ინტერვიუ

ინტერვიუ მარგარეტ მიჩელთან – “რა თვისებები ჰქონდათ მათ, ვისი ბრძოლაც გამარჯვებით დასრულდა?”

ინტერვიუ მარგარეტ მიჩელთან, ინტერვიუერი: მედორა პერკერსონი, ჩაწერილია The Atlanta Journal Sunday Magazine-ისთვის, 1936 წლის 3 ივლისს

პერკერსონი: დიდი სიამოვნებით წავიკითხე თქვენი წიგნი „ქარწაღებულნი“, მაგრამ ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა მსმენელმა არ იცის მის შესახებ. შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, რაზეა თქვენი წიგნი?

მიჩელი: მადლობა, რომ მკითხეთ, მედორა. ჩემი რომანი არის ამბავი გოგონას, სახელად სკარლეტ ო’ჰარას შესახებ, რომელიც ცხოვრობს ატლანტაში სამოქალაქო ომისა და რეკონსტრუქციის დროს. მაგრამ ეს წიგნი არ არის პირდაპირ ომზე და არც ისტორიული რომანია. ესაა გავლენაზე, რომელიც სამოქალაქო ომს ჰქონდა იმ პერსონაჟებზე, რომლებიც მაშინ ატლანტაში ცხოვრობდნენ.

ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ თქვენი წიგნი სამხრეთის მთელ ისტორიას აჯამებს, იმას, რაც სამხრეთსა და სამხრეთელებს დაუშავა ომმა და რეკონსტრუქციამ. თქვენი წიგნის სახელი, ქარწაღებულნი, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ დაანგრია ომის ტორნადომ ომის წინანდელი ცივილიზაცია, არა?

დიახ, მედორა, სათაური ამას ნიშნავს და მოხარული ვიქნები, თუკი ხალხი იფიქრებს, რომ მთელი სამხრეთის ისტორია მოვყევი ამ წიგნში. მაგრამ მე ასეთი წიგნის დაწერა არ მიცდია. ესაა წიგნი ჯორჯიისა და ჯორჯიის მაცხოვრებლების შესახებ, განსაკუთრებით კი ჩრდილოელების. ზოგიერთი ინციდენტი ხდება სავანაში, ჩარლსტონში, მეკონში, ნიუ-ორლეანში, მაგრამ თითქმის ყველა მოქმედება ატლანტასა და ტარაში ვითარდება, პლანტაციაში, სადაც მთავარ გმირი, სკარლეტ ო’ჰარა ცხოვრობს. ამბავი იწყება პლანტაციაში, მაშინ, როცა ძველი, სამხრეთული სტილის ცხოვრება დუღს. მერე მოდის ომი და სკარლეტი ატლანტაში გადადის საცხოვრებლად. ამის შემდეგ ის გამოივლის ყველაფერ იმას, რაც ომის წლებში ატლანტამ გამოიარა – მღელვარება და აღფრთოვანება ატლანტით, რომელიც ომმა უჩინარი პატარა ქალაქიდან სამხრეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად აქცია. შემდეგი სირთულეები, რომლებიც კონფედერატების გამო შეექმნათ, შიში, როცა ქალაქს გენერალი შერმანის არმია უახლოვდებოდა და, საბოლოოდ, ქალაქის დაკავება და მისი დაწვა. სკარლეტი მიიღებს ამ გამოცდილებას, ომის დასრულების შემდეგ კი უკან ბრუნდება, ატლანტაში და ქალაქის ხელახალი აღმშენებლობის პროცესში თავისი წვლილი შეაქვს. რეკონსტრუქციის მძიმე დღეებში ცხოვრობს და ამბავიც მას და ატლანტას შეეხება. ჯორჯიას ტოვებენ ოპორტუნისტები, ხალხი კი ნელ-ნელა უბრუნდება თავის პირვანდელ ცხოვრებას.

მე მგონია, ის, რითაც ყველანი ვამაყობთ, ისაა, რომ სრული სურათია მოცემული წიგნში და ცალმხრივად არაა ნაჩვენები სამხრეთი, ომი და რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი თქვენს წიგნშია და ყველაფერი ცოცხლდება. […] რეალური ცხოვრებიდან აიღეთ თქვენი პერსონაჟები?

არცერთი პერსონაჟი არ არის რეალური ცხოვრებიდან. პირველ რიგში, არ ვიცი, როგორ უნდა ავიღო პერსონაჟი ცხოვრებიდან. მეორე ის, რომ გამოგონილ პერსონაჟებთან გამკლავება უფრო ადვილია. ისინი ემორჩილებიან ავტორს, იმას აკეთებენ, რაც მას უნდა, ხოლო პერსონაჟები, რომლებიც რეალური ადამიანებიდან გამომდინარე შექმენი, მიდრეკილნი არიან ჯიუტობისა და დაუმორჩილებლობისკენ, ცდილობენ, ისე მოიქცნენ, როგორც თავად სურთ.

[…]

ამბობენ, რომ კარგ ქალს არ აქვს ისტორია ან, სულ მცირე, არავინაა დაინტერესებული მისი ისტორიით. მაგრამ თქვენს წიგნში აღმოვაჩინე მელანი, თქვენი პერსონაჟი, რომელიც არის ნაზი, მოსიყვარულე, თითქმის ისეთივე საინტერესო, როგორიც – სკარლეტი. მელანიმ და სკარლეტმა ომი და რეკონსტრუქცია გვერდიგვერდ გაიარეს და გასაოცარია, როგორ გამოიწვა ერთი და იმავე გარემოებებმა ასეთ კონტრასტულობა პერსონაჟებში. ამ გამოცდილებებმა გააძლიერა სკარლეტ ო’ჰარა, მორალური პრინციპები დააკარგვინა, მაგრამ მელანი ლედიდ აქცია – შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა, რაც უნდოდა და ისე არ გაეოცებინა ხალხი, როგორც სკარლეტი აოცებდა, რადგან მელანი ლედიდ დარჩა. მე ეს მეჩვენება წიგნის მთავარ თემად: განსხვავებული პერსონაჟები როგორ რეაგირებენ სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულ სტრესზე.

თუ ამ წიგნს ცენტრალური თემა აქვს, მე მგონია, ეს უნდა იყოს გადარჩენის თემა. რა თვისება განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, გადაურჩეს კატასტროფებს, როცა სხვა, ასევე მამაცი და ძლიერი ადამიანები მარცხდებიან? ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ამ კონკრეტული თვისებით ადამიანებში. ყველანი ვხედავთ, რომ იგივე ხდება ახლაც, დეპრესიის პერიოდში. ეს ხდება ომის დროს, პანიკისას, რევოლუციებისას. ეს ხდებოდა მთელი ისტორიის მანძილზე, ბარბაროსების რომში შეჭრიდან – დღემდე. ზოგიერთები გადაურჩნენ ამ კატასტროფებს, ზოგიერთები – ვერა. რა თვისებები ჰქონდათ მათ, ვისი ბრძოლაც გამარჯვებით დასრულდა და რა აკლდათ სხვებს, დამარცხებულებს? რამ იხსნა სამხრეთელები ომისას, რეკონსტრუქციისას, ყველა ჩვენი სოციალური და ეკონომიკური სისტემის ნგრევისას? არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სამოქალაქო ომს გადარჩენილები ამას შნოს ეძახიან.

© არილი

Facebook Comments Box