ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
ბრედ შეფერი ჯენეტ ჰენდერსონის რწმენით მოიხიბლა; 30-იანი წლების ბოსტონში, ოფისის საშობაო წვეულებაზე, მხიარულების ნაკადში ჩახვეული სიჩუმის დროს ბრედს ბროლივით წკრიალა ხმა მოესმა: “რა და – ჩემი სულის გადარჩენა!”
მიიხედა. გოგონა ფანჯარასთან იდგა, რადიატორსა და ოფისის რომეოს, ართურ გლებს შორის მომწყვდეული. გარეთ, მუქ მინებს მიღმა თოვა დაეწყო და მილქ-სთრითის გასწვრივ, ოფისის განათებული საკრმლები ერთიანად ინისლებოდნენ და ფარფატებდნენ. ჯენეტი მაკლერების ფირმაში იმ შემოდგომით მივიდა. მდივნად მუშაობდა. მომცრო ტანის იყო, ხასხასა პიჯაკსა და მომდგარ პერანგში გამოწყობილი. ამ საღამოსათვის თითებამოჭრილი ფეხსაცმელი და იისფერი გაბარდინის დაპლისული, ლენტებით გაწყობილი კაბა შეერჩია. ოთახის მხურვალებას მისი ლოყები და მაღალი ყელი ალისფრად წამოენთო და ბრედს დღეს პირველად გაუჩნდა გრძნობა, რომ ეს პატარა სხეული, თმის ღერიდან დაწყებული, პაწია ფეხსაცმელში მბრწყინავი ფეხის თითებით დამთავრებული – მთლიანად უზადო ქმნილება იყო. ჯენეტის სწორი პროფილი ართურის შემცბარ სახეს დაპირისპირებოდა. ბრედი მათკენ, რადიატორს ზემოთ მოლივლივე სიცხისაკენ გაეშურა. თოვა ძლიერდებოდა; ქუჩის გასწვრივ ოქროსფერი სარკმლები კარაქის ადღვებილი ნაჭრებივით დნებოდნენ.
ჯენეტმა სახე მხსნელისაკენ მიაბრუნა. ოდნავ გაოფლილიყო. ღელვისგან ლოყებზე ალმური მოსდებოდა და ამ ფონზე ცისფერი თვალები ყინულებს მიუგავდა. “ართური ამბობდა”, – დაიწყო მან, – “რომ მისთვის ფული – ყველაფერია”.
“მერე ამ პატარა ტუტუც გოგოს ვკითხე – აბა, შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი-მეთქი”, – გააგრძელა ართურმა და სიცხისგან შავი სარჟის პერანგი შეიხსნა. საყელოსთან ფითრის გაცრეცილი, გამხმარი ყლორტი მიებნია.
“და მე დავუსახელე პირველივე, რაც აზრად მომივიდა”, – თქვა ჯენეტმა. მისი მოკლე, ხვეული, ღია წაბლისფერი თმა ამ საღამოსათვის საგანგებოდ აფუებულიყო. “რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ბევრი რამეა ფულზე უფრო მნიშვნელოვანი”, – სწრაფად განაგრძო მან.
“კათოლიკე ხართ?” – ჰკითხა ბრედმა.
ეს კითხვა ართურის ხუმრობას არ ჰგავდა. ჯენეტს სახე დაუმშვიდდა და მდივნის ოფიციალური, მტკიცე ხმაც დაუბრუნდა. “რა თქმა უნდა, არა. მეთოდისტი ვარ”.
ბრედს გულზე მოეშვა. შეეძლო ეს გოგო ყვარებოდა. ბოსტონში კათოლიკეები არ უყვარდათ.
როცა ართური ახალი ყლუპისა და პატარა გოგოს საძებნელად წავიდა, ჯენეტმა ბრედს ჰკითხა: “სულელურად ვლაპარაკობდი?”
“უცნაურად, მაგრამ სულელურად – არა”. გულის სიღრმეში ბრედს არ სჯეროდა, რომ კაპიტალიზმი მომავალ ათწლეულშიც გაგრძელდებოდა და ფიქრობდა, მასთან ერთად დარჩენილი ეკლესიებიც გაქრებაო. რელიგია მისთვის ისეთივე მკვდარი იყო, როგორც ამას მარქსი და მენხენი აცხადებდნენ. დეკემბრის ქუჩებში წყვდიადი იდგა და იმ სტატისტიკასთან, ყოველდღიურად ოფისში რომ მოდიოდა, ეს საშობაო შეძახილები და მხიარულება ნამდვილ შეუსაბამობას ქმნიდა. ბოსტონის ჩუქურთმებითა და ჭედურობით მორთული, გოთური სამლოცველოების მსგავსი ბიზნესცენტრების სარკმლებიდან მშიერი ხალხი მოჩანდა, ისე გათოშილი და დამუნჯებული, რომ მათხოვრობაც აღარ შეეძლოთ. ყოველ დილით გვამებისთვის საერთო საფლავებს თხრიდნენ.
“მე მწამს…” – ჯენეტმა ისე თქვა, თითქოს ბოდიშს იხდიდა. მის ლურჯ თვალებსა და ვარდისფერ, კრიალა კანს შორის კონტრასტი უკვე თვალისმომჭრელი გამხდარიყო. “რაც თავი მახსოვს, სულ მწამდა. მანამდეც კი, ვიდრე რამეს ამიხსნიდნენ. ჩემთვის ეს ისე ბუნებრივი და აუცილებელია. შენ თვლი, რომ ეს უცნაურია?”
“მე ვთვლი, რომ ეს მშვენიერია”, – უპასუხა ბრედმა.
დიდმარხვის დღეებში ისინი ერთად დადიოდნენ ეკლესიაში. ბრედმა თვითონ მოისურვა ჯენეტს წაჰყოლოდა; უყვარდა – ახალ-ახალ სამოსელში, ახლებურად გაბრწყინებულს რომ შეჰყურებდა. სამსახურში ჯენეტი ერთი გამრჯე და უღიმღამო თანამშრომელი იყო. სხვა გოგოებისგან როგორღაც გარიყულივით ჩანდა. ტუჩები მუდამ მშრალად მოკუმვოდა და თავის ასაკზე უფროსს ჰგავდა. ფრამინგემში, თავის მამა-პაპურ სახლში, მშობლებთან და ძმებთან კი, ისევ პატარა გოგოს ემსგავსებოდა; ოჯახური ატმოსფერო ათრობდა. ბრედიც ხარბად ისუნთქავდა ამ სახლის სიძველის, ტყავისა და ძუით გაწყობილი აღმოსავლური ავეჯის სურნელს, რადგან ეს ჯენეტის ბავშვობის სურნელი იყო. ქუჩაში და რესტორანში ჯენეტი სრულქმნილ ლედის ჰგავდა. თითქოს ქალაქი – სცენა იყო და ის კი პერსონაჟი ქალი, რომელიც ბრედს, სცენის მეორე ანონიმურ გმირს ჯენტლმენად, მცველად, კავალერად აქცევდა. მისი მოღიმარი სახე, მატყლის ქურთუკის ატლასით გაწყობილი სახელოები, პრიალა შავი ფეხსაცმლის წვეტები – ყველაფერი ბრწყინავდა. ბრედმა, თავისდაუნებურად, ქუჩის კუთხეში ჯენეტს მხარზე ხელი მოხვია და მაშინაც ვეღარ შეძლო ხელის მოცილება, როცა ქუჩა მშვიდობიანად გადაკვეთეს. ჯენეტის ყოველი მოძრაობა, მაგალითად – თათმანის ნელ-ნელა გახდა – იმდენად დახვეწილი იყო,რომ ბრედი ზოგჯერ ხუმრობას იწყებდა; ან განგებ, რაიმე ტლანქი ჟესტით ცდილობდა დაერღვია მისი სიმშვიდე, რომ ჯენეტს სახე წამონთებოდა, ან ოდნავ მაინც შეცვლოდა მიმიკა. თითქოს ბრედს ეშინოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი არსებობა სულ გადაავიწყდებაო. სიმფონიურ დარბაზში, პიანისიმოთი აღტაცების მომენტში გოგონასაკენ რომ დაიხარა და ხუმრობით რაღაც ჩასჩურჩულა, აზრადაც არ მოსვლია, რომ რაღაც ძვირფასი, სათუთი ქალური სივრცე შეარღვია. ბრედს, ასე მაღალს, მოსწონდა ეკლესიაში ჯენეტის გვერდით დგომა და ყურის გდება – სუსტი, წკრიალა ხმა საგალობლის სიტყვებთან ერთად როგორ მიიწევდა სულ უფრო ზემოთ. ტკბებოდა ქალის მოზეიმე, მაგრამ მაინც მოკრძალებული, თითქმის დაეჭვებული მზერით. თითქოს ჯენეტს ეშინოდა, რომ გრძნობების გადაჭარბება მის არსებას ძველი, ობიანი ფორმებისაკენ ჩაითრევდა. ბრედმა იცოდა ასეთ ფორმებში რაც იგულისხმებოდა: ის პრესვიტერიანულად აღზარდეს, თუმცა საეკლესიო რიტუალებს მხოლოდ დედამისი ესწრებოდა და ისიც, მხოლოდ კვირაობით, როდესაც მინდორში და ბეღელში საქმე არ ჰქონდა. თავიდან ჯენეტმა ეკლესიაში გაყოლაზე უარი უთხრა. წაიჩურჩულა, – ეს ყურადღებას გაგვიფანტავსო. მართლაც ასე იყო. ქალის მორცხვობა, მოწიწება ბრედს სურვილს აღუძრავდა – მოეტრიალებინა, გულში ჩაეკრა და ველური სიხარულით, ამაყი შეძახილით ხელში აეტაცა.
ბრედი ოცდარვა წლის იყო, ჯენეტი კი ოცდახუთის – საკმაოდ ზრდასრული იმისთვის, რომ ქორწინებაზე სერიოზულად ეფიქრა. წყნარი ბუნება, სხეულის დახვეწილობა უკვე დასრულებული ქალის იერს აძლევდა. ჯენეტი მეორე გოგოსთან ერთად მარლბოროს ქუჩაზე ქირაობდა ბინას; ბრედი ბეკონ ჰილზე, კემბრიჯის ქუჩის ბნელ მხარეს ცხოვრობდა. ჯენეტი ნიუბარის ქუჩაზე, აგურით ნაშენ მეთოდისტურ ეკლესიაში დადიოდა. ტაძარს გუმბათოვანი სამრეკლო და ბიზანტიური, ოქროსფრად მოხატული ჭერი ჰქონდა. ბრედმა თავისი სახლის მახლობლად, ვესტ-ენდის აგურის შენობებს შორის შეყუჟული ნამდვილი საოცრება, ბერძნული სტილის ხის ეკლესია აღმოაჩინა. 1830-იან წლებში უნიტარიანელთა მიერ აშენებულ და სამოქალაქო ომის შემდეგ გამოცოცხლებული მეთოდისტების მიერ დაკავებულ ამ პატარა შენობას ოთხკუთხა მერხები, დაბურულმინიანი პატარა სარკმლები და ბას-ვიოლას ფორმის მუხის კათედრა ჰქონდა. ბრედი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა იმ დღეებს, როცა იქ ჯენეტთან ერთად ოთხშაბათის მარხვებზე დადიოდა. გაზაფხულის ნოტიო ღამეებში აღმოსავლეთის ქარს ნავსადგურიდან ზღვის სუნი მოჰქონდა. წყვილი ოდნავ განათებულ, ებრაელებისა და იტალიელების ხმაურითა და საჭმლის არომატით სავსე ქუჩებში მისეირნობდა; ვიდრე არ გამოჩნდებოდა პროტესტანტიზმის ეს განჯინა, ეს მდუმარე და ცარიელი სივრცე. მერხებს ზემოთ ოცამდე თავი მოჩანდა, ეკლესიაში ისე ყინავდა, რომ ქურთუკებს არ იხდიდნენ. აქ გუნდი არ ჰყავდათ და მერხიდან წამოდგომისას ჭრიალა, ხველებასავით ხმა გაისმოდა. ამ დროისათვის ბრედი, ალბათ ჯერ კიდევ არ იყო მორწმუნე, რადგან სიამოვნების სწორედ ეს სიცარიელე, ყინვა, მხცოვანი მღვდლის ქადაგების მოძველებული პათოსი ანიჭებდა; ეს ნელი ცერემონიალი, რომლითაც მოხუცი მამაო, ამ მომაკვდავ მრევლთან ერთად გასაქრობად განწირული, კიდევ ერთხელ მიუძღოდა თავის მსმენელს – ჯვარცმის ათასგზის გავლილ ბილიკებზე, მიწიერი მწუხარების მიღმა. ბრედის გონება კი ამ დროს სულ სხვა მხარეს მიქროდა, შევარდენივით ზვერავდა მის მომავალს, ხოლო ჯენეტი – მის გვერდით იჯდა წყნარი, მობუზული და მაინც თვალებში სხივჩამდგარი. ბრედი გრძნობდა, რომ სწორედ ჯენეტი იყო მთელი მისი ფანტაზიის წყარო. ამ ძველი ტაძრის სიცარიელეში ეს ქალი მისთვის სულ უფრო მეტად ახლობელი ხდებოდა.
რუზველტი პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო, ქალაქის მერად კი კვლავ ქარლი რჩებოდა. მათი ქადილი საფუძვლიანი გამოდგა; ქვეყანა გადარჩა. ეს პატარა, ძვირფასი, ცარიელი ეკლესია ხის იონური სვეტებითა და ვიოლას ფორმის კათედრით, 50-იან წლებში ვესტ-ენდის სხვა ნაგებობებთან ერთად აიღეს. ამ დროისათვის ბრედი და ჯენეტი თავიანთ პატარა შვილებთან ერთად უკვე ნიუტონში გადასახლდნენ და ეპისკოპალიანელები გახდნენ.
ქორწინების ღამეს, ჯენეტისთვის რომ ეამებინა, ბრედი ქალს მოეხვია და ლოცვა წარმოთქვა, ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ისინი ერთმანეთს შეახვედრა და სთხოვდა – ერთად ნაყოფიერად და ღირსეულად გვაცხოვრეო. თავის დროზე თხოვნა შეუსრულდა, მაგრამ ამ ღამით ლოცვამ ჯენეტი უფრო დაძაბა. ყოველთვის, როდესაც ბრედი მისდამი თავის სიყვარულს მკაფიოდ გამოთქვამდა, ჯენეტი იძაბებოდა, თავის თავში იკეტებოდა, თითქოს რაღაც შენიღბულ საფრთხეს, დაგებულ მახეს გრძნობდა.
მათი ოთხივე ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ბრედის საზღვაო ოფიცრობის ოთხმა წელიწადმაც უვნებლად ჩაიარა; თუ არ ჩავთვლით იმ გამანადგურებელ შთაბეჭდილებას, მასზე ვარსკვლავებით დაწინწკლული ცის შავი თაღი რომ ახდენდა, როდესაც თვითმფრინავების გადამზიდი ხომალდის გემბანზე იდგა, წყნარი ოკეანის შუაგულში. როგორი პატარა, არარაობამდე პატარა იყო ამ ვარსკვლავების ქვეშ! თვითონ ეს უზარმაზარი გემი “Enterprase“-იც კი, წყლის მონოტონური ლივლივიდან ცათამბჯენივით ამოზიდული, ამ ზეცის ქვეშ ქინძისთავის ზომამდე მცირდებოდა. და მაინც, ბრედი თვითონ იყო ვარსკვლავების სიდიადის მოწმე. მათ არაფერი იცოდნენ საკუთარი თავის შესახებ; ასე რომ, ამ განზომილებით, ბრედი მათ აღემატებოდა. მის აზროვნებაში რელიგია ამ გაუცხოებით, ამ უმოქმედობით დაიწყო. რწმენა სასწორს ქინძისთავის მხარეს გადახრის. და აი ასე, თუმცა ბრედს არასოდეს ჰქონია ჯენეტის მსგავსად ჭეშმარიტების ინტუიციურად, გრძნობებით აღქმის უნარი, თავისი აზროვნებით ის მორწმუნე გახდა.
ათი წლის შემდეგ ბრედმა წინადადება შემოიტანა, ეპისკოპალიანელები გავხდეთო. ნიუტონის სახლთან ეს ეკლესია უფრო ახლოს იყო. თვითონ სახლი – ყავრით გადახურული, მრავალსამერცხლურიანი შენობა, გუმბათით გვირგვინდებოდა. ვიწრო, დახვეული კიბე მრგვალ ოთახში ადიოდა. ეს ოთახი ჯენეტის “სახიზნავად” იქცა. იჯდა და ქარგავდა, ან აკვარელებით ხატავდა. ოთახის სარკმლიდან, აღმოსავლეთით ჯონ ჰენკოკის შენობის წვეტზე წითელი შუქნიშანი მოჩანდა. ბრედს არ დასჭირვებია იმის ახსნა, რომ მისი კოლეგებისა და კლიენტების უმრავლესობა ეპისკოპალიანელები იყვნენ და რომ ამ ეკლესიას ეკუთვნოდა იმ ხალხის უმრავლესობაც, რომელთა გაცნობაც მათთვის სასარგებლო იქნებოდა. ბრედი თითქოს ბოლომდე ვერასოდეს ვერ შეეჩვია აქაური ღვთისმსახურების მონოტონურ მრავალსიტყვაობას და მოუხერხებელ, განმეორებად ჩამუხლვას, მაგრამ მას აქაური მრევლი მოსწონდა – ლურჯ ქურთუკებში გამოწყობილი, მუდამ საგულდაგულოდ დავარცხნილი, ღაჟღაჟა, ჯანსაღი სახეები; ნებიერი ეპისკოპალიანელი ქალები – ზამთარში ქურქებით, ზაფხულობით – გაშლილი, პასტელის ყვავილებით მორთული ქუდებით, საიდანაც თავის დახრისას მაღალი კისრები მოუჩანდათ. უყვარდა მათ შორის მდგარი ჯენეტი, აბრეშუმის შავ კაბაში, ყელზე ნამდვილი მარგალიტების ასხმულით, რომელთაგან თითოეული მაცივრის ფასი ღირდა და რომლებითაც ბრედმა ხარკი გადაუხადა მათი ქორწინებიდან მეთხუთმეტე წლისთავს. ფული ნაზად ბრწყინავდა ჯენეტის თითებსა და ყურებზე. როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი, რაც კაპიტალიზმს სჭირდებოდა, ომის გამოვლა იყო. ომისშემდგომი პერიოდის ბირჟა გაძლიერდა, სანტექნიკოსებსა და ბაყლებსაც კი მაკლერები დასჭირდათ. იმ აქციების ფასი, რომლებიც ბრედმა მიწის თხილით ვაჭრობის საქმეში მიიღო, დეპრესიის წლებში გაორმაგდა, შემდეგ კიდევ გაორმაგდა და სულ უფრო გაძვირდა.
ჯენეტს ეკლესიის ცხოვრებაში არასოდეს მიუღია ისეთი აქტიური მონაწილეობა, ბრედი რომ მოელოდა. თვითონ ბრედი საკვირაო სკოლაში ლექციებს კითხულობდა, საეკლესიო საკრებულოს წევრი იყო. ეს მისი საქმიანი ცხოვრების სახალისო გაგრძელებას ჰგავდა. კვირა დილით ეკლესიაში ყოფნისთვის ყოველთვის პოულობდა რაიმე პრაქტიკულ მიზეზს. ჯენეტი კი სულ უფრო ხშირად რჩებოდა შინ და მცენარეებს უვლიდა. ქალის სხეულს, იმ დახვეწილობასა და პეწთან ერთად, რომლითაც ბრედი პირველად მოიხიბლა, ახლა უკვე სისრულეც დაემჩნა. ჯენეტის რწმენა, ბრედის წარმოსახვაში, მიწისქვეშა ქვევრში შენახული წყალივით იყო – უცვლელად წმინდა. ეკლესიაში, ცოლის გვერდით რომ იდგა და მის ნაზ, წკრიალა გალობას უსმენდა, ბრედი გრძნობდა, რომ ქალის სრულქმნილება კვლავ ძალას მატებდა. წირვის ბოლოს, მოზღვავებულ ხალხში, მისი ხელები ჯენეტის მხრებს ეხვეოდა და მხოლოდ მაშინ სცილდებოდა, როდესაც დაქანცული ხელი მღვდლისთვის უნდა ჩამოერთმია.
ერთხელ, მანქანით შინ რომ ბრუნდებოდნენ, ჯენეტმა უთხრა: “კარგი იქნება, ეკლესიაში ხელების თათუნს თუ არ დამიწყებ. უკვე შუახნის ხალხი ვართ”.
“კი არ გეფერებოდი, ხალხში გზას გიკვალავდი”, – ბრედს სიწითლემ გადაჰკრა.
“გზის გაკვალვა არ მჭირდება”, – თქვა ჯენეტმა და სცადა ფეხი დაებაკუნებინა, მაგრამ მანქანის ნოხიან ძირზე მცდელობა არაეფექტური გამოდგა.
“აი, ჩვენ, – ფიქრობდა ბრედი, – ჩვენი კრემისფერი მერსედესით ეკლესიიდან შინისკენ ნაჩხუბრები მივეშურებით”; ბრედს ვერ გაეგო, რისთვის იჩხუბეს. ცდილობდა საკუთარი თავისთვის და ჯენეტისთვის შორიდან შეეხედა; და შორიდან მათი – როგორც ფერად რეკლამაში – ლამაზი, ასაკოვანი წყვილის სურათი, სრულიად უნაკლო ჩანდა. “თუ თავს ვერ ვიკავებ და გეხვევი, – თქვა მან, ეს იმიტომ, რომ ისევ მიყვარხარ. განა ეს მშვენიერი არ არის?”
“მშვენიერია”, – უპასუხა გაჯავრებულმა ჯენეტმა. მერე დაამატა: “დარწმუნებული ხარ, რომ მე გიყვარვარ და არა ის წარმოდგენა, ჩემზე რომ შეითხზე?”
ბრედისთვის ეს განსხვავება არაბუნებრივი იყო. ჯენეტი ცდილობდა დაეხატა “ნამდვილი” ჯენეტი, იმისგან განსხვავებული, რომელზეც ბრედმა იქორწინა. მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო იგი, თუ არა ქალი, რომელიც იდუმალების ჟამს, ფინჯანი ჩაის დალევის შემდეგ ხვეული კიბით ადიოდა თავის გუმბათში? ეს ქალი მხოლოდ მაშინ უჩინარდებოდა, როცა ბავშვები ჩხუბს იწყებდნენ, ან ქიმწმენდის მანქანა მოვიდოდა და გუმბათიდან დიასახლისი უნდა ჩამოსულიყო.
“ოდესმე აზრად თუ მოგსვლია – ეკითხებოდა ახლა ქალი, – რომ სულ სხვა რამის გამო გიყვარვარ? რომ ეს შენი მამაკაცური ძალის გამოვლენაში გეხმარება?”
“ღმერთო ჩემო, – წამოიძახა აღშფოთებულმა ბრედმა, – ვის რომანებს კითხულობ? შენთვის უკეთესი იქნებოდა – მიყვარდე და ეს მე არ მაწყობდეს?”
“ასე უფრო რომანტიული იქნებოდა”, – აღნიშნა ქალმა თავისი ნაზი, დაბალი ხმით და ბრედმა იცოდა, რომ ეს შესარიგებელი ხუმრობა იყო და რომ მათი ჰარმონიიდან ყველა უხილავი ხარვეზი ამოქრა.
ბრედი საეკლესიო საკრებულოს ჩაუდგა სათავეში და ეკლესიაში საათობით რჩებოდა, საჭირო საქმეებს აგვარებდა. მას შემდეგ, რაც მათი ორივე უმცროსი შვილის მირონცხება აღსრულდა, ჯენეტი ეკლესიაში ყოველდღიური დასწრებისგან გათავისუფლდა. წირვებზე დილით, რვა საათვისთვის მიდიოდა, როცა ბრედს ჯერ კიდევ ეძინა. ქალი გაბრწყინებული სახით იმ დროს ბრუნდებოდა, ჯერ კიდევ ბურანში გახვეული ბრედი, საკვირაო გაზეთის “Globe“-ის დასტით ხელში ფინჯან ყავას რომ სვამდა. ჯენეტი ამბობდა, ის მომწონს, რომ დილის წირვა ნაკლებად ცერემონიულია და ამ დროს არც გუნდის მონოტონური სიმღერა მაწუხებსო. იმას არ ამბობდა, რომ ეკლესიაში მარტო ყოფნა უყვარდა, როგორც ბოსტონში, ოცდახუთი წლის წინათ. ათი საათის წირვებზე გალობისას ბრედს ენატრებოდა ჯენეტის სალამურივით წკრიალა, ტკბილი ხმა. რაღაც სიცარიელეს გრძნობდა, თითქოს კვლავაც მარტოდმარტო იდგა ოკეანესთან შეჭიდებული “Enterprise“-ის გემბანზე. ბრედმა ცოლს უთხრა, სიამოვნებით გავიჭირვებ და რვა საათზე ავდგები, რომ ეკლესიაში შენთან ერთად ვიარო, მაგრამ კომიტეტის წევრები, რომლებთანაც გამუდმებით საქმე მაქვს, ათ საათზე მელიანო. ჯენეტს გული მოულბა და ბრედის გვერდით თავის ადგილს დაუბრუნდა. მაგრამ სულ ჩიოდა, ცერემონიალი მეტისმეტად გრძელიაო და როცა გუნდის ხმა ძლიერდებოდა, ყოველთვის თრთოლა იტანდა. ბრედს სურდა გაეგო, ეს სენი თავიანთი ამბოხებით ჯენეტს ჩვენმა ვაჟებმა ხომ არ გადასდესო. ისინი ისტებლიშმენტის წინააღმდეგ განწყობილნი და გარკვეულწილად, ანტიეკლესიურები იყვნენ.
პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ახლა ჯონ ფიცჯერალდ კენედი აირჩიეს. ბრედის ახალგაზრდობაში ბოსტონის ფინანსურ წრეებში ჯოზეფ კენედის შესახებ ჭორაობდნენ, როგორც მდიდარ, თვითკმაყოფილ ტიპზე, რომელმაც ბლომად ფული დააგროვა და მერე ბოსტონი რუზველტისა და მისი ყაყანა ლიბერალების მთავრობაში კარიერის შექმნისათვის დატოვა. ბრედი არ იზიარებდა ირლანდიელებისა და იანკების ადგილობრივ მტრობას. ეს ართობდა კიდეც, რადგან მისი თვალთახედვით, ეს ორი დაპირისპირებული ბანაკი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. “მწვანე კუნძულელებს” ბრედი უყურებდა, როგორც ფხუკიან, მწარე არაყისა და ღვარძლიანი ამბებისათვის კლუბებში თავშეყრილ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ბოსტონის მიდამოებში ცხოვრობდა, ბრედს ირლანდიული აქცენტი დღემდე არ ესმოდა და ვერაფრით გამოთქვამდა სიტყვებს ტელევიზორში მჟღერი ხმით მოსაუბრე ახალგაზრდა პრეზიდენტის მსგავსად.
შვილებით შეფერები ბედნიერები იყვნენ. ბიჭები საკმაოდ ზრდასრულები ჰყავდათ და ნარკოტიკების სიგიჟეში ჩათრევის საფრთხე არ ემუქრებოდათ. გოგოები კი უპრობლემოდ დათხოვდნენ, ვიდრე ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრება მოდაში შემოვიდოდა. ერთმა ვაჟმა კოლეჯი მიატოვა და ვერმონტში ხუროდ დაიწყო მუშაობა. მეორემ კოლეჯი ამჰერსტში დაამთავრა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ვესტ-ქოუსთში გადავიდა. ქალიშვილები მახლობლად რჩებოდნენ და რეგულარული ინტერვალებით ახალ შვილიშვილებს ჩუქნიდნენ. ასე რომ, ბრედის ქორწინებისღამინდელი ლოცვა, როგორც ჩანდა, ღმერთმა შეისმინა.
სამოციანი წლები სამოცდაათიანით შეიცვალა და შეფერებს, ქვეყნის მსგავსად, საქმე ცუდად წაუვიდათ. ორივე ქალიშვილი სკანდალურად, სასამართლოში ქმრების ჩივილითა და ღალატის შესახებ ბინძური ჩვენებებით განქორწინდა. ვესტ-ქოუსთში მცხოვრები ვაჟი ვერაფრით შოულობდა სამუშაოს; ყოველთვის “რაღაც საქმეში” ტრიალებდა – ხან უძრავ ქონებას მოჰკიდა ხელი, ხან საზოგადოებრივ ურთიერთობებსა თუ ინვესტიციებს, მაგრამ აქედან გასამრჯელო, ყოველ შემთხვევაში, ბრედის გამოთვლების მიხედვით, მოგება არასოდეს მიუღია. ბრედის მსგავსად, ფრედიც ადრე გაჭაღარავდა; და აი, ეს იყო ოცდაათს გადაცილებული, ჭაღარა ბიჭი, თბილი ბუნებითა და დახვეწილი, მდიდრული გემოვნებით, ბიზნესში მუდამ ხელმოცარული. ჯენეტს აშფოთებდა ის ამბავი, რომ ფრედს სხვა შვილების ხარჯზე ინახავდნენ; განსაკუთრებით, ხუროდ მომუშავე ვაჟის ხარჯზე, რომელიც ახლა სათხილამურო კურორტის თანამფლობელი გამხდარიყო. ყველანი მწუხარებაში ჩაცვივდნენ, მაგრამ თითქოს არ გაკვირვებიათ, როდესაც საბრალო ფრედი გლენდალში, ნარკოტიკების ზედმეტი დოზისაგან მკვდარი იპოვეს. ის ფინანსურ ჩიხში კოკაინმა მოიმწყვდია. იპოვეს სუფთად ჩაცმული, ლურჯ სპორტულ ქურთუკსა და ფართო შარვალში გამოწყობილი, ბოლომდე ჯენტლმენი, რაც ბრედი თავის წარმოსახვაში ვერასოდეს გახდა.
ნიუტონის სახლი მათ გარშემო უზარმაზარი და ცარიელი ჩანდა და წყვილმა სხვა ბინაში გადასვლა დააპირა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს, რომ უფრო მარტივი იქნებოდა, რამდენიმე ოთახი გამოეკეტათ და აქვე დარჩენილიყვნენ. ოთახებში, ნაცნობ ავეჯსა და კედლებზე ყველგან ბავშვების ფოტოები ჰქონდათ გამოფენილი; ბედნიერი მომენტები – გამოსაშვები საღამოები, ქორწინებები, საზღვარგარეთ მოგზაურობები, – ფოტოების ეს კბილებდაკრეჭილი, მზეზე გარუჯული მოსახლეობა ახლა უკვე მესამე თაობას გადასწვდა და გაცილებით უფრო ნამდვილს ჰგავდა, ვიდრე თვითონ ბავშვების წყვეტილი სატელეფონო ზარები. ბრედმა აბსტრაქტულად იცოდა, რომ იცვლებოდა ბავშვის სახვევები, ბიჭები, რომლებიც ჰოკეიზე დაჰყავდა, გოგონები, რომლებსაც ბალეტზე დაატარებდა; ვისთან ერთადაც ძილის წინ ლოცულობდა, ვის გვერდითაც ერთგულად იდგა, როცა ცრემლს ღვრიდნენ, თამაშობდნენ თუ მოწიფულობის ტრავმებს ებრძოდნენ. და მაინც, მშობლობას უფრო მკაფიოდ ვერაფრით შეიგრძნობდა. მთელი ამ წლების მანძილზე თითქოს ტელევიზორთან იჯდა და თავის თავს მშობლის როლში უყურებდა. ათასჯერ უფრო ცხადი, ისეთ წვრილმანებამდეც კი, რომელთა წარმოსახვაც თვალებს უწვავდა, მთელი დანაკარგის შეგრძნებით სულს რომ უხუთავდა, იყო ის მომენტები, როდესაც ის და ჯენეტი ბოსტონში, სენტ ბოტოლფის ქუჩაზე და მერე კომონველსის ავენიუს მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ, სახლში, რომელსაც მინისსახურავიანი და ჩიტისგალიიანი ლიფტი ჰქონდა; და კიდევ – ფირმის ძველი, ხით მოპირკეთებული ოფისი, ვიდრე მას მილქ-სტრიტზე, აწოწილსა და მყვირალა ფერის ცათამბჯენში გადაიტანდნენ. საქმეში კონკრეტული წარმატებების, სამუშაო დღეების გახსენება, როცა მისი მახვილგონივრული გათვლები დიდი მოგებით გვირგვინდებოდა, ან ტაქტიანი ურთიერთობები საჭირო უფლებებს ანიჭებდა – კვლავაც უბრუნებდა ტრიუმფით ტკბობის სიხარულს. ბიზნესში ასეთი წარმატებებით ტკბობა მაშინ მინელდა, როცა სამოციანი წლების სპეკულაციებს ბოლო მოეღო. მისი ბოსები, ანჩხლი იანკები, ვის ხელშიც თავის დროზე მთელი ფული ტრიალებდა – ყველანი გადადგნენ. თვითონ ბრედიც, სამოცდარვა წლის ასაკში პენსიაში გავიდა; სწორედ იმ ზაფხულს, ნიქსონმა რომ დატოვა პოსტი. სამსახურიდან წამოსვლის პირველ თვეებში, როცა მტკივნეულად განიცდიდა პიჯაკი რომ აღარ ემოსა, – ბრედი ჯენეტთან ხშირად ადიოდა გუმბათში.
ქალს არასოდეს უთქვამს, რომ ეს არ მოსწონდა, მაგრამ როცა კი ბრედი – ტორტის ფორმის ბოლო საფეხურს აივლიდა, ყველაფერი იტვრინებოდა. ოთახი გაყუჩებული ბრწყინავდა, როგორც საათი, რომელმაც ზარის რეკვა ეს-ესაა შეწყვიტა. ჯენეტი იჯდა ყოველი მხრიდან განათებული, სარკმლებით გარშემორტყმული. ფაფუკ წაბლისფერ თმაში ჭაღარა გამორეოდა. საქსოვი სავარძელზე იდო და გაზეთი კი მის კალთაში; მაგრამ თითქოს არაფერს აკეთებდა – სარკმლიდან წიფლის ტოტებს მიღმა ცქერით ისე იყო გართული, რომ ახლაც, ბრედის შემოსვლისას თავიც არ შეურხევია. მისმა უმოძრაობამ ბრედი ოდნავ შეაკრთო. წამით შედგა, სული მოითქვა. ხეების კენწეროებს ზემოთ, სადაც ოდესღაც ჰენკოკის შენობის წვეტი მოჩანდა, ახლა მინის მაღალი ყუთების ვერცხლისფერი გროვა ირეკლავდა მზის სხივებს. სიმაღლე ყოველთვის თავბრუს ახვევდა. თვალები დახარა და ჯენეტის მზერას გაუსწორა, რომელიც ზამთრის შიშველ ტოტებს მიღმა, სამი სართულის ქვემოთ გაშლილ, მკვდარ მინდორს გაჰყურებდა. ბრედს წვივი დაეჭიმა და დასაჯდომად ოთახის ცენტრისკენ წაფრატუნდა.
ჯენეტს ხმა არ დაუძრავს და ბრედმა თვითონ ჰკითხა, თავს ხომ კარგად გრძნობო.
“რა თქმა უნდა, – მიუგო ქალმა, – ცუდად რატომ უნდა ვიყო?”
“არ ვიცი, ძვირფასო, ისე წყნარად ზიხარ”.
“წყნარად ყოფნა მიყვარს. სულ ასე ვარ, შენ ეს იცი”.
“რა თქმა უნდა! – ბრედს ცოტათი ეწყინა და გაოცდა კიდეც, – მე ეს ვიცი”.
“ჰოდა, მოდი შენთვის საქმე გამოვნახოთ”, – თქვა ქალმა და თავისი დახვეწილი მოძრაობით, როგორც იქნა, თავი მოაბრუნა, რომ ქმრისთვის ყურადღება დაეთმო; და ისევ ქვემოთ ჩაგზავნა, სარდაფში, იმ მინის გამოსაცვლელად, მეზობლის ბავშვმა გოლფის ბურთით რომ ჩაამსხვრია. ბრედმა შენიშნა და ეუცნაურა, რომ ჯენეტის ოთახში არც ბავშვების და არც მისი ფოტოები არ ეკიდა, მაგრამ სარკმლებს შორის ფოტოებისათვის სივრცე თითქმის არც იყო. ოთახის ორ მესამედზე ძველი ნახატები, დაქარგული ბალიშები და ნაჭრისყდიანი წიგნები მიმოფანტულიყო და ეს ყველაფერი ოთახის გარშემო მცურავ მზეს ერთიანად გაეხუნებინა. ბრედს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ ეს ჯენეტის მედიტაციების ოთახი იყო. თუმცა ამ გარინდების, ამ მედიტაციების მნიშვნელობა მისთვის მუდამ გაუგებარი იყო. თვითონ ბრედის გონებისთვის გარინდება არ არსებობდა, ეკლესიაში ხმამაღლა ლოცვისას გაჟღერებული უმცირესი პაუზის დროსაც კი მას ბრწყინვალე, ღვთაებრივი სიუჟეტები ავსებდნენ.
ჯენეტის ავადმყოფობა შეუმჩნევლად დაიწყო და მერე გამანადგურებელი სისწრაფით განვითარდა. ერთ ღამეს ისინი ტელევიზორს უყურებდნენ – ირანში მძევლები აეყვანათ და ყოველდღე რაიმე ამბავს ელოდნენ. უცებ ჯენეტმა ბრედს მაჯაზე ხელი დაადო. ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ, წითელ სავარძელში, რომელიც ჯერ კიდევ ნიუტონში გადმოსვლამდე, ორმოციან წლებში, ქარბუქის დროს იმპულსურად იყიდეს. გრიგალის გამო უზარმაზარი მაღაზია სულმთლად დაცარიელებულიყო და გადაწყვიტეს თავიანთი აქ ყოფნა და ამინდი რამით აღენიშნათ. თოვის დროს ბრედის ჯენეტისადმი სიყვარული ყოველთვის მთელ ძალას იბრუნებდა. “რა?” – იკითხა ბრედმა, რომლისთვისაც ცოლის მხრიდან ასეთი ყურადღება მოულოდნელი იყო.
“არაფერი, – ჯენეტმა გაუღიმა, – ტკივილი ვიგრძენი, ოდნავ”.
“სად?” – მოკლედ, ერთი მარცვლით ჰკითხა. ახალ ამბებში ამ დროს რეპორტიორი კითხვას უსვამდა ინგლისურად მშვენიერი დასავლური აქცენტით მოსაუბრე ირანელ რევოლუციონერს და ბრედს ჯენეტის პასუხი არ გაუგონია. თუკი მათი ქორწინების განმავლობაში ყოფილა რაიმე, რის გამოც ბრედი თავს იდანაშაულებდა და რისთვისაც თვლიდა, რომ სასჯელს იმსახურებდა, იყო მისი უყურადღებობის სწორედ ეს მომენტი, როდესაც ჯენეტი, რომელიც ტკივილების შესახებ რამდენიმე კვირა ჯიუტად დუმდა, თავისი ფაქიზი ხმით ქმარს პირველად გაენდო.
მომდევნო დღეებში ექიმებმა და გამოკვლევებმა დაავადების მსვლელობას ფარდა ახადეს. ეს სიმსივნე იყო და თუმცა ჯენეტი მსმელი არასოდეს ყოფილა, მეტასტაზები ღვიძლიდან მოდიოდა. თუ პენსიაზე გასვლიდან ხუთი წლის მანძილზე ბრედმა არ იცოდა, დრო როგორ გაეყვანა, ახლა ის ერთდროულად იქცა დიასახლისად, მზარეულად, მძღოლად, ელექტრიკოსად, მომვლელად. ვეება სახლში შეყუჟულ წყვილს, ვიდრე სამი შვილი შეშფოთებულები ნახულობდნენ და შემდეგ ისევ საკუთარი პრობლემებისაკენ მიიჩქაროდნენ და ვიდრე მეგობრები და მეზობლები სიკეთის გამოვლენას ცდილობდნენ, იმ ზამთარს თითქოს თაფლობის თვე ჰქონდათ. ბოსტონის ისეთ ადგილებში, უწინ რომ არც ყოფილან, კლინიკებსა და სპეციალისტებთან სიარული, ამას თავგადასავლებისა და ეგზოტიკის ელფერს აძლევდა. მთელ დროს ერთად ატარებდნენ და ახლა უფრო მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ოდესმე. ქიმიოთერაპიის კურსის ქვეშ, ჯენეტს ფაფუკი თმა რომ სცვიოდა, თავის ქალა თითქოს ბრედსაც სტკიოდა; მუცელი ეწვოდა, როცა ჯენეტი არ ჭამდა. ქალი ყოველთვის გაბრწყინებული ღიმილით ხვდებოდა კერძის სითბოსა და არომატს, რომელიც ბრედს მისთვის მაგიდასთან თუ ლოგინთან მიჰქონდა. ჩანგლით ყოველთვის იღებდა ერთ ნაჭერს, რომ შეძლებოდა ქმრისთვის ეთქვა, ძალიან გემრიელიაო. მერე, საოცრად ნელა, ისე რომ, მისი მოძრაობა შეუმჩნეველი ყოფილიყო, ჯენეტი ჩანგალს თეფშზე დებდა, თან თითებით ისევ ეჭირა ვერცხლისფერი ტარი, თითქოს ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა გადაეწყვიტა მისი აღება. ზოგჯერ, წამლებით გაბრუებულს, ამ მდგომარეობაში ჩათვლემდა კიდეც. ბრედმა ისწავლა – საჭმელზე ჯენეტის უარისთვის ისე შეეხედა, როგორც სოციალური ცვლილებისათვის, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ. რამდენჯერაც სადილი მკაცრად ან ხუმრობა-ხუმრობით დააძალა, ჯენეტის წამლებით გაბრუებული, მტკიცე სიმშვიდე საშინელი გაღიზიანებით შეიცვალა.
მეორე, რაც უცნაური იყო, რომ ჯენეტს აღიზიანებდა, იყო ახალგაზრდა ეპისკოპალიანელი მღვდლის ვიზიტები. ის მათ ეკლესიაში ახალი მისული იყო. უწინ, ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ადგილი ერთ გულთბილ, ხუმარა მოძღვარს ეკავა, რომელსაც მთელი სერიოზულობით ვერავინ აღიქვამდა. ახალ მღვდელს თავდაჯერებული, დათაფლული ხმა და საფეთქლებთან შეთხელებული, ხვეული ქერა თმა ჰქონდა. ბრედმა მშვენივრად უწყოდა იმ უთანხმოების შესახებ, რექტორის არჩევამდე კანდიდატის მაძიებელი კომიტეტის წევრებს შორის რომ გაჩაღდა და ახლა სრულიად კმაყოფილი იყო ახალგაზრდა რექტორის მელოდიური ცერემონიალებითა და კონსერვატიული ქცევებით. ათი წლის წინათ, მისი ასაკის მღვდელი, ალბათ მრევლის რადიკალური ცვლილებებისათვის განწყობას შეეცდებოდა. მაგრამ ჯენეტი ჩიოდა, რომ მღვდლის ვიზიტები ღლიდა, თუმცა ისინი თხუთმეტ წუთზე მეტხანს არასოდეს გაგრძელებულა. როცა ჯენეტი მეტისმეტად მისუსტდა, გამუდმებით ეძინებოდა და ოთახიდან ვეღარ გამოდიოდა, ახალგაზრდა მღვდელმა შინ ზიარება შესთავაზა, მაგრამ ჯენეტმა ბრედს სთხოვა მისთვის გადაეცა, ზიარება სხვა დროისთვის გადავდოთო.
მესის მთავარი ჰოსპიტალის ოთახი, სადაც ჯენეტი საბოლოოდ მოათავსეს, აგურის კედელში ჩასმული სარკმლებიდან, მისი ოთახის მსგავსად, გაშლილ სივრცეს გადაჰყურებდა. შენობა ახალი იყო, ვესტ-ენდის ძველ ყორეზე ნაშენი. გვიანი მარტი იდგა, ახალი ათწლეულის პირველი გაზაფხული. მზიან დღეებში კისკისა მომვლელ ქალებსა და კრიჭაშეკრულ პაციენტებს მუყაოს ლანგრებით სადილი შიდა ეზოში გაჰქონდათ, მაგრამ დღეების უმრავლესობა ჯერ ისევ ნაცრისფერი იყო და ჰოსპიტალში გათბობის გამორთვას არ ჩქარობდნენ. ვიზიტების დროს ბრედი ხშირად იხდიდა პიჯაკს; ჯენეტის ოთახში ძალიან ცხელოდა.
ჰოსპიტალის თეთრ საცვლებსა და ვარდისფერ დალიანდაგებულ, ლენტებით გაწყობილ მოსაცმელში, ბალიშზე მისვენებული ჯენეტი ისევ ლამაზი იყო. ლოყები ჯერ კიდევ სავსე ჰქონდა და მისი მშვენიერი სწორი ცხვირი, ნათელი თვალები, წვრილი, გადაკალმული წარბები – ძველმოდურად ამოქნილს რომ ჰგავდა, თუმცა ბუნებრივად იყო ასეთი – კვლავ ტოვებდა იმ სრულქმნილების შთაბეჭდილებას, ბრედს რომ მუდამ სიამაყის გრძნობით ავსებდა. ქიმიოთერაპიის კურსის შეჩერების შემდეგ კეფაზე თმა კვლავ ფაფუკ, წაბლისფერ ბღუჯად ეზრდებოდა. მხოლოდ ხორცგამქრალი, ზეწარზე ინერტულად დაწყობილი ხელები ამჟღავნებდა, რომ ქალის თავს რაღაც საშინელება ხდებოდა.
ერთ დღეს ჯენეტმა საყვედურნარევი ხმით ქმარს უთხრა: “ჩვენმა ნიუტონელმა ახალგაზრდა მეგობარმა დილას ისევ შემოიარა და ვთხოვე, აღარ შევეწუხებინე”.
“მოძღვარი დაითხოვე?” – ბრედის მოხუცი ხმა, მისივე სმენაში, ჯენეტის წკრიალა და ქარის ზუზუნივით შორეული ხმის შემდეგ ჭექად გაისმა.
“მოძღვარი. ღვთის გულისათვის, რატომ უბრალოდ ეპისკოპალიანელ მინისტრს არ უწოდებ”, – ერთხელ, როცა შემთხვევით ბრიმერის ქუჩაზე ედვენტის ეკლესია მოინახულეს, ჯენეტმა მანტიებით მოსილი, გუნდრუკის მკმეველი მნათეების ჯგუფის მიმართაც უპატივცემლობა გამოთქვა.
“კი მაგრამ, ზიარებას არ აპირებ?” – ზიარება ბრედის უსაყვარლესი საეკლესიო საიდუმლოება იყო. მის წარმოსახვაში, რელიგიური ფანტაზიის მსგავსად, პური და ღვინო ნაწლავებში ტრიალისას ელვას იწყებდა, წმინდა შუქად იქცეოდა.
“როგორც დაზღვევას, არა?” – ჯენეტმა ძალიან დაღლილი, გათანგული ხმით ამოიოხრა.
“მაგრამ შენ უნდა ეზიარო”, – უპასუხა შეშფოთებულმა ბრედმა.
“უნდა ვეზიარო? რატომ უნდა ვეზიარო? ვინ თქვა, რომ ასე უნდა მოვიქცე?” – ბრედისკენ მიპყრობილი თვალების სილურჯე, სიცხისგან წამონთებული ლოყების ფონზე კვლავ თვალისმომჭრელი გახდა.
“იმიტომ, რომ… შენ იცი, რატომაც. შენი სულის ხსნისათვის. სწორედ ამაზე ლაპარაკობდი, როცა პირველად შეგხვდი”.
ჯენეტი მკრთალი ღიმილით სარკმელს გაჰყურებდა.
“ჰო. როცა მარტო დავდიოდი მეთოდისტურ ეკლესიაში. მიყვარდა ის ტაძარი. ისეთი საოცარი იყო თავისი მინარეთით. ძვირფასი მოხუცი სტიჯერი უსასრულოდ იდგა და იდგა. ახლა იქ მხოლოდ მანქანების სადგომია. სულის გადარჩენა…” – ჯენეტის გამხდარი მკერდი შეტოკდა, სიცილმა ტუჩებამდე ვერ ამოაღწია.
ბრედმა თვალები დახარა; ეს მას დასცინეს. მისი ხელები, მოხუცი კაცის ტლანქი, დაძარღვული თათები მუხლებზე ერთად მოკუმშა. “შენ გულისხმობ, რომ არ გწამს?” – ბრედმა იატაკქვეშ მიმალული სივრცის მთელი სიმაღლე იგრძნო.
“ძვირფასო, – უთხრა ქალმა, – ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია”.
“მნიშვნელოვანია”, – დაიჟინა ბრედმა.
ჯენეტმა ამოიოხრა და არაფერი აღარ უპასუხა.
“რამდენი ხანია?”
“არ ვიცი. თუმცა, – წარმოთქვა ქალმა, – ეს სიმართლე არ არის. დროა, ერთმანეთთან მართლები ვიყოთ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რწმენა ჩემგან შენ წაიღე. შენ ჩემს რწმენაში შემოიჭერი. საჭირო აღარ იყო, ორივეს ასე გაგვეგრძელებინა”.
“მაგრამ…” – ბრედს არ შეეძლო ამდენი წლის შემდეგ გაემხილა, რომ სწორედ ეს სურდა ყველაზე მეტად, – მის რწმენაში შეღწევა და მის გვერდით ყოფნა.
ჯენეტმა შერიგება სცადა: “ამას ხომ მნიშვნელობა არა აქვს”; ბრედმა არ უპასუხა. მხოლოდ სიბნელეს გრძნობდა, სიშავეს ხედავდა ჰორიზონტის ყველა წერტილში, როგორც ოდესღაც, წყნარი ოკეანის ღამეებში. ჯენეტმა ხმას გამაღიზიანებლად აუწია: “ძვირფასო, ამას რა მნიშვნელობა აქვს?”
ჯენეტმა იცოდა, – ამას მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ, რომ ბრედის აღსასრულიც ახლოს იყო. კაცმა თვალები ასწია და დაინახა, რომ ასეთი შურისძიების შემდეგ ქალი შესაშურად მშვიდად იწვა. კართან მომვლელი ქალის ფეხის ხმა გაისმა; ალუმინის ლანგარზე შპრიცი წკარუნობდა და სარკმელს მიღმა, გაზაფხულის ლურჯ ბინდში სინათლეები, ოქროსფერი მართკუთხედები ანთებულიყო. თოვლი, რამდენიმე მშრალი ფიფქი ციდან წამოცვივდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯენეტმა სთხოვა, რელიგიური რიტუალი ნუ იქნებაო, ბრედმა და ახალგაზრდა მღვდელმა ის მაინც ძველებური ყაიდის სამგლოვიარო პროცესიით გააცილეს. ჯენეტი მაისში სამოცდათერთმეტი წლის უნდა გამხდარიყო.
ბრედი განაგრძობდა დილის წირვაზე დასწრებას; მისი გონება უკვე აღარსაით მიჰქროდა; მის გვერდით სუსტი, წკრიალა ხმა აღარ გაისმოდა. აღარაფერი იყო, სულ არაფერი. ბრედი ცდილობდა, სხვანაირად ეფიქრა, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე მას ჯენეტის ისე ღრმად სწამდა, რომ ამ რწმენას ვეღარაფერს მოუხერხებდა… ამას ახლაც ვერაფერს უხერხებდა.
© “არილი”