ბურთი და თავი
ნაწილი I
მე ავიღე
რეზინის ბურთი და გავტყორცნე
შორს. ფეხების ქვეშ კი მიდიოდა
მდინარე
და ჩემს აკანკალებულ ანარეკლს
ამშვიდებდნენ თხელი თევზები.
ქარხნის მილებზე
შემომსხდარი ბიჭები აფურთხებდნენ
მდინარეში დაგროვილ სპაზმებს.
ნაგვის გროვაში თეთრი ხოჭოები
მიასვენებდნენ შვილებს
და გამოხრულ ძვლებში მარხავდნენ.
მე ავიღე
რეზინის ბურთი და გადავუგდე
იქვე მდგარ მოხუცს. რომლის
უზარმაზარი თავი ჰგავდა
მზეს. და
ბურთი დაიწვა. მიმოვიხედე და
ვერაფერიც ვეღარ ავიღე. ვერაფერიც
ვეღარ გადავუგდე ვერავის ვერსად.
შორს
ქარხნის მილები აფურთხებდნენ
ცივ მდინარეში და ქუჩაში
ბავშვები თამაშობდნენ
ბურთით.
ჩემს აკანკალებულ ანარეკლს
გადავხვიე ხელი და ვუჩურჩულე
ყელში
სხვისი სიმშვიდე.
ნაწილი II
მე ვიწექი
გატეხილი ბეჭდის გვერდით და მისი
თვალი
მინათებდა მუხლისთავებს.
მრგვალ მინდორში მუშები თესავდნენ
მზეებს და გაზაფხულზე ბარავდნენ
გულმოდგინედ.
სხვა მზეები ცაში ბჭობდნენ იმაზე
თუ როგორ ამოეთხარათ
ძმები მზეები.
გულმოდგინე მუშები კი შუბლიდან
ხელის ზურგით იწმენდდნენ ოფლს
და ჩალის ქუდებს კიდებდნენ
ხეებზე.
მე ვიწექი
ზურგზე და ნაგასაკში გაბნეული
ატომური ბომბების კვამლი მიკენკავდა
ფილტვებს
რომლებიც მეწყო მიწაზე ხელებთან
ერთად.
ბავშვებს მზის ყანაში გადაუვარდათ
ბურთი და გადაწყვიტეს გაქცევა იქ
სადაც არ იქნებოდა ყანები და
მუშები
გაუბერავდნენ მზისხელა ბურთებს.
ნაწილი III
მე არ ვიწექი
მიწაზე. არც ბალახზე და საერთოდ
ვეკიდე სარეცხის თოკზე თავდაყირა –
მზეზე ვშრებოდი.
ხელებიდან კი ვწვეთავდი წყალს.
ჩქარ მდინარეში ჩანდა ცა.
კიდევ ხიდი. კიდევ თვითმფრინავი
რომელსაც ნაგასაკში
მიჰქონდა ბომბები
და პილოტებს ეკეთათ მზის სათვალე.
აი ეს ჩანდა მდინარეში
კიდევ.
მე არც ვიჯექი. არც ვიწექი ბალახზე
თუნდაც
მიწაზე –
ვჩანდი გაღმა
იქ მინდორში იაპონელ ბავშვებს
ვუკრეფავდი ბურთებს და ესეც ჩანდა
მდინარეში კიდევ.
სხვა არაფერი. სხვა არაფერი
არ იყო ირგვლივ.
მკვდარი თოვლი
არ იცი რა ხდება ჩემს
გარეთ. დახურე კარი.
სინათლე გაქრა მზენაკრავი თხელი
თოვლივით.
ამიტომაც ხელისცეცებით მოძებნე რამე
ჩამოჯექი სულ ერთი წუთით
ვიდრე სამოვარი წამოდუღდებოდეს
კარაქარეულ თაფლიან პურზე
დავატყობდე უკანასკნელ ნაკბილარებს და
უხვად შეყრილ კაბის ნაოჭებს შევისწორებდე.
მერე ერთად გავიდეთ გარეთ
სადაც ყოჩაღმა მამაჩემმა დაბარა
მიწა.
შავი მიწა დაიფარა ნორჩი ფუტკრებით
იმის გარეთ კი ამოქოლეს მაღალი კარი.
ჩვენ დავრჩით შიგნით –
მოგვატყუეს უსინათლო თეთრმა
ხელებმა
ამ სამოვარსაც წაექცა ფეხი –
მეურმეები კეთილ ხარებს უქნევენ შოლტებს
იმათ ყვირილმა შეარხია
ჩემს მუხლებზე დაფენილი კაბის ნაოჭი.
ჩვენ დავრჩით შიგნით –
მე დავინახე
როგორ ასწია მამაჩემმა დაღლილი თავი.
შენც ხომ შეხედე
ჩემს მხრებს იქით მზემ მოკლა თოვლი
და გამარჯვების ნიშნად შეჰკივლა.
დახურე კარი.
შენ არ იცოდი რა ხდებოდა
ჩემს იქით. გარეთ.
შენ გინდა რომ დამგლიჯონ ძაღლებმა
ცოფიანმა ძაღლებმა ჩამოგლიჯონ ფარდა
ჩემი ფანჯრის
რომლის მიღმაც გამვლელების ცნობისმოყვარე.
თავებს ვთლი და
ჭერში ვაწყობ.
იმათ ფეხებზე დაბერილი ძარღვები
მამუნჯებენ –
თმები მცვივა.
თმები ორმოში.
შავი კატები კნავიან თვალებთან.
არა. ფერი
(ც) არ იცვლება –
აი ხელები: თითები არასწორია და
დედაბერი ჯოხს მიკაკუნებს თავში
მეზობლის ქალები კი წველიან თბილ ძროხებს.
ფერები დამექცა პენიცილინის ბოთლიდან
მინდორში ამიტომაც გაჩეხეს ზვინები და
აყვავებული ნაძვები
სახეში მირტყამენ ფესვებს.
ერთი თბილი ძროხა
უკვე დაკლეს კაცებმა.
ალბათ შეჭამენ
არა ფერი (ც) –
დაჭრიან და ჩაუშვებენ ორმოში.
შენ კი გინდა რომ დამგლიჯონ ძაღლებმა
ცოფიანმა ძაღლებმა ჩამოგლიჯონ
იმათ ფეხებზე დაბერილი ძარღვები.
© ”არილი”