ირინა კედელზე მყავს მიყენებული და ვაწვები. ირინას ზურგსუკან ლიფტის მატორის ოთახია, საიდანაც წამდაუწუმ ავტომატის ტკაცატკუცი და მატორის გრიალი ისმის. უეცრად სხვენის ფანჯარაში ლამარა გამოჩნდა. წელში მოიხარა და შემოვიდა. ტრუსიკები გველნაკბენივით ავიწიეთ. ირინა გავარდა და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა. მე ადგილიდან არ დავძრულვარ. ლამარას მივაჩერდი და შარვლის ღილების შეკვრა დავიწყე. ლამარა თავიდან აზრზე ვერ მოვიდა, პირი დააღო. მერე, ირინა რო აითესა, ყველაფერი მოწვა და ორმეტრიანიც აამუშავა:
– ერთი ამათ უყურე… ამ გათახსირებულებს, ამ სასიკვდილეებს… ვისი ხარ, ბიჭო, შენ?! ან ის ვინ იყო, ის გაფუჭებული… სად ცხოვრობ? მოდი ახლავე შენს მშობლებთან წამიყვანე!..
სწრაფად მომიახლოვდა, რო ჩემთვის ჩაევლო, მაგრამ ადგილიდან მოვწყდი და ირინასავით მეც კიბეებს გადავაფრინდი. ორ-ორ საფეხურს გიჟური სისწრაფით ჩავრბოდი, თან მაგრა მინდოდა ირინას დავწეოდი, ირინა კი არსად ჩანდა.
მერე მახსოვს, დიდხანს ეზოში არ ჩავდიოდი, რო ლამარას არ დავენახე… ბედზე მე და ირინას მაინცდამაინც კარგად არ გვიცნობდა და ამიტომ თუ ცოტა ხანს თვალში არ შევეჩხირებოდი, ჩემთვის უკეთესი იყო. ირინაც სახლში იყო გამოკეტილი, ეზოში ვერ ვხედავდი. დღეების განმავლობაში ფანჯარასთან ვიდექი და ჩუმად ვიყურებოდი. დედაჩემი კიდევ მთელი დღე შუბლს მისინჯავდა…
მე ვიდექი ფანჯარასთან და ბავშვებს ვუყურებდი და უკვე ცოტა დიდად ვგრძნობდი თავს… იმიტო კი არა, რო ლამარამ ნიფხავჩახდილებს წაგვასწრო… არა… იმიტო, რო კიბეზე რო დავეშვი, ძალიან მინდოდა, ირინას დავწეოდი და მენახა… ვიცოდი, რო სადღაც იმალებოდა და ტიროდა… მინდოდა რა, ირინას ნახვა… სხვა არაფერი…
ამ ამბის მერე ირინა სექტემბრამდე აღარ მინახავს. დედამისმა პიონერთა ბანაკში გაუშვა და მთელი ზაფხული იქ გაატარა.
სექტემბერში, ერთ კვირა საღამოს ვნახე. უბანში მოძრავი კინოთეატრი მოდიოდა. გრძელი ტრაილერი იყო. შიგნით სკამები და დიდი ეკრანი, უკან პროექტორი და კინოს კაცი – ზერო.
მოძრავი კინოთეატრი ჩვენს უბანში ყოველ კვირა დღეს მოდიოდა. გრძელი მანქანის დანახვაზე ვგიჟდებოდი, ისე მიხაროდა. კინოთეატრის დიდი კაბინა, სადაც ფილმებს აჩვენებდნენ, თამბაქოს, დაუბანელი ფეხის და რაღაც უცნობი სუნით იყო გაჟღენთილი.
კაბინაში რკინის კიბით ავდიოდით. ყურში ახლაც ჩამესმის ფეხის ხმა რკინის კიბეზე. ძალიან მაგრა მიყვარდა ამ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.
კინოს ზერო უშვებდა – ნაოჭებიანი და ნაკოლკებიანი, უხეში და სიტყვაძუნწი კაცი. პროექტორის კაბინაში იჯდა ხოლმე და სიგარეტს ეწეოდა. კედლებზე მაშინდელი შიშველი ქალების ფოტოები ჰქონდა გაკრული. ამ უთვალავ ფოტოში მხოლოდ სამი სურათი იყო ისეთი, საიდანაც ჩაცმული ადამიანები იყურებოდნენ: სტალინი, ჩაპლინი და ნატო ვაჩნაძე. ზეროს მარცხენა ოთხ თითზე 1948, მარჯვენა მხარზე კიდევ “თქვი მართალი” ეწერა.
– რა გინდა, ბიჭო, კინო გინდა?
გვეკითხებოდა ხოლმე, როცა ბავშვები პროექტორის კაბინის ღია კართან მივცვივდებოდით.
– წადი, მამაშენს 10 კაპიკი გამოართვი და მერე მოდი…
– კინო მოვიდა…
სულს ძლივს ვითქვამდი და დედაჩემს ვუყურებდი.
– მამაშენს უთხარი…
მამაჩემი დივანზე იწვა და გაზეთის ქვეშ ხვრინავდა.
– მა… მა…
გაზეთი სუნთქვას წყვეტდა.
– ჰმ… რა იყო…
– კინო მოვიდა…
– გაკვეთილები ისწავლე?
– ვისწავლე…
გაზეთი ფრთხილად გადავხადე. ცალი თვალი გახელილი ჰქონდა და უნდოდ მიყურებდა.
– ვის ჩააბარე?
– მაყვალას… ხო ჩაგაბარე, მაყვალა?
დებილ მაყვალას გავხედე და თვალის ჩაკვრა მოვასწარი, თორე იტყოდა – არ ჩაუბარებიაო.
– ჩამაბარა, ხო… ყველაფერი იცის…
– მაყვალას თუ ჩააბარე, როგორ არ გეცოდინება…
მაყვალას შევატყვე, რომ პირდაპირ გაიგო მამაჩემის ნათქვამი და ალალად გაუხარდა. საწყალი მაყვალა. შევპირდი – ახალ, კარგ პასტას მოგცემ მეთქი, მამაჩემს ფული გამოვტაცე და გადარეული გავვარდი რკინის კიბეებიან მანქანასთან. ბავშვები უკვე მოგროვილიყვნენ. მერე ზერომ კარი გახსნა და შევლაგდით. რკინის კიბეზე ფეხის ხმა… ნაცნობი სუნი… ხის გასაშლელი სკამები და ხმაური დაჯდომისას… მერე კინო… მახსოვს, იმ საღამოს პირველად ვნახე “ფანტომასი” და გადავირიე. ყველა გადაირია. ირინაც მაშინ ვნახე… ნათელი კინოკადრის შუქზე უეცრად შევნიშნე. წინა რიგში იჯდა. მაშინ, ყაყაჩოებში რომ ვიყავით, იმნაირად დამაზრიალა… შეცვლილი მეჩვენა. ძუძუები ჰქონდა წამოზრდილი. გარეთ როგორ ვერ დავინახე-მეთქი, მიკვირდა. მერე უცებ დებილი მაყვალა გამახსენდა და ძალიან შემეცოდა. ალბათ მაგასაც უნდოდა კინო, მაგრამ ვინ გამოუშვებდა?..
მაყვალა დედაჩემმა ბებიაჩემ ელისოს სოფლიდან ჩამოიყვანა. ერთი გაჭირვებული ოჯახის შვილი იყო. დედაჩემს შვილების გაზრდაში ეხმარებოდა. სამაგიეროდ, დედაჩემი ინახავდა, ტანსაცმელს და ცოტა ფულს ჩუქნიდა. მაყვალა ჭკუასუსტი იყო. მაშინ 20-25 წლის იქნებოდა. დაბალი და სქელი, ხუჭუჭთმიანი, მსხვილი ტუჩებით და საცოდავი გამოხედვით. დიდი ხნით მაყვალას სახლში მარტო დატოვება არ შეიძლებოდა – რამე უბედურებას დაატრიალებდა, მარა დედაჩემს მაგრა ეხმარებოდა. ერთი ჩემოდანი ჰქონდა მაყვალას, სადაც დედაჩემის ნაჩუქარ რაღაცეებს ინახავდა. საწერი პასტების შეგროვებაც უყვარდა. მეუბნებოდა, ჩემს სოფელში ერთი მეგრელი ქალი იყო ჩამოსულიო, გამიცნოო და ძალიან მოვეწონეო. მითხრაო, რო ჩემთან წაგიყვანო, დასაქორწინებელი ბიჭი მყავსო, იანური ჰქვიაო და ცოლად მოგიყვანსო. ახლაო, თქვენგან რო წავალო, იანურის დედა ჩამოვა, წამიყვანს თავის სახლში და იანურს მიმათხოვებსო. ძალიან ბედნიერი იყო მაყვალა, იმიტო, რო ალალად სჯეროდა იმ ქალის დანაპირები. მე დავცინოდი და ვეუბნებოდი, იანვარს როდის უნდა გაყვე ცოლად-მეთქი. იანვარს რო ვეუბნებოდი, წყინდა – ჩემოდნიდან ჩემს ნაჩუქარ პასტებს ამოიღებდა და მიბრუნებდა: არ მინდა შენი არაფერიო. მერე შემეცოდებოდა ხოლმე და ვურიგდებოდი. წყენა რო გადაუვლიდა, პასტებს ისევ ჩემოდანში ინახავდა.
იმ საღამოს, კინოდან რო გამოვედით, ირინა ისევ დამეკარგა. ვერსად დავინახე. აშკარად მემალებოდა. მერე, ხან პადიეზდში, ხან ქუჩაში რო მხვდებოდა, არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, გამირბოდა. თანაც იმას უკვე ძუძუები ჰქონდა წამოზრდილი, მე კიდევ ძმაკაცებთან ერთად კრიშაზე ავდიოდი და ჯიბით სექს-კარტები ამქონდა… ჩვენს ცხოვრებაში უკვე სხვა დრო იყო დამდგარი…
ლამარასთან წყლის დასალევად იმ ამბის მერე აღარც მივსულვარ. ერთადერთხელ მახსოვს: ველოსიპედით ბუდკასთან ჩავიარე. ლამარა სულ მარტო იჯდა და ტიროდა. მერე დიდი ბიჭებისგან გავიგე, ძუძუზე კიბო აქვსო. ერთხელაც მაღაზიაში მოვკარი ყური – ირინას ბოზი დედა ლაპარაკობდა, ორივე ძუძუ მოაჭრესო. ერთ დღეს კი ბუდკის ფანჯარაში ლამარას გადიდებული ფოტოსურათი დავინახე… ლამარა მოკვდა…
ბოლოს ზეროს კინო რო ვნახე, ირინას უკვე დიდი ძუძუბი ჰქონდა გაზრდილი. ერთხელ ზერო დიდმა ბიჭებმა გალახეს და იმის მერე ჩვენს უბანს საერთოდ არ გაკარებია. მაყვალას პასტებს აღარ ვჩუქნიდი, იმიტო, რო დებილი მაყვალა დედაჩემმა სოფელში გაუშვა – მე და ჩემი ძმა დიდები ვიყავით და ვინმეს მოხედვა აღარ გვჭირდებოდა. იანვარის დედას მაყვალა არც გახსენებია და არ ჩაუკითხავს. ეგ რო მომხდარიყო, უეჭველად გავიგებდი.
მერე ამ ქვეყანაში ისეთი ამბები დაიწყო, რო გახსენებაც არ მინდა. ეგ სხვამ გაიხსენოს…
ვდგავარ ახლა ფანჯარასთან და ვხედავ, რო ლიფტიორების დაშლილ ბუდკას ნაგვის მანქანაზე აწყობენ. ვერაფერს ვერ ვგრძნობ, უემოციოდ მივჩერებივარ მდიდარი მეზობლის მუშებს.
მერე ვიგრძენი, საღამოს… ძმაკაცებთან ერთად იაფფასიან ხინკალს რო ვჭამდი და იაფფასიანი არყით რო ვიყავი გაგლეჯილი მთვრალი. ამათი დედა მოვტყან-მეთქი, ვიძახდი, ყველაფერი, სუ ყველაფერი წაგვართვეს-მეთქი… ვინ წაგართვა, რა წაგართვაო? – უაზროდ მეკითხებოდნენ ბიჭები და თვალების ნელი ხამხამით ხინკლის კუჭებს ჩაჰყურებდნენ. ეგ მე ვიცი-მეთქი, მარტო მე-მეთქი.
მერე ვიწექი… სახლში, ჩემს ლოგინში… ათასგან დაჭრილი კაცი რო წევს, მომაკვდავი, და ვერაფერს რო ვერ გრძნობს. ეგეთ რამეს ვგრძნობდი… უფრო სწორად, ვერაფერს ვგრძნობდი. მარა რაღაც მაწუხებდა… ძაან მაწუხებდა… ესე იგი, რაღაცას მაინც ვგრძნობდი…
მაგალითად, იმას, რო ძლივსძლივობით რო შემოვედი უბანში, ჩემს
პადიეზდთან მეზობლის უძვირფასესი მანქანა იდგა, შავი პანტერასავით. საქარე მინის ქვეშ სიგნალიზაციის წითელი ნათურები მუქარით ციმციმებდა.
ავდექი… ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ავდექი. აივანზე გავედი, გადავიხედე. მანქანა ზუსტად ჩემი აივნის ქვეშ იდგა, ხუთი სართულით ქვემოთ. დიდი ხნის წინ, როცა მე და ირინა ერთმანეთს ვაჩვენებდით, ბებიაჩემმა ელისომ მთხოვა, რო ერთი მოზრდილი ქვა მეპოვნა სადმე, ეზოში. გავრეცხავ, გავაკრიალებ და კომბოსტოს წნილს რო ჩაგიდებთ დიდ ქოთანში, თეფშიანად ზედ დავადებო, ბაბო გენაცვალოსო… მეც წავედი და მოვუტანე. აივანზეც იმიტო გავედი, რო ეგ ქვა გამახსენდა…
ცარიელი ქოთანი აივნის კუთხეში იდგა. ხელი ჩავყავი – ქვა ფსკერზე იდო. ამოვიღე და ცოტა ხანს ვჭოჭმანობდი… მერე უცებ შევგულიანდი – შუქი არსად არ იყო და მთელი უბანი წყვდიადში იწვა. გადავწყვიტე… ქვა ვარაუდით მანქანის საქარე მინას დავუმიზნე, შენი დედაც მეთქი – მანქანისკენ ჩუმად ჩავძახე და…
ბებიაჩემი ელისო ამ გაზაფხულზე გარდაიცვალა. შვილიშვილებს გვეფერებოდა ხოლმე: გენაცვალათ ბაბო პროჭის კვირისტავებშიო…
მთელი ღამე კომბოსტოს წნილის სუნი მცემდა. ბებიაჩემ ელისოს დაბარებული ქვა ლოგინში, თავთან მედო და ისე მეძინა…© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (იანვარი, 2009)
“La femme promise”
Jean Rouaud
“ქალის შეპირება”
ჟან რუო
422გვ, Gallimardროდესაც ორი უცნობი ადამიანი – ქალი და კაცი ერთმანეთს ხვდება, მათ ერთმანეთთან მხოლოდ აწმყო აკავშირებთ. არ არის გამორიცხული, შემდეგ მომავალმაც დააკავშიროს, მაგრამ წარსულთან პირისპირ შეხლა ცოტა არ იყოს, უცნაურია. მათი წარსული კი ასე გამოიყურება: დანიელი – ბირთვული ფიზიკის მკვლევარი, მერიენი – პერსპექტიული მხატვარი. სად ან როდის გადაიკვეთა ამ ორი ადამიანის წარსული, რატომ აღმოჩნდნენ ისევ ცხოვრების გავლილი წლების წინაშე – ამას ფრანგი მწერალი, გონკურის პრემიის ლაურეატი, ჟან რუო, თავის ახალ რომანში გვიყვება.
“The Secret Scripture”
Sebastian Barry
“საიდუმლო საღვთო წერილი”
სებასტიან ბარი
300გვ, Vikingგასული ასწლეულის ირლანდია, გადატრიალებებისა და ძალადობრივი ხელისუფლების ქვეყანა; ისტორია, რომელიც საბოლოოდ ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებას თავის კუთვნილებად და წარსული ამბების შეკვრად აქცევს, მანამდე კი ამ ამბებში ჩვეულებრივი ადამიანები არიან გარეულნი, მათი თანამონაწილეობით ხდება მკვლელობები, ისინი არიან მკვლელები ან მოკლულები. ირლანდიური სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლის ეპიცენტრში ამჯერად როზენია – სებასტიან ბარის ახალი რომანის პერსონაჟი. ქალის სილამაზე, ცბიერება, სისასტიკე და მოქნილობა თანადროული ეპოქის ადეკვატურია. “საიდუმლო საღვთო წერილი” 2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორთლისტში მოხვდა.
“Reborn: Early Diaries, 1947-64 “
Susan Sontag
“თავიდან დაბადება: ადრეული დღიურები, 1947-64”
სიუზან ზონტაგი
336გვ, Hamish Hamiltonსიუზან ზონტაგი 2004 წელს გარდაიცვალა, თუმცა კი თავის ვაჟს, და ასევე რედაქტორს, დევიდ რიფს, დღიურებითა და სხვადასხვა ჩანაწერებით სავსე ასამდე რვეული დაუტოვა. ერთ-ერთ მათგანს მკითხველი სწორედ ახლა გაეცნობა – “თავდან დაბადება” ახალგაზრდა კრიტიკოსი ქალის პორტრეტს გვთავაზობს, რომელიც ბოლოს იმ აზრამდეც მივა, რომ თავისი პირველი რომანი გამოსცეს, ერთი წლით ადრე კი კემპის თაობაზე დაწერილი ესე მას ცნობილი ამერიკელი ინტელექტუალის სახელს შესძენს. პარალელურად კი – პირადი ცხოვრება, ოჯახი, გაყრა, დედობა – ზონტაგის კარიერის დასაწყისი არაერთი საინტერესო ფაქტით იყო გამორჩეული, რაც მკითხველს კიდევ უფრო კარგად გააცნობს ავტორს.
“Charles Dickens and the House of Fallen Women”
Jenny Hartley
„ჩარლზ დიკენსი და დაცემულ ქალთა სახლი“
ჯენი ჰართლეი
288გვ, Methuenჯენი ჰართლეის ახალი წიგნი დიკენსის ბიოგრაფიითა და შემოქმედებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის კიდევ ერთი სიურპრიზია – ამბები, რომლებსაც ავტორი თავის ნაწარმოებში გვიყვება, მწერლის შესახებ აქამდე უცნობ და გაურკვეველ ბიოგრაფიულ დეტალებს გვიაშკარავებს. ჰართლეის მიხედვით, დიკენსის ცხოვრება რამდენადმე უკავშირდება ლონდონის გარეუბნის, Shepherd’s Bush-ის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეს, სადაც მკაცრ დისციპლინასა და სისასტიკეს გაქცეული ქალები თავს აფარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მწერალი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ თავშესაფარსა და მის ბინადრებს მფარველობას უწევდა.
“Rimbaud: The Double Life of a Rebel”
Edmund White
“რებმო: მეამბოხის ორმაგი ცხოვრება”
ედმუნდ უაითი
192გვ, Atlanticმას შემდეგ, რაც არტურ რემბო 37 წლის ასაკში მარსელის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მისი სახელი სიმბოლისტების, დადაისტების, ეგზისტენცალისტებისა და სიურეალისტების გავლენების შემდეგ მოდერნიზმის პიონერად იქნა კანონიზირებული; ამის გარდა მასვე მიეწერა არაერთი მითიური სტატუსი – ანტიგმირი, მეამბოხე ყველასა და ყველაფრის მიმართ, ჭირვეული პოეტი, და ბოლოს, ლიტერატურის გენიოსი… ალბათ იოლი არ არის, ასეთი ადამიანის ბიოგრაფიის დაწერა, თუმცა, წიგნის ავტორი, ედმუნდ უაითი ამბობს, რომ წერის პროცესში მან პოეტთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეძლო და რაღაც დროის განმავლობაში სურვილიც კი გაუჩნდა, რომ რემბო ყოფილიყო. მკითხველი უაითის ახალ წიგნში არაერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს ფრანგი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
“Meine Preise”
Thomas Bernhard
“ჩემი ჯილდოები”
თომას ბერნჰარდი
139გვ, Suhrkamp“ჩემი ჯილდოები” ავსტრიელი მწერლის აქამდე გამოუქვეყნებელი ტექსტია, რომელიც მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა – ბერნჰარდი 1989 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა. ავტობიოგრაფიული ნაწარმოების სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა, და რომელთაც იგი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (იანვარი, 2009)
ანკა ვისდეი, „მუდამ ერთად“. (პიესები). მთარგმნელები გიორგი ეკიზაშვილი, ქეთი კვანტალიანი, გურანდა დათაშვილი. თბ. „აგორა“ 2008.
ანკა ვისდეი 30-მდე პიესის ავტორია. წარმოშობით რუმინელი, შვეიცარიელი ავტორი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, მისი პესები კი წარმატებით იდგემა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს მის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებს – „მუდამ ერთად“ უკვე არაერთ ენაზეა თარგმნილი და დრამატურგსაც ჟორჟ ულმონის სახელობის პრემია მოუტანა. გახლეჩილი ოჯახი, ერთმანეთისგან შორს მყოფი უახლოესი ადამიანები, დროში გაწელილი სიმარტოვე და მუდმივი სწრაფვა ერთმანეთისკენ, ტკივილი და სიხარული – ანკა ვისდეის ტექსტებში ერთი მეორეს ჰარმონიულად ერწყმის. წიგნში ასევე წაიკითხავთ ვისდეის სხვა პიესებსაც – „კლასის ფოტოსა“ და „დონა ჟუანას“.
ჯეიმს ჯოისი, „დუბლინელები“. (მოთხრობები). მთარგმნელი ლია იმერლიშვილი. თბ. „სიესტა“ 2008.
მეოცე საუკუნის ადრეული წლების ირლანდიური ქალაქის ცხოვრება, ადამიანები ქალაქში – უბედურებებითა და ბედნიერებებით, ტკივილითა და სიხარულით, საშუალო სოციალური ფენის უფერული ყოველდღიურობა და მასთან დოზირებული ადამიანური ემოციები – ეს ჯეიმს ჯოისის მოთხრობებია, სიმარტივით, დახვეწილობითა და დამახასიათებელი განწყობით შექმნილი ტექსტები. კრებული „დუბლინელები“ მწერლის თხუთმეტი მოთხრობისაგან („დები“, „ეველინი“, „არაბეთი,“ „უბედური შემთხვევა“, „ავტორბოლის შემდეგ“, „მიცვალებულნი…“) შედგება, წიგნის ახალი ქართული თარგმანი კი ლიტერატურის გურმანებისათვის ნამდვილი საჩუქარია.
ჯემალ ქარჩხაძე, “მდგმური”. (რომანი). რედაქტორი ლეილა ბერიაშვილი. თბ. „ქარჩხაძის გამომცემლობა“ 2008.მიზანი მაცდურია – სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ, როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა… სხვისი მიზნები, რომლებიც თითქოს შენია, სხვისი ქალაქი, რომლის ქუჩებშიც ისე დააბიჯებ, თითქოს შენი იყოს, სხვისი სახლი, სადაც საკუთარ ნივთებთან ერთად ცხოვრობ, სხვა ადამიანები, სხვა საგნები… ადამიანები საკუთარი ცხოვრებით და სხვისი მიზნებით – ჯემალ ქარჩხაძის რომანის, „მდგმურის“ ახალი გამოცემა მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელი მწერლის ნაცნობ პერსონაჟებსა და მათს თავგადასავლებს.
ენტონი დ. სმითი, „ნაციონალური იდენტობა“. მთარგმნელი ლელა პატარიძე. რედატორი რუსუდან მახათაძე. თბ. “ლოგოს პრესი” 2008.
დღევანდელ მსოფლიოში ნაციონალიზმის მოზღვავებამ ნაციონალური ფენომენის სფეროს მიმოხილვისა და კვლევის აუცილებლობა წამოჭრა, ენტონი დ. სმითის წიგნიც სწორედ ამ განხრით შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია. “ნაციონალური იდენტობა” საკითხს ისტორიული სოციოლოგიის კუთხით განიხილავს, და მკითხველსაც საშუალება ეძლევა პასუხები მიიღოს არაერთ საკამათო და დაუზუსტებელ თემაზე. ნაციონალური იდენტობის ეთნიკური საფუძველი, ნაციების აღმოცენება, სეპარატიზმი და მულტინაციონალიზმი, გეოპოლიტიკა და ნაციონალური კაპიტალიზმი – ეს ის საკითხებია, რომლებიც არა მხოლოდ სოციოლოგიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას იპყრობს, არამედ ზოგადად ფართო აუდიტორიისაც.
ლუი ფერდინან სელინი, „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. (რომანი). მთარგმნელი სიბილა გელაძე. რედაქტორი დალი გერმანიშვილი. თბ. „თსუ გამომცემლობა“ 2008.
ომის თემატიკაზე მსოფლიო ლიტერატურის არაერთი ნიმუში შექიმნა, თითოეული მათგანი – სიმძაფრის დამახასიათებელი გამოხატულებით, მოვლენების აღქმის სხვადასხვა რაკურსით, ავტორისეული განსაკუთრებული ხედვით. ფრანგი მწერლის, ლუი ფერდინან სელინის რომანიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ვითარებას, ბრძოლის ველსა და მის მიღმა განვითარებულ მოვლენებს გვიხატავს, მისი პერსონაჟები ომის ეპოქაში ცხოვრობენ და ეპოქის გავლენებსა და დაძაბულობასაც თან ატარებენ. „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ რომანის პირველი ქართული თარგმანია.
ნიკა ჯორჯანელი, “სუნთქვა ხუთვისას”. (ლექსები). თბ. “დიოგენე” 2008.
პოეზიის მოყვარულებისათვის ნიკა ჯორჯანელის სახელი უცხო ნამდვილად არ არის. მკითხველი მას უკვე იცნობს პოეტური კრებულით “განცდა ხავერდისაგან”. ამჯერად კი, პოეტის კიდევ ერთი წიგნი გვაქვს ხელთ – “სუნთქვა ხუთვისას” მისი ახალი კრებულია და აქ წარმოდგენილია 2004-2008 წელში დაწერილი ლექსები (“ღამის აკორდები ზღვისპირეთში, “ “სტანსები სამშობლოს”, “ჰიმნი ვარდისფერ სათვალეს”, “ სამხრეთული ელეგიები”, “თოვლის მატარებელი”…) ორიგინალური ფორმა-შინაარსი, დამახასიათებელი ხელწერა, გამორჩეული სტილი და ხმა – ეს ყველაფერი მკითხველს ნიკა ჯორჯანელის პოეტურ კრებულში ელოდება.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (იანვარი, 2009)
ჰორას ენგდალი თანამდებობას ტოვებს
ჰორას ენგდალი, მწერალი და კრიტიკოსი, 1999 წლიდან ნობელის კომიტეტის უცვლელი მდივანი, 2009 წლის ივნისში თავის პოსტს დატოვებს. მის მოვალეობაში სხვა დანარჩენთან ერთად ასევე შედიოდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებაც. მის თანამდებობას ივნისიდან 51 წლის ისტორიკოსი პეტერ ენგლუნდი დაიკავებს – შვედეთის სამეფო აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. თეორიულად აკადემიის მდივნის პოსტი მისი მფლობელისათვის მუდმივია, თუმცა კი პრაქტიკაში არ არის გამორიცხული, რომ მდივანმა თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა, როგორც ეს ენგდალმა გააკეთა. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს, მეტი დრო დაუთმოს სამწერლო საქმიანობას და ბერლინის კაფეებს – გერმანიის დედაქალაქში ამჟამად მისი მეუღლე ცხოვრობს. ენგდალმა ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი მდივნის პოსტი – ეს ვალდებულებების დიდი დოზაა, ასე რომ, ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო.
პრუსტი ისევ იყიდება
ლიტერატურული რარიტეტების აუქციონმა Sotheby’s-მა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარსელ პრუსტის რელიკვიებზე ისევ დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა. მწერლის ჯიბის ოქროს საათი, რომელიც 2000 ევროდ იყო შეფასებული, 60 ათასად გაიყიდა, მედალიონი კი, რომელშიც ავტორის თმა იყო ჩატანებული – 12 ათას ევროდ. აღნიშნული ნივთების მყიდველები კი რიგითი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც, უბრალოდ, პრუსტის შემოქმედების თაყვანისმცემლები არიან. ასევე ცეცხლის ფასად გადავიდა ახალი მფლობელების ხელში მწერლის შვიდსტროფიანი ლექსი და ყავის ლაქით შემკობილი ჩანაწერი. ალენ რენე, Sotheby’s ვიცე-პრეზიდენტი, სულაც არ თვლის მოულოდნელად აუქციონის ამგვარ წარმატებას და აღნიშნავს, რომ პრუსტი – ეს ჯადოსნური სახელია, და მასთან დაკავშირებულ ნივთებს ყოველთვის ეყოლება მყიდველი, იმისდა მიუხედავად, იქნება კრიზისი თუ – არა. აუქციონის მოგებამ 1,58 მილიონი ევრო შეადგინა.
ლონდონში უილიამ ბლეიქის გამოფენა გაიმართება
2009 წლის აპრილში ლონდონის გალერეა Tate უილიამ ბლეიქის გამოფენას გახსნის. გამოფენაზე პოეტისა და მხატვრის ის ტილოები იქნება გატანილი, რომლებიც მხოლოდ 1809 წელს მის პერსონალურ გამოფენაზე იხილა აუდიტორიამ. მაშინდელი კოლექციის 16 ნამუშევრიდან ჩვენამდე მხოლოდ 11-მა მოაღწია. მათგან 9 დანამდვილებით იქნება წარმოდგენილი Tate-ში, დანარჩენი ორი კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ არის გამორიცხული, გლაზგოს პოლოკ-ჰაუს მუზეუმში დარჩეს. თავის დროზე ბლეიქმა გამოფენა ძმის სახელოსნიში, ლონდონის რაიონ სოჰოში მოაწყო, თუმცა, მაშინ ავტორს იმედგაცრუება ხვდა წილად – მისი პროექტი ფართო აუდიტორიის მიერ შეუმჩნეველი დარჩა, გაზეთებში კი მის შესახებ მხოლოდ კრიტიკული წერილები დაიბეჭდა. პირველი წარუმატებლობის შემდეგ ბლეიქმა პრაქტიკულად გაწყვიტა პუბლიკასთან ყველანაირი კავშირი და თავისი ცხოვრების შემდეგი ათწლეულიც სიღარიბესა და მარტოობაში გაატარა.
ვიქტორ ჰიუგოს რომანი გრძელდება
პარიზის სააპელციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ვიქტორ ჰიუგოს რომანს – “საბრალონის” თანამედროვე გაგრძელება უკვე ლეგალურად გამოიცემა. საჩივარი ჰიუგოს ნათესავებმა გამომცემლობა Plon-ისა და მწერალ ფრანსუა სერესას წინააღმდეგ შეიტანეს, რომლებმაც ორი რომანი გამოსცეს “საბრალონის” მოტივებზე. 2001 წელს დაბალი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ავტორის მორალური უფლებების დარღვევაში, თუმცა კი ავტორმა და გამომცემლობამ საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, რახან ჰიუგოს რომანი უკვე არაერთხელ იქნა ადაპტირებული თეატრსა და კინოში, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ეს ლიტერატურაშიც მოხდება. გარდა ამისა, ჰიუგოს ნათესავებს მწერლისა და გამომცემლობის მორალური ზარალის კომპენსაციისათვის 10 ათასი ევრო დაეკისრათ ჯარიმად.
ელიოტის პრემიის ახალი ლაურეატი
ჯენ ჰეფილდი თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრესტიჟული ბრიტანული პრემიის ლაურეატი გახდა. მან ჯილდო თავისი მეორე პოეტური კრებულისათვის – “Nigh-No-Place” _ მიიღო. პრემიის ჟიურის თავმჯდომარემ, ენდრიუ მოუშნმა, ჰეფილდს საოცრად ორიგინალური ავტორი უწოდა, რომელიც თავისი შემოქმედების დასაწყისში უკვე ავლენს საკმაოდ დიდ პოტენციალს. პოეტი ამჟამად შეთლენდის კუნძულებზე ცხოვრობს, მისი კრებული კი, როგორც იგი თვითონ აღნიშნავს, კანადასა და შოტლანდიაში მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებების გალენითაა დაწერილი. თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრემია 15 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან პოეტურ ჯილდოდ ითვლება. მისი ლაურეატები იყვნენ ტედ ჰიუზი, დონ პატერსონი, შეიმუს ჰინი, კეროლ ენ დაფი.
ჰემინგუეის არქივი ციფრული ფორმატში
გაზეთ Latin American Herald Tribune-ის ცნობით, ერნესტ ჰემინგუეის პირადი არქივის 3000-ზე მეტი საბუთი მალე ციფრულ ფორმატში გადავა. მათს შორისაა “მოხუცი და ზღვის” სცენარი ფილმისათვის და რომანის, “For Whom The Bells Ring”-ის ეპილოგი. აღნიშნული დოკუმენტები ადრე არსად ყოფილა გამოქვეყნებული. ციფრულ ტექსტებს შორის იქნება ასევე საბუთები, რომლებიც უკავშირდებიან ჰემინგუეის ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთ კუბის სანაპიროდან იმართებოდა. არქივი, რომლის კუთვნილებაც აღიშნული დოკუმენტებია, სახლ-მუზეუმში, სახელად “ფინკა ვიხია” (“Finca Vigia”) ინახება. სწორედ ამ სახლში, ჰავანიდან ჩრდილოეთით, ცხოვრობდა ჰემინგუეი 1939-1960 წლებში. გარკვეული დროის შემდეგ ციფრული არქივით სარგებლობის უფლება ბოსტონის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ექნებათ, მომსახურება უფასო იქნება.
ვინი პუჰი და მისი მეგობრები ბრუნდებიანბრიტანულმა გამომცემლობა Egmont Publishing-მა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე ვინი პუჰის თავგადასავლის გაგრძელება გამოჩნდება. წიგნი, რომლის სახელწოდებაც უკვე ცნობილია – “დაბრუნება ასაკროვან ტყეში” (“Return to the Hundred Acre Wood”), 83 წლის წინ ალან მილნის მიერ დაწერილი ვინისა და მისი მეგობრების თავგადასავლის პირველი ოფიციალური გაგრძელება იქნება. ვინი პუჰის ახალი ისტორიების ავტორი დევიდ ბენედიქტუსი იქნება, სწორედ მას ეკუთვნის სცენარი მილნის აუდიოწიგნისათვის. გამოცემის მხატვრული გაფორმება კი მარკ ბერჯესს ანდეს, რომელმაც ადრე უკვე შექმნა ილუსტრაციები წიგნისათვის, სადაც ვინისა და დათუნია პადინგტონზეა მოთხრობილი.
თომას ბერნჰარდის ავტობიოგრაფია გერმანიაში გამოიცემა
გერმანულმა გამომცემლობა Suhrkamp-მა ავსტრიელი დრამატურგის, თომას ბერნჰარდის (1931-1989) აქამდე გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიული ტექსტი გამოსცა. წიგნს “ჩემი ჯილდოები” (“Meine Preise”) ჰქვია და 140 გვერდს მოცავს. პირველი გამოცემა, რომლის ტირაჟსაც 20 ათასი ეგზემპლარი შეადგენს, მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა. ავტობიოგრაფიული ტექსტის სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა. მაშინ მწერალი ამტკიცებდა, რომ ამ ჯილდოების მიღება მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათი მატერიალურ-მერკანტილური მხარეები. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.
ქენძაბურო ოე – ჩინური ლიტერატურული პრემიის ლაურეატი
იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქენძაბურო ოე, ჩინეთის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა საკუკეთესო საზღვარგარეთული რომანისათვის. მწერალმა ჯილდო წიგნისათვის “მშვენიერ ანაბელ ლის ქარმა დაუბერა და მოკლა” (“Routashi Anaberu ri souke dachitu mimakaritu”) _ მიიღო, რომელიც იაპონიაში 2007 წელს გამოიცა. დაჯილდოების ცერემონიალზე მწერალმა თავისი წიგნიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია ამ პრემიით განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისაგან, სადაც მკითხველი საკმაოდ პრეტენზიულია თანამედროვე ლიტერატურის მიმართ. ოე პირველი იაპონელი ავტორია 2000-იანი წლების შემდეგ, რომელმაც ჩინური ლიტერატურული პრემია მიიღო.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
იოჰან ვოლფგანგ გოეთე – სცენა “ფაუსტიდან”
-
მიკა ხარაბაძე
Ik’s Gravity[1]
სინოფსისის წერა მაინცდამაინც არ მიყვარს, სცენარის წერა მირჩევნია. სინოფსისის წერისას სულ მეჩვენება, რომ ჩანაფიქრი არ ვარგა და მისი დამუშავება არ ღირს (ვიცი, დროდადრო ყველა “მესცენარეს” ასე ჰგონია, მაგრამ მე ეს ნაკლებად მამშვიდებს). საკუთარი ჩანაფიქრით აღფრთოვანებული სცენარის წერის დროსაც არ ვარ – უბრალოდ, პრობლემები სცენარის წერისას უფრო ასატანი მეჩვენება (არ ვიცი, რატომ), ვიდრე “სინოფსისფსმისას.”
ავიღოთ ასეთი მონახაზი: ფილმის დასაწყისში გმირი კედელს მიჯაჭვული აღმოჩნდება, რადგან მსოფლიო მიზიდულობის კანონი ოკაზიურად დაირღვა და მიწის პერპენდიკულარულ სიბრტყეში (მხოლოდ გმირისთვის) გადაადგილდა. გმირი ფილმის ბოლომდე მიწაზე ვერ ჩამოდის, სხვა პერსონაჟები კი ამაოდ ცდილობენ ამ მოვლენის ახსნას.
მოქმედების ადგილი მასაჩუსეტსია (არა მარტო იმიტომ, რომ ის ჰოლივუდთან უფრო ახლოსაა, ვიდრე, ვთქვათ, ქვემო მსხალგორი ან ზემო მაჩხაანი, არამედ იმიტომაც, რომ ბოსტონი მასაჩუსეტსშია, ჰარვარდის უნივერსიტეტი ბოსტონთანაა, გმირის მამა ჰარვარდის ლაბორატორიებში ლეპიდოპტეროლოგიურ[2] გამოკვლევებს აწარმოებს, გმირი კი მეგობარ გოგონასთან ერთად მაიამიდან ბოსტონში მამასთან საშობაოდ მიემგზავრება და “ხიფათიც” მაშინ შეემთხვევა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ჰენრი ჯეიმსის[3] დროინდელი ახალი ინგლისის რუკა მაქვს, რომლის გამოყენებასაც ბავშვობიდან ვაპირებ… მინდა, “ძარღვიანად” აღვწერო ადგილები, სადაც, ვიცი, ფეხს ვერასდროს დავადგამ). გმირს იკ ნიუტონი ჰქვია. ის სარეკლამო და მუსიკალური კლიპების რეჟისორია, ოცდაათი წლის, ჟიგოლოს გარეგნობით. მართალია, იკი ნარკოტიკებს ეტანება და ქალებსაც სცემს, მაგრამ პროფესიულ წრეებში მოწესრიგებული, ნიჭიერი, ზომიერად ფიცხი რეჟისორის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ნამუშევრები საუკეთესოთა სიებში ხშირად ხვდება, თუმცა იკი “დიდ კინოში” გადასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს, რადგან თვლის, რომ თავის სათქმელს ისედაც კარგად ამბობს. ის კმაყოფილია, როცა რეკლამის საშუალებით საგნების უჩვეულო კუთხით წარმოჩენას ახერხებს, როცა ადამიანებს საგნების იმგვარად აღქმას აიძულებს, რაგვარადაც ადრე არავის აღუქვამს. იკს მოსწონს ბრბოს გემოვნების წარმართვა, დროდადრო ამ გემოვნების ახლად შექმნა, ამ გემოვნებით მანიპულირება.
როცა ფილმის დასაწყისზე ვფიქრობ, თვალწინ ასეთი სცენა წარმომიდგება: იკი მოტელ “მუტალას”[4] ნომერში სააბაზანო ოთახის კარზე აკაკუნებს. სააბაზანო ოთახში იკის მეგობარი გოგონაა ჩაკეტილი. იკი მას კარის გაღებას სთხოვს. გოგონა არ გააღებს. იკი კაკუნს განაგრძობს, თანდათან მოთმინებიდან გამოდის, კარს მუშტებს დაუშენს. გოგონა კარს კვლავ არ გააღებს. იკი საშინლად განრისხდება, გოგონას კარის შემტვრევით დაემუქრება. გოგონა სააბაზანო ოთახის ვიწრო სარკმლიდან ქუჩაში გადაძვრება და ავტოსტრადისკენ გაიქცევა. ნომერში მარტო დარჩენილი იკი, რომელიც გოგონას გაპარვას ვერ გაიგებს, შორიდან გამოექანება, ჰაერში ახტება და სააბაზანო ოთახის კარს ორივე ფეხით მიენარცხება. კარი არ შეიმტვრევა, იკი კი თითქოს მიეწებაო, ორივე ფეხით კარზე შემდგარი დარჩება. ის იატაკზე ჩამოსვლას შეეცდება, მაგრამ ვერ მოახერხებს. ჯერ კარზე, შემდეგ კედელზე გაუბედავად სიარულს დაიწყებს. შეეცდება, ჭერზე ან სხვა კედლებზე გადავიდეს, მაგრამ ვერც ამას მოახერხებს…
ამრიგად, იკისთვის მიზიდულობის ცენტრი სხვა მიმართულებით, მხოლოდ ერთი კედლის მხარეს გადაინაცვლებს. ცხადია, მოქმედების განვითარებასთან ერთად ამ მოვლენის გარშემო უამრავი ბუნებრივი კითხვა გაჩნდება. მაგალითად, ასეთი (თუმცა ფილმი მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას არ შეეწირება):
რატომ არ შეუძლია იკს სხვა კედელზე ან ჭერზე გადასვლა?
რა მოხდება, სულ იმ მიმართულებით რომ იმოძრაოს, საიდანაც “იზიდავენ” – დედამიწას შემოუვლის და საწყის ადგილას დაბრუნდება თუ რაღაც გარკვეულ წერტილში კვლავ “ნორმალური” გახდება?
არიან კიდევ სადმე ადამიანები მსგავსი შესაძლებლობებით და არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
რა არის ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი – ცვლილებები ორგანიზმში, ცვლილებები სამყაროში, წარსულში ჩადენილი რაიმე ცოდვა, მისტიკა (სულებთან კავშირი), აფექტი (რისხვის შემოტევა), დაუკმაყოფილებელი ლიბიდო? ან იქნებ რაიმე ზებუნებრივია ამის გამომწვევი და “ადამიანური” მეთოდებით შეუძლებელია მიზეზის დადგენა?
საერთოდ, მიზეზის დადგენა რომ მოხერხდეს, იკის მიწაზე ჩამოსვლაც მოხერხდება?
ცნობილია, რომ დრამატულ ნაწარმოებში აუცილებლად უნდა წარმოებდეს რაღაც მოქმედება, თორემ ნაწარმოები “დრამატული” ვეღარ იქნება. კონფლიქტი, როგორც ცნობილია, წარმოშობს მოქმედებას. კონფლიქტს, თავის მხრივ, წარმოშობს ხასიათი პროტაგონისტისა, როცა ეს უკანასკნელი ანტაგონისტებითაა გარშემორტყმული. თუ დრამატული ხელოვნების სანახაობით სახეობებზეა საუბარი (მაგალითად, სათავგადასავლო ფილმებზე), მაშინ მოქმედება რაც შეიძლება მძაფრი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელი მოიწყენს. მაყურებელმა რომ არ მოიწყინოს (კინოპროდუქციის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დედამიწის ზურგზე ფილისტერებისთვის იქმნება, ხომ ასეა?), ამისათვის პროტაგონისტის კედელზე მოთავსება საკმარისი არ არის. ამისათვის კონფლიქტია საჭირო. რასაკვირველია, როცა პროტაგონისტი კედლიდან ვერ ჩამოდის, შეიძლება თქმა, რომ სიტუაცია კონფლიქტურია, მაგრამ მაინც მეტი რამ არის საჭირო – ვთქვათ, მეტი კონფლიქტი, ან არსებულის გაღრმავება. ვცადოთ გაღრმავება.
ახლა იმ შესაძლო ვარიანტებს ჩამოვთვლი, რაც, მგონია, ნებისმიერ ჰოლივუდელ სცენარისტს მოუვიდოდა თავში:
იკის “ფენომენის” შესახებ პრესა და ტელევიზია შეიტყობს. ტელეკომპანიებს შორის იკის გამო ნამდვილი ომი გაჩაღდება. მთელი მეცნიერება ფეხზე დადგება. იკი საქვეყნოდ ცნობილი გახდება, მაგრამ თავისუფლებას დაკარგავს.
იკი თავისი ახალი უნარის ფარულად გამოყენებას დაიწყებს. მას ნებისმიერი მრავალსართულიანი სახლის ფანჯრებში შეუძლია შეჭვრეტა, ვუაიერისტული ოცნებების ასრულება. შეუძლია რეკორდების დამყარება ალპინიზმში, ცათამბჯენებზე აძვრომა-ჩამოძვრომაში. შეუძლია “სუპერმენად,” “ბეტმენად,” “სპაიდერმენად” გადაქცევა.
იკის უჩვეულო შესაძლებლობების შესახებ ყველაზე ადრე CIA (ЦРУ) შეიტყობს. იკს “აიყვანენ,” საიდუმლო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად მოათავსებენ, მაგრამ მაფია (გნებავთ, ალ-ქაიდა) იკს გაიტაცებს და თავის შავბნელ საქმეებში მის ჩათრევას შეეცდება.
უცხოპლანეტელები დედამიწაზე აგენტებს შეარჩევენ – როგორც ჩანს, გალაქტიკაში ახალი კატაკლიზმია მოსალოდნელი. დანიშნულ დროს ყველა აგენტს შეკრებენ (“მიიზიდავენ”), რათა დაარიგონ, როგორ უნდა უზრუნველყონ კაცობრიობა სხვა განზომილებაში გადასვლისას სიმშვიდით. სიმშვიდით. სიმშვიდით.
დაახლოებით იგივე, რაც წინა პუნქტში, ოღონდ აგენტებს ამჯერად ლუციფერის მოციქულები შეარჩევენ – როგორც ჩანს, დედამიწაზე მისი უწმინდურესობა აპირებს ჩამობრძანებას. უფრო სწორად, ამობრძანებას.
ფროიდისტულ-დიდაქტიკური ამბები. იკს ბავშვობაში რაღაც საძაგლობა აქვს ჩადენილი, რაც საერთოდ აღარ ახსოვს, მაგრამ ზებუნებრივი ძალები ამ გზით შეახსენებენ ყველაფერს. როცა იკი იმ წერტილში მოხვდება, საიდანაც “იზიდავენ,” საიდუმლოს ფარდა აეხდება (ასეთივე რამ შეიძლება რელიგიურ-ზნეობრივი ამბებით, ტელეპატიით, მოგზაურობა-გამოკვლევით ვიღაცის გადასარჩენად და ა.შ.).
კვაზიმეცნიერული ისტორია. გლობალური ცვლილებები მატერიაში. წათამაშება გრავიტაციასთან, ფიზიკისა და ბიოფიზიკის ფუნდამენტურ კანონებთან (კლონირება არ გვინდა). ამიერიდან ყველა მოკვდავს შეეძლება გარკვეულ მდგომარეობაში (ვთქვათ, რისხვის შემოტევისას) მსგავსი უნარის გამომუშავება.
ექსცენტრიკული კომედია. იკი თავისი შეძენილი უნარით ქუჩაში მარტოდმარტო აღმოჩნდება. მას უამრავი თავგადასავალი გადახდება (დევნაც იქნება ვირაჟებით), რომლის დროსაც იკი ყველანაირად შეეცდება, არავინ არაფერი გაიგოს… ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.
ფილოსოფიური იგავი. ცხოვრების ამაოებისაგან უნებლიე განდგომა. ფასეულობათა გადაფასება. ჭეშმარიტების ძიება. მოკლედ, ერთგვარი ბუდა იძულებით.
და ბოლოს სიზმარი. იკს დაესიზმრება, რომ ის ნორმალურ მდგომარეობაში გაიღვიძებს, მაგრამ ახლა სხვები “ამოტრიალდებიან.” უმრავლესობას ჯადოსნური ღრუბელი მიიწებებს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს (ვინც შენობებს გარეთაა, ცაში გაფრინდება, ვინც შიგნით – ჭერს მიეკვრება). არიან იკისთანებიც. იკი ფიქრობს, რომ განკითხვის დღე დადგა, ცოდვილნი ღრუბელმა შეისრუტა, უცოდველნი კი მიწაზე დარჩნენ. გამოდის, იკიც უცოდველია, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს? იმიტომ, რომ მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მოსწონს? იმიტომ, რომ… (მადლობა ღმერთს, ჰოლივუდში არავინ მეძახის!)
ისევ მოტელ “მუტალას” დავუბრუნდეთ. კედელს მიჯაჭვული იკი მობილური ტელეფონით მამას დაურეკავს, შველას სთხოვს. მამა დაუყოვნებლივ მიდის შვილთან მოტელში. თავდაპირველი შოკისა და დაბნეულობის შემდეგ მამა-შვილი გამოსავლის ძებნას შეუდგება. ისინი ასეთი დილემის წინაშე დგანან: მომხდარის შესახებ სხვებსაც შეატყობინონ ან მხოლოდ საკუთარი ძალებით სცადონ პერტურბაციასთან შებრძოლება. მამა თვლის, რომ ერთადერთი სწორი გზა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იკის ფარულად გადაყვანა და იქ მისი ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევაა. ის დარწმუნებულია, რომ ანომალიის მიზეზს თუ დაადგენენ, იკის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაც შესაძლებელი გახდება. იკი მტკიცე უარზეა, რადგან მას დარჩენილი ცხოვრების ტყვეობაში გატარება არ სურს – ღმერთმა იცის, როდის დაადგენენ ანომალიის მიზეზს! თანაც მომდევნო დღეებში გადაღებები აქვს დანიშნული… მამასა და შვილს შორის მწვავე კამათი წარმოიშობა, რაც, პრინციპში, მათი განსხვავებული მსოფლმხედველობებით უფროა გამოწვეული, ვიდრე გამოსავლის პოვნის სურვილით.
იკს დიდი ხანია, ეჭვი აქვს, რომ მამამისი მთელ მის მოღვაწეობას თავისებურ პროსტიტუციად თვლის და მიიჩნევს, რომ მდაბალ მატერიალურ საგნებზე პოეტური ნიჭის დახურდავება აღმაშფოთებელია (აღარაფერი ვთქვათ სამარცხვინო სურვილზე – მოემსახურო პლებსის გემოვნებას). არადა მამა ასე სულაც არ თვლის. ის ძალიან აფასებს ყველა იმ სარეკლამო ვირტუოზს, ვინც საოცარი გამომგონებლობითა და ხშირ შემთხვევაში დახვეწილობით “გვატეხს” თავს… რას ეძახიან?.. ნეოკულტურულ “ასლეტუმ ასლევს.” მისთვის გასაგები და მისაღებია ის ხიბლიც, რასაც იკი ბრბოს გაბრიყვებაში, ფორმალურ ექსპერიმენტებსა თუ ნატიფ ესთეტიზმში პოულობს. თუმცა ყოველივე ეს წარმავალია და გარკვეულ დროს გვერდზე გადგომა ცუდი არ არის (“მით უმეტეს თუ უკვე ყველაფერს ისედაც გვერდზე მოექეცი,” ხუმრობს მამა).
უნდა გამოვტყდე, რომ არ ვიცი, ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. ვიცი, რომ არც ზემოთ ჩამოთვლილი “ჰოლივუდური” ვარიანტების დამუშავება მხიბლავს და არც მამაშვილურ-თაობათაშორისი მსოფლმხედველობით-წინააღმდეგობრივი ურთიერთობების გარკვევა მიტაცებს, თუმცა ძირითადი მოტივი სხვადასხვაგვარად პაროდირების საშუალებას უდავოდ მაძლევს (ეს კი მიტაცებს). თუ ყველაფერი ისე წავიდა, რომ ამბის მთავარი თემა “თამაში” და “მანიპულაცია” გახდა, რასაკვირველია, გმირიც ბოლომდე თამაშის ელემენტი უნდა იყოს – ფინალმა მხოლოდ ხაზი უნდა გაუსვას მის “ელემენტარულობას.”
ასეთი ფინალი თითქოს უკვე კიაფობს ბურუსში: ვხედავ ინტერიერს, ვხედავ იკს, შესაძლოა ოთახში კიდევ ვიღაც ზის… იკი კედელზე ბოლთას სცემს, რაღაცას ამბობს… (რა ცუდად მესმის!) მგონი, ამბობს, რომ თავი რომელიღაც იდიოტური ფილმის პერსონაჟი ჰგონია. ამბობს, რომ თუ ეს ასეა, ამ ფილმს ფინალიც იდიოტური ექნება. იკი კამერას გაუვლის, რომელიც იქვე, კედელზე დგას და მის შტატივს წამოედება. კამერა გადაყირავდება და შტატივიანად იატაკზე დავარდება. იმავდროულად იკიც ჩამოვარდება კედლიდან იატაკზე. იწყება ტიტრები. იკი ილანძღება. ფილმი მთავრდება.[1] ავტორმა გაგვაფრთხილა, ტექსტი ბოლომდე დამუშავებული არ არის, იდეას ბუნდოვანება დაჰკრავს, კონფლიქტის კონტურებს სიმკვეთრე აკლია, ძირითადი მოტივი სუსტად ისმისო… ჩვენ დელიკატურ კითხვაზე, თუ რატომღა აპირებს ის “ნედლი მასალის შესახებ საქვეყნოდ მასლაათს,” ავტორმა გვიპასუხა, რომ ჩანაფიქრის დამუშავებისას ჩამოწოლილმა პრობლემების ზვავმა ის და მისი ჩანაფიქრი ერთად შეიძლება შთანთქას, ამიტომ მისი მხრიდან ეს, უბრალოდ, თავდაცვითი ღონისძიებაა. “თუ თქვენი ჟურნალისთვის ამგვარი პოზიცია მისაღებია,” დასძინა მან, “მაშინ არც მასალის სინედლე და სიფერმკრთალე იქნება მიუღებელი – ფერმკრთალი კაპილარების ქსელში სისხლსავსე ძარღვს ხომ ადვილად გამოარჩევს დაკვირვებული მკვლევარი!” კინაღამ ვუთხარით, “მკვლევარი” იფიქრებს – “ღმერთს უთხრეს, ჩხიკვი მომკვდარაო და, ვფიცავ, მე მისი დაბადებაც არ გამიგიაო,” მაგრამ თავი შევიკავეთ, ტექსტი კი ავიღეთ – “დაე, იცოდნენ დამწყებმა სცენარისტებმა” (ავტორის სიტყვებია), “როგორ არ უნდა წერონ საჰოლივუდო სინოფსისები!” (რედაქტორის შენიშვნა.)
[2] ლეპიდოპტეროლოგია – მეცნიერება ქერცლფრთიანთა შესახებ.
[3] ჰენრი ჯეიმსი (Henry James, 1843-1916) – ამერიკელი მწერალი; მისი ერთ-ერთი რომანის სახელწოდებაა “ბოსტონელები” (The bostonians, 1886), სადაც ამერიკელი რეფორმატორებისა და უტოპისტების დემოკრატიული ტრადიციები დაცინვის საგნადაა გადაქცეული.
[4] Motel ინგლისურად motorists’ hotel-ის შემოკლებული ფორმაა და მას ასოციაციურ-კალამბურული “ჟღერადობის” გარდა კიდევ ბევრი… პარდონ, არცთუ ბევრი საერთო აქვს მთავარ ქართულ სიტყვასთან. რაც შეეხება “მუტალას” – ასეთი სახელწოდების ქალაქი, შვედური პორნოინდუსტრიის ყოფილი ცენტრი, სტოკჰოლმის სამხრეთ-დასავლეთით, ვეტერნის ტბის პირას არის გაშენებული (“ჩვენი” მოტელის მფლობელი სწორედ იქიდან გახლავთ წარმოშობით).© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

