ამბავი სიაუშისა
სპარსულიდან თარგმნა ინგა კალაძემ
ირანელთა ნაციონალური ეპოსი – ფირდოუსის “შაჰნამე” შინაარსის გარდა, თავისი ფორმითაც უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ფაქტია. ეს გრანდიოზული თხზულება ციკლური წარმოშობის ნაწილებისაგან შედგება. მისი პირველწყაროს ცალკეული დასრულებული ლეგენდები, რომლებიც სინკრეტიზმის ეპოქაში, სასიმღერო ჟანრის სტადიაზე ჩანს ჩასახული, იმთავითვე გამიზნული უნდა ყოფილიყო ერთაქტიანი შესრულებისა და მოსმენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ პოემას წინ უძღვის საკმაოდ ვრცელი თემატიკის მქონე პროლოგი (ღმერთი, გონება, შესაქმე, მოციქულის შესხმა, ეპოსის წყაროები, წიგნის შეთხზვის მიზეზი, წიგნის დამკვეთის ხოტბა, სიტყვის ღირსების განსჯა), მისი თითოეული ციკლი აგრეთვე გაფორმებულია შესავლითა და დასკვნით (ანუ პროლოგ-ეპილოგით), რაც, ცხადია, ავტორისეული სიტყვაა, ფოლკლორულ წყაროებში ისინი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ხსენებული შესავლები შეიცავს მომდევნო თხრობის საგანზე მინიშნებას და ამჟღავნებს ავტორის დამოკიდებულებას ამ საგნისადმი. პროლოგ-ეპილოგი ამკვეთრებს მოცემული ციკლის ავტონომიურობას და ეგებ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ირანის კულტურამ ჩვენს დრომდე შეინარჩუნა “შაჰნამეს” მკითხველთა ინსტიტუტი და მსმენელთა ფართო აუდიტორია.
ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ “შაჰნამეს” ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ამბის – სიაუშის ციკლის პროლოგსა და პირველ თავს.
მთარგმნელი
ჰეი, მესიტყვევ, ოქროპირო
და აზრნათელო,
კვლავ გაგვაგონე აწ ამბავი,
გულის წარმტაცი.
როს სიტყვის ძალი სიბრძნის სიღრმეს
გაუტოლდება,
სული მგოსნისა მაშინ პოვებს
ჭეშმარიტ ლხენას.
ხოლო თუ ზრახვა კაცს ავი აქვს
და უკეთური,
იმავ სიავით ძირშივე სპობს
ნაყოფს აზრისას.
ბევრსაც ეცადოს და ამ ცდაში
ჯვარს იცვას თავი –
მოყივნებული დარჩეს მაინც
ბრძენკაცის თვალში.
მაგრამ ვინ ხედავს აუგს თვისსა,
რომელი კაცი?
ზნე და ბუნება თვისი უჩანს
ყველას კეთილად.
ნაღვაწი შენი წარუდგინე
კაცს გულმეცნიერს,
ნუღა ძევს უქმად იგი, რაცა
გასაცემია.
თუ მოიწონებს მას სწავლული
და გიძღვნის ქებას,
წყლით აივსება წყარო შენი,
მაცოცხლებელით.
აწ მსურს მოგითხროთ ძველთაძველი
ამბავი ერთი,
გამორჩეული კვლავ დეჰყანის
ნაამბობთაგან.(1)
ფერგადასულნი ეს ამბავნი
აწ ჩემის გარჯით
განახლდებიან ხალხისათვის
კეთილსახსოვრად.
თუკი მებოძა მე სიცოცხლის
ხანგრძლივი წლები,
ამ ქვეყნის სადგომს დალხინებით
თუ შევრჩი დიდხანს, –
ერთ ხეს დავტოვებ, მსხმოიარეს,
ჩემგან დანერგულს,
არ დაელევა მას ნაყოფი
საწუთროს ბაღში.
თუმცა გარდავცდი ჟამთა სვლაში
ორმოცდათვრამეტს,
საკვირველება უამრავი
თავს გარდამხდია –
არ დამშრეტია ჯერ სიცოცხლის
წადილი, ჟინი,
სამისნო წიგნში კვლავ ვეძიებ
დღეკეთილს ჩემსას.
სწორედ ამაზე უთქვამს მობედს (2) –
ბრძენს და გამჭრიახს:
არ განახლდება გაცვეთილი
ერთხელვე სული.
ვიდრე ხარ ქვეყნად, ლექსთა თქმაში
განლიე დღენი,
აზრნათელი და ზნეკეთილი
იყავი მუდამ!
როს მიიცვლები და სამსჯავროს
წარსდგები ღვთისას,
ის განიკითხავს ავსა და კარგს
შენთა საქმეთა.
მასვე მოიმკი, რაც ოდესმე
დაგითესია,
ერთხელ ნათქვამი სიტყვა შენი
წინ დაგიხვდება.
ენაკეთილი კაცი ლანძღვას
არვისგან ისმენს,
სიტყვას თუ იტყვი, ღირსეული
უნდა თქვა მხოლოდ.
მაგრამ დეჰყანის ნაამბობი
გავსინჯოთ ახლა.
ყური მიუგდე, რას მოგვითხრობს
კაცი მესიტყვე.
ამბავი სიაუშის დედისა
ბრძანებს მობედი: ერთ დღეს თუსი
გამთენიის ჟამს
მამლის ყივილზე ზე წამოდგა
და თან იახლა
გუდარზი, გივი, რამდენიმე
კვლავ ცხენოსანი,
შეეკაზმნენ და სწრაფად განვლეს
ქალაქის ბჭენი.
დიდ ველს მიმართეს დაღუისას (3)
მათ სანადიროდ,
ნებას მიუშვეს ავაზანი
და შევარდენნი.
ყოველი კუთხით წამორეკეს
ნადირ-ფრინველი,
იმათ დევნაში მიაღწიეს
ნაპირს მდინარის.
იმდენი ჩანდა დახოცილი
და დაკოდილი,
რომ იკმარებდა ლაშქრის საზრდოდ
ორმოც დლღეს სრულად.
იმ სანახებთან ახლოს იყო
მიჯნა თურქეთის,
კარავთ სიმრავლეს დაეფარა
მიწა ერთიან.
შორით მოჩანდა მშვენიერი
ქალაქი ერთი,
თურის(4) მიწა-წყლის მეზობლად და
საზღვრად მდებარე.
თუსმა და გივმა გააჭენეს
ცხენები მარდად.
უკან ჩამორჩა რამდენიმე
მხლებელი ხასი.
იმ მწვანე ჭალაკს მიაშურა
ორმა მხედარმა
და შეიქციეს ნადირობით
მათ ერთხანს თავი.
უეცრად ტყეში თვალი ჰკიდეს
ერთ უცხო ასულს,
მყისვე მიჰმართეს მზეთუნახავს
პირმოცინარეთ.
მსგავსი სიტურფით არ შობილა
არავინ ქვეყნად.
ვერ უპოვიდა ხინჯი გზასაც
მშვენებას მისას.
ნაკვთად საროს და პირად მთვარეს
თუ ჰკიდებდა თვალს,
დააბრმავებდა კაცს სიტურფე
თვალშეუდგამი.
ჰკითხა მას თუსმა: “პირმთვარეო,
მითხარი ერთი,
ამ ჭალაკისკენ ვინ გაჩვენა
შენ გზა სავალი?”
ასე მიუგო მან პასუხად:
“გამწირა მამამ,
განვშორებივარ მშობელ კუთხეს,
მისგან ლტოლვილი.
ღამით დაბრუნდა იგი სმიდან,
უზომოდ მთვრალი.
როს თვალი მკიდა, შორიდანვე
ბრაზმორეულმა
მყისვე იშიშვლა შხამნალესი
მახვილი ბასრი –
თავის მოკვეთას ჩემსას მაშინ
იგი ლამობდა”.
ჩამომავლობა ჰკითხა ახლა
ქალს ფალავანმა,
მან გაიხსენა გულმოდგინედ
თავისი გვარი.
ასე მიუგო: “თესლთაგანი
ვარ გარსივაზის.(5)
აფრიდუნ(6) მეფის თვისტომი და
შტო მისი ძირის”.
კვლავ ჰკითხა თუსმა: “რისად დახვალ
ასე ქვეითად,
ცხენს რად არ შეჯექ და მეგზური
რად არ იახელ?”
მიუგო ქალმა: ცხენი ჩემი
დავარდა გზაში,
მეც მიწად დამცა ქროლვისაგან
ქანცგაწყვეტილმა.
დაუთვალავი მქონდა ოქრო,
თვალმარგალიტი,
ოქროსი მერქვა, მოოჭვილი,
თავზე გვირგვინი.
მაგრამ შემემთხვა ფათერაკი.
წარმტაცეს ყველა,
ქარქაშის დარტყმით მომაყენეს
ტკივილი დიდი.
გამოვექეცი იმ ყაჩაღებს
მე შიშნეული,
მას შემდეგ თვალზე ცრემლი სისხლის
არ შემშრობია.
ვიცი, როდესაც მოეგება
გონს მამაჩემი,
მდევარს დაგზავნის უცილობლად
ჩემს საძებნელად.
და დედაჩემიც მოიჭრება
ფიცხლადვე ჩემთან,
ვერ გადაიტანს ჩემს მოკვეთას
მშობელ კუთხიდან”.
ფალავნებს გული აუტოკდათ
იმ ქალის ეშხით,
თავი დაკარგა გმირმა თუსმა,
ძემან ნოვზარის.
თქვა ნოვზარის ძემ: “მე ვიპოვე,
იგი ჩემია,
მოვაგელვებდი ჩემს ბედაურს,
ჩანს, არ ამაოდ”.
აჩერებს გივი: “ჰე მეფეო,
ლაშქართ თავადო!
განა ჩემს გვერდით არ იყავ, როს
დავყარეთ სპანი?”
არ ცხრება თუსი, ნოვზარის ძე
კვლავ დაობს იგი:
“მე მოვადექო ამ ადგილებს
სწორედ პირველად”.
გივი არ უთმობს: ნუ იტყვიო
მეტად მაგ სიტყვას,
ნადირის კვალმა მომიყვანა
აქ შენზე უწინ.
ნუ იკადრებო მრუდე სიტყვას
მხევალის გამო,
ვაჟკაცს არ ჰფერობს, ამ მიზეზით
ატეხოს შფოთი.
კვლავ შეჰყვნენ სიტყვას და გაცხარდა
დავა იმგვარად,
ესღა დაასკვნეს: მოვკვეთოთო
იმ მთვარეს თავი.
ისევ ცილობა ჩამოვარდა
ფალავანთ შორის,
ბედზე მიუსწრო შუაკაცმა
მომრიგებელმა.
ურჩია: “ქალი ირანის შაჰს
მიჰგვარეთ კარზე,
იმან განსაჯოს. აასრულეთ
თქვენ ნება მისი”.
ეკეთათ რჩევა. ყურად იღეს
თუსმა და გივმა,
ირანის მეფის კარისაკენ
იქციეს პირი.
მეფე ქაუსმა ქალს შეავლო
რაწამსაც თვალი,
მყის მისი ტრფობა და სურვილი
გულს ჩაემსჭვალა.
ორ გმირ ფალავანს მიუბრუნდა
მაშინ ხელმწიფე,
“აწ დახსნილხართო, – უბრძანა მათ, –
ჭირსა გზისასა.
ქურციკია თუ მინდვრის შველი
გულისწამღები,
მონადირება მისი ჰფერობს
დიდებულს მხოლოდ.
ახლა მიამბეთ – და თხრობაში
განვლიოთ ეს დღე –
თუ ავაზებით ნათელი მზე
ვით შეიპყარით?”
ქალს ჰკითხავს მეფე: ვისი ხარო
გვარით და ტომით,
სახე ფერიის ჩამომავალს
გიგავსო სრულად.
მიუგო: “დედა ხათუნია
დიდგვაროვანი,
მამა კი – თესლი სახელოვან
აფრიდუნისა.
გმირი სპასპეტი გარსივაზი –
პაპაა ჩემი.
იმ კუთხის მიწა დაუფარავთ
მთლად კარვებს მისას”.
“მერე ეგ გვარი დიდებული,
ეგ სილამაზე
გინდა დააჭკნო, მთლად უკვალოდ
ქარს გაატანო?
ოქროს სასახლეს აგიშენებ,
სახამსოს შენსას,
თავადად დაგსვამ პირმთვარეთა,
ვითარ შეგფერის”.
პასუხად ჰკადრა მეფეს ქალმა:
“რაჟამს გიხილე,
გამოგარჩია გულმა ჩემმა
ფალავანთ შორის”.
ათი ფეხმარდი ცხენი, ტახტი
და გვირგვინები
მეფის დასტურით გაუბოძეს
ორივე სტუმარს.
საწოლსა ბრძანა შეყვანება
მეფემ ქალწულის,
ძვირფას საჯდომზე დაბრძანება
მისი სვიანად.
ტახტი დაუდგეს სპილოს ძვლისა,
უცხოდ ნაკეთი,
თავსმოოჭვილი ფირუზის ქვით
ოქროს გვირგვინი.
დიბა-ატლასით მორთეს ქალი,
ყვითელი ფერის,
იაგუნდებით, ფირუზებით,
ლაჟვარდის თვლებით.
ღვთის განჩინებით რაც ეგების,
ჰგიებდა ყველა,
ბრწყინავდა წითლად იაგუნდი,
ჯერ გაუთლელი.(7)
—————————————
(1). დეჰყანის ნაამბობი – სიუჟეტის გაუცხოების ლიტერატურული ხერხი, რომელიც ხშირადაა დადასტურებული “შაჰნამეში”. დეჰყანი – მემამულე, სოფლის განმგებელი.
(2). მობედი – ზოროასტრელთა ქურუმი.
(3). დაღუის ველი – ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა ცნობილი არ არის.
(4). თური – იგივე თურანი.
(5). გარსევარზი – თურანელი გმირის – აფრასიაბის ძმა.
(6). აფრიდუნი ფერიდუნი – ირანის მითოლოგიური მეფე, ზოჰაქის ჩაგვრისაგან ქვეყნის განმათავისუფლებელი და მისივე კანონიერი ხელმწიფე. გამარჯვების, თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო.
(7). გაუთლელი იაგუნდი – ქალწულობის აღმნიშვნელი მეტაფორა.
© “არილი”