ინტერვიუ

ქეთი ქანთარია – ჩემი ცხოვრების წიგნები

მთარგმნელი ქეთი ქანთარია თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

იმ ზღაპრების ჩემით წაკითხვის მცდელობა, რომლებსაც მანამდე სხვები გვიკითხავდნენ. ორი ზღაპრის ატმოსფერო ჩამრჩა და დღემდე მახსოვს: იაპონური ამბავი ვაკამაცუზე და მის დაზე. ვაკამაცუს მგონი ჯადოსნური მარაო ჰქონდა, დედაჩემის ხალათზე იყო ასეთივე მარაოები. ,,ხოჭო დეიდას ამბავში”, რომელიც აქამდე თურქულ ზღაპრად მახსოვდა, ისეთი ქალაქები და გზები იყო, ასე წარმომიდგენია ახლა ანატოლიის ძველი სამყაროების სივრცე.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

დიკენსის ,,დევიდ კოპერფილდი”.  მსოფლიო ლიტერატურაზე ჩემი წარმოდგენის ერთ-ერთი საყრდენი კუ ჩემთვის ეს წიგნია.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

მგონი არცერთ წიგნს არ შევუცვლივარ – თუ მაინცდამაინც თავს დავაძალებ, მგონი ერთ-ერთი ასეთი ჰესეს ,,რიოში მარგალიტებით თამაში” იყო 17 წლის ასაკში.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

შეიძლება, განამტკიცა – თოროს ,,უოლდენი”.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

შეუძლებელია, ეს ერთი წიგნი იყოს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

თითქმის არ მაქვს ასეთი ჩვევა. ჩემთვის სიმართლეა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

მორ იოკაის ,,ავანტიურისტ ჰუგო ფონ ჰაბენიხტის ამბავი”. საერო და სასულიერო ხელისუფლება, ე. ი. ადგილობრივი ფეოდალი და ეპისკოპოსი ასამართლებენ კაცს, რომელმაც სულ შემთხვევით ყველა შესაძლო და შეუძლებელი ცოდვა ჩაიდინა. ფეოდალს, მკითხველივით, მისი თავგადასავლები ამხიარულებს და მის გადარჩენას ცდილობს. ეს წიგნი აკვიატებით მიყვარს, შეიძლება, არცაა ასეთი გამორჩეული.

ჰრაბალის ,,ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” – წაიკითხეთ, როგორი მუსიკალური ოსტატობითაა ქართულად თარგმნილი.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

მგონი ბევრი წელია, ეგეთი არაფერი წამიკითხავს, რაც ამისკენ გიბიძგებს.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

მარკესი.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ბევრი. არა იმიტომ, რომ წიგნი ცუდი იყო. შეიძლება, ჩემში იყო საქმე. ძალიან ხშირად წიგნის კითხვისას სადღაც განზე გავდივარ და მე თვითონ ვუწყებ თავს რაღაცის მოყოლას.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

წიგნის ფესტივალზე მიწევდა ყოფნა და ერთის გამორჩევას ვერ ვახერხებ. მოდი, ელექტრონულად შეძენილ წიგნს ვიტყვი: პოლონელი ლიტერატურის კრიტიკოსის, პშემისლავ ჩაპლინსკის ,,ადგილიდან დაძრული რუკა” (სხვა ალბათ სხვანაირად თარგმნის).

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

რენატა ლისის ,,ჩემი საყვარელი და მე” – უბრალოდ, თარგმნა შემომთავაზეს. მომწონს.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ვიტოლდ გომბორვიჩის თითქმის მთლიანად თარგმნა მინდა. ამასწინათ ,,მთარგმნელების გამომცემლობის” გვერდზე თავად შემოვიდა გომბროვიჩი და იგივე დამიბარა. ვუპასუხე, რომ შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ. ასევე – როდისმე ძალიან ბევრი დრო რომ გამჩენოდა, მესწავლა ფრანგული, რომელსაც 20-22 წლის ასაკში ვსწავლობდი და შევწყვიტე, მერე ძალიან კარგად მესწავლა, მერე ძალიან კარგად თარგმნა მესწავლა – პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში” იქნებოდა ეს წიგნი – მგონი მაშინ ვიტყოდი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია/რომ ზედიზედ ბევრი წელი ვიყავი ბედნიერი.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

გომბროვიჩის ,,ფერდიდურკეს”. რა თქმა უნდა, ვხვდები, რისთვის არსებობს ეს კითხვარი: რომ მკითხველმა რჩევები მიიღოს. ჩემს პატარა გამომცემლობას ,,გედროიჩის სერია” აქვს. ამ სერიით მხოლოდ პოლონური წიგნები გამოდის. ეს ქვეყანა მიყვარს და მინდა, ცოტათი ვემსახურო. ამიტომ  – შეიყვარეთ პოლონური კულტურა და ლიტერატურა. როცა მასზე ჩამორჩენილმა მეზობელმა მონარქიებმა პოლონეთი, ევროპის პირველი კონსტიტუციის მქონე ერთადერთი რესპუბლიკა, სამად დაანაწევრეს, მერე, როცა აღმოსავლეთის ბლოკის მეორეხარისხოვან ქვეყნად აქციეს, მხოლოდ კულტურა უნარჩუნებდა რუკაზე იმ ადგილს, რომელიც წაართვეს.

© არილი

Facebook Comments Box