ახალი წიგნები

ახალი წიგნები (2005)

ტომ ვულფი, “მე ვარ შარლოტ სიმონსი”
I Am Charlotte Simmons
By Tom Wolfe
Farrar, Straus & Giroux, 676 გვ.

ტომ ვულფი იელის უნივერსიტეტში სადოქტორო თემაზე მუშაობდა. მოულოდნელად მან თავისი გეგმები შეცვალა და ჟურნალისტიკას ჩაუღრმავდა. ე.წ. ახალმა თემებმა გაიტაცა, 60-იანი წლების ამერიკის ამბებს გამოეკიდა – ნარკომოვაჭრეების, მოტოციკლისტების, რადიკალებისა და სხვათა ისტორიებს. მერე ვულფმა რომანების წერას მიჰყო ხელი, რათა თანამედროვეთათვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოარგო დიკენსის ნაცადი რეალიზმი თანამედროვე ეპოქას. რისკზე წასვლა ვულფისთვის უცხო არ არის. ახალი რომანიც, რომლის სიუჟეტიც ერთ ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტში ვითარდება, თავისთავად რისკიანი ნაბიჯია. თომას ვულფმა დაუფარავად ამხილა საზოგადოება უმეცრებაში და ნიშნიც მოუგო: აქ ყველაფერი ხდება, თქვენ კი, ბიჭებო, ან ბრმები ხართ, ამას რომ ვერ ამჩნევთ, ან კიდევ ძალიან სულელები. რა, მაინცდამაინც მე უნდა მოვსულიყავი, ეს ამბავი რომ მეამბნა თქვენთვისო?”
რომანის პროტაგონისტი მშვენიერი გოგონა შარლოტ სიმონსია. ის ჩრდილოეთ კაროლინადან ჩამოვიდა, მთიანი მხარიდან. ღარიბია. სტიპენდია 500 დოლარი მთელი სემესტრის მანძილზე უნდა იმყოფინოს. მაგრამ ჭკვიანი ახალგაზრდაა, სჯერა, რომ საუკეთესო მოწაფე იქნება და თავისას მიაღწევს, ჯერ დეპრესიაც არ დაწყებია, მაგრამ… პირველი დარტყმა ახლად შეძენილი მეგობრის რჩევაა – შარლოტის გარდერობი სტუდენტური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის.
ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესი ხდება: სმა, დამთრგუნველი მუსიკა, ლექცების სისტემატური გაცდენა, მოკლედ, ვულგარულობა და აღვირახსნილი ცხოვრება. შარლოტი შოკშია. “მე ვარ შარლოტ სიმონსი” – ეს არის რომანი შელახულ ქალურ უმანკოებაზე.
ვულფის ახალი რომანი რეპორტაჟული ხასიათისაა: კრიმინალური სამყარო, უვარგისი სასამართლო სისტემა… კირკიტა კრიტიკოსებმა ნაწარმოებს ბევრი ხარვეზი აღმოუჩინეს: დიდი ვერაფერი რეპორტაჟი გამოვიდაო, – თქვეს და იქვე დასძინეს, – გოგონას სულიერი მდგომარეობის სურათიც დამაჯერებელი არ არისო. ეს ვულფის ყველაზე სუსტი რომანია. და თუმცა მწერალი აქაც ჩვეულებისამებრ ამახვილებს ყურადღებას იმ დეტალებზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალისათვის შესაძლოა შეუმჩნეველიც დარჩეს, მაინც ისმის კითხვა: რატომ ცდილობს მწერალი, წმინდა წყლის ჟურნალისტური რეპორტაჟი რომანის ჩარჩოებში მოაქციოს? თუმცა ამას მკითხველი თავად განსჯის.

ჩესლავ მილოში, “მეორე სივრცე” (ახალი ლექსები)
რობერტ ჰასის თარგმანი
Second Space (New Poems)
By Czeslaw Milosz.
Translated by the author and Robert Hass
Ecco/HarperCollins Publishers, 102 გვ.

პოლონელი პოეტი ჩესლავ მილოში იმ კალმოსანთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც პატარა სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან.
მილოშის ბოლო კრებულში – “მეორე სივრცე”, რომელიც პოეტმა რობერტ ჰასმა თარგმნა, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს. კრებული ხუთი ნაწილისგან შედგება, ერთი მათგანი “ორფეოსი და ევრიდიკეა” – ლექსი, რომელიც ჩესლავ მილოშმა გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა.
“მე შენ სიყვარულს გეფიცებოდი… ფიცი გავტეხე,” – წერს ერთგან პოეტი და იქვე დასძენს, რომ ასაკის მატება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჭკუა გვემატება და უფრო დაბრძენებულები ვხდებით.
“მეორე სივრცე” ადამიანის სულიერ დეგრადაციაზე გვიამბობს. ის ცხოვრებისეული ბილიკი, რომლის გავლასაც აპირებს თითოეული ჩვენგანი სრულიად განსხვავდება იმ ბილიკისაგან, რომელსაც სინამდვილეში გავდივართ.
“ყველაფერი კარგად იყო, სანამ ამ ზღვარის გადალახვას გვაიძულებდნენ,” –უბედურების სათავე ის არის, რომ წაიშალა ზღვარი, სიცოცხლესა და სიკვდილს, ომსა და ცივილიზაციას შორის.
ლექსი “მეორე სივრცე” სამოთხესა და ჯოჯოხეთზე დაგვაფიქრებს. “ნუთუ მართლაც დავკარგეთ რწმენა იმ სხვა სივრცეში? ნუთუ სამუდამოდ გაქრა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც?”
“მეორე სივრცე” მწერლის გოდებაა დაკარგული ღირებულებების გამო. კარგად შენიშნა ერთმა კრიტიკოსმა: ამბავი, რომელსაც მილოში გვიამბობს, ჩვენი ამბავია. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ.

სერ ჯონ გილგუდი
“ცხოვრება წერილებში”
რედაქტორი რიჩარდ მანგანი
Sir John Gielgud
A Life in Letters
Edited by Richard Mangan
New York: Arcade Publishing, 564 გვ.

მათ, ვინც XX საუკუნის სცენის მშვენებას, ჯონ გილგუდს პირადად იცნობდა, ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი პირველ რიგში თავისი გულახდილობითა და პირდაპირობით დაამახსოვრდათ, ვის კარგად, ვის – ცუდად. როგორც ამბობენ, გილგუდი ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებელიც კი იყო. თანამედროვენი მისი ცხოვრების ერთ ასეთ ეპიზოდსაც იგონებენ: ნიუ იორკში “ჰამლეტის” პრემიერამ ნამდვილი ტრიუმფით ჩაიარა. პრინციპში ყველა კმაყოფილი დარჩა, გარდა გილგუდისა. ამ უკანასკნელმა სპექტაკლის შემდეგ უამრავ ხალხში ხმამაღლა განაცხადა: საშინელი ჰორაციო მყავდა, და წარბშეკრული მიუბრუნდა იქვე მდგარ ჰარი ენდრიუსს: “ეს შენ იყავი ჰარი…” საბრალო ენდრიუსი… დღესდღეობით ცოცხალი აღარ არის. შეიძლება ითქვას, რომ საბედნიეროდ, თორემ სერ ჯონ გილგუდის ჩანაწერებს რომ წაკითხავდა, გულიც გაუსკდებოდა. განა რომელ მსახიობს გაუხარდება, მასზე რომ დაწერენ: ბრუტუსის როლისათვის უჭკუო იყო, მდაბალი და უსიცოცხლოო. აი, კიდევ სხვათა დახასიათებები: “რებეკა სანიბრუკის ფერმიდან” მერი პოპინსის ელემენტებით – ეს გილგუდის ახლო მეგობარი ლილიან გიში გახლავთ ჯულიეტას ძიძას როლში; რაც შეეხება ვივიენ ლის, ის “ტიტუს ანდრონიკუსში” ქაღალდივითაა, უბრალოდ ქაღალდივით სქელი არ არის; ჯონ ბერიმორი მაქს რაინჰარდტის ფილმში – “ზაფხულის ღამის სიზმარი” “საშინელი მოხუცია, რომელიც ასახიერებს რგოლში მხტომელს”; “სასაცილო პატარა ნერვიული მამაკაცი, კბილის ექიმად ქცეული პროფესორი”, არც მეტი არც ნაკლები, ტორნტონ უაილდერი გახლავთ; ედვარდ ოლბი კი “ნამდვილ მეკობრეს” ჰგავს…
გილგუდის წერილები დაუფარავად გადაგვიშლის მსახიობის განცდებსა და შთაბეჭდილებებს. მკითველი ამ წიგნში იმ სიმართლესაც აღმოაჩენს, რაც თავის დროზე საზოგადოებისთვის დამალული იყო.
წიგნის ავტორმა, ბრიტანული თეატრის ისტორიკოსმა რიჩარდ მანგანმა გილგუდის 900 წერილი შეაგროვა და ისე დაალაგა, რომ XX საუკუნის თეატრის ისტორია გაეცოცხლებინა. თეატრის ისტორიის გარდა, ეს წიგნი გილგუდის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს: დაკვირვებულიც, ცნობისმოყვარეც, აფექტურიც, ჭორებს აყოლილიც, ფეტიშისტიც, თვითკრიტიკულიც, სნობიც…
წიგნის პირველი ნაწილი ნაკლებად დამაინტრიგებელია. ამ ნაწილში ძირითადად ის წერილებია თავმოყრილი, რომლებსაც გასტროლებზე წასული გილგუდი დედას უგზავნიდა ხოლმე. მართალია, ეს წერილები უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს მშობლის წინაშე, მაგრამ საინტერესოს აქაც ამოიკითხავთ. ავიღოთ, თუნდაც, გრეტა გარბოსთან შეხვედრის ეპიზოდები ან ნიუ იორკული შთაბეჭდილებები. ნიუ იორკი, ერთის მხრივ, გიგანტური მონსტრია, რომელიც ადამიანების შთანთქმას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, საოცრად ლამაზი ქალაქი, ქალაქი, სადაც იციან მეგობრობაც და… შანტაჟიც.
სხვათა შორის, გილგუდის ბიოგრაფებს – შერიდან მორლისა და ჯონათან კროულს – თავიანთ თხზულებებში არც კი შეუტანიათ შანტაჟის ეპიზოდი გილგუდის ცხოვრებიდან, რომელიც თავის დროზე გახმაურდა. რიჩარდ მანგანს კი ამ უხერხული მოგონებისთვის გვერდი არ აუვლია. ეს ამბავი 1959 წელს მოხდა, როცა გილგუდი და მისი პროდუსერი ბროდვეიზე მუშაობდნენ. ვიღაცამ ტელეფონზე დარეკა მუქარით, რომ გილგუდის “ქცევებს” სააშკარაოზე გამოფენდა. “შანტაჟისტი” მსახიობის გეი-კლუბებში ვიზიტებს გულისხმობდა. ბოლოს, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ სიტყვიერი მუქარა იყო. სამხილი არ არსებობდა. სამხილი გილგუდს მოგვიანებით აღმოუჩინეს და ლონდონში გაასამართლეს კიდეც.
ამ წიგნის გამოსვლისთანავე დაისვა კითხვა, სწორად მოიქცა თუ არა წიგნის ავტორი, ეს ფაქტები რომ გამოგვიმზეურა? ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი – მეორეს. რას გაიგებ. თუმცა წიგნის თვითმიზანი სიმართლის თქმაა და არა ამ ფაქტებით სპეკულირება. ავტორი ცდილობს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს გილგუდის პროფესიონალიზმში და მის ერთგულებაში თეატრის მიმართ.
სერ ჯონ გილგუდი, რომლის თამაშსაც კრიტიკოსებმა “მუსიკალური სკერცო” უწოდეს, 96 წლის ასაკში გარდაცვალა. “წარსულს ნოსტალგიით ვიხსენებ და, როგორც ყოველთვის, დიდი სიყვარულით,” – წერს ერთ-ერთ ბოლო წერილში.

კეროლ დითე, “ნიცშეს და და ძალაუფლების სურვილი”: ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშეს ბიოგრაფია
Nietzsche’s Sister and the Will to Power: A Biography of Elisabeth Forster-Nietzsche
By Carol Diethe
Illinois, 214 გვ.

ვინ იყო ელიზაბეტ ნიცშე? – გასაგებია, ფრიდრიხ ნიცშეს და, – მეტი არაფერი?
წიგნის ავტორი კეროლ დითე შეეცადა სწორედ ამ კითხვაზე გაეცა პასუხი და მკითხველს რამდენიმე ვარიანტიც მიაწოდა: თუ განვაზოგადებთ, ელიზაბეტის ცხოვრება – ეს არის ცხოვრება ბოროტებისა, რომელიც შთაგონებაზე ზეიმობს გამარჯვებას; ელიზაბეტი ძალიან ჰგავს პატარა მხეცს, თავის კვერცხებს რომ მალავს დიდი მხეცის ბუნაგში; ან კიდევ: ელიზაბეტი იმ ბოროტების განსახიერებაა, რასაც შეშლილი ფილოსოფოსი მუდამ ებრძოდა და კიცხავდა თავის ნააზრევში.
ნიცშეს შესახებ ასე თუ ისე რაღაც ვიცით, აი, ელიზაბეტის შესახებ კი ბევრი არაფერი გვსმენია. 50-იანი წლების მიწურულს მეცნიერები ცდილობდნენ ნიცშეს რეპუტაცია ფაშისტური ლაფიდან განეწმინდათ. უკვე მაშინ არაერთხელ ითქვა, რომ ფრიდრიხ ნიცშეს ფაშიზმის აპოლოგეტ ფილოსოფოსად წარმოდგენაში დიდი როლი მის ძვირფას დას მიუძღვის.
კეროლ დითე ბრიტანეთში ფრიდრიხ ნიცშეს ფონდის დამფუძნებელია. მისი აზრით, ნიცშეს სახელს ნათელის მოფენა სჭირდება. ბიოგრაფიული რომანის მიზანიც ესაა: ცხოვრება ქალისა, რომელმაც დიდი ფილოსოფოსის რეპუტაციას ჩირქი მოსცხო. მთავარი ბრალმდებელი ავტორია: “ჩემი მთავარი ბრალდება ელიზაბეტის მისამართით ის არის, რომ მან თავისი ძმის სახელს ჩრდილი მიაყენა. ფაშიზმის სათავეებთან ელიზაბეტი იდგა და არა ნიცშე. ექსპერტების გარდა, ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ფილოსოფოსი მთელი 35 წლის მანძილზე თავისი დის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.” დითემ ძალიან ბევრი იმუშავა ნიცშეს არქივზე.
ელიზაბეტის საქციელს ავტორი რამდენიმე ახსნას უძებნის, ფემინისტურ შეხედულებებს, არასაკმარის ცოდნას და კიდევ ქალის გაუცნობიერებელ ლტოლვას საკუთარი ძმისადმი. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ “ზარატუსტრა” ფაშისტურ იდეოლოგიად გასაღებულიყო.
ფრიდრიხსა და ელიზაბეტს შორის კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა ნიცშემ თავის ნაშრომებში ათეისტური შეხედულებები გამოამჟღავნა. სხვათა შორის, ფროიდი ნიცშეს შესახებ წერდა: არავინ იცნობდა საკუთარ თავს ისე კარგად, როგორც ნიცშე. მაგრამ მას ძალიან უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაო.
მერე ელიზაბეტი ცოლად გაჰყვა ბერნარდ ფორსტერს, ფაშისტსა და საშინელ ანტისემიტისტს, რომლის ოცნებას მაშინ შეესხა ხორცი, როცა შეიქმნა ნუევა გერმანია, არიული კოლონია პარაგვაიში. ნიცშე სიძის იდეალებს სიხარულით ნამდვილად არ შეხვედრია…
როცა ელიზაბეტმა ძმის ჭკუიდან შეშლის ამბავი გაიგო, დედას მისწერა: “მე კარგი ცოლი ვარ, ყველა ტვირთი სიამოვნებით ვზიდე, არასოდეს ვფიქრობდი საკუთარ თავზე, მხოლოდ ბერნსა და კოლონიაზე ვზრუნავდი. მაგრამ ამ ბოლო ხანს ჩემს თავზეც დავფიქრდი. ერთხელ, როცა თვალის ინფექცია შემხვდა და მეორედ, როცა ეს დიდი უბედურება მოხდა. მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ბერნი საშინელი ეგოისტია.”
სან ბერნადინოში, სასტუმროში, ბერნარდმა თავი მოიწამლა. ელიზაბეტი გათავისუფლდა და შინ დაბრუნდა. ასე გახდა ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშე ძმის არქივის მეპატრონე (თომას მანი, შპენგლერი და რომენ როლანი ამ ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავდნენ). შეშლილი ფილოსოფოსის მონახულება მსურველებს მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლოთ. რუდოლფ შტაინერმა სცადა ელიზაბეტისთვის ნიცშეს ფილოსოფია ესწავლებინა, მაგრამ უშედეგოდ. ქალმა ვერაფერი გაიგო.
ელიზაბეტი 1935 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვას ჰიტლერიც ესწრებოდა. ელიზაბეტი “ერთიან გერმანიის ქურუმად” შერაცხეს. იმასაც ამბობენ, მესაფლავეებს შეეშალათ და და-ძმის საფლავების წარწერები აერიათო.


© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box