მოთხრობა შესულია კრებულში, “ევა ლუნას ამბებიდან” (1991)
ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
ამადეო პერალტა მამის ბანდაში გაიზარდა და როგორც მათი ოჯახის ყველა მამაკაცი, არამზადად იწვრთნებოდა. მამამისი თვლიდა, რომ სკოლა დედიკოს ბიჭებისთვის იყო მოგონილი. ცხოვრებაში თავი რომ გაიტანო, წიგნი სულაც არ გჭირდება, მთავარია მაგარი მუშტი გქონდეს და სწრაფად აზროვნებდეო, – ასე სჯეროდა და თავის ბიჭებსაც მხოლოდ უხეშობასა და დარტყმისათვის მზადყოფნას ასწავლიდა. მაგრამ მერე მიხვდა, რომ დროსთან ერთად ქვეყანაც სწრაფად იცვლებოდა და შავ-ბნელ საქმეებსაც უკეთესი საფარველი სჭირდებოდა. უნიღბოდ ყაჩაღობის ხანა კორუფციის დრომ შეცვალა; ესე იგი, ქონება თვითონაც თანამედროვე კრიტერიუმებით უნდა ემართა და იმიჯის გამოსწორებაზეც უნდა ეზრუნა. ჰოდა, მოუხმო თავის ვაჟებს და გავლენიან ხალხთან დამეგობრება და იმ კანონიერი ფანდების სწავლა დაავალა, სასჯელის საფრთხის გარეშე სიმდიდრის შემდგომი დაგროვების შესაძლებლობას რომ მისცემდათ. ისიც ურჩია, საცოლეები ძველ გვარიშვილებს შორის ეძებნათ და ამ გზით პერალტას გვარისთვის სისხლი და ტალახი ჩამოერეცხათ. ამ დროისათვის ამადეო ოცდათორმეტი წლის იყო; გოგოების ცდუნება და მიტოვება ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ქორწინების იდეა არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ მამის ურჩობა ვერ გაბედა. ექვსი თაობის მკვიდრი მდიდარი მიწათმფლობელის ქალიშვილს სთხოვა ხელი. ქალიშვილმა, რომელიც არცთუ ისე მიმზიდველი იყო და შინაბერად დარჩენის ეშინოდა, თაყვანისმცემელის საეჭვო რეპუტაციის მიუხედავად, პერალტას წინადადება მიიღო. მერე დაიწყო პროვინციული ნიშნობის მომაბეზრებელი ფუსფუსი. თეთრი ტილოს პერანგსა და პრიალა ფეხსაცმელში გამოწყობილი ამადეო ყოველ დღე ქორისთვალება სასიდედროს, ან რომელიმე დეიდის ზედამხედველობით ხვდებოდა თავის საცოლეს; და ვიდრე ახალგაზრდა ლედი ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, ამადეოს წარამარა საათისკენ გაურბოდა თვალი, რომ პირველივე მოხერხებულ წუთს წასასვლელად ბოდიში მოეხადა.
ქორწილამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, როცა ამადეო პერალტას საქმიანი მოგზაურობა მოუხდა პროვინციებში და გზად ერთ-ერთ ნახევრად ცარიელ და მივიწყებულ პატარა ქალაქში, აგუა სანტაშიც მოხვდა. ნასადილევს, როცა ქალაქის ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა და სიცხე და ჰაერი მანგოს მწკლარტე სუნს აგონებდა, მის სმენას ქვებზე მორაკრაკე ნაკადულს ხმასავით წკრიალა ბგერები მისწვდა. ხმა ერთი ღარიბული სახლიდან გამოდიოდა. რკინის ორნამენტებიან გისოსებს მიღმა, ეზოს სიღრმეში, მიწაზე ფეხმოკეცილი ყმაწვილი გოგონას მშვენიერი სილუეტი მოჩანდა. მუხლებზე ხის პაწია არფა ედო და სიმებს არხევდა. ამადეომ კარგა ხანს ვერ მოწყვიტა თვალი.
“აქეთ მოდი, ძვირფასო არსებავ”, – ბოლოს ასე დაუძახა. გოგონამ თავი ასწია და ამადეომ ბავშვურ სახეზე შეცბუნებული თვალები და დაბნეული ღიმილი შენიშნა. “ჩემთან წამოდი”, – ჩახლეწილი ხმით შეევედრა.
გოგონა შეყოვნდა. უკანასკნელმა ბგერამ კითხვასავით გაიწკრიალა. პერალტამ კიდევ დაუძახა. გოგონა წამოდგა და მისკენ წამოვიდა; ამადეომ რკინის გისოსში შეაცურა ხელი, საკეტი ასწია, კარი გააღო და მის ხელს მიწვდა; და მერე თავისი ცდუნებათა მთელ რეპერტუარს მოხსნა პირი: დაიფიცა, რომ ოცნებებში ხედავდა ამ გოგოს, რომ მთელი ცხოვრება სწორედ მას ეძებდა, რომ ვეღარსად გაუშვებს, ვერავინ დაუთმობს, რადგან მისი ბედისწერაა. შეეძლო უამყველაფროდაც იოლად გასულიყო. გოგონას, უბრალოს და ალალს, კაცის სიტყვების მნიშვნელობა არც კი ესმოდა. თუმცა, ნათქვამის ტონმა საბოლოოდ მოაჯადოვა. ჰორტენზია ერქვა და ის-ის იყო თხუთმეტი შესრულებოდა. სხეული პირველი გრძნობებისთვის უკვე მოწეოდა, თუმცა სხეულში ჩაბუდებულ მღელვარებას ჯერ სახელს ვერ უძებნიდა. ამადეოსთვის იოლი იყო მისი მანქანაში ჩასმა, მყუდრო ადგილის გამოძებნა და ერთ საათში სულაც გადავიწყება. ვერც კი იცნო, როცა ერთი კვირის შემდეგ გოგონა მოულოდნელად სახლში მიადგა. ას ორმოცი კილომეტრი გამოევლო. ბამბის უბრალო ყვითელი კაბა და ტილოს ესპადრელები ეცვა, მკლავი არფასათვის მოეხვია და მთლიანად სიყვარულის ალმური ასდიოდა.
ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც ცოცხლად ჩამარხული ჰორტენზია ორმოდან ამოიყვანეს, როცა ჟურნალისტები ქვეყნის ყველა კუთხიდან დაეხვიენ ფოტოების გადასაღებად, აღარც საკუთარი სახელი ახსოვდა და არც ის, იქ როგორ მოხვდა.
რეპორტიორები ამადეო პერალტას მიაწყდნენ: “რატომ გყავდათ ასე, საბრალო მხეცივით გამომწყვდეული”?
“იმიტომ რომ ასე მინდოდა”, – მშვიდად უპასუხა მან. ამ დროისათვის ოთხმოცის იყო და ჯერ კიდევ ძველებურად ბრწყინავდა; ვერ გაეგო, ამდენი წლის წინანდელი ამბის გამო რა საჭირო იყო მთელი ეს აურზაური.
ახსნა-განმარტებს არასოდეს იძლეოდა. ავტორიტეტული კაცი იყო, პატრიარქი, ოჯახის დიდი პაპა; ვერავინ ბედავდა მისთვის თვალის გასწორებას, მღვდლებიც კი თავდახრით ესალმებოდნენ. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ერთი-ასად აქცია; უდიდესი მიწების მფლობელი გახდა; მერე პოლიტიკური კარიერაც აიწყო და იმ მიდამოებში ყველაზე გავლენიან კაცად იქცა. ცოლად შეირთო მიწათმფლობელის უშნო ქალიშვილი და მასთან ერთად ქვეყნად ცხრა კანონიერი მემკვიდრე მოავლინა; ყავდა უთვალავი ნაბიჭვარიც, სხვა ქალებისაგან, რომელთაგან ერთიც არ ახსოვდა. სიყვარულისთვის გული მეტისმეტად დაკოჟრებოდა. ერთადერთი ქალი, რომლის სრული გადავიწყებაც ვერ მოახერხა, ჰორტენზია იყო; ეს ქალი გამუდმებული კოშმარივით უტრიალებდა გონებაში. მიტოვებული ნაკვეთის მაღალ ბალახში ხანმოკლე ალერსის შემდეგ, ის თავის სახლს, საქმეს და მოსაწყენ საცოლეს დაუბრუნდა. ჰორტენზიამ თვითონ დაუწყო ძებნა, ვიდრე არ მიაგნო; და პერანგის სახელოზეც თვითონ ჩაებღაუჭა შემაშფოთებელი მონური მორჩილებით. “სახუმარო ამბავს არ ჰგავსო”, – გაიფიქრა. დღე-დღეზე ზარზეიმით ქორწილი უნდა გაემართა და ეს იდიოტი გოგო კი კარზე მოსდგომოდა. თავიდან უნდა მოეშორებინა. და მაინც, იმ ყვითელ კაბაში გამოწყობილს, თვალებში ვედრებაჩამდგარს რომ შეხედა, იფიქრა, სულელი ვიქნები შემთხვევა არ გამოვიყენოო. გადაწყვიტა, ცოტა ხნით, ვიდრე გამოსავალს იპოვნიდა, სადმე დაემალა.
და აი, ასე უბრალოდ, უცაბედად აღმოჩნდა ჰორტენზია ძველი შაქრის წისქვილის სარდაფში, რომელიც პერალტების გვარს ეკუთვნოდა და რომელშიც ჰორტენზიამ მთელი ცხოვრება გაატარა. ეს იყო დიდი ოთახი, ბნელი და ნესტიანი; ზაფხულში სულის შემხუთველი და ღამღამობით ცივი; ძველი ავეჯის ნარჩენებითა და თივით სავსე. ამადეოს მისთვის მეტი კომფორტის შექმნაზე არც უზრუნია, თუ არ ჩავთვლით იმ ფანტაზიებს, რომლებითაც გოგონას დროდადრო კვებავდა; რომლებშიც მას აღმოსავლური ზღაპრიდან გადმოყვანილ სატრფოდ აქცევდა, გამჭვირვალე მოსასხამებსა და ფარშევანგის ფრთებში ახვევდა; იქაურობას დაკიდული ჭერით, ფერადშუშიანი ლამფებით, მოოქროვილი ავეჯითა და სქელი ხალიჩებით რთავდა. ჰორტენზიას რომ შეეხსენებინა, შეიძლება დაპირებები მართლა შეესრულებინა; მაგრამ გოგონა ველური ჩიტივით იყო; გალიის სიღრმეში შეყუჟულ ბრმა ფრინველს ჰგავდა. მხოლოდ ცოტაოდენი საკვები და წყალი სჭირდებოდა. ყვითელი კაბაც შემოეხა და სულმთლად შიშველი დარჩა.
“ვუყვარვარ. მე მას ყოველთვის ვუყვარდი”, – აი, ეს თქვა, როცა მეზობლებმა იქიდან იხსნეს. ამდენი წლის ტყვეობაში სიტყვების გამოთქმას გადაჩვეოდა და ბაგიდან სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ქალის ხროტინივით ხმა ამოუვიდა.
რამდენიმე კვირის მანძილზე ამადეო ძირითადად მასთან სარდაფში იყო. იმ მადას იოკებდა, დაუოკებელი რომ ეგონა. ეშინოდა, რომ ჰორტენზიას ვინმე აღმოაჩენდა; საკუთარი თავისაც კი შურდა; სარდაფში დღის სინათლესაც არ უშვებდა; მხოლოდ სავენტილაციო ხვრელიდან შემოსული პატარა სხივი ანათებდა იქაურობას. სიბნელეში ერთმანეთს გიჟებივით ეწაფებოდნენ; კანი ეწვოდათ, გულები კიბორჩხალებივით ეკრუნჩხებოდათ. იმ ჯურღმულში ყველა სურნელი და გემო უკიდურესად მძაფრი ჩანდა. ერთმანეთს ეხვეოდნენ, ერთად იყვნენ, ერთმანეთის ყველაზე ფარულ ვნებებში იძირებოდნენ. მათი ხმები ექოებად გრძელდებოდა. კედლები ერთი-ასად გაძლიერებულ სულთქმასა და ოხვრას უკან უბრუნებდათ. სარდაფი საცობიან ფლაკონს დაემსგავსა, რომლის ჯადოსნურ სითხეშიც მოელვარე, ტყუპისცალი ემბრიონებივით დალივლივებდნენ. ეს აბსოლუტური სიახლოვე თითქოს სიყვარულშიც აერიათ.
როცა ჰორტენზიას ეძინებოდა, მისი სატრფო საჭმლის მოსატანად მიდიოდა და გოგონას გაღვიძებამდე ბრუნდებოდა, სასიყვარულოდ ძალამოკრებილი, ალერსის ტალღების გასაახლებლად. მათ შეეძლოთ მანამდე ყვარებოდათ ერთმანეთი, ვიდრე ვნებისაგან სული არ ამოხდებოდათ; შეეძლოთ ერთმანეთი შთაენთქათ, ჩირაღდნებივით აალებულიყვნენ; მაგრამ ასე არ მომხდარა. ის, რაც მოხდა, იყო უფრო ჩვეულებრივი, მოსალოდნელი და ნაკლებად გრანდიოზული. ერთი თვეც არ გასულა და ამადეო პერალტა დაიღალა ერთსა და იმავეს თამაშით; ნესტისაგან სახსრებში ტკივილი იგრძნო და ამ ჯურღმულის გარეთ არსებულისადმი ლტოლვა დაუბრუნდა. დრო დადგა, ცოცხლების სამყაროს დაბრუნებოდა და ხელში მისთვის განკუთვნილი სკიპტრა აეღო.
“შენ აქ დამელოდე, მე გარეთ მივდივარ და ძალიან მდიდარი გავხდები. ისეთ საჩუქრებს, კაბებს და სამკაულებს მოგიტან, დედოფალს რომ ეკადრება”, – ასე უთხრა და გამოემშვიდობა.
“ბავშვები მინდა”, – თქვა ჰორტენზიამ.
“ბავშვები არა, მაგრამ თოჯინები გეყოლება”.
თვეები გადიოდა და პერალტას დაავიწყდა კაბების, სამკაულების და თოჯინების შესახებ. ჰორტენზიასთან მაშინ მიდიოდა, როცა ახსენდებოდა. ყოველთვის საალერსოდ არა. ზოგჯერ, უბრალოდ, უნდოდა მისი არფისათვის მოესმინა. მოსწონდა, ინსტრუმენტთან დახრილს, სიმებით გართულს რომ უცქეროდა. ზოგჯერ ისე ეჩქარებოდა, სიტყვას არ ეტყოდა. წყლის თასებს უვსებდა, პროდუქტით სავსე ტომარას უტოვებდა და მიდიოდა. ერთხელ მთელი ცხრა დღის განმავლობაში არ გახსენებია და რომ მიაკითხა, სიკვდილის პირას მისულს მიუსწრო. მიხვდა, ვინმე უნდა ეპოვნა, ვინც მის ტყვეს მოუვლიდა, რადგან უკვე აღარც ეცალა, მთელი დრო ოჯახს, მოგზაურობას და საქმეებს მიჰქონდა. ამ როლისათვის სიტყვაძვირი ინდიელი ქალი აირჩია. ბოქლომის გასაღებს ის ინახავდა და რეგულარულად მოდიოდა, რომ სარდაფი დაესუფთავებინა და სირსველი მოეცილებინა ჰორტენზიას სხეულიდან, თვალისთვის თითქმის უხილავი, ბაცი, ნაზი ყვავილებით რომ დაფარულიყო და მოხნული მიწისა და მიტოვებული საგნების სუნი რომ ჰქონოდა.
“ნუთუ არასოდეს გიგრძვნიათ სიბრალული ამ ქალის მიმართ”, – ჰკითხეს ინდიელს, როცა ისიც დააპატიმრეს ადამიანის მოტაცებაში თანამზრახველობის ბრალდებით. ქალმა პასუხი არ გასცა; არაფრისმეტყველი თვალებით იცქირებოდა და თამბაქოს შავ კვამლს აბოლებდა.
არა, მას არ უგრძვნია სიბრალული ამ ქალის გამო; სჯეროდა, რომ ამ ქალის მოწოდება მონობა იყო და რომ ამ მონობაში თავს ბედნიერადაც კი გრძნობდა; ან კიდევ, იდიოტად იყო დაბადებული და როგორც სხვა მისნაირებს, ერჩია გამომწყვდეული ყოფილიყო, ვიდრე ქუჩის დაცინვა და საფრთხე აეტანა. ჰორტენზიას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ თავისი მეტუსაღის აზრი შეეცვალა. არასოდეს გამოუხატავს ინტერესი სამყაროსადმი; არასოდეს უცდია გარეთ გამოსვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა; და არასოდეს, არაფრის გამო არ დაუჩივლია. მოწყენილსაც არასდროს ჰგავდა. მისი გონება ბავშვობის რომელიღაც საფეხურზე გაჩერდა; მარტოობა არანაირად არ აწუხებდა. მიწისქვეშა არსებად იქცა. იქ, იმ სამარეში გრძნობები გაუმძაფრდა და უხილავის დანახვა ისწავლა; ის გარშემორტყმული იყო ჰალუცინაციური სულებით, რომლებსაც ხელჩაკიდული მიჰყავდათ სხვა სამყაროებისაკენ. უკან ტოვებდა კუთხეში მიკუნჭულ სხეულს და ვარსკვლავებით მოჭედილ სივრცეში მოგზაურობდა, როგორც მტვრის ნაწილაკი, ბნელ სამყაროში ყოველგვარი მიზეზისა და მიზნის გარეშე მოხეტიალე. სარკე რომ ჰქონოდა, საკუთარი გამოსახულება შეაძრწუნებდა. ახლა კი, რადგან არ შეეძლო თავის დანახვა, ის არ იყო საკუთარი ხრწნის მოწმე: ვერ ხედავდა კანზე ჩამოკიდულ ქერცლს, ვერც აბრეშუმის ჭიებს, გრძელ, აბურდულ თმაში რომ ჩახვეოდნენ; ვერც ჩრდილების ჭვრეტისაგან დაბრმავებულ თვალებში დაწოლილ ტყვიისფერ ღრუბლებს. ვერ გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა ყურები, ვიდრე სმენა გარე სამყაროს ბგერებზე, უსუსტეს და უშორეს ხმებზე, – სკოლის შენობაში ბავშვების სიცილზე, ნაყინის გამყიდველის ზარის წკარუნზე, ჩიტების ფრენაზე, მდინარის ბუტბუტზე გამახვილებოდა. ვერც იმას ხვდებოდა, რომ მისი ერთდროს ლამაზი და ძლიერი ფეხები, ამ შეზღუდულ სივრცეში ხოხვისაგან სულმთლად დაიგრიხა; რომ ფეხის თითებზე ფრჩხილები ნადირის ჩლიქებივით გაუსქელდა; რომ ძვლები მინის მილებად ექცა, მუცელი ნეკნებს შორის ჩაუვარდა, ზურგზე კუზი დააწვა. მხოლოდ მისი ხელები, მუდამ არფაზე შემოხვეულები, ინარჩუნებდნენ ფორმას და სიმეტრიას. თუმცა, თითებს დაავიწყდათ ყველა ძველი მელოდია და ახლა ინსტრუმენტი მხოლოდ მის მკერდში დაგუბებულ ამოუთქმელ კვნესას გამოსცემდა. შორიდან ჰორტენზია ცირკის ტრაგიკულ მაიმუნს ჰგავდა; უფრო ახლოდან ის უსაზღვრო სიბრალულის გრძნობას აღძრავდა. თავსდატეხილი საზარელი ცვლილებისა აბსოლუტურად ვერაფერი გაეგო. გონებაში უცვლელად ჩარჩენოდა საკუთარი გამოსახულება, გოგონას სახე, ამადეო პერალტას მანქანამ იმ დღეს რომ აირეკლა, როდესაც ამ ჯურღმულში მოჰყავდა. სჯეროდა, რომ ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის და ისე იქცეოდა, თითქოს მართლა ლამაზი იყო. სილამაზის ხსოვნა მის არესებაში ღრმად შეყუჟულიყო და თუ ძალიან მიუახლოვდებოდი, პრეისტორიული ჯუჯის ფასადის მიღმა ამ ხიბლისათვის შეიძლებოდა თვალიც მოგეკრა.
ამასობაში კი, ამადეო პერალტამ, მდიდარმა და საშიშმა, მთელი რეგიონი დაიპყრო. კვირაობით თავში უჯდა უზარმაზარ მაგიდას, რომელსაც გარს მისი ვაჟები და ძმისშვილები, მეგობრები და ხელქვეითები, განსაკუთრებული სტუმრები, პოლიტიკოსები და გენერლები შემოსხდომოდნენ. ყველას გულითადად, მაგრამ გარკვეული ქედმაღლობით ექცეოდა. ყველას უნდა ხსომებოდა, თუ ვინ იყო აქ მთავარი. ზურგსუკან ხალხი ჭორაობდა, თუ რამდენს დაუნგრია ცხოვრება, რამდენი გააქრო, მთავრობას როგორ ქრთამავდა. ამბობდნენ, ქონების ნახევარი კონტრაბანდით იშოვაო, მაგრამ არავის უცდია მისი უკანონო ქმედებებისათვის სამხილის მოძებნა. იმასაც ამბობდნენ, სარდაფში ტყვე ქალი ჰყავსო. ამაზე კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ყვებოდნენ, ვიდრე პერალტას სხვა შავ-ბნელი საქმეების შესახებ. ბევრმა იცოდა ეს ამბავი. ცნობილი საიდუმლოსავით იყო.
ერთ ძალიან ცხელ შუადღეს სამი პატარა ბიჭი სკოლიდან გაიპარა მდინარეზე საბანაოდ. რამდენიმე საათი იჭყუმპალავეს და მერე პერალტების ძველი შაქრის წისქვილისკენ გაეშურნენ. ეს წისქვილი ჯერ კიდევ მათი პაპების დროს დაიხურა, როცა შაქრის ჭარხლის ბიზნესმა სარფი დაკარგა. ამბობდნენ, წისქვილი გათვალულიაო. იქიდან დემონების ხმა გამოდიოდა და ბევრს დაუნახავს კიდეც, როგორ უხმობდა ბებერი, გაწეწილი ალქაჯი მკვდარი მონების სულებს. თავგადასავლის მაძიებელი ბიჭები პერალტების მამულში გადაძვრნენ და წისქვილს მიუახლოვდნენ. მალე ნანგრევებში შესვლაც გაბედეს. ალიზის კედლებიანი და ტერმიტების სატერონი გრძელი ოთახები გაირბინეს; გზას იატაკიდან მოხეთქილ მცენარეებში, ნაგვისა და ცურცლის გროვაში, დამტვრეული კრამიტებისა და გველების ბუდეებს შორის მიიკვლევდნენ. თავის გასამხნევებლად ხუმრობდნენ და ერთმანეთს აქეზებდნენ. ასე მიაღწიეს უზარმაზარ ჭერჩამონგრეულ ოთახს. აქ წვიმას და მზეს შაქრის დაჟანგული საფქვავი მცენარეებში გაეხვია. ბიჭებმა თითქოს შაქრისა და ოფლის ძველისძველი სუნიც იყნოსეს. გაბედულება სულ უფრო ემატებოდათ, როცა მოულოდნელად, ზარის წკრიალივით მკაფიოდ, რაღაც შემზარავი სიმღერის ბგერები შემოესმათ. კანკალი აუვარდათ; ლამის უკან გამოიქცნენ, მაგრამ ფეხი ვერ გადადგეს. იქვე მიიკუნტნენ და მოჯადოებულებივით უსმენდნენ კოშმარულ მელოდიას, ვიდრე სმენა უკანასკნელმა ბგერამ არ გაბურღა. თანდათან გონს მოვიდნენ; შიშმა გაუარათ და ძებნა დაუწყეს ამ არამიწიერი ბგერების წყაროს. იატაკში პატარა, ბოქლომით დაკეტილი კარი იპოვეს. ბოქლომი ვერ გააღეს და ფიცრების ამომტვრევა დაიწყეს. ცხვირში გალიაში დამწყვდეული მხეცის სუნივით სიმყრალე ეცათ. დაიძახეს, მაგრამ არავინ უპასუხათ. მეორე მხარეს მხოლოდ მძიმე ქშინვა ისმოდა. ბიჭებიც ყვირილით გამოიქცნენ და ყველას მოსდეს ამბავი, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭეს მიაგნეს.
ბავშვების ღელვა ვერაფრით დააცხრეს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მეზობლებმა თვალნათლივ იხილეს, რასაც ათწლეულების მანძილზე ეჭვობდნენ. ჯერ ბიჭების დედები მოვიდნენ კარის ჭუჭრუტანაში ჩასახედად, მათაც არფას იგივე საზარელი ხმა მოესმათ, – ასე განსხვავებული იმ ბანალური მელოდიისგან, დიდი ხნის წინათ, აგუა სანტას ქუჩაში ოფლის მოსაწმენდად შეჩერებული ამადეო პერალტას ყურადღება რომ მიიპყრო. დედებს ფეხდაფეხ მოჰყვა ცნობისმოყვარეთა მთელი ნაკადი და უკვე მთელი ბრბო იყო შეგროვილი, როცა პოლიციამ და სახანძრომაც მოაღწია. კარი ჩაამტვრიეს და ღრმულში ფარნებითა და მთელი აღჭურვილობით ჩაეშვნენ. ორმოში რაღაც შიშველი არსება დახვდათ. კანი ძვლებზე ჩამოჰკიდებოდა, გაწეწილი ჭაღარა თმა მიწამდე სცემდა და ხმაურითა და სინათლით შეშინებული ღმუოდა. ეს ჰორტენზია იყო, – მეხანძრეების ფარნების თვალისმომჭრელ შუქზე მარგალიტის ნიჟარასავით ფოსფორისფრად მოელვარე. თითქმის ბრმა იყო, კბილები სულმთლად დალპობოდა და ფეხზე ძლივს იდგა. მის ადამიანურ წარმომავლობაზე მხოლოდ ძველისძველი, მკერდზე მიკრული არფა მეტყველებდა.
ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ტელეეკრანი და გაზეთები აჭრელდა – ნახევარი საუკუნის შემდეგ ორმოდან ამოყვანილი, მიწოდებულ მოსასხამში გახვეული, ნახევრადშიშველი ქალის სურათებით. გულგრილობა, რომლითაც სამყარო გარს ერტყა ათწლეულების მანძილზე, სულ რამდენიმე საათში შურისძიებისა და ჰორტენზიასათვის დახმარების გაწევის დაუცხრომელ სურვილად იქცა. მეზობლებმა ამადეო პერალტას ლინჩის წესით გასამართლება გადაწყვიტეს; სახლი დაურბიეს, გამოათრიეს და გვარდია დროულად რომ არ მოსულიყო, მოედანზე, ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯდნენ. თითქოს ყველა დამნაშავედ გრძნობდა თავს ჰორტენზიას წინაშე, ყველას რაღაცის გაკეთება სურდა. დაიწყეს ფულის შეგროვება მისთვის პენსიის დასანიშნად; ტონობით ტანსაცმელი და წამლები შეაგროვეს, – მას რომ არც სჭირდებოდა. რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას დაევალა სხეულიდან ჭუჭყის მოცილება, თმის შეჭრა და თავიდან-ფეხებამდე შემოსვა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივ მოხუც ქალს დამსგავსებოდა. მოწყალების დებმა ღარიბთა თავშესაფარში საწოლი შესთავაზეს და რამდენიმე თვის განმავლობაში დაბმული ჰყავდათ, რომ უკან, სარდაფში არ გაქცეოდათ. დღის სინათლეს და ადამიანებს შორის ცხოვრებას ძლივს შეაჩვიეს.
პრესის მიერ გაღვივებული სახალხო მღელვარებით ამადეო პერალტას ურიცხვმა მტრებმაც ისარგებლეს და შეუტიეს. მთავრობამ, რომელსაც წლების მანძილზე არ გადაუხედავს მისი კანონდარღვევებისათვის, ახლა თავს დაატეხა მართლმსაჯულების მთელი რისხვა. სკანდალი იმდენ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ციხეში არ ჩასვეს. მერე ამბავი ნელ-ნელა მიყუჩდა და დავიწყებას მიეცა. ოჯახისა და მეგობრების მიერ უარყოფილმა, ყოველგვარი სიმდაბლისა და სისაძაგლის სიმბოლოდ ქცეულმა, ციხის მეთვალყურეებისა და პატიმრების მიერ ერთნაირად აძულებულმა პერალტამ დარჩენილი სიცოცხლე ციხეში გაატარა. მუდამ თავის საკანში რჩებოდა; არასოდეს გადიოდა სხვა ტუსაღებთან ერთად ციხის ეზოში სასეირნოდ. აქედან მხოლოდ ქუჩიდან შემოსული ხმებისათვის შეეძლო ესმინა.
ყოველდღე, დილის ათ საათზე, ჰორტენზია შეშლილი ქალის არეული ნაბიჯებით მობარბაცებდა ციხისაკენ და გუშაგს კარიბჭეში ტუსაღისათვის თბილ ქვაბს აწვდიდა.
“მშიერი თითქმის არასდროს დავუტოვებივარ”, – თავის მართლებასავით ეტყოდა ხოლმე გუშაგს. მერე ქუჩაში იჯდა და არფაზე უკრავდა. სიმებს აუტანელი ტანჯვის კვნესას აგლეჯდა. მისი ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაეტანათ, ან გაეჩერებინათ, გამვლელები ფულს სთავაზობდნენ.
კედლის მეორე მხარეს მოკუნტულ ამადეო პერალტას ესმოდა ეს ბგერები, რომლებიც თითქოს დედამიწის სიღრმიდან მოიწევდნენ და მისი სხეულის ყოველ ნერვში, ძარღვში აღწევდნენ. ეს ყოველდღიური წამება რაღაცაზე მიანიშნებდა, მაგრამ არაფერი აღარ ახსოვდა. დროდადრო სინდისის ქენჯნა კრუნჩხავდა; მაგრამ მერე გონება ისევ ებინდებოდა და წარსულის აჩრდილებიც სქელი ნისლით იფარებოდა. არ იცოდა, რას აკეთებდა ამ სამარეში; და თანდათან ქვეყნის ნათელიც დაავიწყდა და მთლიანად თავის ტანჯვას მიეცა.
© ”არილი”