ესე,  პროზა

ბელა ჩეკურიშვილი – რაინისპირა ამბები

bella che

აზერბაიჯანელი ბებო და ფრთები

როცა თბილისის გერმანიის საკონსულოში ტყვიაგაუმტარი შუშის იქიდან ვიზადარტყმულ პასპორტს გადმოგაწვდიან, აუცილებლად დააყოლებენ, რომ ეს ბეჭედი საკმარისი მაინც არ არის ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად და რომ შეიძლება დამატებითი საბუთებიც მოგვთხოვონ საბაჟოზე.

“დამატებითი საბუთები” ჩემთვის არასდროს მოუთხოვიათ, თუმცა კი მუდამ წვრილად მეკითხებიან, “აღთქმული ქვეყნის” კარიბჭესთან ვისი წყალობით აღმოვჩნდი,  რა მიზნები მამოძრავებს და რამდენ ხანს ვაპირებ იქ დარჩენას. ეს, დაახლოებით, საზვერეების გავლას ჰგავს, სადაც უნდა შემოწმდეს, რამდენად წმინდა გულით ვაპირებ დემოკრატიის სამოთხეში გადაბიჯებას, გამჟღვანდეს ჩემი სულის იდუმალი მხარეები, აიწონოს ჩადენილი და ჩასადენი ქმედებების მართებულობა, გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი და მომენიჭოს ფრთები.

მიუნხენის საბაჟოზე იმ რიგში ვდგავარ, რომელიც არაევროპული ქვეყნების მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი. რიგი არც ისე გრძელია. მაისია. ანათებს მზე და სტამბოლის აეროპორტში 6-საათიანი ლოდინის მიუხედავად, უღრუბლო განწყობაზე ვარ, რადგან მიუნხენში ჩასვლა ძალიან მიხარია მთელი რიგი მიზეზების გამო…

რიგი სწრაფად მიიწევს წინ. აი, ჩემ წინ  ორიოდე კაციღა დარჩა, გულში ვღიღინებ “ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს” და ცოტა ხნის შემდეგ ვხვდები, რომ რაღაც დიდხანს ვღიღინებ, ამ სიმღერის ტექსტი ნაგლეჯებად მახსოვს და წესით, მთლიანის გახსენება არ უნდა დამჭირდეს, რიგმა ისე უნდა მომიწიოს. ვიხედები მარჯვნივ, მარცხნივ, მერე წინ და აშკარად რაღაც ნაცნობი ინტონაციით ნათქვამი სიტყვები მესმის: საბაჟოს მომწვანოშუშებიან კაბინას მისდგომია თავშლიანი ბებო და ჩანთაში იჩეჩება, თან რაღაც სიტყვებს იმეორებს. კი ვერ ვარკვევ, რას ამბობს, მაგრამ აშკარად ძალიან ნაცნობი ინტონაციაა და ყურებს ვცქვეტ, სმენას ვძაბავ, რომ გავერკვე. ვაჰ, ვერ ვიგებ, მაგრამ მეცნობა, ზოგი სიტყვა რუსულს ჰგავს და ზოგი კიდევ თბილისში გაგონილ რაღაც ენას. ახლა ბებოს ვაკვირდები და თითქოს სადღაც მინახავს, სადღაც კი არა, თბილისში ალბათ, რა ვიცი, ქუჩაში, ათი ათასჯერ, გამოვლაპარაკებივარ კიდეც, მწვანილიც მიყიდია, წიწაკაც, ისპანახიც, ვაჰ, აზერბაიჯანელი ბებოა რა, თავსაფრიანი, ჭრელკაბიანი, ბაჯი, რუსულ-აზერბაიჯანულად ბუტბუტებს და ჩანთაში იჩეჩება და იჩეჩება. მებაჟე მოთმინებას კარგავს და უკვე ხმამაღლა ჩხუბობს, ბებო ბუტბუტს უმატებს და ჩეჩვას, მებაჟე – ხმას და რიგი კისრებს იგრძელებს.

საბაჟოზე რიგი არათუ უნდა დაიცვა, მითითებულ ხაზსაც არ უნდა გადააბიჯო, მშვიდად უნდა იდგე და გეტყობოდეს, რომ მოწესრიგებულ, უსაფრთხო, დემოკრატიულ ქვეყანაში შედიხარ, აბა, მაშ, ფრთები რომ გინდა?

მაგრამ ხანდახან რაღაცები მაინც გვავიწყდება, ხომ ადამიანები ვართ, ცოდვილები, აკი ცოდვასა შინა გვშვა დედამან ჩვენმან, ჰოდა, მეც უნებურად ვარღვევ რიგს, ვაბიჯებ მოლოდინის ხაზს და ვუახლოვდები მწვანე შუშნარს გერმანულ-რუსულ ენაზე ხმამაღალი შეძახილებით. რუსულად მივმართავ ბებოს, რა გჭირს-მეთქი, მებაჟეს გერმანულად ვეუბნები, იქნებ დაგეხმაროთ-მეთქი, რუსული ვიცი-მეთქი, ქართველი ვარ-მეთქი, აზერბაიჯანელებს ვიცნობ-მეთქი და ბოლოს, რა პრობლემა აქვს ამ ბებოს-მეთქი?

მებაჟე წყნარდება და მეუბნება, რომ ბებომ უნდა წარმოადგინოს მოწვევა, რის საფუძველზეც მას ბაქოში თუ თბილისში (ეს უკვე აღარ ვიცი) პასპორტში ვიზა ჩაურტყეს. კარგით, გავარკვევ-მეთქი, ვპირდები და ახლა ბებოს ვეკითხები:

– მოწვევა ვინ გამოგიგზავნა, აქ რატომ ჩამოხვედი?

ენაზე მადგას სიტყვა “ბაჯი”, გული მიჩუყდება და თან, რაღაცნაირად, მშობლიური ტალღა მივლის, ლამისაა, გულშიც ჩავიხუტო, ეს დაბნეული, დამფრთხალ-შეშინებული მოხუცი ქალი, რაღაცით ჩემს ბებოსაც რომ მაგონებს.

– შვილებმა, – მპასუხობს ბებო იმ რუსულით, მწვანილის ყიდვისას რომ მესმის ხოლმე, – ჩემმა შვილებმა.

– აქ ცხოვრობენ? – ვაგრძელებ გამოკითხვას.

– ცხოვრობენ, მუშაობენ, შვილიც და რძალიც.

– მერე, სად გაქვს ის მოწვევა, წამოიღე თან?

– არ ვიცი, – ამბობს ბებო და ჩანთას აყირავებს პირდაპირ შუშებიან კაბინასთან.

ჩანთაში ქაღალდის მსგავსი არაფერია.

ბებოს ხელში “პლაშისმაგვარი” რაღაც უჭირავს.

– მოიცა, იქნებ ამ “პლაშის” ჯიბეში ჩაიდე? მოვძებნოთ.

ვართმევ ხელიდან და მის ჯიბეებში ურცხვად ვიქექები. უშედეგოდ, შიდა ჯიბეებსაც ვნახულობ, მერე ძირს ვაგდებ  და ახლა ჩანთის შიდა ჯიბეების აღმოჩენას ვცდილობ, ხომ შეიძლება ის ორად თუ ოთხად დაკეცილი ბედნავსი ქაღალდი სადმე შიდა ჯიბეში ჩაიდო და აღარ ახსოვს? მერე თავს ვწევ და ვეკითხები:

– სხვა ჯიბე არ გაქვს? მაგ კაბაზე ჯიბე არ გაქვს? -ახლა უბეზე ვანიშნებ, – იქნებ მანდ ჩაიდე ფულთან ერთად? – ვიცი, რომ ბაჯები ფულს უბეშიც ინახავენ.

ამ დროს არათუ მებაჟე, რიგი კარგავს უკვე მოთმინებას, იშმუშნებიან, ალბათ შიშიც იპყრობთ, ეს თავსაფრიანი მოხუცი ემანდ ტერორისტი არ აღმოჩნდეს, რაღაც ისე იქექებ-იჩეჩება და ის შავთმიანი ქალიც გერმანულად კი ლაპარაკობს, მაგრამ აშკარად აღმოსავლელია და მის ჩანთაში საეჭვოდ აფათურებს ხელებს.

რომ წარმოიდგინოთ თევზის ხერხემალი, აქეთ-იქით გამოზრდილი ფხებით, ასეთ ფორმას იღებს რიგი – ზოგის ტანი მარჯვნივ იხრება, ზოგის – მარცხნივ, კარგად რომ დაინახონ რა ხდება წინ, მომწვანო შუშიან კაბინასთან, რომელიც ღრბუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა, იმ ღრუბლებიდან გადმოგვყურებს მებაჟე, ხოლო სარკმელი ზუსტად ჩემი თვალების დონეზეა, ნუ, მაღალი ადამიანებისთვის – ტუჩების დონეზე, რათა ხმა დაუბრკოლებლად შესრიალდეს და მებაჟის ამაღლებულ ყურს მისწვდეს, როცა პასპორტს გადააწვდი, რადგან მან ფრთები უნდა გადმოგაწოდოს. ანდა, შეიძლება არც გადმოგაწოდოს, თუკი შენი სულისა და გულის სიწმინდეს არ დაუდასტურებ რომელიმე დამატებითი საბუთით.

აი, აზერბაიჯანელი ბებო დგას და ვერ ადასტურებს, ჰოდა, სად არის, აბა, ფრთები? არ არის! არ არის და ბებო მიუნხენში ვერ შეფრინდება.

ბებოს სახე ოფლით ეცვარება და მეც უკვე ხვითქში ვცურავ, უკვე ვიცი, რომ ძებნას აზრი არ აქვს და აქეთ-იქით ვიხედები საშველად. ვიხედები და უცებ სახე მინათდება: საბაჟოს შემინული კედელი აქვს, რომელიც მას აეროპორტის მოსაცდელ დარბაზთან ჰყოფს, ხოლო ამ მოსაცდელი დარბაზის მხრიდან შუშის კედელს მოსდგომია ახალგაზრდა ქალი და კაცი და ხელებს იქნევენ. არც მინდა დაფიქრება, ეს ქალი და კაცი ვინ არიან, სახეები ისეთი ნაცნობია, თითქოს გუშინაც ვნახე, თითქოს ბევრი გვილაპარაკია კიდეც. ვხედავ, ამ ბებოს შვილები არიან აშკარად, არ ვიცი რამდენი ხანია, გვიყურებენ, არ ვიცი, დამინახეს თუ არა, როგორ გავჩხრიკე და გადავქექე მათი დედა, მაგრამ ისე მიხარია მათი დანახვა, ახლა სირცხვილის დრო აღარ არის, ვუქნევ ხელებს, ვახედებ ბებოს იქით და მერე მებაჟეს ვეუბნები გაბრწყინებული სახით:

– აი, მარჯვნივ, შუშის იქით მისი შვილები დგანან, შეხედეთ, მათ გამოუგზავნეს მოწვევა, აი, აი, ნახეთ, გვესალმებიან!

მებაჟე იღიმება, ნამდვილად იღიმება, მეც ვუღიმი, ფართოდ, ქართულად ვუღიმი, კეკლუცადაც კი, და ვისმენ : რომ ბებომ აქ უნდა მოიცადოს, ვიდრე არ გაარკვევენ ვინ არის და რა უნდა, ხოლო მე მივაწოდო პასპორტი და ავუხსნა, სად მივდივარ, რამდენი დღით, რა მიზეზით, თუკი მინდა, რომ ფრთები მივიღო…

– კი, მაგრამ ბებო ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს, მისი შვილები კი გარეთ დგანან, თქვენც ხომ ხედავთ?  – ვცდილობ, მებაჟეს გონება გავუნათო და როგორმე ბებო გარეთ გავიყვანო, იქ, სადაც მის შვილებს ვერ გაუგიათ, სადღაც კუთხეში, პირდაპირ იატაკზე რატომ დაჯდა მათი დედა.

მებაჟე მიმეორებს, რომ რიგს ვაბრკოლებ, ჩემი ჟურნალისტობა კი საკმარისია, რომ ფრთები მომცეს და ახლა სწრაფად დავტოვო საბაჟო, რადგან ხალხს ჩვენი სპექტაკლი უკვე მობეზრდა და მოთმინების ფიალა აევსო.

მე ვდგავარ ფრთებით, ღია, დემოკრატიულ, მოწესრიგებულ, ბედნიერ ქვეყანაში, გარეთ მელოდებიან ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც ამ ფრთებით ბავარიის მიწას უნდა შემოვუფრინო, ავივსო მზითა და ლუდით, მაგრამ რაღაც სულ აღარ მიხარია გარეთ გასვლა, ვხვდები, რომ მე იმ ბებოს შვილიშვილი უფრო ვარ, მისი სამყაროს ნაწილი, მისი ბედის გამზიარებელი, ვიდრე იმ ჩემი ლაღი და ბედნიერი მეგობრების და, ქალიშვილი, ცოლი, დედა,  და რომ ერთ დღესაც შეიძლება, იმ ბებოსავით მიმსვან კუთხეში, იატაკზე და მიბრძანონ, დაველოდო, ვიდრე ჩემი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე გაარკვევდნენ, მეკუთვნის თუ არა ფრთები თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესასვლელად.

ჰერცოგინიას მორალი

ფილმი “ფრანგული კოცნა” გახსოვთ? ჰოლივუდის ფილმია, მეგ რაიანი თამაშობს, საფრანგეთში საქმეზე ჩასული საქმრო ახალ გოგოს რომ გაიცნობს და ცოლად მოყვანას რომ უპირებს და ეს რომ აწეწავს და ჩააკითხავს…

მოკლედ, გახსოვთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, იქ ერთი ასეთი პასაჟია: მეგ რაიანს ის თავისი ყოფილი საქმრო უხსნის, ის გოგო ისე მიყვარს, შემიძლია მოვფსა, როცა ჩემ უკან დგასო… მეგ რაიანს ამაზე თავზარი ეცემა და სასტუმროში ვიღაც უცნობ მამაკაცს ეკითხება: შეგიძლიათ მოფსათ, როცა უკან ვინმე გიდგათო?

ახლა არ გვინდა მორალისტობა, მით უფრო ისეთ საკითხში, შეყვარებული წყვილის ერთად მოფსმა-არმოფსმას რომ ეხება. მე თავად მეგ რაიანის შეკითხვაზე ვფიქრობ, რომელიც ისე რეალურად ამომიდგა უცებ გვერდით, აი, კოვბოის დასტვენილზე მისი ერთგული ცხენი რომ ჩნდება კადრში. ლამის ხმამაღლა შევღაღადე სამყაროს….

არავითარი ეროტიკა, ან რამე პირადული, ყველაფერი უნივერსიტეტის ტუალეტში დაიწყო და იქვე დასრულდა.

უნის ტუალეტები ყველგან ერთნაირია, საქართველოშიც, ევროპაშიც, კამჩატკაზეც: გრძელი რიგით, დერეფანში რომ აქვს კუდი გამოგრძელებული და კაბინების კართა ჯახა-ჯუხით. შესვენებებზე რიგი უთავ-უკუდოა, ჭალაში მწოლი გველეშაპივით, მაგრამ ლექციების დროს გველეშაპი ორად არის მოკეცილი და მდინარის გაღმაც გადიხარ…

იმ დღესაც ლექციის დრო იყო, გველეშაპს პირში ედო კუდი და თვლემდა და მეც პირდაპირ შევფრინდი მდინარის ჭალებში. სიხარულს რომ ახლავს, იმ ენერგიით დავირბინე კაბინები. ცხრა მარჯვნივ, ცხრა – მარცხნივ. ყველა დაკეტილი, ანუ, დაკავებული აღმოჩნდა. შემოვტრიალდი გასასვლელისკენ და რომელიღაც კაბინიდან გამოყო კიდეც თავი ახალგაზრდა მამაკაცმა. ლურჯი კომბინეზონით, ხელთათმანებიან ხელში ჯაგრისით და ქიმიური საწმენდი საშუალებით. მომესალმა, ძალიან გულითადად გამიღიმა და მითხრა, აი, აქ შეგიძლია შეხვიდე, უკვე სუფთააო და თვითონ გვერდითა კაბინის კარი გამოაღო, ბუნებრივია, ახლა იქაური უნიტაზის გასაპრიალებლად.

მე შევედი ჩემს კაბინაში, კარი მივხურე, მერე ისევ გავაღე, რამდენჯერმე დავტრიალდი და უკან გამოვედი.

ახალგაზრდა კაციც მეზობელი კაბინიდან გამოვიდა და ჩემ მოპირდაპირედ, იმ წუთას გათავისუფლებულ კაბინაში შესვლა დააპირა, რომ წინ ავესვეტე. კაცმა ყურადღებით შემომხედა და კვლავ გამიღიმა. მისი ღიმილის საპასუხოდ, ჩემმა გერმანულმა დაკარგა პირისა და რიცხვის კატეგორიები და გადავიდა ინფინიტივებზე. მაგრამ ამ გაურკვეველი ინფინიტივებით მაინც შევეცადე მეთქვა, სანამ თქვენ აქ ხართ, მე იქ შესვლა არ შემიძლია-მეთქი…

მან, რასაკვირველია, ვერ გაიგო რა მინდოდა, მაგრამ თავი მოვალედ ჩათვალა, ეპასუხა. რაც მითხრა, დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ ჩემი კაბინა უკვე სუფთა იყო, ძალიან სუფთა. მე შევეცადე, ჩემი ინფინიტივებისთვის დამემატებინა სიტყვა “მოფსმა”, თუმც ინფინიტივში, მაგრამ მაინც. თან მოვიხადე ქუდი და მოვიხსენი შარფი, ძალიან მცხელოდა უკვე.

სანიტარული მუშაკი კიდევ უფრო დაიბნა და გადაწყვიტა, ხელებით აეხსნა – აი, ამ ჯაგრისით და აი, ამ ხსნარით დავამუშვე იქ უნიტაზიო.

ამასობაში ჩემი გონებიდან ჩაიწრიტა და სადღაც გაუჩინარდა ის ინფინიტივებიანი ზმნებიც და დარჩა ერთადერთი – მოფსმა, რომელსაც ჩავებღაუჭე დაღუპული ნავიდან გადარჩენილი ფიცარივით და შევეცადე, ამ ფიცრით მაინც მომეხერხებინა გაცურვა, რომ  ჯაგრისიანი მამაკაცის ტვინამდე მიმეღწია. ჩემი ინფინიტივური ზმნის საპასუხოდ მამაკაცმა ჯაგრისი ცოტა ზემოთ ასწია, ალბათ კარგად რომ დამენახა, რით წმენდს ხოლმე უნიტაზებს და როგორ პრიალებენ ისინი, აი, სწორედ ამ ჯაგრისის წყალობით, მაგრამ ამით მიაღწია იმას, რომ მის გონებამდე მისასვლელის ერთადერთი ფიცარიც დავკარგე და საერთოდ დავმუნჯდი.

შევყურებ სახეში და ვასავსავებ კაშნეიან-ქუდიან ხელებს, რაც ნიშნავს, რომ კაშნეს და ქუდს ჰაერში ვიქნევ.

და ვდგავართ ასე: ის – შემართული ჯაგრისით, მე – აფრიალებული კაშნეთი…

ამასობაში ტუალეტის კარს ჯახაჯუხი გაუდის, კაბინების კარებს – თხლაშათხლუში და დაუსრულებლად ისმის უნიტაზებში ხმაშეწყობილი ჩხრიალი ჯერ შარდის, შემდეგ  წყლის ბაკიდან  – წყლის.

შემოდიან და გადიან გოგოები, გულითადად ამბობენ გამარჯობას და ისე გვიღიმიან, თითქოს იქ, ქალების ტუალეტში, ჯაგრისიან-ქიმიურ სპრეიანი მამაკაცი  კი არ დგას, არამედ საბავშვო ბაღის  ლოყებღაჟღაღა აღსაზრდელები  ხილის კალათებით ხელში  და მღერიან: “შემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით”…

აბა, მაშ, როგორ ეტყოდა ჰერცოგინია ელისს, აქედან რა მორალი გამომდინარეობსო?  გამარჯობა თქვი და თუ გინდა, თავზეც დამაფსი?

სათვალე და სათვალეები

თბილისში  რომ სათვალის ყიდვა დაგჭირდეს, რამდენიმე არჩევანია: “რონიკო” და “საფილო”,  – სადაც ვიცი, რომ არ უნდა წავიდე და თამარ მეფის გამზირი, –  სადაც ყველანაირები დადიან, მათ შორის – სათვალის მძებნელებიც…

სათვალე კი ხშირად ტყდება, თანაც, მოულოდნელად. ეს გამოცდილება ღრმა ბავშვობიდან მაქვს, მწარე და მოუშუშებელი. იდაყვის ყოველ გაკვრაზე ჩემი სათვალე სკოლის დერეფანში რომ მიფრინავდა,  ბოლოს რეზინით მიბამდნენ უკან, მაგრამ მერე წაქცევები დავიწყე,  თანაც პირდაპირ სათვალეზე დაცემით და  შეეშინდათ, ჯობია ისევ გაუფრინდესო, და აღარ მიბამდნენ…

ასეთი იყო ბავშვობა, “შურიკობა” და დაცინვა. მძულდნენ კლასელები, მძულდა ის ბედნავსი ფილმი, მძულდა სათვალე და ყველა სათვალიანიც…

მაგრამ ახლა ისევ “რონიკოზე” და თამარ მეფეზე შემოვბრუნდები, ანუ როგორც ჩემი მეგობარი მარიკა ზვიადაძე იტყოდა: “და აი, დადგა 1917 წელი” – ვალაგებ ჩემოდანს შორეულ ევროპაში გასამგზავრებლად! და პირველი, რაც მახსენდება, სწორედ ისაა, რომ სათვალეები იმტვრევა. თანაც ხშირად და თანაც მოულოდნელად. მახსენდება და მიუხედავად იმისა, რომ “რონიკო” უფრო ახლოსაა ჩემს სახლთან, მაინც თამარ მეფის გამზრისკენ მიდივარ. რატომღაც მგონია, რომ იქ ყველა ოპტიკა თანაბარ პირობებშია, თანაბარი კვალიფიკაციით, პრეისკურანტით და ფასებით და არც არასდროს ვცდილვარ, გადამემომწმებინა, ისე შევდიოდი ხან რომელში და ხან რომელში. ამჯერად “ჯაბადარში” შევედი.

მარიკა ზვიადაძემ ისიც იცის, რას ნიშნავს ბელა ჩეკურიშვილთან ერთად საყიდლებზე წასვლა, რამდენი მუხლჩაუხრელი საათი და დაღვრილი ოფლი ახლავს ამ პროცესს, რამდენს ვირჩევ და ბოლოს მაინც არ ვყიდულობ.  მაგრამ ამჯერად მარტო ვიყავი და უცებ ისეთი სიამაყე ვიგრძენი, ასე ათიოდე მოსინჯვაზე რომ სასურველ სათვალეს მივაგენი და შეკვეთაც რომ იქვე მივეცი. არა, ხანდახან მაინც რა მარჯვე ვარ-მეთქი, ვიქებდი თავს გულში და ვეჟღურტულებოდი თეთრხალათიან გამყიდველს ხმამაღლა.

მომადეს შუბლზე სახაზავი, დამიდგინეს თვალებს შორის მანძილი, ჩაიწერეს სათვალის ნომერი, ამარჩევინეს ფასის მიხედვით ხელსაყრელი მინები და დამიბარეს მეორე დღისთვის. მესამე დღეს კვირაა და მეოთხე დღეს უკვე მივფრინავ.

სათვალე ცისფერი ჩარჩოთი, ჯინსებს უხდება განსაკუთრებით. თან თუ ლურჯი შარფიც გაქვთ, პალტოსაც თუ შეუხამებთ, რა ვიცი, ბედნიერებისთვის რაღაა საჭირო?

უკვე ბონში ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ის ჩემი ჯინსებს შეხამებული სათვალე რაღაცნაირად მოღრეცილად მაზის, არა, ჩარჩო კი არ არის მოღეცილი, თვალები მაქვს მოღრეცილი შიგნიდან, უფრო ზუსტად კი, თვალები სადღაც არის, სათვალის მინები – სადღაც, ანდა, კიდევ უფრო ზუსტად, სათვალეს ფოკუსი არ აქვს და გინდა ცხვირის კეხს ზემოთ აწიე და გინდაც კეხს ქვემოთ!

შევაგინე ჯერ სათვალეს (კი, გინება მეხერხება) მერე “ჯაბადარს”, მერე ჩემს ჭკუას, მერე ჩემს ბედს, მერე სრულიად საქართველოს და ბოლოს ჩავაგდე უჯრაში და ამოვიღე მეორე, ძველი, იისფერი, მერე რა, რო იისფერი არაფერი მაქვს, მერე რა, რო დიდი მაქვს, მერე რა, რო მაბერებს და სკოლის მასწავლებელს მამსგავსებს, რა, მასწავლებლობა ცუდია? ანდა, არ მიმუშავია სკოლაში თუ რა?

დავუბრუნდი იისფერ სათვალეს და დავმორჩილდი ჩემს ბედსა! მაგრამ მამის ანდერძივით არც ის მავიწყდებოდა, რომ სათვალე ტყდება, თანაც ხშირად და თანაც მოულოდნელად. ამიტომ ბონში გავიკითხე, აქ-მეთქი, ოპტიკა, რამე, რონიკო, საფილო, თამარ მეფის გამზირი, როგორ გაქვთ-მეთქი…

მეგობარმა მითხრა, რომ დავივიწყო ყველა ოპტიკა და წავიდე “ფილმანთან”, რომ აქ ფილმანია ჩემი დედაც, მამაც, მარჩენალიც და არქიფო სეთურიც. დავუჯერე, მაგრამ ორი თვე ისე გავიდა და მესამე დაიწყო, ვერა და ვერ  მივაღწიე “ფილმანამდე”.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია, ზამთარს ცვლის გაზაფხული, შავ თმას (ქერასაც) ჭაღარა, გამხდრები ხშირად სუქდებიან და ა.შ. მოკლედ, “ფილმანი” იქ შემომეფეთა, სადაც საჭირო იყო. კერძოდ, ორი კვირის წინ, ზიგბურგში ჩასულს მეგობარმა მითხრა, თვალები მეწვის ბოლო დროსო რაღაცო და სათვალე უნდა შევიძინო ალბათო… ამ დროს ქუჩაში ვართ,  მე საშობაო ზიზილ-პიპილოებს ვუყურებ და თამუნა ქიმუნჯს მკრავს და მიმართულებას მაძლევს. საით? ფილმანისკენ! ვაჰ – აღმომხდა, – მიწა!

ყველა ოპტიკა ერთნაირია, გინდა ფილმანისა, გინდაც – არქიფოსი… კედლებზე სათვალეები და სარკეები. ჩვენი ყურადღების მომქცევი არავინ იყო, აი, სულაც რომ ექვს-ექვსი ერთად ჩამოგვეკოსებინა ამ მამაპაპურ-ქართულ ცხვირებზე! ჰოდა, ჩვენც ვისინჯეთ და ვისინჯეთ და ვისინჯეთ და უცებ, ჰოი, ღმერთებო: სათვალე დევს და მიცინის. არა, არაფერიც არ მეჩვენება  – მიცინის! მერე ხმაც ამოიდგა და ამოიმღერა: გოგო, სულ 25 ევრო ვღირვარ, ჯანიც გავარდეს 25 ევროს, არ გიღირვარო?

– ვაჰ! – აღმომხდა კიდევ ერთხელ – ჯანიც გავარდეს!

ბიჭმა,  ახალგაზრდამ, აი, სუ ვარსკვლავები რო უციმციმებდა თვალებში, რამდენი ხანია, გამოკვლევაზე არ ყოფილხართო?

– ნუ, ერთი წელია-მეთქი.

იმას ხომ არ ვიტყვი, თბილისში სახაზავს მადებენ წარბებს შორის და სულ ეგ არის ჩემი გამოკვლევა.

– ჰოოოვო, მაშინ წამობრძანდით, აგერ აპარატებთანო. ასაკიც მკითხა, ისე, ვითომ სასხვათაშორისოდ, რა.

წავყევი. აპარატსა და აპარატს შორის მანძილი კი არ იყო ბევრი, მაგრამ მოძრაობა იყო მკვეთრი: ხან რომელში შემაყოფინა ნიკაპ-ცხვირ-თვალი, ხან რომელში და მათვლევინა ვაშლები და მატლები.

– იცით-მეთქი, ეს გამოკველვა თუ უფასო არ არის, სტუდენტი ვარ და არ მინდა მაშინ, ჯერ არ ვმუშაობ-მეთქი.

პირდაპირ ხომ არ ვეტყვი, რომ სული კბილით მიჭირავს.

– არა, არაო, უფასოა, მიდი, დათვალე მატლები, დათვალეო.

კაი, ვთვალე.

მერე უცებ დაინტერესდა ჩემი წარმოშობით. თან ასაკიც ხო მკითხა და მთლად სტუდენტურიც არ მაქვს, აშკარად.

– საქართველოდან-მეთქი.

– აჰ, ეგ სამხრეთ რუსეთიო, არაო?

– არამც და არამც,  რუსეთის სამხრეთით-მეთქი!

– და ქალაქები იალტა, ყირიმი, –  დაიწყო ჩამოთვლა.

– ოლოლო შენ, თბილისი-მეთქი.

– ვაჰ, უნდა საღამოს დავგუგლოო, – ცოტა დაირცხვინა, მაგრამ თვალები ისევ უციმციმებს და თვითონაც რაღაცნაირად ციმციმაა.

მოკლედ, დავთვალე ყველა ვაშლი და მატლი, ცხვარი და ცხენიც მივათვალე, ყოველი შემთხვევისთვის, და საქმე მიდგა სათვალეზე. უჭირავს ხელში ჩემი იისფერი სათვალე,  აი, რო არ მიხდება და რო მაბერებს ის, თორემ ჯაბადარისა უჯრიდან არც ამომიღია ერთხელ მეტად,  უჭირავს და ამბობს, გენაცვალეო, თქვენი სათვალის ნომერია +3,5,  არამცდაარამც +2 და თქვენ არა მხოლოდ კითხვისას უნდა ატაროთ სათვალე, არამედ ტელევიზორის ყურებისასაც, ქალაქშიც და ა.შ. ნუ, სააბაზანოში მოიხსენიო.

მე ვპასუხობ: – გენაცვალე, ეს ჩემი სათვალის ნომერი კი არის წარბებშუა სახაზავის მიდებით დადგენილი, მაგრამ +2-თაც კარგად ვხედავ ჯერ და სად მიმერეკები, შე ოჯახაშენებულო?!

– ქალბატონოო – მომიგო მან, – თქვენი თვალი არის მარჯვნიდან მარცხნივ ამდენი და ამდენი, ზევიდან ქვევით ამდენი და ამდენი, მარცხნიდან მარჯვნივ კიდევ ამდენი და ჯამური კოეფიციენტი +3,5 -ს შეადგენს და უნდა ეს მოირგოთო.

– შვილო-მეთქი, – გადავედი ”შვილოზე”, – ახლა შენ როგორ ფიქრობ, მე მთელი დღეები აქ რას ვაკეთებ, რომ გადმოვხვეწილვარ ამ დასაკარგავში, ვზივარ და ვკითხულობ, დედა გენაცვალოს და თუკი ამ ჩემი იისფერი +2-იანი სათვალით წაკითხვა შემიძლია, მერე რა რო მაბერებს, ბიჭოს, როდის გთხოვე ცოლად მოყვანა, 3, 5-ზე რა ნამუსით მახტუნებ-მეთქი!

ყმაწვილი კაცი (”სავსე სიცოცხლით, სავსე ბუნების მშვენებით, გზნებით”, – როგორც ილია იტყოდა ქალზე) ჯერ ხომ სკამზე გადაწვა, მერე ფეხები ააბაკუნა და ახარხარებულმა ჰაერში იქნია ხელები. მერე თამუნას მიუბრუნდა: – ეს ქალბატონი გამორჩეული პიროვნებააო, – სრული სერიოზულობით აუხსნა. თამუნამ შეაგება: იცით, პოეტიაო. ყმაწვილი კაცი (კიდევ ერთხელ გავიმეორებ ილიას სიტყვებს: სავსე სიცოცხლით, სავსე ბუნების მშვენებით, გზნებით) ისე აციმციმდა, ელექტრონში ჩართულივით, სულ ნაპერწკლებად იქცა და ქვითარი გამოწერა: 165 ევრო. ჰო. აი, ახლა უკვე 165 ევროს გავარდა ჯანი.

მე მაგ სათვალეს მაინც არ გავიკეთებ-მეთქი. დავტოვე ჩემი სეფესიტყვა ფილმანში და ამაყად გამოვაბიჯე! უხ. აი, ეგრე!

ამის შემდეგ დგება ისევ 1917 წელი.

გავდივარ ერთ დღეს სახლიდან და მომდის მესიჯი, ანუ ჯიბე ბზუის. ამოვიღე ტელეფონი, მეორე ჯიბიდან – სათვალე (იისფერი. ფილმანისა ჯერ არ გამომიტანია) და მინდა წავიკითხო ვინ და რა მომწერა, მიმდის სული, ვიწვი ცნობისმოყვარეობით და სიახლის წყურვილით,  მაგრამ ვერ ვკითხულობ, აი, რაღაც ხდება რა, სათვალეს ვიკეთებ და ვერ ვიკეთებ, ცხვირიდან მძვრება რა, და საერთოდაც, მომძვრა რა…

ამ ყველაფერს მხოლოდ იმასღა დავამატებ, რომ ყუნწი დარჩა ქუდში…

 ნინო და ნინო და ჰომო მოგზაურუსები

– ჩემი მეგობრის ქალიშვილი ჩამოდის ტურინიდან, – ლეპტოპიდან თავს ვწევ და ნინუცას მეილის შინაარს ხმამაღლა ვთარგმნი.

– დიდი ხანია, რაც ტურინში ცხოვრობს? – მეკითხება ჩემი გერმანელი მეგობარი.

-არა, სექტემბერში ჩავიდა, ერაზმუსის პროგრამას აკეთებს.

“აკეთებს” ის ზმნაა, რითაც გერმანულად ყველაფერს იტყვი, მთავარია, ის სიტყვა იცოდე, რასაც ეს კეთება უნდა მიუსადაგო.

დღეს მე ჩემი გიმნასტიკა გავაკეთე – ესე იგი, ვივარჯიშე; რა გააკეთე, სეირნობა?  – ანუ, ისეირნე? უნივერსიტეტში კომპარატივიზმს ვაკეთებ – ესე იგი, კომპარატივიზმს ვსწავლობ და ა.შ.

– როგორ არის მარგო?

– შვებულებაში წავიდა.

– რა გამოთქმაა ეგ, ბელა, რას ხლართავ ენას, თქვი მარტივად – მარგო შვებულებას აკეთებს, – მიხსნის ჩემი გერმანელი მეგობარი.

– ქართულად თუ იფიქრებ, სწორი გერმანულით ვერასოდეს ილაპარაკებ – მირჩევს ლელიკო. კაფეში ბუფეტს მივყვებით და სინებს ყველისა და ძეხვის ასორტით ვავსებთ.

ლელიკო ქართულად აღარ ფიქრობს, ამიტომ მისი ქართული სულ უფრო ემსგავსება ჩემი პარიკმახერი გარიკას მეტყველებას ლაღიძის ქუჩის სალონიდან. განსხვავება მხოლოდ ენათა ჯგუფებშია, თორემ აღრევის პრინციპი არ იცვლება – გონება თვითონ ახარისხებს სიტყვებსა და გამოთქმებს მარტივ და რთულ კომბინაციებად და საჭიროების შემთხვევაში ხან მეხსიერების პირველადი შრიდან ამოაქვს ისინი, ხანაც – მეორეული. მე კი, ცოტა არ იყოს, შიში მიპყრობს, ამ ოთხ წელიწადში (“იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი, რა ოთხი წელიწადია”?) შესაძლოა ისე დავნაგვიანდე, უფრო სწორად, ჩემი ენა ისე დატილიანდეს, თბილისში ჩასულმა მასწავლებლადაც ვეღარ შევძლო მუშაობა, რითაც აქამდე თავს ვირჩენდი.

მაგრამ ევროპაში  ხანგრძლივად ყოფნა მხოლოდ მეტყველებას არ გვიცვლის, ის, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ნიჭებსაც გვიღვიძებს. აი, ისეთებს, აქამდე რომ არ გამოვლენილა, არავის აღმოუჩენია და არც არავინ ცდილა, ჩასწვდომოდა. ევროპული სივრცე კი ისეთ ელექსირად იღვრება ჩვენს  მგრძნობიარე და სათუთქართულ ფსიქიკაში (ვისაც წინაპარებისგან ადგილზე დგომა არათუ ანდერძად გადმოგვეცა, მოგვესაჯა კიდეც), რომ ახალ ფენომენად გვაყალიბებს, რასაც, სოციოლოგები თუ კარგად შეისწავლიან, შესაძლოა “ჰომო მოგზაურუსი” ეწოდოს და მისი საუკეთესო ეგზემპლარები ევროპაში სასწავლო-საგრანტო პროგრამებით ჩასული ქართველები ვიქნებით. და თუკი ვინმე მოიცლის და გამოითვლის, სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ რაც უფრო მოკლეა და იოლად დათვლადი ჩვენი ევროპული დრო, მით უფრო მაღალია ჰომო მოგზაურუსის მოძრაობის ამპლიტუდა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მოასწროს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანა-ქალაქ-სოფელში წავიდეს, მეტ გზას და გზაჯვარედინს უსწოროს თვალი, მეტ საზღვარს გადააბიჯოს, მეტ ისტორიულ ობიექტს გადაუღოს ფოტო, მერე სასწრაფოდ ატვირთოს ფეისბუქზე, მტერსა და მოყვარეს თვალი მოსჭრას და საკუთარ თავსაც კი აჯობოს ეიფელის კოშკის წინ ჰაერში ამხტარმა.

ნინუცა ტურინში ათი თვით ჩავიდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი შაბათ-კვირა დაგეგმილი აქვს, არდადეგების დღეების გრაფიკი – წვრილად გაწერილი, ახლო და შორმანძილზე მდებარე ობიექტებად დაყოფილი, დახარისხებული და დაჯავშნილი.

– ბერლინისთვის რამდენი დღე ავიღო? ორი? სამი? სულ ერთი კვირა მაქვს გერმანიისთვის, მიუნხენიც უნდა ვნახო და ჰამბურგიც… და საათებში დათვლილ თარიღებს მისახელებს – დილის რვის ნახევარზე თუ ბერლინში ვიქნები, ესე იგი, ეს დღე ჩემია და არ დამეკარგება…

– ნუცი, ბერლინს ორ დღეში როგორ ნახავ, ცოტა მეტი დრო აიღე.

– მეტი არ მაქვს, ჰა, სამი იყოს…

-კარგი, მაშინ ეგ დრო ორ მუზეუმს და ერთ სანსუსის ეყოფა… მაგრამ მიუნხენში ერთი დღით ჩასვლას აზრი მაინც არ აქვს, მხოლოდ ცენტრში დადგები და გაიხედ-გამოიხედავ.

– მერე, მარიენპლაცზე დადგომა უაზრობაა? – ცოცხალი თავით არ თმობს მიუნხენს…

– შვილო, კიდევ ჩამოხვალ ამ გერმანიაში, რამ გაგამწარა?! – ვცდილობ, შევუძახო.

– აბა, როდისღა ჩამოვალ? მაისის დღეები შვედეთისთვის მინდა. საქართველოში რომ ჩავალ, როდისღა ჩამოვალ უკან, ბელა?!

და წარმოვიდგენ, რომ ამ პატარა ნინუცამ  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ სამსახური უნდა იშოვოს, მერე ის ხელფასი წლობით აგროვოს, მერე ვიზის მიღებაზე იჩალიჩოს…

ნუცი, ჩამოდი, ყველაფერს მოვასწრებთ, მიუნხენზე გამოიარე, ერთი დღე არც გინდა, რამდენიმე საათის შუალედით აიღე ბილეთი, აეროპორტიდან მეტრო პირდაპირ მარიენპლაცზე ამოდის, სამი საათი სულ გეყოფა გასახედ-გამოსახედად – ვწერ და იქვე ახალ გეგმას ვთავაზობ – ბერლინიდან რაინის მხარეში წავიდეთ ღამის მატარებლით, ერთ დღეს ამაშიც დავზოგავთ…

მარტია. მეც არდადეგები მაქვს, მეც სასწავლო პროგრამით ვარ ჩამოსული, მეც ჰომო მოგზაურუსი ვარ, არდადეგების დღეები ჩემთვისაც ძვირფასია, მერე რა, რომ ჩემს მარაგში ოთხი წელია. ოთხი წელი გერმანიის მოსავლელადაც კი ცოტაა, არათუ ევროპის, დასაკარგი დრო სად არის?

და ვიდრე ნინუცა ჩამოსულა, იენაში ვურეკავ თამუნას და მატარებლის ბილეთს ვყიდულობ ონლაინ.

–   იენაში რომ ჩამოხვალ, ჩემს ქმარს ვეტყვი და  დრეზდენში წავიდეთ მანქანით, ნაუმბურგში კი შენ და ნინო მატარებლით წადით, – გამიწერა თამუნამ აღმოსავლეთ გერმანიის გრაფიკი.

ნინოც ერაზმუსის პროგრამის მრევლია, ოღონდ უკვე საკვლევი სტიპენდიით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა მის მარაგშიც მხოლოდ ათი თვეა, ხოლო ცნობიერში  – ჩანჩქერად მომსკდარი ჰომო მოგზაურუსის ნიჭი.

-ესე იგი, როდის ჩამოხვალ იენაში? – აზუსტებს ნინო – პარასკევს? მე ხუთშაბათს ვბრუნდები ფრანკფურტიდან, ანუ, პარასკევს აქ დაგხვდები.

-შენა, ბონიდან იენამდე ვაიმარზე უნდა გამოვიარო და ვაიმარში რომ დამხვდე? დილით ადრე ჩამოვდვარ, 11.17-ზე და ვაიმარსაც მოვასწრებდით, ნამყოფი ხარ შენ უკვე?

-კი, ვიყავი, მაგრამ რამდენიმე საათით, ძველი ქუჩებია რა, გავივლ-გამოვივლით, იქვე ბაღია, შევალთ, ფოტოებს გადავიღებთ და წამოვალთ… მუზეუმში შესვლა თუ არ გინდა, მაშინ მოვასწრებთ – იცინის ნინო და ვაიმარიდან ნაუმბურგში წამსვლელი მატარებლების გრაფიკს უყურებს – ესე იგი, ორი საათით ვაიმარი და მერე ნაუმბურგი, არა? და ნაუმბურგში იმ მონასტრის გარდა არის კიდევ სხვა რამე სანახავი?

– რაც უნდა იყოს, ჩვენ მონასტერი და უტას სკულპტურა გვაინტერესებს და წუთებში გათვლილ გრაფიკს ვადგენთ, უკანაც ხომ უნდა დავბრუნდეთ იენაში?..

წყვილად სიარული მარტო ხეტიალს კი სჯობს, მაგრამ აი, ფოტოს გადაღებისას ძალიან საცოდავი ხარ მაინც – ერთსა და იმავე კადრში ჯერ შენ დგები, მერე შენი მეწყვილე მოგზაურუსი, მერე ისევ შენ, მერე ისევ ის. გადაღებისას რა უჭირს, აი, სახლში დაბრუნებული რომ ამ შენს კამერას კომპიუტერის ეკრანზე წამოცლი, ხვდები, ასე ცალ-ცალად დაწალიკებული ფოტოები რა გულსაკლავი სანახავია… ჰოდა, მთელი სიამოვნება გიცამტვერდება რა, პირდაპირ შხამად გექცევა…

მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ჰომო მოგზაურუსი არა მხოლოდ ნანახი ადგილებით ტკბება, ამ ადგილების სოციალურ ქსელებში გამოფენა- გამომზეურებით… ჰომო მოგზაურუსს ფოტომაისტერის სახელზეც აქვს პრეტენზია, თანაც უბრალო კი არა, გროსმაისტერის. აბა, რისთვის ხარჯავს ამდენ დროს და ძალისხმევას ეფექტურ რაკურსზე, ჰაერში დაჭერილ ნახტომზე, წყალზე ათამაშებულ მზის სხივებზე? ხოლო ვინც ეძებს, პოულობს, აკაკუნებს, უღებენ, უკვალოდ არაფერი იკარგება, მათ შორის, არც ფოტომაძიებლობის მძაფრი სურვილი… მაშ, სხვას რას უნდა მივაწერო, თუ არა უნივერსუმის პასუხს ჩვენს მწვავე სურვილზე – არ გვქონოდა კენტი ფოტოები? ააშენა ღმერთმა ნადი!  – როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა, ჩვენ, ჰომო მოგზაურუსებს, რომელიღაც, მესამე სამყაროდან მოდებულებს ცივილიზებული თუ ნაკლებადცივილიზებული ქვეყნების კუთხეებში, დაგვეხმარა დროულად და უშურველად: გამოგვიგზავნა სელფი!

– გოგო, აგერ იქ რა არის, რა ლივლივებს? – ნაუმბურგის სადგურის ბაქნიდანვე ვამჩნევთ რაღაც გუმბათებს და აპარატებს ვიმარჯვებთ: ქალაქში შესვლა, გალავანი, ვუახლოვდებით ხეებს, გუმბათები უკვე კარგად ჩანს, ეს რა გალავანია? გაჩერდი აქ, სარკე თან გაქვს? მოიცა, თმაც გაიშალე, ეგ შარფი მე მათხოვე, ამ პალტოს საყელო უშნოდ ჩანს, ეხლა, ცოტა უნდა ჩავიმუხლოთ, მე ტელეფონს ზემოთ ავწევ, ოღონდ შენ პირდაპირ იყურე, კისერი არ წაიგრძელო, ვაიმე, თვალები დამიელამდა მასე, იქნებ ახლა შენ დაიჭირო, გოგოოო, ეკლესია სულ გადავფარეთ ამ ჩვენი გაწეწილი თმებიიით! არ გინდა ასეთი დაძაბული ყურება, მარჯვენა მხრიდან ლოყა უშნოდ მიჩანს გამობერილი, მოდი ადგილები გავცვალოთ, კაი, ერთხელაც, ნუუუ, გადასარევია, რამ შეგვქმნა მაინც ასე ლამაზები?

ნინოს ქერა თმა აქვს, შეხედავ და მაისის ვარდივით მშვენიერია, ნუ, მე გასაგებია, ჯერ კიდევ თბილისურად ვივარცხნები და საკუთარი თავით მოგვრილ კმაყოფილებას შეედრება განა რამე? და ჩვენც ვარხევთ დალალებს, ვუცვლით ერთმანეთს ადგილს ხან მარჯვნიდან და ხანაც მარცხნიდან, ხან უტა გვაზის მხარზე, ხან მისი მაკგრაფი ეკეჰარდი, შუა საუკუნეების ჰუმანიზმის ფერადი სკულპტურები, გვახსენდება უმბერტო ეკო, მისი სურვილი, ისაუზმოს უტა ნაუმბურგელთან ერთად და კისკისით ვაყრუებთ მონასტრის კედლებს. აი, ძალიან, ძალიან გვიხარია, პირველ რიგში, საკუთარი თავები, აქ რომ ვართ, ჩამოვაღწიეთ საიდანღაც, ქვეყნის ისეთი ნაწილიდან, არც რომ უტას გაეგონა მისი არსებობა და არც რომ მაისენის საგრაფო თუ სამთავრო იცოდნენ ათას იმ რაღაცა წელს იმ ქვეყანაში, ჩვენ რომ მაისენამდე გამოგვივლია. ვიცინით, ვიცინით, და უცებ ვამჩნევთ, რომ ჩვენ წინ დგას გოგონა, მოწითალო-სტაფილოსფერ მოსასხამში, ცისფერთვალა, თავსაბურავიანი და იცინის, იცინის, იცინის… ხელოვნების ისტორიკოსები მას “მოცინარ პოლონელს” ეძახიან, პოლონეთის მეფის ბოლესლავ პირველის ქალიშვილია, რეგლინდისი, იმ მეისენის მაკგრაფის შვილის, ჰერმანის ცოლი, აგერ, უკან რომ გვიდგას ახლა, იმ უტას რძალი გამოდის? ვახ, დედამთილო!

ამ ყველაფერს მონასტრის გზამკვლევში ვკითხულობთ და მერე მუზეუმის მაღაზიაში გავრბივართ, სასწრაფოდ ფოტოების, სუვენირების, ბლოკნოტების საყიდლად, უტათი, რეგლინდისით, ეკეჰარდით, ჰერმანით… სუვენირები ჰომო  მოგზაურუსის თანამდევი,

ერთ-ერთი სათუთი თემაა. აი, გარდა იმისა, რომ წახვედი, ხელი დაადე, ფეხი დაადგი, თვალი გაუსწორე, ჰაერში ახტი, ფოტო გადაიღე, სელფი გააკეთე, მერე სოციალურ ქსელში დააჩიკენე, შენი ბედნიერება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ იმ ქალაქის თუ ადგილის სახსოვრად სუვენირს არ წამოიღებ. სუვენირია ყველაფერი – გზადაგზა ნაყიდი ფოტოები, ქალაქის რუკები, ამ ქალაქამდე მისასვლელი მატარებლის და თვითმფრინავის ბილეთები, მაცივარზე მისაკრავი კოშკი, ხიდი, ციხესიმაგრე, გერბი, ამ კოშიკიან-ხიდიან-ციხესიმაგრიან-გერბიანი ჭიქა, კედელზე დასაკიდი თეფში, საფერფლე (მამა რომ გახდები და შვილებს დაუტოვებ, ანდა, პირიქით, მამას რო ჩაუტან), კედლის პანო, შარფი, ჩანთა, ხელჩანთის სარკე…

“მაცივრის კარები უკვე შევავსე და ახლა მეორე მხარეზე გადავედი” – სიამაყით აქვეყნებს მთაშენკა თავისი მაცივრის ფოტოს სოციალურ ქსელში.

– გაანებე ამ კიჩებს თავი, როგორ არ გერევა გული, რენესანსის ხელოვნებაზე მელაპარაკები, პოეტი ხარ, მეცნიერი გინდა გახდე! – ჯავრობს ჩემი გერმანელი მეგობარი, რომელთან ერთადაც ფლორენციაში ვმოგზაურობ და ბოლოს განაჩენივით მიცხადებს: შენი არ მესმის.

– შენ უფლება გაქვს, არ გესმოდეს ჩემი, – უკვე ძალიან ვბრაზობ მეც და თავაზიანობას სადღაც, კარადის თავზე ვისვრი.

სიხარულსაც აღარ მაცლიან რა, განა კიდევ წავალ ამ ფლორენციაში? ან იენაში როდისღა მოვხვდები? ამდენი ქალაქებია სანახავი, ამდენი ქვეყნები, ფლორენციაში ხო არ ვირბენ ყოველ კვირას, ანდა ლუქსემბურგში? ევროპელებს ეს არ ესმით, აი, უკან რო ჩავალ საქართველოში და ჩემს მაცივარს შევხედავ, სხვადასხვა კოშკებ-ხიდებიან-გერბებიანს, ნაუმბურგიც გამახსენდება, იენაც და ბრუჟიც, ჰოდა, გავიბადრები, გავიჯგიმები, წავიტრაბახებ, წავიოცნებებ, წავისევდიანებ, მაცალეთ, რა, შემარგეთ ჩემი ოთხი წელიწადი, აქ, ევროპაში, წავალ მერე და განა კიდევ ჩამოვალ, უნდა დავჯდე და დისერტაცია ვწერო, თან თოთხმეტგან ვიმუშაო, როგორმე გათბობის ფული რომ მქონდეს ზამთარში და ბათუმში წასასვლელი – ზაფხულში…

-ესენი ჩვენსას მაინც ვერ გაიგებენ – მეუბნება ნინო უკვე დრეზდენში, სადაც დომინოს ქვებივით დაწყობილ რაფაელის მადონას დეტალებს ვატრიალებთ ხელში.

-დრეზდენში იყავი? ერთი დღით? – ტელეფონში მესმის, როგორ უჩქარდება სუნთქვა ჩემს გერმანელ მეგობარს – ერთ დღეში ნახე დრეზდენი? კი მაგრამ, რა ნახე?

-ყველაფერი მოვასწარით, ყველაფერი, – აღტაცებული ვჭყლოპინებ – ცვინგერის სასახლის ყველა დარბაზი, ფაიფურიც ვნახეთ, მხატვრობაც, ტექნიკური მუზეუმიც, ქალაქშიც გავიარ-გამოვიარეთ.

-და გინდა მითხრა, რომ ეს იყო დრეზდენის ნახვა? ტურისტული, კიჩური ადგილების მოვლა გგონია დრეზდენი?

– ცვინგერის სასახლის ნახვა ცოტაა? – არ მესმის, რას მედავება, ნამდვილად არ მესმის და წყენა მერევა.

-კარგი, ახლა რას აპირებ, ბერლინში როდის ჩამოხვალ?

-ხვალ დილით იენას მოვივლით და საღამოს მატარებლით წამოვალ.

-იენა? – სუნთქვის აჩქარება კი არა, ვგრძნობ, როგორ ცახცახებს სავარძელი მისი ემოციის ქვეშ – ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ იენას ერთად ვნახავდით?

-უკვე აქ ვარ და რა ვქნა, არ გავიდე ქალაქში? ნაუმბურგში კი არ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, იენაში ცხოვრობენ – და აღტაცებულ, ფოტოებგადაღებულ, სუვენირებით ჩანთაგამოტენილ ჰომო მოგზაურუსს ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს წითლად მოღუდღუდე მაისის ბლისთვის მატლი შემეყოლებინოს და გადმოფურთხებას ვერ ვახერხებდე, არადა, ყელთან დგას და კუჭში არ გადადის.

-როგორ არა, გადი ქალაქში და ნახე, მაგრამ ძლიან მიკვირს შენგან, პოეტისგან მეტ სიფაქიზეს ველოდი, არა ასეთ ზედაპირულობას, – განაჩენი უკვე წლებით აღარ არის შემოსაზღვრული, სამუდამო პატიმრობასავით ჟღერს.

-შენ არ გესმის, რომ მე დროებით ვარ აქ ! – უკანასკნელად ვცდილობ გაბრძოლებას.

– მესმის, ამიტომაც გელოდები ბერლინში, მაგრამ იცოდე, რომ შენ მე სიხარული წამართვი! ის, რაც მე მინდოდა, რომ შენთვის ჩემს ქვეყანაში მეჩვენებინა, შენ ის ტურისტულად, კიჩურად ნახე!

ბალს შეყოლებული მატლი ყელიდან უკან ამოჰყვა საყლაპავს და პირდაპირ კბილებში ამიღრაჭუნდა.

ჭეშმარიტი რელიგია

როცა ერთდროულად რამდენიმე ჩანთა მიჭირავს, ერთი აუცილებლად სადმე მრჩება. არა, ჩანთებს კი არ ვსაყვედურობ, რა მათი ბრალია, თავს ვიმართლებ, თორემ ერთჩანთიანსაც ბევრჯერ დამრჩენია, თან სად აღარ: კაფეში, სამსახურში, უნივერსიტეტში, სტუმრად, გაჩერებაზე… რავიცი, ფეხზე რომ წამოვფრინდები და გარეთ გამოვიჭრები, ხელების ქნევაზეღა ვხვდები, რომ რაღაც მაკლია…

ამასწინათ მატარებელში ზურგჩანთა დამრჩა, ჩავედი ვაგონიდან და ლეპტოპის ჩანთა ჩავიტანე მხოლოდ, ფოსტალიონივით მხარიღლივ გადაკიდებული. კიდევ კარგი, მატარებლის დაძვრამდე მემსუბუქა ზურგი.

რამდენიმე დღის წინ კი, ბერლინისკენ მიმავალს, ჩემოდან-ლეპტოპიან-ხელჩანთიანს, სადგურის სკამზე დამრჩა ხელჩანთა…

დასაცინი არაფერია, იმ ჩანთაში იდო ყველაფერი ის, რასაც ჩემი სახელი და გვარი გულისხმობს: სახლის გასაღები,საბანკო პლასტიკური ბარათი, დაზღვევის ბარათი, ბიბლიოთეკის ბარათი, სტუდენტის მოწმობა, პასპორტი… ამ ყველაფერის გარეშე მე ვარ უბინაო, უფულო, უსტატუსო, უსახელ-უგვარო, შესაბამისად, საეჭვო, თავიდან მოსაცილებელი, განსადევნი, გასანადგურებელი…

ბონის რამდენიმე ბაქნიან, ძალიან მოხერხებულ, პატარა და კოხტა სადგურზე, აი, რომ არც დაიბნევი და არც არაფერი აგერევა, ჩამოდგა რეგიონული მატარებელი, რომელიც კიოლნამდე მიმიყვანდა, იქიდან კი “იცეში”  გადავჯდებოდი და… ექვსი საათი ის დროა, წიგნის კითხვით რომ დაიღლები და გამოძინებასაც რომ მოახერხებ.  და მეც სწორედ ამ კუთვნილ ექვს საათზე ვოცნებობდი, კიოლნიდან ბერლინამდე, ჩემს დაშაქრულ, ვანილიან ექვს საათზე, გაბრიელ დანუნციოს რომანზე რომ ჩამომეძინებოდა ტკბილად, წითელქუდას ბებიასავით სათვალით ცხვირზე…

მატარებლები ამ ქვეყანაში, უმეტეს შემთხვევაში, პუნქტუალურად დადიან. თუ იგვიანებენ, აუცილებლად გაგაფრთხილებენ. ამჯერად არავითარი გაფრთხილება არ გამოუცხადებიათ, ვიჯექი სკამზე მშვიდად, კდემამოსილად, ვუმზერდი აზიური გარეგნობის, იისფერშარვლიან  და სტაფილოსფერბოტასებიან მსუქან ქალს, რომელსაც ახლდა მრუმე ფერებში ჩაცმული, გაცრეცილსახიანი  ქალიშვილი, ზურგჩანთით და გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ რომელიღაც უხერხემლო ენაზე. რასაკვირველია, ამას ხმამაღლა არ ვიტყვი, ეთნიკურ დისკრიმინაციას დამწამებენ, მხოლოდ გულში ვფიქრობ: აი, თომას მანმა რომ რუსულ ენას “უხრტილო” უწოდა, ნეტავ ეს აზიური ენები თუ მოუსმენია? ყური რომ მიუგდო, იფიქრებ, სულ რამდენიმე ბგერას წარმოთქვამენო…

ასე თომას მანსა და ჩინურ ენაზე ფიქრში წამოვდექი სკამიდან, ზურგჩანთა ზურგზე მეკიდა და სიმძიმესაც ვგრძნობდი, ჩემოდანიც იქვე მქონდა და სახელური ამოვუწიე გასაგორებლად. გავნარნარდი ბაქანზე. საჩქარო არაფერია, რიგი დაიცავი, ნუ იქაჯებ, ასვლას ყოველთვის მოასწრებ, თავისუფალი დასაჯდომი ადგილებიც მუდამ  არის, – ნარნარი ხმითვე ვუმეორებდი საკუთარ თავს და მივგორავდი. ჯერ ისევ დილა იყო, 11 -ს რომ გადასცდება წუთები.

გერმანულ წესრიგში საკუთარი თავი მიყვარს, აი, პირდაპირ ვტკბები, რა კდემამოსილი გავხდი, რა მშვიდი, როგორ დავნარნარებ, თან რაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიდან უქუსლოზე გადავედი, ხომ საერთოდ, ვსრიალებ პირდაპირ, ვლივლივებ…

ვაგონში შევედი, სავარძელიც მოვძებნე, ჩემოდანი დავდგი, ზურგჩანთა მოვიხსენი და ვგრძნობ, რაღაც მაკლია. ნუ, მე ისევ ისეთი კდემამოსილი ვარ, აკი არც ავჩქარებულვარ, არც შესასვლელში მიჭიდავია, არც ჩემოდანი მიმირტყამს ვინმესთვის ფეხებში.

მაგრამ მაინც შფოთი მიპყრობს, და ეს შფოთი სულ უფრო ძლიერდება, ვიდრე არ ვხვდები, რომ ჩანთა, ჩემი მწვანე, “ესპრიტში” ფასდაკლებაზე ნაყიდი ხელჩანთა, ბანქანზე დამრჩა, სკამზე.

რომ დაიბნე, ჯერ უნდა შეგეშინდეს. მე ვერც დაბნევა მოვასწარი, ვერც შეშინება. მატარებელი ჯერ ისევ იდგა. ზურგჩანთა ცალ მხარზე გადავიკიდე, ჩემოდანს ხელი წამოვავლე და ყოველგვარი კდემამოსილების გარეშე ჩავახრიგინე უკან, ბაქანზე. ხრიგინ-ხრიგინით გავირბინე მატარებლის გასწვრივ, მახსოვდა, რომ მატარებლის კუდში ასვლა არ მინდოდა და ჩემი ჩემოდნიანად ცოტა წინა ვაგონებისკენ  წავნარნარდი. ახლა იმ გზას უკან  მივხრიგინებ და თან სკამებზე ჩანთებს ვუყურებ. არსად არ ჩანს და ვგრძნობ, როგორ მიცივდება ხელები.

“ჩანთა, ჩანთა!” – გავიძახი გერმანულად და ნაბიჯთან ერთად ხმასაც სულ უფრო ვუწევ.

ბოლოს მაკდონალდსის ფერებს ვხედავ და მახსენდება, რომ სწორედ შესასვლელთან ვიჯექი და ის აზიური წარმოშობის ქალიც მაკდონალდსის ჰამბურგერს ჰგავდა.

არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა, ოთხი? ხუთი? ხუთნახევარი? და ჩემი მწვანე ხელჩანთა, როგორც მოწესრიგებული, უსაფრთხო, დაცული ქვეყნის სიმბოლო, ხელუხლებელი იდო სკამზე.

ამასობაში  რეგიონული ექსპრესის კარი დაიკეტა. ჩანთა ხომ ვიპოვე, ახლა მატარებელში შეღწევა უნდა მეცადა, წინა ვაგონები ვიღას ახსოვდა, ან ევროპული კდემამოსილება? ქართულად მივასკდი და ღილაკს რამდენჯერმე მივარტყი ხელი, თბილისში ლიფტებზე რომ გვაქვს გაჩვეული, ისე. ბედად, ღილაკი გაყვითლდა და კარი გაიღო. ავახრიგინე ჩემოდანი, დავახეთქე ძირს და ტაშიც გაისმა. როგორც ჩანს, მგზავრები მთელ ამ ჩემს მოძრაობას თვალს ადევნებდნენ, სავარაუდოდ, “ჩანთა- ჩანთას” დასაშვებზე მაღალი ხმით გავკიოდი და ვინც ამ დროს ბაქნის მხარეს იჯდა,  თანაგრძნობით (უფრო მეტად კი, ცნობისმოყვარეობით) ელოდა, რით დამთავრდებოდა ეს ჩემი ალიაქოთი. როგორც წესი, მსგავს ამბებში  ხომ უცხოელები არიან შემჩნეულები? – ქაოტური აღმოსავლელები, ხმაურიანი, უწესრიგო, არასაიმედო…

მაგრამ ამჯერად კეთილგანწყობამ სძლია ქაოტურობისადმი გერმანელთა თანდაყოლილ შიშს, შევედი ვაგონში და დამიკრეს ტაში! მე სახალხოდ  გადავიწერე პირჯვარი და დავჯექი.

აი, აქედან იწყება ჩემი ისტორიაც. დავჯექი ორი კისკისა გოგოს წინ. გამიღიმეს და აჭყლოპინდნენ. ნუ, მეც სიცილით ვიმართლე თავი, მოვიხადე ქუდი, დავინიავე კაშნეთი, ჩანთაში ავაფათურე ხელი, მოვსინჯე საფულე-სათვალე, გავუღიმე შემოქმედს და აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე. გვერდით მჯდომმა ქალმა დამშვიდება მაცალა და მკითხა:

– აი, პირჯვარი რომ გადაიწერე, რა კონფესიის ხარო? გეტყობა, მორწმუნე ხარო…

– ორთოდოქსი ქრისტიანი-მეთქი, – მხოლოდ ქრისტიანობის აღნიშვნა არაფერს ნიშნავს, თუ კონფესიაც არ მიუთითე.

და ქალმა ამოიღო ბიბლია.

გინდა ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზეო?

ამ დროს ჩემ წინ გაჩნდა კადრი – როგორ ყოფს ვანო იანტბელიძე თელავური მარნის ქვევრიდან თავს, ზემოთ სწევს მაგთის ქსელში ჩართულ “ნოკიას” ტელეფონს  და გაკვირვებულ-გაღიმებული ამბობს: “აქაცა რეკამს!”

© “არილი

Facebook Comments Box