-
-
წერომ წეროს – რატომაც არა…
-
ახალი ამბები – 2008 – ნოემბერი
ჯეკ კერუაკი ქაღალდის გრაგნილზებირმინგემში, ბარბერის სამხატვრო ინსტიტუტში, ჯეკ კერუაკის რომანის “On the Road”-ის ავტორისეული ბეჭდური ვერსია გამოფენაზე გაიტანეს. ტექსტი 3,6 მეტრი სიგრძის ქაღალდის რვა გრაგნილზეა დაბეჭდილი და ამ სამუშაოს შესასულებლად მწერალი სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა საბეჭდ მანქანასთან. გრაგნილები ერთმანეთთან შეერთებულია და ტექსტი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ფართო აუდიტორიისათვის დასათვალიერებლად საგამოფენო ექსპონატის მხოლოდ ექვსი მეტრია ნებადართული. რომანის გამოქვეყნებულ ვერსიაში ტექსტი თავებადაა დაყოფილი – ბეჭდური ვარიანტისგან განსხვავებით, რაც იმით აიხსნება, რომ კერუაკს სურდა, წერისას ცნობიერების ნაკადის ტექნიკისათვის მიემართა. გამოფენის კურატორი, დიკ ელისი, აღნიშნავს, რომ მწერალი საბეჭდ მანქანას ჯაზ-ინსტრუმენტივით იყენებდა. იგი ძალიან სწრაფად ბეჭდავდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მისი მოგზაურობა და გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე საკმაოდ სწრაფად ხდებოდა. გრაგნილი 2001 წელს საფეხბურთო გუნდის, Indianapolis Colts-ის მფლობელმა, ჯეიმს აირესმა იყიდა 2,4 მილიონ დოლარად და მხოლოდ ახლა განაცხადა თანხმობა ფართო აუდიტორიის წინაშე მის წარდგენაზე. გამოფენა ბარბერის სამხატვრო ინსტიტუტში 2009 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჯონ აპდაიკი – ეროტიკული სცენების ყველაზე ცუდი ავტორი
ბრიტანულმა ჟურნალმა The Literary Review-მ ამერიკელი მწერალი, ჯონ აპდაიკი მხატვრულ ლიტერატურაში ეროტიკული სცენების ყველაზე ცუდი აღწერისათვის სიმბოლური პრემიით დააჯილდოვა. პრემია 1993 წელს ჟურნალის ყოფილმა რედაქტორმა, ობერონ ვომ დააარსა, მის მფლობელს ჯილდოდ თაბაშირის აბსტრაქტული ობიექტი გადაცემა – სექსის სიმბოლურ-მატერიალური გამოხატულება. აპდაიკი აქამდე ოთხჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე, 2008 წელს ფინალისტთა სიაშიც მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ კლიშეებისა და ევფემიზმების შეჯიბრში მას რეიჩელ ჯონსონმა აჯობა. ჯონსონმა სიამოვნებით მიიღო პრიზი და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ პრემიის ლაურეატობა, მით უმეტეს, ისეთი ავტორების გვერდით, როგორებიც ნორმან მეილერი, სებასტიან ფოლკსი და ტუმ ვულფი არიან. ჯონ აპდაიკი კი, როგორც ჩანს, იმდენად გაანაწყენა ჯილდომ, რომ წინა ლაურეატების ავტორიტეტულობამაც ვერ მოხიბლა და დაჯილდოების ცერემონიალზე არც კი გამოცხადდა.
ოსკარ უაილდის ხელნაწერები მორგანის ბიბლიოთეკაში
ნიუ-იორკის მორგანის ბიბლიოთეკას ოსკარ უაილდის ცხრა სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი და ოთხი პირადი წერილი შეემატა. ხელნაწერები ბიბლიოთეკის დირექციას ბრაზილიელმა ლუისია მორეირა სალასმა გადასცა, რომელსაც, თავის მხრივ, კოლექციონერი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შემორჩა ეს ექსპონატები. უაილდის ხელნაწერებისა და წერილების აღნიშნული კოლექცია 50 წლის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. მათს შორისაა ლორდ ალფრედ დუგლასისადმი მიწერილი ტექსტი – უაილდის წერილების დიდი ნაწილი კი ლორდის მიმართ თავად დუგლასმა გაანადგურა. სწორედ დუგლასის მამის, მარკიზ ქუინსბერის წყალობით გაატარა ჰომოსექსუალიზმში ბრალდებულმა მწერალმა საპყრობილეში ორი წელი. ხელნაწერების კოლექციას, რომელიც 50 გვერდზე მეტს მოიცავს, მორგანის ბიბლიოთეკა ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს 2009 წლის აპრილში გახდის.
კუტზეე და მურაკამი Australia-Asia Literary Award-ის გარეშე დარჩნენ
პირველი ავსტრალიურ-აზიური ლიტერატურული პრემიის (Australia-Asia Literary Award) მფლობელი ავსტრალიელი მწერალი, დევიდ მალუფი, გახდა. მალუფის მოთხრობების კრებულმა (“The Complete Stories”) პრემიის გარეშე დატოვა ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ მაქსველ კუტზეე და იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი. დაჯლდოების ცერემონიალზე ავსტრალიის მერმა, ჯონ დეიმ, განაცხადა, რომ მგავსი პრემიები ადგილობრივი მწერლების მსოფლიო პოპულარობას დიდად შეუწყობს ხელს. ავსტრალიურ-აზიური ლიტერატურული პრემია 2008 წელს დააარსა დასავლეთ ავსტრალიის შტატის მმართველობამ და იგი გადაეცემა ავტორებს, რომლებიც ავსტრალიასა ან აზიაში ცხოვრობენ. ასევე მწერლებს, რომელთა წიგნებშიც მოქმედება ამ რეგიონებში ხდება. საპრიზო ფონდი 68 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მარკ ტვენი ისევ იბეჭდება
მარკ ტვენის ესე “საფლავის უპირატესობანი” მისი შექმნიდან ასი წლის შემდეგ ჟურნალ The New Yorker-ში პირველად გამოქვეყნდება. მცირე მოცულობის სატირა იმის შესახებ, თუ როგორ დადებითად მოქმედებს თვითგამოხატვის თავისუფლებაზე სიკვდილი, 1905 წელსაა დაწერილი, თუმცა კი მწერლის სიცოცხლეში მისი დაბეჭდვა არავინ აიღო საკუთარ თავზე. The New Yorker-ის რედაქციამ სტატია მარკ ტვენის არქივში აღმოაჩინა, რომელიც კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში ინახებოდა. პუბლიკაცია ჟურნალის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდება. “ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანია მზად იმისთვის, რომ სრული სიმართლე ილაპარაკოს საკუთარ თავზე, აი სიკვდილის შემდეგ გულახდილობისგან მიღებული სიამოვნების განცდის სურვილი კი საკმაოდ ბევრს აქვს”, – წერს მარკ ტვენი. ასევე მწერალი საუბრობს ადამიანებს შორის გამეფებულ სინდრომზე – მეტი პატივისცემა და სიყვარული გამოავლინონ გარდაცვლილი შემოქმედის მიმართ, ვიდრე – მისსავე სიცოცხლეში.
ნობელის პრემიის ლაურეატი ციფრულ ტექნოლოგიებს არ აღიარებს
2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიომ, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში წიგნების კითხვის ჩვევასა და განათლების გავრცელების მსოფლიო პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველანაირი ძალებისა და რესურსების კონცენტრირება თარგმანებზე, რომლებიც მცირე ერების ენაზე უნდა შესრულდეს და ბიბლიოთეკებიც ახალი წიგნებით მომარაგდეს. მწერალი ასევე შეეხო ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისგან მოსალოდნელ კულტურულ საფრთხეს, და აღნიშნა, რომ საზოგადოების ყოველი ფენის უზრუნველყოფა თხევადკრისტალური პლასტიკური მონიტორით – ეს უტოპიაა. ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და მასზე დამყარებული იმედებით მხოლოდ ახალი ტიპის ელიტას შევქმნით, სოციალურ ჯგუფს, რომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანიც მხოლოდ ის იქნება, რომ მას ხელი მიუწვდება ახალი დროის სხვადასხვა ფუფუნებაზე. ლე კლეზიომ თავისი სიტყვა ინდიელ მეზღაპრე ქალს, სახელად ელვირას, მიუძღვნა, რომელიც მწერალმა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში გაიცნო.
ჩვენი ჟურნალი მომდევნო ნომერში სანობელე ლექციის სრული ტექსტის თარგმანს შემოგთავაზებთ.ბერნსის 250 წლის იუბილე აუქციონით აღინიშნება
შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის წერილები მისი მეგობრის, ადვოკატ ეინსლისადმი 2009 წლის იანვარში აუქციონზე გაიყიდება. წერილებს შორის ასევე ნაპოვნია ბერნსის ორი ადრეული ლექსი. ხელნაწერი ტექსტების 25 გვერდი, რომლებსაც ბერნსი 1787-1789 წლებში სწერდა მეგობარს, ერთ-ერთმა ბრიტანელმა სახლის სხვენში ათი წლის წინ აღმოაჩინა, მაგრამ გადაწყვიტა, მათი გატანა აუქციონზე პოეტის 250 წლის იუბილემდე გადაედო – რობერტ ბერნსის იუბილე კი სწორედ 2009 წლის იანვარში აღინიშნება. ბერნსის შემოქმედების მკვლევარები მაინცდამაინც სასიხარულოდ არ თვლიან იმ ფაქტს, რომ აუქციონი პოეტის დაბადების თარიღს ემთხვევა – მათი აზრით, წერილების ავტორსა და მათს ადრესატს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, რაც გავლენას მოახდენდა წერილების შინაარსზეც, უმჯობესი იყო, ხელნაწერების განხილვა და მათს ირგვლივ მსჯელობა სხვა დროისთვის გადაედოთ.სილვია პლათი თეატრის სცენაზე
ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის ერთადერთი პიესა “სამი ქალი” თეატრის სცენაზე პირველად დაიდგმება. პიესა პლათმა 1962 წელს რადიო-დადგმისთვის დაწერა, ტექსტში წინა პლანზე ქალის, როგორც დედის, პრობლემებია გამოტანილია, რაც სწორედ მისი იმდროინდელი პირადი ცხოვრების გამოძახილია. “სამი ქალის” დადგმასთან დაკავშირებით საავტორო უფლებებზე მოლაპარაკებები უკვე ორი წელია მიმდინარეობს მწერლის გამომცემელსა და რეჟისორ რობერტ შოუს შორის. პრემიერა კი 2009 წლის 5 იანვარს, ლონდონის Jermyn Street Theatre-ში შედგება.
ხუან მარსე – სერვანტესის სახლობის პრემიის ლაურეატი
ესპანელი მწერალი ხუან მარსე სერვანტესის სახელობის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. პრემია ესპანურენოვან ლიტერატურულ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს წარმოადგენს, დაჯილდოების ცერემონიალი კი 23 აპრილს, სერვანტესის დაბადების დღეს იმართება. მარსეს გარდა სერვანტესის პრემიაზე ნომინირებულნი იყვნენ ანა მარია მატუტე, ხავიერ მარიასი, ფრანსისკო ნიევა, ხოსე მარია კაბალერო ბონალდი და მარიო ბენედეტი. ხუან მარსემ განაცხადა, რომ ლიტერატურულ ჯილდოებს, როგორც წესი, არაფერი საერთო არ გააჩნიათ თავად ლიტერატურასთან, თუმცა კი იგი ძალიან გაახარა ამ წარმატებამ და ფულად ჯილდოსაც, 125 ათას ევროს, ღვინოსა და ქალებში დახარჯავს. მწერალი 1933 წელს ბარსელონაში დაიბადა და დღემდე იგი არაერთი რომანის ავტორია.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ირაკლი კაკაბაძე – ლექსები
ვინ იღიღინებს?ქალაქს თავლაში სძინავს, საუკუნეა,
ორთოდოქსებს ხომ ძალიან უნდათ
ძილში არაფერი დაესიზმროთ.
რატომღაც, აქ როცა წვიმს,
ფანჯრის მინები ტალახდება.
და თმის დაცვენიდან
ემოციების შადრევნებამდე
ასკდებიან ჩვენს გაშიშვლებულ მხურვალებას
კალენდარული თვე და დღეები.
თუმც დილა იდგა ხეობის კართან,
მაინც ღამესავით გავიარე დაბადებაშეყრილმა
ვიწრო წუთისოფელი.
არ გამოვიდა წერილი-
ვერ შევალამაზე სიტყვების საფრენი ბილიკები,
ზოგმა კი თავისი უხეში “საფრენი ხომალდი”
აფრინა ზეცაში
და დაუჯდომლების ალილუია
მოარგო თავის სიბეცეს,
არადა სოფელში ხელოვნებამდე აჰყავთ
ბუხრის დანთებაც კი,
ალბათ იმიტომაც უერთდება
ასე მსუბუქად და პოეტურად,
საკვამურიდან ამოსული ცეცხლის სული- კვამლი,
ზეცას და გარემოს.
მთელი ჩვენი ცხოვრება,
თითქოს, ვიღაც ბიუროკრატის კაბინეტის კარის წინ
გრძელ რიგში დგომაა-
აქ საბავშვო სიმღერებს მელოდიის თანხლებით
ვინ იმღერებს?,
ვინ იღიღინებს?..
არსებობენ ყალიონის ამონასუნთქვით გარუჯულები-
აზრის თაყვანისმცემელები და დამფასებლები,
რომლებიც ფხიზლობენ, როცა ქალაქს თავლაში ძინავს,
საუკუნეა!მავთულხლართები
“Erst Kommt das Fressen,
Dann Kommt die moral…”სუუ… სუუ… უუუ…
სიჩუმით დავიწყოთ
ზარის რეკვის დროს,
ეკლესიის ზარის რეკვის დროს
როგორ ტოვებენ ზამთრის მიერ
განძარცულ ხეებს ყვავები,
თითქოს განგაშია და
ხეები თავის მარტოობასთან
მარტო რჩებიან,
ყვავთა ფრთები კი
უკიდეგანო სივრცეს ლაქებად ედება.
აფეთქებულ სახლებში დუმან
მიტოვებული როიალები.
როცა ჭურვები გვაწვიმდა
და მიტევების ყველა ველი გადახნეს –
მხარზე მოკიდებული მომქონდა სოფლიდან
მდინარე,
ყანები,
მინდვრები,
ტყეები,
მთები და
სახლები, სახლები, სახლები…
მოზვერი დავკარგეთ –
ის ადრეც ტიროდა,
ალბათ წინასწარ ყნოსავდა
სიკვდილისა და სისხლის მყრალ სურნელს.
გზად საქმეც მქონდა,
ვითვლიდი მკვდრებსა და
ნაცნობ გვამებს –
შარაზე დაყრილებს,
ლობიოს სარებზე წამოცმულ
ნაცნობ და უცნობ სახეებს,
თვალებდახუჭულთ და თვალებახელილთ –
ამის შემდეგ უკან ვინ გაიხედავს?
მავთულხლართებში დახვრეტილი
იხილეთ ბავშვი?
შეიხედეთ უდარდელ თვალებში
რა დაიმალა?
ის ჯერ კიდევ გუშინ მიირთმევდა
უბედურების ძუძუებიდან რძეს,
რომელიც ომად შეერგო.
დეიდაჩემი დაემუქრა
ჩემ დიდ ბაბუას,
რომ საკუთარი ფრჩხილებით ამოთხრის
სოფლის სასაფლაოდან,
თუ არ მიირთმევს ჩემს ცოცხალ ღიმილს
და დაბრუნებას დედაქალაქში –
საიდანაც ომი ძალიან შორსაა…
ოცდაერთი წლისა რომ გავხდი,
ამაზე ვტიროდი
და თვალწინ მედგა
რკინიგზის დასახიჩრებული, თეთრი საათის
უმწეო გოდება,
თუმც, იქ ყველა არ ვიყავით,
არც სხვაგან იყავით ყველანი.
ლანგარზე მიდევს
მსოფლიო რუკებიდან და ატლასებიდან
ამოკრეფილი საზღვრების ხროვა,
ვინც საზღვარს ითხოვს, მინდა, რომ მივართვა
(ყველაფერი ასე ვინ დასაზღვრა).
ღმერთი არ გაგვიწყრეს და
ლუკმა არ გადაგვცდეს,
ახლა შესანდობრებია მოდაში
და რა აზრი აქვს, ვინ სად მარხია?!…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი
აკა მორჩილაძე, “მესაიდუმლის ქამარი” (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.თუ ჯერ კიდევ არ გაგნელებიათ ინტერესი სანტა-ესპერანსას კუნძულების, მისი მაცხოვრებლების, ინსპექტორ დიქსლისა თუ სხვა აქამდე კარგად ნაცნობი პერსონაჟების ბედ-იღბლის მიმართ, მაშინ “სანტა სიტი მეილის” საკვირაო სვეტი გაცნობებთ, რომ ჯერ არც იოანური ამბები დამთავრებულა, არც სენტ ჯონ სიტადელში დამცხრალა ვნებათაღელვები და შესაბამისად, აქაურობის მთავარ ინსპექტორსაც საქმეები არ შემოლევია. ახალი წიგნი ძველი პერსონაჟებით, ძველი პერსონაჟები ახალი საიდუმლოებებით – “მესაიდუმლის ქამარი” აკა მორჩილაძის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი სიურპრიზია.გიგი სულაკაური, “თამაში რევოლვერით” (მოთხრობები, ესე). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
მცირე პროზის მოყვარულებისათვის წიგნის მაღაზიის თაროებზე მოთხრობების ახალი კრებული გამოჩნდა – თუ თქვენ მსუბუქი, ლაღი, იუმორითა და სევდით, ხალასი ემოციებით გაჯერებული პროზის წაკითხვა გინდათ, გიგი სულაკაურის მოთხრობების კრებული სწორედ ასეთი წიგნია. “თამაში რევოლვერით”, “ღვინო და ყვავილები”, “სამი პატარა სიზმარი”, “მე და ჩემი ლიზა”, “ბელადების მარში” და ა.შ. ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მოულოდნელობებზე, სიხარულსა და წუხილზე გვიამბობენ. წიგნში ასევე წაიკითხავთ მცირე ესეს (“ჯადოსნური თარო”) იმის შესახებ, თუ როგორ იწერება წიგნები ბავშვებისთვის და რამდენად რთულია შექმნა ლიტერატურა, რომელიც პატარებს დააინტერესებს.
მოლიერი, “დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი” (კომედია ხუთ მოქმედებად). მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. თბ. “აგორა” 2008.ცნობილმა ლეგენდამ მექალთანე კაცზე დღემდე ხელოვნების არაერთ სფეროში სხვადასხვა ვარიაციებით დაიმკვიდრა თავი – დონ-ჟუანის სახელი უკვე საზოგადო ეპითეტად იქცა. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც ლეგენდარული გმირი ლიტერატურულ პერსონაჟად აქცია, მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი დრამატურგი და მსახიობი – მოლიერი (ჟან ბატისტ პოკლენი) გახლავთ, “დონ ჟუანი, ანუ ქვის სტუმარი” კი მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის. ამჯერად გიორგი ეკიზაშვილის თარგმანი გააცნობს ქართველ მკითხველს მოლიერის კომედიას, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ჟანრის კლასიკადაა აღიარებული.დიანა ანფიმიადი, “შოკოლადი” (ლექსები). თბ. “სიესტა” 2008.
ფოლგის ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ჯაზ-იმპროვიზაციები, სიტყვები, ადამიანები, ნივთები და ემოციები: სიმშვიდე, სიხარული, მონატრება, სევდა – სწორედ ასეთია დიანა ანფიმიადის პოეტური კრებული, წიგნის სახელიც – “შოკოლადი”, ზუსტად რომ თემატურია – ტკბილი და მწარე, თეთრი და შავი, მძიმე და ჰაეროვანი ტექსტები სწორედ იმ დოზებითა და რეცეპტებითაა ერთმანეთთან შეზავებული, რომ საბოლოოდ მკითხველი გემრიელ, გემოვნებით მომზადებულ საკითხავს იღებს. “შოკოლადი” დიანა ანფიმიადისათვის სადებიუტო წიგნია და პოეზიის მოყვარულებს კიდევ ერთ საინტერესო ავტორს აღმოაჩენინებს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.“წერილები ზურაზე”. მოამზადა რემა ჟვანიამ. რედაქტორი ცისანა ნიკოლეიშვლი. თბ. “სიესტა” 2008.
2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანიას დაღუპვამ საყოველთაო შოკი გამოიწვია. დღეს კი, როდესაც პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან თითქმის ოთხი წელია გასული, მისი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ცხოვრების კიდევ ერთხელ გასახსენებლად ავტორთა ჯგუფმა “წერილები ზურაზე” მოამზადა. “ზურაბ ჟვანიას სიკვდილით ქართულმა პოლიტიკამ დაკარგა სიმწვავე, და რაც მთავარია, დაკარგა სიმაღლე. ჟვანია ყველა თვალსაზრისით იყო ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი”, – წერს ლევან ბერძენიშვილი. წიგნში წაიკითხავთ ასევე გია ყანჩელის, ელდარ შენგელაიას, ლევან ვასაძის, ვახუშტი კოტეტიშვილისა და კულტურის სხვა სფეროთა წარმომადგენლების მოგონებებს ზურაბ ჟვანიას შესახებ.
თენგიზ პაპუაშვილი, “საინგილოს ისტორიის ნარკვევები”. რედაქტორი ალექსანდრე ბენდიანიშვილი. თბ. “არტანუჯი” 2008.თენგიზ პაპუაშვილის მონოგრაფიაში საინგილოს (კაკ-ელისენის) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მეცნიერული განხილვაა მოცემული, წიგნი საინგილოს აღმოცენების დროიდან 1921 წლამდე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლამდე პერიოდს მოიცავს, და აღნიშნული მხარის ისტორიული თავისებურებებიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ფონზეა გააზრებული. თენგიზ პაპუაშვილი დღემდე ექვსი მონოგრაფიის ავტორია (“ჰერეთის ისტორიის საკითხები”, “ჭარ-ბელაქანი”, “რანთა და კახთა სამეფო – VIII-XI სს”, “ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ”, “წუქეთის სიძველენი”). საინგილოს შესახებ მისი მონოგრაფია და ზოგადად წიგნში განხილული პრობლემები არა მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა გათვალისწინებული, არამედ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ახალი წიგნები – 2004
აკა მორჩილაძე, “მესაიდუმლის ქამარი” (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
თუ ჯერ კიდევ არ გაგნელებიათ ინტერესი სანტა-ესპერანსას კუნძულების, მისი მაცხოვრებლების, ინსპექტორ დიქსლისა თუ სხვა აქამდე კარგად ნაცნობი პერსონაჟების ბედ-იღბლის მიმართ, მაშინ “სანტა სიტი მეილის” საკვირაო სვეტი გაცნობებთ, რომ ჯერ არც იოანური ამბები დამთავრებულა, არც სენტ ჯონ სიტადელში დამცხრალა ვნებათაღელვები და შესაბამისად, აქაურობის მთავარ ინსპექტორსაც საქმეები არ შემოლევია. ახალი წიგნი ძველი პერსონაჟებით, ძველი პერსონაჟები ახალი საიდუმლოებებით – “მესაიდუმლის ქამარი” აკა მორჩილაძის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი სიურპრიზია.
გიგი სულაკაური, “თამაში რევოლვერით” (მოთხრობები, ესე). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
მცირე პროზის მოყვარულებისათვის წიგნის მაღაზიის თაროებზე მოთხრობების ახალი კრებული გამოჩნდა – თუ თქვენ მსუბუქი, ლაღი, იუმორითა და სევდით, ხალასი ემოციებით გაჯერებული პროზის წაკითხვა გინდათ, გიგი სულაკაურის მოთხრობების კრებული სწორედ ასეთი წიგნია. “თამაში რევოლვერით”, “ღვინო და ყვავილები”, “სამი პატარა სიზმარი”, “მე და ჩემი ლიზა”, “ბელადების მარში” და ა.შ. ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მოულოდნელობებზე, სიხარულსა და წუხილზე გვიამბობენ. წიგნში ასევე წაიკითხავთ მცირე ესეს (“ჯადოსნური თარო”) იმის შესახებ, თუ როგორ იწერება წიგნები ბავშვებისთვის და რამდენად რთულია შექმნა ლიტერატურა, რომელიც პატარებს დააინტერესებს.
მოლიერი, “დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი” (კომედია ხუთ მოქმედებად). მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. თბ. “აგორა” 2008.
ცნობილმა ლეგენდამ მექალთანე კაცზე დღემდე ხელოვნების არაერთ სფეროში სხვადასხვა ვარიაციებით დაიმკვიდრა თავი – დონ-ჟუანის სახელი უკვე საზოგადო ეპითეტად იქცა. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც ლეგენდარული გმირი ლიტერატურულ პერსონაჟად აქცია, მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი დრამატურგი და მსახიობი – მოლიერი (ჟან ბატისტ პოკლენი) გახლავთ, “დონ ჟუანი, ანუ ქვის სტუმარი” კი მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის. ამჯერად გიორგი ეკიზაშვილის თარგმანი გააცნობს ქართველ მკითხველს მოლიერის კომედიას, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ჟანრის კლასიკადაა აღიარებული.
დიანა ანფიმიადი, “შოკოლადი” (ლექსები). თბ. “სიესტა” 2008.
ფოლგის ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ჯაზ-იმპროვიზაციები, სიტყვები, ადამიანები, ნივთები და ემოციები: სიმშვიდე, სიხარული, მონატრება, სევდა – სწორედ ასეთია დიანა ანფიმიადის პოეტური კრებული, წიგნის სახელიც – “შოკოლადი”, ზუსტად რომ თემატურია – ტკბილი და მწარე, თეთრი და შავი, მძიმე და ჰაეროვანი ტექსტები სწორედ იმ დოზებითა და რეცეპტებითაა ერთმანეთთან შეზავებული, რომ საბოლოოდ მკითხველი გემრიელ, გემოვნებით მომზადებულ საკითხავს იღებს. “შოკოლადი” დიანა ანფიმიადისათვის სადებიუტო წიგნია და პოეზიის მოყვარულებს კიდევ ერთ საინტერესო ავტორს აღმოაჩენინებს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
“წერილები ზურაზე”. მოამზადა რემა ჟვანიამ. რედაქტორი ცისანა ნიკოლეიშვლი. თბ. “სიესტა” 2008.
2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანიას დაღუპვამ საყოველთაო შოკი გამოიწვია. დღეს კი, როდესაც პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან თითქმის ოთხი წელია გასული, მისი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ცხოვრების კიდევ ერთხელ გასახსენებლად ავტორთა ჯგუფმა “წერილები ზურაზე” მოამზადა. “ზურაბ ჟვანიას სიკვდილით ქართულმა პოლიტიკამ დაკარგა სიმწვავე, და რაც მთავარია, დაკარგა სიმაღლე. ჟვანია ყველა თვალსაზრისით იყო ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი”, – წერს ლევან ბერძენიშვილი. წიგნში წაიკითხავთ ასევე გია ყანჩელის, ელდარ შენგელაიას, ლევან ვასაძის, ვახუშტი კოტეტიშვილისა და კულტურის სხვა სფეროთა წარმომადგენლების მოგონებებს ზურაბ ჟვანიას შესახებ.
თენგიზ პაპუაშვილი, “საინგილოს ისტორიის ნარკვევები”. რედაქტორი ალექსანდრე ბენდიანიშვილი. თბ. “არტანუჯი” 2008.
თენგიზ პაპუაშვილის მონოგრაფიაში საინგილოს (კაკ-ელისენის) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მეცნიერული განხილვაა მოცემული, წიგნი საინგილოს აღმოცენების დროიდან 1921 წლამდე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლამდე პერიოდს მოიცავს, და აღნიშნული მხარის ისტორიული თავისებურებებიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ფონზეა გააზრებული. თენგიზ პაპუაშვილი დღემდე ექვსი მონოგრაფიის ავტორია (“ჰერეთის ისტორიის საკითხები”, “ჭარ-ბელაქანი”, “რანთა და კახთა სამეფო – VIII-XI სს”, “ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ”, “წუქეთის სიძველენი”). საინგილოს შესახებ მისი მონოგრაფია და ზოგადად წიგნში განხილული პრობლემები არა მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა გათვალისწინებული, არამედ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.
-
თანამედროვე ქართული ბიბლიოლუქსები
ნანა კობაიძე
გახსოვთ ალბათ, დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსებზე მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. საინტერესოა, როგორ მოერგებოდა იგი ელექტრონულ ბიბლიოთეკებად წოდებულ თანამედროვე რეალობას, როგორ “შეაგდებდა” ამ სივრცეში რომელიმე უწიგნურ მსხვერპლს და რომელ საიტს შესთავაზებდა პირველწაკითხვის სიამოვნების მისაღებად ბედნიერ “ტუსაღს”? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად დოჩანაშვილი ახალი დროის კეჟერაძეზე მოთხრობის დაწერას არ აპირებს, მე კი ამდენს ვერ გავბედავ. ამიტომ, რაც ვიცი, უფრო სწორად, რის გაგებასაც შევეცადე, იმის შესახებ გესაუბრებით. მაშ ასე, ჩვენი თემაა თანამედროვე ქართული კარცერ-ლუქსები, უფრო სწორად, ელექტრონული ბიბლიოლუქსები.
ქართულის რა მოგახსენოთ, თანამედროვე უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკები კი ნამდვილად უჩენს მკითხველს სურვილს, შევიდეს და კარგა ხანს დარჩეს ვირტუალურ ელექტრონულ ბიბლიოსივრცეში. თუმცა, მხოლოდ სხვისი რას გვარგია, ჩვენმა საკუთარმაც თუ არ ივარგა? ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ლუქსობამდე ბევრი უკლია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შიშველ ენთუზიაზმს, რომელზეც მათი უმეტესობა იქმნება, რაც გვაქვს, ისიც გასაკვირია.
მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკებიც უანგაროდ, ნამდვილი ენთუზიასტების მიერ იქმნებოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი ფასიანი გახდა. წიგნის ღირებულებასთან შედარებით ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკებსაც სჭირდება დაფინანსება. საბედნიეროდ, ქართულ რეალობაში ეს საკითხი ჯერ არ დგას. დიახ, საბედნიეროდ, რადგან გლობალური კრიზისისა და სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო ასე გაძვირებული ბეჭდური გამოცემების ფონზე, ჩვენი მკითხველისთვის წიგნთან ურთიერთობის ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად ელექტრონული ბიბლიოთეკა რჩება. მართალია, პოპულარულ თანამედროვე ქართველ ავტორთა ახალ ნაწარმოებებსა და ბესტსელერებს ვერცერთ საიტზე ნახავთ, მაგრამ კლასიკას და შედარებით ნაკლებპოპულარულ სახელებს გაეცნობით, ახალ ავტორებსაც წაიკითხავთ და ვინ იცის, იქნებ თქვენი ელიოტი ან ჰემინგუეიც კი აღმოაჩინოთ. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ძალზე შრომატევადი საქმეა და საკმაოდ დიდ ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ენთუზიასტებს მხარში ამოუდგებიან და ქართულ ელექტრონულ ლიტსივრცეს ბიბლიოლუქსებით დაამშვენებენ.
არცთუ დიდი ხნის წინათ მავანნი სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ იმაზე, რომ ინტერნეტი წიგნს მკითხველს შეუმცირებს. დღეს ეს ღიმილს იწვევს, რადგან აშკარაა, რომ ინტერნეტი და კონკრეტულად, ელექტრონული ბიბლიოთეკები მკითხველის საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცა. ამან შესაძლოა, გარკვეული “საფრთხე” გამომცემელს შეუქმნას, თუმცა, კანონი საავტორო უფლებების შესახებ, ალბათ, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის და ამას წინ ვერავინ აღუდგება.
რასაკვირველია, ნაბეჭდ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მას აქვს თავისი სიმყუდროვე და იდუმალება, თავისი ხიბლი და ინტიმი, თუმცა, როცა ეს ყველაფერი ისევდაისევ ფინანსებს უკავშირდება, სიმყუდროვეცა და იდუმალებაც, გვერდზე გრჩება. გირჩევნია, ისევ კომპიუტერის ეკრანთან დაითხარო თვალები. ელექტრონულ წიგნებს, ბეჭდურთან შედარებით, კიდევ ერთი პლუსი აქვს – მათი წაკითხვის შემდეგ შეგიძლია გადაწყვიტო, გსურს თუ არა შენი ბიბლიოთეკის თაროზე უკვე ორ ყდას შორის მოქცეული შემოდო. და კიდევ, ხანდახან ეს ერთადერთი საშუალებაა მოძებნო ბავშვობაში წაკითხული წიგნი, რომელიც მას შემდეგ აღარ დაბეჭდილა. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, წიგნი ელექტრონულ ფორმატში სულ უფრო მეტად იპყრობს მსოფლიო მკითხველთა თვალებსა და გულებს. შესაბამისად, იზრდება ელექტრონული ბიბლიოთეკების რიცხვიც.
რა ვითარებაა ამ მხრივ “ნაციონალურ” ინტერნეტ-სივრცეში? რას გვთავაზობენ ელექტრონული ბიბლიოთეკების “მამები”? არჩევანი არც ისე დიდია – ქართულ ლიტსაიტებს ხელის თითებზე ჩამოთვლი. მათგან რამდენიმე, შედარებით საინტერესოზე შევჩერდეთ.
lib.ge – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიბლიოთეკაა ქართულ ვირტუალურ რეალობაში. მისი დაარსების იდეა ლ’ილ-ჯგუფს ეკუთვნის, მთავარი რედაქტორია პოეტი გიორგი კეკელიძე. პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს საიტზე როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშების განთავსებას და მათ პოპულარიზაციას მკითხველთა ფართო წრეებში. ბიბლიოთეკაში მხატვრულ ტექსტებთან ერთად ფოლკლორის ნიმუშებსაც გაეცნობით, წაიკითხავთ ინტერვიუებს სხვადასხვა საინტერესო ავტორთან, სამეცნიერო წერილებს, ფოლკლორის ნიმუშებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბიბლიოთეკებთან შედარებით რესურსები მწირია, ქართული რეალობის გათვალისწინებით ურიგო ნამუშევარი არ არის. იმედს ვიტოვებთ, სამომავლოდ lib.ge – ერთ-ერთი ყველაზე ტევადი და საინტერესო ბიბლიოთეკა იქნება ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში.
მეორე საიტი, რომელიც მკითხველის მოთხოვნით სარგებლობს, literatura.ge-ა. მისი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ამ სივრცეში ახალი სახელების წარმოჩენა. ნებისმიერ ავტორს, ცნობილი იქნება თუ ახალბედა, შეუძლია თავისი ლიტერატურული ნაწარმოების გამოქვეყნება, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ლიტერატურული პერიოდიკა, თითო-ოროლა ჟურნალის გარდა, ფაქტობრივად, აღარ გამოდის. ეს არის უადვილესი და უსწრაფესი გზა მკითხველთა ფართო წრისთვის ნაწარმოების მისაწოდებლად. როგორც ავტორების, ასევე მკითხველთათვის საიტით სარგებლობა უფასოა. საინტერესეოა, რომ პორტალზე წარმოდგენილი ნაწარმოებების ყოფნა-არყოფნის საკითხს რედკოლეგიასთან ერთად მკითხველიც წყვეტს. თავად რედკოლეგიაც საიტის მუდმივი და კომპეტენტური მკითხველებისგან შედგება. მართალია, პორტალზე ბევრი “ქაფია,” მაგრამ დაკვირვებული თვალი არაერთ საინტერესო ნაწარმოებსაც მოიძიებს. მნიშვნელოვანია, რომ literatura.ge-მ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი “წერო”, რომელიც, იმედია, თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში თავის სიტყვას იტყვის.
გაცილებით აკადემიურად გამოიყურება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსია (nplg.gov.ge), სადაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ელექტრონულ რესურსებზე მუშაობა. ამჟამად საიტზე დევს “ვეფხისტყაოსნის” სამი: 1937, 1966 წლის საიუბილეო და 1978 წლის – უორდროპისეული თარგმანი, ასევე ვიქტორ ნოზაძის “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება.” საინტერესო პროექტია ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია, რომელიც 2004 წელს იუნესკოს პროექტ “გრინსტოუნის” ფარგლებში განხორციელდა. კოლექცია ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგიისგან შედგება. მასში ცალკეულ ფაილებად ჩართულია ძველ ქართულ სიტყვათა ლექსიკონი და ავტორთა მოკლე ბიოგრაფიები. პროექტი 93 მწერლის 2397 ნაწარმოებს მოიცავს და მისი განახლება რეგულარულად მოხდება. გარდა ამისა, მკითხველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა საინტერესო ხელოვანთა მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წაკითხულ საჯარო ლექციებს, ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებით და ა.შ.
ალბათ ყველას გახსოვთ ეპოქა, რომელიც უახლეს ქართულ ლიტერატურაში ჟურნალმა “არილმა” შექმნა. ეს გამოცემა იმ რთულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ლიტერატურისთვის არავის ეცალა, ბევრი ავტორისთვის მკითხველთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, ბევრისთვის კი ლიტერატურული მოღვაწეობის პლაცდარმად იქცა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც საქართველოში ინტერნეტ-კულტურა ახლად იდგამდა ფეხს, სწორედ “არილიდან” იგებდნენ ლიტერატურის მოყვარულები თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე სიახლეებს, ეცნობოდნენ ახალ ავტორებს, ძველების ახალ ნაწარმოებებს, საინტერესო ინტერვიუებს. დღეს ეს მასალები “არილის” ბლოგზეა განთავსებული, მისამართზე http://arili2.blogspot.com ჟურნალი ელექტრონული სახით განაგრძობს გამოსვლას და არაერთ საინტერესო მასალასაც გთავაზობთ.
ცალკე მინდა აღვნიშნო ელექტრონული ბიბლიოთეკა MLibrary (http://lit-download.blogspot.com), რომელიც ნამდვილი ოაზისია ლიტერატურის თეორიით, ენათმეცნიერებით, კულტურის ისტორიით, ანთროპოლოგიით, ისტორიით, ანტიკური ლიტერატურით, მუსიკითა და ხელოვნებათმცოდნეობით დაინტერესებული მკითხველისთვის. მართალია, აქ ნაკლებად შეხვდებით ქართულენოვან ლიტერატურას, ეს “სივრცე” მხოლოდ რუსთაველის ორი გამოცემით შემოიფარგლება ჯერ-ჯერობით, სამაგიეროდ, რუსულ და განსაკუთრებით, ინგლისურენოვან მკითხველს გაუმართლა, რადგან შეგიძლიათ მოიძიოთ და უფასოდ გადმოიწეროთ წიგნები, რომელთა შეძენა amazon.com-ზე სოლიდური თანხა დაგიჯდებათ. აი, თუნდაც Macmillan Encyclopedia of Death and Dying, ორტომეული, რომელიც 346 დოლარადაა შეფასებული, Historical Dictionary of Sacred Music – 114-ად. ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს და ფულს.
იმის გამო, რომ მოსწავლეები მონაწილეობენ, შევჩერდები პროექტ “ვახტანგ VI”-ზე (www.dlf.ge), რომელიც, თავის მხრივ, პროგრამა “ირმის ნახტომის” ბაზაზე ხორციელდება. მისი მიზანია მთელი ქართული კლასიკური ლიტერატურის – დასაწყისიდან თანამედროვეობის ჩათვლით, ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ინტერნეტ-საიტზე განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ბავშვები. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც მოზარდები მშობლიური ლიტერატურის მიმართ არცთუ დიდ ინტერესს ამჟღავნებენ. პროექტში მონაწილე თითოეული სკოლა ირჩევს კონკრეტულ ავტორს და მის შემოქმედებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე საინტერესო ბაზაა შექმნილი. სამომავლოდ ტექსტების ნაწილი საერთაშორისო Project Gutenberg (www.Gutenberg.org)-ის შემადგენლობაში შევა. ეს არის ამერიკული არაკომერციული პროექტი, რომელიც დღეისთვის მსოფლიო კლასიკის 10 000-ზე მეტ შედევრს აერთიანებს.
არის კიდევ რამდენიმე ელექტრონული ბიბლიოთეკა და პორტალი, თუმცა, იმის გამო, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან ბევრი არაფრით გამოირჩევა, მათზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.
* * *
აქვე გთავაზობთ მცირე ინტერვიუს lib.ge-ს მთავარ რედაქტორ გიორგი კეკელიძესთან, რომელიც, ვფიქრობთ, ამ თემით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას დაიმსახურებს.
– როგორ გაჩნდა lib.ge-ს შექმნის იდეა?
– ეს იდეა, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ლიტერატურის სიყვარულმა ჩასახა. ერთის მხრივ, რამდენიმე პოეტი – ზაალ ჩხეიძე, მე, არჩილ თალაკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, პედაგოგი ზაქარია ქიტიაშვილი და მეორე მხრივ, დიზაინერ-პროგრამისტები – ნიკა წიკლაური და გიორგი კაცია, ასევე, ლიკა ავალიანი, შევიკრიბეთ ამ მოსაზრების გასაზიარებლად და lib.ge-ც დაიბადა. მოგვიანებით ამ შემადგენლობას პოეტები, დიანა ანფიმიადი და ქეთო ნინიძეც შემოურთდნენ.
– lib.ge არაკომერციული პროექტია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ჩვეულებრივი სამუშაო დროის ერთგვარ სასიამოვნო დამატებად იქცა, თუმცა, საკმაო ენერგიას მოითხოვს. დღესდღეობით lib.ge ყველაზე პოპულარული ლიტერატურული საიტია top.ge –ს სარეიტინგო დათვლებით (საშუალოდ დღეში 1200 ,,უნიკალური მომხმარებელი”).
– რა სირთულეებს გულისხმობს დღეს ეს ყველაფერი, როგორ ხდება მასალების მოძიება, არის თუ არა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები?
-უამრავი სირთულეა: ელემენტარული კორექტურით დაწყებული – არაერთი ტექნიკური პრობლემით დამთავრებული. ზოგიერთი ღიმილის მიმგვრელიც კი იყო. მაგალითად, ავტორთა სიაში შეხვდებოდით ასეთ ჩამონათვალს: ჩესლავი მილოში, ფოლკნერი უილიამი და ა.შ. სახელობით ბრუნვას ,,ი” რატომღაც ავტომატურად ემატებოდა. მოგვიანებით ეს პრობლემა ,,დავძლიეთ.”
საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ვთანაშრომლობთ თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემასთან, რომლებიც მასალებს გვაწვდიან, ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტთან. მასალის უმეტესობა ელექტრონული ფოსტით უშუალოდ ავტორებისგან შემოგვდის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთი ლიტერატორები, როგორიც, ზურაბ კიკინაძე და ლევან ბრეგაძეა, ძალიან ხშირად საკუთარი ინიციატივით გვიგზავნიან ტექსტებს. არაერთი თანამედროვე ავტორი ასევე ინტენსიურად მომართავს new@lib.ge-ს.
– რა რესურსებს ფლობთ დღეისათვის, რას მიიჩნევთ თქვენი ბიბლიოთეკის ყველაზე დიდ პლუსად და რა სიახლეებს გვპირდებით უახლოეს მომავალში?
– ჩვენი რესურსი დღესდღეობით რამდენიმე რომანით და სამეცნიერო ნაშრომით, ათასობით მცირე ჟანრის პროზაული ტექსტით და ამდენივე პოეტური ნიმუშით შემოიფარგლება. Gგვაქვს ესეისტიკის და ინტერვიუს განყოფილებები, დავიწყეთ ფოლკლორული ნიმუშების აკრეფა და განთავსება. ახლო მომავალში აუდიოთეკის დაფუძნებას ვაპირებთ.
ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ისეთი განყოფილების შექმნა, სადაც მოთავსდება ყველა ის ქართველი ავტორი, რომლის ნაწარმოები მსოფლიოს სხვადახვა ან რომელიმე ენაზეა ნათარგმნი. აქ იგულისხმება ისეთი ტექსტებიც, რომელთა თარგმნაც ბიზანტისტიკის სპეციალური გამოცემების შეკვეთით ხდებოდა. ანუ, საჭიროდ მიმაჩნია თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთათვის, რომელთა რიცხვი ახლა არცთუ დიდია, ე.წ ,,მკვდარ ენებზე’’ შესრულებული ტექსტების უფრო ადვილად მისაწვდომ რეჟიმში გამოქვეყნება.
რაღა თქმა უნდა, სასურველია, თუ მთელ პერიოდს გადავწვდებით, ჰაგიოგრაფიიდან – XXI საუკუნემდე. ამ ტექსტების უცხოელი მკითხველისთვის ერთ კომფორტულ სივრცეში კონდესირება ქართული კულტურის პოპულარზაციისთვის პატარა საქმე არ იქნება.
რასაკვირველია, ეს მთელ რიგ სირთულებს უკავშირდება, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომელიმე ფილანთროპი ოდესმე მსგავსი იდეებით დაინტერესდეს.
lib.ge ავტორებთან დამოკიდებულებაში სრულიად ლიბერალურია, თუმცა, ეს სელექციას ეს სულაც არ გამორიცხავს. ჩვენს ბიბლიოთეკაში ქვეყნდება ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორის ნაწარმოები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ხშირად იხილონ თავი რომელიმე ბეჭდურ გამოცემაში.
სასიამოვნოა, რომ lib.ge-ს არაერთი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველიც კითხულობს.
– როგორ აფასებთ თანამედროვე თანამედროვე ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს? თუ შეგიძლიათ რომელიმე მათგანის გამორჩევა?
– არსებობს ძალიან კარგი გვერდები literatura.iatp.ge, litsaxelebi.ge, ასევე gabro.ge, რომელიც ძველი წიგნის სკანირების გზით ცდილობს ვირტუალური სივრცის შევსებას, ამ მეთოდს მალე ალბათ ჩვენც გამოვიყენებთ. ქართული ინტერნეტის საინტერესო ფენომენია literatura.ge, სადაც ავტორების რეიტინგს მკითხველები განსაზღვრავენ. ასევე უნდა ვახსენოთ ფორუმი ,,ებლიტფოც”.
ცალკე გამოსაყოფია ბლოგის სისტემაზე აწყობილი ჟურნალი ,,არილი”, მასში უამრავი მნიშნელოვანი მასალაა თავმოყრილი.
– დღესდღეობით ბევრი უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკა ფასიან მომსახურებაზე გადავიდა, ხომ არ “ემუქრება” ეს საფრთხე ქართველ მკითხველსაც, რომლის შეთხელებული ჯიბისთვის მსგავსი პროექტები (ვგულისხმობ უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკებს) ძალიან დიდი შეღავათია.
– რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მეტიც, ამჟამად სარეკლამო შემოთავაზებაზეც კი უარს ვამბობთ, რადგან გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ავტორების წინაშე, რომლებიც სრულიად უანგაროდ თანამშრომლობენ lib.ge -სთან. არ გამოვრიცხავ, შორეულ მომავალში ასეთი რამ მართლაც მოხდეს, მაგრამ, ცხადია, იმ დროისთვის სოციალური დონეც განსხვავებული იქნება.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ალექსანდრე გვახარია – ის არ დაბერებულა
-
ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი
“ბარდ ბიდლის ზღაპრები”
ჯოან როულინგი
“The Tales of Beedle the Bard “
JK Rowling
109 გვ. Bloomsburyჰარი პოტერის ჯადოსნური თავგადასავლების მოყვარულებს სიურპრიზი ელით – ჯოან როულინგის ახალი წიგნი უკვე გაყიდვაში გამოვიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” თავდაპირველად მხოლოდ 7 ეგზემპლარად გამოიცა, რომელთაგანაც ავტორმა ექვსი წიგნი თავის ახლო მეგობრებს დაურიგა, მეშვიდე კი აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” ხუთი ჯადოსნური ამბისგან შედგება, სწორედ ეს წიგნი დაეხმარა ჰარის და მის მეგობრებს მათი დაუძინებელი მტრის – ვოლდემორის დამარცხებაში და, შესაბამისად, ზღაპრების შინაარსიც თემატურად ჰარი პოტერის მეშვიდე წიგნს – “სიკვდილის საჩუქრებს” უკავშირდება.
“ბაღდადელი ულისე”
ერიკ-ემანუელ შმიტი
“Ulysse from Bagdad”
Schmitt Eric-Emmanuel
300გვ. Albin Michelერაყის გაუთავებელი ომების, გამუდმებული ქაოსისა და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობის, სიღატაკის გამო ახალგაზრდა საად საადი სამშობლოს დატოვებას გადაწყვეტს. იგი ბრიტანეთში მიემგზავრება, იმედი აქვს, რომ ევროპაში ნორმალურ სამუშაოს იშოვის და თავის ოჯახს მატერიალურად მაინც დაეხმარება. მართალია, მისი სახელი – საად საადი არაბულ თარგმანში “იმედის იმედს” ნიშნავს, მაგრამ რამდენად გაუმართლებს თავგადასავლებისა და უკეთესი მომავლის საძიებლად მიმავალ ახალგაზრდა ერაყელს თავისი იმედები – ამის გადაწყვეტა მხოლოდ ერიკ-ემანუელ შმიტის ხელშია. ფრანგი მწერლისთვის “ბაღდადელი ულისე” მეექვსე რომანია. ქართველი მკითხველი კი ავტორს უკვე ქართულ თარგმანშიც იცნობს ( “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”).
“ამას ჩემი ბებიაც ფლობს”
ფილიპ დელერმი
“Ma grand-mère avait les mêmes “
Philippe Delerm
93 გვ, Pointsმარტივი ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერ გასაკუთრებულს არ გვეუბნებიან, თუმცა კი სადღაც მიმალულ ქვეცნობიერს მაინც გვიფორიაქებენ; სიტყვები, რომლებიც ცალ-ცალკე თითქოს უმნიშვნელო საგნებსა და მოვლენებს ასახავენ, მათი ერთობლიობა კი სიამოვნების მიღების ჩვენში დაფარულ უნარებს აღვიძებს – ფილიპ დელერმის ახალი წიგნი სწორედ ასეთი სიტყვებისა და ფრაზების კრებულია, სადაც ავტორის უკიდურესი ეგოცენტრიზმი, პირველ პირში გადაწყვეტილი წინადადებები მათი მარტივი ფორმებისა თუ შინაარსის გამო მკითხველს თანაავტორობის საშუალებას აძლევს და საბოლოოდ კი ნიღაბს ხსნის ფარულ ადამიანურ ზრახვებს. იუმორი, თვითირონია, სიმარტივე და თხრობის სილაღე – აშკარაა, ფრანგი ავტორი ჩვეულ სტილს არ ღალატობს.
“გულმოწყალება”
ტონი მორისონი
“A Mercy”
Toni Morrison
167 გვ. Alfred A. Knopf.ნობელის პრემიის ლაურეატი ახალ რომანში ისევ უბრუნდება მონათმფლობელობის მტკივნეულ თემას. ამჯერად მოქმედების დროდ მეჩვიდმეტე საუკუნეა მონიშნული, ამერიკული ქვეყნების ფორმირების ხანა. მერილენდის ერთ-ერთ პლანტაციაში მომუშავე მონა თავის პატრონს, იაკობს, გასასტუმრებელი ვალების ალტერნატივად საკუთარ ქალიშვილს სთავაზობს, მაშინ, როცა იაკობის მეუღლის, რებეკას, ჯანმრთელობა დღითიღე უარესდება და იგი ბავშვის ნაყოფს კარგავს. ეპოქის სისასტიკე, ცხოვრებისეული დრამები, ადამინების პირადი ტრაგედია და ბიბლიური ალუზიები – ასეთია ტონი მორისონის ახალი წიგნი. “გულმოწყალება” ნობელიანტი მწერლის მეცხრე რომანია.
“ჯერარდ მენლი ჰოპკინსი. ცხოვრების გზა”
პოლ მერიენი
“Gerard Manley Hopkins. A Life.”
Paul Mariani
496 გვ. Viking1898 წელს, 23 წლის ასაკში ჯერარდ მენლი ჰოპკინსმა თავისი ლექსების დაწვა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ კი შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “მსხვერპლის სისხლი დაიღვარა”. შემდეგში კი ასეთი საქციელი იმ უსიამოვნო შეგრძნებით ახსნა, რომელიც თავისი და უოლტ უიტმენის პოეზიას შორის აღმოჩენილმა მსგავსებამ გამოიწვია მასში. ბრიტანელი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კიდევ არაერთ საინტერესო ფაქტს წაიკითხავთ პოლ მერიენის წიგნში, რომელიც თითქმის დეტალურად აღგვიწერს ჰოპკინსის ცხოვრების გზას. რელიგიური წინააღმდეგობები, კულტურული დაპირისპირებები, პოეტური ძიებები და ახალი ფორმა-შინაარსები – ეს ყველაფერი ჯერარდ მენლი ჰოპკინსის შემოქმედებას უკავშირდება.
„ენი ლეიბოვიცი მუშაობის პროცესში“
ენი ლეიბოვიცი
„Annie Leibovitz At Work“
Annie Leibovitz
237 გვ. Random House.ფოტოხელოვნების შესახებ ერთ-ერთ მედიტაციაში სიუზან ზონტაგი წერდა, რომ ყველა ფოტოგრაფი მხოლოდ იმისკენ მიისწრაფვის, რათა მისი ნამუშევარი ყველას დაამახსოვრდეს და ამით დაუვიწყარი დარჩეს. თითქოს, ასეთ დროს სულ ერთია, ვინ დგას ობიექტივის წინ, ვის გამომეტყველებასა და სხეულის მოყვანილობას აფიქსირებს ფირი, მაგრამ ჭირვეული ესეისტის საყვარელი თავის ახალ წიგნში სხვა ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად ამ სადუმლოსაც გვიმხელს – თურმე, ენი ლეიბოვიცის ფოტოკამერას ფავორიტებიც ჰყოლია, და მაგალითად, გრძელფეხება ნიკოლ კიდმანის გადაღებას შუბლშეკრული, ბრაზიანი გრიმასის მქონე უილიამ ბეროუზის გადაღება ერჩივნა. წიგნში ასევე შესულია ლეიბოვიცის ფოტონამუშევრების რეპროდუქციები, სხვადასხვა ფოტო-ესეებთან ერთად აქ ფოტოგრაფის დედის, მერილინ ლეიბოვიცის ფოტოებსაც ნახავთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ზაალ დგებუაძე – მოპარული და ფალსიფიცირებული იდეალები
“რომანტიკული (წაიკითხე: პატრიოტული – ზ.დ.) რევოლუციის გმირად მიმაჩნდა თავი და მსოფლიოში ყველაზე მურდალი და თვალთმაქცი წყობის (წაიკითხე: ხელისუფლების – ზ.დ.) ხელის ბიჭად ვიქეცი”
სლავომირ მროჟეკი1988 წლის შემოდგომის ახალგაზრდული და 89 წლის აპრილის საყოველთაო ამბოხის დროს ჩვენ ისე მივუახლოვდით რეალობას, რომ თვით ყველაზე ამაღლებული და განყენებული (რეალობაზე მაღლა ან მის გარეთ მყოფი) ცნებებიც კი – პატრიოტიზმი, ძმობა, ერთობა, თავისუფლება, შესაძლოა აგრეთვე სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ტევადი და დარწმუნებული აზრით, – რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფა-ცხოვრებაში შემოიჭრა და რეალობად იქცა. თანაც, არა ცალკეულ ადამიანთა ინდივიდუალურ ფსიქიკურ რეალობად, არამედ, ასე ვთქვათ, საერთო სახალხო სინამდვილედ, ხალხის მამოძრავებელ და წარმმართველ ძალად. სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ იმ დღეებში თბილისში არ დაფიქსირებულა არც ერთი დიდი თუ მცირე კრიმინალური შემთხვევა. დასახელებული აბსტრაქტული იდეალები მაშინ უფრო ძლიერ ზემოქმედებასაც კი ახდენდა ხალხზე, ვიდრე სხვა დროს თუნდაც სავსებით კონკრეტული სიკვდილის შიში. გავიხსენოთ, რომ ორიოდე წლის შემდეგ, “თბილისის ომის” დროს, მარადიორები ტყვიებს არ უშინდებოდნენ და ბრძოლის ტერიტორიაზე დღე და ღამ დაუზარებლად ძარცვავდნენ სახლებს.
ახლა 89 წლის აპრილის ამბოხის გახსენება, რომლის მოწმე და მონაწილე ლამის მთელი თბილისი იყო, მაინცდამაინც არავის სიამოვნებს. და მიზეზი 9 აპრილის დარბევისას განცდილი შოკი როდია – შოკმა დიდი ხანია გაიარა. არა, მიზეზი დამარცხების მწარე გრძნობასა და იმ იდეალების გაუფასურებაშია, რომლებიც მაშინ გვამოძრავებდა.
რა მოხდა საყოველთაო სიყვარულისა და ერთობის იმ რამდენიმე დღის შემდეგ? როგორ გავლიეთ საუკუნის დასასრულამდე დარჩენილი წლები?
პირადად ჩემთვის ყველაფრის ერთგვარ შეჯამებად იქცა 2000 წლის დეკემბრის მიწურულს ნანახი “ფსიქო” (მეორე ათასწლეულის ბოლო გადაცემა), სადაც აჩვენეს ფრაგმენტები ბესო სოლომონაშვილის ფილმისა ქუჩის მუსიკოსებზე. მაშინ შევიტყვე, რომ უსინათლო მომღერალი ქალები, რომელთა ჟრუანტელისმომგვრელი ხმა – “ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!” – 9 აპრილის ჩეხვის დროს გაისმოდა როგორც პირდაპირ ისტორიიდან მოღწეული მოწოდება გმირობისა და გაუტეხლობისკენ და სიამაყითა და შემართებით გავსებდა (ეს დახასიათება ახლა შეიძლება მაღალფარდოვან სიყალბედ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინ ესეც რეალობა იყო), დიახ, სწორედ ეს ქალები ორი ათასწლეულის მიჯნაზე მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროს სადგურებში სწორედ ამავე სიმღერის მეშვეობით მათხოვრობენ, რათა შიმშილით არ ამოსძვრეთ სული და მათი ხმა ახლა, ალბათ, ყველა გრძნობას აღძრავს, – სიბრალულიდან დაწყებული და მრისხანებით დამთავრებული, – სიამაყისა და შემართების გარდა…
ამ კერძო ფაქტში არეკლილია მთელი ჩვენი 9 აპრილის შემდგომი ცხოვრება: გაღატაკებული, მოღორებული, ღირსებააყრილი ხალხის ბედი…
ამბოხი შეიძლება იყოს დაუკონკრეტებელ ზოგადჰუმანისტურ იდეალებზე დაფუძნებული, ან სრულიად უმიზნო და უპროგრამო (იხ. “არილის” ნომრები მიძღვნილი პარიზის 1968 წლის მოვლენებისა და “ბიტნიკებისადმი”, 2001 წ. N10 და 2000 წ.N9). ასეთ შემთხვევებში დამარცხების სიმწარე გაცილებით ნაკლებია, რადგან თვით მეამბოხეთა მამოძრავებელი იდეალები ან მოტივები შეუბღალავი რჩება. მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე ვითარება იქმნება მაშინ, როცა მასების წარმმართავ “წმინდა” იდეალებს პოლიტიკის უბინძურესი საქმოსნები ეუფლებიან და მათ ხალხის მოღორების და გაყვლეფა-გატყავების საშუალებად იყენებენ.
სწორედ ეს დაემართა ჩვენში პატრიოტიზმს, რადგან 1988-89 წლების ამბოხი მთლიანად მისი ნიშნით იყო აღბეჭდილი, მისი ლოზუნგებით მიმდინარეობდა. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებიან (ალბათ, ცნება “სამშობლოსადმი” ქართული კლასიკური ლიტერატურიდან ლამის დედის რძესთან ერთად შეწოვილი პიეტეტის გამო), მაგრამ დღეს საქართველოში სიტყვა “პატრიოტიზმს” ყოველგვარი ხიბლი აქვს დაკარგული და, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ლამის “ჩამორჩენილობის”, “გონებაშეზღუდულობის” ან, კიდევ უარესი, “ანგარებიანი უტვინო აფერისტობის” სინონიმად არის ქცეული.
ცხადია, ეს არც, ზოგადად, თვით იდეალების უვარგისობის ბრალია და არც, კერძოდ, საკუთრივ პატრიოტიზმის დრომოჭმულობისა. ყველაფრის გაუფასურებასა და ტოტალური ნიჰილიზმის დამკვიდრებაში ბრალი მიუძღვით ხელისუფლების სათავეში მოხვედრილ იმ უვარგის ადამიანებს (პოლიტიკოსებს, დილეტანტ გენერლებსა და სარდლებს, პროფესიონალ ბანდიტებს), რომლებმაც ილუზიონისტის (ან გაწაფული ჯიბის ქურდის) სიმარჯვით გამოგვაცალეს ხელიდან იდეალები და სანაცვლოდ მათი ფალსიფიცირებული და სრულიად უვარგისი დუბლიკატები შემოგვაჩეჩეს.
საერთოდ, ამ ადამიანებს მოუშორებლად თან სდევს ერთი მურდალი თვისება (ერთგვარი წყევლა, რომელიც, როცა ისინი ხელისუფლებას დაეუფლებიან ქვეყნისთვის შეჩვენებად იქცევა ხოლმე): შეხებისთანავე გახრწნან თვით ყველაზე მაღალი რეალური იდეალები, თავიანთი ნამდვილი მიზნების ილუზიურ შესანიღბ მასალად აქციონ ისინი, ხოლომათ ნაცვლად რეალობად დაამკვიდრონ უმდაბლესი მერკანტილური მისწრაფებები და მტაცებლური ინსტინქტები. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სავსებით რეალური ამოცანები აფხაზეთის ომის დაწყებით გადაექციათ მოსახლეობის გასაბრიყვებელ ფუყე ილუზიურ ლოზუნგებად, პატრიოტიზმით ან, უბრალოდ, კაცური სინდისით ამოძრავებული ბიჭები – ჯარისკაცები და მოხალისეები – გამოეყენებინათ “საზარბაზნე ხორცად”, ხოლო რეალობად დაემკვიდრებინათ სულ სხვა რანგის მოვლენები: ხელისუფლების კიბეზე საფეხურების გადანაწილება და ფული, უკონტროლო იარაღი და ნარკოტიკები…
ამ ადამიანებმა, არა მხოლოდ აფხაზეთი, საქართველოც დაგვაკარგინეს. ამას მოწმობს მოსახლეობის სრული გულგრილობა ქვეყნის ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროსადმი, და ეს ისეთ უკიდურესად პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია! დღეს ნებისმიერ ახალ მოვლენაში, იქნება ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ხასიათისა, ხალხი, უწინარეს ყოვლისა, უმაღლეს ხელისუფალთა ანგარებიან ზრახვებს, მათ კრიმინალური ელფერის მქონე “ანცობას” ხედავს, რადგან, უბრალოდ, დაკარგული აქვს რწმენა, რომ ყველაფერ ამას მის რეალურ ცხოვრებასთან რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს.
წინა სტატიაში (“არილი”, 2001 წ.N15) ვწერდი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებულ ურჩხულზე (უფრო კი, მის გახრწნილ გვამზე) – საბჭოთა იმპერიიდან მემკვიდრეობით მიღებულ სახელისუფლებო სისტემაზე. ოღონდ, დღეს ამ მონსტრუოზული წარმონაქმნის ბატონობას ვეღარავის დავაბრალებთ: სისტემის ერთგულ მსახურთა მოსვლა ხელისუფლების სათავეში ჩვენივე წყალობით – ჩვენი არჩევნის ან ჩვენი გულგრილობის გამო – ხდება. დღევანდელი ვითარების წაორმომქმნელი უმთავრესი მიზეზი ჩვენსავე მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ: კანონებისადმი უპატივცემულობასა და თანამდებობის პირთა წინაშე ქედმოდრეკაში, ყოველგვარ უზნეობასთან შეგუებასა და ქარიზმატული ლიდერების მოყირჭებულ ხიბლში.
ჩვენ ჯერ საკუთარი პიროვნული თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი ღირსების შეგნება უნდა მოვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი მოპარული იდეალების დაბრუნებაზე, რეალობის დაბრუნებაზე ან, არსებითად, საქართველოს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, როგორც სამშობლოს დაბრუნებაზე.2001
© “არილი”