რეცენზია

ანუკი იმნაიშვილი – გადაფრენის ინსტინქტს დაქვემდებარებული თაობა

 

ნესტან კვინიკაძე. ისპაჰანის ბულბულები (რომანი). რედაქტორი გაგა ლომიძე, ყდის დიზაინი ბიბი ასათიანი. თბ. “არეტე”, 2004.

“მე-19 საუკუნემ თურმე მშვენივრად უწყოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი, მე-20-მ არ იცოდა. 21-ე სავარაუდოდ ყველაზე სასტიკი უნდა ყოფილიყო, რომელსაც არამცთუ გადაფასებული ჰქონდა ფასეულობები, არამედ, უფრო მეტიც, სანაცვლოდ კატეგორიულად ახალ კომპლექსებს და კომპლიმენტებს მოითხოვდა”.
არ ვიცი რამდენად კომპლიმენტია, მაგრამ 21-ე საუკუნემ მართლა მიიღო ეპითეტად სიტყვა ქაოსი. ამ ქაოსში კი ადამიანს (რომელიც მე-19 საუკუნემ თურმე მშვენივრად უწყოდა, როგორი უნდა ყოფილიყო) საბოლოოდ მოუღო ბოლო, იგი დაკომპლექსდა და გაორდა “საგანთა დუბლიკაციით”, ილუზიით, “ზოლიანი გამოცანებით”, “მეტაფიზიკური ბოდვით” და მძაფრი აზარტით. ეს ადამიანები კი ვერასოდეს იქნებიან გმირები, რადგანაც (რამდენად პრიმიტიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ) გაორებული კაცი ვერ გახდება მისაბაძი, ის შეიძლება იყოს პერსონაჟი, არც მთავარი და არც მეორე, უბრალოდ პერსონაჟი. ისეთი, როგორიც ნესტან კვინიკაძის “ისპაჰანის ბულბულების” პერსონაჟები არიან. აქ უპირატესობას ვერავის მიანიჭებ, რადგანაც ისინი “ქაოსში ბინადრობენ” ან “ქაოსით თამაშობენ” და ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი ან გადაჯაჭვულნი. მკითხველს კი მხოლოდ ერთი მოეთხოვება – დაკვირვებისა და მოთმენის უნარი (რითაც თურმე ჩვენი ავტორები დაუჯილდოვებია ღმერთს), რადგანაც ამბავს არ ჩამორჩეთ ან “კალმით ატეხილი” იმ ქაოსიდან არ ამოვარდეთ, რომელიც მწერალი ქალისაგან არის.
“ისპაჰანის ბულბულების” უკლებლივ ყველა პერსონაჟი უძღები შვილია. შეუძლიათ სამშობლო მიატოვონ ღარიბი ნათესავივით, რაღაც ოცნებისფერი სურვილის გამო, რომლის ახდენაც თურმე საკუთარ ქვეყანაშივეა შესაძლებელი; მიატოვონ უბრალოდ, ფოტოგრაფიის სამთვიანი კურსებისათვის, ანდა სულაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი საუკუნის “ქვეცნობიერი ცენტრი” ნიუ-იორკია, “სადაც ყველანაირი ალბათობა დაშვებულია”. და არ იციან, რომ ისპაჰანის ბულბულებივით, მოხეტიალე მტრედებივით თუ შემოდგომის ბატებივით მათი გადაფრენა-გაფრენით ვიღაცას უხარია ან გული წყდება ტკივილამდე. მათსა და უფროსი თაობის უძღებ შვილთა შორის ის განსხვავებაა, რომ გადაჯიშებას გადარჩენილნი არიან, ამსტერდამის შუაგულში ერთმანეთში უცხო ენით არ საუბრობენ, გამუდმებით ამტკიცებენ საკუთარ წარმომავლობას და სამშობლოდან ძალიან შორს მყოფთ, სრულიად მარტოებს მოუწიათ მათი ერთი ბეწო კულტურის დაცვა (რომელიც ყოველთვის უფრო დიდი გვგონია, ვიდრე სხვა დანარჩენი ერთად). მაგრამ რა იქნება მერე?! მერე, როცა სამშობლოში დაბრუნდებიან. არაფერი, გარდა იმისა, რომ უფროსი თაობის ემიგრანტთა დამახასიათებელ სიყალბეს ასცდებიან. მაგრამ ის ნამდვილია, რომ სამშობლოში დაბრუნებას არავინ ჩაუთვლით გმირობად. არც ოთოს ეგონა სამშობლოში დაბრუნებული ასტამური გმირი: “ხუთმეტრიანი სირაქლემების და სამთითა ცხენისმაგვარი პიპარონების საძებნელად რომ გარბოდი, ყველას აქ რომ გვტოვებდი, გამუდმებით ცაში რომ იყურებოდი და პატარა კენჭიც ფეხს გიბრუნებდა, რას შვრებოდი მთელი ეს დრო ბიჭო?! “არც თავს მოვიკლავ და არც ვინმეს მოვაკვლევინებო” – ეს იყო შენი ბოლო სიტყვები და წახვედი. ჩვენ აქ ვიყავით, ასტამურ და მაგრად გვეკიდა შენი ბულბულების გადაფრენა. ყველანი ვიყავით პოეტები, ძმაო, მაგრამ გაყინულ ტრამვაიში რაღაც ვეღარ ვიგრძენით ამის აუცილებლობა”.
თაობაც კი არ არის ერთიანი. გაორებულია, გაყოფილია. ერთნი (ოთო), რომელთაც პოეტობის აუცილებლობა ვერ იგრძნეს ომების ქაოსში და არ იციან, რა უპირატესობა აქვს სამშობლოდან გადახვეწას. და მეორენი (ასტამური, ნიკა), რომელთაც სტერეოტიპების დასანგრევად რაღაც პროფესია აურჩევიათ, ბაბუის დანატოვარი ოთხოთახიანი ბინა უყოყმანოდ გაუყიდიათ და საკუთარი ქალაქი მიუტოვებინათ მეუღლესთან ერთად ან მის გარეშე. თან აქედან მიჰქონდათ ცოდნა, რომელსაც იქ გააღრმავებდნენ. მათ, უბრალოდ, “გადაფრენის ინსტინქტი” არ ასვენებთ.
ასტამური, რომელიც ბედს თუ ბედისწერას უასაკო ასაკში ძმისმკვლელად ექცია, იმავე ასაკიდანვე იყო გაორებული. არ იცოდა, ასტამური იყო თუ ფარვიზი, თავის ტყუპისცალი, რომელიც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ორი ქალი უყვარდა. ან ვერ ხვდებოდა, რომელი უფრო უყვარდა თუ უფრო სჭირდებოდა, ტატა თუ ნატაშა. 16-17 წლის ასაკში მტკიცედ გადაწყვიტა ფრინველების შემსწავლელ მეცნიერებას დაუფლებოდა, როგორც აღნიშნულია, სტერეოტიპების დასანგრევად, არადა, ბავშვობიდან უყვარდა ჩიტები და ცაში ყურება. მოკლედ, დარწმუნებული არც იმაშია, პროფესია ბავშვობისდროინდელი ინტერესის გამო თუ თაობის სტერეოტიპების დასანგრევად აირჩია. სამაგიეროდ, ოცნება ერთი ჰქონდა და ისიც ორნითოლოგიური – ერთხელ მაინც ენახა ისპაჰანის ბულბულების გადაფრენა. ხოლო ამ ოცნების ახდენას თვითშემეცნებისა თუ თვითდამკვიდრების მცდელობამდე მიჰყავს. ხელმოცარულ უძღებ შვილს სამშობლოში კიდევ ერთი პროცესი აქვს გასავლელი, განკურნების მაგვარი.
წითელა ბატონები რომანში კვაზი სიმბოლური სახეა. ბავშვობაში ასტამურს წითელა შეეყარა შემოდგომის ბატების გადაფრენისას, ანუ ბავშვობაში დაავადდა სურვილით, რომელიც გადაფრენის ინსტინქტს ვერ დაექვემდებარა. სამშობლოში დაბრუნებული, ისპაჰანის ბულბულების გადაფრენისას დაავადმყოფდა ბატონებით ანუ განიკურნა სურვილისაგან, რომელიც გადაფრენის ინსტინქტზე იყო დაქვემდებარებული. მაგრამ საბოლოოდ “გადარჩა” თუ არა ასტამური (მთლიანად თაობა), რომანში მთლად უპასუხო კითხვასავით არ არის მიტოვებული.
რომანი ორნაწილიანია, რადგანაც წიგნში ორი სათაური გვხვდება, რომლებსაც უბრალო ქვესათაურებად ვერ ჩავთვლით. პირველია “ბიოლოგიური დერეფნები” (სადაც მოქმედ პირთა თავგადასავალია მოთხრობილი), რაც მკითხველში პერსონაჟთა წარმომავლობისა და ცხოვრების აღწერის ასოციაციას ქმნის, მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა საქმე. ასტამურისთვის ნატაშა ბიოლოგიური დერეფანი იყო, თანაც გარანტირებული, ანუ ქალია კაცისთვის გარანტირებული ბიოლოგიური დერეფანი და ერთგული ნავსაყუდელი (რაც ოიდიპოსის კომპლექსზე აღძრავს ეჭვს). მეორე – Nostos (გმირის დაბრუნება სამშობლოში). სიტყვა გმირი გათამაშებულია ან პაროდირებული. ასტამური წიგნის მთავარი გმირია, თორემ სხვა შემთხვევაში მისი პიროვნება და ეგოისტური ბუნება გმირის ამპლუას ვერ ერგება. თუმცაღა გამორჩეულობისკენ მისწრაფება ჰქონდა, თუნდაც პროფესიის არჩევა… ერთხელ “წაიჰამლეტა” კიდეც (“რაღაც დამპალა უბანში”), რასაც ვერ მიუხვდნენ და იმავე უბანში “ხმა გავარდა, ასტამური უცნაური გახდაო. სწორედ ეს უნდოდა. უცნაურობა, იმხანად და იმ სივრცეში, ხელშეუხებლობისათვის საუკეთესო გამოსავალი იყო”. ოღონდ, რომელი ხელშეუხებლობისათვის სჭირდებოდა, ვისგან ან რისგან ხელშეუხებლობისაგან იცავდა თავს?! “თავს არ მოვიკლავ და არც სხვას მოვაკვლევინებო” თუ ზე-კაცად ქცევის პროცესის “ხელშემშლელი პირობებისგან”?! მაგრამ ასტამური ზე-კაცის ოდენ სიარულის მანერით გამოირჩეოდა და ისიც იმ უბანში, სადაც რაღაც ლპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასტამური ამირანივით ყოველდღე იზრდებოდა სიმაღლეში, ჰამლეტივით მარტო იყო და სავარსამიძესავით ერთს რაიმეს კონკრეტულს ეტრფოდა, მაინც ვერ იქცა ზე-კაცად. ეს კი არა და, სტერეოტიპების ნგრევის მცდელობისთვისაც (მაინცდამაინც ორნითოლოგი რომ გახდა და არა იურისტი ან ექიმი) არ მიუღია რაიმე კომპენსაცია, გარდა იმ საყვედურისა, რომელსაც ბავშვობის მეგობრისგან ისმენდა, ისიც, როცა ოცნების ახდენას უახლოვდებოდა.
წიგნის წინასიტყვაობის ავტორი აღნიშნავს, რომ “ნესტან კვინიკაძის რომანს “ისპაჰანის ბულბულები” წინ უძღვის ჰაროლდ ბლუმის სიტყვები “გავლენის შიშის” პროლოგიდან”. თუ თანამედროვე ავტორების “აღიარებასაც” გავითვალისწინებთ, რომ საკუთარ ტექსტებს საყვარელი კლასიკოსების გავლენით ქმნიან, მაშინ ამ შემთხვევაშიც გავლენა გამართლებულია, მით უმეტეს, თუ ლიტერატურულად გაათამაშებ და თანამედროვე სიტუაციებში ლამაზად “შეფუთავ”.
რომანი მკითხველში ბევრ ასოციაციას აღძრავს. “ცნობიერების ნაკადის” ფრაგმენტულობითა და კვაზი მითოლოგიური სიმბოლოებით “ისპაჰანის ბულბულებს” ნეომითოლოგიური რომანისკენ აქვს მიდრეკილება. ტექსტში კვაზი მითოლოგიური სიმბოლოა წყალი – “წყალში სამოგზაუროდ ისინი მიდიან, ვისაც ხმელეთზე არ დაედგომებათ”. ქართულ მითოლოგიაში წყალი მარადიული ბრუნვის სიმბოლოა, განახლებისა და განწმენდის. ასტამური, ნატაშა და ტატა წყალში სამოგზაუროდ “განსაწმენდად” კი არ მიდიან, არამედ იმიტომ, რომ ხმელეთზე აღარ დაედგომებათ, მაგრამ იქაც, “ხიზილალაგამოტენილი თევზების სამყარო უფრო რეალურია, ვიდრე მათი”. ასტამურისთვის (მთლიანად თაობისთვის) უცხოეთში გამგზავრება და შემდეგ დაბრუნება სახადივით იყო, ხოლო მისი განწმენდა და განახლება წითელა ბატონებით მოხდა.
რომანის ბოლოს (რომელიც შეიძლება ავტორის მონოლოგად ჩაითვალოს) მაინც მტკიცდება ამ თაობის უპირატესობა – “ისინი სულ დარჩებიან ასეთივე დაუოკებელი პატრიოტები, ურჩი ახალგაზრდები, ხესავით მოუდრეკელები და თავისუფლები”. სწორედ ამ თავისუფლებით, ჭეშმარიტებისა და საკუთარი თავის ძიებისთვის არიან უპირატესნი და არა ადამიანური სისუსტის – სიმშვიდის მოპოვებისათვის.
“სულ სუ ბოლოს, ანუ როცა უკან მოვიხედე, ორი რამე იყო ხილული: ერთს არ ვიტყვი, მეორე – ეს გახლდათ მათი სახეები”. დასასრულ ნათქვამი ეს ფრაზა ერთობ დამაინტრიგებელ ელფერს სძენს რომანს. ავტორი თითქოს გამოცანასავით უტოვებს მკითხველს იმ ერთი ხილულის ამოცნობას, რომელსაც თავად არ ამბობს. ეს ფრაზა კინოსავით უკან გაბრუნებს ტექსტში, რის გამოც ადვილად შესაძლებელია, თავიდან “შემოგეკითხოს” “ისპაჰანის ბულბულები”, რომელიც მწერალი ქალისგან არის.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box