წიგნები, რომლებიც იკვლევს დედობის გამოწვევებს, ნოსტალგიის საფრთხეებს; „დიდი იმედების“ კორეული ვერსია; პრუსტი აღმოსავლეთიდან; ბულგარულიდან და კატალონიურიდან პირველი თარგმანები მოკლე სიაში; ცოლ-ქმარი, როგორც ავტორი და მთარგმნელი; წიგნი, რომელიც ორიგინალ ენაზე თითქმის 20 წლის წინ გამოქვეყნდა; რეჟისორისა და ყოფილი დაცვის თანამშრომლის ტექსტი; ორი სადებიუტო და ერთი უკანასკნელი რომანი – ეს ყველაფერი თავს იყრის წლევანდელი საერთაშორისო ბუკერის მოკლე სიაში, რომელიც, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი და საინტერესოა.
წელს ჟიურის თავმჯდომარე ლეილა სლიმანი იყო. წლევანდელმა ჟიურიმ ინგლისურად თარგმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან 6 ფინალისტი შეარჩია. გამარჯვებული კი 23 მაისს დასახელდება.
ვნახოთ, რომელი წიგნები მოხვდა მოკლე სიაში:
მკვდრადშობილი (La hija única) – გვადალუპე ნეტელი
ალინა და ლაურა დამოუკიდებელი და კარიერისტი ქალები არიან. არცერთ მათგანს არ დაუგეგმავს მომავალი ოჯახის შექმნის პერსპექტივის გათვალისწინებით. ლაურამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო – სტერილიზაციას აპირებს, მაგრამ რაც დრო გადის, ალინას უფრო და უფრო უმძაფრდება სურვილი, რომ დედა გახდეს.
როცა ალინას ორსულობა პრობლემური ხდება, ხოლო ლაურას მეზობლის ვაჟის მიმართ უჩნდება გრძნობები, ორივე ქალი იძულებული ხდება, გაუმკლავდეს ემოციების კომპლექსურობას და წინააღმდეგობრივ გრძნობებს.
ნომინანტი ავტორი მექსიკაში დაიბადა. მის სხვა რომანებს უკვე აქვთ მოპოვებული საერთაშორისო ჯილდოები. რომანების გარდა, გამოქვეყნებული აქვს სამი მოთხრობების კრებულიც. მისი წიგნები თარგმნილია 15-ზე მეტ ენაზე; ჩნდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა The White Review, El País, The New York Times, La Repubblica and La Stampa… ამჟამად ცხოვრობს მექსიკაში და ადგილობრივ ჟურნალს უძღვება.
ჟიურიმ ამ ჩახლართული და ჩამთრევი რომანის შეფასებისას აღნიშნა, რომ მასში ავტორი უკომპრომისოდ ეხება თავისუფლების, უუნარობისა და დამოკიდებულების საკითხებს.
მყარად დგომა – GauZ’
ამ წიგნში ავტორი, თავისი გამოცდილებით გამომდინარე, აღწერს აფრიკელი მიგრანტების ცხოვრებას პარიზში. ისინი, ძირითადად, დაცვის თანამშრომლები ხდებიან მაღაზიებსა და კომპანიებში და აკვირდებიან ადამიანებს, რომელთაც დღის განმავლობაში ხვდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ ანთროპოლოგიურ კვლევას ატარებენ მუშაობისას.
ინტერვიუში ავტორი აღნიშნავს, რომ იყო აფრიკელი და დაცვის თანამშრომელი დასავლეთში, ნიშნავს, რომ დარჩე სრულიად უხილავად. მისი რომანიც სწორედ ასეთი უხილავი ადამიანის შესახებაა და რადიკალურია სტილისტური თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. აქ იგი აკრიტიკებს რადიკალურ კაპიტალიზმს და სურს, რომ მკითხველმა მომხმარებლური საზოგადოების სრული აბსურდულობა შენიშნოს. ინტერვიუში იხსენებს იმასაც, რომ თავადაც დაცვის თანამშრომელი იყო პარიზის ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც საშუალება ჰქონდა, ადამიანებს ისე დაჰკვირვებოდა, რომ თავად შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
ვეშაპი – ჩიონ მიონგ-კვანი
ეს წიგნი სათავგადასავლო სატირაა, რომელიც ახლებურად გვიჩვენებს იმ ცვლილებებს, რომლებიც კორეამ გამოცადა პრემოდერნულიდან პოსტმოდერნულ საზოგადოებად გადაქცევისას.
რომანის მოქმედება მიმდინარეობს სამხრეთ კორეის სოფელში. მკითხველი სამი ერთმანეთთან დაკავშირებული პერსონაჟის ცხოვრებას ადევნებს თვალს: საოცრად ამბიციური ქალის, რომელიც თავგადასავლებსა და მძაფრ ემოციებს დაეძებს მას შემდეგ, რაც პირველად დაინახა ვეშაპი ოკეანეში; მისი მუნჯი ქალიშვილის, რომელსაც სპილოებთან აქვს კომუნიკაცია; და ცალთვალა ქალის, რომელიც სტვენით აკონტროლებს ფუტკრებს. ტექსტი სავსეა მოულოდნელობებითა და იუმორით, რაც ავტორს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ხმად აქცევს სამხრეთ კორეაში.
ავტორი, გარდა იმისა, რომ რომანებს წერს, რეჟისორი და სცენარისტიც გახლავთ და მისი ნაწარმოებები რვა ენაზეა თარგმნილი. მისი „ვეშაპი“ სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით საყვარელი რომანია და უკვე შერაცხილია თანამედროვე კლასიკად.
როგორც ჟიურიმ აღნიშნა, მისი ცოცხალი პერსონაჟები არიან სულელები, მაგრამ ბრძენები; აუტანლები, მაგრამ მიმზიდველები. მათივე თქმით, „ვეშაპი“ არის „მოუსვენრობისა და თვითგარდასახვის ჰიმნი“.
ლოდი – ევა ბალტასარი
გემზე მომუშავე მზარეულს შეუყვარდება სამსა, რომელიც მას ზედმეტსახელად ლოდს დაარქმევს. წყვილი ერთად გადავა საცხოვრებლად რეიკიავიკში, მერე კი სამსა გამოაცხადებს, რომ უნდა, შვილი ჰყავდეს. ის უკვე 40 წლისაა და ამ შანსის გაშვებას აღარ აპირებს. მთავარი გმირი მის ენთუზიაზმს არ იზიარებს, მაგრამ არ იცის, როგორ უთხრას უარი. საბოლოოდ, დედობა სამსას რადიკალურად ცვლის, უცხო ადამიანად აქცევს, პროტაგონისტს კი მნიშვნელოვანი რამის გადაწყვეტა უწევს – რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – სიყვარული თუ თავისუფლება?
ევა ბალტასარი პროზაიკოსი და პოეტია. მისი პირველი რომანი 2018 წელს გამოიცა. „ლოდი“ არის პირველი ნაწილი ტრიპტიქისა, რომელშიც იგი გეგმავს სამი განსხვავებული ქალის სამყაროს გამოკვლევას.
როგორც ჟიური ამბობს, ესაა ქვიარ სიყვარულისა და დედობის გამორჩეული ამბავი, რომელიც მორალურ დილემებს ეხება.
დროის თავშესაფარი – გეორგი გოსპოდინოვი
იმ ადამიანთა სიმრავლე, რომლებიც დროისგან განკურნებას, დროის თავშესაფარს ეძებენ თანამედროვე ცხოვრების საშინელებისგან გასაქცევად, იწვევს მოულოდნელ შედეგებს – წარსული აწმყოში იწყებს შემოჭრას. რომანის მთავარი გმირი კი ალცჰაიმერით დაავადებულ ხალხს ეხმარება – მათ, ვინც დავიწყების გამო იტანჯება.
„დროის თავშესაფარი“ არის „დამაფიქრებელი, შემაშინებელი და იუმორისტული რომანი იდენტობის, დაბერების, მოგონებების განმაკურნებელი და დამანგრეველი ძალის შესახებ“. ასევე, ესაა პირველი ბულგარულად დაწერილი წიგნი, რომელიც საერთაშორისო ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა.
„ნებისმიერ ენას აქვს უნარი, მოჰყვეს სამყაროსა და ინდივიდების ისტორია“ – ამბობს ავტორი და იმ ნარატორის საშუალებით, რომელიც მას ძალიან ჰგავს, წარსულისა და აწმყოს შესახებ ორიგინალურ, საინტერესო და დასამახსოვრებელ ამბავს ჰყვება.
სახარება ახალი სამყაროს მიხედვით – მარის კონდე
პატარა პასკალი უმშვენიერესი, ყავისფერ-მწვანეთვალება ბავშვია. მაგრამ საიდან არის? ნამდვილად ღმერთის შვილია? ჭორები, რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებს და რაღაც უცნაური ნიშნები, ამ თეორიას ნელ-ნელა ამყარებს. პასკალი მოგზაურობს, სხვადასხვა საზოგადოებაში ხვდება, თავისი წარმოშობისა და მისიის დადგენას ცდილობს, მწერალი კი მის ნაკვალევს მიჰყვება.
შეძლებს, სამყაროს ბედი შეცვალოს? რას გაამჟღავნებს ახალი სამყაროს სახარება?
ავტორი ინტერვიუში ჰყვება, რომ დედამისი ღრმადმორწმუნე ადამიანი იყო, მამამისი კი ათეისტი, რომელიც ცოლის რელიგიურ გრძნობებს გამუდმებით აკრიტიკებდა. მარის კონდეს სურდა, რომ ეს დიქოტომია თავის რომანში ეთარგმნა იუმორითა და ირონიით, თუმცა გამბედაობა მხოლოდ მას შემდეგ მოიკრიბა, რაც სარამაგუს „იესოს სახარება“ და კუტზეეს ტრილოგია წაიკითხა.
როგორც აღნიშნავენ, წიგნი მაგიური რეალიზმის ტრადიციითაა დაწერილი და სიცოცხლითა და ფერებით სავსეა. წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მარის კონდე საერთაშორისო ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა. პირველად ნომინირებული იყო 2015 წელს. კრიტიკოსების შეფასებით, ამ წიგნით კი იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ნიჭიერი მთხრობელია.
© არილი