• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა ქართულ ენაზე

    ასულ წელს თანამედროვე ესპანურენოვანი მწერლობის მცირე ანთოლოგია გამოვიდა. ქეთი ჯიშიაშვილის მიერ შედგენილი და თარგმნილი წიგნი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქართულ ენაზე თანამედროვე ლათინო-ამერიკული ან ესპანური ლიტერატურა გამოიცემა.
    თავიდანვე მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით ფრთას შეეხება. წიგნი, რომელსაც დღეს მიმოვიხილავთ, ნამდვილად გამონაკლისია, რადგან ქეთი ჯიშიაშვილის მიერ ესპანური ენიდან შესრულებული თარგმანების კრებული უზარმაზარი ხარვეზის შევსების მცდელობაა. ჩვენში ხომ თანამედროვე ესპანურენოვან ლიტერატურას ძალიან უჭირს!
    სამწუხაროა, რომ თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა საერთოდ არ ითარგმნება ქართულად. გამოდის ძალიან ბევრი ფრანგულიდან თარგმანი, შედარებით ნაკლები – ინგლისურენოვანი, კიდევ უფრო ცოტა – გერმანული ლიტერატურა, მაგრამ ესპანურენოვან ლიტერატურას არა და არ გამოუჩნდა ქომაგი. მართალია არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, მაგრამ მხოლოდ მერი ტიტვინიძის მიერ თარგმნილი უნამუნოს კრებული და ელზა ახვლედიანის მიერ გადმოქართულებული მარკესი ვითარებას ვერ ცვლის.
    და აი, გასული წლის ბოლოს გამოვიდა კრებული, რომელმაც ერთ ყდაში გააერთიანა ჩვენი დროის საუკეთესო ლათინოამერიკელი და ესპანელი მწერლები: ოქტავიო პასი, ხუან კარლოს ონეტი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს რევერტე, გუსტავო მარტინ გარსო.
    მთარგმნელმა ქეთი ჯიშიაშვილმა გარკვეული ნიშნით შეარჩია ეს მწერლები, მისი აზრით, წიგნში წარმოდგენილი ავტორები თუ ტექსტები კარგად ეხმიანება თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ რეალობაში შექმნილ სიტუაციას. საუბარია პირველ რიგში ლიტერატურაში შექმნილი კრიზისის დაძლევის ხერხებზე, რასაც ზემოთჩამოთვლილი ავტორები გვთავაზობენ, იქნება ეს ლათინოამერიკელი მწერალი თუ ესპანელი.
    აი მაგალითად, ლათინოამერიკული მწერლობა:
    “60-იან წლებამდე საკმაოდ უსიცოცხლო და ჩამკვდარი ლიტერატურული ცხოვრება მიდიოდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სოცრეალიზმი იყო გაბატონებული და, ისინი გარკვეულად იზოლირებული იყვნენ თანამედროვე ევროპული პროცესებისგან, არ იქმნებოდა არაფერი ღირებული, და აი, 60-იანი წლებიდან, მოდის თაობა – კარლოს ფუენტესი, ერნესტო საბატო, ხუან კარლოს ონეტი, კასარესი, მარკესი, ლიოსა, კორტასარი და მათ შეძლეს ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ და ეყოთ გაბედულება კულტურულ ფესვებში ჩასულიყვნენ და სწორედ იქ ეძიათ წყარო თავიანთი წიგნებისთვის, ხოლო კულტურულ ფესვებში კი მათ “იმედგაცრუება” ელოდათ, რადგან თითქოს ისტორიას გამორჩა სამხრეთ-ამერიკული კულტურის ჩასახვის მომენტი.”
    და ისინი შეეცადნენ მითის მეშვეობის დაეძლიათ ეს პრობლემა, მათ ლეგენდარულ წარსულს მიმართეს:
    “ანუ ადგილობრივი ინდიელების ქრონიკებს, სადაც მათი ცხოვრება, მათი ყოფა რაღაც ჯადოსნურ ისტორიებად აქციეს, სადაც შემოდის მაგია, ჯადოქრობა, მიღმური სამყარო და ისე ერწყმის ყოველდღიურ რეალობას, რომ ის ერთ მთლიანობას ქმნის. აი, ეს არის სწორედ ის მაგიური რეალიზმი, რომელთანაც ასოცირდება დღეს სამხრეთ-ამერიკული მწერლობა და რომელმაც უდაოდ დაიპყრო მთელი მსოფლიოს გული და დღესაც უამრავი მკითხველი ჰყავს”.
    კრიზისი იყო ესპანურ ლიტერატურაშიც, ოღონდ, სამხრეთ-ამერიკისგან განსხვავებით, ქეთი ჯიშიაშვილის აზრით, იქ შედარებით სხვა პრობლემების წინაშე დადგნენ მწერლები:
    “აქ კრიზისი გამოწვეულია ფრანკოს რეჟიმით, ანუ არიან მწერლები, რომლებიც ერგებიან კონიუნქტურას და არიან მწერლები, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ისინი ცდილობენ ეს გაღარიბებული ლიტერატურული პროცესი კვლავ აღადგინონ, დაუბრუნდნენ ისევ თავის ფესვებს და აქედან შექმნან ცოცხალი მწერლობა. ამას ისინი 70-იან წლებში ახერხებენ, როცა ბუმი უკვე მომხდარია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური პროცესიც და რა თქმა უნდა, დიქტატურის არარსებობა, ანუ თავისუფალი სივრცე. ძალიან უჭირთ კრიტიკოსებს თანამედროვე ესპანური ხელოვნების ერთი რაიმე კლასიფიკაცია შემოგვთავაზონ, რადგან არ არსებობს რაიმე ერთი განმსაზღვრელი ტენდენცია ან თემა, რომელიც დომინირებს აქ. ალბათ ყველაზე სწორი იქნება, თუკი ამ პროცესს დავახასიათებთ როგორც სტილურ მრავალფეროვნებას, სადაც თავს იყრის ყველა მიმართულება”.
    ასეთივე მრავალფეროვანია კრებულში შესული ავტორების მსოფლმხედველობაც, მისწრაფებები და თვალსაზრისები ამათუიმ საკითხზე. ინტერვიუებში ზოგიერთი ძალიან პოეტური ჩანს, ზოგი კი პირიქით, მებრძოლია, ერთის დევიზია “ყველამ თავი დამანებეთ”, მეორე კი ვერაფრით ანებებს თავს საზოგადოებრივ ცხოვრებას და სამყაროს შეცვლაზე ოცნებას:
    “მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც ვთვლი, რომ აქტუალურია ეს წიგნი, ეს არის თავად ამ ავტორების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წიგნში შევეცადე მომეტანა არამხოლოდ შემოქმედება ამ ავტორების, არამედ მათი ნააზრევი – ინტერვიუები, ბიოგრაფიები საკმაოდ ვრცლად და ჟურნალისტური ესეები, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, რომ არამხოლოდ მათ შემოქმედებას გაეცნონ, არამედ მათ სამოქალაქო პოზიციასაც, რომელიც, როგორც წესი, არის ძალიან აქტიური და მწერალი, ესპანეთშიც და ლათინურ ამერიკაშიც, თავს ვალდებულად თვლის, პასუხიმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე და კალმით იბრძვის იმ ტენდენციების წინააღმდეგ, რომელმაც საზოგადოებაში მოიკიდა ფეხი. და ამ ბრძოლის საუკეთესო ასპარეზი ჟურნალისტიკაა, ამიტომ, ყველა მწერალი მჭიდროდაა დაკავშირებული ჟურნალისტიკასთან. ისინი ირჩევენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გამოცემას და გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებენ სვეტებს – ეს ჩვეულებრივი ამბავია – და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად სიხშირისა, მათ ლიტერატურულ ხარისხზე ეს არ მოქმედებს.”
    რადგან ხარისხზე არ მოქმედებს, იმედი დავიტოვოთ, რომ ამგვარი სიხშირე საზოგადოებაზე მაინც მოქმედებს, ვისთვისაც მახვილ და მწვავე გამოხმაურებას საყვარელი მწერლების მხრიდან, ყოველთვის გამამხნევებელი მნიშვნელობა ჰქონდა. მწერლობა შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო წამალი იყოს უგემოვნობის, პოლიტიკური აგრესიისა და სატელევიზიო უგუნურების წინააღმდეგ.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – “მადათოვის ტრილოგია” ერთ წიგნად

    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” აკა მორჩილაძის მადათოვის ციკლის სამივე ცნობილ წიგნს მოუყარა თავი და ერთ ტომად გააერთიანა: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”.
    მემგონი ზედმეტი სითამამე არ იქნება თუკი ვიტყვი, რომ 90-იან წლებში ყველაზე იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე პროზის წერა აკა მორჩილაძემ დაიწყო. ჩემი აზრით, აკა მორჩილაძის რომანების დამსახურებაა ახალი ქართველი მიითხველის დაბადებაც და ისიც, რომ ძალიან ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, ვინც ცხოვრებაში არასდროს გაეკარებოდა წიგნს, სწორედ აკა მორჩილაძის წიგნით დაიწყო კითხვა.
    როგორც ამბობენ ხოლმე, აკა მორჩილაძე ორი არსებობს, ერთი “მოგზაურობა ყარაბაღში”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა” და “აგვისტოს პასიანსის” ავტორია, მეორე კი იმ ცნობილი ტრილოგიისა, სადაც სამი რომანია გაერთიანებული: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”. ცხადია ეს დაყოფა ძალზე პირობითია, იგივე წარმატებით შეიძლებოდა მესამე აკა მორჩილაძეზეც გვესაუბრა, “სანტა ესპერანსასა” და “მისტერ დიქსლის” ავტორზე, მეოთხეზეც და ა.შ. ამიტომ, მოდით ნუ დავანაწევრებთ ავტორს, მერე რა, რომ პირველი სამი რომანი თანამედროვე თბილისს გულისხმობს და უფრო რეალური ჩანს მასში მოყოლილი ამბები, მეორე კი წარსულის ტფილისია და უფრო მეტად ლიტერატურულ თამაშებს ვხედავთ მასში. ამ თემას მწერალი დათო ტურაშვილიც შეეხო, აკა მორჩილაძის მერხის მეგობარი და მისი ნაწერების პირველი წამკითხველი:
    “რაც შეეხება რომანს “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, თვითონ გიოს შემოქმედებაშიც განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. მე მგონია, რომ, (ცხადია ეს უფრო ლიტერატურათმცოდნეების საქმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი), რასაც ლიტერატურის შესახებ წერენ ხოლმე, კამათობენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან პირობითი, ტერმინოლოგიებიც კი. მიუხედავ იმისა, რომ მეც მსმენია და ალბათ შენც, რომ ეს რომანი პირდაპირ კავშირშია თანამედროვე პოსტმოდერნულ ქართულ ლიტერატურასთან, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ამას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, იმიტომ, რომ უბრალოდ არა მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს, ტერმინოლოგიურად თუ რა კლიშეებში აღმოჩნდება ესათუის წიგნი ან ესათუის ავტორი”.
    აკა მორჩილაძე ამ სამ რომანში ძალიან კარგი მთხრობელიცაა და მახვილგონივრულიც, იგი ნამდვილი საჩუქარია ქართული თუ უცხოური ლიტერატურის მოყვარულთათთვის, მათთვის, ვისაც ვნებებისა თუ სიუჟეტზე თვალყურის დევნების გარდა, ამოცნობაც უყვარს და ამგვარი მსგავსებებით ტკბობაც. სწორედ ამის გამო, პირველი წიგნი, “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, გარკვეულ წრეებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქამდე ქართულ ლიტერატურაში არავის წაეკითხა მსგავსი, მინიშნებებით სავსე წიგნი, თუმცა გარდა ამისა, წიგნი უბრალო, ე.წ. შთანთქმით წამკითხველთა შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. ეს იყო, თუ არ ვცდები, ახალი დროის პირველი ქართული ბესტსელერი. დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ გიო ახვლედიანი ძალიან შორს წავიდა:
    “იმდენად შორს წავიდა, რომ “ბოროტად გამოიყენა” ეს ბაკურ სულაკაურმა და წიგნებიც კი დააწერინა [იცინის]. არ ვიცი, ამას დრო უფრო შეაფასებს ალბათ, ვიდრე ჩვენ, ანუ მკითხველმა უფრო მეტი უკეთესი შედეგი მიიღო ამით თუ გიო უფრო მეტად გაწვალდა. ცეცხლითა და მახვილით აწერინებდა ხოლმე, სანამ გაიქცეოდა. ბოლოს აიძულა და საქართველო დაატოვებინა, გიო უკვე იმალება და მეც რო მეკითხებიან ხოლმე, რატომ აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვეუბნები, რომ ბაკურ სულაკაურს ემალება მეთქი [იცინის]. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი. ფაქტია, რომ ბაკურ სულაკაურმა მკითხველს ამით კარგი სამსახური გაუწია (ხანდახან ისიც კი მესმოდა, რომ გრაფომანიაში გადაიზარდაო და ა.შ.), რადგან დღეს უკვე რამდენიმეთი მეტი წიგნი გვაქვს გიოსი, რომელიც, რომ არა ბაკურ სულაკაურის დაჟინებული მოთხოვნა, შეიძლებოდა არ გვქონოდა, ამიტომ სიამოვნებაც დაგვაკლდებოდა”.
    ძალიან მნიშვნელოვანია “მადათოვის ტრილოგიის“ კულტურული პლანიც, ის, თუ რა გავლენა მოახდინა მან თანამედროვე კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ამაზე დათო ტურაშვილს საინტერესო დაკვირვებები აქვს:
    “ჩემთვის მაინც ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ შენთვისაც, რავიცი, მაინც პირველი მადათოვია, შეიძლება წყვეტის გამო, რადგან ჩვენ ძალიან დიდი წყვეტა გამოგვივიდა მთელი ეს საბჭოთა პერიოდი. იყო უამრავი მონაპოვარი, რაც მანამდე ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურას, ან შეიძლებოდა გვქონოდა, რადგან მაშინ თითქმის ფეხდაფეხ მივყვებოდით ევროპულ პროცესებს, XIX-ს ბოლოს და XX-ის დასაწყისში, და რომ არა ანექსია და ოკუპაცია და გაწყვეტა ამ კავშირის, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ ხომ ინფორმაციული კავშირიც კი არ გვქონდა, არათუ რაღაცა ღრმა პროცესები. არადა მანამდე ჩვენ სერიოზული მონაპოვრები გვქონდა, არამხოლოდ ლიტერატურაში, არამედ კინოში, თეატრში, ფერწერაში და ა.შ. და რომ არა ეს ხელოვნური წყვეტა, ჩვენ შეიძლებოდა ის შეგრძნება აღარ გვქონოდა, რაც პირველმა მადათოვმა მოგვიტანა. მაშინ როგორღაც მომეჩვენა, რომ ისეთ სხეულთან დავბრუნდი, რომელსაც მე მოწყვეტილი ვიყავი. მალხაზ ხარბედია: რაც შემდეგ განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”. დათო ტურაშვილი: ჰო, რაც განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”, და მემგონი ეს იქიდან დაიწყო, ეს დაბრუნება. მე აღმოვაჩინე ამ წიგნში, რომ სულ სხვანაირი შეიძლება იყოს ლიტერატურული სამყარო. სულ მახსენდება ხოლმე ბორხესის სიტყვები: ლიტერატურა, ანუ გამონაგონი გაცილებით დამაჯერებელია, ვიდრე სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთო. და პირველი მადათოვი როცა წავიკითხე, მაშინ გამიჩნდა ეს იდეა და მაშინ დავიწყე იმის აღმოჩენა, რომ ის სამყარო უფრო რეალური იყო”.
    ცალკე თემაა თავად კუნძული, მისი რეალურობა თუ წარმოსახვითობა, მისი სიმბოლური მნიშვნელობა და ის სევდა, რომელიც მის გაქრობას უკავშირდება. პირადად ჩემი აზრით, ამ კუნძულის დაკარგვით ჩვენმა ქალაქმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, და ეს არ იყო მხოლოდ დანაკლისი ეკზოტიკის თვალსაზრისით:
    “თვითონ ეს მადათოვიც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ეს იყო კუნძული, მაგრამ იმავე დროს იყო უფრო მეტი, ვიდრე შენი ქვეყანა. ძალიან უცნაური რამე გააკეთა ამ წიგნში გიომ, კერძოდ ის, რომ მადათოვი ჩემთვის არის თვითონ კუნძულის თავგადასავალიც და ამავე დროს რაღაცნაირად, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის თავგადასავალიც”.
    ეს წიგნი მართლა თავგადასავალია, თავგადასავალი, სადაც ხანდახან ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები, ხანდახან კი მდორედ და თავდაჯერებით, სადაც ყველაფერს ნახავს მკითხველი: ძველი ქალაქიდან დაწყებული – საყვარელი ლიტერატურითა და ნაცნობი გმირებით დამთავრებული.
    © radiotavisupleba.ge
  • ესე

    ზაზა შათირიშვილი – გოტიკური რომანის გენეალოგია

    რა თქმა უნდა, “გოტიკური რომანი” სწორედ ინგლისში უნდა გაჩენილიყო _ ინგლისში, სადაც მოხდა სამონასტრო ცხოვრების ცენტრალიზებული რედუქცია (ფაქტობრივად, აკრძალვა) და არისტოკრატიის “თვით-გარდაქმნა” ბურჟუაზიად.
    გოტიკურ ლიტერატურას დაბადების ძალიან ზუსტი თარიღი აქვს: 1764 წელს ინგლისელმა მწერალმა ჰორას უოლპოლმა გამოაქვეყნა თავისი მოთხრობა ოტრანტოს ციხე-კოშკი (The Castle of Otranto), ხოლო მომდევნო, 1765 წელს – ხელმეორე გამოცემისას – თავის ნაწარმოებს ამგვარი ქვესათაური დაურთო _ “გოტიკური ამბავი” (A Gothic Story). სწორედ ასე დაიბადა ეს ახალი ლიტერატურული (და _ არა მხოლოდ ლიტერატურული!) ჟანრი.
    არადა, ერთი შეხედვით, ტერმინები _ “გოტიკური რომანი”, “გოტიკური ლიტერატურა” _ აშკარად საშუალო საუკუნეებზე მიანიშნებს. მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ, როგორც ვხედავთ, “გოტიკურ რომანსა” და “გოტიკურ ლიტერატურას” არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არათუ საშუალო საუკუნეებთან, არამედ _ რენესანსთან და ბაროკოსთანაც კი.
    ულპოლისათვის, როგორც ეს კარგად ჩანს მის მიერვე დაწერილი ამ ორი გამოცემის წინასიტყვაობებიდან, მთავარი იყო თანამედროვე და საშუალო საუკუნეების რომანთა სინთეზი. უოლპოლს “თანამედროვეობა” ესმოდა, როგორც “ბუნების მოსმენა”, “ბუნებრივი წესრიგის” გაზიარება, “საღი აზრი”, ხოლო “საშუალო საუკუნეები” _ როგორც სასწაულებისა და ზებუნებრივი მოვლენების _ ჯადოსნურის _ რწმენა: მისთვის საშუალო საუკუნეების ლიტერატურა იყო ის, რასაც დღეს ჩვენ, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის კვალდაკვალ, “ფენტეზის” ვუწოდებთ. ოღონდ, ცხადია, ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით _ უოლპოლისათვის ფანტასტიკური ელმენტის არსებობას ლიტერატურულ ნაწარმოებში მხოლოდ ერთი გამართლება ჰქონდა _ წარსული. თანამედროვეობა მისთვის მხოლოდ ბუნებრივი კანონზომიერებისა და საღი აზრის სამეფო იყო.
    XVIII საუკუნე განმანათლებლობისა და რაციონალიზმის საუკუნეა _ “რელიგია _ მხოლოდ გონების ფარგლებში” _ ასეთია არა მხოლოდ კანტის, არამედ მთელი ეპოქის სულისკვეთება. სადაც რელიგია მხოლოდ გონებისა და “რაციოს” ფარგლებში მოიაზრება, ცხადია, იქ ჯადოსნურისა და ფანტასტიკურისათვის ადგილი აღარ რჩება. მაგრამ ადამიანს, როგორც ჩანს, არ შეუძლია მითოსისა და ზებუნებრივის გარეშე არსებობა. ამიტომაც, გოტიკური ჟანრის დაბადება განმანათლებლობის სტერილურსა და რაციონალურ ატმოსფეროში ადამიანური ფსიქიკის კომპენსატორულ ფუნქციაზეც (ფროიდის ამ კონცეპტს თუ დავესესხებით) მიგვითითებს.
    როდესაც “გოტიკურ ჟანრზე” ვსაუბრობთ, უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი: “ჟანრი” ამ შემთხვევაში პირობითი ტერმინია, რადგანაც “გოტიკურ ჟანრს” მხოლოდ თემატიკა განსაზღვრავს _ ესაა შემაძრწუნებლისა და ზებუნებრივის (თუ ფანტასტიკურის) ისეთი კავშირი, რომელიც მკითხველსა თუ მაყურებელში შიშისა და იდუმალების გრძობას აღძრავს. ამიტომაც, “გოტიკური” შეიძლება იყოს როგორც პროზა (რომანი, მოთხრობა, ნოველა..), ისე _ პოეზია, პიესა თუ ოპერა (მაგალითისათვის, კარლ მარია ვებერის ჯადოსნური მსროლელი, ჩაიკოვსკის პიკის ქალი, ენდრიუ ლოიდ უებერის ოპერის მოჩვენება), ფილმი და კომპიუტერულ თამაში…
    განსაკუთრებით პოპულარული გოტიკა ჰოლივუდის ეპოქაში გახდა _ დრაკულასა და ფრანკენშტეინის უამრავი რიმეიქი, ჰიჩკოკის კინემატოგრაფი, ბოლო პერიოდში გაღებული სხვანი (The Others, 2001 წ.) თუ Twilight –ი თავისი გაგრძელებებითურთ _ აი, მცირე ნუსხა იმ ფილმებისა, რომელიც გოტიკის გლობალურ სამეფოს მიეკუთვნება…
    საზოგადოდ, “გოტიკური რომანის” ორი ცენტრალური ქრონოტოპოსი სასახლე და მონასტერია. სწორედ ამ ორი ქრონოტოპოსის დემონიზაცია ხდება გოტიკურ რომანში _ გაუგებარი, შეუვსებელი მოცალეობა და “ფუჭი” მჭვრეტელობა გოტიკური ფანტაზმების ადგილი ხდება: “სიცარიელეს” ავსებს ძალადობა და სექსი. გოტიკურ რომანში მონასტერი ესაა ქრონოტოპოსი, სადაც “თარეშობს ინკვიზიცია” (მეთიუ გრეგორი ლუისის რომანი ბერი, ჩარლზ მეტიურინის მოხეტალე მელმოთი და სხვ.) _ ესაა დახვეწილ “წამებათა” ფანტაზმური ადგილი, ხოლო სასახლე პირდაპირი ან ალეგორიული ეროტიკული ორგიების ფონია.
    საგულისხმოა, რომ ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების დემონიზაცია ჯერ მიტოვებული და მოშორებული სასახლის ხატის მეშვეობით ხდება _ ადრეულ გოტიკურ რომანს ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების წესი ჯერ “უბრალოდ” სივრცულ პერიფერიაზე გადააქვს _ ოღონდ ეს მაინც საკუთარ ლანდშაფტში, საკუთარ ტერიტორიაზე ხდება _ ეს ჯერ კიდევ ინგლისი, ან, საზოგადოდ, ევროპაა. თუმცა, სრულიად ცხადია, რომ პერიფერიაზე “გატანა” გაუცხოებასა და დროში დაცილებას გამოხატავს. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ამგვარი სასახლე ან მთლიანად წარსულის საკუთრებაა (მაგალითად, ულპოლის მოთხრობაში) ან, საერთოდ, მივარდნილი და დანგრეულია (მაგალითისათვის, ენ რედკლიფის რომანებში).
    XIX საუკუნის ბოლოს გოტიკური რომანი უკვე სხვა _ უცხო _ დაცილებულ გეოგრაფიას ეძებს, რადგანაც “ჭეშმარიტად ევროპული” თანამედროვეობა უკვე მთლიანად გაჯერებულია შრომისა და დასვენების ინდუსტრიით (ჩვენი დასვენება ხომ სხვისი შრომის ნაწილია!). ამიტომაც, მაგალითად, ბრემ სტოკერის დრაკულაში მოცალეობის სამყარო უკვე აღმოსავლეთი (“არანამდვილი”) ევროპა _ ტრანსილვანიაა _ სწორედ აქაა გრაფი დრაკულას მივარდნილი სასახლე. ცივილიზაციისაგან თანადათანობითი დაშორება იმასაც მიგვანიშნებს, რომ მოცალეობა უკვე “ბარაბაროსების” ხვედრია, მაშინ როცა ცივილიზებული ადამიანი _ ესაა გეგმაზომიერი ყოველდღიური შრომის ადამიანი, რომლის ხვედრი სწორედ “მოცალეობის ბარაბაროსული ადგილების” მართვა და მათი ცივილიზაციაში ჩაწერაა.

    © kalmasoba.com

  • პოეზია

    გივი ალხაზიშვილი – სამი ლექსი

    საფეხური

    /ოქტომბრის ეპისტოლე/



    ..რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად

    ღამის მტევნები –

    ხელისგული გრძნობდა სისავსეს…

    რაც შენ წახვედი, სიტყვები გაქრნენ,

    ჩემს სათქმელს შორისდებული ჰყოფნის

    და ბოლთას ვცემ მეს და მეს შორის.

    ახლაც გული ამიჩუყდა,

    მაგრამ უცრემლოდ;

    ცრემლს სიტყვა იწოვს და აკრისტალებს

    იმ დღისთვის, ჟამი რომ დაუდგება.

    ის მიყურებს

    ალმაცერ სხივით,

    მე ხომ ყველაფერს ვიმახსოვრებ დასავიწყებლად.

    თვითონ მე ვარ ის საფეხური,

    რომელიც უნდა გამოვტოვო

    რომ საკუთარ სისუსტეს გავცდე…

    9. 10. 2010 წ.

    ჩანახატი შენთვის



    გაამზეურებ გარდასულ ზამთრებს,

    ერთად ყოფნით რომ გადავაგორეთ…

    ეგ თვალებია,

    აჩქროლებულ გულს რომ მაჩვენებს

    და ამავე დროს,

    ცას რომ მაგონებს…

    რა გულწრფელია ეს ზედაპირი –

    ღიმილის კლიშე

    და ჩავარდნილ კლავიშის ბგერა,

    გულში რომ ჩაწყდა –

    სმენით ვპოულობ

    და შეხებისას ძარღვებიც ჟღერენ.

    ცრუა ეს კარი,

    ღიაობით დაკეტილია,

    დგას შოუმენი

    და საკუთარ თავს აფიარებს,

    შეფუთვის სტილი –

    მოსაწყენად ინფანტილური,

    ესეც პაფსაა და იაფზე იაფი არი…

    …..

    გამოვრთავ ეკრანს

    და ვგრძნობ სინანულს,

    შესაბამისი სიტყვის მიგნებით,

    ალბათ, დღეიდან შენთვის ვიცოცხლებ

    და შენი ნატვრის ჩრდილში ვიქნები.

    20. 10. 2010 წ.



    ერთ სიტყვაში..



    /ოქტომბრის მეორე ეპისტოლე/



    …ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში –

    ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი

    და მოგვანატრა ერთმანეთი

    და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, –

    უწყვეტელ დროში

    და გვაუღლა იმ დღესთან ერთად,

    თითქოს რომ იყო,

    თითქოს რომ არის…

    შენ ხარ ჩემი – შინ,

    არ მეშინია,

    გაშინაურდა, მგონი, სულეთი

    და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ,

    ის აჩრდილი თუ

    ეს სილუეტი…

    მოგეფერები,

    მიწა მიწას რომ ეფერება –

    სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი,

    რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა,

    შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.

    30. 10. 2010 წ.

    © kalmasoba.com