დიდი ხნის წინ, 1989 წელს, სალმან რუშდის აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მიუსაჯა. რუშდი წლების განმავლობაში ცხოვრობდა პოლიციელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ 2000 წლიდან, ნიუ-იორკში დასახლების შემდეგ, მისი ცხოვრება ბევრად უფრო თავისუფალი გახდა, რუშდიმ უარი თქვა ცხოვრების შიშით გაგრძელებაზე.
წლები გავიდა. რუშდი წერდა წიგნებს, ლექციებს ატარებდა, მოგზაურობდა, მკითხველებს ხვდებოდა, დაქორწინდა, განქორწინდა და მშვიდად ცხოვრობდა ქალაქში, რომელიც მის სახლად იქცა.
რუშდი ასე იხსენებდა პირველ რამდენიმე თვეს ნიუ-იორკში: „ხალხს ჩემს გარემოცვაში ყოფნა აშინებდა. ვფიქრობდი, ერთადერთი გზა, რომლითაც ამის შეჩერება შემიძლია, ისე მოქცევაა, თითქოს არ მეშინია-მეთქი. უნდა მეჩვენებინა მათთვის, რომ არაფერი იყო საშიში“. ერთ საღამოს, სავახშმოდ წავიდა თავის მეგობართან და აგენტთან ერთად. ამ დროს მის მაგიდასთან მხატვარი ერიკ ფიშლი მივიდა და ჰკითხა: „ყველას უნდა გვეშინოდეს და უნდა დავტოვოთ რესტორანი?“. „მოკლედ, მე ვვახშმობ, თქვენ ისე მოიქეცით, როგორც გსურთ“ – უპასუხა რუშდიმ.
რუშდისთვის ნაკლებად აქტიური სოციალური ცხოვრება კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა. ის სოციალური ადამიანია და ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა. მეტიც, ცდილობდა, რომ ფატვა სასაცილოდაც კი ჩაეთვალა.
„აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს“ – წერდა ის თავის წიგნში „ჯოზეფ ანტონი“, რომელიც 2012 წელს გამოიცა – „არსებობს მხოლოდ განსხვავებული ხარისხის საშიშროება. უნდა ისწავლო, როგორ იცხოვრო ამასთან ერთად“.
2021 წლის სექტემბერში რუშდი პოეტსა და რომანისტ რეიჩელ ელიზარ გრიფითსზე დაქორწინდა, რომელიც 6 წლის წინ გაიცნო ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ეს გახლდათ მისი მეხუთე ქორწინება. პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გაატარა, ივლისის ბოლოს საბოლოო შესწორებები შეიტანა თავის ახალ რომანში და შედეგით კმაყოფილი იყო. ახალი იდეაც ჰქონდა და ჩანაწერებსაც აკეთებდა, წლის ბოლოს კი რომანის გამოცემასა და პრეზენტაციებს გეგმავდა.
თუმცა მოვლენები განსხვავებულად განვითარდა და სალმან რუშდის თავს დაესხა ჰადი მატარი. უცნობია, მატარმა თავად მიიღო თავდასხმის გადაწყვეტილება თუ მის უკან სხვები იდგნენ, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ირანულმა სახელმწიფო მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იწონებენ სალმან რუშდის მკვლელობის მცდელობას. მეტიც, მათ მატარის საქციელი „სიმამაცედაც“ მოიხსენიეს.
„არ ვიცი, რა ვიფიქრო მასზე, რადგან არ ვიცნობ. რაც ვნახე, ეს მისი იდიოტური ინტერვიუებია ნიუ-იორკ პოსტში“ – ამბობს რუშდი ჰადი მატარზე The New Yorker-თან საუბრისას, პირველ ინტერვიუში, რომელიც თავდასხმის შემდეგ ჩაიწერა.
გავლილი თვეები რუშდიმ მკურნალობას დაუთმო. ინტერვიუში ჰყვება, რომ არაფერი მოეწონა არც „თეთრ ლოტუსში“ და არც netflix-ის დოკუმენტურ სერიალში „მეგანი და ჰარი“. სამაგიეროდ, ისიამოვნა მსოფლიო ჩემპიონატით. მოიხიბლა მაროკოს გუნდით, არგენტინელი ლიონელ მესით და ასევე საფრანგეთის ნაკრებში კილიან მბაპეს ფენომენალური თამაშით. თვალს ადევნებდა ირანში მიმდინარე პროტესტსაც.
„სხვა არაფერი შემიძლია. კარგი იქნებოდა, მეორე უნარიც მქონოდა, მაგრამ არ მაქვს. ყოველთვის მშურდა გიუნტერ გრასის მსგავსი მწერლების. გრასს მეორე კარიერა ჰქონდა, როგორც ვიზუალურ ხელოვანს. ვფიქრობ, რა კარგია, გაატარო დღე სიტყვებთან ბრძოლაში, მერე კი ქუჩას ჩაუყვე შენი ხელოვნების სტუდიისკენ და რაღაც აბსოლუტურად სხვად იქცე. მე ეს არა მაქვს. ასე რომ, რისი კეთებაც შემიძლია, სულ ესაა. და სანამ იქნება ამბავი, რომლისთვისაც, ჩემი აზრით, დროის დათმობა ღირს, დავწერ. როცა თავში წიგნის იდეა მაქვს, თითქოს მთელი სამყარო წესრიგშია“.
როგორც ინტერვიუში ვკითხულობთ, რუშდი გეგმავდა რომანის დაწერას, რომელიც კაფკასა და თომას მანის შემოქმედებით იქნებოდა შთაგონებული, მაგრამ გადადო და ამჟამად „ჯოზეფ ანტონის“ გაგრძელების დაწერაზე ფიქრობს. თავდაპირველად, ამ იდეამ გააღიზიანა, „იმიტომ, რომ ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს მაიძულეს. თითქოს ეს თავდასხმა მაიძულებდა მის შესახებ წერას“. თუმცა შემდეგ იდეამ მასზე ძალიან იმოქმედა.
ახლა, როგორც ამბობს, რომანში გამოყენებული ხმა განსხვავებული იქნება. დისტანცირებული მესამე პირი, რომელიც „ჯოზეფ ანტონში“ გამოიყენა, ამჯერად გამოუსადეგარია. „ვფიქრობ, როცა ვიღაც დანას გირტყამს, ეს პირველი პირის ამბავია. ეს „მეს“ ისტორიაა“.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი წიგნები უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ჩემი ცხოვრება. როგორც ჩანს, სამყარო არ მეთანხმება“ – ამბობს რუშდი.
აღნიშნა ისიც, რომ ამ ყველაფერთან გამკლავების მთავარი გზა უკან ყურების ნაცვლად წინ ყურებაა, რადგან ის, რაც ხვალ უნდა მოხდეს, გუშინ მომხდარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
„დაძინება ყოველთვის იოლი არაა. კოშმარები მაქვს. ინციდენტი არ მესიზმრება, მაგრამ შემაშინებელ სიზმრებს ვხედავ. ნელ-ნელა მცირდება. კარგად ვარ. შემიძლია, ავდგე და გავისეირნო. როცა ვამბობ, რომ კარგად ვარ, ჩემი სხეულის ზოგიერთ ნაწილს მაინც მუდმივი შემოწმება სჭირდება“.
გაიხსენა ისიც, რომ წლების წინ ბევრი ადამიანი მისით დაიღალა კიდეც:
„ხალხს არ მოვწონდი. იმიტომ, რომ უნდა მოვმკვდარიყავი. ახლა კინაღამ მოვკვდი და ყველას ვუყვარვარ…“.
რუშდიმ უამრავი შეტყობინება და მეილი მიიღო კლინიკაში ყოფნისას. ადამიანები მის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას გამოხატავდნენ. თუმცა, როგორც ამბობს, არ უნდა, მსხვერპლის როლს შეეჩვიოს და, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერია, რომ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა თავის ცხოვრებას.
„ძალიან კარგია ის, რომ შემიძლია, აქ ვიყო, ლიტერატურაზე ვილაპარაკო, წიგნებზე, ჩემს ახალ რომანზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია…“ – ვკითხულობთ ინტერვიუში.
© არილი