ინტერვიუ

პედრო ალმოდოვარი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

უეცარი ზაფხულის ნიავი ცხელ ნაშუადღევს.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ფედერიკო გარსია ლორკასთან.

რომელ ცოცხალ ადამიანს აღმერთებთ?

ექიმ პედრო კავადასს, რომელიც პიონერია სახის გადანერგვაში. ამ ვალენსიელმა ქირურგმა მთელი ზაფხული დაუთმო აფრიკაში მოგზაურობას, რათა ტომობრივი კონფლიქტებისას კასტრირებულ ბავშვებს დახმარებოდა.

რომელ ღირსებას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

უკიდურეს გულწრფელობას. გულწრფელობა ყოველთვის აუცილებელი არაა.

რა შემთხვევაში იტყუებით?

რამდენჯერმე, როცა ფილმის პრემიერაზე ვიყავი ან თეატრში, მსახიობების გასახდელში.

რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

არ მეზიზღება, მირჩევნია, მძულდეს. და მძულს ტრამპი.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ მეტისმეტად ხშირად?

ესპანურად – “No doy crédito“ – თვალებს ვერ ვუჯერებ. ინგლისურად, ჩვეულებრივ, ბოროტად ვიყენებ სიტყვას „ფაქტობრივად“.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

თუ შეცდომა მომდის, ვცდილობ, მოვიბოდიშო. მაგრამ სინანულის განცდას მაიძულებს ჩემი კათოლიკური ბავშვობა, რომელსაც ვეწინააღმდეგები.

სად და როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

მაშინ, როცა პირველად წავედი სამბას სკოლაში, რიო დე ჟანეიროში. მთელი სამეზობლო ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი ემზადებოდა კარნავალისთვის, რომელზეც ნომრები უნდა წარედგინათ.

რისი ნიჭი გინდათ, გქონდეთ?

დიდი რომანისტი მინდა ვიყო.

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

ახალგაზრდობა მენატრება.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

ოჯახი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნიათ?

მოგონებები. მატერიალურად თუ ვიტყვით, ჩემი გადაღებული 21 ფილმიდან 18.

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

ნებისმიერი უბედურება უსამართლოა და გაუსაძლისი, მაგრამ მიგრანტები ომისა და მონობისგან რომ გარბიან და პირველი სამყაროს კარები დახურული ხვდებათ, ჩემთვის აუტანელია. ამ პრობლემის მეორე მხარე ისაა, რომ პირველ სამყაროში ადამიანები უფრთხიან უსაშველო სიღარიბეს, რაც ასევე საშინელებად მიმაჩნია.

სად იცხოვრებდით?

რაღაც დროის განმავლობაში მადრიდში, სადაც თავს უფრო კომფორტულად და ორგანიზებულად ვიგრძნობდი.

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

გადაწერა, როცა უკვე მაქვს სცენარისთვის განსაზღვრული და ცხადი ამბავი.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

არასოდეს ვნებდები.

რომელი თვისება მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

ორიგინალურობა და წინასწარი განსჯის ნაკლებობა.

ქალებში რომელი თვისება მოგწონთ?

ბრძოლისუნარიანობა.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

დონ კიხოტი.

ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

„ONG Open Arms“-ის წევრები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად ეხმარებიან მიგრანტებს, რათა ხმელთაშუა ზღვაში დახრჩობას გადაურჩნენ.

თქვენი საყვარელი სახელები რომლებია?

ანტონიო, კარმენი, სოლედადი, ევრიდიკე და ფე (რწმენა).

როგორ გსურთ სიკვდილი?

ჯონ ჰიუსტონივით, The Dead-ის გადაღების შემდეგ.

© არილი

Facebook Comments Box