ნოემბერში არაერთი საინტერესო წიგნი გამოიცა, რომელთა შესახებაც არილის ნოემბრის ბიბლიოდღიურში წაიკითხავთ:
გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ის პიესები, რომლებსაც ქართველი მკითხველი ამ კრებულში წაიკითხავს, გერმანიაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე უკვე დადგმულია და ცნობილია გერმანელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის.
ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს. მანამ, სანამ მისი სადებიუტო რომანი, „ჟუჟა“ დაიბეჭდებოდა და გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში მოხვდებოდა, ის გერმანულმა პუბლიკამ სწორედ საავტორო პიესებითა და მათი დადგმებით გაიცნო – 2008 წელს ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი მიიღო წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში „ლივ შტაინისთვის“; ასევე, იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით წლის საუკეთესო დადგმის კატეგორიაში პიესისთვის „აგონია“.
ამ განსხვავებული ეპოქებისა და შინაარსის, შესაბამისად, სხვადასხვანაირი ენით დაწერილ, ერთმანეთთან ერთი შეხედვით თითქოს სრულიად არაფრით დაკავშირებულ პიესებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – მათი მთავარი გმირები გამორჩეული ქალები არიან. თითოეული მათგანი დაუვიწყარ სახეს ქმნის და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირების სურვილითა თუ სიყვარულის უნარით გვამახსოვრებს თავს.
1912 წელს, რაინერ მარია რილკე მეგობარ ქალს – მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს, დუინოს საგვარეულო კოშკში ესტუმრა. სწორედ იქ დაიბადა ელეგიების შექმნის იდეა. ეს ციკლი 1922 წლამდე იწერებოდა. დუინური ელეგიების ციკლი მსოფლიო პოეზიის მშვენებაა და თავისი ტრანსცენდენტური შინაარსით, სამყაროსა და ადამიანის ეპიკური ალუზიებით, მკითხველს მუდმივად აღელვებს.
„დუინური ელეგიები“, ისევე, როგორც რილკეს მთელი შემოქმედება, ქართულ ენაზე არაერთხელ ითარგმნა. ამჯერად კი მკითხველს ზვიად რატიანის თარგმანის გაცნობის საშუალება ექნება. მის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.
1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული.
„ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა. როგორც მის მიერვე დაწერილ წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, წერილები, რომლებიც ამ წიგნშია გაერთიანებული, უმშვენიერესია მათგან, რომლებიც სიმონ ვეიმ დაუტოვა.
„ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“, ქვესათაურით ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში, ავსტრიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის, ლოგოთერაპიის ფუძემდებლის, ვიქტორ ფრანკლის წიგნია. ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. ეს წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას.
„ნუ იყვირებ: მგელი, მგელი“ ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის კი თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა. წიგნი ინგლისურიდან ნანა კიკნაძემ და ალექსანდრე ქორელმა თარგმნეს.
ორიანა ფალაჩი (1929 – 2006), იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. მისი რომანი „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ 1975 წელს გამოიცა.
„მის ლიტერატურულ მოღვაწეობაში ნაწარმოებს ,,წერილი ვერდაბადებულ ბავშვს’’ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის დღიური მარტოხელა ქალისა, რომელსაც დაუგეგმავი ორსულობა უამრავ ცხოვრებისეულ საკითხზე აფიქრებს. შვილის გაჩენა წიგნის პროტაგონისტისთვის უფლებაა და არა მოვალეობა. ნაყოფთან დიალოგში ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს სიხარული და მღელვარება, ახალი სიცოცხლის გაჩენით გამოწვეული ბედნიერება და შიში. ღირს კი ამ უსამართლო სამყაროში შვილის გაჩენა? არჩევანი რომ ჰქონდეს, ამ სამყაროს თითოეული მანკიერება რომ იცოდეს, ისურვებდა ნაყოფი განვითარებას და ამქვეყნად მოვლინებას? რატომ არავინ ეკითხება ჩასახვამდე ნაყოფს, სურს თუ არა იმ ტკივილთან გამკლავება, რომელსაც ცხოვრება უმზადებს? – ეს ის კითხვებია, რომელიც მომავალ დედას მოსვენებას არ აძლევს“ – ამბობს წიგნის მთარგმნელი, ნათია აბრამიშვილი.
„რომეო და ჯულიეტას“ მკითხველისთვის წარდგენა არ სჭირდება, თუმცა საინტერესოა, რასაც გამომცემლობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:
„„ვეფხისტყაოსნის“ გმირების სასკოლო აჩრდილებით გულშეღონებულ თინეიჯერებს (უპირველესად, სწორედ მათთვის განვიზრახეთ შექსპირის ახლიდან თარგმნა) საუკუნეების წინ დაწერილი სიყვარულის ამბის ხელში აღებას ისევ თინეიჯერული პატივმოყვარეობა (შექსპირთან გამკლავების სიამაყე!) თუ შეაძლებინებს. ეს საწყისი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება – მათ მიერ ამ წიგნის დაუზარლად ჩამთავრებაზე უკვე ავტორი იზრუნებს“.
„რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის შეძენა (და, რა თქმა უნდა, წაკითხვაც) უკვე ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეუძლია.
© არილი