მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:
კითხვის პირველი მოგონება
რა თქმა უნდა, სხვა წიგნებიც იქნებოდა, რომლებსაც ჯერ მშობლები, დიდედა და გაუთხოვარი მამიდები მიკითხავდნენ (განსაკუთრებით „შვილს ნუკრის ნაამბობი“ მახსოვს: დედამ წამიკითხა, ხმა ნამდვილი მსახიობივით უთრთოდა და უმწეობის განცდისგან ცრემლად დავიღვარე). მერე ალბათ თავადაც ვკითხულობდი, უფრო თხელყდიანებს, მაგრამ ცხადად, როგორც პირველი, მაინც ჯანი როდარის „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ დამამახსოვრდა. შესაძლოა, იმიტომ, რომ სწორედ ეს წიგნი იყო, რომელიც მე თვითონ ავირჩიე და სრულიად დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით წავიკითხე. მახსოვს, მეორე კლასში გადავედი, ზაფხული იდგა. გლანდების ოპერაცია გამიკეთეს და საავადმყოფოდან გამომწერეს თუ არა, პირდაპირ გამაქანეს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვზივარ დედას დეიდაშვილის მსუბუქ ავტომანქანაში (რაც იმ დროისათვის მაინც იშვიათობა იყო), როგორ მიჭირავს ხელში ახალთახალი, სქელყდიანი წიგნი და რა გატაცებით ვკითხულობ მთელი გზა. ის წიგნი დღესაც მაქვს შენახული, ახლა უკვე ჩემს შვილებგამოვლილი და ამიტომ, საკმაოდ შელახული. ვინც პირადად მიცნობს, კარგად იცის, რამდენი ბინის გამოცვლა მომიხდა ცხოვრებაში, რამდენი არაჩვეულებრივი წიგნი დამეწვა თბილისის ომის დროს, მაგრამ რაღაც სასწაულით, ეს წიგნი ყველაფერს გადაურჩა და დღესაც ისე ვინახავ, ვით საკუთარ ბავშვურ მოგონებებს, დიდობაშიც რომ ვერ ელევი ადამიანი.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
ასეთი რამდენიმე მქონდა: ზემოხსენებული ჩიპოლინო, „ბურატინოს თავგადასავალი“, „არიციას თავგადასავალი“ (აღფრთოვანებული ვიყავი იმ პაწაწინა, ულამაზესი ქალაქით, სადაც ყველა ქუჩას განსაკუთრებულად ლამაზი სახელი ერქვა, ბიჭუკელებითა და გოგუცანებით, მათი პაწია სახლებითა და მანქანებით, მფრინავი ბურთით). კიდევ რამდენიმე წიგნი მიყვარდა. ბიძიამ ჩამომიტანა რომელიღაც ფესტივალიდან. ერთი ჩეხური იყო და მგონი მიშოს (ანუ, დათუნიას) თავგადასავალი უნდა რქმეოდა. მუყაოს წიგნისთვის ბოლოში დათუნიას მოძრავი თავ-ფეხი მიემაგრებინათ. ის თავ-ფეხი უნდა გაგეშალა. თითოეულ გვერდზე კი დათუნიას სხვადასხვა ტანსაცმლიანი სხეული ეხატა, ფონად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის შესაბამისი ხედი ჰქონდა გამოსახული. და ჩვენი დათუნიაც, ხან გიტარიანი ესპანელი იყო, ხან ლონდონელი ფრანტი, ხან მეზღვაური და ა. შ. წიგნს ტექსტი არ ჰქონდა, მაგრამ ეს არც მჭირდებოდა, ისედაც გასაგები იყო ყველაფერი.
წიგნი, რომელმაც მოზარდობაში შემცვალა
რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ. მოზარდობაში განსაკუთრებით მხიბლავდა სათავგადასავლო ლიტერატურა. ორ-ორჯერ წავიკითხე „ რობინზონ კრუზო“, „სამი მუშკეტერი“, „გრაფი მონტე-კრისტო“, „ საიდუმლო კუნძული“ და ჟიულ ვერნის თითქმის ყველა რომანი, „გულივერის მოგზაურობა“, სათავგადასავლო რომანების ქართულად გამოცემული სერია. ამას მოჰყვა ფრანგი და ინგლისელი კლასიკოსების რომანები. მახსოვს, ვოცნებობდი, ნეტა ერთი ეს სენდვიჩი გამასინჯა რა არის-მეთქი, რადგან ამერიკელებთან, განსაკუთრებით, სულ ამ სენდვიჩს მიირთმევდნენ (ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამამახსოვრდა). რამდენად შემცვალა, არ ვიცი, მაგრამ „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალმა“ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე ყველაფერი ჩახლართული, გასაშიფრი, გამოუცნობი და იდუმალი მიზიდავს. მერე ქართულად კითხვას რუსულად კითხვაც დაემატა. ამასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო. რუსულად კითხვა არ მინდოდა. არადა, როგორც ჩემი თაობის ხალხს ახსოვს, რუსულად გაცილებით მეტი რამ ითარგმნებოდა, ვიდრე ქართულად. ჩვენს უახლოეს მეზობლებს ქალიშვილი ჰყავდათ – დაბადების მოწმობით მანანა, შინაურულად კი ნანიკო,- ჩემზე ხუთი წლით უფროსი და, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე ბავშვობაში (თუმცა, ახლანდელ ბავშვებში როგორაა, არ ვიცი), ჩემთვის დიდი ავტორიტეტი. ჰოდა, ერთ დღესაც დედამ ნანიკო იხმო (დღემდე განუყრელი მეგობრები ვართ, ასაკი წაიშალა) და ჩემი თანდასწრებით ჰკითხა, ნანიკო, დოდო რუსულადაც ხომ უნდა კითხულობდესო? კითხვა ისე იყო დასმული, რომ პასუხსაც თავადვე შეიცავდა და ნანიკომაც, რა გასაკვირია, დიახო, უპასუხა. ის ერთი სიტყვა გახდა საკმარისი, რომ თორმეტი წლის ასაკში იმავე საღამოს გადმომეღო თაროდან ორ ტომად გამოცემული რბილყდიანი „ანა კარენინა“ და კითხვა დამეწყო. რა თქმა უნდა, ბევრი სიტყვა არ მესმოდა, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ამას არად დაგიდევდით; ისე ჩავაბულბულე მთელი რომანი, უკან არ მომიხედავს და სამუდამოდ დამამახსოვრდა შესავალი: “Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по своему”. არ შემიძლია არ დავასახელო კიდევ ერთი მწერალი, უფრო სწორად, ერთი ნაწარმოები: შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“. აღარ მახსოვს, ჯერ წავიკითხე თუ ჯერ რადიოდადგმა მოვისმინე, თათია ხაინდრავას არაჩვეულებრივი შესრულებით. ალბათ, უფრო მეორე. როგორც ჩანს, ამასობაში იმ ასაკმაც მიწია, როდესაც გოგონა ბავშვობიდან მოზარდობასა თუ ქალიშვილობაში გადადის და რომანტიკული ხდება. ეჰ, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მყავს გამოტირებული ის საბრალო ქალი და მისი ამაღლებული, უიღბლო სიყვარული.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა
მე ამას უფრო ზეგავლენას დავარქმევდი. ყველა დიდი მწერალი ახდენს ზეგავლენას ადამიანზე და მის მსოფლმხედველობას აყალიბებს. ასეთი ბევრია: ვაჟა-ფშაველათი დავიწყებ, გადავალ გალაკტიონზე, ფრანგ სიმბოლისტებზე, ე.წ. „ვერცხლის საუკუნის“ რუს პოეტებზე. პროზიდან თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსი“ მინდა დავასახელო და მიშა კვესელავას არაჩვეულებრივი ლექციები, გურამ რჩეულიშვილი, განსაკუთრებით, „სიკვდილი მთაში“ და „ბათარეკა ჭინჭარაული“, ჰემინგუეის როგორც რომანები, ასევე მოთხრობები, მელვილის „მობი დიკი“, ბულგაკოვის რომანები, განსაკუთრებით „ოსტატი და მარგარიტა“, კამიუ (დღესაც მახსოვს, როგორ წავიკითხე „ხომლში“ დაბეჭდილი მისი „უცხო“ და როგორი მართლაც უცხო, გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა). სრულიად აღმაფრთოვანა ჰომეროსმა და ანტიკურმა ბერძნულმა ტრაგედიამ. კაფკას გაცნობამ საერთოდ თავზარი დამცა. მახსოვს, როგორ მივიღე ე.წ. „ინასტრანკის“ მორიგი ნომერი, როგორ წავიკითხე იქ დაბეჭდილი „მეტამორფოზა“ და როგორ აღარ მინდოდა სიცოცხლე, როგორ ვეღარ გავდიოდი სახლიდან, ვაცდენდი ლექციებს, როგორ ვერ ვჭამდი რამდენიმე დღე და საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ალბათ კიდევ მრავლად არიან, ვინც გარკვეული დაღი დამამჩნია, მაგრამ ახლა მხოლოდ ყმაწვილურ შთაბეჭდილებებსა და იმ დროს გაცნობილ, ასე ვთქვათ, თავზარდამცემ მწერლებს დავჯერდები. წლებთან ერთად ასეთი ძლიერი ემოციები ქრება, მით უმეტეს, თუ ლიტერატურა ხდება შენი პროფესია. თუმცა, ბევრი საყვარელი მწერალი მყავს.
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
წიგნის ნაცვლად მინდა იმ მოვლენით დავიწყო, რომელმაც სრულიად პატარას გამიჩინა წერის სურვილი და ეს მოვლენა, არც მეტი არც ნაკლები, კუბის რევოლუცია გახლდათ. ახლა რომ ვიხსენებ, იმ დროს დიდი-დიდი პირველ კლასში თუ ვიქნებოდი. რა გასაკვირია, რომ საბჭოთა ტელევიზია უხვად აშუქებდა ამ მოვლენას, ფიდელ კასტროს ხომ ლამის საყოველთაო გმირად გვისახავდა. არ ვიცი, კონკრეტულად რამ იქონია გავლენა (ოჯახმა რომ არა, ნამდვილად ვიცი, რადგან ჩვენს ოჯახს სრულიად განსხვავებული ისტორია ჰქონდა), მაგრამ ერთ დღესაც ავდექი და დაჩაგრულ კუბელ უბრალო ხალხზე დავწერე მოთხრობა, უფრო სწორად პატარა ბიჭუნაზე, რომელსაც ესმის, როგორ იკრიბებიან მამამისთან ვიღაც ბიძიები, ჩურჩულებენ, რომ არავინ გაიგოს, მაგრამ ბიჭუნა მაინც მოჰკრავს ყურს სიტყვა რევოლუციას. მერე, მგონი, იმ ბიჭის მამა რევოლუციისას იღუპება. შემდეგი იმპულსი ზემოთ უკვე დასახელებულმა „უცნობი ქალის წერილებმა“ მომცა და ლამის ათი წელი ვწერდი დღიურს. შემდეგი (განუხორციელებელი) იმპულსი მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ აღმოჩნდა.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
ძირითადად, საკუთარი სიამოვნებისთვის, პოეზიას ვუბრუნდები. ვკითხულობ გალაკტიონსა და ჩემთვის მის სულიერ ტყუპისცალ ალექსანდრ ბლოკს. ვკითხულობ გივი გეგეჭკორისეულ ფრანგული პოეზიის თარგმანებს. არაერთხელ გადამიკითხავს „ოსტატი და მარგარიტა“, სახარება, ესა თუ ის წიგნი ბიბლიიდან, რამდენიმე ქართველი მწერალი. პროფესიული თვალსაზრისით ბევრი რამის გადახედვა მიწევს. მაგალითად, თარგმნისას თუ რაღაც ისეთი სიტყვა ან განცდა შემხვდა, რომლის მსგავსიც რომელიმე ნაწარმოებიდან მახსოვს, იქნება ეს დედანი თუ თარგმანი, ვპოულობ იმ წიგნს და იმ ეპიზოდს. ვკითხულობ სხვა მოსაზრებითაც: მწერლური თუ მთარგმნელობითი ტექნიკის გასააზრებლად. ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებზე აღარაფერს ვამბობ. არც სამეცნიერო ლიტერატურაზე.
წიგნი, ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს წავიკითხავ
ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, პენსიაზე რომ გავალ, ავდგები და მთელ კლასიკას თავიდან გადავიკითხავ-მეთქი. ხომ ყველასათვისაა ცნობილი, რომ სხვადასხვა ასაკში ერთი და იმავე ნაწარმოებში ადამიანი სულ სხვადასხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას. ჰოდა, მაინტერესებდა, სიყმაწვილეში რა გამომრჩა, რას არ მივაქციე ყურადღება. მაგრამ, პენსიაზე გასვლა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა. დღესაც ინტენსიურად ვმუშაობ და გადაკითხვისთვის თითქმის ვერ ვიცლი. გარდა ამისა, რომ მომისაჯოთ, მაინც ვეღარ წავიკითხავ მეცხრამეტე საუკუნის პროზას. არასოდეს აღარ მივეკარები დოსტოევსკის. ყელში მაქვს ამოსული მისი რუსული ონანიზმ-მაზოხიზმი. არასოდეს წავიკითხავ ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენს“. მახსოვს, ბავშვობაში როგორი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით ფინალმა და არ მინდა ახლა ეს შთაბეჭდილება გამიცრუვდეს.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
მოგვიანებით აღმოვაჩინე ის საბავშვო მწერლები, რომლებიც ბავშვობაში ვერ მომესწრნენ და ჩემს შვილებთან ერთად ვიკითხე – ლუის კეროლი, ასტრიდ ლინდგრენი და სხვები. გარდა ამისა, გვიან წავიკითხე ლევ ტოლსტოის მოთხრობები. განსაკუთრებით, „ჰაჯი მურატი“ და „ივან ილიჩის სიკვდილი“ მომეწონა. თავად ავტორი ბრაზობდა თურმე, რას გადაეკიდნენ ამ ჩემს რომანებს, მოთხრობები ბევრად უკეთესი მაქვსო. მთლად ვერ დავეთანხმები, მაგრამ მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
ბავშვობასა და მოზარდობაში უფრო ადვილად ახერხებ წიგნის გმირთან გაიგივდე. მაგალითად, რაც მახსოვს, ბიძია თომაც ვყოფილვარ, რობინზონიც, შერლოკიც, ცვაიგის ის უცნობი ქალიც და უამრავი სხვაც. გაიგივებას ვერ დავარქმევ, მაგრამ სულიერად ახლოს ჩემთან ჩეხოვის ძია ვანია დარჩა და მარსელ პრუსტი თავისივე პროტოტიპით რომანიდან „დაკარგული დროის ძიებაში“.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
არ მიყვარს დოსტოევსკი, თუმცა, თავის დროზე ძალზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მსოფლიო საგანძურშიც ალბათ დამსახურებულადაა შესული. იმედია, მაპატიებთ, მაგრამ არ მიყვარს დიკენსი. მისი ბრალია, რომ ლონდონზე დღემდე ბინძური ქალაქი წარმომიდგება, ქოხმახებსა და სარდაფებში შეხიზნული ბაცაცებით. თანაც, ძალზე ადრე მომიხდა „პიკვიკის კლუბის ჩანაწერების“ წაკითხვა, რომლიდანაც ვერაფერი გავიგე. არ მიყვარს ე. წ. „მეორადი“ მწერლები, პოსტმოდერნიზმი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ვეჭვობ, დროს გაუძლოს.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
ბევრია ასეთი, სამწუხაროდ. ადრე, როგორადაც არ უნდა გამჭირვებოდა, მაინც ბოლომდე ვკითხულობდი. ახლა ტაქტიკა შევიცვალე, რადგან მივხვდი, ამ აჩქარებულ ეპოქაში დრო ფუჭად არ უნდა დაკარგო. თუ პირველ ორმოცდაათ გვერდზე ვერ მოახერხა ჩემი დაინტერესება, თავს ვანებებ. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, მილორად პავიჩის კითხვისას სწორედ ფინალი იყო მთავარი. ბავშვობაში კი მხოლოდ აპულეუსის „ოქროს ვირი“ და ბოკაჩოს „დეკამერონი“ დამრჩა დაუსრულებელი, რადგან დედა თავს მაშინ დამადგა, როცა მაგიდის ნათურა საბანში მქონდა ჩამალული და ისე ვკითხულობდი. წიგნები მაშინ კი წამართვეს, მაგრამ რომ გავიზარდე, აღარც მომსვლია აზრად, დამემთავრებინა.
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
ბოლოს წიგნები წიგნის ბოლო ბაზრობაზე შევიძინე: ფრანსუა ვიიონის წერედიანისეული თარგმანი, კიდევ ერთხელ – ფრანსუა რაბლეს გოგიაშვილისეული თარგმანი, ლევან ბერძენიშვილის თარგმანები, ირაკლი სამსონაძის ბოლო წიგნი, კიდევ რამდენიმე სამეცნიერო ლიტერატურიდან.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ახლა ვკითხულობ იმ წიგნს, რომელსაც ვთარგმნი – ანა მარია მატუტეს ცნობილი ტრილოგიის ბოლო რომანს და კიდევ, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“-ს, ნელ-ნელა, ნება-ნება.
წიგნი, ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
ვისურვებდი ლათინური ამერიკის მაგიური რეალიზმის რომელიმე წარმომადგენლის სწორედ ამ მიმდინარეობის ნაწარმოების თარგმნას, ვთარგმნიდი ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს მწერალს, ხულიო კორტასარს, ფრანგული „ახალი რომანის“ მიმდინარეობის მწერლებს: ალენ რობ-გრიეს, ნატალი საროტს, მიშელ ბიუტორს. ქართულად არაფერია მათი თარგმნილი. ძალიან მინდა ვთარგმნო ალექსანდრ ბლოკი. რამდენიმე ლექსის თარგმანი მაქვს გამოქვეყნებული, მაგრამ მინდა კიდევ ბევრი ვთარგმნო, ძალიან ჩემი პოეტია. არაერთხელ გამიმეორებია, რომ მარსელ პრუსტის თარგმნას ვისურვებდი, მაგრამ სანამ ესპანურენოვანი ლიტერატურით ვიყავი დაკავებული, უკვე ითარგმნა.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
წაიკითხეთ ჩემ მიერ თარგმნილი წიგნები. ეს, ცხადია, ხუმრობით. თუმცა ყველა ავტორი ერთმანეთზე უკეთესია. თქვენს მკითხველს რა უნდა ვურჩიო. რადგან თქვენი მკითხველია, გამოდის, რომ შეიძლება ჩემზე უკეთ იყოს გათვითცნობიერებული თანამედროვე ლიტერატურაში. თანაც, გემოვნებაზე არ დავობენ. ამიტომ, აჯობებს ვურჩიო, უფრო ხშირად იკითხონ ბიბლია და ანტიკური ლიტერატურა, რადგან მთელი დანარჩენი ლიტერატურა მაინც იქიდან მოდის.
© არილი