როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
დავბადებულვარ…
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
რეალობის ასახვა, რა თქმა უნდა. ჰომეროსიც რეალობის ასახვაა. ნახევარი საუკუნის წინათ დაწერილ ერთ წიგნში უკვე ვახსენე უოლტ უიტმენის ფრაზა: „როგორც კი კარგად იქნება მოთხრობილი ისტორიული სინამდვილე, მოისპობა ყოველგვარი მოთხოვნილება გამონაგონზე“. იქვე ტოლსტოის სიტყვებიც დავიმოწმე: „მე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში საერთოდ მოეშვებიან მხატვრული ნაწარმოების გამოგონებას“…
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
ბევრია ასეთი – არ ეყოფა ბლიცინტერვიუს ფორმატი.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
უაილერის პრინცესა ანასი და მისი რომისა არ იყოს, ბევრია ასეთი… მრავალი პერსონაჟი თავის ადგილას ყოვლად საყვარელია… ყველა პერსონაჟს თავის ღირსება და თავისი მომხიბვლელობა… კომბლე!
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ბევრია ასეთი. ძალიან ბევრი. ვინმე ამ კითხვაზე, დიახო, – ამბობს? ერთი საუკუნის წინათ რომ კლასიკა ჰქონდა წასაკითხი რომელიმე ინტელექტუალს, დღეს ჩვენ ორჯერ მეტი გვაქვს, ხოლო დრო – მაშინდელთან შედარებით – ნაკლები.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
ისტორიული პერსონაჟი მხოლოდ ისტორიულ შეფასებას იწვევს. ზიზღი ალბათ მხოლოდ ცოცხალი ადამიანების მიმართ შეიძლება გვქონდეს.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
ზემოთ უკვე ვახსენე უილიამ უაილერის „რომაული არდადეგები“. რეალურად ამ ფილმა გადამაწყვეტინა ჩემო მომავალი პროფესია. ისე, შეიძლებოდა მხატვარი ვყოფილიყავი. ან მეზღვაური. ან მღვდელი.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
პრინცესა ანასი არ იყოს, ბევრია ასეთი… ყველა მხატვარი თავის ადგილას საუკეთესოა… მრავალ მხატვარს მოვინატრებ ხოლმე… თუმცა, რა თქმა უნდა, ფიროსმანი. და გოგენი. პირველი იმიტომ, რომ მშობლიურ სანახებს არ გასცილებია, მეორე იმიტომ, რომ ნახევარი მსოფლიო მოიარა. მხატვრები რომ მაგრები არიან, ეს კი საერთო აქვთ.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
რაც უნდა არავის სჭირდებოდეს, ჩემს ხელში თუ მოხვდა, მიჭირს დაბეჭდილი ან დაწერილი ფურცლის გადაგდება.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
კი, რა თქმა უნდა.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
კი, რა თქმა უნდა. ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც სიკვდილზე ფიქრობს. მათაც კი, ვის სიკვდილშიც, მეტ-ნაკლები „გააზრება“ იგრძნობა, ვთქვათ აბრეშუმის ჭია ან სპილო, ეს გენეტიკაში და ინსტინქტების დონეზე აქვთ. ისინი სიკვდილზე არ ფიქრობენ. სიკვდილზე ფიქრი და იუმორის გრძნობა მხოლოდ ადამიანური თვისებებია.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
კოლექციონერობა.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
შევცვლიდი კლეოპატრას ცხვირის ფორმას და ვნახავდით მე და პასკალი, როგორ განვითარებოდა ისტორია!
დიონისე თუ აპოლონი?
დიონისური აპოლონი და აპოლონური დიონისე.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
ნეტა დრო და მოცალეობა მქონდეს იმდენი, რომ ჩემი რაც მაქვს ჩაფიქრებული, ის დავწერო.
ადამიანი, ვისიც გშურთ
არ ვიცი, შურია თუ რა არის, მაგრამ აგნეშ კელეტისა! ღმერთმა ყველა კეთილ ადამიანს მის ასაკში ასეთი ჯანმრთელობა მისცეს.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
უფრო დიდხანს ვეწეოდი სიგარეტს, ვიდრე ის ამას იმსახურებდა.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
დავით გურამიშვილი. შოთა რუსთაველი. გალაკტიონ ტაბიძე. სწორედ ამ თანმიმდევრობით. და არავინ მითხრას, რომ რომელიმე ამათგანი არ არის თანამედროვე! თუ მაინცდამაინც აქ ისინი იგულისხმებიან, ვისთან პირადი ურთიერთობა მქონია ან მაქვს, მაშინ: გივი გეგეჭკორი, ოთარ ჭილაძე, ვახტანგ ჯავახაძე. ნებისმიერი თანმიმდევრობით – მე ანბანზე ჩამოვწერე.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
ყველა სიტყვა თავის ადგილას შეუცვლელია. არ მიყვარს ის სიტყვები, რომლებიც თავის ადგილას არ სხედან.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
ყველა სიტყვა თავის ადგილას შეუცვლელია. მიყვარს ის სიტყვები, რომლებიც თავის ადგილას სხედან.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი ჯერ კიდეც დასაწერია.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
არ მიფიქრია. დღეიდან დავიწყებ ამაზე ფიქრს.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
არც კი ვიცი, რომელი ვთქვა. კარგი, იყოს ესა, თუმცა არცთუ ყველაზე კარგი ეპიზოდიდანაა: „კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე”. ან კიდევ მეორე – „ვინ არის აღმოსავლეთის დასავლეთს ზართა მარებლად” – აქ თამარის ჩაკალამბურება მხიბილავს ბოლო სიტყვებში!
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ძალიან ბევრია. ერთი რომ ვთქვა, მეორეს ეწყინება. მეორე ვთქვა, – მესამეს. მესამე – ოცდამეჩვიდმეტეს. თუმცა მათგან ყველა პირველია!
რამდენ ენაზე კითხულობთ?
გააჩნია – რას. წიგნებს ძირითადად – სამზე.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
პრინცესა ანა და ჯო ბრედლი.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
სულხან-საბა ორბელიანთან. ბევრი გვექნებოდა სასაუბრო. „სიტყვის კონა“, „სწავლანი“, „სამოთხის კარი“, „ქილილა და დამანა“, „მოგზაურობა ევროპაში“; „სიბრძნე სიცრუისა“… ჩემი გამოკვლევა მასზე… ჩემი მოგზაურობა მის ნაკვალევზე… ნეტა ის თუ ინებებდა ჩემთან საუბარს? დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი აგრეთვე ნიკო ნიკოლაძესთან. მასთან ბევრი მექნებოდა სასაუბრო და არა მხოლოდ მწერლობაზე.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
დროის.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
როგორ თქვა პოეტმა: „ყველაზე უფრო, რაც დრო ყოფილა, მე დღევანდელი ჩემი დრო მაწყობს“…
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“.
რომელია საუკეთესო დასასრული?
„ელოდე და იმედი იქონიე“.
ენა თუ ამბავი? რატომ?
და თუ ენა თვითონ ამბავია?
პროცესი თუ შედეგი?
თუ სექსს გამოვრიცხავთ, სადაც პროცესი, რა თქმა უნდა, შედეგს სჯობს, ყველაზე სასურველი მე შედეგიანი პროცესი მგონია.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
არ მიფიქრია ამაზე. ახლა რომ დავფიქრდი, დღეს იმ ათ მცნებას კიდევ ერთ დავადევნებდი: არა პირველ ოთხთა, არამედ მომდევნო ექვსთა მაინც შემსრულებელ იყავ!
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
რატომ, საიდან, რისთვის?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
ბევრი იყო ასეთი ამბავი. ბოლოდროინდელს გავიხსენებ: გრაფი აპოლონ ურუშაძის ამბავი ბევრს არ გაუგია. კბილის ექიმი იყო. ჯერ ნიკოლოზ მეორისა. მერე ლავრენტი ბერიასი და მთელი მაშინდელი საქართველოს ელიტისა. მენშევიკი, არალეგალი და კონსპირატორი. ჯერ პეტერბურგისა და მერე – თბილისის მილიციის უფროსი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლო ბრძოლის მონაწილე. ორგზის დაპატიმრებული და შემდეგ რეაბილიტირებული. პრომეთეული მოძრაობის წევრი, ემიგრაციაში არსებული საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენტი თბილისში. მედიცინის დოქტორი და პროფესორი. მის მიერვე დაარსებული კლინიკებისა თუ ინსტიტუტების ხელმძღვანელი. დღეს მის სახელობისაა თბილისის ერთ-ერთი მთავარი სტომატოლოგიური კლინიკა. რეალობა თუ გამონაგონიო, ზემოთ რომ იყო კითხვა, მიკვირს, რატომ არავინ მოინდომა ამ ადამიანზე რომანის დაწერა. იგონებენ და თითიდან წოვენ ყველაფერს. მე არა ვარ რომანისტი და ერთი მოზრდილი ნარკვევი გამოვაქვეყნე „ისტორიანის“ 2023 წლის ბოლო ორ ნომერში.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
იყვნენ, რას აშავებენ. აშავებენ კი არა, პირიქით – ათეთრებენ!
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
თუ წიგნის შინაარსი არ მახსოვს, სათაური რატომ უნდა მახსოვდეს!
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
დანტე უნდა ამ საქმეს. არ მეყოფა ჯოჯოხეთის აღწერის ოსტატობა.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
არც ამის. სამოთხეს ალბათ ჯონ მილტონი მოუხდებოდა დაკარგულიან-დაბრუნებულიანად.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
რატომ დავაშავე რამე! დანარჩენს სხვები წაიკითხავენ და მე მოკლე შინაარსს მომიყვებიან?!
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
რატომ, საიდან, რისთვის?
წინა რესპონდენტის, ნანა აკობიძის შეკითხვა: რომელი ხარ?
მე ისა ვარ, რომელმაც კარგად იცის, რომ რაგინდ შუაში იყოს, ოჯახის წევრი მაინც არაფერ შუაშია.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
რატომ, საიდან, რისთვის?
© არილი