პორტრეტი

საიდან დავიწყოთ – ჰარუკი მურაკამი

წაიკითხეთ სტატია ჰარუკი მურაკამის წიგნების შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ:

კაფკა პლაჟზე

მაგიური რეალიზმი, პოპკულტურა, იუმორი, მუსიკა – კაფკა პლაჟზე მოიცავს თითქმის ყველაფერს, რის გამოც ჰარუკი მურაკამი მკითხველების დიდ ნაწილს უყვარს.

ერთი მხრივ, 15 წლის კაფკა თამურა, რომელიც მამას და მამის სიტყვებს გაურბის და კუნძულზე პოულობს თავშესაფარს. მეორე მხრივ, ბატონი ნაკატა, რომელიც ერთი უცნაური შემთხვევის შემდეგ კატებთან ლაპარაკის უნარს შეიძენს. თავდაპირველად ისინი თავიანთ გზებს მიუყვებიან, მაგრამ ეს გზები მალე ერთმანეთს გადაკვეთს და მკითხველს სიურრეალისტურ, დამაინტრიგებელ დასასრულამდე მიიყვანს.

კაფკას მოგზაურობა ერთდროულად გაქცევით განცდილ თავისუფლებას და მარტოობით გამოწვეულ სევდას აერთიანებს. ნაკატა კი მიზნისა და დანიშნულების გარეშე მცხოვრები ადამიანია, რომელიც დაკარგულ კატებს დაეძებს. ამ (და დანარჩენი) პერსონაჟების მაგალითით მურაკამი გვიჩვენებს, რომ სიამოვნებისა და ბედნიერებისკენ მარადიული ლტოლვის მიუხედავად, დანაკარგებისა და გაუცხოების მტკივნეული გრძნობის თავიდან არიდება შეუძლებელია.

როგორც მურაკამის ერთ-ერთი სხვა რომანის პერსონაჟი ამბობს, რეალობის დასანახად რეალობას მაქსიმალურად უნდა დავშორდეთ და ისე შევხედოთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მურაკამის სტილია – რაც უფრო შორდებიან მისი გმირები სინამდვილეს, სინამდვილე მით უფრო ცხადი ხდება მკითხველისთვის.

ნორვეგიული ტყე

მურაკამის რომანები, უხეშად რომ ვთქვათ, ორ კატეგორიაში ჯგუფდება: ფანტასტიკური და რეალისტური. თუმცა ბევრი მათგანი სადღაც შუაში, მათ შორის მერყეობს. 1987 წელს გამოქვეყნებულ ნორვეგიულ ტყეს აკლია ის უცნაურობა და ფანტასტიკურობა, რომელიც მურაკამის სხვა რომანებს ახასიათებს. ნაცვლად ამისა, ეს რომანი ახალგაზრდული სიყვარულის, დანაკარგების და მკითხველისთვისაც ნაცნობი და გასაგები გამოცდილებების შესახებაა. ამ მელანქოლიურმა, ნოსტალგიურმა რომანმა მურაკამი  ვარსკვლავად აქცია იაპონიასა და მის ფარგლებს გარეთ. როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ ამ რომანით მწერალმა მკითხველებს ცხოვრების ყველაზე ბნელ და სახიფათო ტერიტორიაზე შეაბიჯებინა – სიკვდილისა და მწუხარების ცივ, ბნელ ტყეში. შემდეგ კი გზაც უჩვენა მათ, ოღონდ მხოლოდ მიუთითა მასზე და არ აიძულა მისი გავლა.

ნორვეგიულ ტყეში მთხრობელი ტორუ ვატანაბეა, რომელსაც ორ განსხვავებულ ქალთან აქვს ურთიერთობა. უნდა ითქვას, რომ ნაოკოსა და მიდორის დავიწყება არა მარტო ტორუსთვის, არამედ მკითხველისთვისაც შეუძლებელია. რომანიც ამაზეა: როგორ ვერ ვივიწყებთ წარსულს და როგორ ვრჩებით სამუდამოდ იმ ტყეში, სადაც ყველაზე დიდ ტკივილს შევხვდით პირისპირ.

მამაკაცები ქალების გარეშე

მამაკაცები ქალების გარეშე მოთხრობების კრებულია, მურაკამის მიერ შექმნილი ერთგვარი მიკროკოსმოსი. კრებული მოიცავს რვა ამბავს და, როგორც მურაკამიმ აღნიშნა ინტერვიუში, ამ ამბებით იმის გადმოცემა სურდა, თუ რა არის მარტოობა და როგორ განიცდიან მას ადამიანები.

ამბობენ, რომ მურაკამისთან კაცები ყოველთვის ბევრ ვისკის სვამენ, კითხულობენ წიგნებს და უსმენენ მუსიკას (განსაკუთრებით ხშირად „ბიტლზის“ მუსიკას). ქალები კი ცოტათი მარტოსულები და ისეთივე პასიურები არიან, როგორებიც – კაცები. ისინი ბევრს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ბევრი რამ ემართებათ. ასეთები არიან ამ კრებულში თავმოყრილი ამბების პერსონაჟებიც.

ამჯერად პროტაგონისტები კაცები არიან, განსხვავებულები, სულ სხვადასხვანაირები, მაგრამ ერთნაირად უიღბლოები სასიყვარულო ურთიერთობებში. მათ ისტორიებში სევდა და იუმორია შერწყმული და ასე იქმნება „მამაკაცები ქალების გარეშე“, მურაკამის ოსტატობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.

უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

წითელი, ლურჯი, თეთრი და შავი – ცუკუროს ოთხივე მეგობარს აქვს საკუთარი ფერი. უფერული მხოლოდ ცუკურუა, რომელსაც თავი მოსაწყენ ადამიანად მიაჩნია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეგობრები მოულოდნელად მიატოვებენ. უკვე ზრდასრული, რკინიგზის სადგურების მშენებელი ცუკურუ რომანში იმის გარკვევას ცდილობს, რატომ თქვეს მასზე უარი მეგობრებმა და ჰგონია, რომ მარტოობისთვისაა განწირული.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომანს მკითხველები მოუთმენლად ელოდნენ და გამოსვლიდან შვიდი დღის შემდეგ მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული იაპონიაში.

ვინ გახდება საბოლოოდ ცუკურუ ტაძაკი? შეძლებს სიყვარული იმ გამოქვაბულის ამოვსებას, რომლადაც თავს მიიჩნევს ცუკურუ? პასუხების მიუხედავად, ცუკურუ აღმოაჩენს, რომ ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ ჰარმონიით კი არა, ტკივილითა და ჭრილობებითაც უკავშირდებიან.

მოსამართი ჩიტის ქრონიკები

მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები – ამ ყველაფერს გადააწყდებით რომანში მოსამართი ჩიტის ქრონიკები. ამ ქაოსურ წიგნში სამყარო მისტიკური ადგილია, სადაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და ლოგიკა უსარგებლო იარაღებია ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად.

როგორც ამბობენ, ესაა ნახევრად დეტექტივი, ნახევრად „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, საერთო ჯამში კი ამბავი იდენტობის ძიების, მარტოობისა და თანამედროვე იაპონიის შესახებ.

© არილი

Facebook Comments Box