სიტყვა, წარმოთქმული მილანის მუნიციპალური ბიბლიოთეკის 25 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე 1981 წლის 10 მარტს.
(ნაწილი I)
იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ
მიმაჩნია, რომ ამ სათაყვანებელ ადგილას მიზანშეწონილი იქნებოდა წიგნის კითხვით დამეწყო, როგორც ეს რელიგიური წესის აღსრულებისას არის მიღებული. არა ინფორმაციის მისაწოდებლად, რადგანაც წმიდა წიგნის კითხვისას ყველამ იცის მისი შინაარსი, არამედ ლიტანიის გასამართავად და სულთა კეთილი განწყობისათვის. ამრიგად:
“ქვეყნიერება (რომელსაც სხვა ვინმე ბიბლიოთეკას დაარქმევდა) შედგება ექვსკუთხა გალერეების განუსაზღვრელი ან სულაც უსასრულო რიცხვისაგან, რომლებსაც შუაგულში დატანებული აქვს დაბალი მოაჯირით გარშემორტყმული ფართო სავენტილაციო ჭები. ყოველი ექვსკუთხედიდან მოჩანს ზედა და ქვედა სართულების დაუსრულებელი რიგი. გალერეებში საგნების განაწილება უცვლელია. ოცდახუთი ფართო თარო – ხუთ-ხუთი თითოეულ კედელზე – ყველა კედელს ფარავს ერთის გამოკლებით; მათი სიმაღლე, რომელიც ყოველი სართულის სიმაღლის ტოლია, დიდად არ ჭარბობს ჩვეულებრივი ბიბლიოთეკის სიმაღლეს. თავისუფალი კედელი ვიწრო დერეფანში გადის, რომელსაც, თავის მხრივ, სხვა გალერეაში მივყავართ, რომელიც პირველისა და ყველა დანარჩენის იდენტურია. დერეფნის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ორი მცირე ოთახია. ერთი ზეზეურად ძილის საშუალებას იძლევა; მეორე კი – ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გათვალისწინებული. აქვე გადის სპირალური კიბე, რომელიც უსასრულოდ გრძელდება აღმაც და დაღმაც. დერეფანში ანარეკლთა ზუსტად გადმომცემი სარკე დგას […] ყოველი ექვსკუთხედის ყოველ კედელს ხუთი თარო შეესაბამება; ყოველ თაროზე განლაგებულია ერთი და იმავე ფორმატის ოცდათორმეტი წიგნი; ყოველ წიგნში ოთხას ათი გვერდია; ყოველ გვერდზე – ორმოცი პწკარი, ორმოცი შავი ფერის ასონიშნისაგან შემდგარი. ასოები ყოველი წიგნის ყყდასაც აწერია, მაგრამ ისინი სულაც არ მიგვანიშნებენ და არც გვახვედრებენ გვერდებზე დაწერილის შინაარსს. ვიცი, რომ ეს შეუსაბამობა ერთ დროს იდუმალებით მოცულად მიაჩნდათ. […] ხუთასი წლის წინათ ერთ-ერთი ექვსკუთხედის ზედამხედველმა მიაკვლია წიგნს, რომელიც ისეთივე არეული იყო, როგორც სხვები, მაგრამ მასში ორიოდე გვერდი მოიპოვებოდა ერთგვარი და ალბათ წასაკითხად ვარგისი დამწერლობით შევსებული. მან ეს ნაპოვნი მოხეტიალე განმმარტებელს აჩვენა, რომელმაც თქვა, რომ ნაწერი პორტუგალიური იყო. სხვებმა უთხრეს, რომ ის ორი გვერდი იდიშზე იყო დაწერილი. თითქმის საუკუნოვანი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ საქმე ჰქონდათ გუარანის ენის სამოედურ-ლიტვურ დიალექტთან, რომელსაც კლასიკური არაბულის ოდნავი გავლენა ეტყობოდა. გაარკვიეს შინაარსიც: ტექსტი ეხებოდა კომბინატორული ანალიზის ცნებათა გადმოცემას შემოუსაზღვრავი გადანაცვლებებისა და გამეორებების საშუალებით. ამ მაგალითებმა მიიყვანეს ერთი გენიალური ბიბლიოთეკარი ბიბლიოთეკის კანონის აღმოჩენამდე. […] უკეთურნი ამტკიცებენ, რომ უაზრობა ჩვეულებრივია ბიბლიოთეკაში, საზრისი კი (ისევე როგორც მდაბალი და უბრალო შესაბამისობა) – თითქმის სასწაულებრივი გამონაკლისია. ლაპარაკობენ (დანამდვილებით ვიცი) “ციებ-ცხელებით შეპყრობილ ბიბლიოთეკაზე, რომლის შემთხვევით ტომებს მუდმივად ემუქრება გადასხვაფერება, რადგან ისინი ყველაფერს ამტკიცებენ, უარყოფენ და ერთმანეთში ურევენ როგორც ჭკუადაკარგული ღვთაება”. ეს სიტყვები, რომლებიც არა მხოლოდ ამხელენ უწესრიგობას, არამედ ცხადყოფენ მას, სინამდვილეში მოწმობაა მათი წარმომთქმელის უდაბლესი გემოვნებისა და განწირული უმეცრებისა. სინამდვილეში ბიბლიოთეკა მხოლოდ აბსოლუტურ უაზრობას კი არ შეიცავს, არამედ ყველა ვერბალურ სტრუქტურას, ყველა იმ კომბინაციას, რომელიც ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლოს საშუალებით მიიღება. […] ლაპარაკი ტავტოლოგიაში ჩავარდნას ნიშნავს. ეს უსარგებლო და სიტყვამრავალი ნაწერი უკვე არსებობს ერთ-ერთ ტომში იმ ოცდაათისგან, ურიცხვი ექვსკუთხედების ხუთი თაროდან ერთ რომელიღაცაზე ისევე, როგორც მისი უარყოფა. (შესაძლებელ ენათა nრაოდენობა ერთსა და იმავე ლექსიკონს იყენებს; ზოგიერთ მათგანში სიმბოლო ბიბლიოთეკა განიმარტება როგორც ექვსკუთხა გალერეების მყარად განლაგებული და მარადიული სისტემა, მაგრამ აქ ბიბლიოთეკა ნიშნავს პურს, ან პირამიდას და კიდევ სხვა რამეს ნიშნავს მისი განმმარტებელი შვიდი სიტყვა. შენ, მკითხველო, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი ენა გესმის?” ამინ!
ეს ფრაგმენტი, როგორც ყველას მოგეხსენებათ, ერთი თავია “ბაბილონის ბიბლიოთეკიდან” და ეკუთვნის ხორხე ლუის ბორხესს. მე გეკითხებით: ნუთუ ამ დარბაზში შეკრებილ ბიბლიოთეკათა აქტიურ მომხმარებლებს, ბიბლიოთეკათა დირექტორებს, მუშაკებს ამ სტრიქონების ხელახლა გაგონებისას და მათზე ფიქრისას არ გახსენებიათ საკუთარი გამოცდილება გრძელ დერეფნებსა და სამკითხველო დარბაზებში ყოფნისა, სიყმაწვილეში, ან მოწიფულ ასაკში რომ მიუღიათ? მართლაც საკითხავია: ნუთუ ბაბილონის ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყნიერების ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ამავე დროს ვერ იქნება რომელიმე შესაძლებელი ბიბლიოთეკის ხატი და მსგავსი? ნუთუ შეუძლებელია დავგეგმოთ არსებული ბიბლიოთეკების აწმყო და მომავალი, წმინდა ფანტასტიკური მოდელების წარმოდგენით? ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. მაგალითად მოვიყვან ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოვიგონე იმის ასახსნელად, თუ როგორ მუშაობს კოდი: საქმე ეხება წიგნების კლასიფიკაციის ოთხი თანრიგისაგან შემდგარ ძალიან მარტივ კოდს. პირველი თანრიგი აღნიშნავს დარბაზს, მეორე – კედელს, მესამე – კედლის თაროს და მეოთხე კი – წიგნის გალაგებას თაროზე. ამის გამო აღნიშვნა 3486 ნიშნავს მესამე დარბაზს, მეოთხე კედელს მარცხნიდან, მერვე თაროსა და მეექვსე ადგილს თაროზე. შემდეგ შევნიშნე, რომ ამ ელემენტარული კოდის გამოყენებითაც კი შეიძლება საინტერესო თამაშების მოგონება. მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ 33335.33335.33335.33335. ამგვარად გამოვსახავთ ბიბლიოთეკას, რომელშიც დარბაზების უზარმაზარი რიცხვია, ყოველ დარბაზს მრავალკუთხა ფორმა აქვს და მათი ერთობლიობა ფუტკრის თვალის მსგავს სტრუქტურას ქმნის. დარბაზები ძალიან დიდია და თუ იმ სივრცეში სიმძიმის ძალა არ იმოქმედებს, თაროები ჭერზეც განლაგდება. საოცარი რაოდენობის (33000-ზე მეტი) კედლებისაგან თითოეული ძალიან ვრცელი უნდა იყოს, რომ 33000-ზე მეტი თარო დაიტიოს, ყოველი თარო კი – მეტად გრძელი, რათა მასზე 33000-ზე მეტი წიგნი მოთავსდეს.
ეს ბიბლიოთეკა სინამდვილეში შესაძლებელია თუ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნება? ყოველ შემთხვევაში, საშინაო ბიბლიოთეკებისათვის ვარგისი კოდებიც იძლევა ამგვარი ვარიაციებისა და მრავალკუთხა ბიბლიოთეკის წარმოდგენის საშუალებას. ეს შესავალი იმიტომ წავუმძღვარე ჩემს მოხსენებას, რომ მიღებული მიწვევით დავალებულმა ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა მეთქვა ბიბლიოთეკის შესახებ, გადავწყვიტე დამედგინა ბიბლიოთეკის გარკვეული და გაურკვეველი დანიშნულება. მცირე ინსპექციით დავიარე ჩემთვის მისაწვდომი ბიბლიოთეკები, რომლებიც ღამის საათებშიც ღიაა: აშურბანიპალის ბიბლიოთეკა ნინევიაში, პოლიკრატე სამოსელის, პისისტრატე ათენელის ბიბლიოთეკები,მერე კიდევ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში 400 000 ტომს ითვლიდა, ხოლო I საუკუნეში – 700 000, და ბოლოს პერგამოსა და ავგუსტუსის ბიბლიოთეკები (კონსტანტინე დიდის დროს რომში 28 ბიბლიოთეკა იყო). გარდა ამისა საკმაო ახლობლობა მაკავშირებს ზოგიერთ ბენედექტინურ ბიბლიოთეკასთან. ასე რომ, დავიწყე იმის კვლევა, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკას. ალბათ, ასურბანიპალისა და პოლიკრატეს დროს ეს ფუნქცია შეგროვება იყო, რათა უმეთვალყურეოდ არ დაეტოვებინათ გრაგნილები. შემდეგ ამას განძეულის დაუნჯების ფუნქციაც დაემატა, რადგან გრაგნილები ძვირი იყო. კიდევ უფრო მოგვიანებით, ბენედექტინელთა ხანაში, ბიბლიოთეკის ფუნქციაში ტექსტების გადაწერაც შედიოდა: ბიბლიოთეკა თითქმის გარდამავალ ზონად იქცა – წიგნი შემოდიოდა, გადაიწერებოდა და შემდეგ ორიგინალი ან ასლი ისევ გადიოდა ბიბლიოთეკიდან. ვფიქრობ, რომ უკვე ავგუსტუსის ან კონსტანტინეს ეპოქაში ბიბლიოთეკის ფუნქცია წიგნის წაკითხვა იყო, რაც ეთანხმებოდა იუნესკოს გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც ამას ჩემს მიერ დღეს მიღებული ტექსტი ირწმუნება, აცხადებს, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დანიშნულებაა ფართო საზოგადოებას წიგნის წაკითხვის საშუალება შეუქმნას. დროთა განმავლობაში შეიქმნა ისეთი ბიბლიოთეკებიც, რომელთა მიზანი იყო არა წიგნის წაკითხვა, არამედ მისი დამალვა. ბუნებრივია, რომ ამგვარი ბიბლიოთეკები წიგნის ხელახლა აღმოჩენის წყაროც იყო. ჩვენ სულ მუდამ გვანცვიფრებს XV საუკუნის ჰუმანისტთა იღბლიანობა დაკარგულ ხელნაწერთა აღმოჩენის საქმეში. სად პოულობდნენ? რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკაში, სადაც გადაწერის პროცესი ნაწილობრივ ხელნაწერთა დასაფარავად მიმდინარეობდა, მაგრამ ამასთან ერთად ხელნაწერთა აღმოჩენის საფუძველსაც ქმნიდა.
რადგანაც ჩვენ ბიბლიოთეკის მიზანთა სიმრავლის წინაშე აღმოვჩნდით, თავს უფლებას მივცემ, გამოვიმუშაო უვარგისი ბიბლიოთეკის 21 პუნქტისაგან შემდგარი ნეგატიური მოდელი. ბუნებრივია, რომ ეს მოდელი გამოგონილი იქნება მრავალკუთხა ბიბლიოთეკის მსგავსად, მაგრამ ისევე, როგორც ყველა გამოგონილი მოდელი და კარიკატურა, რომელიც იბადება გველისკუდიანი ადამიანის სხეულზე ცხენის თავის დამატებით, ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს შეეძლება აღმოაჩინოს ამ ნეგატიურ მოდელში საკუთარი გამოცდილება, ჩვენი და სხვა ქვეყნების შორეულ ბიბლიოთეკებში მიღებული. კარგი უვარგისი ბიბლიოთეკა (ესე იგი ჩემს მიერ რეალიზებული ნეგატიური მოდელის კარგი მაგალითი), უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ერთიანი განუწყვეტელი კოშმარი და ამ თვალსაზრისით ბორხესის აღწერა უკვე მშვენიერია.
1) კატალოგები მაქსიმალურად დაყოფილი უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წიგნების კატალოგის განცალკევებას ჟურნალების კატალოგისაგან, ეს უკანასკნელი კი საგნობრივი კატალოგისაგან უნდა იყოს განცალკევებული. ასევე უსხვადასხვა კატალოგში უნდა შევიდეს ახალშეძენილი და ძველი წიგნები. თუ ეს შესაძლებელია, სხვადასხვა კატალოგში განსხვავებული ორთოგრაფია უნდა იყოს: მაგალითად, ძველად შეძენილი წიგნების კატალოგში “ჰიუმორი” უნდა ეწეროს, ახალი წიგნების კატალოგში კი – “იუმორი”; ერთგან უნდა ეწეროს “ჰერცენი”, როგორც ამას გვარის გერმანული წარმოშობა კარნახობს, მეორეგან კი – “გერცენი”, რუსული ფონეტიკური ტრანსკრიფციის მიხედვით.
2) საგნობრივ დაყოფას ბიბლიოთეკარი უნდა წყვეტდეს.
3) აღნიშვნები ძნელი უნდა იყოს და რაც შეიძლება მეტი, ისე რომ, ვინც კი ავსებს ბარათს, არასოდეს ეყოს ადგილი უკანასკნელი აღნიშვნის შესატანად. ამგვარად, ბიბლიოთეკის მუშაკი აუცილებლად დაუბრუნებს ბარათს ხელახლა შესავსებად.
4) წიგნის მოთხოვნასა და მის მიღებას შორის დრო ძალიან ხანგრძლივი უნდა იყოს.
5) თითოეულ ჯერზე არ უნდა იქნეს გაცემული ერთზე მეტი წიგნი.
6) აკრძალული უნდა იყოს ბიბლიოთეკის მუშაკის მიერ ბარათის საფუძველზე გაცემული წიგნების გატანა საკონსულტაციო დარბაზში. მკითხველის ცხოვრებაში მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული წიგნის კითხვა და კონსულტაციები, რადგან მრავალი წიგნის ერთდროული კითხვა თვალების დაელამებას იწვევს.
7) შეძლებისდაგვარად უნდა გაუქმდეს ქსეროასლების აპარატები. მაშინაც თუ ერთი მაინც არსებობს,იგი ძნელადმისადგომი უნდა გახდეს,საფასური კი ჩვეულებრივზე მაღალი, ასლების დასაშვები რაოდენობა კი – ორ-სამ გვერდამდე დაყვანილი.
8) ბიბლიოთეკარი მკითხველს უნდა მიიჩნევდეს მტრად, დროის მფლანგველად (ასე რომ არ იყოს ბიბლიოთეკაში კი არ დაჯდებოდა, არამედ იმუშავებდა), პოტენციურ ქურდად.
9) ბიბლიოთეკის მთელი პერსონალი ფიზიკური ნაკლოვანებებით უნდა იყოს გამორჩეული. აქ მეტად ფაქიზ გარემოებას ვეხები, მაგრამ არავითარი ირონია არ მამოძრავებს. საზოგადოების მოვალეობაა ყველა მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების საშუალება. მათაც, ვისი უნარები ასაკის, ან ფიზიკური ნაკლოვანებების გამო შეზღუდულია. ამავე დროს საზოგადოება უშვებს, რომ, მაგალითად, მეხანძრეთა შემთხვევაში კანდიდატები გარკვეული კრიტერიუმების თანახმად იქნან შერჩეული. ამერიკის უნივერსიტეტებში არსებობს ბიბლიოთეკები, სადაც უდიდესი ყურადღება სწორედ ინვალიდ მომხმარებლებს ექცევა: დახრილი სიბრტყეები, სპეციალიზირებული საპირფარეშოები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დანარჩენთა ცხოვრებას ლამის აუტანელს ხდის, რადგან ჯანმრთელ ადამიანს დახრილ სიბრტყეებზე ფეხი უსრიალებს.
ბიბლიოთეკაში ზოგიერთი საქმე განსაკუთრებულ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს: კიბეებზე ძრომიალი, სიმძიმეების თრევა და ასე შემდეგ. ამავე დროს არსებობს სხვა საქმეებიც, რომელთა შესრულება ყველა მოქალაქეს შეუძლია მიუხედავად ასაკის ან ფიზიკური ნაკლოვანებების გამო არსებული შეზღუდვებისა. ამიტომაც განვიხილავ ბიბლიოთეკის პერსონალს როგორც უფრო ახლოს მდგომს მეხანძრეებთან, ვიდრე ბანკის მოსამსახურეებთან. როგორც შემდეგში აღმოჩნდება, ეს მეტად მნიშვნელოვანია.
10) საკონსულტაციო დარბაზთან მისვლა შეუძლებელი უნდა იყოს.
11) წიგნების სახლში გატანება უნდა აიკრძალოს.
12) შეუძლებელი უნდა იყოს წიგნების მიღება საბიბლიოთეკათაშორისო ურთიერთობით. ყოველ შემთხვევაში, თვეები უნდა დასჭირდეს იმის გაგებას, თუ რა შეიძლება ვიპოვოთ სხვა ბიბლიოთეკებში.
13) ყოველივე ზემოთქმულის გამო წიგნის ქურდობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
14) ბიბლიოთეკის მუშაობის საათები პროფკავშირებთან შეთანხმებით საერთო სამუშაო საათებს უნდა დაემთხვეს. ბიბლიოთეკა აუცილებლად უნდა იკეტებოდეს შაბათს, კვირას, საღამოს და სადილის დროს. ბიბლიოთეკის უდიდესი მტერი მომუშავე სტუდენტია, საუკეთესო მეგობარი კი ის პიროვნება, ვისაც საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელსაც სიცოცხლეში სხვაგან სიარული არ სჭირდება, სიკვდილის შემდეგ კი საზოგადოებას უანდერძებს თავის წიგნებს.
15) ბიბლიოთეკის ფარგლებში შეუძლებელი უნდა იყოს რაიმეს ჭამა. მკითხველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ყველა აღებული წიგნი, როდესაც ბიბლიოთეკას ტოვებს, ისე რომ წიგნების ხელახლა გამოწერა დასჭირდეს, როცა ფინჯანი ყავის დასალევად ხუთიოდე წუთით გასული დაბრუნდება.
16) მკითხველმა მეორე დღეს ვერ უნდა იპოვოს აღებული წიგნი.
17) მკითხველმა ვერ უნდა გაიგოს, ვინ აიღო წიგნი, რომელიც აკლია.
18) შეძლებისდაგვარად, არავითარი საპირფარეშო.
19) იდეალურ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ უნდა შევიდეს ბიბლიოთეკაში, მაგრამ თუ შევიდა, ვერანაირად ვერ უნდა მიაღწიოს თაროებამდე.
არსებობს კი ამგვარი ბიბლიოთეკები? ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მოგანდობთ. მე კი იმის მაგიერ, რომ სრულყოფილი ბიბლიოთეკის უტოპია დაგიხატოთ, რომლის შესახებ არც კი ვიცი როგორ და რამდენად განსახორციელებელია იგი, ორი რეალური ბიბლიოთეკის მაგალითს მოგიყვებით, ბიბლიოთეკებისა, რომლებიც მიყვარს, და სადაც შესვლას ვცდილობ, როცა შესაბამის ქალაქს ვესტუმრები ხოლმე. ამით სულაც არ მსურს ვთქვა, რომ ქვეყნად მათზე უკეთესი არა მოიპოვება რა. ეს ბიბლიოთეკებია იელის უნივერსიტეტის სტერლინგ ლაიბრარი და ტორონტოს უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა.
© “არილი”