16-18 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, მათ შორის იქნება გამომცემლობა პალიტრა L, რომლის სიახლეების შესახებაც სტატიაში წაიკითხავთ.
რამდენიმე რომანისა და მოთხრობების კრებულის ავტორის, რეზო თაბუკაშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია პირველ დეკემბერს შედგა.
რომანში მოქმედება კოვიდინფიცირებული და შეცვლილი თბილისის ფონზე ვითარდება. მთავარი გმირი კი მიმალვაში მყოფი ადამიანია, რომელსაც მძაფრ მოგონებათა პალიტრას ბავშვობის მეგობრები უფერადებენ, რომლებიც მისი ცხოვრების ლამის განუყრელ თანამგზავრებად ქცეულან.
„ლიტერე ინვენტეს“ სერიას უილიამ ფოლკნერის “იგავი” შეემატა.
უილიამ ფოლკნერი „იგავზე“ ათ წელზე დიდხანს მუშაობდა და თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა. 1955 წელს ტექსტმა მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ასევე წიგნის ეროვნული ჯილდო.
მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს არის ამბავი ომზე, თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა გვეყოფა! უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია…
მესამე ნაპირის“ ავტორი ლუკა ბაქანიძე ამჯერად მოთხრობებისა და მინიატურების კრებულით წარდგება მკითხველის წინაშე. „სად ხარ ლაზარე?“-ს (ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი პროზის ნომინაციაში) შემდეგ ეს მისი მეორე პროზაული კრებულია, რომელიც 8 მოთხრობასა და 20 მინიატურას აერთიანებს.
„მე არასოდეს მითევზავია, მაგრამ თვალწინ მიდგას ამ კრებულის ყველა მეთევზე. არც ის მგონია, ბევრი მეთევზე მწერალი დააბიჯებდეს დედამიწაზე. არც ის ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში – სევდის, სიყვარულის და პაწია დეტალების – საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად“ – ასე ეხმიანება კრებულს თამთა მელაშვილი.
ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში… მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს…. უწევდა… ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!
როგორც “The guardian”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, „ხანძარი სახლში“ ანტიგონეს ამბავია, რომელიც თანამედროვე სამყაროში მიმდინარეობს. რომანი ბუკერის პრემიის გრძელ სიაშიც იყო დასახელებული.
© არილი