მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც დაიწყო არილმა ახალი რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
„ყველაზე დაუვიწყარი სანახაობა, რომლითაც ჩემი ფანჯრიდან ვტკბებოდი – პალმებს შორის მოსეირნე ფარშევანგი, ირმები, შვლები და ეგზოტიკური იხვები იყო…“ ნებისმიერი მკითხველი, რომელმაც იცის, რომ არც ზოოპარკში ვცხოვრობ და არც შეკვეთილში, ამგვარი „პროლოგის“ წაკითხვისას უთუოდ გაიფიქრებს, რომ ან გავრეკე, ან უტიფრად ვტყუი…
არადა, მართლა ვტკბებოდი და რა ვქნა?!
ახსნა-განმარტება მომიწევს: ჩვენი სახლის მარცხენა ფლიგელი მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის პირველ ქარხანას ემიჯნება და ზემო სართულებიდან ქარხნის ეზო ხელისგულზე გვაქვს. სწორედ ამ ეზოში, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, იმართებოდა ის სრულიად დაუვიწყარი სანახაობანი, რომელთა თვითმხილველიც ვიყავი. ახლა, ისე მგონია, უხილავ „რეჟისორს“ ეს იმპროვიზებული „სცენა“ გარე სინამდვილის გროტესკისათვის სჭირდებოდა… რაღა თქმა უნდა, პირველი, რასაც გაიფიქრებთ, ის სიმბოლური დამთხვევაა, რომ რამდენიმე წლით ადრე ამავე ქარხნის სარდაფებში გადაიღო ოთარ იოსელიანმა თავისი შესანიშნავი ფილმი-გროტესკი „გიორგობისთვე“.
ახსნა-განმარტებებს დავუბრუნდები: ღვინის ქარხანას, ისევე, როგორც ყოველ თავმოყვარე საწარმოს, დირექტორი ჰყავდა. მაგრამ იმხანად აქ მოსული დირექტორი (ყველა წინა თუ მომდევნო კოლეგისაგან განსხვავებით!) ერთი უცნაური, თუმცა რომანტიკული იდეით იყო ატაცებული – ღვინის ქარხანას თავისი ზოოპარკი ჰქონოდა! შედეგად, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ქარხნის ეზოს უმეტესი ნაწილი განთავისუფლდა ყოვლად პროზაული ღვინის კასრების, მინის ტარის, კონტეინერების, გასარემონტებელი დანადგარებისა და დაუდგენელი დანიშნულების რკინეულობისაგან. ამის სანაცვლოდ, შემოზიდეს ხის ყუთებში ჩარგული პალმები, რომელთა შორისაც დასეირნობდნენ ზემონახსენები ფარშევანგი და მისი თანმხლებნი. ეგზოტიკური იხვები იქვე, „აუზად“ გადაკეთებულ სპირტის ნიკელირებულ რეზერვუარში დაცურავდნენ… (წყალში, ცხადია, და არა სპირტში!)
მაგრამ, ეჰ, სად გაუმარჯვებია ამ ქვეყნად რომანტიზმს, მაინცადამაინც „სამტრესტის“ №1 ქარხნის ტერიტორიაზე რომ გაემარჯვა?! მოვიდა ახალი დირექტორი და ჯერ ირემი გაქრა, მერე შველი, მერე ეგზოტიკური იხვები და სულ ბოლოს, გაუბედურებული, გაპუტული და შესაჭმელად უვარგისი ფარშევანგი… სულ ცოტა ხანში ქარხნის ეზოშიც აღდგა პირვანდელი სურათი (ისტორიკოსი რომ ვიყო, დავწერდი _ „პრაგმატიზმის სულით გამსჭვალული „რესტავრაციის ეპოქა“ დადგა“).
„ახალი ეპოქა“ იმით დაიწყო, რომ ღვინის ქარხნის ეზოში დაამონტაჟეს კონვეიერი, რომელსაც ათიოდე კაცი (და ქალი!) ემსახურებოდა დილის 9 საათიდან 6-მდე (ერთსაათიანი შესვენებით). კონვეიერის ხსენებაზე, ცხადია, უკვდავი ჩარლი ჩაპლინის „ახალი დრონი“ გვახსენდება _ ქანჩები, ქანჩები, ქანჩები… ღვინის ქარხნის კონვეიერის „ლენტაზე“, ქანჩების ნაცვლად, როგორც მოსალოდნელია, ბოთლები ელაგა. მაგრამ ამ ბოთლებით ისეთი სიურეალიზმი ჩაიხარშა, მგონი, ჩარლის არ დასიზმრებია! ეს ათივე მუშა ერთსა და იმავე რიტმში ხელს სტაცებდა მათთან „მიცურებულ“ ორ ბოთლს, ერთმანეთს შეამსხვრევდა და იმწამსვე მორიგ „წყვილზე“ გადაერთვებოდა. როგორც ვთქვი, მთელი ეს ჭახა-ჭუხი რვა საათი გრძელდებოდა. დღის ბოლოს ნამსხვრევების გორა დანჯღრეულ „კამაზში“ იყრებოდა და მინის ქარხნისაკენ იღებდა გეზს. ამ საწყალ მუშებზე აღარაფერს ვამბობ. უმუშევრად ყოფნას, ალბათ, ბოთლების მსხვრევა ჯობია… ფანჯრიდან ნანახს ვუბრუნდები. ჰოდა, როგორი სანახავია ეს ყველაფერი, თან ეგზოტიკური იხვების შემდეგ?! მაგრამ პრობლემა „სანახაობაში“ როდი იყო _ ბოლოს და ბოლოს, არ გაიხედავ ამ ოხერ ფანჯარაში და მორჩა! „სანახაობას“ „აკომპანემენტმა“ გადაუჯოკრა _ რა ორუელის გმირისათვის ვირთხა და რა ჩემთვის დამსხვრეული მინის ღრჭიალი _ თან 8 საათი დღეში და სამი წლის განმავლობაში!!! კიდე კარგათა ვარ…
„ჩემდა ბედად“, ქვეყანა აიჭრა – მოსახლეობის ერთი ნახევარი მეორეს ავტომატებით დასდევს! საწარმოები ზედიზედ იხურება… იმედი მომეცა, მეთქი – გადავრჩი! შენც არ მომიკვდე! მუშაობენ… ჩიხში ვარ: მეზობლების კოლექტიურმა განცხადებამ არ გაჭრა! მე რა მოვიმოქმედო?! ბრიყვი უნდა იყო, ღვინის ქარხანაში „მეფისტოლა კაცს“ მიადგე და თავი შეაცოდო – პატივცემულო, რამენაირად უნდა მიშველოთ – ისე ტეხავს თქვენი მსხვრევა! ან საპროტესტო განცხადება დაუდო მაგიდაზე: „მოქ. ზ. გ. აბზიანიძე კატეგორიულად მოითხოვს №1 ღვინის ქარხნის დირექციამ მოახდინოს მათ ეზოში განთავსებული ბოთლებსამსხვრევი კონვეიერის დემონტაჟი, ვინაიდან ზემონახსენები მოწყობილობის მიერ შექმნილი გაუსაძლისი აკუსტიკური ფონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ფსიქიკური განხრით“. ხომ ცხადია, რომ საცოდავ უმცროს მეცნიერ თანამშრომელს ამ განცხადებას ან თავზე გადაგახევს, ან პირდაპირ ფსიქიატრიულში გადააგზავნის და სწორიც იქნება!
თავში ცუდი აზრები მიტრიალებს… განმხორციელებელი რომ არა ვარ, ცხადია, მაგრამ, ღამ-ღამობით (როცა ეშმაკს არ სძინავს!), ქუჩიდან კი ხან მაკაროვის ხმა ისმის, ხან კალაშნიკოვის, ჩემში არარეალიზებული კრიმინალი იღვიძებს…
წკიპზე გადავრჩი! ციხისა არ ვიცი, მაგრამ ფსიქიატრიულიდან ნამდვილად! გაჩერდა! ჯერ ეს დედააფეთქებული კონვეიერი და მერე თავად საწარმო. ქარხნის მთელი პერსონალი ახლა ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმდიდრესი კოლექციის დაცვაზე გადაერთო. დაუსჯელობით გათამამებული და კბილებამდე შეიარაღებული კრიმინალები სტარტზე იყვნენ… ეს ყველაფერი ჩემი ფანჯრიდან ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ შეუძლებელი შეძლეს და ჯერ კიდევ „უდელის“ დროიდან შემონახული საუკუნოვანი განძი გადაარჩინეს.
საყოველთაო ვნებათაღელვა დაცხრა და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ღვინის ქარხანაში წარმოების აღდგენა უკვე არამომგებიანი იყო და ნელი-ნელ სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესზე გადაერთნენ. „უდელის“ ადმინისტრაციის ყოფილი შენობა ვარდისფრად გადაღებეს და მყუდრო სასტუმროდ გადაკეთდა, მის შორიახლოს რესტორანი გაიხსნა. პერსონალსაც და ეზოსაც აშკარად დაემჩნა ევროპული იერი, რაშიც, დროდადრო, მცირედი დისონანსი შეჰქონდათ ეზოს კუთხეში განაპირებულ, „სუფრისშემდგომი გარჩევებით“ აგზნებულ, აგრესიულ აბორიგენებს… მუსიკალური ფონიც დროის შესაფერი იყო: დაბინდებიდან ღამის 3 საათამდე ჩვენს ფანჯრებს გამაყრუებელი „ჰევი მეტალი“ აზანზარებდა. მეზობლებმა განაახლეს საპროტესტო წერილების წერა, თუმცა, ყოვლად წარუმატებლად…
არაფერი, გარეშე თვალისათვის რამდენადმე საინტერესო ამ პერიოდში ქარხნის ეზოში აღარ ხდებოდა, მაგრამ ფანჯრიდან თვალის გასახარებელი სანახაობა მაინც მოიძებნა – ციყვები! „ზოოპარკის შტატში“ არ „ირიცხებოდნენ“, მერე გამოჩნდნენ. ქარხნის „სასაზღვრო“, საყრდენი კედლის გაყოლებით ჩარგულ, უზარმაზარ, ასწლოვან, ფიჭვის ხეებში დაიდეს ბინა. ორნი იყვნენ და მთელი დღე ერთმანეთს დასდევდნენ… მე და ჩემი ცოლი ყოვლად სერიოზულად განვიცდიდით – შვილებს რომ არ აჩენდნენ… ვერ გეტყვით, რამდენ წელს გაგრძელდა ეს იდილია, მაგრამ ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ჩვენმა ციყვებმა თავს უშველეს და აქაურობა დატოვეს.
ციყვების შემდეგ ფიჭვებმა გვიღალატეს და ამ უკანასკნელ წლებში ერთმანეთის მიყოლებით გადახმნენ. ახლა უკვე არც რა ახარებდა თვალს, გარდა ეზოს შუაგულში აშოლტილი კვიპაროსებისა, ერთთავად რომ თრთოდნენ და გალაკტიონის უკვდავ სტრიქონებს გვაგონებდნენ. ფონად ძალზე უხდებოდათ თბილისში ესოდენ იშვიათი, „ერთდღიანი“ თოვლი და, ბედად, ჩახატა კიდეც ჩემმა მხატვარმა ცოლმა…
მთელი ოდინდელი დანაკარგის სანაცვლოდ, რამდენიმე შაშვი შემოგვეჩვია და დილაობით ჩვენს ფანჯარაში გამხმარი ფიჭვებიდან შემოღწეული მათი ჯადოსნური გალობა გვაბედნიერებს, როგორც დიდი ქალაქის დამთრგუნველი გუგუნის თუნდაც წამიერად გადამფარავი ზეგარდმო საჩუქარი…
პეიზაჟი ოლესია თავაძის
© არილი