ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ეკა ქევანიშვილთან – „როგორმე დარჩი თავისუფალი“

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

იანვრის ერთ თოვლიან დილას დავიბადე, საბჭოთა საქართველოში. რაც მოხდა, მოხდა.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონი რეალობას უფრო ასატანს ხდის – ვერ დავატოლებდი მათ ერთმანეთს. თუმცა, მე რეალობის ადამიანი უფრო ვარ.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

რა დაემართება ამ ქვეყანას? – დღეს მართლა ამაზე ვდარდობ. პირადი დარდები ბევრზე ბევრია, არ ღირს ჩამოთვლა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

მე ისინი არ მიყვარდება – უფრო მამახსოვრდება და ამ ნიშნით ვინც უცებ თავში მომივიდა, ტრისტაო და იზაბელი არიან ჯონ აპდაიკის რომანიდან „ბრაზილია“.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

მაგალითად, „ამაოების ბაზარი“ – თეკერეის. ბევრი სხვაც – მათი წაკითხვის დრო რაღაცნაირად გამოვტოვე და ახლა უკან ვეღარ ვბრუნდები, რადგან სხვა წიგნები დამჩხავიან, წაგვიკითხეო. იქნებ სიბერეში მივუბრუნდე, როცა არსად ვიქნები გასაქცევი.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

უფრო ბრაზს. ყველა, ვისი სახელიც ფაშიზმს, ნაციზმს, ტოტალიტარიზმს, სხვების სიძულვილს უკავშირდება.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

უეს ანდერსონის ფილმები მიყვარს. შეიძლება იმიტომ, რომ იმ თავგადასავლებზე მიყვება, რომლებიც მეც მინდოდა თავს გადამხდენოდა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

აქაც მხოლოდ ერთ-ერთს თუ გავიხსენებ… მოდი, ქართველი და თანამედროვე იყოს – თუთუ კილაძე.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

საკუთარ თავზე დაკვირვებაში ყოველთვის სუსტი ვიყავი. არ ვიცი. ვერც რაიმე ორიგინალურს გამოვიგონებ საპასუხოდ.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არა მგონია.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

რაც დრო გადის, უფრო ხშირად. უფრო იმაზე, ვინმე ჩემიანის აღარ ყოფნის შემდეგ როგორ გრძელდება ცხოვრება ჩემთვის.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

წერა და მოგზაურობა.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ  სუფრაჟისტების წინა რიგებში ვიდგებოდი.

დიონისე თუ აპოლონი?

იყოს ორივე. ხელს არ მიშლიან.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

უამრავია ასეთი. თუნდაც ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდა“.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ვისაც სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია ყველაზე რთულ მომენტებშიც.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ეს ალბათ ბოლოს მეცოდინება.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკ ხარანაულით დავიწყებდი. მაგრამ რომ გავაგრძელო, სამს გავცდები. პოეზიაში იმედიანად ვარ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

არასოდეს ამითვალწუნებია რომელიმე.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ყველა მჭირდება.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

აკა მორჩილაძის, თამთა მელაშვილის, ანა კორძაიას, ზაზა ბურჭულაძის, არჩილ ქიქოძის რომანები.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

არ გამაჩნია ეგეთი ფრაზა. საინტერესო პასუხისთვისაც კი ვერ გამოვიგონე.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე“, – იმიტომ, რომ მახსენებს ერთ მომენტს ჩემი ბავშვობიდან. როგორ არ მინდოდა ზეპირად სწავლა და როგორ წამიკითხა მამაჩემმა ეს სტროფი, ნახე, როგორ ცეკვავენ სიტყვებიო. გულში ჩამრჩა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

მშურს მათი, ვინც ამ კითხვას ერთი ლექსის სათაურით უპასუხებდა.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად, ინგლისურად, რუსულად.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

უცებ ვიტა გამახსენდა, მელანია მაცუკოს რომანიდან.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ალბათ, ისევ ჯულიან ბარნსთან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სადმე ტბის პირას დავსხდებოდით და დასასრულის განცდაზე ვილაპარაკებდით. ისე, არც ბიტნიკებთან ლუდის დალევასა და ლაყბობაზე ვიტყოდი უარს, ეგ შანსი რომ მომცემოდა ოდესმე.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ჩემი ადამიანები ავად არ გამიხდნენ.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

50-იანი წლების ამერიკაში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

მე ყოველთვის ბოლო წინადადებას ვკითხულობ ხოლმე პირველად.

რომელია საუკეთესო დასასრული?

რომელიც წერტილის მერეც გრძელდება. ბევრ მწერალს დაუტოვებია ჩემთვის ასეთი განცდა.

ენა თუ ამბავი? რატომ?

დაუფიქრებლად რომ მეპასუხა, ამბავს ვიტყოდი. ვგიჟდები ამბებზე, მაგრამ ენაა ამბის მომტანი. მის გარეშე არაფერი გამოვა.

პროცესი თუ შედეგი?

ჩემთვის – ორივე. უბრალოდ, ერთი ცხელი ჩაია, ხშირად გამეორებული, ათჯერ ჩამოსხმული, ხოლო მეორე – დამსახურებული ყავა.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

როგორმე დარჩი თავისუფალი.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

კიდევ რამდენ ხანს გაქაჩავ?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ეგეც ნამდვილი ამბებია – ყველაზე სასტიკი, რომლებსაც ვერ გამოიგონებ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

საქართველოში მაგ საქმიდან არაფერი გამოდის.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

წიგნების უმრავლესობიდან წლების შემდეგ მხოლოდ განცდები მრჩება. არ ვარ კარგი დამმახსოვრებელი.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

უსარგებლობის განცდა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

მიყვარს, თავისუფალი ვარ. ვიბრძვი. ვმოგზაურობ, ვწერ. მიფასდება. ვხედავ მათ, ვინც მიყვარს.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

აი, ეს იქნებოდა ჩემი პერსონალური ჯოჯოხეთი.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

რატომ არ ვუყვარდი? ეს ხუმრობით. შორეულ ვარსკვლავებზე რა ხდება, ისიც მაინტერესებს.

წინა რესპონდენტის, მაია ცირამუას შეკითხვა: ნივთი, რომელიც შენს თავს გაგონებს.

კონტრაბასი

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რომ არ წერდეთ, სათქმელს რა გზით გვეტყოდით?

© არილი

Facebook Comments Box