რეცენზია

გიორგი კაკაბაძე

სხვა არჩევანი

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

ლიტერატურის მოყვარულებს უყურადღებოდ არ დარჩებოდათ ეს კრებული, რომელშიც 2005 წლის ლიტერატურული გამოცემებიდან: “არილი”, “წიგნები”, “ალტერნატივა”, “ახალი საუკუნე”, “პარნასი” და “ლიტერატურული პალიტრა” თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობაა შერჩეული.
თანამედროვე პროზა თანამედროვეობაზე წერას სულაც არ ნიშნავს. იგი უფრო თანამეროვეებთან გაბმული საუბარი და ძველი საკითხების ახლებურად შეფასებაა. კრებულში წარმოდგენილი ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებითი დრო საკმაოდ მოკლე გახლდათ, რადგან მათ მიერ განცდილი და გააზრებული ცხოვრება ძალიან მალე გადაიქცა ქვეყნის ისტორიად. ამიტომაც ისტორიისადმი მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვნად და საინტერესოდ აისახა კრებულში.
აღსანიშნავია ერთი ტენდენცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ითქვას: ისტორიულ სიუჟეტზე შექმნილი თანამედროვე ნაწარმოები, მოთხრობა, რომანი, პიესა თუ სხვა, უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც გვახსოვს ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლევან გოთუას და სხვათა შემოქმედებიდან. რადგან ისინი უკვე აღარ აღიქმება როგორც ერის საკრალური ჭეშმარიტებების გამომხატველი და ეროვნული იდეოლოგიის პროგრამა. ამ თვალსაზრისით ისტორიული შინაარსის ტექსტებმა თავიანთი ფუნქცია უკვე შეასრულეს და შესაძლებლობები ამოწურეს. ამიტომ ტრადიციული ისტორიული მონათხრობის რეანიმაცია წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამის დასტურად შესანიშნავი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის რომანი “გიორგი ბრწყინვალე” გამოდგება, რომელიც ტრადიციული ქართული ისტორიული რომანის დასასრულად და მის საფლავის ქვად მიმაჩნია.
კოტე ჯანდიერის “გლობალიზაციაში” ისტორია გააზრებულია როგორც ტრაგიკომიკური შემთხვევების მონაცვლეობა, ავტორს წარსული აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ისტორიული ვითარება ხშირ შემთხვევაში პიროვნებისა და საზოგადოების საქციელსა და მდგომარეობას განაპირობებს.
აკა მორჩილაძის ბიოგრაფიულ მოთხრობაში “სიკვდილი, ქალაქი” დოკუმენტური ფაქტების, ისტორიული მოვლენებისა და ფიქტიური ეპიზოდების შერწყმით მოხუცებული და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი აკაკი წერეთლის უკანასკნელი დღეებია აღწერილი. მსუბუქი ირონიის საშუალებით მოთხრობა მთლიანად მოკლებულია იმ დიდაქტიკასა და პათეტიკურობას, რომელსაც ძველი თაობის მწერლები ასეთი ეპიზოდების აღწერისას ხშირად იყენებდნენ.
ნუგზარ შატაიძე “ტრეფიკინგში” საკუთარი შვილის გაყიდვით “დასაქმებული” მშობლის ერთ “სარფიან” ეპიზოდს გვთავაზობს. ესაა სამყარო, სადაც გამქრალია ძირითადი ფასეულობები: რწმენა, სიყვარული, ერთგულება და სხვა. ეს ცნებები არსებულ ვითარებაში შეფარდებითი და კონკრეტული ისტორიული მოვლენებისადმი მისადაგებული გამხდარა. ამ მოთხრობებისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ანტიტრადიციონალიზმი და ისტორიის კრიტიკული გადაფასება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ნაწარმოებები უკვე ფილოსოფიური იგავის ხასიათს იძენენ, რომელშიც ისტორია მხოლოდ დაუნდობელი და ტრაგიკული სამყაროს იდეების გამომხატველი ხდება. ეს კი სწორედ ის გახლავთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კრიზისში შესულ ისტორიულ ჟანრს.
ნიკუშა ანთაძის, თეონა დოლენჯაშვილის და ბესო ხვედელიძის მოთხრობებში გამოყენებული ფანტასმაგორიული თუ აბსურდული ხერხები შესანიშნავად უსვამენ ხაზს ჩვენი დროის ტრაგიკულობას, რადგან ავტორები თითქოს მიჯნავენ თავიანთი ნაწარმოებების მოქმედებას რეალური დროისაგან, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ისტორიის გააზრებასა და მის მეტაფიზიკურ კვლევაში გადაჰყავთ.
რეალობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ახალი შეკითხვების დასმა და ახალი იდეების ძიება თანამედროვე პროზის ძირითადი თვისება გამხდარა. მადლობა ღმერთს, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პროზაიკოსი ქალები მხოლოდ იმას იკვლევდნენ, თუ “რა არის ცრემლი და რა არის ყვავილი?”, რის გამოც ქალური პროზა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საკუთარ პანაშვიდზე მისულ ჭირისუფალს უფრო ჰგავდა. კრებულში შესული პროზაიკოსი ქალების მოთხრობები განსხვავებული ენერგიითა და სულიერი გამოცდილებით ხასიათდება. მათ შემოქმედებაში ცხოვრება არ წარმოგვიდგება ისეთად, როგორიც არის. ის, რაც ადრე ჭეშმარიტებად ითვლებოდა, ახლა ეჭვის ქვეშაა დაყენებული. ამ უარყოფის მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტების ფილოსოფიური მოთხოვნილებაა. რეალობისადმი უნდობლობა ზოგჯერ იმდენად მაღალია, რომ თანამედროვე პროზა ხანდახან სიუჟეტზე და ტიპაჟებზეც ამბობს უარს. მაგალითად, ირმა ტაველიძის მოთხრობის – “კონფლიქტის ზონა” (რომელიც ჩემი აზრით წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტია) – სიუჟეტი ფაბულასა და სტილს შორის იბადება, რითაც ავტორი მკითხველს ინტელექტუალურ თამაშს სთავაზობს.
სტატიის ჩარჩოები საშუალებას არ იძლევა დაწვრილებით განვიხილოთ კრებულში წარმოდგენილი ყველა ავტორი. დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ვადასტურებთ არა მხოლოდ ჩვენი სამყაროს შეცვლის, არამედ ხელოვნებაში წარსულის ტენდენციებისაგან ჩამოშორების სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ძიებები ჯერ-ჯერობით არ თავსდება ერთ რომელიმე აღიარებულ ფორმულაში ან სტილში, იგი ახალი თაობის დამოკიდებულებაა ძველ და აღიარებულ ჭეშმარიტებებზე.
P.S. სამწუხაროდ, 2006 წელს “15 საუკეთესო მოთხრობის” ახალი, მომდევნო კრებული აღარ გამოსულა, რადგან აღარ არსებობდა ის ლიტერატურული გამოცემები, სადაც მათი შემჩნევა და შეგროვება შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროში თვლიან, რომ ქვეყანას უკვე აქვს ერთი – ოფიციალურად აღიარებული ლიტერატურა და სხვა საჭირო აღარ არის და რომ ქართველი მკითხველი XIX საუკუნის იდეებით XXI საუკუნეშიც თავს იოლად გაიტანს.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box