ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ მაია ცირამუასთან – „ფიქრები მიდიან და მოდიან. ჩვენ კი აქ ვართ. ჯერჯერობით“

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მაისში დავიბადე.  შეეშალათ და მამაჩემს უთხრეს, რომ მეორე ვაჟი გაუჩნდა.  სინამდვილეში, მესამე ქალიშვილი შეემატა ოჯახს.  მამაჩემმა  იხტიბარი არ გაიტეხა და მაინც აჩუქა დედაჩემს მაისის ვარდები და ახლად შემოსული ბალი.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონში უფრო კარგად ჩანს რეალობა.  

ამაზე გამახსენდა, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა – ყურადღებით იყავით,  ეს ბავშვი ყველაფერს გატყუებთო. ფსიქოლოგისთვის, ტყუილთან მუშაობა,  თვითმფრინავის სიმაღლიდან გადმოხედვას ჰგავს.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ყველაზე მეტად ახლა რაც მაღელვებს, უკრაინის ომია და ჩვენი ქვეყნის ადგილი პოლიტიკურ რუკაზე.  

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები ბავშვობაში მყავდა.

არ ვიცი, საყვარელი პერსონაჟია თუ არა, მაგრამ რაც წავიკითხე „ქალი ქვიშაში“ ( ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო), სულ მეფიქრება ქვიშის ტყვედ გადაქცეულ კაცზე, რომელიც ბევრი შრომის, ბრძოლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით  მოიპოვებს თოკის კიბეს, მაგრამ მაინც ქვიშაში რჩება. ვერ გადამიწყვეტია, ეს რა არის  – გადარჩენა თუ  გაშეშება?

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი რამ არ წამიკითხავს. 

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ზიზღს უშუალო, ცოცხალი კავშირი იწვევს. ვერ წარმომიდგენია ასეთი სიმძაფრის ფიზიოლოგიური რეაქცია ამხელა დისტანციაზე. ხუთივე შეგრძნების ორგანო მონაწილეობს ზიზღში და მძიმედ განიცდება.

ზიზღი, დისოციაციის რეაქციას იწვევს. სხეულის დატოვებას, რეალობიდან გასვლას ჰგავს ეს რეაქცია. ამას „გარდაცვლილის როლის თამაში“ ჰქვია და საკმაოდ ხშირია დამამცირებელი და სასტიკი მოპყრობის დროს. მსხვერპლს, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ უჩნდება და არა მის მიმართ, ვინც წესით უნდა ეზიზღებოდეს. მოკლედ, ზიზღი არ გეხმარება დაამარცხო ტირანი.

ზიზღი არა, ჩვენი დამოკიდებულება ყველა სასტიკი ადამიანის, ტირანის მიმართ, წარსულში თუ აწმყოში,  უფრო რაციონალური, გააზრებული, სამართლებრივად შეფასებული და ემოციურად გადახარშული უნდა იყოს. ისტორიულად, ასეთები ბევრი გვყავს. რაღა შორს წავიდეთ, აგერ, ახლა იყო სტალინი. აქაა პუტინიც.  

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

პედრო ალმოდოვარია ჩემი კინო. ყველა ადგილი მიყვარს, სადაც მივყავართ, ყველა კადრი, ადგილი, ბგერა თუ ხმა. ყველა პერსონაჟი შენ ხარ, ოღონდ ისეთი „შენ“, საკუთარი თავის რომ გესმის, იტან და თან თვითირონიაც გეხერხება. მიყვარს როგორ დასცინის და აშარჟებს ყველაფერს. თან როგორი სევდიანია და მტკივნეულია, რაზეც გელაპარაკება, თან როგორი ოპტიმისტური. მოულოდნელობებისგან მიღებული შოკი – ყველაზე უფრო საყვარელი ნაწილია.  

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ვან გოგის ფერები მიყვარს. ცოტა ხნის წინ დავკარგე ამსტერდამის მუზეუმიდან წამოღებული მზესუმზირებიანი  ქოლგა და  წვიმის მოსვლას შიშით ველოდები, რაღაცნაირი დაუცველობის განცდა მაქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის, რასაც ვან გოგი ხატავდა, სულ გჭირდება. სიამოვნებით გადავსახლდებოდი მის ნახატში – „კაფეს ტერასა ღამით“.   

ასეთი სურვილი კიდევ ერთმა თანამედროვე ქართველმა მხატვარმა გამიჩინა – მომწონს, ჭკუიდან მშლის დავით ხიდაშელის მინდორში გაწოლილი გეტრებიანი გოგო.

ელენე ახვლედიანის ყველა „ზამთარი“ მიყვარს. თითქოს ისეთია მისი ზამთარი, არასოდეს რომ არ დადგება და შენ უნდა გამოიგონო.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ალბათ მაქვს უცნაურობები. მაგრამ, თუ რაღაცას ვიპოვი ჩემს თავში, უცნაურს დამარქმევ და მაინც არ შეიცვლება, გამოდის, რომ აღარაა უცნაური.  

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენაა, შელოცვები რომ მიყვარს? მედიტაციასავითაა  – ალისასა, მამისასა, შეგილოცავ თვალისასა…  თან ბავშვობაში გადამისვრის ხოლმე. რა ჯობია, რაღაცის რომ გეშინია და  ბებია გებუტბუტება თავისი ღუღუნა ხმით. ხელს რომ შუბლზე გადებს და ფეხისგულებიდან სითბო რომ გეპარება ტანში.

აკვიატებები რამდენიც გინდა. ეგ სულ შფოთვის ამბებია და მაგის მოვლა და პატრონობა კი ვისწავლე.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

დღეში,  ჩვენი გონების მაგისტრალზე,  60 000 აზრი ჩაიქროლებს.  ზოგჯერ სიკვდილზე ფიქრსაც შეეჩეხები. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ფიქრები მიდიან და მოდიან. ჩვენ კი აქ ვართ. ჯერჯერობით.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ასაკის შესაბამისად, გატაცებები სულ მეცვლება. არასტაბილური ვარ ამ კუთხით. გატაცებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ახლა, ცხოვრების ამ ეტაპზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიზეზების კვლევა მაინტერესებს – კონკრეტულად აქ და ამჟამად, საქართველოში. უფრო დამნაშავე მაინტერესებს – მისი ფსიქოლოგიური მოტივები, გამოცდილება, აღზრდა, გარემო, თავისი კულტურული ფაქტორებით, მითებით, წინასწარგანწყობებით  და ა. შ.  რამდენიმე წლის წინ ერთ კვლევაში მივიღე მონაწილეობა და იქ ასეთი შემთხვევა იყო – ღამით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცებმა ტრანსგენდერ ქალებს გაყინული ქათმები დაუშინეს. საკმაოდ მძიმე და დამაზიანებელი „იარაღია“, მაგრამ, ამას გარდა, რისი სიმბოლოა?  როგორ ემართება ეს ადამიანს? ასეთი ზიზღი, ცინიზმი საიდან მოდის? და როგორ მონაწილეობს ამ სისასტიკეში თითოეული ადამიანი, ვინც ამ გარემოს, ამ ქვეყანას, ჩაგვრის კულტურას ქმნის.  

ისე კი, წერით ვარ გატაცებული. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რატომ ავიტეხე ეს წერა?!  რამდენი ღელვა მოაქვს. დარდი. სევდა. შიში. სირცხვილი. სიხარულიც – რა თქმა უნდა.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ერთი საუკუნის წინ, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა, მაგას შევცვლიდი. ორჯონიკიძეებს არ გავაჭაჭანებდი. არც ის სისხლიანი 30-იანი წლები იქნებოდა და ალბათ დღესაც სხვაგვარად ვიცხოვრებდით. მაგრამ ბედის ირონიაა თუ რა ხდება? დღეს აქ ვართ ახალი ორჯონიკიძეებით, თითქოს ისტორია გამოცდას გვიწყობდეს და  რას ვაკეთებთ?

დიონისე თუ აპოლონი?

ორივენიცა. თუმცა, სადღაა დიონისე?  

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ამაზე ქუთაისური ხუმრობა გამახსენდა – კითხვა რომ არ უყვარდა ერთ კაცს, თავს ასე იმართლებდა – სხვის დაწერილ წიგნს რავა წევიკითხავო?!  

ჩემი წიგნის ავტორი ვიქნებოდი. სხვას ვერც შევბედავდი.  

ადამიანი, ვისიც გშურთ

იმ ხალხის მშურს – უჯრები, თაროები სულ რომ დალაგებული აქვთ. ბიუჯეტი განაწილებული და  „დედლაინები“ შესრულებული. ისე, ბებიაჩემი სულ მიჩიჩინებდა, შურით თავი არ დეიტანჯოო და ამაზე დიდი სიბრძნე და თავის დაზოგვა მართლა არ ვიცი.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

რამდენიმე ადამიანთან დაშორება, რადგან აღმოჩნდა, რომ მათი უპირობოდ სიყვარული ვერ შევძელი.  

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ძალიან მიყვარდა ბორენა ჯაჭვლიანი. სამწუხაროდ, აღარაა ცოცხალი.

დღევანდელებიდან:

ვახტანგ ჯავახაძე ახალგაზრდობიდან მიყვარს.

ბესიკ ხარანაული გულს რომ დაგიფლეთს ისეთია.

კატო ჯავახიშვილი. ნინი ელიაშვილი.

ოთხი გამოვიდა.

ერთმანეთს არ ჰგვანან ეს პოეტები, მაგრამ ჩემს გულში და წიგნის თაროზე ერთად შემოვაწყობ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

აბსოლუტური. რა სიტყვაა ახლა ეს?

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

თრთოლვა.  

როგორი სიტყვაა, თითქოს ცოცხალი, მსუნთქავი.

მეორე კურსზე როცა ვიყავი, პატარა კვლევა ჩავატარეთ ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, იაპონური და  ქართული სიტყვები ავიღეთ. ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ე. წ. ცდის პირს უნდა ამოეცნო იაპონური სიტყვის ქართული შესატყვისი. უმრავლეს შემთხვევაში ნახევარზე მეტი ამოიცნეს. სიტყვა, თავისი ჟღერადობით, უკვე განწყობას ქმნის და მიგანიშნებს შინაარსს, საზრისს, სიტყვაზე ცოცხალი არაფერია. აგერ, ბატონო –  ღუღუნი, ხომ ზუსტად ისაა, რასაც მტრედი გამოსცემს? ფრანგულად ღუღუნი  (Roucoule) გამოითქმის, როგორც „ღუკულ“.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

მეოცე საუკუნეში დაიწერა, მაგრამ ახლა დავინახეთ და ვაღიარეთ. მიმიხვდით ალბათ, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“-ს ვგულისხმობ.  

ჯერ არ წამიკითხავს ალბათ, რომანი, რომელიც მეორე ან მესამე ადგილზეა ჩემთვის, თუმცა რომ არ წამიკითხავს, არ ნიშნავს, რომ არ დაწერილა. იმედია მალე აღმოვაჩენ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

C’ est la vie!  – სიტყვის მასალად არა, ხშირად მეხმარება შინაგანი შტორმის ჩაცხრობაში.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ვეფხისტყაოსნით ისე დამაშინეს ბავშვობაში, ისე დამადეს ტვირთად, მაზუთხვინეს გაუაზრებლად, თან ხელი არ ახლოო, არ გაუთამამდეო. მოკლედ, ლიტერატურის მასწავლებელში არ გამიმართლა. მგონი ბევრი იყო ასე საბჭოთა დროს. ახლა არ ვიცი როგორ ასწავლიან.

მერე გადავლახე. შევურიგდი ამ შიშს. ოღონდ, ვეფხისტყაოსნისადმი ჩემი სიყვარული, ამ  შიშზე არაა ამოზრდილი. მართლა რა გენიალურია. როდის აღმოაჩინა მეცნიერებამ სტოკჰოლმის სინდრომი და  რუსთაველი როდის წერდა – „შიში შეიქმს სიყვარულსაო“.

„ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა“ ან „მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს“ – სხვა რა არის  უსიყვარულობით გამოწვეული ტკივილი, ზოგჯერ დეპრესიაშიც რომ გადადის?

ბოლო დროს ყველაზე ხშირად რაც მახსენდება – „თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია“ – იუმორიც როგორი აქვს.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ყველა დროის საუკეთესო ლექსი შოთა რუსთაველმა დაწერა უკვე. რა ვქნა, ასეა.

თუმცა ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია: ყელსაბამი“ ძალიან შემეხო, როგორც ყელსაბამების მოყვარულს და როგორც ქალს.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

პროფესიულ ლიტერატურას სამზე. მხატვრულს ორზე. ბოლო პერიოდში უფრო მეტად მშობლიურ ენაზე ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ქალსაც ვიტყვი და კაცსაც. ოღონდ, კი არ მიზიდავს,  ხშირად დამაფიქრებს ხოლმე. ამასწინათ თავიდან წავიკითხე კამიუს „უცხო“. მატარებელში ვიჯექი. მგზავრობისას კითხვა საუცხოო რამეა. უცებ კითხვას თავი გავანებე, თვალები დავხუჭე და მერსოს ადვოკატად წარმოვიდგინე თავი, ის ისეთი კერკეტი კაკალი იყო, თავისას არ გადათქვამდა, მაგრამ მე, პროცესზე, რასაც იტყვიან ძაღლის ყბა გამოვიბი და ვცდილობდი, ის უსინდისო, უგულო  და უცოდინარი პროკურორი გამეცამტვერებინა. ისეთი სასაცილო იყო ეს ყველაფერი!

ჯავახიშვილის „კურდღელი“ მეათე კლასში წავიკითხე და კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი ჩემი მომავალი პროფესიით. დანაკარგის და დანაშაულის განცდით გამოწვეულ ტკივილთან არაერთხელ მიმუშავია. უფრო ჯოჯოხეთთან, რომელსაც ადამიანი თავად დამართებს ხოლმე საკუთარ თავს, თუნდაც საზოგადოების რისხვას გადაურჩეს.  დილემაა – ღირს კი ადამიანი, როგორც სიდონია ამბობს – ბედნიერების ღრუბელიდან  ჩამოიყვანო და სასტიკ რეალობასთან შეარიგო?

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მე და ჩემმა მეგობარმა რეზო ჭეიშვილთან ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით. სამნი ვიყავით კუპეში. კოკისპირულად გაწვიმდა. რეზომ მატარებლის სარკმლის ფარდა გადასწია და თავისი რბილი და თბილი ხმით წამოიძახა – აუუ, რაფრა წუმს?! იქ დავბრუნდებოდი ახლა, უხერხულ დუმილს დავარღვევდი და ათას რამეს ვკითხავდი. კარგი მწერალია ჯონათან სვიფტიო, იმ საღამოს გვითხრა – ამ თემას გავაგრძელებდი, მისთვის მოსაწონ და დაწუნებულ  მწერლებზე ვისაუბრებდით. მოვაყოლებდი ქუთაისის ამბებს. სულ მინდოდა მისთვის მეკითხა – შილაიას თუ იცნობდა და თუ იცნობდა, რატომ არაფერი დაწერა ამ კაცზე, რომელიც საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა და დიდი ჩანთით დადიოდა, უფრო სწორად, სულ სადღაც მიდიოდა და ვერ წავიდა, ვერ გააღწია ქუთაისიდან.  

თქვენი ყველაზე დიდი შიში

მეშინია, ისევ იქ არ მივბრუნდეთ, საიდანაც გამოვიქეცით. ამაოების განცდის მეშინია ყველაზე მეტად.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ძალიან მაინტერესებს, რა იქნება ასი წლის შემდეგ.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ვეფხისტყაოსანი რომ იწყება, ისეთი კარგი დასაწყისი თუ არსებობს კიდევ, არ ვიცი. 

რომელია საუკეთესო დასასრული?

ისეთი დასასრულები მიყვარს, სადაც წერტილის დასმის, ამბის დასრულების,  გამთლიანების განცდა გაქვს. გეშტალტის კანონია ერთგვარი.  წიგნმა შეიძლება მერეც გააგრძელოს შენში ფუთფუთი, მაგრამ ის უნდა დასრულდეს. წერტილი უნდა დაისვას.

მოულოდნელი დასასრულებიც მიყვარს, აი, თუნდაც –  „დაიწყეთ მოყოლა“ (სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ მგონი ასეა)  – ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომის“ ბოლო ფრაზაა, როცა ამბავი უკვე მოყოლილია, როცა უკვე თითქოს ყველაფერი დასრულდა. როგორც ფსიქოლოგისთვისაც საინტერესოა ეს პასაჟი, რადგან, როცა ადამიანი შენთან მოდის და სავარძელში ჯდება, მან უკვე იცის „მთავარი“, უკვე მზადაა, გენდობა და შენ უბრალოდ უნდა შეძლო მისი დატევა.  

ენა თუ ამბავი? რატომ?

არ გამოვა ამბავი ენის გარეშე. მაშინაც კი, როცა ადამიანი დადუმებულია, ამბავი მაინც არის, რადგან ის სხეულის ენით ლაპარაკობს.

პროცესი თუ შედეგი?

შედეგზე ფიქრი პროცესს აფუჭებს. აუცილებლად დადებ შედეგს, თუ შეძლებ პროცესში ყოფნას. მე ასე მწამს.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ჩვენი ტვინი ისე ცუდად რეაგირებს „არაზე“, ჯობია, არაფერი დავამატო.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

კიდევ რა დაგრჩა საპატიებელი საკუთარი თავისთვის?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

უამრავი დასამახსოვრებელი  და სულისშემძვრელი ამბავი მაქვს ჩემს „სკივრში“,  ეს იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებთანაც ვმუშაობ. ამაზე არასოდეს ვლაპარაკობ, თუ კლინიკური განხილვა არ ხდება ვიწრო წრეში. მით უმეტეს, ამაზე არ ვწერ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკულ ესეებს არ ვკითხულობ. ესეც სკოლის ამბებთანაა კავშირში. რაღაც პროკრუსტეს სარეცელივით კომუნისტური კლიშეები რომ არსებობდა, აუტანელი იყო.   

რაღაც თემები მეც მაინტერესებს, როგორც მკითხველს, მაგალითად, ტრავმის მეხსიერება ქართულ ლიტერატურაში, ამ საკითხის კვლევა, მიმოხილვა. წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით. რაც შეეხება ლიტერატურულ კრიტიკას, ალბათ პირველი ადამიანი არ ვიქნები, ვინც ამბობს, რომ ის, რაც აქ ხდება, ან რადიკალური ლანძღვაა, ან ქება-დიდება. სოციალურმა მედიამ რაღაცნაირად თითქოს თავისებური სახე მისცა ამასაც. როგორც სოციალური მედიის ნებისმიერი მომხმარებელი შეიძლება გახდეს Newsmaker, ნებისმიერი ადამიანი  კრიტიკოსის როლშიც შეიძლება მოგვევლინოს. მეც დამიწერია და ალბათ ნებისმიერს თავისი რევიუ რომელიმე მწერალზე ან წიგნზე, საიტიც კი არსებობს ცალკე.  Tik Tok იც კი ჩართულია ამ პროცესში. გამოჩნდნენ ე. წ. ბაბლის კრიტიკოსებიც. თავისთავად ეს  ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თან გასახარიც – რა ჯობია, ამდენი ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა რომ კითხულობს!  არ ვიცი, ეს ასე უნდა დარჩეს? ხომ არ დაკარგავს აკადემიურობას ლიტერატურული კრიტიკა?  ის, რომ ნებისმიერი ადამიანი დღეს სოციალური მედიის საშუალებით საკუთარ საინფორმაციო სივრცეს ქმნის, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აღარ უნდა იარსებოს ტელევიზიამ, რადიომ, უნდა გაქრეს საინფორმაციო პორტალები, პროფესიული სტანდარტები, პროფესიული ეთიკა და ბოლოს და ბოლოს პროფესია? ალბათ იგივე ითქმის ლიტერატურულ კრიტიკაზეც.  

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

შეიძლება ცოტა ხნის წინ წაკითხულიც აღარ მახსოვდეს. უამრავია ასეთი. ძალიან მიყვარს იასუნარი კავაბატა, მართალია, დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ ვერ გავიხსენე, რა ხდება „ათასფრთიან წეროში“. ადგილ-ადგილ მახსოვს. უნდა გადავიკითხო. ეს არაა მწერლის ამბავი. ეს მკითხველის ამბავია. არც მარტო გადატვირთული მეხსიერების ამბავია. რაღაცაშია საქმე.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

თუ მე გადავიქცეოდი ოდესმე სხვისთვის ტვირთად ან მე ვიქნებოდი ვინმესთვის  ჯოჯოხეთი.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

ჩემს ოჯახთან ერთად აქეთ-იქით ხეტიალს თუ შევძლებდი, ვიმოგზაურებდი,  საამისო ფულიც მექნებოდა და დროც ცოტა ხნით განმარტოებისთვის, რომ რაღაცებზე მეფიქრა და მეწერა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

მისჯისთვის და დასჯისთვის ვერცერთ წიგნს ვერ გავიმეტებ.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ჩემმა უმცროსმა შვილმა მკითხა, 4 წლის იყო მაშინ – დედა, სადაა ადამიანი, სანამ გაჩნდებაო? მეგონა, რომ ბავშვის გაჩენის ამბებით და წინაპირობებით იყო დაინტერესებული და ახსნა დავიწყე. არაო, მითხრა, სუ, სუ იქამდეო? ჰოდა, სადაა ადამიანი სუ, სუ იქამდე?

წინა რესპონდენტის, ვახუშტი მენაბდეს შეკითხვა: რას ურჩევდით ახალგაზრდა პოეტებს?

მე, როგორც მკითხველს, გულწრფელი და ნაწვალები სტრიქონების იოლად გარჩევა შემიძლია. ამიტომ ლექსში, რაც უნდა გასაოცარი იყოს, პირველ რიგში, გულწრფელობას ვაფასებ. იმასაც ვფიქრობ, რომ პოეტს ჩვენ რომ ვხედავთ მოკვდავები, იმაზე მეტის დანახვა და გაგონება შეუძლია. ამ დანახვას კი ხელს ხშირად საკუთარ თავთან დაკავშირებული შიშები უშლის, ეს შიშები კი გულწრფელობას აკარგვინებს. არ ხარ მართალი, თუ  ადამიანს  ეუბნები – ნუ გეშინიაო. უფრო შეეშინდება ამიტომ.  უბრალოდ, მინდა ამაზე დაფიქრდე.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

ნივთი, რომელიც შენს თავს გაგონებს.

© არილი

Facebook Comments Box