მთხრობელი და ავტორი
მიხეილ ჭაბაშვილი, მოგონებები. თბ. “დიოგენე”, 2006.
ცდუნება მაქვს, მიხეილ ჭაბაშვილის “მოგონებებზე” კი არ ვილაპარაკო, არამედ მოკლე წინასწარი კომენტარი წავუმძღვარო ციტატებს წიგნიდან და მათ ამარა დაგტოვოთ: სავსებით საკმარისი იქნება ტექსტთან მისაახლოვებლად და მასზე წარმოდგენის შესაქმნელად.
მიხეილ ჭაბაშვილის, როგორც ავტორის, სახელი დღემდე არც ერთ წიგნს არ ეწერა, თუმცა, მჯერა, ყველა წიგნიერი ქართველი იცნობს ამ სახელს: უცხო სიტყვათა ჯერჯერობით ერთადერთ ქართულ ლექსიკონს აწერია, რომ შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულს აწერია, რომ მისი რედაქტორია მიხეილ ჭაბაშვილი. იგივე აწერია საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელებისა და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონებს. მოკლედ, ჩვენ წინაშეა მეცნიერის მემუარები.
მემუარული ჟანრის ამბავი ცნობილია: ავტორი აღწერს ფაქტებს, გადმოსცემს მოვლენებს, გასცქერის წარსულს, მსჯელობს უშუალოდ. ის აუცილებლად სუბიექტურია – როგორც ფაქტების შერჩევის, ისე მათი გაშუქება-შეფასების დროს. მემუარები შეუცვლელი წყაროა გარდასულ დროთა რეალიების შესაცნობად – რა გემოვნება, ზნე-ჩვეულებები, ღირებულებები ჰქონდათ იმ დროს, რომელსაც ავტორი იხსენებს.
თითქოს ბევრი მოწმობა არსებობს იმ დროისა, რომელშიც მიხეილ ჭაბაშვილმა იცხოვრა, მაგრამ “მოგონებები”, გეჩვენებათ, რომ აცოცხლებს უნიკალურ ამბებს XX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. ამ ისტორიის წყაროები დევს, მაგრამ მკვლევრები მათთან მიახლებას არ ჩქარობენ. არავინ იკვლევს, მაგალითად, ქართულ საბჭოთა პრესას, არადა, ალბათ იქიდანაც “ამოვა” ბევრი რამ, რასაც მიხეილ ჭაბაშვილთან წაიკითხავთ. არამკვლევრებს კი, ვისაც მეცნიერული ინტერესის ნაცვლად, აქვს სურვილი, შეისეირნოს 50, 60, 80 წლის წინანდელ ეპოქაში, მიხეილ ჭაბაშვილის წიგნი მშვენიერ გიდობას გაუწევს. აბა, ეს ნახეთ: “ქვეყნის მამებმა” იდეოლოგიური მოსაზრებებით 20-ან-30-ანი წლების მიჯნაზე ერთი არევ-დარევა კიდევ გამოიწვიეს მოსახლეობაში. აიღეს და გააუქმეს… შვიდდღიანი კვირა. მის ნაცვლად ჯერ შემოიღეს ხუთდღიანი, ე.წ. უწყვეტი საწარმოო კვირა (დღეებს ერქვა პირველი, მეორე და ა.შ. ყველა ისვენებდა ხუთ დღეში ერთხელ, მაგრამ არა ერთდროულად. ტაბელ-კალენდრებიც კი გამოუშვეს, რომლებზედაც კომუნისტური კვირის დღეები გაფერადებული იყო სხვადასხვანაირად. გაიგონებდით ასეთ საუბარს: “მე წითელზე ვისვენებ, ჩემი ქმარი – მწვანეზე”, “მე ყვითელზე” – შეეპასუხებოდა მეორე”.
ადრეული კომუნიზმის სვლებს, რაც ახლა აბსურდად ან დანაშაულად მოჩანს, მილიონები ლოიალურად ხვდებოდნენ. მიხეილ ჭაბაშვილის კითხვისას გაქვთ განცდა, რომ მას ყოველთვის ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებისადმი, უფრო ზუსტად, ყოველთვის ხვდებოდა და იცოდა, ვინ იყო ეს ხალხი. მიხეილ ჭაბაშვილი არც დისიდენტია და არც შინაგანი ემიგრანტი, არც, მით უმეტეს, ტრიბუნი ან სამზარეულოში მობუზღუნე ინტელიგენტი. კლასობრივი წარმოშობის თვალსაზრისით, მუშისა და ღატაკი აზნაურიშვილის ვაჟი, იდეალური მასალა უნდა გამხდარიყო საბჭოთა მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის გამოცანად დარჩა, სვანეთის უბანში, ღარიბი მუშებისა და ხელოსნების გარემოში გაზრდილმა ბიჭმა რანაირად შეაგება სინამდვილეს ის ფსიქოლოგიური არისტოკრატიზმი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა დისტანცია კომუნისტურ მეინსტრიმთან. ღირსება და ჩუმი ნაღველი დაჰყვება მიხეილ ჭაბაშვილის ნაწერს მაშინაც, როცა ყმაწვილობის სახალისო ამბებს იხსენებს. და არა იმიტომ, რომ სიჭაბუკის ნოსტალგია აქვს. ნაწერის მიხედვით, ის ასეთი – მშვიდი, ნაღვლიანი და ღირსეული – ჩანს სიჭაბუკეშიც.
დიახ, ჩანს, რადგან საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. მემუარული ლიტერატურა გულისხმობს ერთ ილუზიას, თუ გნებავთ სტერეოტიპს, თითქოს მისი ავტორი, როგორც ადამიანი საერთოდ, ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ თავს და შესაბამისად, ყველაზე უკეთ შეიძლება ილაპარაკოს საკუთარ თავზე. და თუ მიხეილ ჭაბაშვილი ამას არ აკეთებს, არა მხოლოდ თავმდაბლობის გამო: ცოდნა საკუთარი თავის შესახებ უნიკალურია იმითაც, რომ მას ვერავის გადასცემ. ერთი ამბავია, იცოდე და სრულიად სხვაა – მოჰყვე. ორი რამ – მთხრობელის იდენტობა და წიგნის ავტორი, როგორც საზოგადოებრივი ფიგურა – ერთმანეთს ძნელად უთავსდება და მიხეილ ჭაბაშვილს, მგონი, ეს გამოსდის. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას შეუძლია, ინტერესით შეხედოს საკუთარ თავს და ჩვენც დაგვანახოს იგი – ძალდაუტანებლად, ნარცისული თვითტკბობისა თუ პირიქით, მაზოხისტური თვითდამდაბლების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანთ თუნდ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანის სახელს, უბრალოდ, არ გიმხელთ: “მოგონებების” ავტორი მაინც საბჭოთა ეპოქის შვილია.
მიხეილ ჭაბაშვილმა რომ იცხოვრა, იმ დროს სკოლის მასწავლებლები მოწაფეებს თავში ცარცს ესროდნენ და იდიოტებს უძახდნენ; ბავშვები სიღატაკისგან კვდებოდნენ; ცხენოსნები სისწრაფეში კახეთის მატარებელს ეჯიბრებოდნენ; უნივერსიტეტის მედროვე სტუდენტებს რექტორი გვერდზე გაყავდათ და საქმეს ურჩევდნენ. Бей грузин! – რუსი გენერლები სტადიონზე მოუწოდებდნენ დანარჩენ რუსებს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ერთ რამედ ღირს თბილისთან დაკავშირებული მოგონებების კითხვა. ასეთი თბილისი არსად არის დაცული: არც ფოტოებზე, არც ქართულ კინოში და არც იმ დროის ქართულ ლიტერატურაში.
მკითხველი ვერ ჩაიჭერს მომენტს, თუ როდის გაუღვივდა მიხეილ ჭაბაშვილს ფილოლოგის და ლექსიკოგრაფის ვნება: ბავშვობაში, ქართლში, სოფლად ყოფნისას, თანატოლმა ჩათლახი რომ დაუძახა და გულზე 30 წლის შემდეგ მოეშვა, როცა აღმოაჩინა – ქართლურად, თბილისურისგან განსხვავებით, ეს სიტყვა სუსტსა და უხეიროს ნიშნავს; თუ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა არნოლდ ჩიქობავამ (მოგონებების მთავარი პერსონაჟი, მონუმენტური და ავტორიტარული ფიგურა, ასკეტი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი) მიიწვია მიხეილ ჭაბაშვილი ლექსიკონზე სამუშაოდ; ან ეგებ ყმაწვილობაში, როცა გარემომცველ სიღარიბეს უწვრილეს დეტალებამდე ამჩნევდა. ვის, თუ არა სიღარიბეში ასეთი მრავალფეროვნების დამნახავ კაცს, უნდა შეეკრიბა ათასობით ქართული სიტყვა და ერედაქტორა რამდენიმე ქართული ლექსიკონისათვის?
© “ცხელი შოკოლადი”