ესე (თარგმანი)

ალექსანდრ სტეფანოვიჩი – ნობელის პრემია

brodsky joseph 344

თავი ალექსანდრ სტეფანოვიჩისა და ედუარდ ტოპოლის წიგნიდან “მე მინდა შენი გოგონა”

1987 წლის დეკემბერში, როცა ბროდსკისთვის ნობელის პრემია უნდა გადაეცათ, პირველად მივიღე საზღვარგარეთ გასვლის უფლება. არ ვიცი, რა მიზეზით, შესაძლოა იმიტომ, რომ დასავლეთისადმი ლტოლვა საგვარეულო სენი იყო, მაგრამ ჩვენი ოჯახის ბედი ისე აეწყო, რომ ჩემი დები უცხოელებზე გათხოვდნენ: ერთი შვედს გაჰყვა, მეორე – ფრანგს. სტოკჰოლმში და პარიზში ცხოვრების ოცი წლის მანძილზე ისინი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რეგულარულად მიგზავნიდნენ მოწვევას, რომელიც “ოვირ”-ში მიმქონდა, მაგრამ თხოვნაზე, მოეცათ დების მონახულების უფლება, სტანდარტულად მპასუხობდნენ: “ თქვენი გამგზავრება მიზანშეწონილი არ არის”. რატომ არ იყო მიზანშეწონილი ძმის მიერ დების მონახულება, არ მიხსნიდნენ. ვიცდიდი ნახევარ წელს და კვლავ მიმქონდა ახალი მიწვევა, ვიღებდი ახალ უარს და ასე, – ორმოცჯერ. მაგრამ საბოლოოდ, როცა “პერესტროიკა” დადგა, წერილი მივწერე ბობკოვს, კგბ-ს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილეს. წერილში შევახსენე, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ მარწმუნებდით, კგბ-ს შენს მიმართ არავითარი პრეტენზიები არა აქვსო და, მიუხედავად ამისა, არსად არ მიშვებდნენ, მაგრამ აი, დადგა “პერესტროიკა” და ახალი აზროვნება, გამიშვით ოცი წლის უნახავი დების მოსანახულებლად-მეთქი.

უჩვეულოდ სწრაფად მიმიწვიეს უშიშროების კომიტეტში და მითხრეს: ფილიპ დენისოვიჩ ბობკოვის დავალებით გხვდებით, მართლაც არავითარი პრეტენზია არა გვაქვს თქვენს მიმართ, შეგიძლიათ მიხვიდეთ “ოვირ”-ში და აიღოთ ერთ-ერთ დასთან გამგზავრების ნებართვაო. დავიწყე ფიქრი – რომელ დას ვწვეოდი, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვიდა შეტყობინება ბროდსკისათვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი სტოკჰოლმში, მოვხვედრილიყავი ბროდსკისათვის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე და ყველაფერი ფირზე გადამეღო, თუ არა და, როგორც რეჟისორი, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ამიტომ “ოვირ”-ში მივედი, ავიღე საზღვარგარეთის პასპორტი და სრულიად გათავხედებულმა მოვითხოვე, ნება დაერთოთ შვედეთში ჩემი “ჟიგულით” წავსულიყავი. ამის უფლებას მაშინ არავის აძლევდნენ. “ოვირ”-ის უფროსად არკადი ვაინერის ნაცნობი მუშაობდა, სწორედ მისი დახმარებით მივიღე ნებართვა და როცა უკვე გაფორმდა ყველაფერი, ამის შესახებ ჩემს მეგობარს, ჟენია რეინს ვუამბე – ხუთ დეკემბერს სკტოკჰოლმში მივემგზავრები, ათში კი ბროდსკის “ნობელს” გადასცემენ-მეთქი.

ჟენია აღფრთოვანდა, დაჯდა და იოსიფისთვის წერილის წერა დაიწყო. მთხოვა, წამეღო ბროდსკის პირადი ნივთების მთელი გროვა, ფოტოები და რაც მთავარია, გადმომცა ჰალსტუხი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ეკეთა პასტერნაკს იმ დღეს, როცა მოსკოვში, შვედეთის საელჩოში მიიწვიეს ნობელის პრემიის აღსანიშნავ ბანკეტზე. როგორც ცნობილია, კომუნისტებმა აიძულეს პასტერნაკი, უარი ეთქვა პრემიაზე, მაგრამ შვედებმა მაინც მიაგეს პატივი. და აი, ჰალსტუხი, რომელიც იმ დღეს პასტერნაკს ეკეთა, ოჯახურ გარემოებათა წყალობით, ჟენია რეინს ხვდა წილად და მან მეგადმომცა, რათა ამჯერად უკვე მეორე დიდ რუს პოეტს ჰკეთებოდა ნობელის პრემიის გადაცემისას სტოკჰოლმში. ანუ მე დამეკისრა ისტორიული მისია, რომ ეს ჰალსტუხი ქცეულიყო რუსული პოეზიის დიდების სიმბოლოდ. გარდა ამისა, ჟენიამ მითხრა:

– ბროდსკის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელიც მისთვის დღემდე ძვირფასია. მაგრამ მათ უთანხმოება მოუვიდათ. ახლა კი, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა შეიძლება მათი ურთიერთობის მოგვარება. შენ შეგიძლია დაეხმაროიოსიფს.

ვერ გავიგე:

მე რით უნდადავეხმარო?

– იცი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბროდსკის პრემიას მისცემენ, ჩვენ საათობით ვლაპარაკობთ ტელეფონით, ვიხსენებთ განვლილ ცხოვრებას, ჩვენს შეცდომებს. და იცი, ბროდსკი ყველას პატიობს. მათ შორის იმ ქალსაც. იქნებ შეიარო მასთან, განმუხტო სიტუაცია.

– მაპატიე, – ვპასუხობ, – ჟენია, ძნელად წარმომიდგენია ეს მისია. როგორც ვხვდები, ეს ღრმად პირადული და ინტიმური საქმეა. ჩემთვის უხერხულია ამაში ჩარევა. მითუმეტეს, რომ ეს არის არა ვიღაც შემთხვევითი ნაცნობის პირადი სფერო, არამედ დღევანდელობის უდიდესი რუსი პოეტისა. მაქვს უფლება, შევიჭრა პუშკინის ან პასტერნაკის პირად ცხოვრებაში?

ის მეუბნება:

– არა, საშა, ვფიქრობ, იოსიფი მადლიერიც კი დაგრჩება, თუკი შენ რაღაც ხიდებს ააგებ, მოსინჯე.

– რატომ თავად არ მოსინჯავ?

– იცი, სიტუაცია ასეთია: იოსიფი ახლა ეიფორიაშია, ყველას ყველაფერს პატიობს, მე კი ამ ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. არ შემიძლია დავურეკო და არც მასთან შეხვედრა მინდა. შენ კი, როგორც გარეშე ადამიანს, შეგიძლია შეიარო და ჰკითხო, რამეს ხომ არ დაგაბარებს იოსიფთან. ერთობ ტაქტიანი ქცევა იქნება. აი, მისამართი, აი, ტელეფონის ნომერი.

ვეუბნები:

– ჟენია, თუკი მიგაჩნია, რომ ეს ტაქტიანი ქცევაა, მოვსინჯავ.

ლენინგრადში რომ ჩავედი, რეინის მოცემულ ნომერზე დავრეკე, მაგრამ მიპასუხეს, ამ ქალმა ნომერი შეიცვალა და ახალი ნომერი არ იციანო.მხოლოდ მისამართი მომცეს. მივედი აღნიშნულ მისამართზე. ავდივარ ბინძური კიბით ზემო სართულზე, ვჩერდები დერმატინგადაკრულ გაცვეთილ კართან, ბამბის ნაკუწები რომ გამოსჩრია და ზარს ვრეკავ. ისმის ქალის ხმა:

– ვინა არის?

ვპასუხობ:

– ბოდიშს გიხდით, ესა და ეს ვარ, გარემოებათა გამო მივემგზავრები სტოკჰოლმს, შემიძლია რამე გადავცე თქვენგან იოსიფს?

პასუხი არ არის. შიგნით, ამ ყრუ კარს მიღმა სიჩუმეა.

ვდგვარ ჭუჭყიანი კიბის ბაქანზე, კატების, ნაგვის ყუთებისა და კარტოფილის ნაფცქვენების სურნელებაში. ვამბობ:

– უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

– არა, – მპასუხობს, – არ წავსულვარ.

– ყველაფერი გაიგეთ?

– დიახ, ყველაფერი გავიგე.

– და რა?.. – შეკითხვას არ ვასრულებ, რადგან ვხვდები, თუ კონკრეტულად ვკითხავ, იძულებული გახდება თვითონაც კონკრეტულად მიპასუხოს – მაგალითად უარით. ჟენიამ კი სიტუაციის დელიკატურობა ამიხსნა.

მპასუხობს:

– ვფიქრობ…

დავიწყე ლოდინი – ხუთი წუთი, ათი. შემდეგ ვკითხე:

– უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

– არა, არ წავსულვარ.

ოცი წუთი ვიცადე დერმატინიან ჩარაზულ კართან. ბოლოს ვთქვი:

დიდი ბოდიში, გესმით ჩემი?

– დიახ.

– მაპატიეთ, რა თქმა უნდა, მესმის, რომ თქვენ სერიოზულად ჩაფიქრდით და წყვეტთ თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ მე, სამწუხაროდ ვჩქარობ, წინ გრძელი გზა მიძევს – დღეს ფინეთის საზღვარი უნდა გადავკვეთო, ჰელსინკში ჩავიდე, რათა საღამოს ექვს საათზე ბორანს მივუსწრო. ძალიან ცოტადრო მაქვს. გადასცემთ რამეს ბროდსკის?

– არა…

– რატომ?

– იმიტომ, რომ არაფერი მაქვს მისთვის სათქმელი.

მეტი აღარაფერი გამიგია, არც “ნახვამდის”.

ჩავედი ქვემოთ, ჩავჯექი მანქანაში, გავეშურე საზღვრისკენ და დროებით დავივიწყე ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ განცდები მომეძალა – ეს ხომ ჩემი პირველი მოგზაურობა იყო დასავლეთში.

სტოკჰოლმში რომ ჩავედი და მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე: რას წარმოვადგენ ბოლოსდაბოლოს მე აქ, შვედეთის დედაქალაქში, სიცოცხლის ამ ზეიმზე? ეს მოსკოვში ვარრეჟისორი, შვიდი სურათი გადამიღია“მოსფილმში” და ოცი ტელევიზიაში, იქ მიცნობენ, იქ შემიძლია მივიდე უფროსობასთან, მოვითხოვო გეგმაში ფილმის ჩასმა, გავუშვა ფილმი წარმოებაში. შვედეთში კი, სადაც ორი თვე სამასი დოლარი უნდა ვიკმარო, რას წარმოვადგენ? ადამიანი აღმოსავლეთ ევროპიდან, მორიგი მათხოვარი. მე კი კინოკამერები მჭირდება, ფირი, ოპერატორი, ასისტენტები…

და ვიგრძენი, რომ ჩემი ოცნება, გადამეღო ფილმი ბროდსკიზე, იმსხვრევა…

მაგრამ იმ მომენტისთვის ისეთი შეეუპოვრობა დამეუფლა, რომ სტოკჰოლმში ხუთ რიცხვში ჩასულს, 7-ში უკვე ნაშოვნი მყავდა პროდიუსერი, 8-ში კი ჩემს განკარგულებაში იყო ორი კამერა, ორი ავტომანქანა, ტექნიკოსთა ბრიგადა და უკვე ვიღებდი შვედურ ფილმს დიდი პოეტის შესახებ. და მე გავხდი ერთადერთი კინემატოგრაფისტი, რომელიც დაუშვეს შვედეთის აკადემიაში, სადაც იოსიფ ბროდსკიმ წარმოთქვა თავისი ცნობილი სანობელე სიტყვა.

როგორ მოვახერხე?

მივედი ბროდსკისთან “გრანდ-ოტელში”, ჰოლიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩამოვუტანე საჩუქრები ჟენია რეინისგან. ჩვენი ძველი ლენინგრადული ნაცნობობაც შევახსენე. დარწმუნებული არა ვარ, რომ გაიხსენა ის ბიჭი, ოდესღაც თავის სილაბურ ლექსებს რომ უჩვენებდა ხოლმე, მაგრამ ძალიან გახარდა რეინის საჩუქრები, განსაკუთრებით – პასტერნაკის ჰალსტუხი, და თქვა, რომ აუცილებლად გაიკეთებდა ცერემონიაზე. თუმცა, როგორც გაირკვა,პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ის ფრაკით და ყელზე ბაფთით უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ შემდეგ მიამბო:

– ეს ჰალსტუხი გულის ჯიბეში ჩავიდე, გულთან მქონდა, როცა სცენაზე გავედი.

მე კი, როცა რეინის საჩუქრები და კონფიდენციალური ინფორმაცია გადავეცი, ვუთხარი იოსიფს, რომ ვამზადებ ფილმს მის შესახებ და ვკითხე, შეუძლია თუ არა დამეხმაროს მთავარ ღონისძიებაზე მოხვედრაში.

მან მიპასუხა:

– საშა, ცხადიაშევეცდები, ყველგან შეგიშვან. ერთადერთი, რასაც ვერ ვიზამ– კამერით ვერ შეგიყვანთცერემონიაზე, რადგან იქ შვედეთის ტელევიზიის მონოპოლიაა. მაგრამ ლექციაზე გპატიჟებთდა, რაც უმთავრესია, პრემიის გადმოცემის შემდეგ, მაშინვე მექნება შემოქმედებითი საღამო, ლექსებს წავიკითხავ. მოდით და თქვენი კინოკამერები გინდპირველ რიგში დააყენთ.

და მე, ბროდსკის პროტექციით, სრული კარტ-ბლანში მომენიჭა, მწვანე გზა, რაც შვედებისთვის გასაოცარი იყო, რადგან უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ მოვახერხებდი ყოველივე ამის გადაღებას. შვედი პროდიუსერი, რომელსაც თავიდან მაინცდამაინც არსჯეროდა ჩემი შესაძლებლობებისა, სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ მე მართლაც შემიძლია რაღაც და ჩემს წინაშე, სრულიად უცნობი ადამიანის წინაშე, იღება კარი, რომელსაც ის, შვედი, ასე ადვილად ვერ შეაღებდა. ცხადია, კარი ჩემთვის კი არა, ბროდსკისთვის იღებოდა, ამას ვხვდები, – ის ლაურეატი იყო, საკუთარი დღესასწაულისმასპინძელი. მაგრამ მე მისი ერთადერთი სტუმარი ვიყავი სსრკ-დან, მისი უახლოესი მეგობრის დესპანი, რამაც შესაძლებლობა მომცა, მის გვერდით ვყოფილიყავი.

იქვე, აკადემიაში ნობელის ლექციის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს მარმარილოს კიბეზე. მე პუბლიკასთან ერთად ქვევით ვეშვებოდი, იოსიფი კი რომელიღაც კარიდან გამოიყვანეს. აგზნებული ჩანდა. რომ დამინახა, თავებს ზემოდან გადმომძახა:

– საშა! როგორ წავიკითხე?

მე ორივე ცერი მაღლა ავწიე. იოსიფმა გამიღიმა, ხელი ჩაიქნია. იგი ქვევით გააქანეს მორიგ ღონისძიებაზე.

მეორე დღეს, ცხრა დეკემბერს, ბროდსკი არ მინახავს.

მე კი თავისთან მიმიწვია ჩვენმა ელჩმა, ბორის პანკინმა და მითხრა:

– ალექსანდრ, არ შეგიძლიათ გადასცეთბროდსკის: რატომ იქცევა ასე? თავს ასე რატომ ისულელებს?

– რითი ისულელებსთავს?

აქ რამდენიმე სიტყვით გიამბობთ, როგორ გავიცანი საბჭოთა ელჩი.

სტოკჰომში რომ ჩავედი, მივედი საბჭოთა საელჩოში და კონსულს ვკითხე, როგორ უნდა გადამეცა შვედეთის მეფისთვის საჩუქარი. ამის შემდეგ მიმიწვიეს პანკინთან, რომელმაც ძალზე თავაზიანად მიმიღო, დამათვალიერებინა საელჩო და ალექსანდრ კოლონტაის კაბინეტი, შემდეგ კი მკითხა:

– ალექსანდრ ბორისოვიჩ, რა თანხის გადმოტანის უფლება მოგცეს?

– სამასი დოლარისა, მაგრამ ახლა ასოციღა დამრჩა, რადგან დანარჩენი ბენზინსა და ბორანის ბილეთზე დამეხარჯა.

– აი, ხედავთ, – მეუბნება ის, – მე, კეთილგანწყობის ფარგლებში, შემიძლია ნება დაგრთოთ, ისარგებლოთ საელჩოს მაღაზიით, სადაც საგრძნობიდიპლომატიური შეღავათებია, შეგიძლიათშეიძინოთ, რასაც მოისურვებთ.

– გმადლობთ, ბორის დიმიტრიევიჩ. მე რით უნდაგადაგიხადოთ სამაგიერო?

– აი, სწორედ ესაა ჩვენი საუბრის მთავარი თემა. მითხრეს, რომ შვედეთის მეფისთვის საჩუქარი გაქვთ გადასაცემი..

– დიახ, ასეა. ილია გლაზუნოვმა მთხოვა, გადავცე მის უდიდებულესობა კარლ გუსტავს ნახატების ალბომი. თუმცა არ ვიცი, როგორ მოვახერხებამას.

და უცებ პანკინი, საბჭოთა ელჩი, რომელსაც პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში, მეუბნება:

– იცით, ალექსანდრ ბორისოვიჩ, ჩემთვის სრულიად აუცილებელია მეფესთან პრივატული შეხვედრა. ისეთი კი არა, როცა მოთხოვნას ვაგზავნი შვედეთის საგარეო საქმეთაKსამინისტროში და ვალდებული ვარ, ვაცნობო მათ საუბრის თემა. მე მჭირდება პროტოკოლის გარე შეხვედრა. ილია გლაზუნოვის საჩუქარიდამეხმარება მასთან კერძო შეხვედრაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი პირადი საქმე, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინეტერესები. ამიტომ გთხოვთ, გადმომცეთ ეს ალბომები, თქვენ კი შეგეძლებათ იაროთ ჩვენს მაღაზიაში.

ვეუბნები:

– ბორის დიმიტრიევიჩ, მაღაზიის გამო არა, ცხადია, უბრალოდ თქვენს მიმართ სიმპათიის ნიშნად გადმოგცემთ ამ ალბომებს. ვდებ მათ სახელმწიფოებრივი ინტერესების სამსხვერპლოზე.

ამგვარად, ჩემსა და პანკინს შორის დამყარდა ერთგვარი განსაკუთრებული ურთიერთობა, აქედან – მსჯელობა ბროდსკის ნობელის ლექციაზე.

ამიტომ ვკითხე:

– და თავს რითი ისულელებს?

– იცით, – მითხრა პანკინმა, – თავადაც ლიტერატორი ვარ, მესმის ბროდსკის ფიგურის მნიშვნელოვნება და ყოველ შიფრში, რომელსაც მოსკოვში ვგზავნი, ვწერ: ნუთუ არ გეყოთ ნობელის ლაურეატების დევნა?! ნუთუ პასტერნაკის და სოლჟენიცინის ისტორიებმა არაფერი გვასწავლა?! მე მათ შევთავაზე, ბროდსკის დაჯილდოება საბჭოთა კულტურის ზეიმად ექციათ. ჩვენ ეს აქტივში უნდა ჩავიწეროთ, განსაკუთრებით – “პერესტროიკის” ეპოქაში. და აი, თითქმის დავარწმუნე ამაში ხელმძღვანელობა და უცებ ბროდსკი ამბობს ცნობილ ფრაზას ლენინზე! არ შეგიძლიათ, უთხრათ, თავი დაანებოს მათ გაღიზიანებას?

ვეუბნები:

– ბორის დიმიტრიევიჩ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რა უფლება მაქვს გავუსწორო ნობელის სიტყვა უდიდეს პოეტს? ის ასე ფიქრობს, ის ასე ამბობს. მოდით, მივიღოთ ბროდსკი ისეთი, როგორიც არის. ის სხვაგვარი ვერ იქნება.

პანკინმა ამოიოხრა:

– მე კი მესმის…… როგორ გამიცრუა იმედი!..

ცხადია, ამ საუბრის შესახებ ბროდსკისთვის არაფერი მითქვამს. მას საამისოდარც ეცალა. მთელი დღე დაკავებული იყო საზეიმო ცერემონიის მეორე განყოფილების – პრემიის გადაცემის რეპეტიციით. სხვათა შორის, ეს ისტორიული მომენტია. ეს ხდება სცენაზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ნობელის ლაურეატები, მეფე კარლ გუსტავი და დედოფალი სილვია. 1987 წლის ცერემონიაზე განსაკუთრებით ამაღელვებელი, აი, რა იყო. სცენაზე ყველა ლაურეატი გამოდიოდა დასავლური, თავისუფალი ნაბიჯით – ფრაკის ტარებას შეჩვეულნი იყვნენ. ბროდსკი კი, აშკარად ჩანდა, ფრაკს ვერ გუობდა და სცენაზე გამოსულმა არ იცოდა, სად წაეღო ხელები, ამიტომ წელსუკან შემოიწყო.

შემდეგ კი იწყება პრემიების გადაცემა. მეფე პირადად გადასცემს პრემიას თითოეულ ლაურეატს, რომელიც დგება თავისი ადგილიდან და მისთვის ჟღერს ეროვნული ჰიმნი. დაჯილდოებულს გადაეცემა ინდივიდუალური დიპლომი – არა სტანდარტული, არამედ მხატვრის საავტორო ნამუშევარი, პერსონალურად ამ ლაურეატისთვის დამზადებული. მაგალითად, ბროდსკის დიპლომზე ერთმანეთშია გადაწნული პეტერბურგული სპილენძის მხედარი, საადმირალო და რუსული ხატები, რაც ერთგვარ ორნამენტს ქმნის. ამასთან ბროდსკის, იმ დროისათვის უკვე აშშ-ის მოქალაქეს, უნდა აერჩია ჰიმნი, რომლითაც უნდა მისალმებოდნენ – რუსული ან ამერიკული, მაგრამ მან ჰაიდნის მუსიკა აირჩია. როცა ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ჰაიდნი, მიპასუხა:

– რატომაც არა? უმშვენიერესი მუსიკაა, მე ძალიან მომწონს.

ნობელის ზეიმის მესამე ნაწილია მეჯლისი სტოკჰოლმის საქალაქო რატუშაში. რა არის ეს, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ჩვენი ტელევიზიით, ჩვეულებრივ, უჩვენებენ უშუალოდ პრემიის გადაცემის მომენტს და მეტს არაფერს. გარდა ამისა, იყო ბანკეტიც – ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია.

უზარმაზარ, ძალიან ლამაზ და შვედურად მკაცრ დარბაზში გაშლილია სუფრები რამდენიმე ათას კაცზე. მეჯლისის დაწყების წინ (რომელზე დასასწრებადაც, სხვათა შორის, ბილეთის ყიდვა შეიძლება– დაახლოებით ათასი დოლარი ღირს), თავს იყრიან სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ქალები – ბრილიანტით გაწყობილი უძვირფასესი კაბებით, მამაკაცები – ყველანი სმოკინგებით. დარბაზის ცენტრში დიდი კიბე ეშვება. ამ კიბით ჩამოდიან შვედეთის სამეფო ოჯახი და ნობელის ლაურეატები. ამასთან, სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ლაურეატი მოაცილებს. პირველი წყვილი, ცხადია, მეფე კარლ გუსტავი და დადოფალი სილვიაა, ულამაზესი, შესანიშნავი ქალბატონი, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა შვედური ენა და შვედების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მეფე-დედოფალს მეჯლისზე უკან მოჰყვნენ სხვა წყვილები. იოსიფბროდსკი შვედეთის პრინცესას მოაცილებდა (რაც, ცხადია, სიხარულითაღვნიშნე გულში – მახარებდა ისპატივი, რომელიც ბროდსკის მიაგეს). ლაურეატები სხდებიან დარბაზის ცენტრში მაგიდის გარშემო და მეჯლისის განმკარგულებელი წარმოთქვამს შვედეთის მეფის სადღეგრძელოს. ყველა ფეხზე დგება, სვამენ და ამის შემდეგ არავითარი სადღეგრძელო აღარ ითქმება, არცერთი ნობელის პრემიის ლაურეატისაც კი. თავი ყველას ღირსეულად უჭირავს. გაჯგიმულები სხედან და ბანკეტი სრულდება იმით, რომ შუა საუკუნეთა სტილის კოსტიუმებში გამოწყობილ ტრუბადურ-მებუკეებს დაფდაფების გრიალშიამ კიბით, საგანგებო ჯალამბრით ჩამოაქვთ უზარმაზარი სამეფო ნაყინის ტორტი, რომლის პირველ ნაჭერსაც მიართმევენ დედოფალ სილვიას და მეფეს, შემდეგ კი სამეფო ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ ტორტს ყველა მაგიდაზე ჩამოარიგებენ. ეს გახლავთ ბანკეტის დასასრული. შემდეგ დარბაზი ივსება შვედეთის აკადემიათა სტუდენტებით – ახალგაზრდა ყმაწვილებით შავ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში და სამეჯლისო კაბებში გამოწყობილი ქალიშვილებით, ოღონდ მათ, სტუმრებისაგან განსხვავებით, თავს პატარა ხავერდის ქუდები უმშვენებთ – ესაა ნიშანი, რომNისინი სტუდენტობას განეკუთვნებიან. მათი დანიშნულებაა ხალისი შეიტანონ სტუმრებს შორის. მაშინვე გაისმის ჯაზის ხმები, გრიალებს ორკესტრი და ცეკვის ბუქი დგება. შეზარხოშებული სტუმრები ადგილებს მოწყდებიან, ქალები დაუდევრად იხდიან ფეხსაცმელს და სტუდენტებთან ერთად უბერავენ ჯაზს. და საერთოდ, იწყება ნამდვილი თავაწყვეტილი მხიარულება, რომელსაც ახლავს ხალისი და სიცილი. ზეიმი დილამდე გრძელდება. ტელევიზიათა მუშაკები ცდილობენ კუთხეებში მიიმწყვდიონ ნობელის ლაურეატები, იღებენ ინტერვიუებს, რომელთა ინტონაციაც ძალზე მხიარული და მსუბუქია. ზეიმის ტრანსლაცია მთელს მსოფლიოში გადაიცემა.

მეორე დღეს ბროდსკი შვედეთის საზოგადოებისწინაშე უნდა გამოსულიყო, მე კი უნდა მომემზადებინა გადაღება კონგრეს-ჰოლში, სადაც იოსიფი წაიკითხავდა თავის ლექსებს. უნდა ითქვას, რომ დარბაზი ხალხით იყო სავსე. უფრო მეტიც, ბილეთების შეძენა ბროდსკის ლექსების კითხვაზე – შვედებისთვის უცნობ რუსულ ენაზე – სრულიად შეუძლებელი იყო. როცა ბილეთების ამბავივიკითხეთ, გვითხრეს, რომ ხალხმა დიდი ხნით ადრე შეიძინა ყველა ბილეთი, ზოგიერთმა კი მთელი ღამე გაატარა საძილე ტომარაში სალაროების წინ ბილეთის Dშეძენის იმედით. საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა, რადგან იოსიფის ლექსები ჟღერდა რუსულადაც და შვედურადაც. არ ვიცი, იყო თუ არა იქ ვინმე რუსი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესმოდა, რაზე კითხულობდა ბროდსკი და ჩემი აპლოდისმენტებიც ყველაზე მხურვალე იყო. დანარჩენები კი მხოლოდ თარგმანში ისმენდნენ ლექსებს და მაინც აღფრთოვანებით იღებდნენ მათ.

საღამოს დასრულების შემდეგ კულისებში ვიდეოკამერა დავაყენეთ და იოსიფმა მომცა ინტერვიუ ფილმისათვის, სრულიად შესანიშნავი ინტერვიუ – ის ჯერ კიდევ საზეიმო ეიფორიაში იმყოფებოდა. მე ვკითხე:

– ისურვებდით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას?

– ვისურვებდი, – მიპასუხა მან.

– იმედი მაქვს, მალე გიხილავთ რუსეთში.

– გულწრფელად რომ ვაღიარო, ამისი ცოტათი მეშინია. რაც შეეხება იმედს, შესანიშნავმა ინგლისელმა მოაზროვნემ, ფრენსის ბეკონმა თქვა: “იმედი მშვენიერისაუზმეა, მაგრამ ცუდი ვახშამი”.

მე ვკითხე:

– რა ენაზე წერთ ამჟამად?

– ძირითადად რუსულად, – მიპასუხა მან, – ზოგჯერ ინგლისურად. მაგრამ არ მაქვს ამბიცია, გავხდე ინგლისურენოვანი პოეტი. მე თერაპიული მოსაზრებებით ვწერ ინგლისურ ლექსებს. საქმე იმაშია, რომ როცა ამა თუ იმენობრივ გარემოში ცხოვრობ, ამ ენის გავლენასაც განიცდი და ამ ენაზე წერის ცდუნება გეუფლება. გარემოსადმი გაძალიანებამ შეიძლებანევროზი გამოიწვიოს, ამიტომ დროდადრო ვემორჩილები ამ ცდუნებას.

– ლენინგრადში, პიტერში, იმ სახლის მახლობლად ცხოვრობდით, სადაც ოდესღაც ალფრედ ნობელი ცხოვრობდა. როცა მისსახლთან ჩაივლიდით, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გეუფლებოდათ?

მან გამიღიმა:

– აბსოლუტურად არავითარი!

– ვფიქრობ, ოდესმე იმ სახლზე, თქვენ რომ ცხოვრობდით, გაჩნდება მემორიალური დაფა წარწერით.

– მემორიალური დაფები მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების მერეჩნდება, – დააზუსტა ბროდსკიმ, – რაც უფრო გვიან ხდება ეს, მით უკეთესია…

გამოთხოვებისას მას ჩვენი ფოტოები ვაჩუქე. ერთ მათგანზე წამიწერა: “საშას იოსიფისგან. 1987 წლის 11 დეკემბერი”, ანუ ნობელის პრემიის მიღების მეორე დღე. მომეჩვენა, რომ ნობელის მედალისა და დიპლომის გადაცემამდე ბროდსკი სხვა ადამიანი იყო და ამის შემდეგ – სხვა. მეჩვენებოდა, რომ რვაში, გადაცემამდე ორი დღით ადრე, მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ნობელის ლაურეატი იყო, და ცოტათი ნერვიულობდა, ახლა კი ის სხვა ადამიანი იყო და ეს ვლინდებოდარაღაცნაირ თავდაჯერებაში, ახლებურ თავდაჭერაში.

მე ვუთხარი:

– ზეგ, 13 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღეა.

მინიშნებას მიმიხვდა:

– კარგი, საჩუქარს გაგიკეთებ, – აიღო ფურცელი და მკითხა: – ჩემი რომელი ლექსი მოგწონს?

ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი ლექსებია “საშობაო რომანსი” და “სტანსები ქალაქს”. და მან გაკრული ხელით დაწერა:

“საშა სტეფანოვიჩს “საშობაო რომანსის” და იმ ლექსის ავტორისაგან, რომელიც იწყება სიტყვებით: Данебудетдано… სტოკჰოლმშიჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად” თარიღიც დაუსვა.

ამის შემდეგ ის ამერიკაში გაფრინდა და აღარ მინახავს. მხოლოდ მოკითხვებს გადავცემდი ჟენია რეინის მეშვეობით და საპასუხო რევერანსებსაც ვიღებდი. ფილმი, რომელიც ბროდსკიზე გადავიღე, შვედეთის ტელევიზიით აჩვენეს, მაგრამ მასალა, პროდიუსერთან შეთანხმები, მე დამრჩა. იმის უფლებაც მქონდა, სრკ-ში გამომეყენებინა. მაგრამ როგორ უნდა ჩამომეტანა ოცი ვიდეოკასეტა მოსკოვში, როცა ბროდსკი იქ პერსონა ნონ გრატად და ლამის ხალხის მტრად იყო გამოცხადებული? ჩემი მანქანა, აქეთ რომ მოვდიოდი, ისე საგულდაგულოდ გაჩხირკეს, უნდა გენახათ – ქვევიდანსარკეებს ჩრიდნენ, რაიმე სამალავი ხომ არ არისო. უკანა გზაზე ხომ უარესს იზამდნენ! არა, შეუძლებელი იყო დამეკარგა ასეთი ძალისხმევით გადაღებული მასალა! თავზე ხელი ავიღე და ისევ პანკინს მივადექი:

– ბორის დიმიტრიევიჩ, გლაზუნოვის ალბომებით ხომ დაგეხმარეთ, ახლა სამაგიერო დახმარებას გთხოვთ.

მეკითხება:

– რაშია საქმე?

საქმე ასეა, – ვეუბნები, – მანანა შევარდნაძემ, თქვენი მინისტრის ქალიშვილმა მთხოვა გადამეღო იოსიფ ბროდსკისთან ინტერვიუ, რომლის ჩვენებაც სურს ქართული ტელევიზიით, ამიტომ გთხოვთ, გაუგზავნოთ მანანას დიპლომატიური ფოსტით ეს ოცი კასეტა.

წერილში კი, რომელიც წინასწარ მოვამზადე, ეწერა:

“ღრმად პატივცემულო მანანა! გიგზავნით მასალას, რომლზეცვისაუბრეთმოსკოვში. ვფიქრობ, გიორგი ლევაშოვი კარგად დაამონტაჟებს. მოწიწებით, ალექსანდრ სტეფანოვიჩი.”

პანკინი ამ წერილით მიხვდა, რომ არსებობს პირადი შეთანხმება სტეფანოვიჩსა და მანანა შევარდნაძეს შორის და ასევე, არსებობს ვინმე გიორგი ლევაშოვი, რომელიც მონაწილეობს პროექტში. სინამდვილეში ცხადია, არავითარ ფირზე არავითარ მანანა შევარდნაძესთან არ მისაუბრია. იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. ჩემმა მეგობარმა გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა გამაცნო, ერთად მუშაობდნენ ქართულ ტელევიზიაში. ვიცოდი, რომ მანანა ჟურნალისტი იყო. ლევაშოვი მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ფირები მანანას გავლით გიორგიმდე მისულიყო, ის კი მე გადმომცემდა.

პანკინმა კი უკვე იცოდა, რომ ჩემი მეგობრების წრე – ილია გლაზუნოვიდან იოსიფ ბროდსკიმდე – ფართო იყო და აზრად არ გაივლებდა, რომ მანანას შესახებ ყველაფერი ბლეფი იყო. ბორის დიმიტრიევიჩმა აიღო ეს ოცი კასეტა, გამოიძახა საელჩოს რომელიღაც თანამშრომელი და უბრძანა:

– გააფორმეთ, როგორც დიპფოსტა და დაზღვევით გაგზავნეთ მოსკოვში.

ამის შემდეგ სტოკჰოლმიდან ჩემი ჟიგულით შვედეთის სამხრეთში გავემგზავრე, ტრელებორგში. შემდეგ მალმეს გავლით ბორანით გდრ-ში, კუნძულ რიუგენზე, შემდეგ დასავლეთ ბერლინში და პოლონეთის გავლით, ბოლოს და ბოლოს, დავბრუნდი მოსკოვში. სახლში მისულს ხუთი ბარათი დამხვდა – ლევაშოვი მეძებდა. მაშინვე დავურეკე და გინების ისეთი ნიაღვარი დამატეხა თავს, რომლის არსებობა ვერც კი წარმომედგინა. მთათხავს ქართველი თავადი უკანასკნელი სიტყვებით. ვეუბნები.

– რა გაყვირებს? ჯობია შევხვდეთ და გიამბობ, რა გავაკეთესტოკჰოლმში.

– ვიცი, რაც გააკეთე! აფერისტო! ავანტიურისტო! ვინ მოგცა ჩემი სახელისარგებლობისუფლება?! ვინ მოგცა მანანას ხსენების უფლება?! საერთოდ, საიდან იცნობ მანანას?

– შენ არ გამაცანი?

– მერე რა, რომ გაგაცანი! რატომ ყვები ამს შვედეთში?

ვცდილობ, გავანელო მისი რისხვა:

– გოგი, გეყოფა. რაშია საქმე?

– რას ნიშნავს, რაშია საქმე? ელჩ პანკინისგან დიპკურიერების მეშვეობით, დაზღვევით ჩამოვიდაამანათი მოსკოვში, პირადად შევარდნაძისთვის! ედუარდ ამბროსოვიჩმა გადადო სახელწიფოებრივი საქმეები, გახსნა ამანათი და შიგ აღმოაჩინა ყოვლადუსარგებლო ფირები! მეტიც – რაღაც წერილი, რომლითაც გამომდინარეობს, რომ ამანათი განკუთვნილია მისთვის კი არა, მანანასთვის, რომელსაც საერთოდ არა აქვს დიპფოსტით სარგებლობის უფლება! ედუარდ ამბროსოვიჩი საშინლადგაბრაზდა და მისი რისხვა სრულიად უდანაშაულო მანანას დაატყდა თავს. საერთოდ, თუგესმის, რაში გაყავი თავი?!

– გოგი, – ვეუბნები, – ამ ფირების გამოგზავნის სხვა საშუალება არ მქონდა. ნუთუ არ გესმის, რომ ესაა რუსული კულტურის ისტორია. იოსიფ ბროდსკი!

– რა შუაშია ისტორია? სად რუსული კულტურის ისტორია და სად ქართველი ქალიშვილი! რატომ გინდა გაისტუმრო კეთილიქალი მონასტერში? ვინ მოგცა ამის უფლება?!

გული რომ იჯერა ყვირილით და ცოტა სული მოითქვა, ვკითხე, სად იყო ბოლოს და ბოლოს ფირები.

– ფირები ჩემთანაა, შეგიძლია წაიღო, მაგრამ შენ არამზადა ხარ!

დღემდე მადლიერი ვარ ედუარდ ამბროსოვიჩ შევარდნაძისა და ბორის დიმიტრიევიჩ პანკინისა, რომლებიც, ისე რომ თავადაც არ იცოდნენ, ასე უცნაურად დაეხმარნენრუსულ კულტურას. მართალია, იმ დროისათვის არ მქონდა სახსრები ბროდსკიზე ახალი ფილმის გადასაღებად, მაგრამ ჟურნალ “Юность”- ში გამოვაქვეყნე მიმართვა სტუდიებისადმი: “არსებობს მასალა ბროდსკიზე. ვის სურს ფილმის გადაღება?”. მაგრამ ამან ვერანაირისაპასუხო რეაქცია ვერ აღძრა, და მხოლოდ ათი წლის შემდეგ, როცა ბროდსკის გარდაცვალების ამბავი მოვიდა, გავაკეთე ფილმი “იოსიფ ბროდსკი: ცხოვრების ფურცლები”. ეს ფილმი ტელევიზიით უჩვენეს 1996 წლის 22 ივლისს. მე კი, ტელევიზორის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი ერთადერთ მაყურებელზე – იმ ქალზე, ვისი კარის წინაც მომიხდა დიდხანს დგომა სტოკჰოლმში გამგზავრებამდე. რატომღაც ძალიან მინდოდა, სწორედ მას ენახა ჩემი ფილმი

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box

One Comment