რეცენზია

ლელა კალაძე

“საუბრები” ნოსტალგიური შეფერილობით

ჯუმბერ თითმერია, საუბრები. თბ. “საარი”, 2004.

ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” ავტორის გემოვნების უტყუარ საბუთად გამოდგება. ეს არის ნოსტალგიური წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ეტაპებს, მოგვაგონებს იმ პრობლემებს, რომლებიც სერიოზულად გვაწუხებდა და შესაძლოა დღესაც აქტუალურნი არიან.
“საუბრები” ავტორის რჩეულ ადამიანებთან პროფესიონალის მიერ არის წარმართული და გეზმიცემული, ამიტომ დღესაც საინტერესოდ გვეჩვენება, თუ რა გვაღელვებდა და არ მოგვწონდა, ანდა რამოგვწონდა და ახლაც გვენატრება.
ჯუმბერ თითმერია მრავალმხრივი ლიტერატორია. იგი ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელი და კრიტიკოსია. ბევრისთვის ძვირფასი და ახლობელია მისგან გადმოქართულებული შუკშინი, რომელიც დედნისეული სილაღით და იშვიათი დახვეწილობის იუმორით მოგვეწოდა და “ჩვენი” გახდა. სადღეისოდ ჯუმბერ თითმერია საგანგებოდ გვირჩევს თავისი ახალი წიგნის პერსონაჟებს, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მათზე და ისევ და ისევ დღევანდელ მკითხველთა გახარებაზე ფიქრობს. “საუბრების” მიზანი მკაფიოდ არის გამოკვეთილი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე რჩეულების გუშინდელი ნააზრევი დღევანდელს შევადაროთ, მათი პოზიცია სამომავლო ორიენტირების თვალსაზრისით შევაფასოთ და ასე მოვახდინოთ ერთგვარი “სელექცია”.
მკითხველის წინაშე ერთადერთი ამოცანა დგას, მას ეძლევა დარწმუნების კარგი საშუალება, კიდევ სჯერა თუ არა გუშინდელი რჩეულების, არიან თუ არა ისინი ადეკვატურნი დღევანდელობის თვალსაზრისით, ანდა როგორია ის შემოქმედებითი მუხტი, რომელიც ასე კაშკაშა ჩანდა XX საუკუნეში და რაც ასე ძალიან სჭირდება დღევანდელობას.
“საუბრების” მონაწილენი არიან ანა კალანდაძე, რევაზ ინანიშვილი, თამაზ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, მიხეილ ქვლივიძე, ნოდარ გურაბანიძე, ვახტანგ დავითაია, სერგო კლდიაშვილი, ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე… საგანგებო საუბარი გამართულია ვაჟა-ფშაველასთან.
თითოეულ მათგანზე ღირს შეჩერება, მაგრამ სპეციფიკური გარემოებისდა გამო ერთ მათგანს გამოვარჩევთ და მიზეზსაც ნათელვყოფთ. ჩვენი აზრით, განსაკუთრებით ფასეულია ჯუმბერ თითმერიას დიალოგი სერგო კლდიაშვილთან. ამ საუბრისას ბატონი ჯუმბერი შესანიშნავად ახერხებს აალაპარაკოს დიდი დავით კლდიაშვილის მემკვიდრე, გვიჩვენოს მისეული თვალთახედვა, თვალწინ გადაგვიშალოს მამათა და შვილთა მარადიული ჭიდილი, მამათა და შვილთა მარადიული ზავი, ტრადიციების უკვდავი მუხტი და შემოქმედის მრავალმხრივი მიმართება ცხოვრებასთან.
სერგო კლდიაშვილი მოგვითხრობს თავის ახალგაზრდულ “ცდომილებებზე”, გვიყვება სიმბოლიზმით გატაცებასა და მამასთან შემოქმედებით უთანხმოებაზე; სრულიად გასაგებია, რომ ახალგაზრდა კლდიაშვილს სრულიად სხვა შემოქმედებითი კრედო გააჩნდა, მამისგან განსხვავებული. ეს ჯდება ეპოქის განვითარების კანონზომიერებაში, მამის “წინააღმდეგ” წასვლა ახალგაზრდობის ასაკისთვის აუცილებელია; ეს ნიშნავს, რომ შვილი აზროვნებს, ძლიერდება და იზრდება. სწორედ ეს ფაქტი გვიდასტურებს, რომ სერგო კლდიაშვილი ნამდვილად შემოქმედებითი პოტენციის ნატურა იყო, გააჩნდა “საკუთარი” მოსაზრებები და თავისი თაობის იდეებით სულდგმულობდა. ანუ ჯერ როგორც პიროვნება ჩამოყალიბდა, რაც შემოქმედებითი სრულყოფის უდავო ფაქტია.
მართალია, იგი არ გამხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ლიტერატურისათვის, ვერ გადააჭარბა თავის დიდ მამას, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად ნამდვილად იქცა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ძნელი იქნებოდა ეს პროცესი, როგორი რთული სწორედ დავით კლდიაშვილის მემკვიდრისათვის, სწორედ დიდი მამის ფაქტორიდან გამომდინარე.
სერგო კლდიაშვილი ჯუმბერ თითმერიასთან დიალოგში შესანიშნავად გვიჩვენებს “შერიგების” თუ “მორიგების” მომენტსაც. ეს მოგვიანებით მომხდარა, ყველა “ცდომილებათა” შემდგომ და სწორედ ეს მისეული პიროვნული “ცდომანი” არის სასურველი ხელოვანისთვის. ჯერ ასე იყო: “…ჩამორჩენილობად და მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა რეალისტური მიმდინარეობა”… ამბობს სერგო კლდიაშვილი და ამას მოსდევს ბრძნული დამოკიდებულება მამის მხრიდან – “…ვაცალოთ, დამაჭრდეს. მერე კი გაერკვევა და თვითონვე გაიკვლევს გზას”… ბოლოს ვიგებთ, რომ სერგო კლდიაშვილმა კვლავ მიაშურა რეალიზმის, ტრადიციულის წიაღს, მაგრამ არა მექანიკურად. თავად ასე ამბობს: “…წლები დასჭირდა იმას, რომ გაფანტულიყო ეს ბურუსი. დავით კლდიაშვილი მთელი თავისი ბრწყინვალე ტალანტით მხოლოდ მაშინ ვიგრძენი და გავიგე, როცა 21-22 წლის გავხდი. ეს მართლაც ისე მოხდა, თითქოს ვიღეაცამ გადასწია ფარდა და ფერიული სანახაობა გადამეშალა თვალწინ. მას შემდეგ დავით კლდიაშვილის შემოქმედება ყველაფერში სანიმუშოა ჩემთვის”.
შესაძლოა მამის “სანიმუშოდ” მიჩნევა ორიგინალური სრულიადაც არ იყოს და ქართულ კანონზომიერებად მივიჩნიოთ, მაგრამ ამას წინ უსწრებდა ჯანყის, ამბოხის, წინააღმდეგობის წლები. “მამის წიაღში” დაბრუნება სრულიად მართებულია ამ შემთხვევაში, სწორედ ის წინარე პერიოდი არის ფასეული, რადგან უკრიტიკოდ მიღება და გაზიარება მხოლოდ უფერულ ჩრდილებს და უღიმღამო ეპიგონებს თუ გაგვიმრავლებს.
საინტერესოა, რომ სერგო კლდიაშვილი კატეგორიულად უარყოფს მემუარების დაწერას, ეს კიდევ უფრო ზრდის ჯუმბერ თითმერიას ამ საუბრის აზრსა და მნიშვნელობას. თუკი სერგო კლდიაშვილი დაწერდა მემუარებს, იგი არ იქნებოდა ბოლომდე “მართალი”, ხოლო “ყალბი” მოგონებების დაწერის უფლებას თავის თავს ვერ მისცემდა, დრო სხვა არჩევანს არ იძლეოდა. სამაგიეროდ დიალოგში ნათლად შემპოგვრჩა კლდიაშვილთა უძლიერესი მწერლური ოჯახის სულიერი ევოლუციის მნიშვნელოვანი პასაჟები, რაც ძალიან ღირებულია ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის.
ჯუმბერ თითმერიასთვის დამახასიათებელია იშვიათი თავმდაბლობა მთელი “საუბრების” მანძილზე, როცა იგი ცდილობს ჩრდილში მოექცეს და მეტი გასაქანი მასთან მოსაუბრეს მისცეს, იგი ახერხებს მაქსიმალურად “დატვირთოს” თავისი საუბრები და ამით საზოგადოებას თანდათანობით გადაუშალოს ფაქტის მნიშვნელობა.
მართლაც ტევადი და მნიშვნელოვანია მოცულობით ყველაზე მოკლე დიალოგებიც კი, თუნდაც რევაზ ინანიშვილთან გამართული. ნიშანდობლივია მწერლის განცხადება: “ვრცელ მოთხრობაში თავს არეული ნაბიჯებით მოარულად ვგრძნობ”-ო.
ჯუმბერ თითმერიას კრიტიკული დაკვირვებები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დიალოგს ამა თუ იმ შემოქმედთან. თანაც მას საგულდაგულოდ ჰყავს შერჩეული ის ხალხი, რომელთა მოღვაწეობასაც კარგად იცნობს, რომლებიც მის სულიერ სამყაროსთან უფრო ახლოს არიან.
სრულიად უპრეცედენტოა ვაჟა-ფშაველასთან დიალოგი, რითაც იშლება დროთა შორის მიჯნა და ძველი და უახლესი უკავშირდება ერთმანეთს. დასმულია დღევანდელი ქართველისათვის საინტერესო კითხვები, გაცემულია “პასუხები”, რომლებიც არა მარტო სადღეისო, არამედ სახვალიო ტენდენციებსაც შეიცავენ.
ჯუმბერ თითმერიამ საგანგებოდ “მოიხმო” ვაჟა-ფშაველა სასაუბროდ, იგი შეეცადა განსხვავებულად წარმოეჩინა თანამედროვეობა, დაენახვებინა იგი სულ სხვა კუთხით და გამოეწვია ის “ნოსტალგია”, რომელიც ოდესღაც არსებულისა და აწგარდავლილის შარავანდედით შემოსილა.
ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” თავს ნამდვილად წაგაკითხებთ. ჩავუსხდეთ!

© “წიგნები _ 24 საათი”

Facebook Comments Box