ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს ოცდამეერთედ გამოცხადდა. მონაწილეობისთვის ავტორებმა და გამომცემლებმა საკონკურსო განაცხადი 25 თებერვლამდე უნდა შეავსონ, შემდეგ კი ჟიურის წევრები გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს 9 ნომინაციაში დაასახელებენ.
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
კონკურსის პარალელურად წიგნების ელექტრონული ვერსიები SABA Reader-ში განთავსდება, სადაც მკითხველებს მათი გაცნობის საშუალება ექნებათ.
გრძელი სია მარტში გამოქვეყნდება, ივლისში ფინალისტების ვინაობას შევიტყობთ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი შემოდგომაზე გაიმართება.
„მესამე ათწლეულში გადასვლის აღსანიშნავად წელს „საბაც“ განსაკუთრებული იქნება. სულ მალე პრემიის გუნდი საზოგადოებას მნიშვნელოვან სიახლეს გააცნობს, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, მკითხველის დიდ ინტერესსა და ჩართულობას გამოიწვევს“ – ამბობს რატი ამაღლობელი.
© არილი