პროზა

გეგათ ოლა
გეგათ ოლა ყაჩაღებს – ილოსა და ვანოს პირველად კენჭყრაზე შეხვდა და, მართალია, იქამდე ჯერ თვალითაც არ ენახა ისინი, მაგრამ მაინც მაშინვე მიხვდა, რომ ერთი ილო უნდა ყოფილიყო და მეორე კიდევ ვანო. სოფელში და მთელს იმ არემარეზეც, დიდსა და პატარას ილოსა და ვანოს სახელები ეკერა პირზე:
-ილო და ვანო მწყემსებს დასცემიან მთაში და ორმოცი მარტო სულ ნარჩევი ჭედილა წაურთმევიათო! -ილომა და ვანიმ ნატბერავზე ცხავერელი ოსები დახოცესო! -ილოსა და ვანოს გორგიჯანოვისთვის შემოუთვლიათ, იცოდე, ზახარ, თავი დაგვანებე, თორე, დედას გიტირებთ, საკუთარი ცოლ-შვილის ხორცს გაჭმევთო! ესენი და ხსვა კიდევ ამაზე უარესი ხმები დადიოდა ილოსა და ვანოზე, მაგრამ გეგათ ოლას იმათი არ შეშინებია- აუჩქარებლად შეათვალიერა ორივენი, წყნარად მიესალმა, აუჩქარებლათვე ჩაჯდა წყაროს პირზე, ხილაბანდის ყურები შეიხსნა, პეშვით სახეზე ცივი წყალი შეიპკურა და სველი ხელი ყელ-კისერზეც მიისვ-მოისვა. ილო და ვანო( თუკი მართლა ილო და ვანო იყვნენ ის ბიჭები) კარაბინშემართულები ზურგშექცევით იდგნენ ერთმანეთთან და ერთი რომ წყაროს პირზე ჩამომჯდარ გეგათ ოლას ათვალიერებდა, მეორე გაფაციცებული სახით იმ ბილიკს გასცქეროდა, რომლითაც ეს დედაკაცი მოვიდა. ახლადგამოკვირტული ჯაგრცხილებითა და ამწვანებული თხილის ბუჩქებით ჩამობურულ ამ პატარა, ჩავარდნილ ტაფობში მარტო ის ბილიკი შემოდიოდა და ისიც იქვე, წყაროსთან თავდებოდა, ისე, რომ ორი მარჯვე მსროლელი აქ ოცსა და ოცდაათ მომხვდურსაც იოლად მოიგერიებდა. რაკი დარწმუნდნენ, საფრთხე არსაიდან გველისო, ყაჩაღებმა კარაბინები ძირს დაუშვეს და დედაბერს სალამზე მერეღა უპასუხეს. ამასობაში გეგათ ოლასაც მოეკლა წყურვილი, მაგრამ ისევ ისე იჯდა, ხილაბანდს იკრავდა და ბიჭებს გულმშვიდად ათვალიერებდა. ილო და ვანო ერთნაირად შუატანის, კარგად მოყვანილი ვაჟკაცები ჩანდნენ, ერთს კუპრივით შავი თმა და წვერ-ულვაშა ჰქონდა, მეორეს- წაბლისფერი, ერთს კეხიანი ცხვირი და შვილდივით მოზიდული წარბები ამშვენებდა, მეორეს- მაღალი შუბლი და თაფლისფერი თვალები. მკერდზე ორთავეს ერთნაირი სავაზნეები გადაეჭირათ და ხელშიც ერთნაირი კარაბინები ეჭირათ. -ვინა ხარ, დედი, სადაური ხარ? -ჰკითხა დედაბერს შავგვრემანმა და მიუახლოვდა. -აქაური ვარ, შვილო, აგე, იმსოფლელი…სატაცურზე ვიყავი და წყალი მომწყურდა. მერე ნათქვამის საბუთად კალთიდან სატაცურის დუყების მოზრდილი კონა აიღო და აჩვენა. -ჩვენ იცი, ვინა ვართ? გეგათ ოლამ ჯერ ერთს ახედა, მერე მეორეს და მხრები აიჩეჩა: -აბა, რა ვიცი . . . ქართველები რო ხართ, გატყობთ. შავგვრემანმა ამხანაგს გადახედა და იმანაც სულ ოდნავ დაუქნია თავი. შავგვრემანი ჩაცუცქდა, კარაბინი მუხლებზე დაიდო, უხერხულად ჩაახველა და კეფა მოიქექა: -რაღაც უნდა გთხოვოთ და, დედაშვილობამ, უარს ნუ გვეტყვი… -თქვი, შვილო. -პური გვშიან, დედი… მესამე დღეა, ნაწილ- მოწყალება არ ჩაგვსვლია პირში… თუკი რამე გაგემეტება, წადი და გადმოგვიტანე… მეორემ, წაბლისფერთმიანმა, ამ სიტყვებზე პირი იბრუნა, ვითომდა ბილიკს გახედა დასაზვერად. გეგათ ოლა წამოდგა, კაბაზე ხელი ჩაისვა,-,,მოგიკვდეთ, შვილებო, ჩემი თავიო“, -მეტი ვეღარაფერი თქვა და ბილიკს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა. -დედიი!- მოესმა უკნიდან.გეგათ ოლა გაჩერდა, უკან მიიხედა, მაგრამ შავგვრემანმა ხელი ჩაიქნია და უთხრა:-არა, არაფერი… წადი!
შინ რომ მივიდა, გეგათ ოლამ ცეცხლი დაანთო, ზედადგარზე თანგირა ქვაბით წყალი შემოდგა, შვილიშვილს- თორმეტი წლის კაკაოს ორი კარგი შარშანდელი ნაცარა დედალი დააჭერინა და ხელში წანდილი მიაჩეჩა. თვითონ შინ შებრუნდა, ცეცხლს შეშა შეუმატა და დაიწყო მუხლებში ხელის ცემა და გაუკვირველი ზუზუნი. შვილიშვილის ფეხის ხმა რომ შემოესმა, ცრემლი შეიმშრალა, წამოდგა, კაკოს თავებდაჭრილი, მაგრამ ჯერ ისევ თბილად მთრთოლავი ქათმები გამოართვა და თაბახზე დააწყო. მერე ქვაბს სახურავი ახადა, ცეცხლს ჩინჩვარი მიუტანა და წყალიც მაშინვე აჩუხჩუხდა… -ვის ელოდები, კაცო, აღარ იტყვი? უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გაკვირვებული კაკო, მაგრამ გეგათ ოლა ხმას არა სცემდა, ტუჩებმოკუმული რაღაცნაირი სიკერპით ირჯებოდა: ქათმები დაფუფქა, დაბრტყვნა, დატუსა, გამოწელა და კარგად დარეცხა. მერე მიუკეთა ცეცხლს რცხილის ნაპობები, მიუტანა უფრო მოზრდილი ქვაბი, ჩაალაგა შიგ ქათმები, შემოუყენა წყალი და შედგა ცეცხლზე. თვითონ კამოდის უჯრიდან თეთრი, ქათქათა ტილოები ამოალაგა და მარანში შევიდა. ჯერ მიჯდა მარნის სიბნელეში, იტირა, იზუზუნა, კარგად მოიოხრა გული, მერე ჩამოიღო თავხეზე დაკიდებული მანეულის დიდი კალათი, დაბერტყა, გასუფთავა, შიგ ტილო ჩააფინა. ხარიხიდან ღორის დამარილებული ნაფერდალი ჩამოხსნა, დერგიდან ერთი დიდი კვერეული ყველი ამოიღო, ისინიც ტილოებში შეახვია. ორჩარექიანი ხელადა არყით გაავსო, ჩაალაგა ესენი კალათში, ჩაუმატა ოდნავ შემჭკნარი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ლოყაწითელი ვაშლები, ჩურჩხელები, ხახვი, ნიორი…დაალაგა ამ ყველაფერს ზემოდან ექვსი თასმასავით რბილი პური, კალათს ჩაის ტილო გადააფარა და იქვე, მარნის ბნელ კუთხეში მიდგა. კაკო ცეცხლთან იჯდა და ათუხთუხებულ ქვაბს, საიდანაც მადისაღმძვრელი ოხშივარი ამოდიოდა, პირზე ნერწყვმომდგარი მისჩერებოდა. გეგათ ოლამ წვენს ქაფი მოხადა, გაფრცქვნა ორი თავი ხახვი, ორივე ოთხად გაჭრა და ქვაბში ჩაყარა. მერე იქიდან უკვე მოხარშული ორივე ღვიძლი თეფშზე ამოიღო, მარილი წააუარა და ბიჭს წინ დაუდგა: -აჰა. პური შეატანე, იცოდე, ისე არ შეჭამო! -მაშ არ იტყვი, ვის ელოდები? -ჭამე და მერე წუალი მომიტანე! კაკომ ცხელ-ცხელი ღვიძლები სულმოუთქმერლად შესანსლა და კმაყოფილმა კოკებს წამოავლო ხელი. ბიჭი რომ გაიგულა, დედაბერი წავიდა და მარნიდან კალათი გამოიტანა. მერე ისევ ქვაბს მიუბრუნდა- ქათმები უკვე მოხარშულიყო, ჰა და ჰა,სულ ცოტაღა აკლდა. გამოიღო თახჩიდან ჯამი, ზედ ჩამჩით წვენი ამოიღო, გააგრილა, შიგ პურის ფქვილი ჩაყარა და კოვზით კარგად გაქნა.ამოალაგა მერე მოხარშული დედლები თაბახზე, ქვაბში ნელ-ნელა ჩაუშვა საფანელი, ჩაახალა შიგ ორი კვერცხი, ჩიხირთმა ქინძით, მარილითა და ძმრით შეაგემა და ცეცხლიდან გადმოდგა. კალათი მხარზე ჰქონდა შედგმული და ჯეჯილებსშორის მიმავალ ბილიკზე გაჩქარებული მიდიოდა. სოფელი ისე გამოიარა, არავინ შეხვედრია, ან კი ვინ უნდა შეხვედროდა, გაზაფხული იდგა, ქვეყანა მინდორსა და ბაღ-ვენახებში იყო გაკრეფილი. ტვირთის სიმძიმეს ვერც კი გრძნობდა, ციმციმ მიჰქონდა.თანდათანობით რაღაც უცხო, უცნაურად საამო გრძნობა ეუფლებოდა და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა კენჭყარას წყაროს, ეს გრძნობა უფრო და უფრო ემატებოდა. სანამ წყაროსკენ გადაუხვევდა, კალათი დადგა და იქაურობა ჩუმად მოათვალიერა: კაცის ჭაჭანება არსად იყო, აქედან სოფელიც ძლივას მოჩანდა და გული საგულეს ჩაიდო. მერე კალათს დასწვდა, მხარზე აღარ შეუდგამს,თხილებითა და ჯაგრცხილებით დაბურულ ბილიკს ისე გაუყვა. წყაროსთან აღარავან დახვდა. გაჩერდა და გაკვირვებულმა მიმოიხედა. ნეტავი ხომ არ მომეჩვენენ ის ბიჭებიო, გაიფიქრა. ახლაღა იგრძნო, როგორ დამძიმებულიყო კალათი, რანაირად სტკიოდა მხრები, მკლავები.
უეცრად, ზემოდან, ტყით დაბურული მაღალი ფერდობიდან სტვენა მოესმა! ახლადგამოკვირტული წვრილიანით შემწვანებულ ფერდობს აჰხედა. -დადგი, დედი, ეგ კალათი და წადი… ღმერთი გადაგიხდის!- მოესმა ნაცნობი ხმა. გეგათ ოლამ კალათი წყაროს პირზე დადგა და სანამ წავიდოდა, ფერდობს უთხრა: -აექ ცხელი კერძია, შვილებო, ქვაბითა და არ გააციოთ! მინდორზე რომ გამოვიდა, იქაურობას თვალი მოავლო და თითქოს გულიდან მძიმე ლოდი ააცალესო, სასიამოვნო შვება იგრძნო. ეს ამბავი მოხდა აპრილში, აღდგომის კვირაძალზე; მას მერე დღე არ დაღამდებოდა, რომ გეგათ ოლას ილო და ვანო არ მოჰგონებოდა. საკუთარ სადარდებელსა და თავში საცემს რა გამოულევდა, მაგრამ ხშირად,ბოსტანში მომუშავეს თუ ძროხის ცურთან ჩაცუცქულსა და იმის თბილ ფერდზე შუბლმიდებულს, გაუჩერდებოდა ხელი, გაუშტერდებოდა თვალები და გარინდებული იმათზე ფიქრობდა. საღამოობით კი, მთელი დღის ჯაფით მოღლილი და მოქანცული, დასაძინებლად რომ ემზადებოდა, გადაიწერდა პირჯვარს და იტყოდა: ღმერთო მაღალო, შენ გადმოჰხედე სიკეთის თვალით ჩემსა შვილებს, შვილიშვილებს, შინაურსა და გარეულს. შენი მადლიანი კალთის ქვეშ ამყოფე ის საწყლებც- ილო და ვანოო. იმათზე კი ისევ დადიოდა ავი ხმები: ამა და ამ ადგილზე მავან კაცს დასცემიან, ესა და ეს უცემიათ, ესა და ეს მოუკლავთო და სოფელშიც ისევ ძველებურად აშენებდნენ გაჭირვებულ ბალღებს დედები- ჩუმად, თქვე გასაწყვეტლებო, თორემ, იცოდეთ, ილო და ვანო ჩამოივლიან და თავებს დაგაჭრიანო! გეგათ ოლას, რა თქმა უნდა, სჯეროდა იმ ავი ხმებისა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ილოსა და ვანოს მაინც დამცველად უდგებოდა: მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა დააქციაო, რასაც ვინმე რამეს დააშავებს, ყველაფერს იმათ კი ნუ დააბრალებთო! იმ მაშინდელი ამბის შესახებ კი კრინტი არავისთან დაუძრავს, რადგან კარგად იცოდა თავისი შვილების ამბავი, ყვედრებით სულს ამოხდიდნენ- ჩვენს ნაშრომ-ნაოფლარს ავაზაკებს აჭმევო. ეგრე ჩაიარა გაზაფხულმა, მიიწურა ზაფხულიც და აგვისტოს ბოლოს ხმა გავარდა- ილო და ვანო დაუხოციათ და თავებდაჭრილები კენჭყარაზე ყრიანო! დედაწულიანად აიყარა მთელი სოფელი და სანახავად წავიდა. გეგათ ოლა შინ დარჩა. მატყლი ჰქონდა გასაშრობად გაფენილი.ყველანი რომ გაიკრიფნენ, აიღო სახრე და დაიწყო მატყლის პენტვა. მზე რომ კარგად გადავიდოდა, მივიდოდნენ კაკო და იმისი მიმდევნო ძმა შიშისაგან სახეგამწვანებულები. დედაბერს არაფერი უკითხავს, პირმოკუმული, სახეგაქვავებული მატყლს პენტავდა, მაგრამ ბიჭებმა თავად უამბეს ნანახი და გაგონილი:თურმე ილო და ვანო განა სხვებს დაუხოცავთ, არა! -ილოს ვანო მოუკლავს და ვანოს კიდევ ილო. არავინ იცის, რატომ და რისთვის-და დამდგარან ერთმანეთის პირისპირ , ილოს ვანოსთვის მიუცია პირში თავისი კარაბინის ტუჩი, ვანოს -ილოსთვის და ერთდროულად გამოუკრავთ ჩახმახები. ეგრეც უნახავთ, მეველე გოლას უნახავს, ერთი იქითა ყოფილა გადავარდნილი, მეორე -აქეთ. შეუტყობინებიათ გორგიჯანოვისთვის ეს ამბავი, იმასაც გამოუგზავნია ცხენებით თავისი კაცები და დაუბარებია-დააჭერით თავები და აქ ჩამომიტანეთ, ვნახო, მართლა ისინი არიან თუ არაო. -მერე?-ახლაღა დაძრა ხმა გეგათ ოლამ. -რა მერე, ისევ იქა ყრიან!-უთხრა გურამამ, კაკოს მიმდევნომ. -თქვენი თვალითა ნახეთ,ბიჭო?-ახლა კაკოს მიუბრუნდა დედაბერი. -ჩვენი თვალითა, მა… გორგიჯანოვს შემოუთვლია, რომაო, არ დამარხოთო, თორე, ციხეში ამოგალპობთ ყველასო! გეგათ ოლამ დაპენტილი მატყლი საფენში გამოკრა, შინ შეიტანა, ოთახის კარი შიგნიდან ჩარაზა და საღამომდე გარეთ აღარ გამოსულა.
საღამოთი მოვიდნენ გეგათ ოლას შვილები რაღაცნაირად გულჩახურულები, დაბღვერილები. ჩუმად, უსიტყვოდ მიუსხდნენ ვახშამს. კაკომა და გურამამ პირი ვერაფერს დააკარეს. არც გეგათ ოლას გაუღეჭია ლუკმა. ბიჭებმა არაყი დალიეს უხმოდ, უდღეგრძელებლად. ილოსა და ვანოზე ნავახშმევსღა ჩამოაგდეს სიტყვა: -მა რა ეგონათო,- ამბობდა კოლა,-ეს ქვეყანა ჯერ არავის შერჩენიაო! .. -ჰოოვო, ეგრეაო, სამართალმა პური ჭამაო!- უდასტურებდა გოგიაც. იმ ღამით გეგათ ოლამ თვალი ვერ მოხუჭა. მეორე დილით ადგა, ჩაიცვა, მოიხვია შავი ლეჩაქი და წავიდა კენჭყარაზე. ნაწვერალი რომ გადაიარა და ბუჩქნარით დაბურულ ტაფობს მიადგა, მუხლთ მოეკვეთა, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, მაგრამ ძალა მოიკრიბა და წყაროსკენ მიმავალ ბილიკს დაადგა . შორიდანვე დაინახა ორი საცვლებისამარა, უთავო გვამი, ერთი იქით ეგდო, მეორე- აქეთ. ერთი პირქვე, მეორე-გულაღმა. ბუჩქებიდან ყრანტალით აფრინდნენ ყორნები. გეგათ ოლა ახლოს მივიდა. ერთსაც და მეორესაც უამრავი ბუზი ეხვია. ბუზი ეხვია მიწაზე, იმათ კისრებთან დაქცეულ, შავად შედედებული სისხლის ლეკერტებსაც. დედაბერმა თხილის ბუჩქს ტოტი შეაცალა, გვამებს შუაში ჩაუჯდა და მოჰყვა იმ ტოტით ბუზების ქშევას… გულაღმა რომელიც ეგდო, იმას აქეთ-იქით გადაეყარა მკლავები, მუცელი გაჰბერვოდა და შიშველ, დაყვითლებულ ფეხებზე შავად აჩნდა ძარღვები. მეორეს ცალი ხელი ქვეშ მოჰყოლოდა, მეორეთი კი ძირიანად მოთხრილი ბალახები ეჭირა. ცაში უკმაყოფილო ყრანტალით დაფრინავდნენ ყორნები. კოლამ და გოგიამ დიდხანს ეძებენ დედა, მაგრამ ცამ უყო პირი თუ მიწამ ვერაფერი შეიტყვეს. მეორე დღეს, მეველე გოლამ მოიტანა ამბავი: გეგათ ოლამ შემოგითვალათ- ჩამოვიდნენ, ეს მკვიდრები დამარხონ, თორემ საქვეყნოდ შევარცხვენო! კოლა და გოგია გაგიჟდნენ – რა უნდაო, ციხეში ხო არ უნდა ამოალპობინოს ჩვენი თავი გორგიჯანოვსაო, არსადაც არ წავალთო! საღამოთი თვითონ გეგათ ოლა მოვიდა სოფელში. სახეშეშლილი, თმაგაწეწილი მოდიოდა გზაზე და საკუთარ ნიფხავს მოაფრიალებდა. სანახზიროზე შეყრილმა ამის დამნახავმა კაცებმა დედაბერს გზა უტიეს, მაგრამ გეგათ ოლა იმათ ზედ მიადგა, ნიფხავი გადაუგდო და უთხრა: -აჰათ, აეგ დასჭერით და სათითაო ქუდი შაიკერეთ ყველამა! მერე გაბრუნდა და ისევ ქვემოთ წარაცრაცდა. კაცები კარგა ხანს იდგნენ თავჩაღუნულები, ბოსლის კედელს აკრულები, იმ კედლისფრად სახეჩატეტკილები, მერე, როდის-როდის, გააკრაჭუნა ერთმა კბილები, მეორემ შეიგინა, მესამემ ჯავრიანად გადააფურთხა მტვერში, მეოთხე, ვინც უფრო ახლოს ცხოვრობდა, გაიქცა, შინიდან ნიჩაბ-წერაქვი მოიტანა და დაეშვნენ კენჭყარასკენ. მიდიოდნენ ჯიბრიანად მხრებგამართულები, სიმხნევის შუქით სახეგანათებულები. მზე კი ჩადიოდა, გაჩქარებით მიგორავდა ქვემოთ, ნარინჯრისფრად აფერადებულ ღრუბლებშორის მიიკვლევდა გზას და სხვა ქვეყანაში მიმავალი, სულასწრაფებული ემშვიდობებოდა ამ ჩვენს ცოდო-მადლიან მიწას.
Facebook Comments Box